|
ადამიანური თავგანწირვის ლეგენდა ლალი ბარძიმაშვილი
წანამძღვარი - ''ადამიანებისთვის ურთიერთობები იყო ადვილი, იმიტომ რომ ერთნაირი ღირებულებებით იყვნენ ნასაზრდოები''...
არიან ადამიანები, რომლებიც თავისი ბიოგრაფიით, ცხოვრების ყველა ეპიზოდით თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენენ, თავისუფლების გამოხატულებას. ''ალავერდობა'' ამის დასტურია. შინაგანად უნდა იყო ასეთი, ამას ვერ შეთხზავ. იმპულსი, საიდანაც ასეთი ქმედება, მსგავსი თავგანწირვა იბადება, თავისუფლებაა. აქ მოუდუნებელი სულიერი ძალა იგრძნობა. მთავარ გმირს მორალური ასპექტი შეაქვს: ალავერდი - ცასთან ახლოს და სული ცასავით მაღალი. ეს მან უნდა შეაფხიზლოს იქ მყოფნი, და, სწორედ იმიტომ, რომ არავინ უწყოდა ამ საერთო უსახურობაში - ''სად დაიწყო? სად დამთავრდება?'' არც ტრადიცია უნდა არსებობდეს უსაგნოდ და მიზეზთა გარეშე. ტაძრის შემოგარენი სამლოცველო ადგილია, მაგრამ სამლოცველოდ მისულს არ ჰგავს ეს ხალხი, ლოცვა დაავიწყდათ. ურთიერთობის ენა ღრეობაა. ამ დაცემასაც დაუპირისპირდა. ''მთავარი თავისუფლების ხარისხია, ეს არის თავისუფლება შიშისგან, ეგოიზმისგან.'' ზეაღსვლა ტაძარზე ლაღი ბუნების გამოხატულება იყო. იგი ვერ თავსდება ჩარჩოებში და ეთიშება კონკრეტულ დროს. ლამაზად მიმქროლავი გურამი სულიერ მთლიანობას აღწევს, ტაძრის გუმბათი კი ამ ქროლის აპოთეოზია. ის შეტოლებულია გუმბათს. სიცოცხლე, როცა გიყვარს ღირსეულად, მას ტყუილად ვერ გაფლანგავ - ეს არის კრედო გმირისა. მას აქვს საკუთარი, თვითმყოფადი სამყარო და ორიგინალურია კიდეც თავის გადაწყვეტაში. მზერა დაატყვევა ამაყმა ჭაბუკმა, რომელმაც დრო შეაჩერა, ასეთი ქმედება თავისთავადაა მაგალითი! გენიის ცხადი გამოხატულებაა ალავერდი, საპირისპიროდ იმ უქმი ყოფისა, რასაც იქ მყოფნი გამოხატავენ. ადამიანური მოძრაობა აღარც ცეკვაშია, აღარც სულში... მატერიალურად და სულიერად ძლიერი და ღირსეული საქართველოს წადილს გუმბათზე აჰყავს მოთხრობის გმირი... ცალკერძ, ალავერდი და მეორე მხრივ, გათიშულ-გარიყული მასა. გურამის თავდადებაც ამის ცდაა და სიცხადე შეაქვს იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც დრო ხელიდან ეცლება... სინამდვილის შეცვლის სურვილი და სიბნელიდან გამოყვანის მისია აქ ერთდროულად იბადება; ძირძველობის შეხსენებას წარმოადგენს მისი საქციელი. უსაჭიროობის განცდას საჭიროება ცვლის. უმნიშვნელო გარემო ადამიანის დანიშნულების თვალით შეფასდა და საერთო თავაშვებულობას დაუპირისპირდა სხვა მორალური იმპულსით თავაწყვეტა. აკი ეტყვის კიდეც იგი ღვთისმშობლის ხატთან მლოცველ ბერდედას, ერთადერთ მლოცველს:'' იმათზე ილოცე, დედავ, მე თვითონ გავიტან თავს.''- სრული ფრაზა სავსე კაცის! გურამი სულიერი მოდუნების გაცხადებული პროტესტია და ასეც აღიმართა გუმბათზე, საქვეყნოდ დგას დროსა და სივრცეს შეჭიდებული ჭაბუკი და ჰარმონია შეაქვს... ეს მისია თავის თავში იპოვა... ეს უძრაო დგომა თავისთავადაა აზრობრივი ხატი. თავს მართლა გადახდა ყოველივე, რაც მოთხრობად იქცა.
ასე შეეჭიდა გურამი დამახინჯებულ გემოვნებას, ყოფას და როკვას. ქმნის იდეალს. ეს არ იყო დასვენება, განტვირთვა, მხოლოდ დროის მოკვლა და თავის მოტყუება განჭვრიტა მზერამ ფხიზელმა და მხილებად დადგა მაღალ გუმბათის კიდეზე. თითქოს მაღალ ტაძრიდან გურამთან ერთად ქართველობა იყურება! სხვაა მიწის მშვენიერება... ეს კრიტიკული თვალი არაა, მოსიყვარულე თვალია; ამ თვალით ეალერსება სამშობლოს სანახებს, თვალით, რომელმაც გადაგვარება ვერ იგუა. ქართველი ასეთ სიმაღლეზეა მთლიანი, ლაღი და თავისუფალი.
მას მუდამ ამოქმედებდა ერთი - სხვისი შველის წადილი, ნიშნეული თვისება. თელავში, საცურაო აუზში მეოთხე კლასელი ბიჭი გადამხტარა და ფსკერისკენ წასულა, გურამი ტანსაცმლიანად გადახტა საშველად, ცურვა არც სცოდნია მაშინ, მაგრამ ძლიერი ძალ-ღონით უმკლავდებოდა წყალს, ეწვალებოდა. მკვდარი ბიჭი ამოიყვანეს საშველად მოსულებმა, ამის დამნახავი ნადიკვარზე განმარტოვდა და დიდხანს იჯერა ტირილით გული, მაშინ მეცხრე კლასში იყო. გაივლის დრო, დაიწერება ''ნელი ტანგო,'' როგორც გულგრილობის ეტიუდი, ხოლო შემდგომ თავის სიცოცხლით დაამოწმებს იმ დიდ მორალს, რასაც თავგანწირვამდე ატარებდა იგი. ზღვაში გაჩერდება მისი მოსიყვარულე გულის ბორგვა, სწორედ სხვისი სიცოცხლის გადარჩენის ფასად...
ასე იშვა 26 წლის ჭაბუკისგან - მარადისობის შვილი!
''ალავერდობა'' თავისუფლებისთვის მებრძოლი ყველა გმირის სიმბოლურ სურათს წარმოადგენს.
მხოლოდ რჩეულები ამარცხებენ გარემო სიმუხთლეს ღვთაებრივი უნარით...
ჩემთვის ძალიან ხელშესახებია მოთხრობის თემა...
4 აპრილი, 2013. |
|