1847 წლის 15 (ახალი სტილით 27) ივნისს, სოფელ ფერსათში, იმერეთში დაიბადა ქართველი პოეტი გიორგი ჭალადიდელი (გიორგი მაქსიმეს ძე ქოჩაკიძე). სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიასთან არსებულ პანსიონში, შემდეგ პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1873 წელს. მსახურობდა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში, მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878 წწ.). მიიღო პოლკოვნიკის წოდება, მსახურობდა რუსეთის სხვადასხვა გუბერნიაში. გარდაიცვალა ახალგაზრდა, 51 წლისა, 1898 წლის 1 (ახალი სტილით 13) აპრილს მინსკში. დაკრძალულია სენაკში. მისი ნაწარმოებები 1869 წლიდან იბეჭდებოდა "დროებაში", "სასოფლო გაზეთში", "მოამბეში", "ივერიაში", "მნათობში", "კრებულში" და სხვა. გარდა ჭალადიდელისა იყენებდა კიდევ ფსევდონიმს "სირიაჩქონელი ქიშვარდიანი". მიუხედავად იმისა, რომ თავადური წარმომავლობის გახლდათ, მისი შემოქმედება გამსჭვალული იყო უბრალო მშრომელებისადმი დიდი თანაგრძნობით ("ქება შრომას", 1868; "ფაცხა", 1870); ასევე პატრიოტიზმით ("სიმღერა გარდახვეწილისა", 1870; "გორდის მთაზე", 1872), მწერლობის მაღალი დანიშნულების შეგნებით ("მენავე", "მწერლისადმი", ორივე 1869), თავისუფლების სიყვარულით ("მოღალური გალიაში", 1872). წერდა სატრფიალო ლექსებს: "სატრფო" (1869), "ქართველო ქალო", "ფარვანა", "სიმღერა" (სამივე 1870). აქვეყნებდა წერილებს "ცივ-ცივი ამბების სახელწოდებით "დროებაში". იყო თერგდალეულთა მიმდევარი. ჭალადიდელის ზოგიერთი პოპულარული ლექსი სიმღერად იქცა: "მოგონება" ("მახსოვს პირველად სასწავლებელში"); "ფაცხა" ("მიყვარს ფაცხა მე მეგრული"). ვთავაზობ მოსე ჯანაშვილის წერილს გავეცნოთ, რომელიც დაიწერა გიორგი ქოჩაკიძის გარდაცვალების გამო (გამოქვეყნდა 1898 წლის 1/13 აპრილს). შემდეგ გავიხსენოთ ჭალადიდელის ორი ლექსი. მოსე ჯანაშვილი: თავადი გიორგი ქოჩაკიძე (ჭალადიდელი) შეიტყობ, დიდი და დიდბუნებოვანი მამულიშვილი გარდაიცვალაო და ჯერხნობით მაინც არ გეჯერება, რომ მოსპობოდეს სიცოცხლე თვით ამ ,,ცოცხლობის” მქადაგებელსა და დარაჯს.. გარნა შენი ურწმუნოება მალე რწმენად იქცევა და ძაძით შემოსილ მეინახე-მგლოვარს
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | მხოლოდ ისღა გრჩება სანუგეშოდ, რომ შენი საყვარელი არსება არ მომკვდარა, არამედ მხოლოდ განუსვენია და ტკბილად დაუძინია. კაცი რჩეული, კეთილად მშრომელი მოღვაწე და მქადაგებელი არა კვდება. თვით ხორციელი სიკვდილი შარავანდოსან ჰყოფს მის სულიერს ნამუშაკარს. სიტყვა და ქადაგება მისი არის მის-მიერვე და მისდავე აგებული ხელთუქმნელი და უხრწნელი ძეგლი, მარადჟამ ჩვენი მანუგეშებელი და გამამხნევებელი...აღარ გვყავს კოლხიდის შვილი და საქართველოს წარჩინებული მგოსანი. მოჰბერა სასტიკმა ჩრდილოეთის ქარმა და წარიტაცა სასურველი მამულიშვილი. განისვენა ჭალადიდელმა შორს საქართველოდგან, თეთრი ზღვის მიდამოებში... დადუმდა ენა, რომელიც ატკბობდა ქართველს 30 წლის განმავლობაში; გადატყდა კალამი, დიდ-მშვენიერ ძეგლების მწერალი; შესდგა შვინვა აღმატებულ რიტორისა. წარვიდა იგი ნათლით მოსილი და დაამკვიდრა იქ ,,სადა არა არს ჭირი, არცა მწუხარება, არცა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი” *** გიორგი ჭალადიდელის ნაწერები, განბნეულნი ქართულს დროგამოშვებით ჟურნალ-გაზეთებში, ,,ხელით ხელს საგოგმანებელნი” იქმნებიან, როდესაც ცალკე წიგნად დაჰბეჭდავს რომელიმე მადლიანი კაცი. მხოლოდ დღევანდელ სამგლოვიარო დღისთვის ამ ნაწერებიდგან ამოგვაქვს ორიოდე ნაღვლიანი და ამასთანავე კაცურ კაცის ღრმად დამაფიქრებელი ნაწყვეტი. ნელის ქუხილით გადმოდის კამკამი მთიური წყარო; თითქო მთა-ბარს ჩაჰკითხოდეს, მოწყენილი რათა ხარო? აბა, წყარო, ჩემო წყარო, სამშობლოდგან მომდინარო, ყვავილი და ახალ ბუჩქი, გევედრები, გაახარო! ჰხედავ!.. არემარეს ნელა სძინავს, და ასწლოვან მოხუც მუხას მძიმედ თავი ჩაუღუნავს, და ფოთლების ნელსა რყევას ყურს უგდებს და უკვირდება, საქართველოს ძველს მოთხრობას თითქოს მას ეჩურჩულება. ამ ლექსში ჭალადიდელი მოიხსენიებს თავის ყმაწვილობის დროს, როდესაც იგი სწავლობდა ჯერ შინ, მერე ქუთაისისა და ტფილისის სასწავლებლებში და მერე რუსეთში. მახსოვს, პირველად სასწავლებელში წასაყვანად რომ მე მომამზადეს: მაშინ ანბანი მომცეს მე ხელში და შორსა გზასა მე გამამგზავრეს. ვხედავდი, მინდვრებს რო მ ვშორდებოდი, ნაჩვევ ბაღებსაც ვეთხოვებოდი, დაღონებული მწარედ ვსტიროდი, მაგრამ არავის ვებრალებოდი. მხოლოდ ეს მახსოვს, გამომყვა დედა და მითხრა: ,,შვილო, კმარა, ნუ სტირი, ვინ სახლში დარჩა, რა გააკეთა, ვინ მოიშორა თავიდან ჭირი; გიყვარდეს სწავლა, გულს მოდგინება, შრომა და ჯაფა ნუ დაგეზარება, თუ შენი შრომა და შენი ჯაფა სამშობლოს რადმე გამოადგება; იყავ ბეჯითი და გქონდეს სმენა, - კარგია, შვილო, სწავლის შეძენა, - მაგრამ ამას გთხოვ ყველაზე უფრო, - არ დაივიწყო სამშობლო ენა; მერწმუნე, რომა გამოცდილია, თუ საძირკველი დანგრეულია, მაშინ კედლების აშენებისთვის ყოველი შრომა დაკარგულია”. ამ სიტყვებითა დედა მომშორდა და ეს მას აქეთ დამამახსოვდა, რომ ის ამ სიტყვებს გრძნობით ამბობდა. თვალთაგან ცრემლსა ფრქვევა გაჰქონდა..გაგებულ კაცს ბევრს და ფრიად ბევრს ეუბნება ჭალადიდელის დედის სიტყვები შესახებ სამშობლოს ენისა, მისის საძირკველისა. ჭალადიდელის მშობელი არა ჰგვანებია ზოგიერთ აწინდელ ცირაებსა და ქომოლი-კოჩებს! დედაც ის არის, რომელიც სამშობლოს აღუზრდის ჭალადიდელისთანა კაცებს; ნეტარ არს იგი მშობელი, რომელიც თავის რძესთან ერთად შვილს შეასისხლხორცებს მამულის სიყვარულს და შეასწავლის საუბარსა და მსჯელობას იმისთანა წმიდასა და ანკარა ენაზედ, ვითარცა არის ენა ჭალადიდური. წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულსა ახლად გარდაცვალებულისა მონისა შენისა გიორგი ქოჩაკიძისასა. (“ივერია” 1898, 87, 25 აპრ. გვ. 1.) გიორგი ქოჩაკიძის (ჭალადიდელის) ლექსები: ქება შრომას ვინც მუდამ მიწასა ჩეჩავს, ან ჩაქუჩით ქვას ამტვრევს, ვინც კალოზე პურსა ლეწავს და ლუკმაპურს თავს აჭმევს, - აფერუმ მისსა შრომას, ქება იმის ოფლის წვეთს, ქება მის მუშურსა ხმას და მის მარტოხელსა ბედს! ვინც გუთანს მისდევს ოფლით და მუშურს აღიღინებს, ვინც ტვირთითა და ოხვრით ცოლშვილს ძლივსღა აპურებს, - აფერუმ მისსა შრომას, ქება იმ ის ოფლის წვეთს, ქება მის მუშურსა ხმას, და მის მარტოხელსა ბედს!არ დაგავიწყდეთ ისიც, ვინც ჭკუითა მუშაობს, მაგრამ სოფლის მუხთლობით ლუკმაპურსაც ძლივს ჰპოვობს... აფერუმ ყოველ შრომას, ქება ყოველს ოფლის წვეთს, ქება მუშის მუშურს ხმას და მის მარტოხელსა ბედს! ფაცხა მიყვარს ფაცხა მე მეგრული, მთა-კორტოხზე წარმოდგმული, უფიცრო და უყავარო, წვრილის წკნელით ჩახლართული! სახლი მინახავს მორთული, ჰქონდა "პოლი" გალაქული, მაგრამ იმ სახლის მცხოვრები იყო ტრელი და ორგული. ჩემ ფაცხაში კი საწყალი იდგა ერთი დაჩაგრული, მაგრამ გული იმას ჰქონდა კეთილი და მასპინძლური. მიტომ ფაცხა არ მორთული მიყვარს, მთაზე წარმოდგმული, უფიცრო და უყავარო, წვრილის წკნელით ჩახლართული. ვიცი სახლი ჩინებული, გამოშალაშინებული, ეზო, კარი და მიდამო ირგვლივ შემოკავებული. იქ ყმაწვილები ჩაცმულნი, უცხო გვარად მოკაზმულნი, იცინოდენ, თამაშობდენ და იყვენ გახარებულნი... მაგრამ ფაცხიდან ყმაწვილი ტიტველა და უფერული. დედას ხან ეთამაშება, ხან ჰყავს გულში ჩახუტული. და ამრიგად გამოზრდილი პაწაწინა უსუსური; მამულ-დედულის და შრომის, მრწამს, დარჩება მოყვარული. ამიტომაც მიყვარს ფაცხა ღარიბული, არ მდიდრული, უფიცრო და უყავარო, წვრილის წკნელით ჩახლართული. ჩემ ფაცხაში "პეროჟნები” არ არის გაკეთებული, მაგრამ სუფრაზე მწვადი მაქვს, ცეცხლზე აშიშინებული. მუდამ მზადა მაქვს ქადური, რძე, ყველი და ხაჭაპური, ღვინოცა მაქვს, როგორც არის, ორი კოკა, ჩვენებური... და მისი ვარ მეც ერთგული, მორჩილი და მოყვარული, ვისაც უყვარს ჩვენი ფაცხა, წვრილის წკნელით ჩახლარათული. |