დანიის კონსტიტუციური კანონი (ნაწყვეტები მეფის შესახებ) მიღებულია 1953 წლის 5 ივნისს ნაწილი I 1. ეს კონსტიტუციური კანონი გამოიყენება დანიის სამეფოს ყველა ნაწილში. 2. მმართველობის ფორმაა კონსტიტუციური მონარქია. ტახტის მემკვიდრეობის შესახებ 1953 წლის 27 მარტის კანონის დებულებების შესაბამისად, სამეფო ხელისუფლება მემკვიდრეობით გადაეცემა სამეფო დინასტიის მამაკაცთა და ქალთა სქესის წარმომადგენლებს. 3. საკანონმდებლო ხელისუფლებას ერთობლივად ახორციელებენ მეფე და ფოლკეტინგი. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მეფე. სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებენ მართმლსაჯულების ორგანოები. 4. ევანგელისტური ლუთერანული ეკლესია წარმოადგენს დანიის ოფიციალურ ეკლესიას და ამიტომ მას მხარს უჭერს სახელმწიფო. ნაწილი II 5. მეფე ფოლკეტინგის თანხმობის გარეშე ვერ დაიკავებს სამეფო ტახტს რომელიმე სხვა ქვეყანაში. 6. მეფე უნდა იყოს ევანგელისტური ლუთერანული ეკლესიის წევრი. 7. მეფეს მემკვიდრეობის მიღების უფლება აქვს თვრამეტი წლის მიღწევიდან. იგივე წესი ვრცელდება ტახტის მემკვიდრის მიმართაც. 8. მეფე ტახტზე ასვლამდე დებს საზეიმო ფიცს, რითაც იღებს ვალდებულებას, რომ განუხრელად დაიცავს კონსტიტუციას და მას ხელს აწერს სახელმწიფო საბჭოს წინაშე. ხელი მოეწერება ფიცის ორ იდენტურ დედანს, რომელთაგან ერთი გადაეცემა ფოლკეტინგს მის არქივში დასაცავად, ხოლო მეორე ინახება სახელმწიფო არქივში. თუ მეფე არყოფნის ან სხვა მიზეზით ვერ შეძლებს დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი ტახტზე ასვლის შესახებ მითითებულ ფიცს უშუალოდ ტახტზე ასვლამდე, ფიცის ხელმოწერამდე მმართველობას ახორციელებს სახელწიფო საბჭო, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. იმ შემთხვევაში, თუ მეფემ მითითებული ფიცი დადო, როგორც ტახტის მემკვიდრემ, იგი დაუყოვნებლივ ადის ტახტზე, როგორც კი ტახტი ვაკანტური გახდება. 9. მეფის არასრულწლოვანების, ავადმყოფობის ან არყოფნის შემთხვევაში სამეფო ხელისუფლების განხორციელების შესახებ დებულებები დგინდება კანონით. ტახტის ვაკანსიისა და მემკვიდრეების არარსებობის შემთხვევაში ფოლკეტინგი ირჩევს მეფეს და ადგენს ტახტის მემკვიდრეობის მომავალ წესებს. 10. (1) მეფის ცივილური ლისტი დგინდება კანონით მეფობის მთელი დროის განმავლობაში. აღნიშნული კანონი განსაზღვრავს ასევე მეფის განკარგულებაში გადასაცემი ციხე-დარბაზების, სასახლეებისა და სახელმწიფოს სხვა საკუთრების ნუსხას. (2) ცივილური ლისტი არ შეიძლება დატვირთულ იქნეს ვალით. 11. სამეფო სახლის წევრები კანონით დადგენილი წესით იღებენ სარჩოს. ამგვარი სარჩოთი სარგებლობა სამეფოს საზღვრებს გარეთ დაუშვებელია, თუ ფოლკეტინგის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. ნაწილი III 12. მეფე სამეფოს ყველა საკითხზე ამ კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში აღჭურვილია უზენაესი ხელისუფლებით და მას ახორციელებს მინისტრების მეშვეობით. 13. მეფე არ აგებს პასუხს თავის მოქმედებებზე; მისი პიროვნება ხელშეუხებელია. მმართველობაზე პასუხისმგებელნი არიან მინისტრები; მათი პასუხისმგებლობა განისაზღვრება კანონით. 14. მეფე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრსა და სხვა მინისტრებს. ის წყვეტს მინისტრთა საერთო რაოდენობისა და მათ შორის მმართველობითი ფუნქციების განაწილების საკითხებს. კანონმდებლობისა და მმართველობის თაობაზე მეფის მიერ რეზოლუციების ხელმოწერა ძალას ანიჭებს ამ რეზოლუციებს. თუ მეფის ხელმოწერას თან ახლავს ერთი ან რამდენიმე მინისტრის ხელმოწერა. ამგვარ რეზოლუციაზე პასუხისმგებლობას ატარებს მასზე ხელმომწერი მინისტრი... 16. სამსახურებრივი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო მინისტრები შეიძლება იმპიჩმენტის წესით იქნენ გადაყენებული თანამდებობიდან მეფის ან პარლამენტის მიერ. სამსახურებრივი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების შესახებ მინისტრების იმპიჩმენტის თაობაზე საქმეებს განიხილავს სამეფოს მაღალი სასამართლო. 17. (1) მინისტრები - მთავრობის წევრები შეადგენენ სახელმწიფო საბჭოს, რომლის შემადგენლობაშიც სრულწლოვანების მიღწევიდან შედის ტახტის მემკვიდრეც. საბჭოს თავმჯდომარეობს მეფე, გარდა მე-8 მუხლში გათვალისწინებული და იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც საკანონმდებლო ორგანო სამეფო ხელისუფლების განხორციელებას მე-9 მუხლით დადგენილი წესით გადასცემს სახელმწიფო საბჭოს. (2) ყველა კანონპროექტი და მნიშვნელოვანი სამთავრობო აქტი განიხილება სახელმწიფო საბჭოში. 18. თუ მეფეს არ შეუძლია სახელმწიფო საბჭოს სხდომის ჩატარება, მას უფლება აქვს საკითხის განხილვა დაავალოს მინისტრთა საბჭოს. მინისტრთა საბჭო შედგება ყველა მინსტრისაგან და მას მეთაურობს პრემიერ-მინისტრი. ყველა მინისტრის ხმა შეიტანება სხდომის ოქმში და ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. დამსწრე მინისტრების მიერ ხელმოწერილ სხდომის ოქმს პრემიერ-მინისტრი გადასცემს მეფეს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მინისტრთა საბჭოს რეკომენდაციებისათვის დაუყოვნებლივ დათანხების ან ამ საკითხის სახელმწიფო საბჭოსთვის განსახილველად გადაცემის შესახებ. 19. (1) მეფე საერთაშოროსო ურთიერთობებში მოქმედებს სახელმწიფოს სახელით, მაგრამ ფოლკეტინგის თანხმობის გარეშე მას არ შეუძლია ხელი მოაწეროს აქტებს, რომლებიც გამოიწვევს სახელმწიფოს ტერიტორიის გაზრდას ან შემცირებას, ასევე არ შეუძლია იკისროს ვალდებულება, რომლის განსახორციელებლად აუცილებელია ფოლკეტინგის თანხმობა ან რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა; მეფეს უფლება არა აქვს ფოლკეტინგის თამხმობის გარეშე მოახდინოს ფოლკეტინგის თანხმობით დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების დენონსირება. (2) მეფეს ფოლკეტინგის თანხმობის გარეშე არ შეუძლია სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სამეფოზე ან დანიის შეიარაღებულ ძალებზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად თავდაცვის მიზნით. ამ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში მეფის მიერ მიღებული აქტები დაუყოვნებლივ წარედგინება განსახილველად ფოლკეტინგს. თუ ფოლკეტინგი ამ დროისათვის არ არის შეკრებილი, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოწვეული. (3) ფოლკეტინგი თავისი შემადგენლობიდან ქმნის საგარეო საქმეთა კომიტეტს, რომელთანაც მთავრობამ უნდა აწარმოოს კონსულტაციები საგარეო პოლიტიკის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. საგარეო საქმეთა კომიტეტის შესახებ დებულებები დგინდება კანონით. 20. (1) სამეფოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის ამ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებები, კანონით დადგენილ ფარგლებში, საერთაშორისო მართლწესრიგისა და თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შეიძლება გადაეცეს სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შექმნილ საერთაშორისო ორგანიზაციებს. (2) ზემოაღნიშნული საკითხის შესახებ კანონპროექტის მისაღებად საჭიროა ფოლკეტინგის წევრთა საერთო რაოდენობის ხუთი მეექვსედის თანხმობა. თუ კანონპროექტმა ვერ მიიღო ხმათა აღნიშნული უმრავლესობა, მაგრამ მხოლოდ ჩვეულებრივი კანონპროექტის მისაღებად საჭირო ხმათა უმრავლესობა შეგროვდა ან თუ მას მხარს უჭერს მთავრობა, კანონპროექტი 42-ე მუხლით დადგენილი წესით დასამტკიცებლად ან უარსაყოფად რეფერენდუმის გზით წარედგინება ამომრჩევლებს. 21. მეფეს უფლება აქვს კანონპროექტები და სხვა აქტების პროექტები განსახილველად წარუდგინოს ფოლკეტინგს. 22. პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი კანონი ხდება, თუ ის მისი საბოლოო მიღებიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღის ვადაში მიიღებს სამეფო დამტკიცებას. მეფე კანონის პრომულგაციის შესახებ იძლევა განკარგულებას და მეთვალყურეობს აღნიშნული აქტის შესრულებას. 23. მეფეს, განსაკუთრებული აუცილებლობის პირობებში, როდესაც ფოლკეტინგს არ შეუძლია შეკრება, უფლება აქვს გამოსცეს დროებითი კანონები იმ პირობით, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას, რაც ფოლკეტინგს მისი შეკრებისთანავე დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს დასამტკიცებლად ან უარსაყოფად. 24. მეფეს აქვს შეწყალებისა და ამნისტიის უფლება. სამეფოს მაღალი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული მინისტრების შეწყალება მეფეს შეუძლია მხოლოდ ფოლკეტინგის თანხმობით. 25. მეფეს უფლება აქვს უშუალოდ ან შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მეშვეობით მიანიჭოს ისეთი პრივილეგიები ან დაადგინოს გამონაკლისები იმ კანონთა გამოყენების სფეროდან, რომლებიც შეესაბამება 1849 წლის 5 ივნისამდე მოქმედ დებულებებს ან აღნიშნული თარიღის შემდგომ მიღებულ კანონებს. 26. მეფეს უფლება აქვს კანონის შესაბამისად მოჭრას ფული. 27. (1) სახელმწიფო მოსამსახურეთა დანიშვნის განმსაზღვრელი წესები დგინდება კანონით. არც ერთი პირი არ შეიძლება დაინიშნოს სახელმწიფო მოსამსახურედ, თუ ის არ არის დანიის ქვეშევრდომი. მეფის მიერ თანამდებობაზე დანიშნული სახელმწიფო მოსამსახურეები დებენ საზეიმო ფიცს, რაც მათ კონსტიტუციის დაცვას ავალდებულებს. (2) სახელმწიფო მოსამსხურეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და საპენსიო უზრუნველყოფის წესები დგინდება კანონით, 64-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით. (3) მეფის მიერ დანიშნული სახელმწიფო მოსამსახურეები მათი თანხმობის გარეშე სხვა თანამდებობაზე შეიძლება გადაყვანილ იქნენ, თუ ამით დაკავებული თანამდებობის მიხედვით არ მცირდება მათი გასამრჯელო და თუ მათ ზოგადი წესების თანახმად ეძლევათ არჩევანი სამსახურის გამოცვლასა და პენსიაზე გასვლას შორის. ნაწილი IV *** 32. (1) ფოლკეტინგის დეპუტატები აირჩევიან ოთხი წლის ვადით. (2) მეფეს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოსცეს ბრძანებულება ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ, რომლის შედეგადაც ყალიბდება ფოლკეტინგის ახალი შემადგენლობა. ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ ბრძანებულება არ შეიძლება გამოცემულ იქნეს ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ პრემიერ-მინისტრის ფოლკეტინგისთვის წარდგენამდე... *** ნაწილი V 35. (1) ახალარჩეული ფოლკეტინგი მოიწვევა არჩევნების ჩატარებიდან თორმეტ დღეში დღის თორმეტ საათზე, თუ მეფემ მითითებულ ვადაზე ადრე არ მოიწვია ფოლკეტინგის სხდომა. (2) დეპუტატთა მანდატების დამტკიცების შემდეგ ფოლკეტინგი დაუყოვნებლივ ატარებს თავმჯდომარისა და თავმდჯომარის მოადგილეების არჩევნებს... *** 42. (1) თუ კანონპროექტი მიღებულ იქნა ფოლკეტინგის მიერ, დეპუტატთა ერთ მესამედს კანონპროექტის მიღებიდან არა უმეტეს სამი სამუშაო დღის ვადაში შეუძლია მიმართოს ფოლკეტინგის თავმჯდომარეს კანონპროექტის რეფერენდუმზე დაყენების მოთხოვნით. მითითებული მოთხოვნა წარმოდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, მისი წარმომდგენი დეპუტატების ხელმოწერებით. (2) მე-7 პუნქტში მოხსენიებულ გამონაკლის შემთხვევებში, არც ერთმა კანონპროექტმა, რომელიც შეიძლება გამოტანილ იქნეს რეფერენდუმზე, გარდა მე-6 პუნქტში მითითებული კანონპროექტებისა, პირველ პუნქტში გათვალისწინებული ვადის გასვლამდე ან კანონპროექტის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებამდე არ შეიძლება მიიღოს სამეფო დამტკიცება. (3) თუ კანონპროექტის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე წამოყენებულია მოთხოვნა, ფოლკეტინგს შეუძლია გამოიწვიოს კანონპროექტი მისი მიღებიდან არა უგვიანეს ხუთ დღეში. (4) თუ ფოლკეტინგი არ მიიღებს მე-3 პუნქტში გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს, ის დაუყოვნებლივ აცნობებს პრემიერ-მინისტრს იმის შესახებ, რომ კანონპროექტის შესახებ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი და პრემიერ-მინისტრი გამოსცემს დადგენილებას კანონპროექტის გამოქვეყნებისა და რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად რეფერენდუმი ტარდება კანონპროექტის გამოქვეყნებიდან არანაკლებ თორმეტი და არა უგვიანეს თვრამეტი სამუშაო დღის ვადაში. (5) რეფერენდუმზე ხმას აძლევენ კანონპროექტს ან მის წინააღმდეგ. კანონპროექტის უარყოფა ხდება კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ ხმის უფლების მქონე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ოცდაათი პროცენტისა. (6) საფინანსო, დამატებით ასიგნებათა, დროებით ასიგნებათა, სახელმწიფო სამსახურის (კანონში შესწორებები), ხელფასისა და პენსიის, ნატურალიზაციის, ექსპროპრიაციის, საგადასახადო დაბეგვრის (პირდაპირი და არაპირდაპირი) კანონპროექტები, აგრეთვე კანონპროექტები, რომელთა მიზანია არსებული საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შეცვლა, არ შეიძლება იყოს რეფერენდუმის საგანი. მოცემული დებულებები ეხება ასევე მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 მუხლებში მოხსენიებულ კანონპროექტებს, აგრეთვე მე-19 მუხლში მითითებულ და კანონით მიღებულ აქტებს, თუ თვით ამ აქტებში არ არის გათვალისწინებული მათი გატანა რეფერენდუმზე. კონსტიტუციური შესწორებების რეფერენდუმზე გატანის წესი განისაზღვრება 88-ე მუხლის დებულებებით. (7) საგანგებო მდგომარეობის დროს კანონპროექტმა, რომელიც სხვა პირობებში გაიტანება რეფერენდუმზე, შეიძლება დაუყოვნებლივ მიიღოს სამეფო დამტკიცება, თუ თვით კანონპროექტი შეიცავს ამის შესახებ დებულებებს. იმ შემთხვევებში, როდესაც პირველი პუნქტის შესაბამისად ფოლკეტინგის დეპუტატთა ერთი მესამედი მოითხოვს რეფერენდუმის ჩატარებას იმ კანონპროექტზე ან კანონზე, რომელმაც მიიღო სამეფო დამტკიცება, რეფერენდუმი ტარდება ზემოთ მითითებული წესით. თუ კანონი უარყოფილ იქნება რეფერენდუმზე, ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას, რეფერენდუმის ჩატარებიდან არა უგვიანეს თოთხმეტ დღეში დაუსაბუთებელი დაყოვნების გარეშე აკეთებს პრემიერ-მინისტრი. ასეთი კანონი ძალას კარგავს ოფიციალური განცხადების დღიდან. (8) რეფერენდუმის ჩატარების წესები, რომლებიც შეიცავს გრენლანდიასა და ფარერის კუნძულებზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ დებულებებს, დგინდება კანონით... *** ნაწილი VI *** 60. (1) სამეფოს მაღალი სასამართლო მეფის ან ფოლკეტინგის ინიციატივით განიხილავს მინისტრთა წინააღმდეგ საქმეებს. (2) ფოლკეტინგის თანხმობითა და მეფის ინიციატივით სამეფოს მაღალ სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე სხვა პირთა დანაშაულში ბრალდების შესახებ, თუ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები მეფის აზრით სახელმწიფოსთვის განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენენ... 63. (2) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილების მოცულობის შესახებ საკითხები შეიძლება კანონით გადაეცეს ერთი ან მეტი რაოდენობის ადმინისტრაციული სასამართლოების იურისდიქციაში. ადმინისტრაციული სასამართლოების გადაწყვეტილებებზე აპელაცია შეიძლება შეტანილ იქნას სამეფოს უმაღლეს სასამართლოში. აღნიშნულ საკითხთა განხილვის პროცედურა დგინდება კანონით. *** ნაწილი VIII 73. (2) თუ მიიღება საკუთრების ექსპროპრიაციის შესახებ კანონპროექტი, ფოლკეტინგის დეპუტატთა ერთ მესამედს შეუძლია კანონპროექტის მიღებიდან არა უგვიანეს სამ კვირაში მიმართოს მოთხოვნით, არ გადაეცეს კანონპროექტი მეფეს ფოლკეტინგის ახალი არჩევნების ჩატარებამდე და კანონპროექტის განმეორებით მიღებამდე... *** 80. აჯანყების შემთხვევაში შეიარაღებულ ძალებს, თუ მათ არ ესხმიან თავს, შეუძლიათ გამოიყენონ ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეფისა და კანონის სახელით სამჯერ წაუყენებენ დაშლის მოთხოვნას და ხალხი ამ მოთხოვნას არ დაემორჩილება. *** ნაწილი X თუ პარლამენტი ახალი კონსტიტუციური დებულებების მიღების მიზნით მიიღებს კანონპროექტს და მთავრობა ისურვებს მის მიღებას, გამოიცემა ბრძანებულება ფოლკეტინგის წევრთა ახალი არჩევნების შესახებ. თუ კანონპროექტი მიიღება ფოლკეტინგის ახალი შემადგენლობის მიერ ცვლილებების გარეშე მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში, იგი გადაეცემა რეფერენდუმზე დამტკიცების ან უარყოფისათვის. რეფერენდუმის ჩატარების წესი დგინდება კანონით. თუ კენჭისყრაში მონაწილეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ორმოცი პროცენტი, ხმას მისცემს ფოლკეტინგის მიერ მიღებული კანონპროექტის მხარდასაჭერად და კანონპროექტი მიიღებს სამეფო დამტკიცებას, იგი ქცევა ამ კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილად... კანონი ,,დანიის ტახტის მემკვიდრეობის შესახებ’’ მიღებულია 1953 წლის 27 მარტს მუხლი 1. ტახტი მემკვიდრეობით გადაეცემათ მეფე ქრისტიან X-სა და დედოფალ ალექსანდრინას შთამომავლებს. მუხლი 2. მეფის გარდაცვალების შემდეგ ტახტი გადადის მის ვაჟიშვილზე ან ქალიშვილზე იმ პირობით, რომ ტახტზე უპირატესი უფლება აქვს ვაჟს ქალიშვილის მიმართ, ხოლო იგივე სქესის რამდენიმე ბავშვის არსებობის შემთხვევაში - ასაკით უფროს ბავშვს. თუ მეფის რომელიმე ბავშვი გარდაიცვალა, გარდაცვლილის ბავშვები იკავებენ მის ადგილს მემკვიდრეობის ხაზით პირველ მუხლში დადგენილი წესების დაცვით. მუხლი 3. მეფის სიკვდილის შემთხვევაში, თუ მას არ დარჩა შვილები, რომელთაც ექნებოდათ ტახტის დაკავების უფლება, ტახტი გადადის მის ძმაზე ან დაზე იმ პირობით, რომ უპირატესი უფლება ტახტზე ეკუთვნის მეფის ძმას. თუ მეფეს ჰყავდა ერთი ან მეტი ან ძმა და რომელიმე მის ძმათაგან ან დათაგან გარდაიცვალა, გამოიყენება მე-2 მუხლით დადგენილი წესები. მუხლი 4. თუ არც ერთ პირს არა აქვს მე-2 და მე-3 მუხლებში დადგენილი წესების შესაბამისად ტახტის მემკვიდრეობით მიღების უფლება, ტახტი გადადის მეფე ქრისტიან X-სა და დედოფალ ალექსანდრინას შთამომავლების უახლოეს შტოს წარმომადგენლებზე, პირდაპირი ხაზის მიხედვით და უპირატესობის მინიჭებით კაცებისათვის ქალებთან მიმართებით და ასაკით უფროსებისათვის უმცროსებთან მიმართებით, მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად. მუხლი 5. მხოლოდ კანონიერ ქორწინებაში დაბადებულ ბავშვებს აქვთ ტახტის მემკვიდრეობის უფლება. მეფეს უფლება არა აქვს დაქორწინდეს რიქსდაგის თანხმობის გარეშე. თუ ტახტის მემკვიდრეობის უფლების მქონე პირი ქორწინდება სახელმწიფო საბჭოში მიცემული მეფის თანხმობის გარეშე, ის, ისევე როგორც მისი შვილები და შთამომავლები, კარგავენ ტახტის მემკვიდრეობის უფლებას. მუხლი 6. მე-2-მე-5 მუხლებს დებულებები გამოიყენება შესაბამისად მეფის ტახტიდან გადადგომის შემთხვევაშიც. მუხლი 7. ეს კანონი ძალაში შედის დანიის სამეფოს კონსტიტუციასთან ერთად 1953 წლის 5 ივნისიდან. |