დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი აფრიკას სტუმრობს. იგი ძალიან პოპულარულია არა მარტო დიდ ბრიტანეთში, არამედ აფრიკის ქვეყნებში და მთელ მსოფლიოშიც, რაც მისი კომუნიკაბელურობის, უბრალოებისა და კეთილშობილი ხასიათის დამსახურებაა. პრინც ჰარის უყვარს ადამიანები, უყვარს საზოგადოება სულაც არ ახასიათებს ქედმაღლობა ან უკარებლობა. პრინცი ჰარი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საქმროდ და მომხიბვლელ ადამიანად. განსაკუთრებულად უყვარს ბავშვები და ბავშვებსაც ძალიან უყვართ ჰარი. აფრიკაში ვიზიტის ფარგლებში იგი ეწვია პატარა სახელმწიფო ლესოთოს. ლესოთო პატარა სახელმწიფოა, სულ 30 355 კვ. კმ (საქართველოს ნახევარზე ნაკლები). მთლიანად გარშემორტყმულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკით. 1966 წლამდე დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი იყო. 1993 წლიდან ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიაა. პრინცი ჰარი ამ პატარა სამეფოს ეწვია საქველმოქმედო მიზნებით, თავისი ფონდის Sentebale გეგმების გამო. ეს ორგანიზაცია მისი და ლესოთოს მეფის ლეციე III-ის ძმის, პრინც სეისიტოს დაარსებულია. ორგანიზაცია დაარსდა 2006 წელს, ლესოთოს ობოლი და მიუსაფარი ბავშვებისა და ახალგაზრდების დასახმარებად. სპეციალურად ამ ვიზიტისათვის ბრიტანელმა პრინცმა შეისწავლა რამდენიმე ჟესტი ყრუ-მუნჯებთან გასაუბრებისათვის, პრინც სეისიტოსთან ერთად შეხვდა მოსახლეობას, იცეკვა ბავშვებთან, ითამაშა და ნამცხვარიც კი გამოაცხო. |