 | ახალი მეფე-დედოფალი ტახტზე | როგორც რამდენიმე საათის წინ ვწერდით, 30 აპრილს, ევროპის დროით 10.00 საათზე, ნიდერლანდების დედოფალმა ბეატრიქსმა ხელი მოაწერა აქტს გადადგომის შესახებ. მისმა უფროსმა ვაჟმა ვილემ ალექსანდერმა კი ხელი მოაწერა აქტს სამეფოს ჩაბარების შესახებ. ოფიციალური ცერემონია 2 საათი მიმდინარეობდა. შემდეგ ჩატარდა მეფედ კურთხევის ცერემონია. ცერემონიას ესწრებოდა ყოფილი დედოფალი ბეატრიქსი, მსოფლიოს სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, დამსახურებული ადამიანები. მაშასადამე, ნიდერლანდების დედოფალი ბეატრიქსი, რომელიც ოცდაათ წელზე მეტ ხანს ედგა ქვეყანას სათავეში, ოფიციალურად გადადგა. ახალი და 1890 წლის შემდეგ პირველი მამაკაცი-მეფე იქნება მისი უფროსი ვაჟი - კრონპრინცი ორანელი-ნასაუ ვილემ-ალექსანდერი. ტახტიდან გადადგომის დოკუმენტების ხელის მოწერასთან ერთად, 30 აპრილს ნიდერლანდის მცხოვრებლებმა ასევე უკანასკნელად აღნიშნეს ეროვნული დღესასწაული - დედოფლის დღე. ამიერიდან ვილემ-ალექსანდერი იქნება არა მარტო პირველი მამაკაცი-მონარქი ქვეყანაში უკანასკნელი 123 წლის მანძილზე, არამედ ყველაზე ახალგაზრდა მეფეც ევროპაში. აქტებზე ხელის მოწერათა ფორმალურ ნაწილს მოჰყვა პრინცის მიერ ნიდერლანდურ კონსტიტუციაზე და ხალხისადმი ერთგულებაზე ფიცის დადება. შემდეგ პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარემ, ფრედ დე გრააფმა წაიკითხა საზეიმო დეკლარაცია და შტატების წევრებმა დაიფიცეს მეფისადმი ერთგულებაზე. რეგლამენტის მიხედვით შედგა მიღება მეფის სასახლეში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ნიდერლანდელი პარლამენტარები და მთელი მსოფლიოს სამეფო ოჯახები. მაგრამ ცერემონიაზე არ იყო მიწვეული პრინცესა მაქსიმას მამა - ხორხე სორეგეტა, რომელსაც ეკავა სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა ხუნტის მმართველობის დროს არგენტინაში (1979-60 წლებში). ქვეყნის მილიონობით მცხოვრები შეიკრიბა ამსტერდამში მომავალი მონარქის მისალოცად. ამსტერდამის ქუჩები სამეფო სახლისფრად გადაღებილი იყო ნარინჯისფერში. ქვეშევრდომნი მორთულნი იყვნენ ორანელ-ნასაუთა დინასტიის ფერებში. ნარინჯისფერი მოსაცმელები ჰქონდათ თვით იმ ოთხფეხებსაც, რომლებიც გარეთ გამოეყვანათ პატრონებს. დედოფლისა და მეფის პორტრეტები ამშვენებდა თეფშებს, ფინჯნებს, შოკოლადისა და ნამცხვრების ყუთებს. მუზეუმ ”აი-ფილმში” შეასრულეს სიმღერა, რომელიც შეიქმნა ვილემ-ალექსანდერის საპატივცემულოდ. ამ სიმღერას უკვე თვლიან ქვეყნის არაოფიციალურ ჰიმნად. ხელისუფლების შეფასებით ქალაქის ქუჩებში გამოსული იყო დაახლოებით მილიონი ადამიანი, რომელთა უსაფრთხოებასაც იცავდა 10 ათასი პოლიციელი. ქალაქის თავზე საჰაერო სივრცე იყო დახურული. ბეატრიქსი, რომელიც ამჟამად 75 წლის არის, ნიდერლანდების ტახტზეა 1980 წლიდან, მას შემდეგ, რაც გადადგა დედამისი - დედოფალი იულიანა. ვილემ-ალექსანდერს დამთავრებული აქვს ლეიდენის უნივერსიტეტი. იგი განათლებით ისტორიკოსია. პრინცი 46 წლისაა, ჰყავს მეუღლე და სამი ქალიშვილი.მკითხველს ვთავაზობთ სურათებს ამ ისტორიული ცერემონიიდან. |