|
''უადამიანოდ ყველაფერი ბრმაა'' - რევაზ ინანიშვილის უჩვეულო სამყარო ლალი ბარძიმაშვილი
მწერალი, რომელიც ქართული განცდით, ქართული სინამდვილით საზრდოობდა. თვალწინ გადაგვიშლის იმ მონატრებულ სხვა გარემოს, რომელთან დაბრუნებაც მარად საწადელია, რომლის თავკიდურიც ზნეობაა. ეს სიყვარულის დიდი სამყაროა. ''მთავარია ადამიანებს რაც შეიძლება დიდხანს შევუნარჩუნოთ სამყაროს საოცრება - სიკეთის შუქი თვალებში''. სადად მოწოდებულ დიდ ამბებში მადლია არსებობისა და დიდხანს რჩენა სულშიც ხმაური მისი გმირებისა. ეს უხინჯო და უტკივილო სამყაროა, კეთილი დრო... ერთწინადადებიანი სახალისო მონათხრობი - ''მარტო ჩემი მზითვის თეთრეული რომ დააწყვეს, ამათი სტოლი, ამ საცოდავებისა, წაიქცა;'' კახური იუმორი და სიღატაკესთან ლაღი მიდგომა, წაუმხდარი არსებობა. ერთის თქმაში გაცხადებული სხვა ათასი ხასიათი... ამაშია კეთილგარჯილობა მწერლისა, რომ ''არავინ ამოგვიცარიელოს სასულეთი.'' როგორ კაცობდნენ, როგორ ქალობდნენ, მართლაც ის ''ცოცხალი ჯვრები,'' ღმერთთან ახლოს მყოფი დიდი შვილები ქართული მიწისა. გარემო, რომელიც ყველაფერს იტევდა, ითავსებდა, ყველასთვის იყო კალთახვავრიელი, ტკბილი - ''ყველგან და ყველაფერში რაღაც იყო ჩვენიც. შეგვეძლო მივსულიყავით მათთან, ბექებთან, ხეებთან, ბუჩქებთან, და დავსახლებულიყავით... თითქოს უკვე გველოდნენ...ამიტომ იყვნენ გამომდგარნი გზის პირებში კაცები, ქალები და ბავშვები, ზოგან თავაწეული ძაღლებიც. ამიტომ შემოგვყურებდნენ როგორც შინაურებს.'' ყველაფერზე მაღლა იდგა ადამიანი, სიდუხჭირეზეც, მას ვერაფერი თელავდა, რადგან გაკიდეგანება-გაუცხოებაც არ არსებობდა. ასეთი იყო შეუმღვრეველ-დაუნაწევრებელი ყოფის სიდიადე. ეს გულით გადაშლილი ამბები, მწერლის ბავშვობიდან მომდინარე, ყველას ერთიანად ზრდის და გრძნობ, ბავშვობასაც თავის სიმაღლე აქვს...
''დამნაშავეა საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც ბოლო ხანებში, ისევე როგორც ბურჟუაზიული საზოგადოება, ყველაფერს ზომავს ფულით და პატივისცემით.'' ეს უკვე სხვა შეუთავსებელი ცნობიერებაა, დამაზიანებელი; ამიტომაც გაკენწლა ის სიმდაბლე, რომელიც ადამიანს ბღალავს. ''ეროვნულ უბედურებად იქცა კაბინეტებისკენ სწრაფვა. ყველას უნდა, რომ მას ემსახურებოდნენ. ყველას უნდა, რომ თეთრი, ფაფუკი ხელები ჰქონდეს... თეთრი ხელები უნდათ და თეთრი ტელეფონი''... ''ჩვენ ღარიბები ვიყავით თუ რაც ვიყავით, სხვა ადამიანობა გვქონდა, მარტო მომარაგებაზე არ ვიყავით გამეცადინებული თაგვებივით''. სხვაა კაცის მისია, სხვა უნდა იყოს მისი სამზერიც. საგულისხმო ერთი პასაჟი - როგორ ეთხოვება საწუთროს ის, ვისაც ნაბიჯშეუშლელად და უმცდარი გულით უცხოვრია:
- ხო, არ გავფუჭდი, წიქავ? -არა, არ გაფუჭებულხარ, ჩაჩაურო. -უსაკადრეოდ ხო არ მივდივარ, წიქავ? -არა, კარგად მისდიხარ, ჩაჩაურო... -ნამდურავიც არავინ დამრჩეს. -არ დაგრჩება... -ჭერხო მთელია!.. -მთელია, ჩაჩაურო... -ნაქონ-საქონიც მრჩება. -გრჩება ჩაჩაურო...'' ასეთია ნამუსაწრიალებული კაცის ფიქრი სიცოცხლის მზის დასალიერზეც. იწვის სიცოცხლეც სანთელივით და ეს სიცოცხლე სხვასაც უნათებდა სავალს... დამაფიქრებლად შენიშნავს - ''ჭკუა უნდა ჰქონდეს ჩვენ ხალხს, ან ჭკუა, ან თავდაჭერა, გინახავთღა კაცურად გავლილი კაცი? სუ ყანყალ-ყანყალით დადიან. აფსუს, წინათ რომ შეგხვდებოდა და თავს მოგიხრიდა ნაცნობი!'' ეს მონათხრობი კი ღიმილსაც გვგვრის და სხვა სიმაგრეს, სხვა ხასიათს და მიდგომასაც ასახავს:
''...მუხის ქვეშ ერთი ვეებერთელა ხევსური გადაშხლართულა... დევივით ფშვინავს... შემებრალა, შევანჯღრიე, გავაღვიძე და ვუთხარი: -ადე, ძმაო, აქ სად დაწოლილხარ, ქინქლა და კოღო გჭამს-მეთქი. -არამ სისხლ მიაქვთო. გადაბრუნდა და ისევ ძილს მისცა თავი. შენ კიდევა... საათის ხმა არ მაძინებსო?! მოგიკვდა ჩემი თავი, ძმისავ.''
სხვა ფესვი, სხვა ნიადაგი ასაზრდოებდა და ასულდგმულებდა ქართველს და, ზოგჯერ მიამიტად, ზოგჯერ სიცილით, ხანაც ტკივილით მოწოდებული მწერლის სათქმელიც ამის გაცხადებაა. ეს ეპიზოდი კი წინამდებარე სტატიაშიც მოვიხმე, მაშინ უფრო ვრცლადაც მიმოვიხილე რევაზ ინანიშვილის შემოქმედება და იუმორით მოწვდილი, უკეთურ დროზე სარკაზმშერთული გენიალური ფრაზაც გავიხსენე, როცა გლეხკაცმა მინდვრად მუშაობისას თავზეწამომდგარ კაცს კითხა, კომპარტიის მუშაკს - ''ვინა ბრძანდებითო, მომაგრებული ვარო, აბა, შვილო, თუ ეგრეა, მე მოფამფალებული ვარ და თოხი შენ გამომართვი, მე ცოტას წავუძინებო''... ამ ლაღ სიცილთან ერთად, შეფარვით გაქილიკებული იყო ის მიუღებელ-ძალმომრე სინამდვილეც, რომელიც ადამიანს იმონებდა, თავისუფლებას არ ანებებდა და ''ღირსებაც'' განიყოფოდა იმ მოგონილ საფეხურებზე. გულისმომწყვლელია მწერლის ერთი მოგონება, როცა ''წვრილი მავთულით შეამაგრა ფეხსაცმლის არღვეული ძირი'' პოეტმა, ლადო ასათიანმა და წვიმაში ნაღვლიანად გაუყვა გზას. მაშინ ქვეყანასაც გასცვეთოდა ძირი და უჭირდა სწორად სვლა საწუთროს გზაზე. თამარ მეფის ერთ ნიშანდობლივ ფაქტსაც შემთხვევით როდი იხსენებს მტერზე:-''იყავნ ნება ღმრთისა, ნუ შენი! სამართალი მისი, ნუ შენი!...
-შენ ოქროსა მევირეთა სიმრავლისად მინდობილი ხარ, ხოლო ჩვენ არცა სიმდიდრესა და არცა ძალასა სპათა ჩვენთასა, არამედ ძალსა ღმრთისასა.''
ასეთი იყო სიკეთის სპეტაკი სამყარო. ამოუწურავია ის. ყველაფერში ადამიანობის დიდი რწმენა გამოსჭვივის, რად ღირს ''ანდერძი'' ანდა, ''ლამაზი ცრემლები,'' დედის ლოცვა და ძილისპირული, რომელიც მთელ სამყაროს აერთიანებდა, აძლიერებდა.
ეს მონატრებული გარემოა და ის უმწიკლო თავწყარო, რომელიც კვლავ თავსაჩენ-საპოვნია დროთა მდინარებაში. სიკეთე იყო მისი ''ცხოვრების წესდებაც''. არაერთხელ უბრუნდები მის ნაწერებს და ხვდები, რომ ის სამყარო არ გეთმობა, რომელსაც ასე თბილად აცოხცლებს, ასეთი უბრალოებით გაწვდის მწერალი და სამარადისოდ გაახლოებს იმას, რაც დაუვიწყარია და სრულგყოფს. არაერთი გრანდიოზული ადგილი ადრე მოვიხმე, კვლავ გავიხსენე ის, რაც მაგალითად და ნიშანსვეტად უქცევია უკვდავ ნაწერებს და კვლავაც ვისაუბრებთ მომავალშიც, ვინაიდან არასოდეს სრულდება ის დრო, რომელსაც სრულყოფილად ჩაუვლია ღირსეულ შვილებთან ერთად.
|
|