ორი სიტყვით შევეხოთ ეროვნული საკითხის კრიტიკასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას: მისი რაციონალურობისა და აკადემიურობის საკითხს. ამაზე დაფიქრების მიზეზს მაძლევს საქართველოში გაჩენილი სნობური ტენდენცია, რომელიც ყოველივე ეროვნულისა და მშობლიურის ღრმა სულიერ წრფელ სიყვარულს უბრალოდ აბუჩად იგდებს თავისი დამახასიათებელი ზედაპირულობითა და პრიმიტივიზმით. ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ კრიტიკდება ე.წ. "სუფრული პატრიოტიზმი", ან " ვაშა პატრიოტიზმი" ან უბრალოდ პატრიოტიზმი მოიხსენიება დრო მოჭმულად, გლობალიზაციისთვის შეუსაბამოდ, არაადეკვატურად და არა ინტელექტუალურად. დღევანდელმა ნეოლიბერალურმა პოსტმოდერნმა მოიტანა ტენდენცია, რომ თუ რაღაც არ არის რაციონალური შესაბამისად არ არის აკადემიური, ანუ ხმარებისთვის უვარგისია. ვხედავთ, რომ ადამიანთა შორის სიყვარულის ცნება ჩანაცვლდა ტოლერანტობით, ანუ ადამიანთა მიერ ერთმანეთის ატანა, გაძლება "მოიტანა დრომ" და არა მისდამი ქრისტიანული დამოკიდებულება, როგორც მოყვასისადმი. ცდილობენ საზოგადოება აქციომ უსულო ხალხის ნაკრებად, რომლის უმაღლეს მიზანს კუჭის ამოვსებისთვის ბრძოლა წარმოადგენს და არა ტრანსცენდენტული ღირებულებები და ეროვნული იდეალები. სამშობლოსთვის თავდადება ქილიკის საგანია, რადგან მიჩნეულია სიცოცხლის უპატივცემულობად. თავდადების საკრალური აქტის სულიერი მნიშვნელობა, ისევე როგორც თავად სულიერება დღითი-დღე აზრს კარგავს და უფასურდება. აქვე თავს იჩენს სნობური კრიტიკა ეროვნული კულტურისა და ტრაციების, აგდებული დამოკიდებულება კონსერვატიული ღირებულებების და ზღვარს გადასული ნომინალიზმი, რომელიც ამორალობის სრულ ლეგიტიმაციას ახდენს და ადამიანთა უმრავლესობა შესაბამისად უმცირესობის ზეწოლით დაჩაგრული და ღირსება შელახულია. ეს ფაქტი ფაქტად რჩება, მისი კრიტიკა კი ”ბნელის” იარლიყით ჯილდოვდება. პატრიოტიზმი აღქმულია როგორც ემოციური ( და ბუნებრივია რომ ასეცაა და სწორედ, რომ უნდა იყოს!), ირაციონალური მოვლენა და ხშირად აკრიტიკებენ როგორც ნაციონალური შეუწყნარებლობის პირველწყაროთა თუ მასების სამართავ ინსტრუმენტად. პატრიოტიზმს აკრიტიკებენ, როგორც მოძველებულ ცნებას და არა პროგრესულს. გლობალიზმი მიჩნეულია ერთადერთ და გარდაუვალ მოვლენად, ისევე როგორც კაპიტალიზმი და პატრიოტიზმი ან და ნაციონალიზმი ჩარჩენილ, დროსთან არა ადეკვატურ დამოკიდებულებად ან გრძნობად. აქვე საჭიროა, რომ გავარკვიოთ რა არის ცნებები ნაციონალიზმი და პატრიოტიზმი. ცნებათა ბუნდოვანება აპრიორ პრობლემას ნიშნავს, როგორც წესი. სოციალურ მეცნიერებებში მათ თავ-თავისი ეტიმოლოგიური მნიშვნელობა აქვთ და განმარტებები. პოსტ-საბჭოთა საქართველოში ნაციონალიზმი სხვა ერებისადმი მტრულ და ქსენოფობიურ იდეოლოგიად უფრო განიხილება, მას ხშირად უწოდებენ თვითგამოცხადებული ინტელექტუალი ქართველები "ფაშიზმს" რაც თავის მხრივ არა მეცნიერული და არა ადეკვატურია. პატრიოტიზმსაც სხვადასხვაგვარად განმარტავენ და მე ვთვლი, რომ მისი ზუსტი ეტიმოლოგიაც არაა დადგენილი და სადავო ტერმინია. ამაში ნებრი შეიძლება შემედავოს, მაგრამ ფაქტები ამას გვაჩვენებს. მისი მიღებული დეფინიცია რომ ესაა კარგი მოქალაქე და სახელმწიფოს ერთგული, ნიშნავს რომ მხოლოდ მაშინ შეიძლება იყო პატრიოტი თუ შენ მოგწონს სახელმწიფო და გაკმაყოფილებს ანუ ე.წ. სოციალური კონტრაქტი ძალაშია. მაგრამ მე არ ვთვლი, რომ პატრიოტიზმი ეს არის რაიმე სახის კონტრაქტი ან და უბრალოდ სამოქალაქო საბუთი, მოწმობა. ჩემი აზრით პატრიოტიზმი ღრმა და სულიერი ფენომენია. ჩემი დამოკიდებულება პატრიოტიზმის მიმართ ეკვივალენტურია თერგდალეულთა დროს არსებული ტერმინის - მამულიშვილის. უბრალოდ ვთვლი, რომ დღეს სჯობს პატრიოტი გამოვიყენოთ, რადგან გარკვეულ მიზეზთა გამო ყურსა და გონებას ასე უკეთ ხვდება. დავუბრუნდეთ დღევანდელ ტენდენციებს. მოკლედ პრობლემას წარმოადგენს თანამედროვე რეალობასა და ტენდენციებში პატრიოტის მარგინალიზაცია და მისი არა რაციონალურ, ემოციურ და დრო მოჭმულ ადამიანად გამოყვანა და მხილება. ეს პრობლემა საქართველოში არახალია. მასზე ჯერ კიდევ არჩილ ჯორჯაძე წერდა: ”საინტერესოა მხოლოდ ერთი რამ, სახელდობრ ის თუ როგორ გესმით ეროვნული პრობლემა. ავტომონომისტი ხართ თუ ავტონომიის მოწინაღმდეგე. ამაყად ატარებთ ქართველი კაცის სახელს, თუ სირცხვილით იწვით, რომ განგებამ ქართველად გშობა და ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანად გაგაჩინა. თუ აშკარაა და ნათელი ამ საგნის შესახებ თქვენი აზრი დანარჩენი ყველაფერი ნათლით იფინება, თუ თქვენ იმდენად გულუბრყვილო ბრძანდებით, რომ ქართველობა არ გეთაკილებად, არც გეზიზღებათ, იცოდეთ შავრაზმელთა ჯგუფში უნდა ჩაირიცხოთ, ნაციონალისტის სამარცხვინო სახელი უნდა ატაროთ და წყვდიადი და ბნელეთია მაშინ თქვენი ხვედრი და თუ გამოხვედით მოედანზე და შესძახეთ გულში ხელის ჩარტყმევით: ამხანაგებო წარსული მძულს და აწყმო მეზიზრება-თქო, იცოდეთ რომ თქვენი მომავალი უზრუნველყოფილია, შარავანდედით შეიმკობა თქვენი კოსმოპოლიტიკური გვამი და ქუჩაში გავლისას თქვენზე თითით მიანიშნებენ და იტყვიან: აი ჩვენი მხსნელი, აი თავისუფლების მოციქული და შავრაზმელ ნაციონალისტთა ამომგდებიო." მოცემულ ციტატაში ნათლად ჩანს XIX საუკუნის საქართველოს ეროვნული საკითხის პრობლემა. ჩვენ იმპერიათა ჭიდილში გვქონდა, გვაქვს და ალბათ კიდევ დიდხანს გვაექნ ეროვნული პრობლემა, რომლის გადაჭერაზეც ზრუნავდნენ ქართველი მოღვაწეები, იგივე არჩილ ჯორჯაძე თუ სხვა ეროვნული იდეოლოგები. სამშობლო ადამიანისთვის არის უპირველეს ყოვლისა მისი ერი, ხალხი, რომელთაც აერთიანებს საერთო ეროვნული იდენტობა, ფსიქიკური, სოციალური, კულტურული, პოლიტიკური ერთობა და ამ ერთობის დაცვა მათი საერთო ეროვნული მიზანია. ჩვენი სამშობლო მიწა-წყალი, ქართული ენა, ანბანი და სხვა სწორედ ჩვენი - ქართველი ერის საკუთრებაა და ამ ყველაფრის შენარჩუნებითა და განვითარებით, წარსული ისტორიული მეხსიერებითა და მომავლის საერთო რწმენით ვარსებობთ როგორც ერი, ერთიანი ჩამოყალიბული ორგანიზმი. ჩვენი ერის ფესვები ათასწლწულთა უკანაა ჩაკარგული, ეს კი თავის მხრივ კიდევაც განამტკიცებს ქართველთა ერთობას და ამასთან ბევრ რამეს ბუნდოვანსაც ხდის. ჩვენი ისტორიის სიღრმესა და შეუსწავლობას კარგად იყენებდა და იყენებს მტერი. ცნობილი ფაქტია, რომ რუსეთის იმპერია ვერაგულად თამაშობდა ქართველთა უზარმაზარ ისტორიაზე და თხზავდა ფსევდო ისტორიას, ცრუ მეცნიერულ თეორიებს აგებდა, რითაც ქართველ ხალხში აჩენდა არასრულფასოვნების კომპლექსს, ეს ძალიან საშიშია ერისთვის. მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსები არწმუნებდნენ ჩვენ ხალხს, რომ საქართველოში კაპიტალიზმის შემოსვლამ ჩამოაყალიბა ქართველი ერი, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, ვითომდა მანამდე არ არსებულა ქართველთა ეროვნული ერთობა. სამწუხაროდ აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ჩვენი ვაი-მეცნიერი დღემდე ამ მიმართულებით აგრძელებს აქტიურ მუშაობას. ქართველთა რეალურ ეთნოგენეზსა და ისტორიულ სიღრმეებს სხვა დროს უფრო დეტალურად შევეხები, ახლა კი დავუბრუნდეთ ძირითად თემას. პატრიოტიზი წარმოშობილია ბერძნული სიტყვიდან πατρίς, ანუ სამშობლო. სამშობლო კი როგორც უკვე ავღნიშნე არის უპირველეს ყოვლისა ერი, რომელსაც გააჩნია ის მთელი რიგი ფასეულობები და ღირებულებები რომელთა დაცვა და შენარჩუნება განაპირობებს სწრავას ამ ერის და მისი საარსებო არეალის, მისი სახელმწიფოსა და იდენტობის მარადიული არსებობისკენ სწრაფვას. თუ ადამიანს არ აქვს გენეტიკური იდენტობა აბორიგენ ხალხთან, ეს ავტოქტონი მოსახლეობა თავისი იდეოლოგიით უნდა ცდილობდეს ინტეგრირება მოახდინოს ასეთი ადამიანის რათა მასში გააჩინოს ზემო ხსენებული პატრიოტიზმის გრძნობა და ეროვნული ცნობიერება. ქართველ ერს საარსებოდ სხვა გარემო, სხვა ტერიტორია არ აქვს. კავკასიის შუაგულში, ორ ზღვას შუა მდებარე მიწა ის არეალია, რომელზეც დასაბამიდან, ავტოქტონურად ცხოვრობდა ჩვენი ქართველური მოდგმა და ქმნიდა კულტურას, ცივილიზაციას, ქართულ იდენტობას და ისტორიას. იმისთვის, რომ ეს განვითარება გაგრძელდეს, ჩვენ გვჭირდება გვქონდეს მოწესრიგებული საზოგადოებრივი ცხოვრება, რაც გამოიხატება ერთიანი მიზან-დასახული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად თავდაუზოგავ სწრაფვაში. ეს თავდადება და მოტივაცია ვაკეთოთ მეტი და მეტი ჩვენი ერისა და ქვეყნისთვის უნდა მომდინარეობდეს ღრმა სულიერი მიჯაჭვულობისა და სიყვარულის განცდისგან სამშობლოს მიმართ. სხვა შემთხვევაში საზოგადოება მხოლოდ მექანიკური ინდივიდების უსულო ჯამია. ერი ესაა სულიერი ერთობა. საზოგადოება კი ერის მიზან-დასახვა, ამ ერის პროგრესისათვის. ერის არსებობისა და განვითარების აუცილებელი პირობაა პატრიოტიზმი, ე. ი. სამშობლოს სიყვარული და სურვილი მისი მარადიული არსებობისა და სიდიადისა. სამყარო ლამაზი ჰარმონიულობის წყალობითაა, ჭეშმარიტი კოსმოპოლიტიზმის ქვაკუთხედი ეროვნულ კულტურათა შემოქმედებითი თანაზიარება და თანაარსებობისკენ სწრაფვაა. საქართველო არასდროს ყოფილა შოვინისტური სახელმწიფო, ჩვენ არ გვახასიათებდა უცხოზე ძალადობა და მტრობა. ქართული პატრიოტიზმი იყო და უნდა იყოს ინსპირირებული ქართული სინკლიტით, მისი კულტურის სულიერი ბირთვით და არა თავს მოხვეული ფსევდოკულტურითა და ცრუ იმპერატივებით. ქართული ეროვნული კულტურა და იდეა თავად წარმოადგენს ზოგადსაკაცობრიო ფასეულობას. აქედან გამომდინარე პატრიოტი ადამიანის ამოსავალი წერტილი უნდა გახდეს ეროვნული ინტერესები, რომელთა გააზრებით და გაცნობიერებით ყბადაღებულ "სუფრულ" და "ვაშა" პატრიოტიზმებსაც აღარ ექნება ადგილი. ქართველი ადამიანი უნდა გახდეს პრინციპული, მას უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული ეროვნული პოზიცია და რაციონალურად, რეალისტურად აკეთებდეს ქართულ საქმეს. ჩვენ, ქართველები, უძველესი კავკასიელი მოდგმა ვართ და მსოფლიო ცივილიზაციის ფუძემდებელი ხალხის შთამომავლები. ვისაც ამაში ეჭვი ეპარება ან უცოდინარია, ან ნაძირალა. ქართველობა არაა პირადობის მოწმობაში აღბეჭდილი გრაფა, ეს სულიერი ცნებაა უპირველეს ყოვლისა! ამიტომ სულიერი განმტკიცებისა და ამაღლების გარეშე ქართველი ხალხის მსოფლიო პროგრესსა და ცივილიზაციაში ადგილის დამკვიდრება შეუძლებელია. |