„დაუმორჩილებელი ქართული პოეზიის“ რუბრიკით იბეჭდება ლექსთა კრებული,
რომელიც იხსნება ერეკლე მეფის ქალიშვილების პოეზიით. ამ წერილში საუბარი იქნება სწორედ იმ ქართველ ქალბატონებზე,
რომლებიც პირველნი აღმოჩნდნენ მტერთან შეურიგებელი ბრძოლის წინა ხაზზე რუსეთისაგან საქართველოს პირველი ანექსიის დროს
- ესენი გახლდნენ მეფე ერეკლეს ქალიშვილები - მარიამი, ქეთევანი და თეკლა.
ერეკლეს ქალიშვილების პოეზიასთან დაკავშირებით ქართული ლიტერატურის ცნობილი მკვლევარი, ვახტანგ კოტეტიშვილი აღნიშნავდა:
„საზოგადოება ნებსით თუ უნებლიედ დაეშვა გამარუსებელ პოლიტიკის დაღმართზე, მწერლები კი ქანაობდნენ ძველისა და ახლის შორის, იმედის და სასოწარკვეთილების საზღვარზე, საქართველოზე მეოცნებენი და მისთვის განწირულები.
და თითქოს სიმბოლურია ის გარემოება, რომ მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურა ქალებმა დაიწყეს, ერეკლე მეფის სამმა ასულმა მარიამ, თეკლე და ქეთევან. ვაჟკაცები აქეთ–იქით გადაცვინდნენ, ქალები კი ნაზ ცრემლებით დაიტირებდნენ „ედემის ბაღს” – საქართველოს”.
თამარ პაპავა, თავის წიგნში „დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში” წერდა:
„ერეკლეს ქალები ერთი წუთითაც არ შერიგებიან საქართველოზე უცხო ძალის გაბატონებას;
და ამ მოპატიჟებულ სტუმარს,
რომელსაც ერთმორწმუნე პატარა ხალხისათვის რაინდული მფარველობა უნდა გაეწია და რომელმაც მისი სახლი მთლად მიისაკუთრა, – ამ
„სტუმარს” ერეკლეს ქალები მაღალის ზიზღით უცქეროდნენ და მისთვის უხვად ჰქონდათ დაგუბებული ნაღველი ამაყ მკერდ ქვეშ.”
ლევან ასათიანის მიხედვით:
„ლექსები ბატონიშვილებისაგან ჩამორთმეულ ხმლების მოვალეობას ასრულებდნენ...გენეზისი მე–19 საუკუნის პატრიოტული რომანტიზმის, პატრიოტული ლირიკისა და პროზისა,
უსათუოდ უნდა ვეძებოთ იმ მცირე პოეტურ მემკვიდრეობაში,
რომელიც დაგვიტოვეს ბატონიშვილმა ქალებმა – მარიამმა, ქეთევანმა და თეკლამ!”
მარიამის შესახებ „ჩანაწერები ბარბარე ქობულაშვილის მიერ ზოგიერთ ისტორიულ პირზე”
გვატყობინებს: „...მარიამი იყო დიდი ნიჭიერი, დიდად დახელოვნებული საღმთოს წერილში, ისეთი მოლექსე, რომ ასრე ამბობდენ – დიდი მეფის თეიმურაზის ნიჭი გამოყვაო ამ ქალსა. იყო დიდათ მუზიკის მოყვარე და თითონაც იცოდა ქართული მუზიკები, იყო სევდიანი,
ვითარცა ბაგრატიონნი, რომელთაც გვარად მოსდგამსთ,
და უყვარდა მხიარულება და ისეც ჰქონდა თავისი სახლი დაჩვეული. ოთხი ვაჟი ყვანდა და ოთხთავ იცოდენ ქართული საკრავები და ამხიარულებდენ დედასა და როდესაც სამშობლო რუსეთში გადაუსახლდა, ყოველივე მხიარულება დაივიწყა; წავიდა თავის სოფელს ქარელში, სწერდა სამგლოვიარო ლექსებსა, რომელიც ბევრსა აქვს საქართველოში და იყო ლოცვაში და ღვთის ვედრებაში. რომელიც ძმა მოუკვდებოდა, ანუ ძმისწული რუსეთში, ვერავინ ეტყოდა და ისე გარდაიცვალა...”
მეორე და - ქეთევანი არათუ მხოლოდ ლექსებით ებრძოდა იმპერიულ აგრესიას:
თავის ვაჟთან, კონსტანტინესთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა
1804 წლის ამბოხებაში. მათზე არა მარტო ალექსანდრე და თეიმურაზ ბატონიშვილები,
თვით სპარსეთის შაჰიც, ბაბა–ხანი,
დიდ იმედებს ამყარებდა. კონსტანტინესათვის გამოგზავნილი შაჰის ფირმანები, რუსების წინააღმდეგ ინსტრუქციებით, სპარსეთიდან სწორედ ქეთევანისათვის გადმოუციათ;
მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი მოსვლიათ დაგვიანებით,
1804 წლის დეკემბერში, როდესაც საქართველოში უკვე რეაქცია მძვინვარებდა – ამ დროისათვის ქეთევან ბატონიშვილი და მისი ვაჟი კონსტანტინე მუხრან–ბატონი ციციანოვის განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ იყვნენ. ეს წერილები, სხვა საეჭვო მასალებთან ერთად, მას ციციანოვმა აღმოუჩინა. ამ უკანასკნელმა საქმე გამოიძია და დაადგინა,
რომ ქეთევან ბატონიშვილს ამბოხებასთან დაკავშირებით მიმოწერა ჰქონდა თავის ძმასთან – ალექსანდრე ბატონიშვილთან და აჩქარებდა მას საქართველოში შემოსაჭრელად. რუსეთის ამ ყურმოჭრილმა მონამ ბატონიშვილი ქეთევანი დააპატიმრა და მისი საქმე საიდუმლო საგამომძიებლო კომისიას მიანდო.
თეკლა - ერეკლე მეფის უმცროსი ქალი, შეუდარებელ სიკეკლუცე–სილამაზესთან ერთად, თავისი ვაჟკაცური მხნეობით, შემძლეობით და უცნაური სითამამით იყო განთქმული. ცნობილია, რომ თვითონ ერეკლე „ვაჟკაცს” ეძახდა და 16 წლამდე ვაჟურად ჰყოლია ჩაცმული და თავისთანაც ხშირად უტარებია მოგზაურობის თუ ლაშქრობის დროს.
თეკლას მხედრულ შემართებასთან დაკავშირებით ღირსშესანიშნავია მისი ვაჟის, ალექსანდრე ორბელიანის ერთ–ერთ ხელნაწერში დაცული ცნობა, რომ,
როდესაც დარეჯან დედოფალს რუსეთში ასახლებდნენ, სოფელ კაიშაურთან შემოაღამდათ და დედოფლისთვის ღამით ერთ მოხუც მთიელს უთქვამს: „მთელი მთიულეთი დიდი ხანია მზადებაში ვართ, ეხლა სულ შეყრილი გახლავართ, აქ,
მახლობლად. თუ თქვენ ნებას მოგვცემთ, გათენებისას თავს დავესხმით ამ რუსის ჯარს,
გავწყვეტთ, თქვენ ერთიან მთაში შეგიყვანთ და მას უკან რაც მოხდეს, ის ღვთის ნება იყვეს დედოფალო”... დედოფალს უარი უთქვამს, იმის მოიმედეს,
რომ რუსეთს დროებით მიემგზავრებოდა;
სამაგიეროდ, საყურადღებოა ამ საუბრის შემსწრე თეკლას მიმართვა დედისადმი:
„მამა ჩემს, მეფე ირაკლისთან გახლავარ დასწრობილი ბევრს სროლაში, თვით თქვენც იცით ესა, რომლისგანაც ნება მქონდა კაცურად ჩაცმული ვყოფილიყავ და იმათთან მევლო...ახლა თუ თქვენი ნება იქნება, კიდევ ვაჟკაცურად ჩავიცვამ, თოფ–იარაღს შემოვირტყამ და ამ მოხუცებულს კაცსა ქვევითით თან გავყვებით...” საგულისხმოა ის გამამხნევებელი სიტყვები,
რომლითაც თეკლა მიმართავდა 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დაპატიმრებულ შვილებს:
„...ისე სტანჯეს დედოფალი ქეთევანი მტარვალებმა, რომ ენითაც ძნელი სათქმელია, მაგრამ ასე მოთმინებით იყო, არც კი ამოუკვნესია. აი, უბედურებაში მოთმინების მაგალითი ქეთევან დედოფალია.
ნამეტნავად დედაკაცისაგან ამგვარი საქმე უფრო გასაკვირველია! თუ დედაკაცმა იმისთანა საშინელი უბედურება მოითმინა,
კაცებს რაღა გმართებსთ!”
დღეს გთავაზობთ ამ დიდებული ქალბატონების თითო ლექსს - ეროვნული დაუმორჩილებლობის სულით აღბეჭდილთ და დებს შორის ძველი დროიდან დღემდე შემორჩენილ ოდენ თეკლა ბატონიშვილის პორტრეტს. ხოლო მარიამ ბატონიშვილის პორტრეტი შეასრულა მხატვარმა გოჩა გოზალიშვილმა.
მარიამ ბატონიშვილი
ჰოი,
დამწარდეს დროთა ტკბილობა
ჰოი, დამწარდეს დროთა ტკბილობა,
უწყალომ ეტლმან რა ქმნა ცილობა,
აღფხვრა წალკოტსა ვარდთა შლილობა,
დასთრგუნვა ჩემი დღე–კეთილობა,
ბნელ ჰყო ქართლისა ძვირფას მტილობა,
მესისხლე მარიხს აქვს ხმალ წვდილობა.
მზის მსგავსნი სხივნი ღრუბლით დაფარნეს,
მიქმნეს სიცოცხლე ნაღვლის უმწარეს,
ჩემსა მომლხენსა ვერ ვჭვრეტ მთოვარეს,
ამად ვზი და ვსტირ, ვღვრი ცრემლს მდუღარეს,
ვინ მანუგეშებს მარად მწუხარეს?
მრისხანეთ ჯალათთ აქვსთ გარს ყრილობა.
ედემის ბაღსა ზრდილნი ყვავილნი,
ვარდნი კოკობნი, ნაზად გაშლილნი
გულდამატკბობლად ახლად ფურჩვნილნი,
ვაჲ მე, უწყალოდ მყვეს აღმოფხვრილნი,
შორად მიმტაცეს მე მათნი ჩრდილნი,
ნუ მგმობთ, თუ მათთვის მაქვს ცრემლ–ნილობა.
ჩრდილოს კერძომან საბავთო ქარმან,
მძვინვარედ მქროლმან და დაუწყნარმან,
ჩემნი მთიებნი ჰყო გარის–გარმან,
მიმოაბნივნა შავ ბედის ღვარმან,
ვინ ვპოვო შემწე მე მათთვის მკვდარმან,
სახმილი მშრიტოს, მცეს გულს გრილობა?
დას–დასად მწყობრნი დაუნდობელნი,
მუხთლად მქცევ მრავალთ ლხინთა მცხრომელნი,
სხვა და სხვად მცველნი, ურთერთს მსწრობელნი,
კეთილ სუნნელთა ყვავილთ მზრობელნი,
უცნობთა პატიჟთ მქნელ მომთხრობელნი,
ჩემად საკვდავად აქვსთ შეყრილობა.
ჩემი წალკოტი აღყვავებული,
ოთხ კიდე სახელ განდიდებული,
ყვავილთ სიმრავლით განშვენებული
იქმნა, ამად ვსტირ ცეცხლ მოდებული,
ვაიმე მათგან მოოხრებული,
ვის შეხვდა მათი მოადგილობა.
ეჰა, მაღრიბის მანათობელნო,
ჩემის გულისა მაცოცხლებელნო,
ვინ მიგიმძლავრათ ტკბილ სამყოფელნო!
მარიხს შევსტირებ მომღრუბლებელნო,
გკადრებ ქვეყნისა შემამკობელნო,
ყარიბს დამშრიტე გულს სახმილება.
აჰა
დამეცნეს რისხვით ცანია
აჰა დამეცნეს რისხვით ცანია,
ისმინეთ საწყლად გლოვის ხმანია,
ნეტარ რად მოვვლე ესდენ ხანია,
რად არ სიკვდილად ვიქმენ მზანია?
რაბამ მწარე არს ესე თქმანია,
ვისნი მომაკლდენ თვალთ შედგმანია,
გადახდეს მზენი მაღალ გვარნია,
ვაჲ , ჰსდიან თვალთა ცრემლნი ზღვანია,
მეცა მტიროდეთ მოყვას–ძმანია,
მარად მწვენ ცეცხლნი სხვა და სხვანია.
აჰა
დამეცნეს რისხვით ცანია,
ისმინეთ
საწყლად გლოვის ხმანია.
ვიგლოვ სიმწარით ძნელ სატირებსა,
მსმენელთა გულთა გასაგმირებსა,
მიმცა სოფელმან მრავლად ჭირებსა,
ოხვრა–სულთქმასა ესდენ ხშირებსა,
ვაჲ, ბედთაგანცა განაწირებსა,
მიმიღო შვება, არ მცა ლხინებსა,
რადგან მაშორვა მნათობთ გმირებსა,
ვარ სიცოცხლისა განაპირებსა,
ჰხამს გებრალოდეთ ყოვლსა მზირებსა,
აწ სავალალოდ ესე კმანია.
აჰა
დამეცნეს რისხვით ცანია.
ისმინეთ
საწყლად გლოვის ხმანია.
ჵ, რად შევესწარ ამა დარესა,
ძნელ სახილველსა, შესაზარესა,
სადავითოს მტილს მოფხრულს არესა,
მხედველ სისხლისა, ცრემლსა ღვარესა,
ვაჲ, ვერ ვსჭვრეტ დიდსა მნათობთ გვარესა,
ამად მივეცი დღესა მწარესა,
რადგან მზე ჩვენი ჩრდილოთ ჰფარესა,
აწ დამქოლვიდეთ არ სახმარესა,
სევდით გრაგნილსა ბნელ სამყარესა,
აწ, გულო, გქონან ესდენ წვანია.
აჰა
დამეცნეს რისხვით ცანია,
ისმინეთ
საწყლად გლოვის ხმანია.
განცვიფრდი ცაო, განჰკრთი მიწაო,
მეცა დამფარეთ ღრუბელთ–ნისლთაო,
აჰა დანთქმული ჩრდილოთ ზღვითაო,
მარად ვაფრქვევდე ცრემლთა ხშირთაო,
ვაჲ, განგვაშორნეს მზენი სითაო,
ჰყვეს განდევნილნი შორის გზითაო,
არ გვაქვს ნუგეში არ თუ ღვთითაო,
მას ვევედრები მწარის ხმითაო,
მათნი მგონები, გულთა მღონები,
მარად მტირალნი მხევალ დანია.
აჰა
დამეცნეს რისხვით ცანია,
ისმინეთ
საწყლად გლოვის ზარია.
მიგლოვდით მეცა
მიგლოვდით მეცა მოყვასნო, სოფლისა განაწირებსა, აწვე შთასრულსა საფლავად, მეცნთაგან დასატირებსა. მოვსთქვამ სულთქმითა საბრალოდ, ძნიად სათქმელსა ჭირებსა, მსმენელთა შესაბრალებლად, ჭმუნვათა გასახშირებსა, ვარდთა დასხმულთა ედემით, მჭვრეტელთა განსაკვირებსა, ვაჲ, კიდეგანთა მამულთა, სამყოფთა განა მწირებსა, მიგლოვდით მეცა მოყვასნო, სოფლისა განაწირებსა, აწვე შთასრულსა საფლავად, მეცნთაგან დასატირებსა.
იგრგვინვა ცამან ჩემზედა რისხვითა საშინელითა, დაჰფარნა ჩრდილოთ ღრუბელმან მნათობთ არენი ბნელითა, წარხდეს წალკოტნი მაღალნი, ჵ, საცთურითა ძნელითა, ვაჲ, დიდებულნი პალატნი იქმნა მტერთ საცინელითა, აწ განწირული უწყალოდ, ვიწვი ცეცხლით არ ნელითა, სად ხარ სიკვდილო, რას ჰყოვნი, არ მიმცემ დღესა მცირებსა? მიგლოვდით მეცა მოყვასნო, სოფლისა განაწირებსა, აწვე შთასრულსა საფლავად, მეცნთაგან დასატირებსა.
დაბრუნდა ეტლი უკუღმა, წარხდა დღე კეთილ მზიანი, დაემხო ტახტი მაღალი, რა ბედნიერი, სვიანი; განჰქრივნა ვარდნი სატრფონი, არღარა ჰყვავის იანი, განმწარდა ყოვლნი შვებანი, ტკბილნი, საამო ხმიანი. აწ საწუთროსა მდურავი, ვსტირ უბედური დღიანი, დაბნელდით თვალნო მტირალნო, ჰხედავთ რას განსაცვიფრებსა! მიგლოვდით მეცა მოყვასნო, სოფლისა განაწირებსა, აწვე შთასრულსა საფლავად, მეცნთაგან დასატირებსა.
დახდა მზე იგი აზიით, აწ ჩრდილოთ მოეფინება, მიგვიხვნეს მსწრაფლად მთიებნი, ვით უძლოს გულმან თმინება? არ დაჰსცხრა ჩვენზედ მარადის სოფლის საცთურთა შინება, ამად მაქვს თვალთა ნიადაგ სისხლისა ცრემლთა დინება, ჵ უბედოსა რა სოფლით, მომეცა ეზდენ წყინება, ნუვინ ეტრფობით სოფელსა, ცრუსა და მუხთლად მზირებსა. მიგლოვდით მეცა მოყვასნო, სოფლისა განაწირებსა, აწვე შთასრულსა საფლავად, მეცნთაგან დასატირებსა.
რა ითნო დიდმა მთიებმა მაღალ –გვარ მტილთა შლილობა, დაბინდდა ხმელთა არენი, არღარა აქვსთ ვარდთ შლილობა. განკრთეს მნათობნი ყოველნი, აწ ღრუბელთ იწყეს ჩრდილობა, შვიდთავ ცთომილთა ზარ ტეხით, ქუფრ ხვევით ჰაერ ცვლილობა, ჰსცანით ყოველთა, ესე არს სოფლის ქცევა და ზრდილობა, არვის ითვისებს, არ ინდობს, არ მაღალს, არცა მცირებსა, მიგლოვდით მეცა მოყვასნო, სოფლისა განაწირებსა, აწვე შთასრულსა საფლავად, მეცნთაგან დასატირებსა.
ქეთევან ბატონიშვილი
ჰოი, ვითარ ვსთქვა
ჰოი, ვითარ ვსთქვა განსაკრთომელი, ჩემის სიცოცხლის დამამცრობელი, ჩრდილოთ ვიხილე მცირე ღრუბელი, აზიის მთიებთ დამბნელებელი, მშვენიერ წალკოტთ არ მფურჩვნებელი, ბედნიერთ პალატთ დამამხობელი. ჰოი, ვითარ ვსთქვა განსაკრთომელი, ჩემის სიცოცხლის დამამცრობელი.
აღმოჰფხვრნა ვარდნი, უცხოდ ნაზარდნი, თვისთა მამულთა ჰყო განავარდნი, არღა ჰყვავიან ზამბახნი, ვარდნი, განჰქრივნა ყოვლგნით, მკვლენ მათნი დარდნი, მათი მგონები აწ, გულო, დადნი, არ მაქვს წამალი მამთელებელი. ჰოი, ვითარ ვსთქვა განსაკრთომელი, ჩემის სიცოცხლის დამამცრობელი.
ზოგნი დაჰფარნა თვისით ნისლითა, ზოგნი დილეგთა – არვინ უშლითა, მეცა მეწია ბედით ჩემითა, მიმცა პატიმრად წვიმის ცრემლითა, მათთვის ცეცხლითა არ მწვავს ნელითა, ვინცა არნ ჩემი მაცოცხლებელი. ჰოი, ვითარ ვსთქვა განსაკრთომელი, ჩემის სიცოცხლის დამამცრობელი.
გუშაგნი მრავლად ჩემთვის მცველობენ, სხვა და სხვა ჰაზრით გველებრ ჭრელობენ, არ მცემენ ნუგეშს, მსწრაფლად მწყრალობენ, მათნი მახვილნი გულსა მჭრელობენ, კვლავ სხვანი მოვლენ, სადგურს მცვლელობენ, მჭმუნვარის გულის დამწყლულებელნი. ჰოი, ვითარ ვსთქვა განსაკრთომელი, ჩემის სიცოცხლის დამამცრობელი.
არ დამაჯერა აქ პატიმრობას, ესდენ უწყალოდ განაწირობას, უთმინოს სევდით გულის შეპყრობას, კვლავცა მპირდება ჩრდილოთ მგზავრობას, უცხოს, მწირს ადგილს კვლავ სადგურობას, მყისვე სიკვდილის ვარ მახლობელი. ჰოი, ვითარ ვსთქვა განსაკრთომელი, ჩემის სიცოცხლის დამამცრობელი.
აწ მე მიგლოვეთ სატრფონო, ძმანო, ყოვლნო მოყვასნო, დაზრდილნო ყმანო, ვაი მათთანა შვების აღთქმანო! აწვე სადა ხართ, გლოვისა ხმანო? სადავითოსა მტილს შინა თქმანო, უნუგეშოდ – არ დასათმობელი. ჰოი, ვითარ ვსთქვა განსაკრთომელი, ჩემის სიცოცხლის დამამცრობელი.
რად არ დაგვიწყდი, ჰოი, სოფელო, არ ხანიერო, წუთ–საყოფელო, მცირის ჟამისავ არ დამყოფელო, ჩემებრ უბედოთ ცუდ საყოფელო, მაგრამ ბედნიერთც პირ დამყოფელო, ვინც არ გენდობის, ვარ მადლობელი. ჰოი, ვითარ ვსთქვა განსაკრთომელი, ჩემის სიცოცხლის დამამცრობელი.
თეკლა ბატონიშვილი
პასუხი ქეთევან ბატონიშვილს
რად გკვირს პატიმარს მწუხარებანი, მცირეს ხანს ლხინთა განმწარებანი? თუმცა იხილეთ მნათობთ ვნებანი, იერიქოს ვარდთ უცხოდ რებანი, ნაზთა იათა ცრემლით ვსებანი, უთმინოთ ოხვრით სულთქმა–ვებანი. რად გკვირს პატიმარს მწუხარებანი, მცირეს ხანს ლხინთა განმწარებანი?
სტირ შესაწყალად წალკოტთა რგულთა, შვენიერ ვარდთა, ედემით სხმულთა, ზამბახთა თხზულთა, უზადოთ მკულთა, თვისთა მამულთა, აწ განკარგულთა, არ სცემ ლხენასა მცირეს ჟამს გულთა. გწადს სევდით მოცულს ველთა რბენანი. რად გკვირს პატიმარს მწუხარებანი, მცირეს ხანს ლხინთა განმწარებანი?
იგლოვ მაღალს ტახტს, ვაი წახდომილს! დიდებულს პალატს, მსწრაფლად დამხობილს, შვება–სიხარულს, ტრფობით შეტკბობილს, ეტლს დაბრუნებულს, მოყვასთგან გმობილს, გსურს მყის სიკვდილი, გულ ლახვარ სობილს, არღარად გნებავს სიტყვის გებანი. რად გკვირს პატიმარს მწუხარებანი, მცირეს ხანს ლხინთა განმწარებანი?
ჰგოდებ სიმწარით მრავლად ჭირებსა, მსმენთაგან ძნიად გასაკვირებსა, უთმინოდ სულთქმას განახშირებსა, ყოვლთა მტერთაგან დასატირებსა, ნუ სწუხ, დაშრტება ცეცხლთა დებანი. რად გკვირს პატიმარს მწუხარებანი, მცირეს ხანს ლხინთა განმწარებანი?
ჰე, გულო, რად გაქვს ესდენ წყინება, მარად სისხლისა ცრემლთა დინება, გუშაგთ სიმრავლით თვალთა შინება, მათგან უწყალოდ ჭირთა სმინება, რადგან ჩრდილოთ მზემ ესრეთ ინება, კრძალვით ითმინე სახმილთ გზნებანი. რად გკვირს პატიმარს მწუხარებანი, მცირეს ხანს ლხინთა განმწარებანი?
ფარნაოზ
ბატონიშვილი
იგონეთ დრონი ყოველთ წინარე
იგონეთ დრონი ყოველთ წინარე,
გინა თვისნი ხართ, ანუ ვინარე,
ჟამყოვლ განცხრომით მოსალხინარე,
დღენი არ გესხნესთ მოსაწყინარე,
იშვებდით თავთა გამომჩინარე,
აწცა გიხმსთ
გლოვა მოუთმინარე,
გარდმოუტევეთ
თვალთა მდინარე.
შემკობით ერთად სმენად ხმისანი,
მგლოვარეთ ლექსთა აღმოთქმისანი,
იხილეთ მსგავსნი ედემისანი,
გარმოცვით ღრუბელთ სიბნელისანი,
ოდეს ჰკრთებოდა ელვა მზისანი,
შარავანდები ნათლად დღისანი,
ქვეყნად მომფენნი სხვა და სხვისანი,
თვალთ შეუდგამი, სხივ მომფინარე,
ისმინეთ
ჭირნი მოუთმინარე,
გარდმოუტევეთ
თვალთა მდინარე.
ესე ყოველნი წახდა ცვალებით,
მოუცავს ნისლსა მისა თვალებით,
შვიდნი ცთომილნი მსრბოლნი მალებით,
განხმა წალკოტი ვარდის კვალებით,
თვალთა მნახველთა შესაბრალებით,
მიგვეღო ყოვლი სწორი ძალებით,
შეგვექმნა ბედი, ვითა მძინარე,
ისმინეთ ჭირნი
მოუთმინარე,
გარდმოუტევეთ
თვალთა მდინარე.
სოფლის სიმუხთლემ ჟამთა ქცევითა,
მიგვცა ჭირებსა დღე დალევითა,
ბედკრულებითა, თავთა წყევითა,
უწყალოდ ლახვართ გულთა ხევითა,
მიუნდობელად პირად თნევითა,
არ არს ნუგეში, არცა მწე ვითა,
ნაცვალ მომგები უკუნ ზღვევითა,
მისთვის ვიქმენით მტერთ საცინარე,
ისმინეთ
ჭირნი მოუთმინარე,
გარდმოუტევეთ
თვალთა მდინარე.
ფიქრთა მომიცვეს ყოვლნი გრძნობანი,
აღარა ძალუძს ენას თხრობანი,
მისთვის შემეკრა თვალთა ცნობანი,
ამად იცვალა სხეულთ მკობანი,
ვაი, ვით გვექმნა ლახვარ სობანი,
ზარი განჰხდების ქვეყნად თხრობანი,
საუკუნომდე საბავთობანი,
აჰა, სიცოცხლე გავაწყინარე,
ისმინეთ
ჭირნი მოუთმინარე,
გარდმოუტევეთ
თვალთა მდინარე.
გრიგოლ
ბატონიშვილი
*****
ჰსჯობდა მამულისთვის მოკვლა თავისა,
მტრისგან არ მიმეღო ფიცი ზავისა,
ტყვეობით რა ვნახე კიდე ავისა,
გმართებს ყმანო ჩაცმა ჩემზედ შავისა.
...
ბედკრულსა შემთხვევას შევხვდი მწარესა,
მოვაკლდი ქართლის ტკბილსა არესა,
სატრფოს დედა გულ ლმობიარესა,
აწ ვიგლოვ პყრობილი მყინვართ მხარესა,
ვსტირ თავსა ჩემსა, ვღვრი ცრემლსა ღვარესა.
|