სოფელ გაგურის შესახებ ვიკიპედიაში წერია: გაგური — სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, აკეთის თემში. მდებარეობს მდინარე აცაურის ნაპირებზე, სუფსის მარჯვნივ, გურიის სერის სამხრეთით, ზღვის დონიდან 250 მ. აკეთი — სოფლების ზემო აკეთისა და ქვემო აკეთის ძველი სახელწოდება. ამჟამად აკეთი არის თემი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რომელიც მოიცავს სოფლებს ზემო აკეთი, ქვემო აკეთი, ჭანჭათი და გაგური. 2014 წლის მონაცემებით აკეთის თემში ცხოვრობს 1534 ადამიანი. აკეთის სახელწოდება გადმოცემის მიხედვით სიტყვა „აკეთედან!“ მოდის. აკეთის სასოფლო საზოგადოება მოიცავდა საკუთრივ აკეთს, ჭანჭათს, ვანსა და ზომლეთს. XVIII საუკუნემდე სოფელი ეკუთვნოდა ართმელაძეებს. 1772-76 წლებში გურიელებმა აკეთი უბოძეს ქვემო გურიიდან დევნილ მამუკა თავდგირიძეს. გიორგი თავდგირიძემ და მისმა შვილებმა, როსტომმა, მამუკამ და მაქსიმემ სოფელში, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირას ააშენეს სასახლე და აღადგინეს მაცხოვრის ტაძარი. მასვე შესწირეს თეთროსნის ეკლესიიდან გადმოსვენებული ღვთისმშობლის ხატი. აკეთის გლეხები იყვნენ მოთავეები 1841 წლის აჯანყებისა გურიაში. სოფელში ბლომად მოიპოვება თიხა, რის გამოც განვითარებული იყო კერამიკის წარმოება, კონკრეტულად, მზადდებოდა კრამიტი და თიხის ჭურჭელი, ასევე ქვევრები. 1876 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა. 1909 წელს აკეთში სამი სკოლა მოქმედებდა. ვუახლოვდები სოფელს და უნებურად გულზე სიყვარულისა და სინაზის ტალღა მივლის. სოფელს სამი მდინარე ჩამოუდის: აცაურა, ოყაულა და თიკაურა. მოედინებიან და მოაქვთ „ჭალების სული მცურავი“. ყველა და ყველაფერი საკუთარი ხმით უმღერის და აქებს შემოქმედს. ამ მდინარეებსაც თავისი ხმა აქვთ, თავისი სიმღერა. უმღერიან ცას ცისფერ საგალობელს და გატრუნულნი ყურს უგდებენ მათ სიმღერას სერები და მინდვრები. „ვისთვის რას იტყვიან“.. აქაურები ამ წყლებიდან ყრმობის დღეებს ხვრეპენ და სიხარულის ბავშვურ განცდას ჩაცსქერიან, როგორც ცხოვრების წაკითხულ ფურცლებს. მახსენდება გალაკტიონი: „მდინარის პირს შუაღამით ისმის ჩურჩული, ჩრდილი მთვარე იღალება თვალდალურჯული.“ ანდა...„მდინარის პირას იდგა ჩინარი, როგორც შრიალა სული მდინარის.“ სხვათაშორის, მდინარე აცაურას შესახებ ლამაზი ლეგენდაა შექმნილი: ადრე, ორი-სამი საუკუნის წინ, თურმე, ქრისტეშობის დღეებში მშობლებს გათხოვილი ქალიშვილისთვის ძღვენის მიტანა სცოდნიათ. ასე ყოფილა მაშინაც, აცანაში გათხოვილი ქალიშვილისთვისაც წაუღიათ ძღვენი მეზობელი სოფლის აკეთის მცხოვრებლებს. სამნი ყოფილან და სამივეს მდინარეში შეუგდია ცხენი. ორი დაუბრკოლებლად გასულა ნაპირზე, მესამეს კი ფონი დაკარგვია და ცხენს ღრმა წყალში გასვლა გასჭირვებია. მგზავრებს კარგა ხანი უკიჟინიათ ცხენისთვის: - ადი, ურა, ადი, ურაო. მაგრამ ამაოდ. მერე ერთს ურჩევია წყალში ჩარჩენილი ცხენისათვის: აცა ურაო. ესე იგი, აცალე ცხენს, ცოტა დამშვიდდეს, სული მოითქვას, მოძლიერდეს და შემდეგ უფრო ღონივრად ივლის წყალშიო. ასეც მოქცეულა მხედარი და სამშვიდობოზეც იოლად გასულა. ოჯახში რომ მისულან და ცეცხლის პირას გაშლილ მაგიდას მისხდომიან, მასპინძლისთვის ყველაფერი უამბნიათ, ბევრი უცინიათ, უმხიარულებიათ და იქვე სახელდახელოდ შეუთხზავთ ლექსი და სიმღერა, რომლისთვისაც „აცა ურა“ დაურქმევიათ. აქაურები ამბობენ, რა ჯობია ახლად დაჭერილ აცაურას თევზს, რო თევზაობ მდინარეში და ბოლოს რო გუუწობი სამე ჩქერში. თუ აცაურას წყალში არ გაჟღვანჟღვალდი, რაა გურიაო?! ამ მდინარის ტალღებში მღეროდნენ აქაური ადამიანები, რომლებიც ცხოველმყოფლად შეიგრძნობდნენ ბუნების სიცოცხლის ყოველგვარ სიკეთეს და ამით იყვნენ ბედნიერნი და გულსავსენი. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ეძებდნენ დიდი ცხოვრების ჭეშმარიტ სილამაზეს და მას თავიანთი გულის სიმღერად აქცევდნენ. ამ ადამიანთაგან ბევრი წავიდა. ამ სოფლის მადლი, ნათელი გაეფინათ გზად და ხიდად. „შემოქმედება ნიშნავს სიკვდილის მოკვლას“ (რომენ როლანი). ხოდა ისინიც ქმნიდნენ. მუდამ შრომობდნენ, არცერთი დღე არ უუქმიათ, შრომაში გაატარეს თავიანთი წუთისოფელი. სიხარულს ჰფენდათ შრომა. უყვარდათ სიცოცხლე, სიმღერა. გათენებისთანავე მერცხლებივით წამოფრინდებოდნენ და მიაშურებდნენ მობიბინე ყანებს. შრომის ჰიმნს აგუგუნებდნენ, ჩაჰღიღინებდნენ მიწას, მუშა მაშვრალნი და ყურში ჩუმად სიო ჩასჩურჩულებდათ გურულ ნანას, გულისცემით უსმენდნენ მიწის ყივილს, პოეტებად აქცევდათ საზეიმო სიმღერა ფერების. მათი ცხოვრება სოფელს, მიწის სურნელს არ გაშორებია. სწამდათ, რომ თუ სოფელი დააფასე, ისიც დაგაფასებს. რაც იყვნენ, როგორებიც იყვნენ, ამ სოფლით იყვნენ. ის სიყვარული ვერაფერმა გაუნელათ და ცხოვრების შარა-გზაზე ბავშვობის მეგობრების შემცვლელიც არავინ ჰყოლიათ. იცხოვრეს კაცურად, გადასახდელი გადახდათ. ადამიანი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს და ამათაც გული დახარჯეს ცხელი. თითოეულს სწამდა, რომ ერთი პატარა ფოთოლი იყო უმშვენიერეს სიცოცხლის ხისა. დედა-ბუნებამ რომ ჩათვალა ღირსად, მის მცირე ტოტზე ეცხოვრა თრთოლვით, გურიის ლამაზ სოფელში, მართლაც რომ, ამ პოეტების მხარეში. პირველი ოჯახი, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ, სწორედ პოეტ ლადო ჭეიშვილის ოჯახი გახლავთ. ეს ოჯახი ოდითგანვე სტუმართმოყვარეობით არის განთქმული. თუმცა გურიაში ეს არავის უკვირს. ოთარ ჭილაძე გამახსენდა: "დასავლეთ საქართველოში სტუმარს ოჯახის დიასახლისი ისე გამოეგებება, თითქოს მთელი სიცოცხლე მხოლოდ და მხოლოდ მას ელოდებოდაო." ნამდვილად ასეა. ანეგდოტიც არის გურულ სტუმართმოყვარეობაზე და ოჯახურ ტრადიციაზე. გურული უცხო სოფელში მოხვდა და ერთ-ერთ ეზოში დაიძახა: -წყალს ვერ დამალევინებთ? - წყალი არ გვაქვს ბატონო. - ღვინო მაინც გექნებათ პირს გევისველებ, მგზავრი ვარ, დაღლილი, მწყურვალი. - არც ღვინო გვაქვს. - რას გეტყვი ბიძია იცი, ეიღე აი ჭიშკარი აქედან, ვინცხას ოჯახი არ ეგონოსო. არა ბატონო! აქ ანკარა წყალსაც მოგაწვდიან და გლეხურად, „ელანძე“ მომზადებულ გულიან სუფრასაც გაგიშლიან ჯორკოზე, კაკლის ჩრდილში. განსაკუთრებით თუ გარეთ ცივა. მიწა ატალახებულია, მოქნეული თქრეშო წვიმაა, ძაღლი რო არ გეიგდება კარში. ამფერ ამინდს „კაი სამოყვრო“ ამინდს უძახიან გურულები. აგიზგიზდება ბუხარი. ეე მაშინ უნდა ჩამიესხას ადესა, გამოცხვეს კეცის მჭადი, შეიდგას ცეცხლზე კეჟერე ფხალი, პაწა ყველი, პაწა მწნილი, პაწა საკალანდო ღორის მოხარჩული ხორცი და დუუძახე ძამა მოყვრებს. ამ სუფრას აქვს ნაღდი „მუღამი“. დევიწყოთ ქეიფი და მოი გუუმარჯოს მშვიდობას ტრადიციულად! ალავერდს თქვენთან ვარ. - გუუმარჯოს ძამა, გუუმარჯოს! მერე დაიწყება სიმღერა: „კარგი ღვინოა ადესა, რომ დავლიე, მომეალერსა“ და ა. შ. ბუხრის ამინდებამდე ჯერ კიდევ შორია. ახლა კი მწველი ზაფხულია და როგორც გურულები იტყვიან, იმფერი სიცხეებია, მზე რომ მზეა იიც გადეიწვა, დუღს დედამიწა იმფერი ამბავია. მაშ ასე, პოეტ ლადო ჭეიშვილის კრამიტსახურავიან სოფლურ სახლში ვიმყოფები და ჩემს ფიქრებს გარაჯა რასიმის ეს სიტყვები უკეთესად გადმოსცემს: „ სულს ღაფავენ კრამიტისსახურავიანი სოფლური სახლები. ერთ მშვენიერ დღეს სამყაროში ეს რკინა-ბეტონის ცათამბჯენები გამეფდებიან, რომელთაც არ ესმით, რა არის პოეზია.“ ლადო ჭეიშვილის მოღვაწეობის სფერო მრავალმხრივი გახლდათ. თავმდაბალი, მორიდებული, გულკეთილი, წრფელი, შინაგანად გაწონასწორებული, მშვიდი - ასე ახასიათებენ მას კოლეგები, თანასოფლელები, მეგობრები და ნაცნობები. ის იყო ბუნებით პოეტი, სათუთი, დახვეწილი ესთეტი, რომელიც პოეტური სიტყვით ქმნიდა იმ რეალობას, რაც უყვარდა და სხვასაც აყვარებდა. მისი ფიქრები დასტრიალებდა მამა-პაპისეულ სახლს, ეზოს, მშობლიურ სოფელს - გაგურს, რომლის "ცხელ გულზეც დაირწა" მისი "ჭრიალა აკვანი"; რომლის უბეშიც ისწავლა და შეისისხლხორცა "ტკბილი ქართული ანბანი". სწორედ იქ ეზიარა სოფლის, მიწის, სიცოცხლის, თავისი გამრჯე ხალხის სიყვარულს. პოეტის ხსოვნა-ცნობიერებაში სამუდამოდ ამოიტვიფრა სოფლის პეიზაჟები, კალოები, ფაფარაყრილი, აზვირთებულ-ამღერებული მდინარეები და ამ მდინარეებით გაყოფილი ჭალები, სილაწაყრილი ყანები, კლდეზე გადმოსროლილი შლეგი ჩანჩქერები და მათში დაჭერილი ფრთამალი კალმახები; მწვანეთვალება
| ბაღები და ბაღჩები, ხიდქვეშა წისქვილები, ნედლი მიწები, ერდო-ბანები, წაბლიანები და მუხნარები; სოფლის იდილია; სიზმარივით წყნარი საღამოები და ბნელ ღამეებში ციცინათელების ორკესტრის იდუმალი მუსიკა. ოდესღაც, პირველი თვალების გახელისთანავე იხილა და იწამა გურიის მთების სიმკაცრე და სიწყნარე, შეუმკრთალი ზეცის სილურჯე. "ფიქრებს ახვევდნენ" მთები და ხეები, რომელთაც ადამიანებივით ელაპარაკებოდა. ბავშვობაშივე "ძვლებამდე ჩასწვდა დილის ცვარ-ნამი" და ამ ცვარ-ნამით დანამულ მინდვრებში შიშველი ფეხებით რბენა. სულში მზესავით ჩაეღვარა ქართული ტრადიციები, მეზობლების ტკბილი საუბარი, ქართული სითბო, ქართული გაღიმება, სტუმარ-მასპინძლობა და პურ-მარილი. დაუვიწყარი გემო და სურნელი კეცზე გამომცხვარი მჭადისა და საშობაო ღვეზლებისა. ამიტომაც მუდამ თან სდევდა "გურიის მთებში გადამალული" ტკბილი და ლამაზი ბავშვობის სუნთქვა. მოსძახოდა, მოჰკიოდა, სიმღერებით გულს უვსებდა, ლექსებში ათავსებდა მერე ამ სუნთქვას ქუხილით. ინთებოდა გული, ინთებოდა სტრიქონებიც. მისი ფილტვებიც სასიმღეროდ "სოფლის ჰაერმა დაბერა", დაათრო. მუდამ თან სდევდა "სიცივის თექაწამოსხმული მთების" და "ხელაპყრობილი ტყვეებივით ჩამწკრივებულ ხეთა ჯარის" ხსოვნა და გაუნელებელი მონატრება. ამ მონატრებით და შთაგონებით იყო ალალი, ამაყი. გულში მუდამ ენთო ჩაუმქრალი სიყვარულის ხანძარი. რომელსაც ჰკვებავდა და აჩაღებდა, რაც შეეძლო. ეს ხანძარი არ ასვენებდა და ამიტომაც იყო ყოველთვის თავის სოფელზე ამაგით "გულგაგლეჯილი". 1984 წლიდან ლანჩხუთის რაიონულ დაუსწრებელ საშუალო სკოლაში მუშაობდა მეთოდისტად, ხოლო 1985 წლიდან უკვე ამ სკოლის დირექტორი გახდა. ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტმა პედაგოგიურ მოღვაწეობას ორგანიზატორული საქმიანობა არჩია. სიცოცხლის ბოლო წლები მშობლიურ სოფელში გაატარა და 2011 წლის 30 ნოემბერს მშობლიური გაგურის მიწამ ჩაიკრა გულში ერთგული და მოყვარული შვილი. ლადო ჭეიშვილის ლექსები მისი გულის სიმღერებია. პატარ-პატარა, მაგრამ ლამაზი და ფერადოვანი სურათები ცხოვრების, ბუნების დიდი წიგნიდან ამოკრებილი. ეს ლექსები ახლოსაა ბუნებასთან, გლეხის გულთან, მის ყოველდღიურ ჭირ-ვარამთან. ყოველ ლექსში სიცოცხლე ფეთქავს, ყოველ სტრიქონში ადამიანის სიხარულია ჩაბუდებული და ირეკლება მშობლიური მზის და ვარსკვლავების სხივი. ლადო ჭეიშვილის ქალიშვილი ისტორიკოსი გახლავთ. თავდავიწყებით უყვარს მშობლიური კუთხე. სოფელი გაგური. თითოეული ხის, გორაკის, ბორცვის, ღირსშესანიშნავი თუ არაღირსშესანიშნავი ნაგებობის თუ ადგილის ისტორია ზედმიწევნით კარგად იცის. სწორედ ის არის ამ სოფლის ყველაზე სანდო და სწორუპოვარი მემატიანე. ამიტომაც ექსკურსიამძღოლობა მან იკისრა. თანაც 2002 წელს ეკას აღუნუსხავს იმ დროინდელი უხუცესების მონათხრობი, რაც უტყუარ გზამკვლევს წარმოადგენს ამ სოფლის ისტორიის უკეთ შესაცნობად. მთხრობელი: ჭეიშვილი ლადო (63 წ.) სოფელ გაგურს ჩამოუდის მდინარეები: აცაურა, თიკაურა, ოყაულა. აცაურა სათავეს იღებს სოფელ აცანის მთებიდან. ჩამოივლის სოფელ აცანას, სოფ. ქვემო აკეთს და გოგელიების მხრიდან გადმოდის სოფ. გაგურის ტერიტორიაზე. გაივლის და სოფ. ჭანჭათის და გაგურის საზღვარზე უერთდება მდ. სუფსას, ნაგომარისა და ქვ. აკეთის საზღვართან. რადგან აცანას მთებიდან მოდის, ამიტომ ჰქვია აცაურა. შეიძლება აცანურაც ქვიოდა უწინ. მდ. თიკაურა პატარა მდინარეა, სათავეს იღებს სოფ. ზემო აკეთის ტერიტორიაზე. პატარა ღელესავით მოდის, მერე უფრო ძლიერდება. გამოდის კიბულაში და უერთდება მდ. აცაურას მერეში, სადაც ყანებია. თიკაურა რატომ ქვია, არ ვიცი. მდინარე ოყაულა სათავეს იღებს ნიგოითის ქედიდან. „საკალმახიეს“ მდინარეა. სათავეს იღებს „საკალმახიეს“ ზევიდან. „საკალმახია“ ადგილს ქვია. ცივი წყალია. კალმახებიც იცოდა იქინე ადრე, ასე ამბობენ და საბანაოც. მდ. ოყაულა სათავეს იღებს ქედის გამოვლით, ჭანჭათს ჩამოედინება სოფ. გაგურში ყურითის გავლით და უერთდება მდ. აცაურას სკოლასთან სოფ. გაგურის ცენტრთან. არის კიდევ პატარა ღელეებიც. სოფელში ბევრია საცივის წყლები. 2002 წ. 15 აგვისტო მთხრობელი: ალფესი ჭეიშვილი (71 წლის) - ლადო ჭეიშვილის ძმა. სოფელი გაგური იყო და გაერთიანდა სასოფლო საბჭოდ. ყველა იყო ცალ-ცალკე. გაგური ზედა აკეთთან შეერთებული იყო. გაგური აკეთის სასოფლო საბჭოში შევიდა 1951 წ. მანამდე იყო გაგურის კოლმეურნეობა. მე რომ ჯარში წავედი, მაშინ იქნებოდა 60 კომლი, ეხლა არის 80 კომლი. აჭარლები რომ ჩამოვიდნენ, გაიზარდა უფრო სოფელი. სოფელი გაგური იყო ლანჩხუთის რაიონი. უკავშირდება რაიონს ყოფილი სამხედრო გზით. გაგური დასავლეთით ესაზღვრება ზემო აკეთს. აღმოსავლეთით ჭანჭათს. სამხრეთით ქვემო აკეთს. ჩრდილოეთით - ნიგოითს. სოფელი ჩრდილოეთით მთავრდება ნიგოითის მთასთან. სოფელში შემოსავლელი გზებია: ზემო აკეთიდან შემოდის სამხედრო გზის განშტოებით, ჰქვია კიბულა. კიბულა იმიტომ ქვია, რომ დაკიბული გზის გლახა ჩამოსავალია და იმიტომ დაკიბული იყო. მე მახსოვს კიბეები, რომ იყო. 37 წელს გაიყვანეს გზა. საურმე იყო 37 წლამდე და საფეხური გზაც. კიბეებიანი უფრო მოკლე იყო. მერე გაიყვანეს სამანქანო. ჭანჭათი უკავშირდება ერთი ძირითადი გზით, სოფლის გზით. მეორე გზა ყურიათის გზით. კიდევ არის საურმე გზა, ნიგოითის მხრიდან გადმოდიოდა, ჯიხეთის მონასტრიდან შემოდიოდა ჭანჭათში, შემდეგ ღვინალაში და უერთდებოდა გაგურში. ჩვენი სოფელი მთავრდება ქედზე. შემდეგ საურმე გზაა. ქვემო აკეთთან დამაკავშირებელი გზებია: მაცხოვრის ეკლესიიდან შემოსასველი გზა და ნაცვალაძეების მხრიდან მთავარი გზის გავლით. ჭეიშვილები ყველაზე ბევრნი იყვნენ. ეხლა არიან 14 ოჯახი. ადრე იყო 48 კომლი: თოხაძეები, პინაიშვილები, მგელაძეები, ფიფაიშვილი - 1, ბედინეიშვილი - 1, ბეჟანაიშვილები, ცოცხალაიშვილები, ხინიკაძე, თედიაშვილები, ჭარმაკაძეები, ცინცაძე, ტუღუშები. ადრე ეკუთვნოდნენ ნაცვალაძეები, სირაძე - ეს ოჯახი აღარ არის, მჟავანაძეებიც შემოდიან ახლაც. მერე მოემატნენ 80-იან წლებში. ბროლაძე, შანთაძე, გოგიბერიძე - სერებიდან, ვადაჭკორია - ჭანჭათიდან. გაგურს ეკუთვნიან გივი და ვახტანგ ვადაჭკორიებიც, დავლაძეები, ვანაძე (შალიკაშვილები იყვნენ ადრე, ახლა აღარ სახლობენ). გაგურის ეკლესიის მრევლი იყო ჭანტურიშვილებიც. ეკლესია მარტო ჩვენთან იყო. მერე აშენდა ზედა აკეთში, მე-17 საუკუნეში აშენდა - ჩვენი მაცხოვრის ეკლესია. მამუკა თავდგირიძემ ააშენა ქვის ეკლესია „მაცხვარი“, რომელიც ხის ყოფილა მანამდე. ყოფილა მრგვალი და ადგილობრივი ხალხის აშენებული. გოგელიებიც გაგურს ეკუთვნოდნენ გივი გოგელიას სახლამდე და ნოდარა გოგელიაც გაგურს ეკუთვნოდა. 1938 წლამდე ეს იყო ეკლესიის მრევლი, მერე კომუნისტების დროს მიეკუთვნენ. ასევე იყვნენ ჩხაიძეები ზემო აკეთში. ადრე სოფელს ქონდა სახნავ-სათესად „ყურიათი“. ყურიათში ჩვენ გვქონდა მიწა და ერქვა „საქვიჩე“. „ლაშე“ მარილიანი წყალი ამოდის. ადრე წისქვილები ქონდა 2-3 ოჯახს - ხარიტონ მგელაძეს, კირილე ჩხაიძეს, ვარლამ პინაიშვილს, ილიკო პინაიშვილს. ჩხაიძე ზედა აკეთიდან ესაზღვრებოდა. ჩამოდის მდინარე „თიკაურა“. სათავეს იღებს ნიგოითის მთიდან „ქედიდან“. („მერე“) ყურიათი იწყება ბაჟანაიშვილების უკანა მხრიდან, გაყვება ცინცაძეების მხარეს და გადის ჭანჭათში. იყო ადრე სახნავ-სათესი. კოლექტივის დროს ჩაიც იყო. „ნაკუხრები“ (ნაკრუხები) კრუხი ჯდებოდა და სიმონ ჭეიშვილს ეძებდნენ და რომ იპოვეს მერე ამ ადგილს დაერქვა „ნაკრუხები“. მერე შეიცვალა და „ნაკუხრები“ ქვია ეხლა. მაქანე მოყავდათ ღომი, სიმინდი. „ნაციხვარა“ გაგურს ეკუთვნის, ჭანჭათისკენ მიმავალ გზაზეა, აშენებული იყო ციხე და ქვია „ნაციხვარა“, საპატიმრო ციხე იყო. „ნატაშაის ფერდი“ სასაფლაოს გადმოღმიდან, ნატაშა იყო თავადის ქალი, თავდგირიძე. ეხლა სასაფლაო არის იქინე. ქონდა პატარა სახლი. მაღალი ქალი იყო, მსუქანი, გაუთხოვარი იყო. გაგრძელება შემდეგ ნომერში. |