სამეფო კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დამსახურებულმა წევრმა, გიორგი ბურჯანაძემ ღოა წერილით მიმართა სამეფო კლუბს და კატეგორიულად მოითხოვა მისი გამოქვეყნება სამეფო კლუბის შეხვედრაზე, პრესაში, მისი განხილვა და გადაწყვეტილების სასწრაფოდ მიღება. ბატონ გია ბურჯანაძესთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ მისი ღია წერილი გამოქვეყნდება სამეფო კლუბში, სამეფო კლუბის საიტზე, პრესაში, რისი უფლებაც აქვს სამეფო კლუბის წევრს და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეს, მაგრამ გადაწყვეტილებას სამეფო კლუბი მიიღებს ერთი თვის შემდეგ, სამეფო კლუბის მომავალ შეხვედრაზე, მსჯელობისისა და ღია წერილის ანალიზის შედეგად. სამეფო კლუბი
სამეფო კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი ბურჯანაძის ღია წერილი სამეფო კლუბს საქართველოს სამეფო კლუბმა დიდი ხანია იმსჯელა მომავალ კონსტიტუციურ მონარქისტულ სახელმწიფოში იურიდიულად უნდა იარსებოს თუ არა არისტოკრატიულმა ტიტულებმა, რომლებიც გადავა მემკვიდრეობით და მივიდა დასკვნამდე, რომ არისტოკრატიული ტიტულების იურიდიული არსებობა სახელმწიფოში ხელს უშლის ადამიანის თანასწორობის პრინციპებს, უარყოფს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, პოლიტკორექტულობის პრინციპებს და სამეფო კლუბის წევრებმა პირადი ხელმოწერით უარყვეს არისტოკრატიული ტიტულების არსებობის საჭიროება მომავალ ქართულ კონსტიტუციურ მონარქიაში. ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნებულია სამეფო კლუბი საიტზე: „უნდა იყოს თუ არა არისტოკრატიული ტიტულები მომავალ კონსტიტუციურ სამეფოში“. მართლაც, არისტოკრატიული ტიტულები აღიზიანებს მოსახლეობას და შეიძლება ამის გამო დიდმა ნაწილმა მხარი არ დაგვიჭიროს მონარქიის აღდგენის საქმეში. ამიტომ, ჩვენს პროექტში: „ძირითადი პრინციპები კონსტიტუციური სახალხო მონარქიული სახელმწიფოს კონსტიტუციისათვის“, რომელიც მომავალი მონარქისტული საელმწიფოს კონსტიტუციის წინასახე-პროექტია, თავი „კონსტიტუციური მონარქიის სახალხო ფორმა“ ასე ჩამოყალიბდა: „განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება საქართველოს კონსტიტუციური მონარქიის სახალხო ფორმას. საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად მათი ეროვნებისა, რელიგიური კუთვნილებისა, რასისა და მისი წინაპრების სოციალური სტატუსისა, იქნება თანასწორი უფლებებითა და ღირსებით. ქართული სამეფო დაიცავს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ნორმებს განუხრელად და პოლიტკორექტულობას. სამეფოში იურიდიულად იარსებებს საპატიო წოდებები, რომელთაც მეფე მიანიჭებს დამსახურებულ პიროვნებებს, ოღონდ ისინი არ იქნება არისტოკრატიული შინაარსისა და არ გადავა შთამომავლობით (მაგალითად - სამეფოს რაინდი, ვარგი, დიდებული, დამსახურებული მანდილოსანი და სხვა). საკუთარ წრეში და ერთმანეთთან მიმართებაში ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად და არაოფიციალურად, რა თქმა უნდა, შეუძლიათ ისარგებლონ ნებისმიერი ეტიკეტით, თუ არ ირღვევა სხვა ადამიანების ღირსება და პოლიტკორექტულობის პრინციპი. თუმცა ეს კონტიტუციურ და იურიდიულ ნორმად ვერ იქცევა მეფისა და სახელმწიფოსათვის. (ეს დარეგულირდება კონსტიტუციით).“ თუმცა, ჩემი აზრით, არის კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. კონკრეტულად, სამეფოს აღდგენამდე უნდა გამოვიყენოთ თუ არა ბატონიშვილისა და სამეფო პრინცის, პრინცესას ტიტულები ოფიციალურად და საჯაროდ. მონარქისტულ იდეოლოგიაში გაურკვეველ ადამიანებს, ასევე, აღიაზიანებს ბატონიშვილისა თუ სამეფო პრინცის ტიტულები და განაწყობს მათ მონაქრიის წინაღმდეგ. გარდა ამისა, ბატონიშვილის ტიტულის გამოყენებამ უამრავ უსიამოვნებას გადაგვყარა. ბაგრატიონ-გრუზინსკები არ აღიარებენ იმერეთისა და მუხრანელ ბაგრატიონთა ბატონიშვილობას. იმერეთის ბაგრატიონების მომხრეები, ბოლო ხანს, ეჭვქვეშ აყენებენ ბაგრატიონ-გრუზინსკების ოჯახის ბაგრატიონობას. ბაგრატიონ-მუხრანელების ესპანეთიდან დაბრუნებული ოჯახი მხოლოდ საკუტარ ოჯახს თვლის სამეფო ოჯახად. ისინი საკუტარ ბაგრატიონ-გრუზინსკებზე უპირატესად და არც იმერეთის ბაგრატიონთა ოჯახს თვლიან სამეფო ოჯახად. ბაგრატიონ-გრუზინსკები და ბაგრატიონ-მუხრანელები ჩვენგან ითხოვენ მხოლოდ მათი ოჯახი ვცნოთ სამეფო ოჯახად და სხვა არა. გვთხოვენ მათ დავემორჩილოთ. ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ და არავის არ ვემორჩილებით. ფეოდალური ურთიერთობები ჩვენ არ გვაინტერესებს. ჩვენ თავისუფალ ქვეყანას ვაშენებთ. ამიტომ, არ ვერევით ამ კამათში და ფაქტობრივად, არც ერთის მხარე არ დავიჭირეთ, არც ერთს არ დავემორჩილეთ, რაც არ ესიამოვნათ. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა სხვადასხვა ოჯახთან, ამ ოჯახების წევრებს ბატონიშვილებად განვიხილავთ და ვაღიარეთ კიდეც. ზოგი მათგანი, იმერეთის წარმომადგენელი და იოანე ბაგრატიონ-მუხრანელი სამეფო კლუბის საპატიო დინასტიურ წევრებად ავირჩიეთ, ბაგრატიონ-გრუზინსკებს ეს ეწყინათ, ისევე, როგორც ჩანს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს. როგორც ვთქვით, სამეფო კლუბმა ზოგიერთი ბაგრატიონი სამეფო კლუბის დინასტიურ საპატიო წევრად აღიარა, სერთიფიკატიც გადასცა (სხვებს ეწყინათ, და ისინი, ფაქტობრივად, ჩვენთან არც თანამშრომლობენ). თუ ვინმეს ჰგონია, რომ სამეფო კლუბისა და უბრალო მოქალაქეების გარეშე მონარქია აღდგება და ისინი მონარქისტული ქვეყნის ნამდვილ სამეფო ოჯახად იქცევიან, ძალიან ცდება. ამ ყველაფერმა მიმიყვანა დასკვნამდე, რომ სამეფო კლუბმა ხალხის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად და ბაგრატიონთა სხვადასხვა სამეფო ოჯახების ქმედებებიდან გამომდინარე, სამეფოს აღდგენამდე, უარი უნდა თქვას ტიტულების: მისი სამეფო უმაღლესობა, ბატონიშვილი, პრინცი, პრინცესას გამოყენებაზე და თითოეული მათგანი განვიხოლოთ ჩვეულებრივ მოქალაქედ, როგორც არიან კიდეც დღევანდელ რესპუბლიკაში. როცა აღდგება მონარქია, მხოლოდ მეფეს და მისი ოჯახის წევრებს ექნებათ ტიტულები, მეფე, დედოფალი, დედა-დედოფალი, ბატონიშვილი, პრინცი და პრინცესა. მეფის ძმას და დას მხოლოდ ერთი თაობა. სხვა ყველა ადამიანი, მიუხედავად მისი გვარისა და წინაპრების ტიტულებისა, ოფიციალურად და იურიდიულად არ იქნება წოდებული არც ბატონიშვილად, არც თავადად და არც აზნაურად. ეს დარეგულირდება კონსტიტუციით. თუმცა, როგორც ყოველთვის აღნიშნავდა გია მამალაძე, არისტოკრატების შთამომავლებს საკუთარ წრეში ვერავინ აუკრძალავს ერთმანეთთან ურთიერთობისას გამოიყენენ ის ეტიკეტი, რაც უნდათ. თუ ეს არ დაარღვევს პოლიტკორექტულობის პრინციპს და თუ მორალურ შეურაცხყოფას არ მიაყენებს სხვა ადამიანებს. ამგვარად, სანამ, მონარქია აღდგება ქვეყანაში, ხალხის გაღიაზიანების თავიდან ასაცილებლად და ბაგრატიონთა სხვადასხვა ოჯახებს შორის კამათში არ ჩართვის გამო, გთავაზობთ, ყველა, ბაგრატიონ-გრუზინსკები, ბაგრატიონ-მუხრენელები, იმერეთის ბაგრატიონები, რომლებიც თავს თვლიან სამეფო ოჯახების წევრებად, მოვიხსენიოთ ისე, როგორც ეს შეეფერება ჩვენს დღევანდელ კონსტიტუციას, რესპუბლიკურ სახელმწიფოს: ბატონად და ქალბატონად. მეტიც, ვფიქრობ, სამეფო კლუბისთვის ისინი გამოსარიცხნი არიან ტახტის მემკვიდრეობის რიგიდან, რადგან, სამეფო კლუბი შეთანხმებულია, პატრიარქიც ასე ფიქრობს და საერთოდ, მონარქისტულად განწყობილი წრეები თვლიან, რომ ტახტის აღდგენის შემთხვევაში, ტახტზე შეიძლება ავიდეს მხოლოდ ბავშვი, ამ შემთხვევაში დავით და ანა ბაგრატიონების ძე - გიორგი ბაგრატიონი. ანუ, ჩვენ გადავწყვიტოთ, უფრო სწორად, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ არანაირი კამათი არ გვაინტერესებს, არც ერთი პერსონის პრეტენზია ტახტის მემკვიდეობაზე, არ გვაინტერესებს, ჩვენთვის მხოლოდამხოლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები. ამიტომ, ვაღიარებთ ტახტის მემკვიდრედ გიორგის, ასევე, პრეტენდენტებად მივიჩნევთ სხვა ოჯახებში დაბადებულ ბავშვებს, მე-2, მე-3 და ა. შ. რიგით მემკვიდრეებად. ჩემი აღნიშნული ღია წერილი იძულებითი ნაბიჯია. ძალიან დავიღალეთ არაკომპეტენტურობის, არაპოლიტიკური ნაბიჯების, ერთმანეთის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებისგან. ამას, თუ ვერ შევწყვეტთ, საზოგადოებას ის მაინც ეცოდინება, რომ ამ უარყოფითი მოვლენებისგან შორს ვართ. სამეფო კლუბისგან მოვითხოვ, ჩემი ღია წერილი განხილულ იქნას და თითოეულმა წევრმა წერილობით გამოხატოს თავისი თვალსაზრისი, ან დამიჭიროს მხარი, ან არა. პატივისცემით, სამეფო კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დამსახურებული წევრი გიორგი ბურჯანაძე |