| თამარ ბარათაშვილი, ირაკლი ბაგრატიონი, მანანა ერისთავი და ნინო ტარყაშვილი | 13 სექტემბერს წმინდა დემეტრე თავდადებულისა და წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძრების მრევლი შეხვდა ბატონიშვილ ირაკლი ბაგრატიონს, იმერეთის ტახტის მემკვიდრეს. შეხვედრა მოეწყო მრევლის სურვილითა და ინიციატივით და მოძღვრების, მამა მალხაზ ყიფიანისა და მამა ნიკოლოზ გუგუსიანის ხელშეწყობით. შეხვედრის დაწყებამდე ბატონიშვილმა მოილოცა ორივე ტაძარი და სანთლებიც დაანთო. შეხვედრაზე დასასწრებად მოწვეულნი იყვნენ, აგრეთვე, წმინდა დიმიტი ყიფიანის შთამომავალი და დიმიტრი ყიფიანის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ მიქაძე, პოეტი ერეკლე საღლიანი და სამეფო კლუბის წევრები. შეხვედრა გახსნა მამა მალხაზ ყიფიანმა, რომელმაც ბრძანა, რომ „მისთვის დიდი პატივია უფლისწულთან შეხვედრა, თუმცა ეს სიმბოლურიცაა, რადგან, უბანი, სადაც ეს ტაძარი მდებარეობს, ისტორიულად სამეფო უბნად იწოდებოდა და ბატონიშვილიც თავის წინაპარს მიეახლა. თანაც წმინდა დემეტრე თავდადებულის ხსენების დღე ემთხვევა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. ჩანს წმინდა დემეტრე შეეწია ამ საქმეს და უნდა ვიფიქროთ რომ იგი სამეფო ტახტის აღდგენის საქმეშიც დიდი შემწე იქნება.“ შეხვედრაზე აღინიშნა ის უდიდესი ღვაწლი, რომელიც მიუძღვოდათ ბაგრატიონებს ქართველი ერის წინაშე. მრევლმა გაიხსენა საქართველოს მოამაგე და ხმალჩაუგებელი მეფეები: დავითი, დემეტრე, ერეკლე, თამარი, სოლომონ პირველი და სოლომონ მეორე და სხვები. დასასრულ ბატონიშვილმა პასუხი გასცა მრევლის შეკითხვებს და აღნიშნა, რომ ეს პირველი შეხვედრაა მრევლთან, ამდენად ემოციურად განსაკუთრებით დატვირთული და სასიხარულოა. იმედია, დიმეტრე თავდადებულისა და დიმიტრი ყიფიანის ტაძრების მრევლს სხვა ტაძრების მრევლიც მიბაძავს და უფრო ახლოს გაიცნობს ჩვენს მეფეთა შთამომავლებს, რითაც აღდგება ის წყვეტილი ხაზი, რომელიც არსებობს ქართლ–კახეთისა და იმერეთის სამეფოთა გაუქმების შემდეგ და როგორც ერთ–ერთმა მრევლმა ხატოვნად შენიშნა: ბაგრატიონის დანთებული სანთლის ალი დემეტრე თავდადებულის ტაძარში სიმბოლურად არასდროს ჩაქრება. |