საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

მინარეთი და ქართული ენა
ტარიელ ფუტკარაძე


2013 წლის 7 სექტემბერს მეგობრისა და მოგვარის - სეზაი სეფას (ფუტკარაძის) - ქორწილი იყო ხენდეკში (თურქეთში, სტამბოლიდან 150 კილომეტრში); ჩანს, სეზაის წინაპრები -მუჰაჯირი ქართველები - წამოვიდნენ ართვინიდან, რადგანაც სეზაის ნათესავების დიალექტი უფრო ქართული ენის იმერხეული კილოა, ვიდრე - აჭარული; სეზაიმ მშობლების ქართული (დიალექტი) აღარ იცის; ახლა კი სწავლობს ქართულ სალიტერატურო ენას...

თურქეთის მოქალაქეთა ქორწილის დიდი ნაწილი ცეკვით დროსტარებაა, მაგრამ მე და ჩემს ორ თურქეთელ მეგობარს - ერდოგან შენოლსა და ფევზი ჩელებს - 7 სექტემბერს საქართველოს შესახებ უფრო ტკივილიანი საუბარი გამოგვივიდა, ვიდრე მხიარულება კიდევ ერთი მეგობრის ქორწილში; გადავწყვიტეთ, ჩვენი საუბრის ძირითადი ნაწილი ქართულ და თურქულ ენებზე გამოვაქვეყნოთ. საუბრის ქართული ტექსტის პირველი ვარიანტი მე გავაკეთე; შემდეგ ტექსტი ერდოგანმაც და ფევზიმაც წაიკითხეს, ზოგიერთი მონაკვეთი დააზუსტეს და თურქულად თარგმნეს.

7 სექტემბრის ჩანაწერს გამოქვეყნების წინ, 14 სექტემბერს, დაემატა ორი ფრაზა ბ-ნი ერდოგანისა და ჩემი მიმოწერიდან /საქართველოს ღირსების შემლახავი ნახატის შესახებ/.

გთავაზობთ ჩვენი საუბრის იმ ნაწილს, რომლის გამოქვეყნებაც საჭიროდ ჩავთვალეთ.

ტარიელ ფუტკარაძე

16.09.2013

07.09.2013 წელი.
დუზჯეს ილი, გოლიაქის რაიონი, სოფელი ჰაჯიაქუფი (სტამბოლიდან 200 კილომეტრი); ფევზი ჩელების ოჯახი.

ვსაუბრობთ: ფევზი ჩელები (ჩელებაძე), ერდოგან შენოლი (დავითაძე) და მე, ტარიელ ფუტკარაძე. ბატონი ფევზი და ბატონი ერდოგანი, თურქეთის მოქალაქე მუსლიმანი ქართველები, XIX საუკუნეში თურქეთში გადასახლებული მუჰაჯირი ქართველების შთამომავლები არიან. ორივე შუა თურქეთში დაიბადა და იქვე ცხოვრობს; ფევზი - დუზჯეში, ერდოგანი - საქარიაში; სამივეს წინაპრები მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველოს ერთ ულამაზეს კუთხეში ცხოვრობდნენ - აჭარაში. 

ტ.ფ.: ლამაზია დუზჯეს მიდამოები, განსაკუთრებით ეფთინის მთები... აჭარის მთიანი სოფლების მსგავსადაა ეფთინის მთებზე შეფენილი მუჰაჯირთა შთამომავლების სოფლები; ეს მსგავსება შემთხვევითი არ უნდა იყოს; ეტყობა, მუჰაჯირმა აჭარლებმა დიდი გზა გამოიარეს და აქ იპოვეს აჭარის მსგავსი ადგილი... 

ფ.ჩ.: ჰო, ეს მხარე მთიან აჭარას ძალიან ჰგავს... ეფთენის ფერდობებზე ახლა 15-მდე სოფელია; 1000 კომლამდე ქართველი მხოლოდ ჩემს სოფელშია - ჰაჯიაქუფში; ეფთინის მხარეში 2500 კომლამდე ქართველია; 4 სოფელი აფხაზებისაა... 

ეფთინის მხარიდან ბევრი წავიდა სტამბოლსა თუ დუზჯეში; დავცოტავდით აქ ქართველები.

ტ.ფ.: აქაურმა ახალგაზრდებმა ქართული იციან?

ფ.ჩ.: სამწუხაროდ, ნაკლებად...

ტ.ფ.: თურქეთი და საქართველო დღეს კეთილმეზობლობას აღრმავებენ; ეს კარგია; გარდა ამისა, თურქეთის ხელისუფლებამ ახლახან მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, სხვა ენების მსგავსად, ქართულის სწავლა შეუძლიათ ყველას, მათ შორის - ეთნიკურ ქართველებსაც; თურქსაც შეუძლია აირჩიოს ქართული, როგორც მეორე ენა; როგორ ფიქრობ, აქ მოქმედი ქართული კულტურის ცენტრები აიღებენ ინიციატივას, ეთნიკურმა ქართველებმა გამოიყენონ ეს უფლება და სკოლებში სახელმწიფო ენის პარალელურად დედაენის სწავლაც დაიწყონ?

ფ.ჩ.: ასეთი კანონი კარგია, ზოგს უნდა ქართულის სწავლა, მაგრამ შიშიც აქვს, მერე არ იყოს რაიმე პრობლემაო; მერე რომ მოვიდეს რასისტი მთავრობა, ქურთების მსგავსად არ შეგვაფასონ და მერე ბავშვებს პრობლემა არ შეუქმნანო - ამბობენ... გარდა ამისა, ზოგი ფიქრობს, რომ ქართულის სწავლა პრატიკულად რაში გამოგვადგებაო; ესენი ვერ ხვდებიან, რომ დედაენა დედასავით მუდამ საჭიროა... თურქეთში ოთხ მილიონამდე ქართველი ვართ ლაზების ჩათვლით; დუზჯეს ქართული კულტურის ცენტრი ამ მხრივ პასიურია... იმედია, გამოჩნდებიან ქართულის სწავლის მსურველნი.

ე.შ .: ჰო, ქართული ენის სწავლას ზოგი მართლაც ეჭვით უყურებს; კანონი კი არის, მაგრამ მერე არ იყოს პრობლემაო, ფიქრობენ; პირადად მე ვერ ვხედავ პრობლემას; თუნდაც იყოს! პრობლემის თუ გეშინია, მაშინ რა კაცი ხარ...

ტ.ფ.: წესით, აქაური სათვისტომოები თუ ქართული კულტურის ცენტრები უფრო გააზრებულად უნდა უდგებოდნენ ქართული ენის, როგორც ქართველთა დედაენის სწავლების საკითხს; თუ ქართული კულტურის ცენტრი ჰქვია, ქართული ეთნიკური იდენტობის მთავარი ნიშანის - ქართული ენის - გადარჩენისთვის არ უნდა იზრუნოს?!

ფ.ჩ.: მეც მაგას არ ვამბობ?! მაგრამ, სამწუხაროა, რომ დუზჯეს ქართული კულტურის ცენტრი უფრო ქართული ცეკვითაა დაინტერესებული... ზოგს ჰგონია, რომ მისი ქართული მეობის განმსაზღვრელი მხოლოდ ქართული ცეკვა-სიმღერაა; მათთვის ქართული ენა არის სიმღერის ენა და არა - კულტურისა და განათლების მიღების ენა. სამწუხარო ის უფროა, რომ ამ ბოლო დროს დუზჯეს კულტურის ცენტრმა ახალი საქმეც გაიჩინა: დახმარება საქართველოს ქართველ მუსლიმანებზე; თუმცა ეს მიზანი თავიდან არ გვქონდა, მერე გაჩნდა; კერძოდ, ორი წლის წინ აქ მუსლიმანი ქართველების სახელით ჩამოვიდა რამდენიმე ქართველი და აქაურებს დახმარება მოგვთხოვეს მეჩეთების აშენებასა და ყურანის სწავლების კურსების ორგანიზებაში... საუბარი იყო ქობულეთში მეჩეთის აშენებაზე;

ტ.ფ.: არ მგონია, ეს მოთხოვნა თუ თხოვნა საქართველოში, აჭარაში მცხოვრები მუსლიმანობის უდიდესი ნაწილის ინტერესს ასახავდეს; მე აჭარაში დავიბადე და კარგად ვიცი, ვინც მუსლიმანია, მშვიდად ლოცულობს და უცხოეთში არ ეძებს დახმარებას...  

ფ.ჩ.: მეც არ მომეწონა ეს მოთხოვნა; თუ საჭიროა საქართველოში მეჩეთის აგება, ეს საქართველოს ფულით უნდა გაკეთდეს; მე მინდა, რომ დუზჯეს ქართული კულტურის ცენტრი მოემსახუროს დუზჯელ ქართველებს, კერძოდ, იზრუნოს დუზჯელი ქართველებისთვის ქართული ენისა და კულტურის შესწავლისთვის...

ტ.ფ.: მეჩეთისთვის ფული შეაგროვეთ? 

ფ.ჩ.: დუზჯეს კულტურის ცენტრმა ფული მაინც შეაგროვა ქობულეთში მუსლიმანური ცენტრის ასაშენებლად; მე არ მივიღე ამაში მონაწილეობა... ამ ფულით ახლა ქობულეთში სამსართულიანი მუსლიმანური ცენტრი შენდება... არც ის მომწონს, რომ ამდენი ხმაურია ნიგვზიანსა და სამთაწყაროში მეჩეთების აშენების გამო; ძალიან არ მომწონს, ასევე, ადიგენში მინარეთის აღმართვის გამო გამართულ აურზაური; ეს დიდი სირცხვილიცაა;

ტ.ფ.: თურქეთში როგორი გამოხმაურება ჰქონდა ადიგენში მინარეთის გამო ატეხილ, ჩემი აზრი

ჩვენი მინარეთი ქართულ სამრეკლოს ჩამოჰგავს; აი, ესაა ჩემი სოფლის - ჰაჯიაქუფის - მინარეთი: სურათი 2
თ, პროვოცირებულ ხმაურს?

ე.შ.: არ ჰქონდა კარგი გამოხმაურება...

ტ.ფ.: ბუნებრივია, ვერც ექნებოდა; ეს კარგად იცოდნენ იმ ადამიანებმაც, რომლებმაც ხმაური ატეხეს; ისინი საქართველოსა და მისი მთავრობისათვის სახელის შელახვას ისახავენ მიზნად; ცუდია ისიც, რომ ზოგი გულუბრყვილო აჭარელიც გამოიყენეს; საერთოდ, ასეთი საქმეები მთავრობის ნებართვით უნდა კეთდებოდეს; როგორც ამბობენ, მინარეთი მალულად, როგორც წყლის მილი, შემოიტანეს თურქეთიდან და მთავროობის ნებართვის გარეშე დადგეს... ხელოვნურმა აჟიოტაჟმა ბევრი გააღიზიანა: ქრისტიანი ქართველებიც და მუსლიმანი ქართველებიც...

ფ.ჩ.: ადიგენში მინარეთი რომ დადგეს, მთავრობის ნებართვა არ ჰქონდათ? ეს ცუდია! რამდნადაც ვიცი, ადიგენის მინარეთის ფული ფოცხოვის მოლებმა შეაგროვეს... საბაჟოზე წყლის მილად შემოიტანეს?

ტ.ფ.: აჭარაში არის მეჩეთები, სხვათაშორის, XIX-XX საუკუნეებში აჭარაში აგებულ მეჩეთებს მინარეთი საერთოდ არ ჰქონდა; ამჟამად მეჩეთები არის თბილისშიც, მარნეულშიც... მთავრობას ხელი არ შეუშლია მათი აშენებისა თუ ფუნქციონირებისთვის... სამწუხაროდ, ასეთ თემებზე აურზაურს უფრო პოლიტიკოსები და გარედან მართული პირები ტეხენ; მათ არ ენაღვლებათ, რა ცუდი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას საქართველოსთვის; რელიგიური ხასიათისა თუ საგანმანათლებლო ცენტრები მთავრობასთან კოორდინაციით რომ იხსნებოდეს, პრობლემა არ იარსებებს; ვიღაცეები პროვოკაციულად მოქმედებენ...

ფ.ჩ.: მეც ასე მგონია: მთავრობის ნებართვით თუ ჯამე აშენდება და მინარეთი დაიდგმება, რა პრობლემაა? თურქეთშიც ვერავინ გააკეთებს მეჩეთსა თუ მინარეთს, მთავრობის ოფიციალური ნებართვა თუ არ გაიცა; თანაც ამ პროცედურას დიდი დრო უნდა... ხალხმა, სადაც უნდა, იქ ილოცოს: თუ უნდა ეკლესიაში, თუ უნდა მეჩეთში; პარტიული პოლიტიკა რელიგიურ გრძნობებზე არ უნდა გაითვალოს... მეც არ მომეწონა, ადიგენისა თუ სამთაწყაროს მოვლენები პოლიტიკური განცხადებებისა და ინტრიგების საგანი რომ გახდა. ჩემი აზრით, აქ სხვა ასპექტიც საინტერესოა:
რატომ შენდება ახლა აჭარაში, ზოგადად, საქართველოში მაინც და მაინც ოსმალური სტილის მინარეთები?
მე ხელოვნებათმცოდნე ვარ და კარგად ვიცი, რომ არსებობს არაბული მუსლიმანური არქიტექტურა, თურქული მუსლიმანური არქიტექტურა და ა.შ. რატომ არ ცდილობენ ქართველი მუსლიმანები, რომ მეჩეთი თუ მინარეთი ააშენონ ქართული არქიტექტურით? აქ არის ძაღლის თავი დამარხული... მუსლიმანური არქიტექტურა არც თურქებს ჰქონდათ, არც არაბებს და შექმნეს; მით უმეტეს, ქართველებს დიდი არქიტექტურული მემკვიდრეობა გვაქვს და მის ბაზაზე შეუძლიათ ააგონ მეჩეთიც და მინარეთიც... მაგალითად, ჩემს სოფელში, აქ, დუზჯეს ილში (გუბერნიაში) არის ჩვენი აშენებული მეჩეთი და მინარეთი; ჩვენი მინარეთი ქართულ სამრეკლოს ჩამოჰგავს; აი, ესაა ჩემი სოფლის - ჰაჯიაქუფის - მინარეთი:  სურათი 2

საქართველოში უფრო მეტი საშუალება არ არის, ქართული არქიტექტურით აშენდეს მინარეთი და არა - თურქულით? 
არაბული მინარეთიც განსხვავდება თურქულისგან; არაბული მინარეთი აეღოთ მოდელად, ის უფრო ჰგავს ქართულ სამრეკლოს, და მთავრობის ნებართვით აეშენებინათ... აი, არაბული მინარეთიც: სურათი 3


შდრ., ოსმალური მინარეთი: სურათი 4


მინდა გითხრათ, რომ მეჩეთებისა და მინარეთების კონტექსტში თურქეთიც ეძებს ახალ ვარიანტებს; მაგ., დუზჯეს ახალი მეჩეთი და მინარეთები ასე გამოიყურება: სურათი 5


ტ.ფ.: გეთანხმები; სამლოცველოს არქიტექტურას დიდი იდეოლოგიური დატვირთვა აქვს; მართლაც საინტერესო კითხვაა:
საქართველოს რატომ ახვევენ თავს მაინც და მაინც ოსმალური პერიოდის მინარეთებს?
აჭარაში ისლამის სამსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე უკვე ჩამოყალიბებულია უმინარეთო მეჩეთების ტრადიცია...
თუ მაინც და მაინც, მინარეთის აგება სურს ვინმეს, მინარეთი ქართულ არქიტექტორულ მოდელში უნდა ჩაჯდეს... იდეოლოგიური კუთხით აქტიურდება თურქული კაპიტალიც და თურქული ტელესერიალებიც, რომლებიც მიზანმიმართულად ამკვიდრებენ თურქულენოვან რელიგიურ თუ ყოფით ტერმინებს... ბოლო დროს მომრავლებული თურქული ტელესერიალების თარგმანის ენას მოკლედ შევეხები:

როგორც წესი, ხდება ხოლმე სრული თარგმანი, დიალოგებისას გამოიყენება ქართული ტერმინები: "ღმერთი", "ბატონი", "ქალბატონი"... აქ ასე არ არის... რუსების გავლენას ვეხსნებით და ვერც თურქეთის ზეწოლას შევეგუებით... მე თურქეთთან კეთილმეზობლობა მინდა და არა - "ვაის" გაყრილი "ვუის" შევეყარო...

ფ.ჩ.: მე მგონია, უფრო აქტიურობენ დიდი კაპიტალის მქონე გარკვეული სექტები, ვიდრე, ზოგადად, სახელმწიფო; ამაზეც ვილაპარაკოთ, მაგრამ მე ჯერ არქიტექტურის თემა მინდა დავასრულო: 

საქართველოს მუსლიმანები იმასაც არ ფიქრობენ, ბათუმის მეჩეთს რატომ აქვს ხახვის თავის ფორმის გუმბათი რესტავრაციის შემდეგ; ესეც პოლიტიკის შედეგია, რუსული პოლიტიკის შედეგი; არც ეს არის ქართული არქიტექტურა; რუსებმა არა მხოლოდ ქართული ეკლესიების, არამედ საქართველოში არსებული მეჩეთების არქიტექტურის შეცვლა მოიწადინეს; რუსეთმა თავის სამსახურში ისლამიც ჩააყენა...

ტ.ფ.: ეს კარგად გამოჩნდა ბოლოდროინდელი რუსეთის მუსლიმანთა ლიდერის განცხადებაშიც... ფაქტია ისიც, რომ თურქეთის გავლენა უფრო და უფრო ძლიერდება...

ფ.ჩ.: ჰო, მაგრამ საქართველომ თავს არ უნდა მოიხვიოს არც თურქეთის გავლენა და არც ისლამის თურქული თუ ირანული ვარიანტი; 

ტ.ფ.: ფევზი, შენი აზრით, საამისოდ რა უნდა გაკეთდეს მოცემულ სიტუაციაში?

ფ.ჩ.: ხომ არიან მუსლიმანები საქართველოში? ფაქტია, არიან; ისლამს ვერ ავკრძალავთ; ამიტომ ისლამი ქართულადაც უნდა ავამეტყველოთ!

ტ.ფ.: ეს შესაძლებელია?

ფ.ჩ.: რა თქმა უნდა! არქიტექტურით დავიწყოთ: თუ ვინმე ითხოვს ჯამეს ან მინარეთს, მთავრობამ ნახაზი, გეგმა მოითხოვოს და ამის მსურველს მოსთხოვოს, გაითვალისწინოს ქართული არქიტექტურის გამოცდილება; მეჩეთი თუ მინარეთი ქართულ არქიტექტურას უნდა მიესადაგოს! შიგნითაც ქართულ წარწერები უნდა იყოს; ქართველმა მუსლიმანებმა მრავალსაუკუნოვანი ქართული არქიტექტურული გამოცდილება უნდა გამოიყენონ; ქართული არქიტექტურით აგებულ მეჩეთში ლოცვაც, წარწერების ენაც და მოხატულობაც ქართული რომ იქნება, მეჩეთშიც ქართული სული დაივანებს...

ტ.ფ.: ისლამი უშვებს დედაენაზე ლოცვას? თურქები თურქულად ხომ არ ლოცულობენ ჯამეში? თუმცა, ფაქტია, რომ
აი, არაბული მინარეთიც: სურათი 3
თურქეთმაც და ირანმაც, დიდი ხანია, ისლამი ჩააყენა სახელმწიფოს სამსახურში; გარდა ამისა, სახელმწიფო უხდის მოლებს ხელფასს... მაგრამ, რამდენადაც ვიცი, მეჩეთში ისევ არაბულად ლოცულობთ...

ფ.ჩ.: მე კარგად ვიცი ისლამი და გეუბნებით, რომ მხოლოდ რიტუალურ ლოცვებში უნდა იყოს არაბული, სხვა დანარჩენი ქართულად შეიძლება... თუ ქართველი მუსლიმანია, იყოს მუსლიმანი, მაგრამ ქართული სული უნდა ჰქონდეს მის მეჩეთს, მედრესესა თუ მინარეთს... მე მინდა, საქართველოს ერთგული იყოს საქართველოს მუსლიმანი; ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი ქართული სული ჩაიდება ქართველთა მუსლიმანობაში... თანამედროვე თურქეთიც ეძებს თავის სტილს არქიტექტურისა თუ სხვა მიმართულებით.

ტ.ფ.: ფევზი, ქართველმა ერმა თავისი თავი იპოვა ქართულენოვან მართლმადიდებლობაში; ფაქტია, კათოლიკე მოღვაწეებიც გვყავს, მაგრამ მაინც ჩვენი კულტურა მართლმადიდებლობას ეფუძნება... ფაქტია, რომ დღემდე ვერ შეიქმნა ქართული მუსლიმანური კულტურა; ქართულენოვანი მუსლიმანური ლიტერატურა; ტრადიციულად, ისლამი მაინც არაბეთის, ირანის, ოსმალეთისა თუ თურქეთის გავლენის შემომტანია საქართველოში...

ფ.ჩ.: საქართველოს მუსლიმანობა ახლა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე ორიენტირებული რომ არ არის, ფაქტია; ამას ახსნა უნდა: ისლამის გაბატონების დროს, ოსმალობის დროს, ქართული სახელმწიფო იშლებოდა... არაბებმა და ოსმალოებმა ისლამი ჩააყენეს სახელმწიფოს სამსახურში, საქართველომ - ვერა; ახლაც თუ ასე გაგრძელდება, თუკი საქართველო არ მიხედავს თავის მუსლიმანებს, პოსტსაბჭოთა საქართველოში ისლამის აღორძინება საქართველოს სახელმწიფოსთვის დიდი პრობლემა გახდება; მით უმეტეს, თუკი კი ისლამის მიმდევრები საქართველოს გარედან დაფინანსდებიან; ასეთ შემთხვევაში პრობლემები შეუქცევადი გახდება... 

ტ.ფ.: ჯერ რუსული საფრთხე არ გაგვინეიტრალებია და ახლა კიდევ ეს! კავკასია ევრაზიის ჭიპია; კავკასიის ცენტრალურ სახელმწიფოზე - საქართველოზე - გავლენის მოპოვება ყველა დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეს უნდა; რუსეთი არ თმობს კავკასიას, ამიტომ საქართველო მუდმივ ომებშია; არც იმას გამოვრიცხავ, რომ ადიგენის მსგავსი პროვოკაციები რუსეთიდანაც იყოს სტიმულირებული, რომ საქართველოში ნატოს წევრი თურქეთის მიმართ უნდობლობა აგორდეს... საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში არც თუ ცოტანი არიან სხვა ქვეყნების გავლენის ქვეშ მყოფი პირები, ამიტომ ბევრი პრობლემა სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად არ არის გააზრებული... ისლამთან დამოკიდებულება ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა; ჩვენთან ნამდვილად არის რელიგიის თავისუფლება, მაგრამ, ზოგი პირი, რომელიც რელიგიური უმცირესობის სახელით აქტიურობს, ფინანსური დაინტერესების გამო ხელოვნურად ძაბავს სიტუაციას; სარგებლობენ იმით, რომ პოსტსაბჭოთა საქართველოს ხელისუფლებებმა სახელმწიფოს გრძელვადიანი რელიგიური პოლიტიკა ვერ ჩამოაყალიბეს...

ფ.ჩ.: "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს"; ვიცი, რომ საქართველოში 200-ზე მეტი მეჩეთია; ვიცი ისიც, რომ საქართველოში ძალით არავის აქრისტიანებენ ძალით; ძალით გაქრისტიანება არ არის ქართული კულტურის ნაწილი; შეგნებით უნდა აირჩიოს მომავალმა თაობამ რელიგია; გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღეს ქართველობა მხოლოდ ქრისტიანობა არ არის, ადრე წარმართები ვიყავით, ახლა ზოგი მუსლიმანი ვართ, ზოგი - ქრისტიანი... ფაქტია, რომ რამდენი ქართველიც საქართველოშია, იმდენივე ვართ თურქეთში - მუსლიმანი ქართველები, ლაზების ჩათვლით, არანაკლებ ოთხი მილიონი ვართ. რამდენიმე აჭარელი ეკომიგრანტის პრობლემა იოლი მოსაგვარებელია; მთავარი საფიქრებელი ამ 4 000 000 ეთნიკური ქართველის გადარჩენაა; ჩვენ სრული ასიმილაცია გვემუქრება... ჩვენ, მუსლიმანი ქართველები, არ უნდა დაგვკარგოს საქართველომ... ადიგენის მსგავსი პროვოკაციები ჩვენ გვაშორებს თქვენთან; ადიგენის მუსლიმანები ვერ ხვდებიან, რომ მათი აგრესიული ქცევით ჩვენდამი ნდობაც დაეკარგებათ ქრისტიან ქართველებს, ეს კი ჩვენს ერთიანობას შეუშლის ხელს; სხვათა შორის, ასეთი პროვოკაციები საქართველო-თურქეთის ურთიერთობასაც დაძაბავს; სწორედ ეს ხომ არ უნდა მეორე დიდ მეზობელს? ესეც კარგადაა გასათვლელი... 

ტ.ფ.: მართალი ხარ, ფევზი; მე სხვა ასპექტსაც წამოვწევ წინა პლანზე: 

პირველი ქართველიდან შენამდე რამდენი წინაპარი გეყოლება? შენი ბაბუა, იმის მამა, ბაბუას ბაბუა და ა.შ. ძალიან ბევრი, ხომ? ვთქვათ, 1000, ამ ათასიდან მაქსიმუმ რამდენი იყო მუსლიმანი? ვთქვათ, 10; დანარჩენი ქრისტიანია ან წარმართი... შესაბამისად, ადიგენის მუსლიმანები უნდა გაფრთხილებოდნენ თავიანთი ქრისტიანი წინაპრების რელიგიას, ზოგადად, ქრისტიანთა თავმოყვარეობას; მუსლიმან ეკომიგრანტებს (ეკომიგრანტთა დიდი ნაწილი ქრისტიანია) დამხვდურებთან შეთანხმებით უნდა ემოქმედათ და არა - მალულად.

ფ.ჩ.: რა თქმა უნდა! მათ არავინ ასწავლა, რომ მრავალი საუკუნის მანძილზე ქრისტიანობაში ჩამოიძერწა ქართული ხასიათი, კულტურა, ენა; ქრისტიანობით ქართველობა და ქართული ენა გადაარჩინეს ჩვენმა წინაპრებმა; შესაბამისად, მუსლიმანი ქართველებისთვისაც დიდი განძია ქართულენოვანი ქრისტიანობა (და არა - რუსულენოვანი თუ ბერძნულენოვანი); ჩემთვის, როგორც მუსლიმანი ქართველისთვის, არსებითი ისიცაა, რომ აჭარელი, ტაოელი, იმერხეველი, ლივანელი თუ მაჭახლელი მუსლიმანების ქრისტიანმა წინაპრებმა ააშენეს სხალთა, ხიხანი, ოშკი, ხახული, იშხანი, დოლისყანა, პარხალი... დღევანდელი კახელების წინაპრებმა გრემი ააგეს, იმერლების წინაპრებმა - გელათი; ყველამ ერთი დიდი კულტურა შევქმენით და ამ კულტურის ავტორები მუსლიმანი ქართველების წინაპრებიც იყვნენ... ჩემს სადისერტაციო თემადაც გააზრებულად ავირჩიე ქართული ქრისტიანული არქიტექტურა... მე მეამაყება, რომ ჩვენმა ბაბუების ბაბუებმა ხარებით ზიდეს ის დიდი ქვები და დიდებული ეკლესიები ააგეს ოშკში, იშხანში, ხახულში, პარხალში... მათი ამ წვალებისა და შრომის დავიწყება ცოდვაა; მათ დიდი ქართული კულტურა შექმნეს, რომელიც უკვე ჩვენს ძარღვებში მდინარ სისხლთან ერთადაა...

ტ.ფ.: ეს ბევრს არ ესმის... მაგალითად, იუსუფელსა და შავშეთშიც არაერთხელ უთქვამთ ჩემთვის, ეს ეკლესიები (ოშკი, ხახული, დოლისყანა, პარხალი, იშხანი...) რომ ააშენეს, ის ქართველები საქართველოში გადასახლდნენ, ჩვენ კი აჭარიდან მოვედითო; მე როცა ვუხსნი სიმართლეს, უჭირთ დაჯერება, ვინაიდან მუსლიმანობის გამო არ უნდათ, რომ ქრისტიანული კულტურის მემკვიდრეებად იგრძნონ თავი...

შდრ., ოსმალური მინარეთი: სურათი 4
ფ.ჩ.: კი, ასეთებიც არიან, მაგრამ ვინც განათლებულია, იცის, რომ მათი წინაპრების აგებულია და გულში ყველა პატივს სცემს წინაპრების მემკვიდრეობას... ჭკვიანი ადამიანი წინაპარს ვერ შეაგინებს, ეს ცოდვაა... იყოს დღეს მუსლიმანი, თუ მუსლიმანია, მაგრამ პატივი უნდა სცეს წინაპრების კულტურას; მხოლოდ პატივისცემა ცოტაა; უნდა გაიგოს, რომ ქრისტიანული კულტურა მისი წინაპრების შექმნილია და მას უნდა უპატრონოს...
ე.შ.: მართალია; მაგალითად, იშხნის ეკლესიის აღდგენაში ჩვენ, მუსლიმანმა ქართველებმაც უნდა მივიღოთ მონაწილეობა; იშხანი, ოშკი, დოლისყანა, პორტა... საქართველოს სიმდიდრეცა და თურქეთისაც, მაგრამ, პირველ რიგში, ქართველების კულტურაა, ჩემი და შენი წინაპრების შექმნილი კულტურაა, ჩვენი კულტურაა...

ტ.ფ.: ნეტა ყველა თქვენსავით ფიქრობდეს! სწორი განათლების შემთხვევაში ბევრი პრობლემა დაიძლევა; ამის კარგ პერსპექტივას ქმნის თანამედროვე ინტერნეტშესაძლებლობები... ფევზი, საინტერესოა შენი იდეა: საქართველოში არსებული ისლამი სხვა ქვეყნების იდეოლოგიისგან თუკი გათავისუფლდება, მუსლიმანობა დიდად აღარ დააშორებს მუსლიმან და ქრისტიან ქართველებს; ასეთ შემთხვევაში ერთიანობის მთავარი საფუძველი - ქართული ენა - წამოიწევს წინა პლანზე...

ე.შ.: ორივეს გეთანხმებით; საქართველო-თურქეთის კეთილმეზობლობისათვის ყველამ ვიზრონოთ, მაგრამ საქართველოში ისლამს თურქული თუ არაბული იდეოლოგია უნდა მოშორდეს; ქართველები - მუსლიმანი თუ ქრისტიანი, ყოველთვის და ყველა საქმეში ერთად უნდა ვიყოთ... მეც არ მომწონს, რომ საქართველოში ხელოვნურად დაძაბეს მეჩეთების აშენების თემა; მეც ვიცი, რომ საქართველოში ისედაც ბევრი მეჩეთია და არავინ უშლის ხელს მუსლიმანებს ლოცვაში... არ მომწონს არც ამ ამბების იდეოლოგიური და პოლიტიზებული ქვეტექსტები... გარდა ამისა, როგორც სხვა სახელმწიფოებს, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს სახელმწიფო ენისა თუ არქიტექტურული ტრადიციების დაცვის გარკვეული სტანდარტები, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ყველამ - ფიზიკურმა პირმა,, იურიდიულმა პირმა თუ რელიგიურმა ორგანიზაციამ... ამ სტანდარტების დაცვის შემთხვევაში უნდა გასცეს სახელმწიფომ ესა თუ ის ნებართვა; მსგავსი სტანდარტი რომ დაცულიყო, ადიგენის ინციდენტიც არ მოხდებოდა...

ფ.ჩ.: მე უფრო გავაღრმავებ ჩემს მსჯელობას: ახალი მეჩეთი თუ აშენდება, არამხოლოდ არქიტექტურული სახე, არამედ ორნამენტებიც ქართული უნდა იყოს; ქართულენოვან ეკლესიაში დამკვიდრებული ტრადიციული ქართული ორნამენტებიც რომ გამოიყენონ რა პრობლემაა? საქართველოში ქართული უნდა იყოს ყველაფერი! თუნდაც მოლას ჩაცმულობა ავიღოთ:

რატომ აცვიათ საქართველოს სუნიტ მოლებს თურქული სამოსი?
სუნიტების თურქული სამოსი დიდად განსხვავდება, მაგ., არაბული სუნიტური სამოსისგან; საკუთრივ არაბული სამოსიც კი სხვადასხვაგვარია; კერძოდ, საუდის არაბეთში სხვაგვარი სამოსია, ერაყში - სხვა, ეგვიპტეში - სხვა და ა.შ.. ყველა კუთხის არაბ მოლას თავისი კუთხის ტრადიციის მიხედვით შექმნილი შესამოსი აქვს მუსლიმანური ღვთისმსახურებისას... რატომ არ უნდა ჰქონდეს ქართველ მუსლიმანს ქართული ჩოხის/კაბის მოდელზე აგებული მუსლიმური ტანისამოსი და რატომ უნდა იყენებდეს თურქულ "ჯუბბეს" (მუსლიმანურ სარიტუალო სამოსს)?
ჩადრით სიარულიც არ არის ისლამის მოთხოვნა; ისლამს ასეთი ფორმა არ აქვს; ეკლესიაშიც ხომ ახურავთ თავზე? ასე უნდა ეხუროს მუსლიმანსაც; არავინ ავალდებულებს ქალს, ჩადრით იაროს; მეტიც, ჩადრი უფრო ქრისტიანული მონაზვნური ცხოვრების ინერციაა მუსლიმანობაში...

ტ.ფ.: ფევზი, როგორც ვიცი, სხვაობებია წვერის ტარების წესშიც:

ფ.ჩ.: რა თქმა უნდა; ისლამი სავალდებულოდ არ აცხადებს წვერის ტარებას, მაგრამ ზოგი ჯგუფი წვერის, ულვაშის თუ თმის ამა თუ იმ ვარიანტს საკუთარ სიმბოლოებად იყენებს; მაგ., სხვადსხვაგვარად იყენებენ წვერს: არაბი სუნიტები, თურქი სუნიტები, ვაჰაბიტები, შიიტები... ერთიანი წესი არ არსებობს.

ე.შ.: ფევზი, არანაკლებ საინტერესოა საქართველოს ხოჯების ხელფასის საკითხიც:

ფ.ჩ.: ჰო, ამაზე მე და შენ ადრეც ვისაუბრეთ: რამდენადაც ვიცი, ქართველ ხოჯებს ხელფასს აზერბაიჯანის მუსლიმანური ცენტრი უხდის; წიგნებს, სამოსსა და სხვა მატერიალური ფასეულობებისთვის ფულს მუსლიმან ქართველებს თურქეთის სასულიერო ცენტრები აძლევენ, ჯამე, მედრესე და მინარეთიც არაქართული ფულით შენდება; ასეთ პირობებში ისლამის მიმდევრები ქართულ სახელმწიფოს მოემსახურებიან?

ე.შ.: ფულს ვინც იხდის, საქმეც იმისი კეთდება... 

ფ.ჩ.: საქართველოს მთავრობამ უნდა მიხედოს თავის მუსლიმანებს, რომ, ნებსით თუ უნებურად, ქართველი მუსლიმანები სხვის სამსახურში არ ჩააყენოს; თუ საჭიროა მედრესე, საქართველოს მთავრობამ დააარსოს დავით აღმაშენებლის სახელობის მედრესე და აქ სწავლებით - ქართული განათლებით - აღსაზრდელს საქართველოს მოქალაქის შესაფერი სახელმწიფოებრივი ცნობიერება უნდა ჩამოუყალიბდეს... აზერბაიჯანის, თურქეთის თუ არაბეთის საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებზე ორიენტირებული ვერ იქნება...

ტ.ფ.: მართალი ხარ; თუკი ადიგენის მსგავსი პროვოკაციები გაგრძელდა, მილიარდ-ნახევარი ქრისტიანისა და მილიარდ-ნახევარი მუსლიმანის საზღვარზე არსებულ საქართველოში ძალიან სახიფათო გახდება რელიგიური ექსტრემიზმი; შესაბამისად, მთავარია, მუსლიმანობას სხვა ქვეყნების იდეოლოგია მოვაშოროთ და წინა პლანზე წამოვწიოთ ქართველთა იდენტობის უფრო მთავარი ნიშნები; ქართული სისხლი - გენეტიკური ერთიანობა და დედაენა - ქართული ენა; სჯობს, მეტი ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ქრისტიან და მუსლიმან ქართველებს გვაახლოებს და ნაკლებად - იმაზე, რაც გვაშორებს; სამწუხაროდ, ემოციურ ქართველებს ჯერჯერობით არ გვყოფნის გონიერება და თავს მოგვახვიეს მეორე ვარიანტი... ფევზი, ერთი, ჩემი აზრით, საინტერესო კითხვა მაქვს შენთან:

მე რომ ვაკვირდები, თურქეთის მოქალაქე ქართველთა, აბაზათა (აფხაზთა), ადიღეთა... ნაწილი თავს თურქად თვლის, მაგრამ ამავე დროს ამბობს, რომ გურჯია, აბაზაა, ადიღეა... ეს როგორ უნდა გავიგოთ? ეთნიკურად ქართველია და ეროვნებით თურქი? ეთნიკურად აბაზაა და ეროვნებით თურქი? მათ როგორ ესმით ეს? ისიც მაინტერესებს, მაგ., ამ სოფელში მცხოვრებმა ქართველმა თუკი ქართული ენა არ იცის, არ იცის საკუთარი ერის (ეთნოსის) ისტორია, კულტურა, თავს ეთნიკურ ქართველად როგორ აღიქვამს? თუ თავისი საამაყო კულტურა არ იცის, რატომ მოუნდება მას ქართველობა
მინდა გითხრათ, რომ მეჩეთებისა და მინარეთების კონტექსტში თურქეთიც ეძებს ახალ ვარიანტებს; მაგ., დუზჯეს ახალი მეჩეთი და მინარეთები ასე გამოიყურება: სურათი 5
?

ფ.ჩ.: თავისი ხასიათი ხომ იცის? ქართველი ამაყია, სხარტი ჭკუა აქვს, ლამაზია, შავ საქმეს არ აკეთებს, რაც არ უნდა გაუნათლებელი იყოს, მაინც უფროსობა უნდა... ხასიათი აქვს ქართული; გარდა ამისა, განსხვავებული ცეკვა აქვს, განსხვავებული საჭმელი აქვს...

ტ.ფ.: უფრო გამოკვეთილი იქნება თავისი ეთნიკური იდენტობა, თუკი ეცოდინება თავისი წინაპრების ენა და მათი შექმნილი დიდი კულტურა; თუკი ეცოდინება, რომ 33-საუკუნოვანი სახელმწიფობრიობა აქვს ქართველ ერს; მსოფლიოში 5 000-ზე მეტი ენაა და ანბანი მხოლოდ რამდენიმეა; ამათგან ქართული ანბანი გამორჩეული სიძველისა და სილამაზისაა; ქართული ანბანი ზუსტად ასახავს ენის სამეტყველო ბგერებს; სულ მცირე, 15-საუკუნოვანი წერილობითი კულტურა გვაქვს ქართველებს, ამის ცოდნა არ გაზრდის მის ეთნიკურ-ეროვნულ ღირსებას?

ფ.ჩ.: კი, გაზრდის... მაგრამ ეს ჯერ არ იციან აქაურმა ქართველებმა ეს; ჯერ მხოლოდ "სისხლის ყივილით" არიან ქართველები... აქ, თურქეთში, განათლების სისტემა ემსახურება თურქი ერის ჩამოყალიბებას; აქაურ ქართველს, აბაზას, ადიღეს, თურქს, ქურთს... ასწავლეს, რომ ყველა წამოსულები ვართ შუა აზიიდან; რომ ყველა შუა აზიის კულტურის შვილები ვართ; ენით განსხვავებულები ვართ, მაგრამ წარმოშობა შუა აზიიდან გვაქვს თურმე ქართველებსაც და აბაზებსაც, თურქებსაც... ეს სიცრუეა, მაგრამ ბევრს დააჯერეს. სინამდვილეში თურქი შუააზიელია, მაგრამ ქართველები, აბაზები, ადიღელები კი ძირძველი კავკასიელები ვართ... 

ე.შ.: ობიექტური სამეცნიერო ინფორმაცია, აკადემიური განათლება მთელი მსოფლიოს პრობლემაა, თურქეთში კი - ძალიან დიდი პრობლემაა...

ტ.ფ.: ჰო, გარდა ამისა, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში დღეს დიდი თანხები იხარჯება პოლიტიკურად მოტივირებული იდეოლოგემების შესაქმნელად,რომელთა მიზანია საკუთარი მოსახლეობის კონსოლიდაცია და მოწინააღმდეგის დეზინტეგრაცია-დეზინფორმირება... 

ე.შ.: თურქეთის მოსახლეობის კონსოლიდაცია ჯერ კიდევ ათა-თურქმა დაიწყო; მან თქვა: ვინც თურქეთის მოქალაქეა, ყველა თურქია და თურქად უნდა თვლიდეს თავს...

ტ.ფ.: ასეა ევროპაშიც; საფრანგეთის მოქალაქე აფრიკელსაც პასპორტში ფრანგი უწერია... ცივილიზებულ სამყაროში მოქალაქეობაა არის ეროვნულობის განმსაზღვრელი, მაგრამ არა - ეთნიკურობისა... ეს გასაგებია; მე სხვა რამ მაინტერესებს: 

თურქეთში მილიონობით ქართველი ცხოვრობს; დღემდე მათი ქართველობა ქართული ენის ცოდნამ შემოინახა; ფევზი, შენ ამბობ, რომ შენ ხარ ბოლო შენს გვარში ვინც ქართული იცის; მერე რა იქნება? ქართული არ იციან შენმა შვილებმა, მაგრამ მათ იციან, რომ შენ იცი ქართული; შენი შვილების შვილიშვილებს რა ეხსომებათ? მათი სისხლი ქართულად იყივლებს?! ხვალ-ზეგ რა იქნება? თუ ორი-სამი თაობა წამოვიდა ისეთი, როგორსაც ქართული არ ემახსოვრება, რა იქნება? ხომ ხედავ, ძველებური ქართული საჭმელებიც აღარ არის შენს ოჯახში; ქართული ცეკვა-სიმღერაც იშვიათი ხდება... შენი შთამომავლების ქართველობის განმსაზღვრელი ნიშანი რა იქნება?

ფ.ჩ.: იტყვიან, ქართველი ვარ წარმოშობითო, მაგრამ ქართულენოვანი კულტურა თუ არ დარჩა მათ ცნობიერებაში, უფრო და უფრო დაშორდებიან თავიანთ წინაპრებს; თუმცა, მჯერა, რომ არსებობს სისხლის ყივილიც...

ტ.ფ.: კი, ბატონო; თუმცა "სისხლის ყივილს" ხშირად ადიგენის მსგავსი პროვოკაციები თრგუნავს...

ე.შ.: ბატონო ტარიელ, მეც გეთანხმები, რომ თურქეთის ქართველობის მთავარი პრობლემა დედაენის შენარჩუნებაა; ამ მიმართულებით გვაქვს საფიქრალი და ამ დროს უნდათ, ახალი საფრთხე შეგვიქმნან - დაგვაშორონ საქართველოს ქართველებს; ადიგენის პროვოკაციით თურქეთის მუსლიმანი და საქართველოს ქრისტიანი ქართველების დაშორებაა დაგეგმილი; პროვოკატორებს უნდათ, ჩვენ ვიფიქროთ, რომ ქრისტიანი ქართველები ჩვენი მტრები არიან... მე ამის შესახებ დავწერე კიდეც, რომ ხალხი არ დაბნეულიყო...

ტ.ფ.: ერდოგან, ვიცი, ფეისბუქზე ვნახე შენი ტკივილიანი განცხადება ადიგენის სოფელ ჭელაში მინარეთის მონტაჟ-დემონტაჟის შესახებ; ჩვენი სწორი და აქტიური ქმედების შემთხვევაში ყველა კეთილსინდისიერი ადამიანი გაიაზრებს, რომ მსგავისი პროვოკაციები ქართველი ერის წინააღმდეგაა მიმართული...

ე.შ.: სამწუხარო ის არის, რომ თურქეთში საქართველოდან ჩამოდის ზოგი მუსლიმანი ქართველი /საქართველოს მოქალაქე/ და აქ აბეზღებს საქართველოს მთავრობას და ქრისტიან ქართველებს... 

ტ.ფ.: ზოგი ფაქტი მეც ვიცი... ხშირია საქართველოს დაბეზღება თურქულენოვან სოციალურ გვერდებზე?

ე.შ.: სამწუხაროდ, კი; ახლახან საქართველოს რამდენიმე მოქალაქე თურქულ ენაზე წერდა მსგავს წერილებს, განსაკუთრებით, ისლამისტურ გვერდებზე; ამას წინათ ერთი იმასაც კი წერდა, რომ თუ გაჭირდებოდა საქმე, როგორც სირიაში, ჩვენთანაც მოვლენ დასახმარებლად მუსლიმანები მთელი მსოფლიოდანო; ასეთი ადამიანი ნამდვილად ცუდად განაწყობს ქრისტიან ქართველებს მუსლიმანებისადმი და პირიქით... ეს პირები საქართველოს უჩივიან თურქეთში; ისინი აქ კი არ უნდა დარბოდნენ საჩივლელად, არამედ საქმე თავად უნდა მოაგვარონ საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით; თუკი თურქეთიდან დახმარება უნდათ, ესეც სახელისუფლებო დონეზე უნდა მოხდეს და არა - თურქეთში ორგანიზებულ კონფერენციებსა თუ შეკრებებზე განცხადებების კეთებით. მე არ ვეუბნები არავის, მეჩეთი გააკეთონ, ან არ გააკეთონ; ეს არ არის ჩემი საქმე თუ სათქმელი; მე ვამბობ: თუკი რაიმეს აშენებაა საჭირო, უნდა მოგვარდეს საქართველოშივე; ასეთი ჩივილი მტრობას აღვივებს... 

საქართველოსთვის სახელის გატეხაა, მაგ., მათ მიერ გაკეთებული ამ ნახატის მიზანიც: სურათი 6



მე ამ ნახატს ჩემეული შეფასება მივაწერე და ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით ამ ფორმით გავავრცელე ინტერნეტში: სურათი 7



მე ერთი რამ მიკვირს, ბატონო ტარიელ, შენ ქრისტიანი ხარ, ჩვენ, მე და ფევზი, მუსლიმანები; როგორც ვხედავ, ზუსტად ერთნაირად აღვიქვამთ საქართველოს მდგომარეობას, ასევე, ოჯახებით ვართ მეგობრები - ერთმანეთთან სისხლისმიერი ძმებივით ვართ... მიმაჩნია, რომ ქრისტიანი და მუსლიმანი ქართველების ძბობის ნიმუშია ჩვენი ურთიერთობა: ამ ნახატის შემქმნელთ თანასოფლელები, მეზობლები ჰყავთ ქრისტიანები; საქართველოში ცხოვრობენ, ნუთუ ვერ ხვდებიან რას სჩადიან?
ტ.ფ.: ჰო, ჩვენ მართლა სანიმუშო ძმობა გვაქვს... რაც შეეხება მაგათ, ზოგი, ალბათ, გულუბრყვილოა, ზოგიც წაქეზებულია,
საქართველოსთვის სახელის გატეხაა, მაგ., მათ მიერ გაკეთებული ამ ნახატის მიზანიც: სურათი 6
ზოგსაც ჰგონია, რომ ასე საკუთარ მეობას იცავს და ამ დროს საკუთარ ჯიშსა და მოდგმას ებრძვის; ვინც თავის სახელმწიფოს უტეხს სახელს, თავის ეროვნებას უტეხს სახელს, ანუ, საკუთარ თავსაც ებრძვის...
ე.შ.: გეთანხმებით...
ტ.ფ.: გარდა ამისა, ხაზგასმით გეუბნებით:
საქართველოში ყველგან კარგი ურთიერთობაა ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის; აჭარაში ერთ ოჯახშიც კი შეგხვდებათ ქრისტიანი და მუსლიმანი ძმები; ასევე, ხშირად მამა მუსლიმანია, შვილი - ქრისტიანი, ან - პირიქით... საქართველოს სხვა კუთხეებში სიხარულით მიიღეს აჭარელი ეკომიგრანტები; ეკომიგრანტების უმრავლესობაც ღირსეულად იქცევა და ცხოვრობს; საქართველოში არავინ ზღუდავს მუსლიმანებს; შესაბამისად, მუსლიმან ეკომიგრანტს არავინ უშლის, ილოცოს; ვისაც სურს, ყველას აქვს უფლება, აღასრულოს მუსლიმანური ლოცვა, მაგრამ ვერავინ შეეგუება გამაღიზიანებელ ქცევას, მასპინძელი სოფლის წინააღმდეგ გამიზნულ ქმედებას... ერთ მაგალითს მოვიყვან:
რამდენიმე თვის წინ სამთაწყაროს შესახებ აჭარის ტელევიზიის დოკუმენტური ფილმების სტუდიის თანამშრომლებმა და მე გადავიღეთ ფილმი სამთაწყაროელი აჭარელი ეკომიგრანტების შესახებ; შესაბამისად, ზუსტად ვიცი, რომ სამთაწყაროში ისინი ნამდვილად არ ითხოვდნენ მეჩეთის გახსნას; ამ მიმართულებით თბილისიდან და პანკისიდან ჩასული რამდენიმე კაცი აქტიურობდა... სოფლის მოსახლეობამ, მათ შორის, ქრისტიანმა და მუსლიმანმა აჭარლებმაც ვერ აიტანეს ის, რომ თავიანთ სოფელში მეჩეთის ამოქმედებას მოითხოვდა პანკისიდან მოსული რამდენიმე ქისტი (ჩეჩენი) ერთადერთი სამთაწყაროელი მუსლიმანის გამოყენებით!
წარმოიდგინეთ, საბერძნეთიდან ერთი ქრისტიანი რომ მოვიდეს ახლა ამ სოფელში, შუა თურქეთში და დასახლდეს; ორ-სამ წელში კი სტუმრად მოიყვანოს რამდენიმე რუსი და ხელისუფლებისგან უნებართვოდ დაიწყოს ეკლესიის მშენებლობა; თურქეთის სახელმწიფო, აქაური მუსლიმანები რას იზამენ ასეთ შემთხვევაში?
ე.შ.: რა თქმა უნდა, არავინ ააშენებინებს მათ ნებართვის გარეშე; ნებართვის მიცემა კი როგორ მოხდება სოფლის მოსახლეობის ნების გაუთვალისწინებლად, ძნელი სათქმელია...
ტ.ფ.: მინდა იცოდეთ, რომ იმავე სამთაწყაროში ისევ აჭარლებმა არ მისცეს უფლება თბილისიდან თუ პანკისიდან ჩამოსულებს, ასეთი ზეწოლით აემოქმედებინათ მეჩეთი ახალნაყიდ კერძო სახლში; გარდა ამისა, ზუსტად ვიცი: არ იყო იმ სოფელში მუსლიმანი მრევლი! ეს კარგად გამოჩნდა შემდგომ თვეებშიც; თავად საქართველოს მუსლიმანთა ლიდერმა განაცხადა, რომ ამ სოფელში არ ყოფილა მუსლიმანი მრევლიო... უფლებადამცველების პოლიტიზებული ნაწილი კი დღემდე სპეკულირებს ამ თემით...
ე.შ.: ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა ხდება საქართველოში; ცუდი ამბავი კი სწრაფად ვრცელდება; თუ ვინმე თავისი პოლიტიკური შეხედულებით ცდილობს თურქეთის მოსახლეობის ამხედრებას საქართველოს წინააღმდეგ თუ საქართველო-თურქეთის ურთიერთობის დაძაბვას, მას უნდა მოეკითხოს... ჩვენ, თურქეთის მოქალქე მუსლიმანი ქართველები, ყოველ შემთხვევაში ჩემი წრე, ვფიქრობთ, რომ რელიგიის თემა ფაქიზია და ძალიან საფრთხილო; ამ კონტექსტში ვიტყვი, რომ სახელმწიფოს ნებართვის გარეშე, მინარეთის აღმართვაც პროვოკაციაა და მინარეთის დემონტაჟის შესახებ პოლიტიკური ხმაურის ატეხაც; ეს პოლიტიკოსები ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ასეთი უსაფუძვლო აჟიოტაჟი მოწინააღმდეგე პარტიას კი არა, საქართველოს უტეხს სახელს და უმრავლებს მტრებს.
ტ.ფ.: ერდოგან, მართალი ხარ; შიდაპოლიტიკური ბრძოლა ისე უნდა წარიმართოს, რომ ქვეყანას არ ევნოს... სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი მხოლოდ საკუთარ კარიერაზეა ორიენტირებული და არ შეეფერება თანამედროვე ქართველთა ღირსებასა და პატიოსნებას; ამას ბევრი მიზეზი აქვს; მოკლედ გეტყვი; პოლიტიკოსთა არც თუ მცირე ნაწილი დანაშაულისა თუ ბურუსით მოცული ანტიხელმწიფოებრივი გარიგებების მონაწილეა; სანამ საქართველოში სამართლებრივად არ შეფასდება ბოლო 23 წელიწადში განხორციელებული გადატრიალებები, პოლიტიკური ორიენტაციების რადიკალური ცვლილებები და პრეზიდენტისა თუ პრემიერის მკვლელობები, პოლიტიკური სპექტრი ვერ დაიწმინდება... ჩემი აზრით, პირველ რიგში, აუცილებელია სახელმწიფოზე ორიენტირებული, ჯანსაღი პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბება; დღეს საქართველოში ძალიან ცოტაა ფასეულობებისა თუ პოლიტიკური ორიენტაციების მიხედვით შექმნილი პარტიები...

ე.შ.: გეთანხმებით; პოლიტიკური ცხოვრებისთვის აუცილებელია პოლიტიკური პარტიები და არა - ცნობადი სახეების მიერ შექმნილი კლანები... მე ისევ მინდა დავუბრუნდე პოლიტიკოსებისა თუ ავანტიურისტების მიერ რელიგიური დაპირისპირების პროვოცირებას: ეტყობა, მტერმა კარგად იცის, რომ რელიგიურ დაპირისპირებაზე ბევრი საუბარი საქართველოსთვის, ზოგადად, ქართველობისათვის ძალიან საზიანოა; ამ გამოგონილ პრობლემებზე საუბრის გაგრძელება არ ესაჭიროება არც საქართველოს და არც თურქეთში მცხოვრებ მუსლიმან ქართველებს; ჩვენ ისედაც ბევრი პრობლემა გვაქვს... სოციალურ ქსელებში თურქეთელი მუსლიმანი ქართველები ხშირად ვეკამათებით საქართველოში მოქმედი იმ მუსლიმანური ჯგუფის წევრებს, რომლებმაც ხმაური ატეხეს სამთაწყაროსა თუ ადიგენის ამბების გამო; მათ ვეუბნებით, რომ საქართველოს წინააღმდეგ ნუ მუშაობენ, მაგრამ არ ესმით; სამედნიეროდ, ასეთები ცოტანი არიან, მაგრამ, სამწუხაროდ - ძალიან აქტიურები არიან...

ტ.ფ.: ჯერჯერობით ცოტანი არიან, მაგრამ ფული ბევრს უბრმავებს თვალს; აშკარაა, რომ საქართველო მეორეხარისხოვანია მისთვის, ვინც სხვა ქვეყნების მუსლიმანებს უხმობს ქრისტიან ქართველთა წინააღმდეგ, მით უმეტეს მათ წინააღმდეგ, ვინც წლების წინ ამ ეკომიგრანტებს საცხოვრებლად დაუთმო მიწა-წყალი, სახლ-კარი...

ე.შ.: საქართველოს ხელისუფლებას ესეც უნდა ვკითხოთ: მუსლიმანების სახელით მოლაპარაკე ქართველები უცხოეთიდან რატომ იღებენ დიდ დაფინანსებას? საინტერესოა ისიც, რომ საქართველოში ყურადღებას არ აქცევენ საქართველოს გარედან დაფინანსებული სექტანტების ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას... მაგ., აზერბაიჯანმა "მწვანე არ აუნთო" ზოგ მუსლიმანურ სექტას, საქართველოში კი თავისუფლად არიან და უნივერსიტეტებიც კი გახსნეს... ეს ზიანს არ აყენებს საქართველოს? გარდა ამისა, საქართველოში ძალიან ბევრი თურქული სკოლაა, თურქეთში კი ქართული დღემდე არ ისწავლება, ქართულ სკოლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია... თუნდაც ადიგენის მინარეთის ამბავი ავიღოთ:

თურქეთში, არტაანში, კერძოდ, ფოსოფში (ფოცხოვში) შეგროვებული
მე ამ ნახატს ჩემეული შეფასება მივაწერე და ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით ამ ფორმით გავავრცელე ინტერნეტში: სურათი 7
ფულით ნაყიდი მინარეთი (შდრ.: http://www.ardahan.bel.tr/haber/5037/ardahanli-din-gorevlileri-ahiskada-minare-insa-etti.html) წყლის მილის სახით როგორ გავიდა საქართველოს საბაჟოზე? როგორ აღიმართა ადიგენში? სად იყო ამ დროს ხელისუფლება?

ფ.ჩ.: მართალია! აქვე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: თუ საქართველოს მოქალაქეებისათვის დასაბეჭდია მუსლიმანური წიგნი, აღსამართია მინარეთი, ეს უნდა გაკეთდეს საქართველოს ფულით; მე არ მომწონს, რომ ეს კეთდება არაქართული ფულით და ფარულად; თუ დახმარება საჭიროა ჩვენგან, ოფიციალურად უნდა ეთხოვოს თურქეთის ხელისუფლებას საქართველოს ხელისუფლების გავლით; ფარული დახმარებები მეტად საეჭვოა.

ე.შ.: მართალი ხარ, ფევზი; ამიტომ ჩვენ, იქაურმა და აქაურმა ქართველებმაც და ორივე ქვეყნის ხელისუფლებებმაც კარგად უნდა გავიაზროთ და ისე გადავდგათ ნაბიჯები მეტად რთულ თანამედროვე სამყაროში...

ტ.ფ.: ჩემს სათქმელს ამბობთ... დავამატებ: 

ჩვენ, ქრისტიან და მუსლიმან ქართველებს ერთი გვაქვს სისხლი, დიდი ისტორიული მეხსიერება, მიწა-წყალი, ტრადიციები, დედაენა, საოცრად ზუსტი ქართული ანბანი და მრავალსაუკუნოვანი სამწიგნობრო კულტურა... თუ გვეყოფა გონიერება, ჩვენ ვერავინ დაგვაპირისპირებს ერთმანეთთან; დღესაც ყველა პროვოკატორი ცნობილია ჩვენთვისაც და თქვენთვისაც, თუმცა, რაღაც მიზეზების გამო, წყალს მაინც იოლად გვიმღვრევენ; თანამედროვე ინტერნეტსივრცე იძლევა საშუალებას, მეტად ვიყოთ ინფორმირებულნი; კარგად ვიცოდეთ რეალური ისტორიაც და აწმყოც, რომ სამომავლო ორიენტირები სწორად დავინახოთ; თქვენ იცით, მაგრამ კარგი იქნება, თურქეთში აღზრდილმა სხვა ქართველებმაც იცოდნენ:
ქართველები კავკასიის ავტოქთონი მოსახლეობა ვართ; ჯერ კიდევ 33 საუკუნის წინ იყო ცნობილი აეტის ქართული სახელმწიფო - კოლხა; აქვე აღვნიშნავ კოლხური არქეოლოგიური კულტურის საზღვრები მოიცავს: ამჟამინდელ ლაზეთსა და კალრჯეთს, აჭარასა და გურიას, სამეგრელოსა და სვანეთს, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმს, ქართლს, სამცხე-ჯავახეთს, ტაოს... ფაქტობრივად, მთლიან ისტორიულ საქართველოს.

ქართველებს ოქროს საუკუნე გვქონდა რვა საუკუნის წინ, თამარ მეფის ეპოქაში; შემდეგ დიდი ქართული სახელმწიფო მონღოლ დამპყრობლებთან ბრძოლაში დაიქანცა; მერე, 1555 წლიდან, ირან-ოსმალეთის ერთობლივი შემოტევები აქტიურად დაიწყო; 1801 წელს რუსეთის იმპერიაც ჩამოგვისახლდა კავკასიაში; მე-20 საუკუნიდან კავკასიის, კერძოდ, საქართველოს პლაცდარმად ქცევაში გერმანია, ინგლისი თუ ამერიკა ეცილება მათ; დღეს ბაქო-ჯეიჰანის კავკასიის ტრასას ამერიკა აკონტროლებს, სამხრეთ კავკასიას (ყარსის მხარე და ტაო-კლარჯეთ-ლაზეთი) - თურქეთი, ჩრდილოკავკვასიას - რუსეთი; რუსეთის ორმაგი სტანდარტი და ე.წ. უფროსი ძმობის ყავლი დიდი ხანია გასულია, ამიტომ ის ახლა აფხაზთა და ოსოთა ერთი ნაწილის გამოყენებით ცდილობს, დაინარჩუნოს აფხაზეთი და ცხინვალის მხარე, რომ კავკასიაში გეოგრაფიული არეალი გაიფართოვოს; დიდი გეოპოლიტიკურ მოთამაშეთა ამბიციებს კი საქართველო, ქართველი ერი ეწირება... 

საქართველოს თითქმის ნახევარი ოკუპირებულია; თანამედროვე ქართველები ვცდილობთ, გადავარჩინოთ ჩვენი წინაპრების მიერ დაფუძნებული სახელმწიფოც და ქართველი ერის სიცოცხლეც... ტერიტორიული მთლიანობის გარდა, ქართველი ერისათვის ასევე არსებითია, გარდაუვალი ასიმილაციისგან ვიხსნათ თურქეთის მოქალაქე მილიონობით ქართველი; თქვენ უნდა იყოთ თურქეთის ერთგული მოქალაქენი, მაგრამ ეთნიკური მეობა უნდა შეინარჩუნოთ; ეს შესაძლებელია მხოლოდ თქვენი დედაენის გადარჩენით...

საქართველოს ამდენი პრობლემა აქვს და ამ დროს, ვითომდა უმცირესობების უფლებების დაცვის მოტივით, ნიგვზიანში, სამთაწყაროსა თუ ადიგენში ცდილობენ, ხელოვნურად შექმნან რელიგიური დაპირისპირების სიტუაცია და ერთმანეთს დაგვაშორონ მუსლიმანი და ქრისტიანი თანამოძმენი; პარალელურად, ცდილობენ, დაძაბონ საქართველო-თურქეთის ურთიერთობა. 

აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობას ნამდვილად არ წაადგება თურქეთის ზოგი მაღალჩინოსანისა თუ ქალაქის მერის მხიარული ვოიაჟი რუსებისგან ოკუპირებულ აფხაზეთში; მაგ., საინტერესოა, რა მიზანი ჰქონდა ინეგოლის ქართველ მერს სოხუმში სტუმრობისას?

ქართველები კი ვართ მცირერიცხოვანი ერი, მაგრამ დიდი ისტორია გვაქვს და ეს ისტორია თავისუფლების შენარჩუნებისა თუ თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა... არც ახლა შეეგუება საქართველო სხვათა ბატონობის მცდელობას. მეამაყება, რომ დედამიწაზე ძალიან ცოტა ერი, რომელიც 33 საუკუნეა ცოცხლობს, აქვს დიდი ეროვნული კულტურა და მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფო! სწორედ ღირსების ეს განცდა არის ჩვენი ენერგიისა და ბრძოლისუნარიანობის წყარო; არავის უნდა შეექმნას ილუზია, რომ რამდენიმე ათეული უღირსი ქართველისა თუ პოლიტიკოსის მოსყიდვით მთელ ქართველ ერს დაიმორჩილებს...

თურქეთთან ურთიერთობის კონტექსტში კი პირადად ჩემი თვალსაზრისი ასე შეიძლება შევაჯამო:

1. გულწრფელად და ღიად უნდა განვავითაროთ საქართველო-თურქეთის მეგობრობა; ქართველებს აღარ გვინდა, რუსეთის მსგავსად, მზაკვრულად მოგვექცეს ვინმე, თავისი იმპერიული ამბიციებიდან გამომდინარე; საქართველოში აღარავინ ენდობა ორმაგ რუსულ სტანდარტებს; არც სხვა ქვეყნის ორმაგ სტანდარტს ავიტანთ; ჩვენ გვინდა, რომ საქართველო და თურქეთი კარგი მეზობლები იყვნენ; ნამდვილად ვერ შევეგუებით, ახლა თურქეთმა ან ამერიკამ თავის ავანპოსტად აქციოს საქართველო, ან ისევ რუსეთმა აკონტროლოს საქართველო... 

2. თურქეთში მილიონობით მუსლიმანი ქართველი ცხოვრობს; თურქეთისა და საქართველოს ხელისუფლებებმაც და აკადემიურმა წრეებმაც უნდა ვიზრუნოთ ამ ქართველთა დედაენის გადარჩენისათვის; დედაენის გადარჩენა გულისხმობს ორი მიმართულებით გასაწევ საქმიანობას:

- უნდა შევინარჩუნოთ თურქეთის ქართველობის კუთხური მეტყველებები (ლაზური, ტაოური, ლივანური, მაჭახლური, იმერხეული, აჭარული...), რომლებიც გაქრობის საფრთხის წინაშე არიან;

- თურქეთელ ქართველებს უნდა შევასწავლოთ მათი წინაპრების მიერ შექმნილი მრავალსაუკუნოვანი ქართული სამწიგნობრო ენა, როგორც ქართველთა ეროვნული იდენტობის საფუძველი.

თურქეთში ქართველთა ენობრივი სამყაროს გადარჩენით თურქეთის დიდ სახელმწიფოს არაფერი დააკლდება, ისედაც მცირერიცხოვანი ქართველი ერისათვის კი თურქეთის ქართველების ენობრივ-ეთნიკური მეობის შენარჩუნებას არსებითი მნიშვნელობა აქვს...

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq