სახელმწიფოებრივი მოწყობის ფორმიდან გამომდინარე, ყველა მონარქისტული ქვეყანა განსაკუთრებული სიახლოვით არის ერთმანეთთან ბუნებრივად დაკავშირებული - ეს არის უპირველესად კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობა, მაგრამ, ამასთანავე ეს არის დიდი სულიერი ერთობაც, რისი დასტურიც გახლავთ თუნდ შემდეგი ფაქტი: სულ ახლახან ნიდერლანდების დედოფალი მასაკო დაეხმარა იაპონიის მემკვიდრე პრინცესა მასაკოს - კრონპრინც ნარუხიტოს მეუღლეს - დეპრესიასთან გამკლავებაში. თითქმის ცხრა წლის მანძილზე აწუხებდა მასაკოს დეპრესიის მძიმე ფორმა - ეგრეთ წოდებული ”ადაპტაციის დარღვევის სინდრომი” და ამ მიზეზით ძალიან იშვიათად ჩნდებოდა ხალხში. პრინცესას მდგომარეობა გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც ამა წლის აპრილში დედოფალმა მაქსიმამ დაითანხმა მასაკო ნარუხიტოსთან ერთად დასწრებოდა მეფე ვილემ-ალექსანდერის ინაუგურაციის ცერემონიას. იაპონიის გაზეთი ” Asahi Shimbun”-ი ამ სიტუაციას აღწერს შემდეგი სახით: ”ნიდერლანდების ახალმა მეფემ მიიწვია ნარუხიტო ინაუგურაციაზე ჯერ კიდევ მარტში, როდესაც ისინი შეხვდნენ ერთმანეთს ნიუ-იორკის კონფერენციაზე. ამის მიუხედავად, დედოფალ მაქსიმას მაინც ტელეფონით მოუხდა პრინცესა მასაკოს დათანხმება ჩამოსვლაზე. ამ საუბარმა მასაკოს განუმტკიცა საკუთარი თავის რწმენა”. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიურსა და იაპონურ სამეფო ოჯახებს მრავალი წლის განმავლობაში აკავშირებს მეგობრული ურთიერთობა. ჯერ კიდევ ნიდერლანდების ყოფილი დედოფალი ყვებოდა იმის შესახებ, რომ მას კარგად ესმოდა მასაკოს მდგომარეობისა, რადგან მის მეუღლესაც ჰქონდა იგივე პრობლემა.
|