ლონდონიდან ბელგრადში გადაასვენეს დედოფალ-დედის, მარიამ ყარაგიორგიევიჩის ნეშტი, რომელიც 1961 წელს გარდაიცვალა ინგლისში. მარიამი გახლდათ რუმინეთის პრინცესა და ინგლისის დედოფალ ვიქტორიას შვილთაშვილი. ამჟამად მიმდინარეობს მზადება საზღრვარგარეთ გარდაცვლილ ყარაგიორგევიჩების დინასტიის ოჯახის წევრების ნეშტთა გადმოსვენებისათვის, რომლებიც მართავდნენ სერბეთსა და იუგოსლავიას 1903-დან 1941 წლამდე. 26 მაისს ოპლენაცში, ბელგრადიდან 100 კილომეტრში, ყარაგიორგევიჩთა საოჯახო მავზოლეუმში დაიკრძალება იუგოსლავიის ყოფილი მეფის, პეტრე მეორის ნეშტი, დედამისის - დედოფალ მარიამისა და მისი პირველი მეუღლის - ალექსანდრასი. დაკრძალვა მოხდება სრული სახელმწიფოებრივი პატივით - მოსაწვევები უკვე დაიგზავნა მთელ მსოფლიოში 2500 მისამართით. თავიანთ წარჩინებულ წარმომადგენლებს წარმოგზავნიან საბერძნეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, იაპონიის სამეფო სახლები. დედა-დედოფლის, მარიამ ყარაგიორგევიჩის ნეშტი დაკრძალვამდე დასვენებულია სამეფო სასახლე-რეზიდენციის ტაძარში ბელგრადში, მისი ვაჟის, პეტრე მეორის ნეშტის გვერდით. რაც შეეხება პეტრეს ნეშტს, ის სერბეთში აშშ-დან გადატანილია ჯერ კიდევ წლის დასაწყისში. ვარაუდობენ, რომ მალე საბერძნეთში მოხდება აგრეთვე პეტრეს მეუღლის, ალექსანდრას ნეშტის ექსგუმაციაც. ისტორიულად სერბეთში ფართო საზოგადოებაში ყველაზე პატივდებულ დედოფლად ითვლება დედა-დედოფალი მარიამი, მარსელში 1934 წელს მოკლული მეფე ალექსანდრე პირველის მეუღლე. იგი გახდა მეფურიჰუმანიზმისა და თავშეწირულობის სიმბოლო: პირველი მსოფლიო ომის დროს ყოველდღიურად უვლიდა დაჭრილებს, დაკავებული იყო საოჯახო საქმეებით, ოღონდ - არა პოლიტიკით. მაგრამ მის ვაჟს, პეტრე მეორეს არცთუ უმწიკვლო რეპუტაცია გააჩნდა. პეტრეს მემკვიდრეობა ერგო 11 წლის ასაკში და ტახტზე ავიდა სრულწლოვანების მიღწევისას, 1941 წელს. მალე მან მოაწერა ხელი თავდაუსხმელობის პაქტს გერმანიასა და იტალიასთან, მაგრამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთ კვირაში ჰიტლერელებმა დაიწყეს იუგოსლავიის ოკუპაცია. პეტრე მეორე ოჯახთან ერთად წავიდა ემიგრაციაში და თან გაიყოლა სახელმწიფოს ოქრო. 1945 წელს ოფიციალურად გაუქმდა მონარქია იუგოსლავიაში, ხოლო ყარაგიორგევიჩთა ქონება დაექვემდებარა კონფისკაციას. 2001 წელს ხელისუფლებმა სამშობლოში დაბრუნების ნება დართეს პეტრე მეორის ერთადერთ ვაჟს - ალექსანდრეს, რომელიც თავის თავს ტახტის მემკვიდრეს უწოდებს, ხოლო ზოგჯერ მას მეფედაც უხმობენ. ალექსანდრე დამკვიდრდა ბელგრადის თეთრ სასახლეში და სახელმწიფოსაგნ იღებს არცთუ მცირე სუბსიდიებს საკუთარი კანცელარიის შენახვისათვის. მაგრამ მისი საზოგადოებრივი ავტორიტეტი ქვეყანაში არცთუ მაღალია - პირველი მიზეზი ის არის, რომ ის გამართულად ვერ ლაპარაკობს სერბულ ენაზე და მეორე - ვერ მიაღწია თანხმობას დინასტიის სხვა წევრებთან. თუმცა დღეს სერბეთში მონარქიის რესტავრაციაზე აქტიურად არ ლაპარაკობენ, ოპლენაცში მოკლე დროში დასახული პატივით გასამართი დაკრძალვის ცერემონიები საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრშია. |