როგორც ”itar-tass.com”-ი იუწყება, ბელგიის მეფე ალბერტ II-ემ მიიღო ტახტიდან გადადგომის გადაწყვეტილება. დღეისათვის არსებული მონაცემებით ბელგიის მონარქის გადადგომის ოფიციალური თარიღი იქნება 21 ივლისი - მეფის ფიცის დადების დღე, რომელიც ეროვნული დღესასწაულია ქვეყანაში. მონარქის გვირგვინს დაიდგამს 53 წლის პრინცი ფილიპი. საინფორმაციო ორგანოების ცნობით, გადადგომას წინ უძღოდა აქტიური კონსულტაციები, რომლებიც მიმდინარეობდა გაზაფხულის დასაწყისიდან სამეფო სასახლეში პრემიერ-მინისტრ დი რუპოს და მოწინავე პოლიტიკურ პარტიათა მონაწილეობით. გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი ალბერტ II-ის ასაკია, რომელსაც 6 ივნისს 79 წელი შეუსრულდა. არსებობს სხვა პოლიტიკური წიაღსვლებიც - ბელგიის მეფე გაცილებით უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვიდრე სხვა ევროპული ქვეყნების მონარქები. არსებული ღრმა კრიზისის პირობებში ფრანგულენოვან ვალონებსა (სამხრეთი ბელგია) და ნიდერლანდურენოვან ფლანდრიას შორის (ჩრდილოეთი ბელგია) მეფე ითვლება საყოველთაოდ აღიარებულ მთავარ და მიუმხრობელ შუამავლად, რომელიც არცთუ იშვიათად საკუთარი ავტორიტეტის ხარჯზე აგვარებს ამ ორი რეგიონის მყიფე თანაცხოვრებას. 2014 წელს ბელგიაში ჩატარდება მორიგი საპარლამენტო არჩევნები და დამკვირვებლები ელიან ახალ გამწვავებას ვალონიასა და ფლანდრიას შორის, როგორც ეს იყო ყოველი არჩევნებისას უკანასკნელი 8 წლის მანძილზე. თუ ეს მოხდება, ალბერტ II, თავისი ასაკის გამო შეიძლება ვერ გაუძღვეს ჯეროვნად თავის მოვალეობას. ჯერჯერობით მემკვიდრე პრინცი მამის პოპულარობის ნახევარსაც ვერ ფლობს. ამიტომ ადგილობრივი პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ ტახტი მას უკვე წელს უნდა გადაეცეს, რათა ახალ მეფეს ჰქონდეს საკმარისი დრო საკუთარი თავის დასამკვიდრებლად. |