საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

საგვარეულო მოძრაობის თანამედროვე ვითარება და მისი შემდგომი განვითარების ამოცანები
ლევან ფრუიძე

ოც საუკუნეზე მეტია ქართველი ერი ქრისტიანულ-მართლმადიდებლური მრწამსით ცხოვრობს. ბოლშევიკურმა დიქტატურამ ეს ღვთაებრივი გზა გაამრუდა, მაგრამ ქართველ ერს უფალმა მოუვლინა მწყემსმთავარი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელმაც კომუნისტური იდეით ეგზალტირებულ ფანატიკოსებს ღვთაებრივი სათნოებით სძლია და ქვეყანა ჭეშმარიტ ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ გზაზე დააყენა. ეს გზა მრავალნაცადია, მაცხოვრის განკაცებით მირონცხებული და ქართველ წმინდანთა, უდიდეს მოაზროვნეთა მოძღვრებით განმტკიცებული. მართლმადიდებლობა მხოლოდ რწმენა არ არის, ის მთელი ერის ცხოვრების წესია, ხორცშესხმული საეკლესიო კალენდრით, რომელიც ქცევისა და მოქმედების უბადლო კოდექსია, შექმნილი თვით უფლის ნებით, დახვეწილი პეტრე იბერის, იოანე ლაზის – იგივე იოანე ქართველის, იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების, გრიგოლ ხანძთელის, იოანე პეტრიწის, გიორგი ჭყონდიდელის, დავით აღმაშენებლის, რუსთაველის, ილიას, ივანე ჯავახიშვილის და სხვა სულკურთხეულთა მიერ. წმინდანთა, მოაზროვნეთა ეს თანავარსკვლავედი საქართველოს მიწყივ მხარში უდგას და მოქმედების განაწესს აძლევს, თუ, რა თქმა უნდა, წამკითხველი, მომსმენი და გამგები იქნა.

ასეთ ვითარებაში საგვარეულო მოძრაობის წინაშე ახალი, ფართო და საპასუხისმგებლო ასპარეზი გადაიშალა. გვარი, სახელთან ერთად, ქართველი კაცისათვის არა მარტო პიროვნების თავისთავადობის აუცილებლობაა, არამედ მისი ჯიშ-ჯილაგის და შთამომავლობის ორიენტირი, რაც სახიერდება ხევისბერი გოჩას ფორმულაში – ,,ვისი გორისა ხარ''. გვარიშვილობა, სახლის (ოჯახის) შვილობა, ჭეშმარიტი მამულიშვილობის საწინდარია. სამშობლოს სამსახური რომ შეძლოს, კაცი ,,გვარიანი'' უნდა იყოს, ამ ცნების ღრმა გაგებით. საგვარეულო მოძრაობა საუკუნეებს ითვლის, უფლის ნებით გვარებად შედუღაბებული საქართველო ყოველთვის დაუძლეველი იყო. მიუხედავად ისტორიული ძნელბედობისა, თუ დღემდე ღირსეულად, პირნათლად მოვედით, ეს ისრების კონასავით მტკიცედ შეკრული გვარების დამსახურებაცაა. სულმნათმა ივანე ჯავახიშვილმა თავისი ეპოქალური ნაშრომებით ცხადყო, რომ საქართველო გვარების ქვეყანაა. ცივილიზაციის საწყისებიდან მთელი ჩვენი მიწა-წყალი ქართულ გვარებს ჰქონდა ათვისებული. ერთი გვარი – მოდგმა პატრონიმულ დასახლებებად იყო განლაგებული დაბა-სოფლების იდეალურად სრულყოფილი საცხოვრისის სახით. გვარები ქართველთა ქვეყანას – საქართველოს ქმნიდა. თვით ქალაქებიც კი უბან-უბან პატრონიმული დასახლებებისგან შედგებოდა. სამშობლოს მიწა, რომელიც გვარიშვილთა ოფლით და სისხლითაა მორწყული, სხეულით გაპოხიერებული და ძვლებით მოკირწყლული მკვიდრ გვარებს ეკუთვნოდა. არამკვიდრი – მოსული, მსხემი, მწირი თუ მდგმური მიწას – საარსებო სივრცეს ვერ მიიღებდა, თუ რომელიმე გვარს არ შეეკედლებოდა, ამანათობის გამოსაცდელ ვადას არ გაივლიდა, ადგილობრივ ცხოვრების წესს და რიგს არ გაითავისებდა. ის ამანათად, ე.ი. დროებით მაცხოვრებლად დარჩებოდა. მას მამაპაპური მამულის მოზიარედ არ გაიხდიდნენ. მკვიდრისა და მოსულის ეს დამოკიდებულება საქართველოს მთიანეთმა გვიანდელ ხანებამდე შემოინახა. XX ს-ის 50-იან წლებამდე ტრადიციული ქართული სოფელი, სხვადასხვა გარემოებათა გამო, გვარებად განსახლებას და მიწა-წყლის ტრადიციულ ერთიანობას ინარჩუნებდა.  XX ს-ის 50-იანი წლებიდან, როცა საბჭოთა იმპერიის მესვეურებმა ახალი რეფორმები გაატარეს, სოფლები პერსპექტიულ და არაპერსპექტიულ დასახლებებად დაყვეს და ე.წ. ,,კეთილმოწყობილი დაბების'' აშენება განიზრახეს, ქართული სოფლის ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზღვრები მეყსეულად მოიშალა და ამჟამად სრული აღრეულობაა. ქართულ სოფელს ტრადიციული არსებობის საფუძველი გამოეცალა და მოსახლეობისგან იცლება. დამოუკიდებლობის წლებში მიწის სოფლებად მრავალსაუკუნოვანი დაყოფა მოიშალა და ქართველ ერს თავის საუფლოში არსებობის საფრთხე შეექმნა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირი – ,,გვარი და გვარიშვილობა'' გარკვეულ მუშაობას ეწევა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის კურთხევით, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში მოღვაწეობს. შვიდასამდე საგვარეულო კავშირი ჩამოყალიბებულია, კავშირების შექმნა გრძელდება და თითოეული, უწმინდესისგან ნაკურთხი გვარი ცდილობს თავისი ადგილის დედა – წინაპართა საცხოვრისი, სალოცავი გააცნობიეროს, ჯერ კიდევ ცოცხალი საკუთარი მოდგმის ფესვი გაახაროს, არ მოშალოს.

საგვარეულო კავშირის დამფუძნებელ სხდომაზე გვარის წარმომადგენლები არანაკლები 50 კაცისა, წინასწარი მუშაობის შედეგად, გვარის განსახლებიდან გამომდინარე, გამგეობის წევრებს გამოავლენენ, შემდეგ გვარის წინამძღოლს შეარჩევენ, ბოლოს გამგეობას და წინამძღოლს ღია კენჭისყრით დაამტკიცებენ. გვარის წინამძღოლი გვარის რჩეულთა დარბაზის წევრი ხდება. დარბაზი ყოველი თვის დასაწყისში იკრიბება, სადაც წინამძღოლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, მსჯელობენ გვარისა და ერის პრობლემების მოგვარებაზე (,,მოგვარების'' ფუძეც ,,გვარია'').

ჩამოყალიბებული კავშირები დაჯგუფებულია საქართველოს მხარეების მიხედვით, რათა თითოეული გვარის ძალისხმევა გაერთიანდეს და მოცემული მხარის კეთილდღეობისათვის წარიმართოს. დარბაზს მართავს არჩეული გამგეობა და უხუცესთა საბჭო. საბჭოში ყოველ მხარეს და, საჭიროების შემთხვევაში, ეპარქიას თავისი უხუცესი (მახვში, ხევისბერი) ჰყავს წარმოდგენილი – ჭარმაგი, ერისა და ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურების ავტორიტეტული პიროვნება.

დარბაზისა და უხუცესთა საბჭოს მესვეურად, წარმართველად თვით უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოიაზრება. უწმინდესის თითოეული ქადაგება, ეპისტოლე ერისა და მოყვასის ორიენტირია. ვცდილობთ ორგანიზებულმა გვარებმა ამ სიბრძნის ათვისება და გათავისება შეძლონ. ჩვენი მოქმედების უმაღლესი მიზანია, თანამედროვე ვითარების შესაფერისად, დავუბრუნდეთ ქრისტიანულ-მართლმადიდებლური მოძღვრებით სრულფასოვან ცხოვრების წესს და ერონულ ტრადიციებს.

საგვარეულო კავშირთან ჩამოყალიბებულია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელსაც ცნობილი პროფესორი, გვართმცოდნე სპეციალისტი ზურაბ ჭუმბურიძე ხელმძღვანელობს. აქვე მოღვაწეობენ კვალიფიციური გვართმცოდნე სპეციალისტები. მიმდინარეობს კონსულტაციები გვარებთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. მსურველი გვარებისათვის იქმნება და იხვეწება ჰერალდიკური სიმბოლიკა. ვცდილობთ მოვიზიდოთ ის გვარები, რომელთა ადგილის დედა, ფუძე – მამაპაპური საცხოვრისი გაქრობის პირას მისული სოფელი ან ნასოფლარია. გვარებთან ერთად ვსწავლობთ თითოეული მათგანის წარმოშობის ადგილს, ვადგენთ წინაპართა ჯერ კიდევ ცოცხალ, მფეთქავ ფესვს. ამ მხრივ მიზანმიმართულ მუშაობას ვეწევით ახალგაზრდა, მზარდ ოჯახებთან. უკვე დაინერგა ასეთი რიტუალი: ორგანიზებული გვარი წინასწარი საფუძვლის მომზადების შემდეგ თავის ადგილის დედაში მფარველ ხატს წააბრძანებს, გვარიშვილები წმინდანიან ადგილებს მოილოცავენ და საბოლოოდ წინაპართა საცხოვრისის აღდგენისათვის ამოქმედდებიან. გვარების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ მათი ინტერესი ძალიან დიდია.

თანამედროვე დემოგრაფიული კოლაფსი დღეს ცოცხალმა და მოქმედმა გვარებმა უნდა გამოასწორონ. საქართველოში მცხოვრები 25 ათასი გვარიდან ათასობით გვარია გადაშენების პირას მისული. 20 კაცი რომ დარჩა გვარიდან, გვართა სათვალავში აღრიცხულიც არ არის და ისინი საკუთარ სამშობლოში ისე ქრებიან, ამ დამღუპველ ფაქტს ვერც ვაცნობიერებთ...

გარდა ამისა, დადგა ჟამი, როდესაც ოჯახის დროულად შექმნის ტრადიციული სისტემა აღარ მოქმედებს, ხოლო უცხოური არაფერია დანერგილი, თუმცა არის წინასწარ განწირული ცდები სრულიად მიუღებელი ქართველი ერის ბუნებისათვის. ამ საშვილიშვილო საქმეში გადამწყვეტი სიტყვა დღეს ცოცხალმა და მოქმედმა გვარებმა უნდა თქვან.

ბოლო წლების საყოველთაო სიდუხჭირემ და განუკითხაობამ უამრავი ღარიბ-ღატაკი წარმოშვა. ადამიანებს არსებობა უჭირთ. ორგანიზებულმა გვარებმა გვარიშვილთათვის ორგანიზებულად უნდა იზრუნონ, რასაც საგვარეულო კავშირები თავიანთი შესაძლებლობებით უკვე ახორციელებენ, საგვარეულო ფონდებს ქმნიან და, უპირველეს ყოვლისა, გვარში ყველაზე გაჭირვებულს ეხმარებიან...

დღეს აუცილებელია ჯანსაღი, ტრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, მით უმეტეს ე.წ. ,,დასავლურ ფასეულობებს'' მრავალი უკეთურობანი შემოჰყვა. მძლავრობს სოდომ-გომორი, პროსტიტუცია, ნარკომანია, მწვალებლური სექტანტობა და ა.შ. ყოველივე ამას თავანკარა ეროვნული ტრადიციებით უნდა დავუპირისპირდეთ და არა ადამიანის განუსაზღვრელი უფლებების აღიარებით. ის რაც უფლისაგან დაშვებულია, რაც ძალიან კარგადაა ჩამოყალიბებული, განსაზღვრულია ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ სარწმუნოებასა და საეკლესიო კალენდარში. მათ შემუშავებას, სრულყოფას საუკუნეები დასჭირდა და ქართველი ხალხის ყოფაში წმინდათა-წმინდა წეს-ჩვეულებებად დამკვიდრდა. ბოლშევიკური ათეისტური ანომალიის შემდეგ, როგორც უწმინდესი ბრძანებს – მთელი ქართველი ერი ცოდვაში ჩადგა. ამ განსაცდელიდან ოც წელზე მეტი გავიდა. ამჟამად დადგა დრო ცოდვათა გამოსყიდვისა, გულწრფელი მონანიებისა და მიტევებისა, რაც ოდენ ჭეშმარიტი რწმენით, ღვთაებრივი წეს-ჩვეულებების აღდგენით და ცხოვრების ნორმად აღიარებით მიიღწევა.

საქართველოს ძნელბედობამ განაპირობა, რომ ზოგჯერ ერთი გვარის შიგნით მართლმადიდებელი, კათოლიკე და გრიგორიანია, აღარას ვამბობ მუსლიმანებზე. ისინი საგვარეულო კავშირად როცა ერთიანდებიან, ყოველი მათგანი თავის ღმერთზე ლოცულობს, მაგრამ მისხიდან-მისხამდე ერთიანი ჯიშ-ჯილაგი, წინაპართა ხსოვნის მადლი და შთამომავლობის სიყვარული და პატივისცემა აერთიანებთ.

საქართველოს ძნელბედობამ ისიც განაპირობა, რომ ზოგიერთი გვარი გადაგვარდა. (ცნება ,,გადაგვარება''-ც ,,გვარიდანაა'' წარმოშობილი), განსაკუთრებით ოსმალეთის ექსპანსიის შედეგად მივიღეთ სარწმუნოების ნიშნით ,,ქართველი ფრანგები'', ,,ქართველი სომხები'', ,,ქართველი თათრები'' და ა.შ. ამ მოვლენამ შემაძრწუნებელი გამოხატულება ჰპოვა ე.წ. ,,თურქი მესხების'' ტრაგედიაში, საქართველოს ცის ტატნობზე დამოკლეს მახვილივით რომ ჰკიდია...

დღეს ათასობით შთამომავლობით ქართველი იღწვის და იბრძვის მამაპაპური გვარის აღდგენისა და სრულყოფისათვის. ეს მტკივნეული, გადაუდებელი პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ ღრმა მეცნიერული კვლევით უნდა გადაწყდეს. ჩვენი კავშირი ამ მიმართებითაც მოღვაწეობს...

დასასრულს ყურადღებას გავამახვილებთ ერთ ნიშანდობლივ გარემოებაზე: ქართული გვარების თითქმის ნახევარი ტრადიციული შრომა-საქმიანობიდანაა წარმოშობილი. ქართველი ეთნოსი იმ ძველთაძველ ერებს განეკუთვნება რომელთაც კაცობრიობის ცივილიზაციის საწყისები შექმნეს და განავითარეს. თანამედროვე მეცნიერების მიღწევებმა ცხადყო, რომ ბინადარი ცხოვრება, მიწათმოქმედება, მესაქონლეობა და მეთუნეობა, რასაც არქეოლოგები მთლიანობაში ,,ნეოლითურ რევოლუციას'' ეძახიან, მომდევნო მეტალურგიაც, ისტორიული საქართველოს კურთხეულ მიწაზეც ჩაისახა და ეპოქათა შესაფერისად სრულქმნილი სახე მიიღო. თვით ,,ჰომოს საპიენსის'' ჩამოყალიბებას აქვე მოიაზრებენ. საგანგებო კვლევა-ძიებით დადასტურებულია, რომ კულტურულ მცენარეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ძველი სამყაროს ამ ტერიტორიაზეა წარმოშობილი. ჩვენთან – ზომიერ სარტყელში, დასაბამიდან მიგნებული ვერტიკალური ზონალობის ამომწურავი გათვალისწინებით, მრავალდარგოვანი, კომპლექსური მეურნეობა განვითარდა, რომელსაც  აკადემიკოსმა გიორგი ჩიტაიამ ,,შერწყმული მეურნეობა'' უწოდა. ქართველი ხალხის მრავალათასწლოვანი კულტურა (ფართო გაგებით) ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მონაპოვარია. ეს ყოველივე საოცარი სისრულით გვარებშიცაა ასახული. არ არსებობს მეურნეობის, ხელოსნობის, საერთოდ შრომა-საქმიანობის არცერთი დარგი, რომელიც ქართულ გვარებს არ ჰქონდეთ ათვისებული. გვარი შთამომავლობით რასაც მისდევდა და უაღრესად დასპეციალებული იყო, ეს არ უნდა დაიკარგოს. მრავალსაუკუნოვანი მონაპოვარი, ერის მარად საჭირო ცოდნა-გამოცდილება თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს, რაზედაც ხშირად ქადაგებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. უწმინდესმა ყოველ კომლს – ოჯახს მოუწოდა თავიანთი მოდგმის გენეალოგიები შეადგინონ, რათა თაობათა შორის ევქარისტული კავშირი აღდგეს.

გვარებად განსახლებული ქართული სოფელი იდეალური საცხოვრისია. ვერტიკალური ზონალობის შესაფერისად განლაგებული, წყალთა და ქართა მოძრაობის ზუსტი გაანგარიშებით, დახვეწილი დემოკრატიული მართვის სისტემით, შრომის ორგანიზაციით, ეკოლოგიური წონასწორობით და საკუთრების სრულფასოვანი ფორმებით. დღეს, როცა ჩვენი ტანჯული სამშობლო წინსვლა-განვითარების საიმედო გზას დაადგა, ვიმედოვნებთ, შეიქმნება პირობები, გვარებად გაერთიანებულმა ქართველმა ერმა შვებით ამოისუნთქოს.

უწმინდესმა მრავალი ქადაგება და ეპისტოლე უძღვნა ღვთისმშობლის კუთვნილ საქართველოს ხელთუქმნელ, სამოთხისდარ ბუნების შენარჩუნებას, რის შედეგადაც გვარებში გაიღვიძა, ხორცი შეისხა საგვარეულო-სახატო ტყეების გაშენების ძველთაძველმა ტრადიციამ. ჩვენი წინაპრები საგვარეულო-სახატო ტყეებს იქ აშენებდნენ და იცავდნენ, სადაც საშიში ზვავები, ღვარცოფები და მეწყრები წარმოიშობოდა. ათეიზმის ზეობის ჟამს ეს დიდებული ჩვეულება დავიწყებას მიეცა, ხოლო ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიჩეხა და გაოხრდა. ამ საბედისწერო ჭრილობებს მოშუშება სჭირდება. ამჟამად გვარები ცდილობენ თავიანთ ბუდესოფლებში საგვარეულო ტყეები გააცოცხლონ. ამ მოძრაობის დაგვირგვინება იქნება თბილისში მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძრის შემოგარენში, სრულიად საქართველოს საგვარეულო ტყის გაშენება. ეს საშვილიშვილო საქმე უკვე დაწყებულია. მარტო თბილისის სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გაშენებული წალკოტი რად ღირს, სადაც გვარების მიერ დარგული მცენარეები თავს იწონებენ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უწმინდესმა, გვარებთან ერთად, სამების კარიბჭესთან სამი მუხა დარგო საქართველოს უძლეველობის, სამშობლოს გადამრჩენელ საგვარეულო რაინდთა – ფიცის კაცთა და ფიცის კაცობის უკვდავსაყოფად.

საგვარეულო მოძრაობასთან მრავალი მსხვილმანი და წვრილმანი მოვლენაა დაკავშირებული, მაგრამ ამჟამად ჩამოთვლილიც კმარა. ხანგრძლივმა გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ ამ მდუღარე პროცესის მართვა აუცილებელია, მეტადრე ახლა, როცა ჩვენს შეჭირვებულ ქვეყანაში ეროვნული და პიროვნული თავისუფლების ცისკარმა შემოანათა.

ვიმედოვნებთ საქართველოში მზე საქართველოდან ამოვა...

 

ლევან ფრუიძე

საგვარეულო მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური

ისტორიკოსი-ეთნოგრაფი, ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა იოანე ოქროპირი - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407)
13 (26) ნოემბერი
წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
gaq