ავსტრალიაში თავისი სახელმწოფოს მეთაურის, დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის საიუბილეო მონეტები გამოდის, ოქროსი და ვერცხლის. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მონარქს ავსტრალიაც აღიარებს თავის დედოფლად. მისი ტახტზე ასვლიდან 60 წელი სრულდება. ავსტრალიის სამონეტო სახლის განცხადებით, რომელიც ქალაქ პერტში მდებარეობს, ამ თარიღთან დაკავშირებული ოქროს მონეტა 25 ავსტრალიური დოლარის ღირებულების იქნება, 999 სინჯის ოქრო, დამზადების ხარისხი უმაღლესი - „ფრუფი“, წონა 7.777 გრამი, დიამეტრი 20.60 მმ, სისქე 2 მმ, ტირაჟი სულ 1000 ცალი. ვერცხლის მონეტის ღირებულება 1 ავსტრალიური დოლარი იქნება. დამზადდება 999 სინჯის ვერცხლისგან, დამზადების ხარისხი უმაღლესი - „ფრუფი“, წონა 31.135 გრამი, დიამეტრი 40.60 მმ, სისქე 4 მმ, ტირაჟი 7500 ცალი. ოქროსა და ვერცხლის ამ საიუბილეო მონეტებს მსურველები შეიზენენ ქალაქ პერტში, ოქროსას 690 ავსტრალიურ დოლარად, ვერცხლისას კი 94.55 ავსტრალიურ დოლარად. ქართული ბანკის კურსით 1 ავსტრალიური დოლარი 1.6941 ლარი ღირს. ანუ საიუბილეო ოქროს მონეტა 1168,93 ლარი, ვერცხლის მონეტა კი 160.18 ლარი ეღირება. ნუმიზმატები მშვენიერ ექსპონატებს შეიძენენ. |