საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად
ლელა ჩხარტიშვილი

ლადო ასათიანი და მისი მეგობრები: მირზა გელოვანი, ალექსანდრე საჯაია, გიორგი ნაფეტვარიძე – თავიანთი ცხოვრების გაზაფხულზე წავიდნენ ამ ქვეყნიდან. ისინი თავიანთი შემოქმედებითა და ნაადრევი სიკვდილითაც კი მთელი თაობის ბედს განასახიერებდნენ. ომის ქარიშხალმა არ დააცალა მათ დავაჟკაცება და დაღვინება; ზოგი მეორე მსოფლიო ომის წლებში დაიღუპა ფრონტზე, ზოგი მძიმე სენმა გამოასალმა სიცოცხლეს...

ლადო ასათიანი 1917 წლის 14 იანვარს დაიბადა. ბავშვობა მშობლიურ ბარდნალაში გაატარა. ბარდნალა ლეჩხუმის პატარა სოფელია. აქ, ფერდობზე, დღესაც დგას იმერული ოდა-სახლი.

ლადოს ბავშვობისდროინდელი გატაცება ცხენისწყალი იყო; ჩამოჯდებოდა მდინარის ნაპირზე და ტკბებოდა ბუნების სილამაზის ჭვრეტით. აქ მიღებული პირველი შთაბეჭდილებები, სოფლის შეუბღალავი სურათები გაცოცხლდნენ მის ლექსებში, რომლებიც ლეჩხუმის ჯანსაღი და გამჭვირვალე ჰაერით სუნთქავენ. ეს ჰაერი მოჰქრის ,,ბულბულთა ნაამბორალი ვარდებიანი ბარდნარებიდან'', ,,გუმარეშის ყანებიდან'', ,,სახლის წინ ნაგრიგალარი გაფითრებული ჭადრიდან'', ,,გაციებული ბინულიდან'', ,,ცხენისწყლის ნაპირიდან''... ლადო ასათიანი თავის ლექსებს მშობლიური სამკაულებითა და ნედლი სიტყვებით ამკობს  და მიწასთან, ხალხთან, მშობლიურ ფესვებთან სიახლოვეს გვაგვრძნობინებს:

,,ისევ მომინდა ჩემი სოფელი  

ხალხურ ლექსებით და საკრავებით,

ეზოში – მწვანე და უშობელი

და მოკუნტრუშე თეთრი კრავები...''

აკი უბის წიგნაკშიც წერს: ,,არ ყოფილა არც ერთი დღე, არც ერთი საათი, რომ არ ვფიქრობდე ჩემს ბავშვობაზე, თითქოს თან დამაქვს ეს ბავშვობა და მისი შთაბეჭდილებებიო''. საოცარია ლექსი ,,ლეჩხუმური შემოდგომა''. ამ ლექსის სტრიქონებიდან ისმის ,,ორღობეებში ურმების ჭრიალს აყოლილი ძაღლების ყეფა'', ,,უზარმაზარი საწნახელის ქშენა'', ,,საყანე ახოების ჭრის'', ,,ბუხარში ოცნებასავით ნელ-ნელა დამწვარი ფიჭვის მორების ხანძრის'', ,,სახლის წინ აქაქანებული ქათმების'' და სხვა დაუვიწყარი, საამური ხმები.

,,და სარეკელას მადლიან ენით

წისქვილი ჰყვება მოსავლის ამბავს''.

სიკვდილის წინაც, ვაჟა-ფშაველასავით, მშობლიური ლეჩხუმის წყაროს წყალი ინატრა მამაპაპური სარწყულიდან, რათა ჭლექის სასტიკი სენით დაფლეთილ ფილტვებსა და ცხელების ალმურით გათანგულ მკერდზე სიცოცხლის წყაროსავით ესხურებინა.

,,მისმა უზომო სილურჯემ გამიღო

                                         ზეცის კარები

და ქვეყანაზე სიცოცხლე მომიზღო

                                  ლექსის ბწკარებით.

და ახლა, როცა უმწეო ვდგავარ

                        უფსკრულის ნაპირთან,

როცა ცხოვრებამ გამთელა და

                სიმჭლის სუნმა დამფლითა,

როცა ცხელების ალმურში

                       გაგიჟებამდე მაბოდებს,

რასაც ტივებზე მღეროდნენ,

რასაც წისქვილში ამბობდნენ, –

კვლავ შენ გნატრულობ, რომ მკერდზე

სიცოცხლის წყარო მასხურო,

ბავშვობასავით ცისფერო,

                     მამაპაპურო სარწყულო''.

ლადოს სულიერ დახვეწაში დიდი როლი შეასრულა მისმა ოჯახმა. პოეტის მშობლები, მელიტონ ასათიანი და ლიდა ცქიტიშვილი, პედაგოგები იყვნენ და, ბუნებრივია, საკუთარი შვილის აღზრდაზეც ზრუნავდნენ. ლადო პატარაობიდანვე თავისებური ყოფილა: ხან – მხიარული და მოუსვენარი, ხან – ჩაფიქრებული, მეოცნებე. თურმე გატაცებით ისმენდა მშობლების საუბარს საქართველოს წარსულზე, მის გმირებზე. ,,ამ დროს მისი თაფლისფერი თვალები ხან უზომოდ ელვარე და ანთებული ხდებოდა, ხან კი – სადღაც შორს გამზირალი, თითქოს რაღაცას ეძებენო''. ძალზე მგრძნობიარე იყო და ტკივილამდე განიცდიდა ნაწარმოების გმირების თავგადასავალს. უბის წიგნაკში უწერია: ,,იავნანამ რა ჰქმნა?'' პირველი მოთხრობა იყო, რომ ვიტირე; მერე ,,მაგდანას ლურჯა'' და ,,ქაჯანა''... როცა შინ ,,ვეფხისტყაოსანს'' ვკითხულობდი, მის გმირებთან მეც ვტიროდი და დედაჩემი ხშირად მალავდა წიგნსო''. ,,ვეფხისტყაოსნის'' სიყვარული ბოლომდე გაჰყვა. ამბობდა, ისე უნდა იკითხო ყოველ დილა-საღამოს, როგორც ბერები კითხულობენ ლოცვას, და ძლისპირებივით უნდა იღიღინო მისი ჯადოსნური სტრიქონებიო.

ავბედითი 1937 წელი, უსასრულო რეპრესიების დრო რომ დადგა, ლადო ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ბუნებისმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა. ამ წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს ლადოს დედა. მას შემდეგ ქალბატონი ლიდა ოჯახს აღარ დაბრუნებია. მომავალი პოეტი კი ,,ხალხის მტრის შვილად'' გამოაცხადეს და ინსტიტუტიდან გარიცხეს.

დედის დაკარგვამ პოეტის სულიერ სამყაროს წარუშლელი კვალი დააჩნია.

ლადო ასათიანის პოეზიას ასულდგმულებდა სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული და ეს სამშობლო მისთვის ბარდნალიდან, ნამკაშურის წისქვილებიდან, სიწითლისგან დაბრაწული, კანდამსკდარი ბროწეულებიდან, ფიჭვის ტევრში გარეული ნაცრისფერი ღრუბლების ძნებიდან, დაღარული და დასერილი ცხენისწყლის ხეობიდან, გლეხის ხელით დაწერილი ხვავიანი პურის ყანებიდან, ხვამლის მთაზე გადასული აფრიანი თეთრი ნისლებიდან, თავთავებით ოქროსფრად მოსირმული ფრიალა მთებიდან, ჯიშიანი და მტევნებგიშრიანი ოჯალეშის ზვრებიდან იწყებოდა. იწყებოდა და გადასწვდებოდა კახეთის ბარაქიან მიწას, ქართლის ველებს, კოლხეთის დაბლობებს, სვანეთის კოშკებს, იმერეთის ოდებს, მზიურ აფხაზეთს... პოეტის სულს აფორიაქებდნენ და სამშობლოს სიყვარულის გრძნობას ახალი ძალით უღვივებდნენ ომით გაუმაძღარი არაგველების საფლავები, ბებერი კრწანისის აბრდღვიალებული ყაყაჩოები, მამაც იბერიელთა ნაწრთობი ქართული იარაღი, ცხრა ძმა ხერხეულიძის ფაფარაყრილი მერნების ქარბუქიანი სუნთქვა, ბებერი ციხის გალავანზე მთვლემარე არწივები და ქართველი ვაჟკაცების მხარდამხარ მებრძოლი, მეტეხის კედელივით მტკიცე ქალები.

სამშობლო ლადო ასათიანისთვის დედის რძით ტუჩშეუშრობელი ბალღივით, მშობლის ალერსივით და ცის ნამივით, ველებზე ჯეჯილის მწვანე ფაფარივით და ძველი ქართული ზღაპრის ძლისპირივით ტკბილი ქვეყანაა:

,,ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი

                                                     ყვირისა,

ტკბილია, როგორც სურნელი

                              ახლადმოხდილი ღვინისა,

ტკბილია, როგორც სურნელი

                          ახლადგამომცხვარ პურისა,

ტკბილია, როგორც ნუგეში ბედისგან

                                      დაღუპულისა''.

საუცხოო მხატვრული სახეებითაა გადმოცემული ჩვენი ქვეყნის პეიზაჟები და ყოფა-ცხოვრების დეტალები: კრიალა მთის წყარო, ცადმიჭედილი ნაძვები, მწიფე მტევნების ნაჟური, იალბუზზე ღრუბლად მიმოფანტული ნახირი. ისინი სიცოცხლის სიყვარულს აღძრავენ. მაშინ გრძნობ, რომ ცხოვრება:

,,ტკბილია, როგორც წისქვილში

                        მთავარიან ღამის გათევა,

ტკბილია, როგორც აპრილში

                        ტყემლების შემონათება''.

მაშინ სიცოცხლეს ბედნიერების ღიმილი დაჰკრავს და, თუ ფსალმუნსაც დავესესხებით: ,,განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი'', – სამყაროს უსპეტაკესი მშვენიერების განცდის უნარს უნდა ნიშნავდეს ალბათ მარადიული სიჭაბუკე. ან...

,,ან როცა იწყებ სიმინდის მოროდს

და ფეხზე სველი მიწა გეყრება...

თუ ეს იგრძენი, ცხოვრების ბოლოს

ცვრიანი სიტყვა არ გაგეყრება''.

გურამ ასათიანი წერს: ,,ლადომ შეძლო, ქართველი ადამიანის სულის უფაქიზეს სიმებს შეხებოდა, მის კეთილშობილურ ინსტინქტებზე ემოქმედნა''. იგი ქართველ ხალხს შთააგონებდა, რომ ჩვენში მბორგავი მამა-პაპათა უდრეკი სული არასოდეს არ დაცხრება. პოეტი არ ზოგავდა თავის ჭაბუკურ ნიჭსა და ენერგიას, რათა გაემხნევებინა ქართველობა:

,,თავად დაუდექ თამადად

თავადურ ხმათა ღრეობას.

წაიკითხე და პაპათა

დაგიბრუნდება მხნეობა''.

ლადო ასათიანის პოეზია მჩქეფარე სიჭაბუკისა და ადამიანის გამარჯვების ქებათა ქებაა:

,,დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ

                                               მარად

და ცხოვრებამ ვერასდროს ვერ

                                           დაგვაბეროს''.

,,სალაღობოში'' ქართული სისხლის ყივილი ისმის. ,,ამ ლექსის სტრიქონებში ცეცხლი გიზგიზებს, რომელიც მსმენელს აღაგზნებს, ხელში აიღოს ხმალი და მამულის საკურთხეველზე თავი დადოს. სწორედ ამ ლექსზე დაწერილ სიმღერას მღეროდნენ 9 აპრილს ქართველი მამულიშვილები რუსთაველის პროსპექტზე.

ლადო ასათიანის პოეზიის გაზაფხული სტუდენტობის ხანას ემთხვევა. ეს იყო 30-იანი წლების მიწურული. მისი პოეზიის აკვანი კი ქუთაისში დაირწა:

,,მხოლოდ ბაგრატის ტაძრის ნანგრევნი

გარინდებულან მკვდრულ მყუდროებით.

მათ შთაგინერგეს შენ სიყვარული,

ყრმაო, გარდასულ იმა დროების!''

მაგრამ ყველაზე დიდი ცეცხლი მის შთაგონებას მაინც ,,თბილისის ჰავამ'' წაუკიდა. ,,განსაკუთრებით რუსთაველის პროსპექტს ეტანებოდა. ალ. ჭავჭავაძის ქუჩის კუთხესთან შეჩერდებოდა, ჭადრის ხეს მიეყრდნობოდა და ფიქრობდა და ფიქრობდა გაუთავებლად'', – იხსენებს ნიკა აგიაშვილი.

უბის წიგნაკში ლადოს ასეთი რამ ჩაუწერია: ,,რა ლამაზია ყველაფერი ამ ქვეყანაზე. აი, თუნდაც ეს მოშრიალე ,,ჩვენი'' ჭადარი რუსთაველზე... გინდა, სულ უმზირო და იფიქრო უკვდავებაზე''. და ისიც ოცნებობდა:

,,მეც ვოცნებობდი ოპერის ბაღში

და ჩემი ტვინიც მღეროდა მაშინ...

ჭაბუკი ვიყავ, ქარბუქი ვიყავ...''

,,სულ გარეთ და გაშლილ ჰაერზე მინდა ყოფნა, თითქოს მალე დავხუჭავ თვალებს. ვეღარ ვიხილავ თბილისის ზეცას'', – წერს პოეტი უბის წიგნაკში. აკი ორი წლის შემდეგ ვეღარც იხილა თბილისის ზეცა. ერთხელ, თაბორის მთაზე ასულს, უთქვამს: ,,ვისაც პოეტის სახელი ჰქვია, აქ უნდა ამოვიდეს ხშირ-ხშირად, ამ მაღლობიდან გადახედოს მეტეხს, ნარიყალას, ძველსა და ახალ თბილისს, თვალი შეავლოს მთაწმინდას, მტკვრის ხეობას და სიცოცხლესავით ამაღლდებაო''. სანამ ცოცხალი იყო, ასე დადიოდა თბილისის ქუჩებში და გარს უვლიდა ,,პოეზიის უწმინდესი ადგილის დედას''. მოგვიანებით ნიკა აგიაშვილი დანანებით იტყვის: ,,ასე მგონია, ახლაც ამჩნევია რუსთაველის პროსპექტს ლადოს ნაფეხურები''.

პოეტის მეგობრები იხსენებდნენ: ,,ძალზე კეთილი გული ჰქონდა და ცეცხლოვანი თაფლისფერი თვალები''. ,,დაღვრემილი, გაღიზიანებული, დაღლილი, მაგრამ საოცარი იყო მისი თვალები, – წერს ვახტანგ ჭელიძე, – ეს იყო ანთებული თვალები, მაღალი ნიჭიერების, შინაგანი სისპეტაკისა და სინათლის მფრქვეველი, პატიოსანი კაცის ნათელი თვალები... და როცა თავის საყვარელ თემაზე – სამშობლოზე, ფიროსმანზე, ტიციან ტაბიძის ლექსზე – დაიწყებდა ლაპარაკს, ამ დიდრონი თვალებიდან გამოჭრილი სხივი მთელ სახეს გაუნათებდა''. შალვა აფხაიძე იგონებს: ,,გარეგნულად ისეთი მოკრძალებული, თავშეკავებული და მორიდებული იყო, რომ ვერც კი წარმოიდგენდით, თუ მასში ამდენი ცეცხლი გიზგიზებდაო''. ნიკა აგიაშვილი იგონებს: ,,როგორც ყოველი გულკეთილი კაცი, ლადოც ძალზე ფიცხი იყო და იცოდა სამართლიანი გაბრაზება და გულის მოსვლა. ერთხელ რუსთაველის პროსპექტზე ერთი კრიტიკოსი შემხვდა, გამალებით მოდიოდა. ცოტა გავიარე და ლადო დავინახე, სახეალეწილი და ძალზე აღელვებული ჩანდა. ასე მითხრა: მწერალთა კავშირის ბაღში ერთი კაცი რაფიელ ერისთავის ,,სამშობლო ხევსურისას'' აგინებდა – ამ ლექსს შოვინიზმის სუნი უდის, ადგილობრივი კუთხური პატრიოტიზმიაო. სახელმძღვანელოებიდან უნდა ამოვიღოთ, თორემ ახალგაზრდა თაობას გარყვნის და თავგზას აუბნევსო. უნდა მეცემა, მაგრამ ძლივს დამიძვრა ხელიდან. აქეთ წამოვიდა, სადმე ხომ არ შეგხვედრიაო?'' თუმცა მისგან ნაცემი არავინ უნახავთ. წუთში აფეთქდებოდა, აბობოქრდებოდა, თორემ ძალზე გულჩვილი ადამიანი იყოო, – დასძენს ნიკა აგიაშვილი.

მწუხარებამ და მელანქოლიურმა განწყობილებამ მის ლექსებში ადგილი ვერ პოვა. ,,სიძნელის წინაშე კაცი არ უნდა შედრკეს, ქვითინი არ უნდა დაიწყოსო'', – ჩაუწერია უბის წიგნაკში. აი, რას სწერდა იგი 1941 წელს აკაკი გაწერელიას: ,,დავწერე ლექსი სახელწოდებით ,,სასაფლაო''. დიდი ხანია მინდოდა დამეწერა და აბასთუმანში ერთმა შემთხვევამ განმახორციელებინა. აქაური სასაფლაო ვნახე. უცნაურია: მთაში რამდენიმე საფლავია. გვირგვინების ნარჩენები, ნიაღვრისგან მიწის პირზე ამოყრილი თავის ქალები და ყბები. ჰოდა, ყველა ეს არაფერი იქნებოდა, რომ არ იყოს ერთი რამ ამ უიმედო სანახაობაში: საფლავებს შორის მოჰქრის მთის ნაკადული, ორ ნაწილად ჰყოფს სასაფლაოს. მოჰქრის, როგორც სიცოცხლე. მე მგონი, შესანიშნავია. ასეთ რამეებს იგონებენ ხოლმე, მე კი ვნახე''. და სწორედ ეს ნანახი და განცდილი გადმოიტანა ლექსში:

,,ვის უნახავს სასაფლაო, უფლის

                          ხელით დახატული,

აქეთ-იქით საფლავები და მათ შორის

                                           ნაკადული,

და მათ შორის ნაკადული, ვით

                     სიცოცხლის ლურჯი თვალი,

ვით იესოს ტანჯულ მკერდზე

              გადმომსკდარი სისხლის ღვარი?''

ნაკადულის საამური ჩხრიალით ტკბებიან ყვავილებზე მოფარფატე პეპლები. იქვე დაცქრიალებს პოეტის პაწაწინა შვილი, ,,შუშა-ოქროდ გასაზრდელი'' თვალხატულა მანანა და მისი სიცილი იფრქვევა სიცოცხლედ და ნაკადულად. აკი ეს ლექსი აღიარეს კიდეც პირქუშ სიკვდილზე სიცოცხლისა და სიყვარულის გამარჯვების ჰიმნად.

თუმცა ბოლო წლებში ძლიერ დაჯაბნა სენმა, მაგრამ ცხოვრება მაინც ვერ შეაძულა. მაშინაც კი, როცა სიკვდილთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ჰქონდა გამართული, სარეცელზე მიჯაჭვულს კალამი ერთი წუთითაც არ გაუგდია ხელიდან. ცდილობდა, კიდევ ბევრი რამ მოესწრო. წერილებში წერდა: ,,დღეს ,,ბახტრიონის'' წაკითხვა მომენატრა: შესავალი სტრიქონები, კვირიას სიზმარი, ლელას გამოჩენა, ლუხუმი და გველი... ესაა თითქმის ყველაფერი და კიდევ – შინ რომ შევაბიჯებ, ჩემი ჩიტუნია-მზეწვია, ჩემი პაწაწინა მანანა''. არც ერთ ლექსში არ ლაპარაკობს იგი სიკვდილის შიშზე, წერილებში კი სევდანარევი ირონიით ახსენებს მას. მხოლოდ პოეზიაა ტკივილის მალამო, რომელიც სიკვდილს ამარცხებს:

,,...ლექსმა კი შეკრა ჭრილობა ცივი

და გაანათა ჩემი კაცობა

და ჩემი გულის ყოველგვარ ტკივილს

მხოლოდ და მხოლოდ ლექსმა აჯობა''.

,,...რადგან სხვა რამე, სიმღერის გარდა,

ახლაც ვერ შველის ტკივილებს ჩემსას, –

მჯერა, ამ დიად ბუნების კართან

მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად''.

სიკვდილი ერთბაშად მოვიდა, ლექსის წერისას მიუსწრო პოეტს... ,,ჰაერში ხელით რაღაც მოხაზა, ბაგე ოდნავ გახსნა და ,,მა...ა''-ს მსგავსი ბგერა აღმოხდა... ვინ უწყის, რას ნიშნავდა შუაზე გაწყვეტილი სიტყვა – ,,მამას'' თუ ,,მანანას''? სიკვდილის წინ თურმე მოხუცი მამის ხილვას ნატრობდა, დღენიადაგ სიზმარში ნახულობდა მას... ის-ის იყო ლადოს სული სხეულს გაშორდა, რომ კიბეზე ამომავალი კაცის ფეხის ხმა გაისმა, – ოთახში პოეტის მამა შემოვიდა. მოხუცმა დაიგვიანა, ვეღარ აუსრულა შვილს ნატვრა.

1943 წლის 23 ივნისს ჩახჩახა მზითა და მწვანე მინდვრების სურნელებით გაუმაძღარი ახალგაზრდა პოეტი სამუდამოდ მიაბარეს მშობლიურ მიწას. მაშინ თბილისი ბრძოლის ველზე დაჭრილ მეომარს ჰგავდა. პოეზიისა და პოეტებისთვის თითქმის აღარავის ეცალა...

ლოგინზე მიჯაჭვული ლადო ერთ-ერთ წერილში წერდა: ,,ნეტავი მირზას! ჩემს მდგომარეობაში ყოფნას ბრძოლებში მირჩევნია; იქ ვაჟკაცობას მაინც გამოიჩენს კაცი და დამიფასდება კიდეცო''. თუმცა, ვინ იცის, რა ჯობდა? – ლადოს მიწას რომ აყრიდნენ, გიორგი ლეონიძეს საფლავში ჩაუძახებია, ბედნიერი ხარ, გულზე საქართველოს მიწა რომ გაცვივა და შენს თბილ საფლავს ნათესავები და ტოლ-მეგობრები დასტირიანო. რამდენი შენი ამხანაგის საყვარელი ძვლები დნება ახლა უკუბოოდ და უსამაროდ ბრძოლის ველზე, განა რამდენ შინმოუსვლელს დავიტირებთ ასე შენსავითო...

წმინდა ნიკოლოზ სერბი წერს: ,,სიმღერით გაალამზე შენი ცხოვრება. გთხოვ, შენი ცხოვრება სიმღერად აქციე. მაშინ შეძლებ, შეიგრძნო ცხოვრების ჰარმონია და შენი კავშირი ჰარმონიასთან''. ლადო ასათიანმა თავისი ცხოვრება და სიკვდილიც კი ლექსად აქცია. ის ბრძოლის ველზე არ მომკვდარა, მაგრამ თავისი გული ლექსებში გადაიტანა, ქართული პოეზიის სამსხვერპლოზე დადო და წინაპართა გმირულ უკვდავებას ეზიარა:

,,მშობლიურ ბაღიდან გადმოყვანილი,

უცხო მიწაზე ვერ გავიხარებ,

ვიდრე დავმჭკნარვარ შენი ყვავილი,

მომხედე, ჩემო სამშობლო მხარევ...''

,,...მე შენ მიყვარხარ და საქართველო,

უთქვენოდ, აბა, რამ გამახაროს,

მიწავ, მტერთაგან დაუთრგუნველო,

გთხოვ, შენი კალთა გადამაფარო''.

ტუბერკულოზის გამო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული პოეტი მირზა გელოვანს სწერდა: ,,ისევ დავბრუნდი ტფილისს. ვარ ისე, საშუალოდ. არა მიშავს რა, დავდივარ უსამსახუროდ და უფულოდ თბილისის ქუჩებში და მაინც არ ვწუხვარ, რადგან საქართველოში ვარ, ხომ იცი, სხვა საქართველო სად არის...''

ჩვენს მოგონებას ლადო ასათიანზე გურამ ასათიანისეული სევდანარევი კითხვით დავაბოლოებთ: ,,საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ სტრიქონებზე დღევანდელი ოცდაექვსი წლის ქართველი ბიჭები?..''  

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq