| შანთაძეების ოჯახი | აკეთის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის შესახებ ვიკიპედიაში წერია, რომ მისი აგების ზუსტი თარიღი უცნობია. ეკლესია იყო დასავლეთ-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ზაქარიას საკათალიკოსო სადგომი. ის აფხაზთა კათალიკოსს დიმიტრი და სვიმონ გურიელებმა შესწირეს. ამის შემდეგ აკეთი თავად ართომელაძეების ხელში გადავიდა. 1713 წელს გიორგი გურიელმა ის კვლავ აფხაზთა კათალიკოსს შესწირა. ქვემო გურიის ოსმალეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ, დაახლოებით XVIII საუკუნეში აკეთში დასახლდნენ თავდგირიძეები. თავდგირიძეებამდე, სოფელ აკეთში (რომელსაც ეკუთვნოდა სოფლები: ზემო და ქვემო აკეთი, გაგური, ჭანჭათი, ზომლეთი და ვანი), მამია IV გურიელის დროს, 1770 წლებში ირიცხებოდა 500 კომლი ყმა გლეხი. 1770 წლამდე, ამ სოფლის ბატონ-პატრონებად ითვლებოდნენ თავადი შალიკაშვილები. 1841 წლის აჯანყების ხელმძღვანელი იყო აკეთელი ამბაკო შალიკაშვილი. 1770 წელს გურიის სამთავრომ, ოსმალთა შემოსევის შედეგად, დაკარგა ქვემო გურია (დღევანდელი ქობულეთის რაიონი). ამის მერე აკეთს დაეპატრონენ ქობულეთელი თავდგირიძეები, კერძოდ, მამუკა თავდგირიძე. მამუკა თავდგირიძემ ქობულეთიდან, კერძოდ, ალამბრიდან, აკეთში დაასახლა 400 რაზმელი (ამათი განშტოებაა ახლანდელი ბაჟუნაშვილები, დათუნაშვილები, იობიშვილები, ნაკაიძეები, ხინიკაძეები, ჯაყელები, მჟავანაძეები). მამუკა თავდგირიძემ, სოფელ გვარადან აკეთში გადმოიტანა თავისი საგვარეულო საყდრის ხატები (თეთროსნის ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები, ასევე - გვარასთავის წმინდა გიორგის ხატი). ამ ხატებზე სალოცავად მუსლიმი ქართველებიც დადიოდნენ. 1776 წელს, მამუკა თავდგირიძემ აკეთში ააგო მაცხოვრის ეკლესია, რომელშიც დაასვენა მაცხოვრის ხატი (თამარ მეფის ნაქონი). ამ ეკლესიაში ინახებოდა რამდენიმე ტყავზე დაწერილი სახარებანი ტრაპიზონის ეკლესიიდან მოტანილი, რომელიც 1924 წელს დაიკარგა. XVII საუკუნეში ეკლესია-მაცხოვარი თავისი ადგილ-მამულებით ბიჭვინთის საპატრიარქო კათედრის საკუთრებაში გადავიდა. 1784 წელს აკეთი დალაშქრა აბდულ-ბეგ ხიმშიაშვილმა. ამ ლაშქრობის დროს დაზიანდა კედლები და გუმბათი, თუმცა გადარჩა განძეულობა, რადგან ის დამალული იყო. ეკლესია XIX საუკუნეში განაახლა გიორგი თავდგირიძემ. ტაძარი მოხატული იყო, მაგრამ XIX საუკუნეში რუს მღვდლებს კირით შეუთეთრებიათ. დიმიტრი ბაქრაძემ, რომელიც გურიის სოფლებში მოგზაურობდა, მხოლოდ გუმბათზე შემორჩენილი ფრესკების ნახვა მოახერხა. ეკლესია გაძარცვეს 1853, 1859 და 1873 წლებში. ბოლო ძარცვისას გამტაცებლებს წაასწრეს და ნივთები დაატოვებინეს. ეკლესია ჯვრის ფორმისაა და სამწახნაგოვანი საკურთხეველი აქვს. ჰქონდა რვაწახნაგოვანი გუმბათი, რომელშიც დატანებული იყო რვა ვიწრო სარკმელი. ნაგები იყო ტლანქად გათლილი ქვით. სამრეკლო ეკლესიის კედელზეა დაშენებული, კიბე შიგნიდან ადის. ჩრდილოეთის შესასვლელ კარზე არის ჩუქურთმა, რომელზეც გამოსახულია ორი გველეშაპი. ეკლესიის იატაკი ფილაქნის იყო, კანკელი კი ქვის, ჩუქურთმიანი. სამხრეთის კარიბჭესთან იატაკის ქვაზე ნაპოვნია წარწერა: „... აშენდა მეფობასა შინა... ბრძანებითა მისისა... ჩრ... წელს”. ჩრდილოეთის კარიბჭესთან იატაკზე კი ნაპოვნია ბერძნული წარწერა. ეკლესიაში შემორჩენილი იყო ვერცხლის ჯვარი, რომლის წარწერა იხსენიებდა იესე მანველიშვილს და მის მეუღლეს, მარეხ მაჭუტაძეს. ასევე შემორჩენილი იყო წმინდა გიორგის ხატი, რომლის წარწერაში მოხსენიებული იყო მირზაბეგ თავდგირიძე. ეკლესია-მაცხოვარზე თედო სახოკია (გამოქვეყნდა 1950 წელს) წერს: "ძველ ნეშთთა მოყვარის ყურადღებას იპყრობს პატარა ქვითკირის ეკლესია. როგორცა სჩანს, შიგ დარჩენილ ძველ საეკლესიო ნივთების წარწერებისგან, ეს პატარა ეკლესია ქობულეთიდან გადმოსულ თავდგირიძეთა საფარველ ქვეშ ყოფილა, რომელნიც დიდი გულმოდგინებით ზრუნავდნენ მისი შემკობისა და გამდიდრებისთვის. განძი ბევრი უნდა ყოფილიყო შიგ, მაგრამ მტერთა არაერთგზის შეუხიათ თავიანთი უწმინდური ხელი წინაპართაგან სასოებით დატოვებულ სიმდიდრისათვის. ვერცხლისმოყვარეობით დაბრმავებულთაგან ეს ეკლესია გაძარცვულ იქნა 1853 წელს; მეორეჯერ - 1859 წელს, მესამეჯერ 1872 წელს გაუტანიათ ეკლესიიდან, რაც 1853 და 1859 წლებში გადარჩა წაუღებელი. დღეს ამ ეკლესიაში ინახება ვერცხლის ჯვარი, რომლის წარწერა იხსენიებს ვისმე იესე მანველიშვილს და მის მეუღლეს, ქალბატონ მარეხს, მაჭუტაძის ქალს. იქვე დაცულია პატარა ვერცხლის ჯვარი, ხატი წმინდა გიორგისა, ღვარისთავის წმინდა გიორგის ხატი, კიდევ წმინდა გიორგის ხატი, რომლის წარწერაში მოხსენიებულია ბოქაულთუხუცესი მირზაბეგ თავდგირიძე. მაგრამ ამ ეკლესიაში ყველაზე შესანიშნავია პატარა ხატი - ღვთისმშობლისა, თვალმარგალიტით შემკობილი. ეს ხატი ადრე, როგორც აქაურები ამბობენ, სვენებულა ჩურუქსუში ცნობილ "თეთროსნის" ეკლესიაში, რომელიც ამ ორმოცი წლის წინ ადგილობრივ მაჰმადიანებს დაუნგრევიათ. როცა მამუკა თავდგირიძემ მაჰმადიანობა არ ინდომა და ქობულეთიდან სოფელ აკეთში ივლტო, ეს ხატიც თან წამოუღია. ამ ხატს ჩურუქსუელი თავდგირიძენი, თუმცა მაჰმადიანნი არიან, მაგრამ ახლაც სცემენ პატივსო. ხშირად თავიანთი წინაპრების სალოცავის კარწინ მოდიან და ცხვარი მოჰყავთ შესაწირავად და ეკლესიის კარწინ ხოცავენ, როგორც მართლმადიდებელნიო. აკეთის ეკლესიაში დასაფლავებულნი არიან, სხვათა შორის, თავადი გიორგი თავდგირიძე და მეუღლე მისი. მაცხოვარის ეკლესიის ცოტა მოშორებით ერთი ხის საჯვარე დგას. დაძველებული, სახურავი ნახევრად ჩაცვენილი აქვს. იატაკი მიწური აქვს. კანკელის მაგივრად უბრალო ფიცრის კედელია. აღსავლის კარები არა აქვს. საკურთხეველი არის". გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს ეკლესიის მცველად მუშაობდნენ ლადო ჭეიშვილი და მისი მეუღლე, თამარ ჯოხაძე. ამ პერიოდისათვის ეკლესია ჩამონგრეული იყო. ქალბატონი თამარი (ჯოხაძე) საუბრობს: ეკლესია კომუნისტური რეჟიმის დროს დაზიანდა და უკვე 60-იან წლებში ტაძრის გარდასული დიდებიდან მხოლოდ კედლებიღა იყო დარჩენილი. ჟრუანტელი დაგივლიდა ეკლესიაში ფეხის შემდგმელს, იდუმალებით გიქცეროდნენ გაძარცვული და სურომოდებული კედლები. თითქოს წარსული სუნთქავდა და გარდასულზე ეჩურჩულებოდა მნახველს. ეკლესიის გუმბათს დაახლოებით 50-იან წლებში გამოეცალა საყრდენები და ჩამოინგრა. დაიკარგა სამრეკლოს ჯვარი. ეკლესიის შესასვლელში, ხელმარჯვნივ, დასავლეთის მხარეს, სამრეკლოს კიბეების კუთხეში ამოვიდა ლეღვის ხე, რომელიც აზიანებდა სამრეკლოს კედლებს და საფრთხეს უქმნიდა ნაგებობას. ტაძარი ძეგლთა დაცვის სამმართველოს დაქვემდებარებაში კი შედიოდა, მაგრამ მხოლოდ 60-იანი წლებიდან დაიწყეს მისთვის ასე თუ ისე ყურადღების მიქცევა. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმდროინდელი ათეისტური რეჟიმისა, ეკლესიაში მაინც იყო ხატები, ინთებოდა სანთლები. ჩემი მეუღლე ძალისხმევას არ იშურებდა ეკლესიის მოსავლელად. როგორც შეეძლო, პატრონობდა, ასუფთავებდა ეზოს, ცელავდა ბალახს. შიგადაშიგ ღობესაც არემონტებდა. ძალიან აღელვებდა ის, რომ ლეღვის ხე აზიანებდა ნაგებობას. ამიტომ საგულდაგულოდ ცდილობდა მის გადარჩენას და რადგან ხის ამოძირკვა შეუძლებელი იყო, ხშირად ნავთს ასხამდა, რომ გამხმარიყო. და ამ გზით მაინც გადარჩენილიყო კედლები დანგრევას. შემდეგ მე მომიწია ამ ეკლესიაში მცველად მუშაობა. 1986 წელს საქართველოს ძეგლთა დაცვის სამსახურმა მიიღო ეკლესიის რესტავრაციის გადაწყვეტილება, გაიწმინდა ნაგებობა, გადაეწყო და დახარისხდა ქვები, მოიხსნა ზედმეტი მიწა, მაგრამ 90-იან წლებში სამუშაოები შეწყდა. 90-იანი წლებიდან ხალხი უკვე მოდიოდა ტაძარში, რამდენჯერმე ღვთისმსახურებაც აღევლინა. მოეწყო გრანდიოზული ნათლობა, რომლის დროსაც გაქრისტიანდა აჭარიდან გადმოსული ეკომიგრანტი მოსახლეობა. რადგანაც ჩამონგრეულ სამრეკლოში ზარი აღარ იყო, იგი გადმოჰქონდათ სოფლის სკოლიდან, რომლის დირექტორი ჩემი მეუღლე გახლდათ. ეს ზარი საგანგებოდ შეიძინეს სკოლისთვის და ხანდახან ეკლესიაში იყენებდნენ ღვთისმსახურების დროს.“ დღესდღეობით ტაძრის სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. მაგრამ ეგ არის, რომ ლიტურგიკული ღვთისმსახურება არ ტარდება. ეკლესია უმეტეს შემთხვევაში დაკეტილია. ლამაზად გასცქერის ეკლესია-მაცხოვარი გზას და გაგურში შემოსულ კაცს უწინ ის ეგებება ბუნების მწვანე ხავერდოვან სამოსელში გახვეული. განსაკუთრებით, ფრინველთა სტვენა-ჭიკჭიკით ავსილ დილას, ცხრათვალა მზის სხივებით დაფერილი გუმბათით. ვინ იცის, რამდენ ადამიანს უვლია აქ. ამ ეკლესიისა და სოფლის სამსახურში გაჭაღარავებულა მათი თმა, ამ მიწისა და ცის სიყვარულში დაფერფლილან და უკანასკნელი ამოსუნთქვისას სინანულად გაჰყოლიათ, რომ შორდებოდნენ ამ ცას, მიწას, მზეს, ტაძარს, სოფელს. რამდენი ადამიანი შემოსულა ამ ტაძარში და ღმერთისთვის შეუვედრებია თავისი ქვეყანა, მადლობა უთქვამს უფლისთვის, რომ სვამდა ამ სოფლის წყაროს წყალს და ჭამდა ამ მიწის პურს; რომ უფალი დაჰყურებდა თავისი ცით და ათბობდა თავისი მზით; რომ ამ მიწაზე გაუჩენია შემოქმედს. ალბათ, აქაურებს უკანასკნელ ნუგეშად მიჰყვებოდათ ის, რომ სამუდამოდ დაუბრუნდებოდნენ ამ დალოცვილ მიწას და რომ მასზე მათი შემდგომნი გაიხარებდნენ. მერე კი ისინიც განადიდებდნენ ღმერთს, რომ ამ მიწის პ
| მანუჩარ შანთაძე და იამზე ბოლქვაძე შვილებთან ერთად | ირმშოობა არგუნათ განგებამ. ალბათ, ბევრი სატკივარიც ჰქონიათ, ცხოვრების ბევრი სიტკბო და სიმწარე უგემიათ, ბევრი ნისლიანი დღე გასთენებიათ, ბევრი ეკლიანი ბილიკი გაუვლიათ, მაგრამ უმალ განიკურნებოდნენ, როცა ამ ეკლესიაში შემოვიდოდნენ, მადლიან სიტყვას გაიგონებდნენ თავიანთ ენაზე და ამ ტაძრის ხატებს რომ შეხედავდნენ, ცოცხლად იგრძნობდნენ ნუგეშს. რა აქვს ადამიანს ყველაზე ძვირფასი, რაც ამ ქვეყანზე მოსვლით შეიძინა და რა ძღვენით წარსდგება უზენაესის წინაშე? მახსენდება სერგო კლდიაშვილი: „მსუბუქია ჩემი ტვირთი დედამიწიდან წამოსაღები და მისი ზიდვა არ გამიჭირდება. სხვა განძეული არა მქონდა რა და ძღვნად მიმაქვს მთელი ჩემი სიმდიდრე, რაც მომეძეოდა: ერთი ბღუჯა თოთო ბალახი ჩემი სოფლის მინდვრიდან, დედის სალოცავ ხატზე მისივე ხელით მიკრული წმინდა სანთლის ნამწვი, ივლისის მთვარიანში დაგროვილი ცვარი და კიდევ მზის საგალობელი, რომელსაც ბავშვობიდან ვბურდღუნებდი“. სულ ეს არის, უფლის მიერ მოძღვნილი სიცოცხლის ყველაზე ტკბილი სახსოვარი. აკეთის მაცხოვრის ეკლესიას სასანთლეც მიუშენეს. ყურადღებას იქცევს სასანთლის კედელში მოყოლებული ლურჯად შეღებილი თლილი ქვის მრგვალი სვეტი (დაახლოებით ერთი მეტრი სიგრძის და ნახევარი მეტრი დიამეტრის). საინტერესოა ამ სვეტის ისტორია. ბოლშევიკების დროს, როდესაც ეკლესია დაანგრიეს, ეს ქვა გაგურში მოსახლე ჭაღალიძეების სახლში აღმოჩნდა, საძირკველ ლოდად გამოყენებული. ეს სახლი ადრე ბურჭულაძეებს ეკუთვნოდათ და ჭაღალიძეებმა 80-იან წლებში შეისყიდეს. რამდენიმე ხნის მერე ოჯახის წევრები სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ და უმცროსმა ვაჟმა, ასლან ჭაღალიძემ გადაწყვიტა, ძველი სახლი დაეშალა და დაშლილი ნაწილები მასალად გაეყიდა. გაგურის მკვიდრმა, აჭარელმა მანუჩარ შანთაძემ დაშლილი სახლის ხის მასალასთან ერთად ეს მრგვალი ქვაც შეისყიდა და ტრაქტორით თავის ეზოში ჩამოიტანა, მაგიდა გააკეთა, ზევიდან ფიცარი გადააფარა და ლურჯად შეღება. მანუჩარის მეზობელმა, ლაშა ჭეიშვილმა ეს ქვა იცნო და ოჯახს აცნობა, რომ ეს იყო ეკლესიიდან გატანილი ქვა. მანუჩარის დედამ, ქალბატონმა ნაზიკომ ქვის დაუყონებლივ და უყოყმანოდ ეკლესიაში დაბრუნება სთხოვა შვილს. ლაშა ჭეიშვილმა და მანუჩარ შანთაძემ ქვა იმავე ტრაქტორითვე ეკლესიაში ააგორეს და კუთვნილ ადგილს დაუბრუნეს. შანთაძეების ოჯახის თავკაცმა, ნოდარ შანთაძემ გაგურში მამული ჭეიშვილის სახლი და ეზო შეიძინა და 1985 წელს თავის მეუღლითურთ ამ სახლში გადმოვიდა საცხოვრებლად. იმ ხანად ღარიბები იყვნენ, მაგრამ სიცოცხლით სავსე სახლი ედგათ. ნოდარის და ნაზიკოს ჯერ მანუჩარი, მერე კი მალხაზი შეეძინათ. მერე მოშენდნენ, გაიმაგრეს ფუძე და გამრავლდნენ. მანუჩარს ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე - იამზე ბოლქვაძე. ახლა მათ უკვე ორი შვილი ჰყავთ: ანანო და ნოდარი... ანანო აკეთის სკოლის წარჩინებული მოსწავლეა, ნოდარი კი ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში დადის. ეს სტუმართმოყვარე, გულუხვი, მხარში ამომდგომი, თბილი და მოსიყვარულე ოჯახი გურულებთან ერთად ცხოვრობენ და შერწყმულნი არიან სოფლის ყოფასთან. ნოდარ შანთაძე ბათუმში მუშაობს, საბითუმო ბაზრობაზე მწვანილს ყიდის. სოფელში, ჭირია თუ ლხინი, ხალხს ეხმარება. ახლო მეზობლებს უსასყიდლოდ ჩუქნის მთელი ქორწილისა თუ ქელეხის სამყოფ მწვანილს. მანუჩარს „მარკეტი“ ჰქონდა გახსნილი გაგურში და აქაურებს უმართავდა ხელს. მალხაზი კი გემზე მუშაობს, მექანიკოსად. მანუჩარს სურს თურქეთში წასვლა სამუშაოდ. ბევრს შრომობენ, ბევრი გაჭირვებაც ნახეს. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არ ფიქრობენ კერიის მოშლაზე, ფუძისთვის თავის დანებებაზე. ძნელი და მწარეა აქაური კაცისთვის სხვაგან ბედის ძებნაზე ფიქრი. შანთაძეების გამართული სახლი ხეებით სავსე შემოღობილ ეზოშია გამოჭიმული და კოხტად, თანაც ცნობისმოყვარე თვალებით გასცქერის გზასა და მასზე გამვლელს. ეზოში გაყვავებულ ყვავილებს მცოდნე, მუყაითი და მზრუნველი პატრონის ხელი ატყვია. ამ სოფელში მკვეთრად იგრძნობა, რომ სამყაროს იზოლაციის სულიერი პრობლემა ჯერ კიდევ არ დგას დღის წესრიგში. ოჯახები მკაცრად და კატეგორიულად არ არიან გამიჯნულნი გარე სამყაროსგან, რადგან სახლებს ხის ნახევრად ღია ღობეები აკრავთ. ეს ღობე მთელი ფილოსოფიაა, რადგან მას რომ ჩაუვლი, ოჯახის მასპინძელი უმალ შეგამჩნევს და გამოგხედავს, კაი გამარჯობას მოგაძახებს, შინ შეგიპატიჟებს, გაგიღიმებს, სითბოს გაგრძნობინებს, - ისე უბრალოდ. ესაა სტუმრის დანახვით აღძრული გულწრფელი სიხარული, რაზეც, სხვათა შორის, თედო სახოკიაც შენიშნავს თავის „მოგზაურობანში“: „გურიაში ღობესთან უბრალოდ ჩავლილ, თუნდაც უცხო ადამიანს სალამს მოგცემს მასპინძელი.. მდაბლად, ზრდილობიანად დაგიკრავს თავს. რაკი აქ მობრძანდით და ჩემი ქოხის პირდაპირ გაიარეთ, თუ შეიძლება, ამდენი პატივი მეცით, ჩემს ღარიბ ქოხში შემობრძანდით. მართალია, თქვენს საკადრის პატივს ვერ გცემთ, მაინც ნუ გამიწყრებით. ხო მოგეხსენებათ, ღარიბი კაცის საქმე. თქვენი ხელის ნარეცხი დასტუეთ ჩემს სახლში. გამვლელსაც მოერიდება სტუმართმოყვარე კაცის გულწრფელ თხოვნაზე უარის თქმა, ვაი თუ მასპინძელი გაწბილდეს და განაწყენდესო. სახლის აივანზე ხელად გამოიტანენ თხილს, ვაშლს, არაყს და სანაქებო ჩხავერ ღვინოს. დაალოცვინებენ ოჯახს და თვითონაც დაგლოცავენ თავაზიანად. ჩხავერის ღვინოს ოქროს ფერი აქვს, გემო ნაზი და უზადო. რაც უფრო სვამ, მით უფრო გინდება... ბოლოს სახელდახელო მასპინძელი ბოდიშს მოიხდის, რომ ასე ცოტა რამისთვის გაგსაჯეთო.“ მანუჩარ შანთაძეს სხაპა-სხუპით ლაპარაკი და მარდი მიხვრა-მოხვრა გურულებზე ნაკლებად არ სჩვევია. საკარმიდამოში გასული მუხლჩაუხრელი შრომობს, რომ ჭირნახული შეაგროვოს და სახლში შემოიტანოს. სიმინდის ყანები, თხილის ბაღები და სხვადასხვა ხილის ხეები ბევრი აქვს, ოღონდ წლეულს, სამწუხაროდ, ყველაფერი გაანიავა ცალკე გვალვებმა და ცალკე აზიურმა ფაროსანამ. საბედნიეროდ, იუმორის გრძნობა ეხმარებათ გაგურლებს ცხოვრებისეული პრობლემების დაძლევაში. ასეთ დიალოგებს ხშირად მოკრავთ ყურს: წლოულს ფაროსანები მყავდა ნადში, ქე გეიდეს თითო კოტა სიმინდი მხარზე და შეიჭუჭკეს სხვენში, მე კი დამრჩა ცარიელა ნალიე და ოროყიანი თოხი ხელში. კოტა არ დამრჩა სიმინდის. რა შევყარო ნალიაში? სინდისი თუ ნამუსი... სინდის-ნამუსით არ ვიცი, მარა ეიმსო ნალიე ფაროსანებით. შემოდგომის ფაცურების რა მოგახსენოთ და ფაცი-ფუცების, მაგრამ შანთაძეების ოჯახს სურსათ-სანოვაგე, ღვთის წყალობით, არ აკლია. ძროხები ჰყავთ და ნამდვილი რძე და ყველი სწორედაც ამ ოჯახში უნდა მოიკითხოთ. გურულები ჩივიან: „ვიღას უნდა სოფელი, ძროხა, რძეი და ყველი. აგერ თბილისში ბაზარში მაღაზიებში იყიდი ყველს. გაგიჟდები ისეთი რაღაცეებით აკეთებენ, სოიოსიო, მცენარეულიო, რძისმაგვარი სპრეიდანო, ფხვნილიდანო. გაგიჟდები პირდაპირ. შემაძულეს ყველი და რძეი, არადა რაფერ მიყვარდა... არაფრის გემო არა აქვს. ამასწინათ ვიყიდე ყველი და რძეი, სოფლიდან ვარ ჩამოსულიო, - გამყიდველმა მითხრა, წამევიღე სახლში, არ მჯეროდა და ვფიქრობდი, ესეც რაღაც საშინელება იქნება-თქო, სარეცხი მანქანები რომ იყო ოკა, ე იმაში აკეთებენ თურმე, კარგად ურევსო. ისეთი დრო მოვიდა, ყველში ძროხის ბანლებს თუ დეინახავ და რძე ადუღების დროს ფუნის სუნს დააყენებს, უნდა გიხაროდეს, ესე იგი, ნამდვილი რძეი და ყველი გიყიდია..“ ნაზიკო ბებია შვილიშვილებს არ აკლებს ამ ყველიდან გაკეთებულ აჩმასა თუ ხაჭაპურს. აჩმის სუნს შუკის შემოსახოვში რო გრძნობ, ე მასეთი ბებიეა ნაზიკო. მოკლედ, კრიტერიუმი ასეთია: თუ აჩმა კაია, ნაზიკო ბებიაი ფორმაშია. არიქა ბებია ხაჭაპური, არიქა ბებია თბილი რძე, არიქა ბებია შემწვარი წიწილი და ა. შ. ამიტომაც კარგი პირის გემო აქვთ ნაზიკო ბებიას შვილიშვილებს და კარგად მოპუნტულებული ბაღნები ისეთი კაი შესახედავები არიან, რომ ავ თვალს არ ენახებიან. ადრე ხალისიანი ცხოვრება იყო გაგურში, - მეუბნება, დანანებით, ნაზიკო ბებია. თხილის კრეფაც აღარ ეხალისება ხალხს. დაფიქრებულმა დაიწყო სვლაი ხალხმა. პრობლემური გახდა ცხოვრება ყველანაირად. უმცროსმა შვილმა, მალხაზიმ სხვა ვერანაირი სამუშაო რომ ვერ ნახა, ადგა და წავიდა თურქეთში. დასაქმება რომ ყოფილიყო, კი იქნებოდა თავის ქვეყანაში. რა ვქნა, მიყვარს ეს სოფელი. ვცხოვრობთ გაგურში, ვბერდებით გაგურში. მადლი და სიყვარული ტრიალებს შანთაძეების ოჯახში. მუსულმანური აღმსარებლობის მიუხედავად, ქრისტიანულ დღესასწაულებს, შეძლებისდაგვარად, პატივს მიაგებენ. ყველას ხელს უმართავენ. არამც თუ საკუთარ, მეზობლის ძაღლებსაც კი უვლიან და პატრონობენ. გურიაში დალოცვა შემოიღეს ასეთი, ხუმრობანარევი: „იმდენ წარმატებას გისურვებ ცხოვრებაში, რამდენ ფაროსანასაც ამრავლებს ერთ წელიწადში ერთი ფაროსანაო.“ მოდით, ჩვენც ულევი წარმატება, სიკეთის და სიყვარულის გამრავლება ვუსურვოთ ამ შესანიშნავ, თბილ ოჯახს! გაგრძელება შემდეგ ნომერში |