საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

მკითხველის წერილი - კონსტიტუციური მონარქიის აღდგენისათვის საქართველოში
ტალავროსანი

ვაქვეყნებთ კიდევ ერთი ჩვენი მკითხველის წერილს... 


რედაქცია მოხარული იქნება კვლავ მისცეს ტრიბუნა მონარქიის მომხრეებს, მიუხედავად იმისა, გავიზიარებთ თუ არა მათ ყველა მოსაზრებას. 


ეს ხომ ბუნებრივი პროცესია, მიმდინარეობს იდეისა და კონკრეტული საკითხების განხილვა... 


წინამდებარე წერილს ჰქვია "კონსტიტუციური  მონარქიის აღდგენისათვის საქართველოში". 


ძალიან კარგი თემაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, სინამდვილეში კონსტიტუციური მონარქია საქართველოში არასდროს ყოფილა და ამიტომ ვერ აღდგება, არამედ აღდგება მონარქია და დადგინდება კონსტიტუციური სახით... 


ამ წერილის პათოსი მისაღებია, რა თქმა უნდა.


ამიერიდან ვთხოვთ მკითხველს, უკეთესი იქნება თუ მასალები გამოქვეყნდება არა ფსევდონიმით, არამედ საკუთარი სახელით.


ვისაც გაქვთ ამგვარი მოსაზრებები მოგვწერეთ contact@georoyal.ge ან qne556@yahoo.com

georoyal.ge-ს რედაქცია


მკითხველის წერილი - კონსტიტუციური მონარქიის აღდგენისათვის საქართველოში

                

2007 წლის ოქტომბერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გააჟღერა იდეა საქართველოში კონსტიუციური მონარქიის აღდგენის შესახებ. ამ სერიოზულმა და მნიშვნელოვანმა იდეამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. მონარქიის აღდგენის როგორც მომხრეებს, ასევე მოწინააღმდეგებს თავისი არგუმენტები აქვთ. მონარქიის აღდგენის სასარგებლოდ არსებული დასკვნის გამოტანამდე განვიხილოთ ორივე მათგანი.

               მონარქიის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები

1)მონაარქიის აღდგენის შემთხევაში საქართველოს ბიუჯეტს დაემატება სამეფო ოჯახის შენახვის ხარჯი, რაც ისედაც ქვეყნის არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკისთვის დამატებითი ზარალის მომტანი იქნება;

2)200-წლიანი წყვეტის შემდეგ მონარქიის ინსტიტუტის აღდგენა ხელოვნური იქნება;

3)მონარქია ხელს უშლის მოდერნიზაციას, პროგრესს და დემოკრატიას;

4)მონარქიის აღდგენის შემთხვევაში საქართველოში ბატონ-ყმობაც აღდგება და უბრალო ადამიანების დისკრიმინაცია მოხდება;

5)მონარქია ახდენს მმართველობის საკრალიზაციას, რაც საშიშია მოდერნისტული ქვეყნისთვის;

6)თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელებს არ მოუთხოვიათ მონარქიის აღდგენა;

7)თუ მონარქიული ინსტიტუტი უნდა აღდგეს, მაშინ არ არის აუცილებელი ბაგრატიონთა დინასტიიდან მონარქის არჩევა;

8)თანამედროვე ბაგრატიონებმა დღევანდელობაში უნდა დაამტკიცონ თავისი ღირსება და ქვეყნის ერთგულება;

9)საქართველოში კონსტიტუციური მონარქია არასოდეს ყოფილა.

 

        პასუხი მონარქიის აღდგენის მოწინააღმდეგეთა არგუმენტებს.

1)განსხვავებით სხვა მრავალი ქვეყნის მონარქისაგან, ქართველი მეფეები არასდროს გამოირჩეოდნენ დიდი ფუფუნებისა და განცხრომის მოყვარეობით. დღეს შემორჩენილი ქართული სამეფო სასახლეები ამის ნათელი დადასტურება და თავმდაბლობისა და ქრისტიანული მოკრძალებულობის გამოხატულებაა. ასეთი ტრადიციის მქონე ქართული სამეფო დინასტია არც ახლა უღალატებს თვის წესს. რეალურად ქართული სამეფო კარის შენახვა არ დაჯდება ერთი გამგებლის ან გუბერნატორის შენახვაზე მეტი. მით უმეტეს სხვა მონარქისტულ ქვეყნებში მონარქია არა თუ აზარალებს, არამედ მოგებაც მოაქვს ქვეყნის ბიუჯეტისთვის. მაგალითად, დიდი ბრიტანეთისთვის მონარქიის არსებობას წელიწადში ერთი მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის მოგება მოაქვს. შვედეთში სტოკჰოლმში ჩასული ტურისტი ხშირად მიდის და ნახულობს სამეფო სასახლეს და ყოველდღე ტოვებს ფულს ქვეყანაში. ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს მოგებასთან და არა ზარალთან. მით უმეტეს, დღეს მონარქიც და მისი ოჯახის წევრებიც სამეფო სტატუსთან ერთად თავისი პროფესიებითაც იქნებიან დასაქმებულები და თავისივე შრომით თავსაც ირჩენენ და ქვეყნის ბიუჯეტის შექმნაშიც მიიღებენ მონაწილეობას;

2)200-წლიანი წყვეტა მართლაც არსებობს, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რამ გამოიწვია ეს წყვეტა. ქართველ ერს არ უთქვამს უარი არც სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე და არც სამეფო კარის მმართველობაზე. 1801 წელს რუსეთის იმპერიამ ძალდატანებით მოახდინა ქართლ-კახეთის სამეფოს სრულიად უკანონოდ გაუქმება. შემდეგ იგივე გააკეთა იმერეთის სამეფოსთან მიმართებაშიც 1810 წელს და ბოლოს 1811 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაც გააუქმა, ანუ მოახერხა ის, რაც ვერც ერთმა მანამდე არსებულმა დამპყრობელმა ვერ შეძლო. საქართველოს ორი მთავარი (სამეფო და საეკლესიო) ისტორიული ტახტის გარეშე დატოვება. დღეს ბევრს საუბრობენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე. შესაბამისად უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ეს ოკუპაცია და სახელმწიფოებრიობის დაკარგვა ქართლ-კახეთის და იმერეთის სამეფოების გაუქმებით დაიწყო. გარდა ამისა (იძულებითი და არა ნებაყოფლობითი) წყვეტა  ჩვენ თითქმის ყველა სფეროში გვქონდა. ქართული სკოლები აღარ არსებობდა, საჭირო იყო ბრძოლა წერა-კითხვის გავრცელებისთვის, იდევნებოდა ქართული გალობა, არ არსებობდა ქართული სახელმწიფოებრიობა, ეკლესიას არ ჰქონდა ავტოკეფალია, არ გვქონდა არც დროშა, არც ჰიმნი, არც რუკაზე ვჩანდით, არც სხვა ქვეყნების საელჩოები იყო საქართველოში და ასე შემდეგ. მაშ,  რახან წყვეტა იყო, არ უნდა აღგვედგინა ეს ყოველივე, რაც ძალით წაგვართვა დამპყრობელმა? ყველასათვის ცნობილია, რომ ყოველივე ქართულის აღსადგენად და გადასარჩენად ძალიან დიდი ბრძოლა დაგვჭირდა. შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ  დღეს უკვე დამოუკიდებლ საქართველოში ჩვენი ერთ-ერთი უძველესი დინასტიის - ბაგრატიონების ტახტის აღდგენაზე და კონსტიტუციური მონარქიის მოდელზე ვიფიქროთ?

3)მონარქია არანაირად არ უშლის ხელს არც მოდერნიზაციას, არც პროგრესს და არც დემოკრატიას. საკმარისია თუნდაც მხოლოდ ორი მაგალითის მოყვანა. იაპონია არის მონარქისტული ქვეყანა, სადაც იმპერატორი ერის სიმბოლოა. სამეფო ოჯახს და იაპონურ ტრადიციებს ძალიან დიდ პატივს სცემენ ქვეყანაში, მაგრამ ამავე დროს იაპონია არის თანამედროვე საავტომობილო ბრენდების და ელექტრო ტექნოლოგიების მწარმოებელი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ბევრ დარგში ა.შ.შ-საც კი უსწრებს. ავიღოთ დიდი ბრიტანეთი. სამეფო კარის არსებობა ბრიტანეთში ხელს უწყობს ქვეყნის გაერთიანებას და მრავალსაუკუნოვანი ტარადიციების შენარჩუნებას, ქვეყნის პოზიციების გამყარებას საერთაშორისო ურთიერთობებში. პარალელურად ბრიტანეთი არის ქვეყანა, რომელმაც წარმოქმნა მუსიკის ისეთი ნოვატორული ფორმა, როგორიც არის კლასიკური როკი მთელი თავისი თანმხლები სუბკულტურებით და საპროტესტო მოძრაობებით. საგულისხმოა, რომ „ბითლზის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამფასებელი და გულშემატკივარი სწორედ ბრიტანეთის სამეფო კარი იყო. შედარებისთვის საინტერესოა რომელი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა აღემატება იაპონიას ან დიდ ბრიტანეთს პროგრესში, დემოკრატიასა თუ მოდერნიზმში?

4)მონარქიის აღდგენას არავითარ შემთხვევაში არ მოჰყვება ბატონ-ყმობის აღდგენა. ქართველი მეფეები ისტორიულად არასდროს უწყობდნენ ხელს უბრალო ფენების ჩაგვრას თვითნება ფეოდალების მხრიდან. პირიქით, ხშირად სწორედ მეფეები იყვნენ გლეხების მფარველები და გლეხობაც, თავის მხრივ, სამეფო კარის ერთგული იყო. მეცხრამეტე საუკუნეში ბატონ-ყმობის გაუქმების წინააღმდეგ კი ხშირად სწორედ ქართველი თავადები იბრძოდნენ ილია ჭავჭავაძის მეთაურობით. მესამეც - დამოუკიდებელი საქართველოს დროს ქართველმა თავად-აზნაურებმა კონსტანტინე აფხაზის მეთაურობით თავისი ქონება საქართველოს პირველ რესპუბლიკას გადასცეს. ასე რომ, ბატონ-ყმობაზე ქართველმა ერმა უკვე დიდი ხანია რაც უარი თქვა, მათ შორის თავად-აზნაურთა მოწინავე ნაწილის მონაწილეობით. შესაბამისად, მონარქიის აღდგენა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ბატონ-ყმობის აღდგენას საქართველოში;

5)მონარქისტული ინსტიტუტი მმართველობის ტრადიცული ფორმაა, ეს კი მის საკრალურ არსსაც გულისხმობს. მართლმადიდებლური ტრადიციით მეფე ეკურთხება საეკლესიო წესით,  რაც მას ხელდასხმული იერარქის მადლს ანიჭებს. მას მირონს სცხებენ. თუმცა საკრალურობა (და არა საკრალიზაცია) კი არ უქმნის საფრთხეს მოდერნისტულ სახელმწიფოს, არამედ დესაკრალიზაცია საკრალურისა და არასაკრალურის ხელოვნური საკრალიზაცია. (მაგალითად, უპატივცემულო დამოკიდებულება ეკლესიის,  სარწმუნოებისა და მრავალათასწლოვანი ეროვნული კულტურისადმი და აგრესიული და კატეგორიული ფორმით ფსევდოღირებულებების პროპაგანდის მხარდაჭერა). შესაბამისად, მონარქის საკრალური და ისტორიულად ლეგიტიმური ინსტიტუტის აღდგენა საფრთხეს კი არ შეუქმნის მყარი ინსტიტუციების ჯერაც არმქონე თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, არამედ განამტკიცებს მის ერთიანობას და სტაბილურობას;

6)მონარქიის აღდგენის იდეა სამართლებრივად თავსებადია საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის როგორც პირველ, ასევე მეორე აქტთან, ვინაიდან თანამედროვე ქართული სახელმწიფო იურიდიულად ეფუძნება 1991 წლის 31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმს, რომელშიც მოსახლეობას უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე:  „ხართ თუ არა თანახმა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“ მონაწილეთა 98 %-მა მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც საქართველოს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ დოკუმენტის სახელწოდება ასეთია: „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“. მის ტექსტში ვკითხულობთ: „საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად . . . 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“. რაც შეეხება პირველი რესპუბლიკის დროინდელ დამოუკიდებლობის აქტს, მის ტექსტშიც ვკითხულობთ: „მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო“. შესაბამისად, ორივე დოკუმენტი აღიარებს რა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის არსებობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, მიზნად ისახავს არა სახელმწიფოს დაფუძნებას, არამედ მის აღდგენას და ამ მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის დამადასტურებელი მონარქიის ინსტიტუტის აღდგენის ლეგიტიმურ უფლებას იძლევა. როგორც მენშევიკების, ასევე ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს მოხდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა და არა დაფუძნება. ქართული სახელმწიფოებრიობის ათვლის წერტილად მხოლოდ მეოცე საუკუნე ვერ გამოგვადგება, მით უმეტეს - არც ილია ჭავჭავაძის, არც ზვიად გამსახურდიას და არც მერაბ კოსტავას ნაშრომებში არ არის უარყოფილი მონარქიის იდეა. ქართველი მეფეებისადმი დიდი პატივისცემა კი სამივე მათგანის ნააზრევში იკითხება. მით უმეტეს, ყოველ მოთხოვნას აქვს თავისი ისტორიულად ადექვატური კონტექსტი. ილია ჭავჭავაძე, მაშინდელი რეალობიდან გამომდინარე, არათუ მონარქიის, არამედ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასაც კი ვერ მოითხოვდა. ცნობილია, რომ მისი მოთხოვნის მაქსიმუმი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში კულტურული ავტონომიის მოპოვება იყო. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ის საქართველოს დამოუკიდებლობის, ან მონარქისტული წყობის წინააღმდეგი იყო? ცხადია, არა. მონარქიის აღდგენას ვერც ზვიად გამსახურდია მოითხოვდა იმიტომ, რომ მაშინ საქართველო საბჭოთა კავშირიდან გამოსული ჯერ კიდევ არ იყო და არ არსებობდა ამ იდეის განხორციელებისთვის ხელსაყრელი გარემო. ცხადია, არც ეს ნიშნავს იმას, რომ ზვიად გამსახურდია მონარქიის წინააღმდეგი იყო. მით უმეტეს, მას ცნობილი მოვლენების გამო არც დასცალდა თავისი მმართველობის ვადის ბოლომდე მიყვანა. ასე რომ, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განმათავისუფლებელი და ამაღორძინებელი (და არა დამფუძნებელი) მოღვაწეების იდეოლოგია არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის იდეას;

7)მონარქიის ინსტიტუტის საქართველოში არსებობის ერთ-ერთი მთავარი აზრი მის აღდგენაშია, რაც ვერ მოხდება ბაგრატიონთა დინასტიის გამეფების გარეშე.

როდესაც ქართულ მონარქიაზეა საუბარი, აქ ლაპარაკია არა ამ ინსტიტუტის შემოღებაზე და რომელიღაც პირობითი, ახალი „დინასტიის“ ხელოვნურად  გამოგონებაზე, არამედ ევროპაში უძველესი და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ბაგრატიონთა დინასტიის აღდგენაზე. არსებობს საქართველოს კანონიერი დინასტია ბაგრატიონთა და თუკი მონარქიის ინსტიტუტი აღდგა, მაშინ სწორედ ბაგრატიონებმა უნდა დაიკავონ საქართველოს სამეფოს ტახტი. სწორედ ამ დინასტიასთან არის დაკავშირებული დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ეპოქათა ოქროს ხანა საქართველოსი. ჟამი გელათისა და იყალთოს აკადემიებისა, დიდგორის გამარჯვებისა,  „შენ ხარ ვენახისა“ და რუსთველის „ვეფხისტყაოსნისა“. მათი წიაღიდან გამოვიდა მრავალი თავდადებული მამულიშვილი და წმინდანი საქართველოს ეკლესიისა. ბაგრატიონთა ტახტის აღდგენის შემთხვევაში ქართული სახელმწიფო ცივილიზებული სამყაროს წინაშე წარსდგება არა როგორც საბჭოთა სამართალმემკვიდრე, ან რუსეთის იმპერიის რაღაც გაურკვეველი ნამსხვრევი, არამედ როგორც ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო, რომლის ასაკის ათვლაც დაიწყება მინიმუმ მეექვსე საუკუნიდან. მონარქიის ინსტიტუტი იურიდიულად განამტკიცებს 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებს და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ისედაც ყოველმხრივ სრულიად კანონიერ აქტს კიდევ უფრო მეტს ლეგიტიმურობას შესძენს. თუკი ეს მართლაც მოხდა, ეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის მებრძოლი ყველა თაობისა და მოღვაწის საერთო დამაგვირგვინებელი გამარჯვება იქნება;

8)ჩვენი ღვთივკურთხეული მეფეების და დედოფლების შთამომავლებს - თანამედროვე ბაგრატიონებს - აქვთ იმის რესურსი, რომ დღევანდელობაშიც დაამტკიცონ თავისი ღირსეული მამულიშვილობა და ქვეყნისათვის თავდადება. ეს საღვთო უნარი ნებისმიერ სამშობლოს ერთგულ ქართველს აქვს, რაც არაერთხელ გამოვლინდა ჩვენს უახლეს ისტორიაში. მით უმეტეს, რა გასაკვირია, თუკი ამ უნარს კვლავაც გამოავლენენ ბაგრატიონები. მათ ხომ ათას ორასი წლის განმავლობაში ყველანაირ ქარტეხილებში გამოატარეს და გადაარჩინეს საქართველო;

9)საქართველო იყო პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც კონსტიტუციური მონარქიის ტიპის მმართველობის მოდელი შეიქმნა. ეს მოხდა თამარ მეფის დროს. ყუთლუ არსლანის დასმა და ისანში არსებულმა „კარმა“ მეფის ხელისუფლება შეზღუდა. ეს მოხდა ინგლისზე 50 წლით ადრე. მართალია, ამ წამოწყებას ისეთი ჩამოაყალიბებული ფორმა არ ჰქონდა, როგორც ინგლისში, მაგრამ პირველი პრეცედენტი სწორედ საქართველოში შეიქმნა. მერე უკვე ისტორიული ბედუკუღმართობის და გაუთავებელი გამანადგურებელი შემოსევების გამო საქართველოს მუდმივი ბრძოლა უწევდა არა განვითარებისათვის, არამედ გადარჩენისათვის. შესაბამისად, არც კონსტიტუციური მონარქია არის უცხო საქართველოსათვის, მით უმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართული კონსტიტუციური მონარქია თანამედროვე მონარქიების გამოცდილებათა გათვალისწინებით აღდგება.

 

          მონარქიის სასარგებლოდ არსებული ზოგადი არგუმენტები

 

მონარქიის აღდგენაზე საუბრისას აუცილებელია ოთხი ძირითადი ფაქტორის – რელიგიურ-კულტურულის, პოლიტიკურის, ეთნოფსიქოლოგიურის და ისტორიული ასპექტების გათვალისწინება.

 

                                რელიგიური ფაქტორი

 

საქართველოში, როგორც მართლმადიდებლურ-ქრისტიანულ ქვეყანაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ საკითხის რელიგიური პოზიციებიდან განხილვას. ტრადიციულად მონარქის ძალაუფლების წყაროდ ღმერთი ითვლება. ასეა ყველგან. კონკრეტულად მართლმადიდებლობის მიხედვით ზოგადად მონარქის ინსტიტუტი გულისხმობს ეკლესიური წესით ხელდასხმას, კურთხევას, რაც მონარქს განსაკუთრებულ საღვთო მადლს ანიჭებს. რაც შეეხება ბაგრატიონთა დინასტიას, ამ მხრივ მათი ლეგიტიმაციის ხარისხს აძლიერებს დინასტიის ბიბლიური წარმომავლობის ფაქტორი, შესაბამისად ბაგრატიონთა ტახტი ხელდასხმული იქნება ერთი მხრივ, ზოგადად მეფის კურთხევის მართლმადიდებლობაში არსებული წესით და მეორე მხრივ, მათი გენეალოგიური ნათესაობით დავით მეფსალმუნესთან, სოლომონ მეფესთან და, რაც მთავარია, თვით უფალთან და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან. მეორე ფაქტორი ქართულ სამეფო გვარს განსაკუთრებულ სტატუსს სძენს თვით მართლმადიდებელ დინასტიებს შორისაც. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მონარქიისა და ბაგარატიონთა ტახტის აღდგენის იდეის მომხრე და აქტიური მქადაგებელი იყო წმინდა მამა გაბრიელ სალოსი და აღმსარებელი. ის პირდაპირ ამბობდა: „ მეფეს სხვა მადლი აქვს. სანამ ბაგრატოვანი მეფე არ დაუბრუნდება, საქართველოს არაფერი ეშველება! მეფის მოსვლამდე კი ტახტი აღადგინეთ! კარგ პრეზიდენტს ცუდი მეფე გერჩივნოთ, რადგან მთავარია ღვთის მადლი გადმოვიდეს ერზე!“ მამა გაბრიელთან ერთად მონარქიის აღდგენის იდეის მხარდამჭერი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. მათი მოწოდების და ზოგადად მონარქის ინსტიტუტის რელიგიური მნიშვნელობის გაუთვალისწინებლობა ამდენი მოუგვარებელი პრობლემის წინაშე მყოფი ერის მხრიდან ურწმუნობისა და უგუნურობის კიდევ ერთი გამოხატულება იქნება.

 

                              პოლიტიკური ფაქტორი

 

ბაგრატიონთა დინასტიისთვის ტახტის დაბრუნება ისტორიული არგუმენტით გააძლიერებს ქართული სახელმწიფოს ლეგიტიმაციას და მის ასაკს მინიმუმ მთელი 1400 წლით გაზრდის. საქართველო კაცობრიობის წინაშე წარსდგება არა როგორც რუსეთის იმპერიის ნამსხვრევი და, მით უმეტეს, არა როგორც სსრკ-ს სამართალმემკვიდრე, არამედ როგორც ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა თავისი სახელმწიფოებრივი საფუძვლებითაც. ბაგრატოვნათა დინასტიის ტიტულატურა: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შირვანშა და შაჰანშა“ ხელს შეუწყობს არა მხოლოდ საქართველოს გაერთიანებას, არამედ სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კვლავაც ერთიანი სახელმწიფოს სივრცეში დაბრუნებას და ასევე კავკასიის რთული რეგიონის გაერთიანებასაც. საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის პირობებში მეფის ინსტიტუტი იქნება სახელმწიფოს სიმბოლო, რომელიც განამტკიცებს სტაბილურობას ხელისუფლების დემოკრატიული პრინციპით დაკომპლექტებული სტრუქტურების (პარლამენტი, მთავრობა, ადგილობრივი თვითმმართველობა) ცვლილებების დროს. მეფის ფაქტორი იქნება მეტი გარანტია პარალამენტისა და მთავრობის დემოკრატიული  (და არა რევოლუციური) გზით ცვლილებისა. მეფე იქნება მთელი ქვეყნის მეფე და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიისა თუ ჯგუფის ლიდერი. შიდა არეულობის, ან გარე აგრესიის შემთხვევაში დაიცავს ქვეყნის მთლიანობას და დამოუკიდებლობას და კიდევ ერთ კანონიერ დაბრკოლებას შეუქმნის ქვეყნის ოკუპაციისა და ანექსიის ნებისმიერ მოსურნეს.

 

                              ეთნოფსიქოლოგიური ფაქტორი

 

მენტალურად ქართველი კაცი მონარქისტია. ის, რომ ეს ასეა,  ამას მრავალი ფაქტი ადასტურებს. უმეფოდ დარჩენილი ქართველობა არაცნობიერად სწორედ მეფეს ან მეფის შემცვლელს ეძებს. ილია ჭავჭავაძეს (რომელსაც სახელმწიფოებრიობადაკარგულ საქართველოში ერის სულიერი მოძღვრობაც უწევდა და მთელი ერის ტვირთის ზიდვაც), ქართველობა „საქართველოს უგვირგვინო მეფეს“, ხანაც „მეფის ტოლა კაცს“ უწოდებდა. გავიხსენოთ საქართველოს პირველი პრეზიდენტიც. ზვიად გამსახურდია, როგორც ეროვნული ლიდერი, ხალხის დიდი ნაწილის ცნობიერებაში ფაქტიურად საკრალიზებული იყო. ეს იყო არა მხოლოდ დამოუკიდებლობის იდეისადმი ერთგულება და მხურვალე პატრიოტიზმის გამოხატულება, არამედ დაკარგული მირონცხებული მეფის საკრალური ტახტის არაცნობიერი მონატრებაც. საერთოდ ქართველები ადეკვატურად ვერ აღიქვამენ პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის არსით ყოვლად სეკულარულ თანამდებობებს. ფსიქოლოგიურად მათგან დღევანდელ სახელმწიფო მოდელში არარსებული მეფის მოვალეობის შესრულებას ელიან. პრეზიდენტებიც ხშირად ცდილობენ ქართველ მეფეებს მიბაძონ და შედეგად იქმნება დიდი გაუგებრობა. ხდება მათი ან არაადეკვატური განდიდება, ან დაუმსახურებელი დემონიზაცია, რაც საფუძველშივე მცდარია. კონსტიტუციური მონარქიის შემთხვევაში კი, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. მირონცხებული მეფე თავის მოვალეობას შეასრულებს და არჩეული მოხელეები დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას შეუწყობენ ხელს, მათი ტანდემი კი გაამყარებს ქართულ სახელმწიფოს და ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნებს მას. ქართული ეთნოფსიქოლოგიიდან და ეროვნული არქეტიპებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ქართული სახელმწიფოს სრულყოფილი აღორძინება ვერ მოხდება მონარქიის აღდგენის გარეშე.

 

                              ისტორიული ფაქტორი

 

დიდ ბრიტანეთსა და იაპონიასთან ერთად, არსებობენ ისეთი განვითარებული ერები, რომლებისთვისაც მონარქიის ინსტიტუტი აბსურდია. მაგალითად ფრანგებისათვის მეფე ბასტილიის ციხესთან ასოცირდებოდა. ამიტომ ფრანგებმა აიღეს ბასტილიის ციხე, დაამხეს მეფე და თავიანთი ეროვნული დღესასწაულიც აღნიშნული ციხის აღებას დაუკავშირეს. მონარქის ინსტიტუტი საერთოდ არ ყოფილა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ამიტომ ამ სახელმწიფოსთვის ეს იდეა აბსოლუტურად უცხო, არაორგანული და არაბუნებრივია.  საქართველო კი სულ სხვა შემთხვევაა. ქართველებისათვის მეფეები იყვნენ ღვთისა და ერისათვის თავდადებული გმირები, მოღვაწეები და წმინდანები. ბაგრატიონთა დინასტიისათვის წესი იყო ქრისტიანული პრინციპი: „მწყემსმან დასდოს თავი ცხოვართათვის“. ასეთი მაგალითი ბევრი გვაქვს დემეტრე თავდადებულის, ქეთევან წამებულის, ლუარსაბ პირველის, ლუარსაბ მეორის და სხვა მონარქების სახით. ბაგრატიონთა მეთაურობით ქართველი ერი 1200 წლის განმავლობაში იცავდა ქრისტეს რჯულს და ეროვნულ თვითმყოფადობას. საბოლოოდ ვერც ერთმა დამპყრობელმა ვერ შეძლო ქართველი ერის და მისი კულტურის განადგურება. ეს ბევრწილად სწორედ ბაგრატიონი მონარქების დამსახურებაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართველ ერს უარი არ უთქვამს მმართველობის სამეფო ფორმაზე. ქართული სამეფოს გაუქმება მოახდინა უცხოელმა დამპყრობელმა და სწორედ მაშინ მოხდა ქართული სახელმწიფოს დაცემაც. ქვეყნის ეროვნული დღესასწაული 26 მაისი არის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. დამოუკიდებლობის დაკარგვა კი სამეფოს გაუქმებას მოჰყვა. ამის შემდეგ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის არც ერთ ეტაპზე - არც 1918 წლის 26 მაისს და არც 1991 წლის 9 აპრილს - საქართველოს არ ჰქონდა მონარქიის ინსტიტუტის აღდგენისთვის ხელსაყრელი არც გარემო და არც ვითარება. საქმე ის არის, რომ ტახტზე მეფის ასაყვანად და საკურთხებლად საჭიროა მისი შესაბამისი აღზრდა. ამის განხორციელებისათვის ხელშემწყობი ვითარება არ არსებობდა არც ცარისტული რუსეთის, არც პირველი რესპუბლიკის და მით უმეტეს, არც სსრკ-ს დროს. დღეს საქართველო, მადლობა ღმერთს, დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მას საბედნიეროდ ხელს აღარავინ უშლის  არც მონარქის კანდიდატურის შერჩევაში და არც მის აღზრდაში. ამ ფაქტორების გათვალისწინებით მონარქიის აღდგენა ქვეყნის უკანონო ოკუპაციის დასასრული და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა იქნება.

                 

                             დღევანდელი ვითარება

 

დღეს მონარქიის აღდგენაზე ფიქრი და დისკუსია რეალური გახდა, მაგრამ იდეის საბოლოოდ განხორციელებისათვის ოთხი ფაქტორი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს: 1)ღვთის ნება, 2)კანდიდატურის მზაობა, 3)საზოგადოების მხარდაჭერა და 4)პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერა და მონარქისტული მოდელის პოლიტიკური სისტემის შექმნა.

1)ღვთის ნება უკვე გაცხადებულია წმინდა მამა გაბრიელის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი.  ღვთის ნებას ერის კეთილი ნებაც უნდა დაეთანხმოს. დანარჩენი აუცილებელი სამი პირობა ჯერაც შეუსრულებელია.

2)მეფის ტახტზე ასასვლელად არ არის საკმარისი მხოლოდ ტახტის კანონიერი მემკვიდრის არსებობა. მადლობა ღმერთს, საქართველოს ჰყავს თავისი სამეფო ოჯახი, მაგრამ მეფედ აღზრდილი კანდიდატი ჯერაც არ ჰყავს. სრულყოფილი მეფობისათვის საჭიროა გონებრივი, სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური მომზადება. ამას სულ ცოტა 15 წელიწადი მაინც დასჭირდება.

3) საყოველთაო მხარდაჭერის მოსაპოვებლად აუცილებელია საზოგადოების მომზადება, რაც გულისხმობს ხალხის ინფორმირებას და მოქალაქის მიერ მონარქიის იდეის ადეკვატურ გააზრებას. დღეს ქართულ საზოგადოებას არა აქვს გაცნობიერებული მონარქიის რეალური როლი და თანამედროვე ფუნქცია. ამასაც გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა პროცესის დაწყება უკვე შესაძლებელია.

4) მონარქიის აღსადგენად აუცილებელია ქვეყნის ამჟამინდელი პოლიტიკური სისტემის გარდაქმნა სახელმწიფოს მოწყობის მონარქისტულ მოდელად. საკანონმდებლო ბაზის მოსამზადებლად კი საჭიროა პოლიტიკური ძალების აქტიური მუშაობა და მხარდაჭერა, მგრამ დღევანდელ საქართველოში მოქმედი წამყვანი პოლიტიკური ძალები, სამწუხაროდ, არ უჭერენ მხარს ქართული სამეფოს აღდგენის იდეას, შესაბამისად არ ხდება საკანონმდებლო ბაზის და მოქმედი არამყარი პოლიტიკური სისტემის ეტაპობრივი შეცვლა ეროვნული ტრადიციისათვის ორგანული – მონარქისტულით.       

                                    რეზიუმე

საბჭოეთში 1950-ან წლებში ალბათ ძალიან ცოტა თუ წარმოიდგენდა საბჭოთა კავშირის დაშლას და საქართველოს დამოუკიდებლობას, ამდენი ტაძრების აშენებას და ხუთჯვრიანი დროშის აღმართვას; ამის მოსურნე ადამიანებს შეშლილებად აცხადებდნენ, ასახლებდნენ და ფიზიკურადაც ანადგურებდნენ, თუმცა მოსახდენი ხომ მაინც მოხდა და განხორციელდა? ასეა მონარქიის აღდგენის იდეაც. ამ შემთხვევაშიც შეუძლებელი არაფერია. რა იქნება ხვალ, ამას მომავალი გვიჩვენებს. ჩვენ კი ჩვენის მხრივ შევეცადეთ ამ საკითხთან დაკავშირებული მოკრძალებული მოსაზრების გამოხატვას.

დაე იყოს ნება ღვთისა.

 

ტალავროსანი

 04.20.2014 აღდგომა ქრისტესი

 

             

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq