საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > პუბლიცისტიკა

ვახტანგ გორგასალი
ლელა ჩხარტიშვილი

არ არსებობს სამყაროსა და საზოგადოების წარმმართველი სხვა ძალა, გარდა ღმერთისა

,,ვახტანგ გორგასლის  ცხოვრების'' ისტორიკოსი – ჯუანშერი პირუთვნელი მეისტორიეა. მის ამ თხზულებაში გამოვლენილია ქრისტიანული რელიგიის ზნეობრივი მსოფლმხედველობა. ჯუანშერის ისტორიული აზროვნება პროვიდენციალისტურია – იგი არა მარტო აღწერს ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებს, არამედ მიზეზებსაც არკვევს და ამდენად, იგი შემფასებელია და ეს შეფასება გაჯერებულია წმ. წერილის სულით. იგი ისტორიულ ფაქტებში ეძებს ,,მიმალულ'' სულიერ აზრს. ჯუანშერის თხზულება ,,ვახტანგ გორგასლის ცხოვრება'' ქრისტიანობის აპოლოგიაა. ქრისტიანობის უნივერსალობის ხაზგასმით, იგი ისტორიას შორს მიმავალ მიზანს უსახავს: ქართველობის საღვთო გზაზე მიბრუნებას, წარმავალი სამყაროს ნაცვლად მარადიული იდეალების დამკვიდრებას, ეკლესიის როლის აღზევებას და თეოკრატიული პრინციპების პოპულარიზაციას. ჯუანშერი იზიარებს შუა საუკუნეობრივი ისტორიოგრაფიის პრინციპებს: არ არსებობს სამყაროსა და საზოგადოების წარმმართველი სხვა ძალა, გარდა ღმერთისა, მაგრამ ისტორიაში ბევრი რამ არის ისეთი, რაც ადამიანთა მოქმედებებზეა დამოკიდებული, რადგან ადამიანები თავისუფალი ნებით დაჯილდოებული არსებებები არიან და მათ ხელშეუხებელი უფლება აქვთ სიკეთესა და ბოროტებას შორის არჩევანისა.

ღმერთი წინასწარმცოდნეა, მაგრამ წინასწარგანმსაზღვრელი არ არის. იგი ადამიანს წინასწარ არ უსაზღვრავს ქცევას და მას გარკვეულ გამოცდას უწყობს, რომ თვითონ გადაწყვიტოს თავისი ბედი. ამ მოძღვრების ოპტიმიზმი იმაში მდგომარეობს, რომ საყოველთაო უბედურებები საბოლოო ჯამში ცხადდება ცოდვებისაგან გამოხსნისა და კათარზისის პირობად.

თუ ქვეყანა მტკიცედ იდგება ქრისტიანობისა და ეკლესიის ნიადაგზე, მას ვერავინ დაამარცხებს

დავუბრუნდეთ ჯუანშერის თხზულებას. იგი იწყება იმ პერიოდით, როდესაც ქართველთა მეფე მირდატი სპარსელებმა შეიპყრეს და ბაღდადში წაიყვანეს, სადაც იგი გარდაიცვალა. სპარსელებმა დაიპყრეს ქართლის სამეფო, შერყვნეს ეკლესიები და ჯვრები დამალეს. ისინი ძალით ავრცელებდნენ ცეცხლთაყვანისმცემლობას.

სამი წლის შემდეგ სპარსთა მეფეს საქართველოსთვის აღარ ეცალა. ამ გარემოებით ისარგებლეს ქართველებმა და მცხეთაში გაამეფეს მირდატის ძმისწული, თრდატ მეფის შვილი – არჩილი, რომელმაც საბერძნეთიდან მოიყვანა ცოლი – მარიამი და სპარსელებთან მტრობა გამოაცხადა: ,,გამოაჩინნა ჯვარნი და მოკაზმნა ეკლესიანი, მოსრნა და განასხნა ყოველნი ცეცხლის მსახურნი საზღვართაგან ქართლისათა, მოირთო ძალი საბერძნეთით და წარძღვანებითა ჯვარისათა იწყო ბრძოლად სპარსთა''. მემატიანე არჩილის შესახებ წერს, რომ იგი ,,სასოებითა და მინდობითა ღმრთისათა'' მიეგება მტერს და ,,ძალითა პატიოსნისა ჯვარისათა მოსრნა''. არჩილი ქართველ ხალხს მიმართავს: ,,არა ძალითა ჩვენითა, არცა სიმხნითა, არცა სიბრძნითა, არცა სიმრავლითა სპათათა ვსძლეთ მტერთა, არამედ ჯვარითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, ძისა ღმრთისათა, რომელმან მოგვცა წინამძღვრად და საჭურველად ჯვარი მისი პატიოსანი. აწ ყოველთა ქართველთა ადიდეთ სამება ერთარსება, ღმერთი დაუსაბამო, დამბადებელი ყოვლისა. შეწირეთ მადლობა, და მტკიცემცა არიან გულნი თქვენნი სარწმუნოებასა ზედა სამებისა წმიდისასა''. ამრიგად, ქართველთა შორის ინერგება მრწამსი, რომ ქვეყნის გადარჩენას საფუძვლად უდევს ქრისტიანობა. მემატიანის იდეოლოგიაც მიმართულია იქითკენ, რომ თუ ქვეყანა მტკიცედ იდგება ქრისტიანობისა და ეკლესიის ნიადაგზე, მას ვერავინ დაამარცხებს.

არჩილის ძეზე – მირდატზე მემატიანე წერს, რომ იგი იყო ,,მორწმუნე და ღვთისმსახური, ვითარცა მამა მისი და იყო ქველი და შემმართებელი''. და უფრო მეტად ებრძოდა სპარსელებს. მან ცოლად შეირთო რანის ერისთავის – ბარზაბოდის ასული – მშვენიერი საგდუხტი. სიყვარულის გარდა მირდატს შორსმიმავალი პოლიტიკური მიზანიც ამოძრავებდა, რადგან რანის ერისთავის დამოყვრებით უზრუნველყოფილი იქნებოდა ქართლის სამეფოს საზღვრების სიმტკიცე და, რაც მთავარია, ქრისტეს რჯულის განმტკიცება ქართლში, რათა აღარ ყოფილიყო ,,გულსა ქართველთასა იჭვი და გმობა სჯულისა ქრისტესისა მძლავრებისათვის სპარსთასა''. საგდუხტ დედოფალმა ,,ცეცხლთაყვანისმცემლობა დაუტევა, ნათელიღო და იქმნა მორწმუნე: ამის შემდეგ არჩილი გარდაიცვალა და გამეფდა მირდატი. არჩილის ღვაწლს მემატიანე ასე აფასებს: ,,მან ყოველნი დღენი ცხოვრებისა მისისანი აღასრულნა სარწმუნოებასა შინა სამებისა წმიდისასა, ეკლესიათა შენებასა და ყოველსა ქართლსა შინა განამრავლნა მღვდელნი და დიაკონნი და მსახურნი ეკლესიათანი და მოკვდა''.

არავინ ყოფილ არს მამათა ჩვენთაგან მსგავს შენდა

ჯუანშერის მიერ წარმოდგენილი ქრისტიანი მეფის იდეალი ეთანადება შუა საუკუნეების იდეალს, რომელიც ნეტარმა ავგუსტინემ ასე დასახა: ,,ბედნიერად ჩავთვლიდით მეფეს, რომელიც სამართლიანად მართავს. არ გააამპარტავნებს მისდამი შესხმული ხოტბა და პირმოთნეთა თაყვანისცემა. მარად ემახსოვრება, რომ ისიც ადამიანია; თუ თავის ძალას ღვთისადმი თაყვანისცემად მოიხმარს, და ამით თავის ძალაუფლებას ღვთის დიდებას დაუმორჩილებს; ღვთის მოშიში, მორწმუნე და მორჩილი იქნება; თუ თავისაზე მეტად ეყვარება ის სამეფო, რომელშიც მოწინააღმდეგე ვეღარ შეაკრთობს, თუ დასჯის ნაცვლად უბრალოდ შეუნდობს; თუ სასჯელს მხოლოდ სახელმწიფოს საჭიროებისამებრ და სახელმწიფოს დასაცავად გამოიყენებს და არა – სიძულვილისა და მოშუღლეობის გრძნობათა დასაკმაყოფილებლად; თუ შემწყნარებლობით გამოსწორების იმედს დასთესს და არა – დაუსჯელობას; თუ იმ მკაცრი ზომების ნაცვლად, რომელთაც ხშირად იძულებულია მიმართოს, აღივსება თანაგრძნობით და სათნოებით; თუ ვნებათა დაკმაყოფილებისას თავს იმგვარად შეიკავებს, როგორი სილაღითაც მიეცემოდა მათ; თუ ხალხთა დაპყრობის ნაცვლად ბოროტ მისწრაფებებს დათრგუნავს; თუ ყოველივე ამას მარადი ნეტარების სურვილით ჩაიდენს და არა – ფუჭი დიდების წყურვილით''. ჩამოთვლილ თვისებებს სრულად განასახიერებს მეფე ვახტანგ გორგასალი, რომლის განსაკუთრებულ ბედზე, მისიის გამორჩეულობასა და სიიშვიათეზე თხზულებაში მრავალი ფრაზა მიგვანიშნებს. ჯუანშერი მას მიმართავს: ,,და ჩვენ, მკვიდრთა ქართლისათა დიდი მადლობა გვიღირს ღმრთისა მიმართ. რამეთუ შენ, უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართლისათა და მამათა შენთა უფროსი, ყოვლითავე სრული მსგავსი ნებროთ გმირისა გამოგაჩინა წინამძღვრად ჩვენდა და მოცემულ ხარ ღმრთის მიერ განმაქარვებლად ჭირთა ჩვენთა ძველთა და ახალთა. და უკეთუ ცოდვანი ჩვენნი არა დასძლევენ, შენ მიერ მოველით განქარვებასა ყოველთა ჭირთა ჩვენთასა და უმეტეს წარმატებასა საზღვართა ჩვენთასა ყოვლისა ჟამისასა, რამეთუ არავინ ყოფილ არს მამათა ჩვენთაგანი მსგავს შენდა''. მაშ, თუ ძალაუფლება ასეთი მმართველის ხელთაა, ქვეშევრდომებმა ეს ღვთის წყალობად უნდა ჩათვალონ.  

ესე არა მეფეთა ჩვენთა ცოდვისაგან იქმნა, არამედ ერისა ცოდვათაგან

ვახტანგი თავისი მშობლების მეორე შვილია. მის დაბადებას წინ უსწრებს ღვთისადმი ვედრება: ,,კვალად ევედრებოდეს ღმერთსა მეფე მირდატ და დედოფალი საგდუხტ, რათა მოსცეს ძე''. ოთხი წლის შემდეგ ღმერთმა ეს თხოვნა შეისმინა, რასაც მშობლები უსაზღვრო მადლიერებით შეხვდნენ: ,,შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ ლოცვითა და ღამისთევითა დღეთა მრავალთა''. შემდეგ იწყება ზრუნვა მომავალი მეფის აღზრდისათვის: ,,ევედრებოდეს ყოველნი ღმერთსა აღზრდისათვის ვახტანგისა''. მამათა ღვაწლის გამო უფალი შთამომავლობას იფარავს, მაგრამ ვახტანგის პიროვნება იმითაც არის გამორჩეული, რომ იგი თავისი წინაპრების ღვაწლის ღირსეული გამგრძელებელია და მათ აღემატება სულიერი შრომით. ვახტანგის აღზრდა დიდი ვედრებით გამოითხოვა საურმაგ სპასპეტმა, რადგან წესი იყო: ,,შვილნი მეფეთანი წარჩინებულთა სახლსა შინა აღიზარდნიან''. საურმაგის სიკვდილის შემდეგ ეს საქმე ითავა მისმა ძემ – ჯუანშერმა.

ვახტანგი შვიდი წლის ასაკში დაობლდა. მირდატ მეფის გარდაცვალების შემდეგ შეშინებული საგდუხტ დედოფალი მამამისს ეახლა, მის წინაშე მუხლი მოიყარა და თხოვა, არ ეიძულებინა მისთვის ჭეშმარიტი რჯულის გამოცვლა. ბარზაბოდმა მას აღუთქვა, რომ იძულებით არცერთ ქართველს არ შეაცვლევინებდა რჯულს, არამედ ქართლში გამოაგზავნიდა ცეცხლის მსახურთ და თუკი ქართველები ნებით აირჩევდნენ მაზდეანობას, არავის დაებრკოლებინა ისინი. ამ მიზნით ქართლში წარმოიგზავნა ბინქარან ეპისკოპოსი, რომელიც ,,ასწავებდა ქართველთა სჯულსა თვისსა, არამედ არავინ ერჩდა წარჩინებულთაგანი, გარნა წვრილი ერი მიიქცა მრავალი ცეცხლის მსახურებასა და შეერია ქართლის წვრილსა ერსა ცეცხლის მსახურება''. მაშინ საგდუხტ დედოფალმა მოიწვია საბერძნეთიდან ჭეშმარიტი მღვდელი – მიქაელი და დაადგინა ეპისკოპოსად. იგი წინ აღუდგებოდა ბინქარან მაცდურს ,,რამეთუ ასწავებდა ყოველთა ქართველთა სჯულსა ჭეშმარიტსა''.

როდესაც ვახტანგი ათი წლის გახდა, ქართლის სამეფოს შემოესივნენ ოსები და ტყვედ წაიყვანეს მისი უმცროსი და – სამი წლის მირანდუხტი, ამავე დროს ბერძნები გამოვიდნენ აფხაზეთიდან და დაიპყრეს ქვეყანა ეგრისწყლიდან ციხე-გოჯამდე. ერთბაშად თავს დამტყდარ ამ ორ უბედურებას ხალხი ცოდვების გამო ღვთის მიერ გამოგზავნილი სამართლიანი სასჯელით ხსნის: ,,განვამრავლეთ ცოდვა ღმრთის მიმართ და არა კეთილად ვიპყართ სჯული ქრისტესი და წესი იოანეს მცნებისა. სამართლად მოაწია ღმერთმან ჩვენზედა ესე რისხვა, რამეთუ მიგვცნა ჩვენ წარტყვევნად უცხო ნათესავთა''. ადამიანები სასჯელს კანონზომიერი ლოგიკურობით იღებენ და მას მეფეს არ აკისრებენ: ,,ესე არა მეფეთა ჩვენთა ცოდვისაგან იქმნა, არამედ ერისა ცოდვათაგან. აწ მეფე ჩვენი ყრმა არს და არა გვივის ჩვენ წინამძღვარი, რომელიმცა სასოებითა ქრისტესითა და წინამძღვრებითა ჯვარისათა წარგვიძღვა ჩვენ'', – წუხს ხალხი.

,,არა რომელსა მეფესა ექმნა ეგევითარი წყობა''

ამასობაში ვახტანგი იზრდებოდა, მას ხელმძღვანელობდა მიქაელ ეპისკოპოსი. მემატიანე წერს: ,,სიყრმისავე დღეთა შეიყვარა სჯული ქრისტესი უფროს ყოველთა მეფეთა ქართლისათა და მწუხარე იყო იგი ამისთვის, რამეთუ შემორეოდა ქართლს ცეცხლის მსახურება ტყვეობისა და საზღვართა მიხმისაგან. და უმეტეს იურვოდა სჯულისათვის გონებასა შინა, არამედ მძლავრებისაგან სპარსთასა ვერ იკადრებდა გამოცხადებად''-ო.

ვახტანგი ქვეყნის იმდროინდელი უბედურების მიზეზად მარტო გარეშე მტრებს კი არ თვლიდა, არამედ უმეტესად ქვეყნის მკვიდრთა მრავალ ნაკლულევანებას, სჯულის ღალატს, ზნეობის დაცემას და სხვ. როდესაც იგი 15 წლის გახდა, შეკრიბა ყველა წარჩინებული და მან, ,,ვითარცა მოხუცებულმან და ბრძენმან და ვითარცა აღზრდილმან ფილოსოფოსთა თანა'', ხმამაღლა განაცხადა: ,,მეფეთა და ერთა ზედა მოიწევის განსაცდელი და ჭირი ღმრთისა მიერ ცოდვათა მათთაგან: ოდეს მორწმუნეთა აკლონ მსახურება ღმრთისა და გარდაჰხდენ მცნებასა, მოაწევს ჭირთა ესევითართა ზედა, რომელი აწ ესე მოიწია ჩვენ ზედა, ვითარცა რა მამა კეთილი წვრთინ შვილსა კეთილად კეთილთა ზედა საქმეთა და უკეთუ არა კეთილად აღასრულებდეს სწავლასა მამისა თვისისა, გვემს მამა იგი გვემითა და სწავლითა, რათა ისწავლოს ყოველი კეთილი და იქმნას სახმარ კეთილისა. ეგრეთვე გვწვართნა ჩვენ ღმერთმან, დამბადებელმან ცისა და ქვეყანისამან. ამისთვის გვიხმს ჩვენ, რათა ვმადლობდეთ მოწყალებათა მისთა''. მაშასადამე, მტრის შემოსევები ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის მხოლოდ ზნეობრივი სარგებლიანობის თვალსაზრისით განიხილება და სასჯელს აღმზდელობითი და გამომსწორებელი მნიშვნელობა აქვს.

ვახტანგი მცირეწლოვნობის მიუხედავად, თავად ჩაუდგება ოსების წინააღმდეგ მებრძოლ ლაშქარს სათავეში. ამ ბრძოლაში იგი შეწევნას ითხოვს თავისი ბიძისგან – ვარაზ ბაკურისგან, რომელიც იყო რანის ერისთავი და მისი ქვეყანაც ოსეთის მიერ იყო ტყვექმნილი. ვახტანგის შემდგომ მოღვაწეობაში გამოჩნდება მის დიდ ჭკუასა და ნიჭთან ერთად სიმამაცე, განგებისადმი მოჩილება, ღვთის ნებისადმი მინდობა და ასევე იშვიათი საორგანიზაციო უნარი და დიპლომატიური ალღო. 16 წლის ვახტანგმა დაამარცხა ოსების გოლიათი თარხან ხაზარი. მასთან ბრძოლის წინ ,,დადგა ლოცვად და ცრემლითა ევედრებოდა ღმერთსა და ვიდრე გათენებამდე არა დაჯდა ქვე ლოცვისაგან – ითხოვდა ღვთისაგან შეწევნასა და მინდობითა ღმრთისათა ეგულებოდა თვითბრძოლა თარხანისი, რამეთუ უშიშ იყო, ვითარცა უხორცო. იმედი ჰქონდა ღმრთისაგან და ძალისა თვისისაგან''. იგი ყოველი ბრძოლისა და გადაწყვეტილების მიღების წინ ღვთის კურთხევას ითხოვს, თავის ჯარებს ამხნევებს შეძახილით: ,,მხნე იყვენით და განძლიერდით, რამეთუ ღმერთი ჩვენ კერძო არს''. და მემატიანე წერს: ,,ეგოდენსა სიმრავლესა სპათასა იცნობებოდა ხმა ვახტანგისი, ვითარცა ხმა ლომისა''.

ვახტანგმა წარმატებულად დაიმორჩილა ოსები და ყივჩაღები და შექმნა ოსეთის კარი – დარიალის კარი. ააშენა გოდოლები და დააყენა მცველები. მას შემდეგ ოსებს აღარ შეეძლოთ ამ კარით გამოსვლა ქართველთა მეფეების ბრძანების გარეშე. ოსების მიერ წაყვანილი ქართველი ტყვეები ვახტანგმა გამოიხსნა, თავისი დის – მირანდუხტის გამოსახსნელად მან ოცდაათი ათასი ოსის მძევალი მისცა. ოსებზე გამარჯვების შემდეგ ვახტანგმა აფხაზეთში დაიწყო ბრძოლა, რადგან ბერძენთა მეფე ლეონ დიდი მოუცლელი იყო სპარსელებთან ბრძოლის გამო და არ შეეძლო აფხაზეთში ჯარების გამოგზავნა. ვახტანგმა დაიპყრო აფხაზეთის ყველა ციხე ვიდრე ციხე-გოჯამდე.

ძლევაშემოსილ მეფეს ხმამაღლა შეასხამდნენ ქებას. მემატიანე წერს ,,არარომელსა მეფესა ექმნა ეგევითარი წყობა''-ო.

,,ვახტანგ, ვახტანგ, ვახტანგ!''

ვახტანგი პოლიტიკურ ორიენტაციას იცვლის. მისი თანაგრძნობა ერთმორწმუნე საბერძნეთისაკენ იხრება. იგი ქართველებს შეახსენებს იმ სასწაულების შესახებ, რომლებიც წმინდა ნინომ აღასრულა და მოითხოვს, რომ ,,დასცხრენ ვნებათაგან ეკლესიისათა''. ვახტანგმა გამოიხსნა ტყვეობაში მყოფი ეკლესიის მსახურნი. მათ შორის იყვნენ გრიგოლ ღვთისმეტყველის მოწაფე პეტრე მღვდელი და სამოელ მონაზონი, რომლებიც ვახტანგთან დარჩნენ.

ამგვარად, ვახტანგ მეფის პიროვნებაში წარმოიშვა გაორება, რის გამოც იგი შიშობს, არ გახდეს მიზეზი მრავალი წინააღმდეგობისა, ნებსით თუ უნებლიეთ უსამართლობისა, რაც, თავის მხრივ, სასჯელს უმზადებს მასაც და მის ერსაც. მეფობა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ცოდვებთან ბრძოლას გულისხმობს. ამიტომ იგი მორჩილებით იღებს ზნეობრივ მხილებას პეტრე მღვდლისგან: ,,არას ვეძიებ, გარნა მხილებასა, რათა განვერნეთ სიცრუისაგან''. თითქოს თვით განგება ამეტყველდება პეტრე მღვდლის პირით: ,,ეკლესიანი ხორცთანი უფროს არიან წინაშე ღმრთისა, ვიდრე ეკლესიანი ქვათანი. ეკლესია ქვათა ოდესმე დაირღვეს და აღაშენიან მითვე ქვითა, ხოლო ეკლესიანი ხორცთანი ოდეს დაირღვენ, ვერვინ შემძლებელ არს განკურნებად... აწ უკვე სპათა შენთაგან რაოდენნი ქალწულნი განხრწნილ არიან, ტაძარნი ღმრთისანი!'' პეტრეს სურს, რომ ვახტანგი დაცემისგან აღადგინოს: ,,არა მნებავს შენი, რათა იყო ვითარცა კაცი, რომელი მარჯვენით იქმ და მარცხენით არღვევნ... არამედ ვითარცა მეფენი კეთილად ხსენებულნი, რომელთა დაიპყრეს სოფელი ესე და სასუფეველსა არა განეშორნეს''. პეტრე მღვდელი ვახტანგს სინანულისკენ მოუწოდებს. მეფე შეისმენს მხილებას და ცოდვას აღიარებს: ,,მნებავს გამართლება თავისა ჩემისა, ხოლო სიმართლით შენ დამსაჯე უმსჯავროებასა ჩემსა''. პეტრე მღვდელი მეფეს ცოდვას შეუნდობს და ამხელს მის გულის სიტყვას: ,,არა უმეცრებამან აღგძრა ბრძოლად ძეთა ზედა ღმრთისადა, არამედ შველისათვის ნათესავისა შენისა სპარსთასა, და არა უწყია, რამეთუ ბერძენნი ნათესავნი ღმრთისანი არიან აღთქმისა მისთვის, რაჟამს უწოდა მათ შვილად ღმრთისა და მისცა მათ ბეჭედი, რომლითა შემუსრა ჯოჯოხეთი, და არს იგი ჯვარი?'' პეტრე მღვდელი ვახტანგს ურჩევს, რომ მის მიერ აღგზნებული ცეცხლი მანვე დაშრიტოს და გახდეს მეგობარი კეისრისა, ისევე როგორც მანამდე იყო სპარსთა მეფისა. ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად ვახტანგი პეტრე მღვდელს ლოცვით შემწეობას თხოვს, რათა მისი ლოცვით მეფეს მიეცეს ღვთისგან ნიშანი იმისა, სათნოა თუ არა მისი განზრახვა ღვთისთვის. მეფე ითხოვს სასწაულს იმიტომ, რომ ადამიანი უძლურია, წინასწარ განჭვრიტოს ღვთის მოქმედება, რადგან ზებუნებრივი, აბსოლუტური პიროვნების განზრახვა მისთვის გაუგებარია. ისტორია აღსავსეა სასწაულებით – ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი მოვლენებით. სასწაული განგების იარაღია, რომლითაც უფრო ცხოველმყოფელი ხდება განგების როლი ისტორიაში.

მეფე ვახტანგი ძილის წინ ილოცებს და ხედავს სასწაულებრივ სიზმარს: მასთან მიდის წმიდა ნინო და იგი ზეცისა და ქვეყნის მეფეებთან მიჰყავს. ვახტანგი ხედავს კონსტანტინეს ქალაქს და ორ საყდარს: ერთზე დაბრძანებულია გვირგვინოსანი ჭაბუკი, ხოლო მეორეზე – სპეტაკი ზეწრით შემოსილი მოხუცებული, რომელსაც თავზე ნათლის გვირგვინი ადგას. ვახტანგის მარჯვენა ხელი პეტრე მღვდელს უპყრია, ხოლო მარცხენა – სამოელ მონაზონს. სამოელი მას ეუბნება, რომ პირველად თაყვანი სცეს გრიგოლს (პართელს) – ზეცის მთავარს. გრიგოლი მას განურისხდება იმის გამო, რომ მოაოხრა მისი ბანაკი და მხეცებს შეაჭამა მისი ცხოვარნი. და მხოლოდ პეტრე მღვდლის, სამოელ მონაზონისა და წმიდა ნინოს მეოხებით, რომელიც ღვთისმშობელ მარიამთან ერთად მარადის იღვწის ქართველთათვის, აღარ იძიებს შურს ვახტანგზე. წმიდა ნინოს შუამდგომლობით ვახტანგი მიდის კეისართან, რომელიც მას გვერდით დაისვამს და ნათელთვლიან ბეჭედს მისცემს. კეისარი მას აღუთქვამს გვირგვინს იმ პირობით, რომ იგი იბრძოლებს მისი მტრების წინააღმდეგ. შემდეგ ვახტანგი იხილავს ჯვარს, რომლის ფრთებზეც არის გვირგვინი. წმიდა ნინო, პეტრე და სამოელი ერთითა პირითა იტყვიან: ,,ჩვენ ვართ თავსმდებნი, ვითარმედ უმეტეს ყოველთასა წარემართოს, ჰოი ჯვარო, უძლეველო!'' მაშინ კეისარი მეფეს გვირგვინს თავზე დაადგამს. ეპისკოპოსი კი სამჯერ იტყვის: ,, – ვახტანგ, ვახტანგ, ვახტანგ! უმეტეს მორწმუნე იყო შენ ყოველთა შორის ნათესავსა სპარსთასა, – შენგან აღეშენენ ეკლესიანი და განეწესნენ ეპისკოპოსნი და ეპისკოპოს მთავარნი – გვირგვინი წამების მიიღო''. 

იმავე სიზმარს ხედავენ ცალ-ცალკე: პეტრე მღვდელი და სამოელიც. ამ სასწაულს ის ფუნქცია აქვს, რომ აჩვენოს განგების ძლიერება, მისი ყველგანმყოფობა. ვახტანგი დარწმუნდება, რომ ეს არის ღვთის ნება და იგი საბოლოოდ ორიენტაციას ბერძნებისკენ აიღებს. კეისარს ეს ამბავი გაუხარდება. ვახტანგი სპარსთა ჯარს არ დართავს ნებას ბერძნებთან საბრძოლველად. მაშინ კეისარი მას სთავაზობს, მოატყუოს სპარსელები და ბერძნებს მათ დახოცვაში დაეხმაროს. ვახტანგი არ იკადრებს ასეთ ორგულობას და კეისარს ეტყვის: ,,რომელი არა შვენის შენსა ღმრთისმოყვარებასა, რომელი შენ არა ჰყო, სხვასა ნუ აწვევ, რამეთუ ღადრობა არა ხელ არს კაცთა პატიოსანთა. დაღაცათუ აწ შენ მიგცნე სპარსნი, არა უკვე განცრუვდესა სახელი ჩემი? და უმეტეს ჩვენსა აქვს მრავალთა მათგანთა სიყვარული ქრისტესი, არამედ შიშისაგან მათისა ვერ გამოაცხადებენ''. ვახტანგს სურს, მშვიდობიანად მოაგვაროს ეს ბრძოლა, მაგრამ იგი თავისი პოზიციის შეცვლით მისი ბიძის – ვარაზ-ბაკურის რისხვას იტეხს თავს: ,,ჰოი, გველო და ნათესავო ასპიტისაო! არა უწყია, რამეთუ დედა მამისა შენისა ბერძენი იყო და გძლია შენ ბუნებამან მამის დედისა შენისამან და სიყვარული ჯვარცმულისა მის კაცისა მომკვდარისა გიპყრიეს და გნებავს შეყენება ჩვენი ხელსა ბერძენთასა''. ვახტანგი ამაზე მიუგებს: ,,აჰა შენ და ბერძენნი, და იხილო ძალი კაცისა მის მომკვდარისა და ცოცხლისა მის სასოსა შენისა!'' იწყება ბრძოლა, რომელიც ბერძენთა გამარჯვებით მთავრდება. ვახტანგი ამ გამარჯვებას ღვთის განგებულებით ხსნის: ,,არა რომელი ჩვენ გვინდა, გარნა რომელი ღმერთსა სთნდა, რამეთუ ჩვენ ვიტყოდით მშვიდობასა, არამედ სილაღემან სპარსთამან აგინა ღმერთსა და ღმერთმან შურ იგო''.

ამის შემდეგ ვახტანგი კეისარს წერილს მისწერს: ,,სიბრძნე ღვთისა მიუწვდომელ არს და სიბრძნესა კაცთასა და ნებასა სძლევს ნება ღმრთისა''.

ვახტანგი და კეისარი ფიცს სდებენ – ,,განაგეს საქმე წინდობისა''. კეისარმა მას დაუბრუნა ქართლის საზღვარი, თუხარისის ციხე და კლარჯეთი. ამასთან, ვახტანგს ცოლად მისცეს საიმპერასტორო გვარის ქალი, კეისრის ასული ელენე, ხოლო ზავის პირობად დაუთმეს აფხაზეთი, რომლის დაბრუნებაც ვახტანგის მმართველობის ერთ–ერთ მთავარ ამოცანას შეადგენდა.

უწყოდე, რამეთუ არა ხარკისა მოცემისათვის გვბრძვანან, არამედ – ქრისტეს დატეობისათვის...

ვახტანგის მთავარი მიზანი იყო შინაური მშვიდობიანობის განმტკიცება, სამეფოს მოღონიერება ეკონომიურად და, უპირველეს ყოვლისა, სარწმუნოებრივ-იდეოლოგიური სიმტკიცე. ასეთი განზრახვით იგი შეუდგა წეს-წყობილების დამყარებას ქართლის სამეფოში, ციხეების განახლებას, ეკლესია-მონასტრების მშენებლობას. აშენდა არტანუჯის ციხე, ოპიზის მონასტერი, ეკლესიები: დაბა მერის, შინდობის, ახიზის და ა.შ. ვახტანგმა საპყრობილეში შეაგდო ბინქარან მაცდური – ცეცხლის მსახურთა ეპისკოპოსი და ,,მოსრნა და განასხნა ყოველნი ცეცხლის მსახურნი საზღვართაგან ქართლისათა''. ვახტანგი ცდილობდა, ქართლის სამეფოს კულტურულ–სახელმწიფოებრივი ურთიერთობა ჰქონოდა ბიზანტიასთან, საიდანაც შემოდიოდა მწერლობა, ხელოვნება და საღვთისმეტყველო მოძღვრება.

აღმოსავლეთ საქართველოს (ქართლის) ეკლესია თავდაპირველად ემორჩილებოდა ანტიოქიის ეკლესიას. ვახტანგი შეეცადა საქართველოს ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მოპოვებას, რასაც უაღრესად დიდი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი მნიშვნელობა ეძლეოდა. V საუკუნეში ქართულმა ეკლესიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. დაწესდა კათალიკოსობა, რომელიც ითვლებოდა დამოუკიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელად. მოწვეულ იქნა თორმეტი ეპისკოპოსი და პეტრე კათალიკოსი. მცხეთაში ვახტანგმა ააშენა ეკლესია მოციქულთა – სვეტიცხოველი და იქ დასვა პეტრე კათალიკოსად და სამოელ ეპისკოპოსად მცხეთის საეპისკოპოსოში. შეიქმნა საეპისკოპოსოები (ეპარქიები), აშენდა ეკლესია და ქალაქი ჭერემს, ნიქოზში, უჯარმის ზედა ციხეში წმინდა რაჟდენის სახელობაზე და სამგორში, ,,ნინოწმიდას, უჯარმის კარსა'', შიდა ეგრისის მთავარ ქალაქ ციხე-გოჯში, მყინვარის ძირში, გერგეტის მთაზე ლომისში, მთიულეთში, მარტყოფის მონასტერი და ბევრი სხვა.

ვახტანგმა მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარა მეზობელ ქვეყნებთან. იგი სპარსთა მეფეს დაეხმარა ჰინდოთა და სინდთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მან დამარცხებულ და დატყვევებულ სინდთა მეფეს სიცოცხლე შეუნარჩუნა. და იერუსალიმი გამოიხსნა. ყველა გამარჯვებაში ვახტანგის მიზანი იყო არა პირადი განდიდება, არამედ ქვეყნის, რწმენის ერთგულება. იერუსალიმის გამოხსნისას მან თქვა: ,,არა მიქნია მოსვლა ამა ქვეყანასა დიდებისათვის ამა სოფლისა, არცა მსახურებისათვის სპარსთა მეფისა, არამედ მსახურებისათვის ღმრთისა დაუსაბამოსა, სამებისა ერთარსებისა, დიდებისათვის მერმისა საუკუნოისა დაუსრულებელისა'' – ეუბნება იგი სინდთა მეფეს და კვლავ: ,,ამისათვის მიქმნიეს ესე, რათა ღმერთმან დამბადებელმან შეიწიროს მსახურება ესე ჩემი და აღმისუბუქნეს ცოდვანი ჩემნი''-ო.

სპარსთა მეფემ, ხვარსრომ, ბერძნების წინააღმდეგ ომი დაიწყო და ვახტანგს დახმარება სთხოვა, რათა მას ეწინამძღვრა სპარსელების ჯარისთვის ბერძნების წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაში. ამ დროისთვის ვახტანგი თბილის-ქალაქს აშენებდა და უკვე 60 წელს იყო მიღწეული. მან ხვასროს შუთვალა: ,,პირველად განემზადე ბრძოლად ჩვენდა და ეგრე შევედ საბერძნეთად, რამეთუ ძალნი, რომელნი იქმნეს, ყოველნი ძალითა ჯვარისათა იქმნეს. აწ ცხოვრება ჩვენი იყავ სასოებითა ჯვარცმულისათა''. ვახტანგი მოწამეობისთვის ემზადება და პეტრე კათალიკოსს მიმართავს: ,,უწყოდე, რამეთუ არა ხარკისა მოცემისათვის გვბრძვანან, არამედ ქრისტეს დატეობისათვის... აწ მე ესე განმიზრახავს, რამეთუ ცხოვრებასა ჩემსა სიკვდილი უმჯობეს არს სახელსა ზედა ქრისტესსა, რათა სასუფეველი გვაქვნდეს, აღთქმული მათ თანა, რომელთა ეტყვის: ,,რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, მან პოოს იგი''. პეტრე კათალიკოსი ამ ომს ღვთის მიერ გამოგზავნილ გამოცდად რაცხს: ,,მტერი იგი გამომცდელი ჩვენი აცილობს ღმერთს ჩენთვის, ვითარცა იობისთვის. რამეთუ ღმერთი მიუშვებს მოძულებულთა მათ თვისთა წარწყმედად, ხოლო შეყვარებულთა თვისთა განღმრთობად''.

,,მორწმუნე ერი ნატრიდა მეფესა, რამეთუ ქრისტესთვის მოიკლა''

ვახტანგი ორას ორმოცი ათასიანი მხედრით შეებრძოლა სპარსთა შვიდას ოთხმოც ათასიან ლაშქარს. იგი შეიპარა სპარსთა მეფის კარავში და მოკლა მეფის ძე – ბარტამი. ამასობაში იქვე მყოფმა ვინმე სპარსმა მას მკერდში ისარი ჰკრა და სასიკვდილოდ დაჭრა. სიკვდილის წინ მეფემ მოუწოდა კათალიკოსს, თავისი ოჯახის წევრებსა და წარჩინებულებს. მიწიერი ცხოვრებიდან გასვლის წინ მეფემ დაუვიწყარი სიტყვები წარმოთქვა: ,,მე, ესერა, წარვალ წინაშე ღმრთისა ჩემისა და ვმადლობ სახელსა მისსა, რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა. აწ გამცნებ თქვენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა და სახელსა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ''. ხოლო წარჩინებულებს უანდერძა: ,,სახლსა ჩვენსა ნუ შეურაცხყოფთ და სიყვარულსა ბერძენთასა ნუ დაუტეობთ''. ვახტანგის სიკვდილი მთელმა ერმა სასჯელის დღედ მიიჩნია. მემატიანე ხალხის განწყობილებას ასე აფასებს: ,,მორწმუნე ერი ნატრიდა მეფესა, რამეთუ ქრისტესთვის მოიკლა''. ამგვარად, ხალხის გულებში დამკვიდრებულია იდეალი – ღვთის სასუფეველი მიწიერი სამეფოს ნაცვლად. ამგვარი იდეალი ეკლესიაში ჩვეულებრივი იყო, მაგრამ იგი ახლა ხალხის პოლიტიკურ აზროვნებაშიც ბატონობდა.

ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით ,,ღვთის მადლით, ხსნა მომდინარეობს რჩეული ადამიანების მეოხებით, ადამიანებისა, რომელნიც მონანიებისათვის გამზადებულ საწყაულებად იქცევიან''. ასეთი ადამიანები არიან წმინდანები, რომელნიც ღვთის ჭეშმარიტებისთვის ეწამებიან. მხოლოდ ვახტანგის პიროვნების სიდიადე ვერ იხსნიდა ალბათ საქართველოს, რომ თვით ქართველი ხალხი მაშინ არ ყოფილიყო სულიერად ძლიერი თვითმყოფადობისა და რწმენის დაცვის საქმეში. ამ დროს გამობრწყინდნენ წმინდანები: შუშანიკ დედოფალი და რაჟდენი.

,,ვახტანგ გორგასლის ცხოვრების'' ისტორიკოსის აზროვნება განმსჭვალულია ქრისტიანობით. წმინდა ნიკოლოზ სერბი წერს: ,,ისტორიკოსის გულწრფელი შეკითხვა ისტორიის მიმართ ასეთი იქნებოდა: ,,ისტორიავ, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა ვიცოდე, ვინ ვარ მე''. ამ კითხვის უცდომელი პასუხი ასეთი იქნებოდა: ,,ადამიანო, მიპოვნე საკუთარ თავში!'' ისტორიკოსობა დიდი მისიაა და იგი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი სულისა და მის წიაღში დავანებული ჭეშმარიტების შეცნობას გულისხმობს. რადგან სწორედ ღვთაებრივი ჭეშმარიტება უნათებს ისტორიკოსს გზას და აძლევს მას ისტორიის ფაქტების ქაოტურ სამყაროში საბოლოოო მიზნისა და ამ გზაზე მომხდარი ყოველი ფაქტის ლოგიკურობის გაგებას. ჭეშმარიტება ისტორიკოსს ეხმარება ისტორიულ ფაქტებში სულიერი აზრი იპოვოს და ამ ფაქტებით ღმერთი განადიდოს.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2014-10-23
მოწამეთა ევლამპისი და ევლამპიასი (303-311); მოწამისა თეოტეკნისა (III-IV); ღირსისა ბასიანესი (V); ღირსისა თეოფილე აღმსარებელისა (VIII); ღირსისა ამბროსი ოპტელისა (1891).
წმიდა მოწამენი ევლამპი და ევლამპია (+303-311)
10 (23) ოქტომბერს აღინიშნება წმიდა მოწამეთა ევლამპისა და ევლამპიას (+303-311) ხსენების დღე.
gaq