| 23 მაისს მაინის ფრანკფურტში გარდაიცვალა ჰესენის სამეფო სახლის მეთაური, მისი უმაღლესობა პრინცი და ლანდგრაფი მორიც ჰესენელი და რეინელი. ლანდგრაფ მორიცი დაიბადა 1926 წელს. იგი იყო პრინც ფილიპ ჰესენ-კასელელის და იტალიის მეფის - ვიქტორ-ემანუილ III -ის ქალიშვილის, მაფალდას უფროსი ვაჟი. მორიცის პაპა, პრინცი ფრიდრიხ-კარლ ჰესენ-კასელელი 1918 წელს, რამდენიმე თვის მანძილზე იყო ფინეთის მეფე, ხოლო 1925 წელს გახდა ჰესენ-კასელის ლანდგრაფის სახლის მეთაური. მორიცის მამა, პრინცი ფილიპი და ბიძა, პრინცი კრისტოფი იყვნენ გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის ცნობილი წევრები და სხვადასხვა თანამდებობები ეკავათ მესამე რაიხის სტრუქტურებში, თუმცა მეორე მსოფლიო ომის ტრაგიკული დასასრული ავად აისახა ჰესენის სახლის წარმომადგენლების ბედისწერაზე. იტალიის სამეფოს ომიდან გამოსვლის შემდეგ, 1943 წელს პრინცესა მაფალდა, ცნობილი თავისი ანტისაომარი და ანტინაცისტური გამონათქვამებით, ჰიტლერის პირადი განკარგულებით იყო მოთავსებული ბუჰენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც დაიღუპა კიდეც ავიათავდასხმის შედეგად. პრინცი ფილიპი ასევე იყო დატუსაღებული ფლოსენბიურგსა და დაჰაუში; თვით პრინცი მორიცი ამ პერიოდში მსახურობდა საველე ნაწილებში ლიუფტვაფესა და კასელში. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ პრინცი მორიცი გადავიდა შლეიზვიგ-გოლშტეინში, მიიღო კილში სასოფლო-სამეურნეო განათლება და გახდა მამის ერთგული თანაშემწე მამულების მოვლა-პატრონობაში, რაც მოიცავდა ციხე-სიმაგრეებს, ოტელებს, საკარმიდამო ნაკვეთებს, ვენახებს, ტყეებს, აგრეთვე ევროპული ხელოვნების მდიდრულ კოლექციებს. 1960 წელს პრინცი მორიც ჰესენ -კასელელი გამოცხადებულ იქნა უშვილო ჰერცოგ ლუდვიგ ჰესენელისა და რეინელის დინასტიური უფლებების მემკვიდრედ. 1980 წელს, მამის სიკვდილის შემდეგ, პრინცი მორიცი სათავეში ჩაუდგა გაერთიანებულ ჰესენის სახლს ლანდგრაფ ჰესენელის ტიტულით. ლანდგრაფი მორიც ჰესენელი იყო ჰესენის სახლის ფონდის პრეზიდენტი, გერმანიის ხელოვნების დიდი მეოხი და მსხვილი ქველმოქმედი. უყვარდა ყვავილები და ” Wolf Garten”-ის ციხე-სიმაგრეში საკუთარ ბაღში გაშენებული ჰქონდა იშვიათი სილამაზის ყვავილნარი. |