საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

საყდარი დავითიანი
ლოვარდ ტუხაშვილი

1. ძალა და სათნოება

მეფე-ფილოსოფოსი შთამომავლობას გვირგვინს სთავაზობს. მერაბ ბერძენიშვილის ჩანაფიქრის სიღრმისეული კოდი არაა ძნელად ამოსაცნობი. მოვლენათა შორის კავშირი მემკვიდრეობითობის ხაზგასმით მყარდება. დიდი ილიას მეშვეობით ყრმობითგანვე შევითვისეთ ლაიბნიცისეული გადათვლა დროთა: ,,აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა''. ეგებ არც მოგვწონდეს ზოგიერთის ცხენზე ამხედრებული ავტორი ,,გალობანი სინანულისანისა''. უმთავრესი მაინც გამორკვევაა, რა საკრალური შინაარსია ჩადებული 9 საუკუნის მიღმიდან გამოწვდილ ხელში. რა არის გვირგვინი დავითიანი?

დავით IV-ის პოლიტიკური პორტრეტი პირველად არსენ ბერმა შექმნა. მერე დიდხანს დუმდა ქართული კლიო (ჰეროიკული პოეზიისა და ისტორიის მუზა). თუმცა ყოველთვის იგრძნობოდა რაღაც სიდიადისადმი მოკრძალებული თავმოხრა. XIX საუკუნეში გაგვახსენდა, რომ ,,დავითობა'' იყო ეროვნული ხსნის მეთოდი. ნ. ურბნელმა დაუდო სათავე დავითოლოგიის მეცნიერულ ინტერპრეტაციას. ივ. ჯავახიშვილმა წარმოაჩინა უდიდესი რეფორმატორი. ჩვენს დროში დიდი ქართველის პიროვნების აკადემიური ისტორიოგრაფიული სრულყოფა პროფ. რ. მეტრეველმა მოგვცა. ეთნოფსიქოლოგიური კუთხით სცადა გაეხსნა სული აღმაშენებელი ლ. ღვინჯილიამ. კიდევ ერთხელ ,,აღუვლინა ხოტბა'' ლევან სანიკიძემ დავითს, ვითარცა ლოგოსს განსაცვიფრებელს და მაინც რჩება კითხვა ურთულესი: ვინა ხართ თქვენ, ბატონო დავით?

საკუთარ თავს თვითონ უწოდა ,,უდიდესი ცოდვილი'', თანამედროვეებმა ,,მახვილი მესიისა'' შეარქვეს, ისტორიკოსებმა – ,,ქართველთა ღმერთი''; ეკლესიამ ,,მეფე-წმინდანად'' შერაცხა. ლიტერატორები, ვგონებ, დაიბნენ... ზოგიერთმა ისე ,,შეაქო'' მეფის ჰუმანიზმი, თითქმის პაციფიზმის იდეოლოგად წარმოადგინა, – უარყო ძალა დავით IV-ის მოღვაწეობაში. თითქოს ძალა მიმართული ძალის წინააღმდეგ სიკეთე არ იყოს უტყუარი. ბევრი ვერ ახერხებს, ილიას სიტყვით რომ ვთქვათ, ჯერ ,,დროის ქერქში ჩაჯდეს''. ისტორიული პროცესი მოქმედი რეალობაა. ისტორიული ფაქტი უკვე მომხდარია. მისი შესწავლა შეიძლება, – შემეცნებაც; მიჩქმალვასაც ვახერხებთ, არასწორად წარმოჩენასაც. ის კი არსებობს ჩვენს გარეშეც, ჩვენთან ერთადაც. ზეგავლენასაც ახდენს მომავალზე. მისი გადაკეთება ან უკუგდება არ შეიძლება. ინტელიგენცია დააშინა უახლოესი ეპოქის დიქტატორულმა უზნეობამ, და აი... არ შეიბღალოსო აღმაშენებელი მეფის კეთილი სახელი, ლამის ცრემლად დაიფრქვან, არაო, არავითარი ძალადობის მქადაგებელი არ იყოო ,,ღმერთი ქართველთა''. დავით IV თურმე გამორიცხავდა ტერორს, რეპრესიებს, დაწოლას საზოგადოებაზე; არ სურთ ,,მძლავრის'' ხსენება. (,,მძლავრი'', ,,მოძალადის'' დამთრგუნველი მნიშვნელობით, იოანე საბანისძესთან გვხვდება, თანამედროვე ლიტერატურაში სულ ახლახან დაამკვიდრა ნ. წულეისკირმა). ასეთი მიდგომა საკითხის გაუბრალოებაა. ისტორია არც ძალას უარყოფს, არც ძალადობას. ერთიც და მეორეც მყარად ,,ფუნქციონირებს'', – ხშირად ჰუმანისტური მიზნითაც. ჰიუგოს ,,წამოცდა'' ერთობ საშინელი სენტენცია, რომ ტერორის ქვაბში შეიძლება პროგრესის დადუღება. გააჩნია ვის წინააღმდეგ, რა მიზნით, რა ოდენობით, ვის მიერ არის მოხმობილი ძალადობა. ძირითადი კი ეგაა, რა შედეგი მოჰყვება ამ ძალას. აქედან აითვლება შეფასების ხარისხი. არც მაკიაველიზმია მისაღები უშენიშვნოდ. ლოზუნგი ,,მიზანი ამართლებს საშუალებას'' ხშირად არაეთიკური ხდება. საშუალებამაც უნდა გაამართლოს მიზანი. მიზნისა და საშუალების ურთიერთმიმართებაც თხოულობს თავისებურ ,,ოქროს კვეთს'' – ძნელად მისაგნებ ,,შუალედს''.

ლიტერატორ-ფილოლოგთა თავგამოდება ხანდახან უცნაურობამდე მიდის. ,,გალობანი სინანულისანი'' არის ჰიმნი ადამიანზე, რომელიც სამყაროს საფეხურების დაღმავალი და აღმავალი სვლით შინაგან განწმენდასა და სრულქმნას აღწევს'', – შესანიშნავად წერს ქ-ნი ლ. გრიგალაშვილი. ოღონდ ვერ დავეთანხმებით შემდგომ განცხადებას: ,,დავით აღმაშენებლის მსგავს პიროვნებათა ბიოგრაფიაში საძებნელია არა რაიმე მძიმე შეცოდება, არამედ შეცოდებათა არაჩვეულებრივი უნარი და მაღალი ეთიკური მრწამსი. (,,ჩადენილი შეცოდებანი'', ავტორის აზრით, არის არა დავითის კონკრეტული, არამედ კაცობრიობის ზოგადი შეცოდებანი). ეს უკვე გულუბრყვილობაა. დავით IV ამბობს აღსარებას: ,,მეცა სიტყვაო (ე.ი. ღმერთო) აღმსარებელსა მომხედენ''. რა არის აღსარება? დავიჯეროთ დავითი საღვთო წერილში ასახულ ცოდვებს ინანიებს? აღსარება საიდუმლოებასაც გულისხმობს. სასულიერო მწერლობაში ათასგზის კომენტირებული ცოდვების მონანიება რა საიდუმლოს შეიცავდა? ან რატომ უნდა ეკისრა ქართველ მეფეს? ,,გალობანი სინანულისანი'' მანიშნებელია დავით IV-ის დიდი განსწავლულობისა თეოლოგიაში. ჩვენ ვიცით, რა ინტენსიურად ეცნობოდა მეფე საღვთო წერილს, – მხოლოდ ,,სამოციქულო'' ერთ წელიწადში 24-ჯერ წაიკითხა. ამიტომაც მას შეეძლო პირადული კონკრეტული შეცოდებანი, საერთო ცოდვათა რანგში შეეხიზნა. ის ხომ უდიდესი პოეტია! ერთდროულად კონსპირატორიც, – არ ამხელდა დრომდე ზრახვებს. მან უწყოდა, რომ ღმერთს არაფერი გამოეპარებოდა. იგი აღსარებას ამბობდა ისე, რომ ღმერთს გაეგო, მკითხველს კი ვერა. წერილობით ინანიებდა, ოღონდ სულიერ მოძღვართან კი არა (ვისთანაც, ალბათ, უფრო გულღია იქნებოდა), არამედ ღვთისმშობელი მარიამის მეშვეობით ამყარებდა კავშირს ღმერთთან. ნაწარმოებში ბევრია ისეთიც, რომელიც არ იძებნება საკაცობრიო ცოდვების რკალში, იქაც იდუმალება იგრძნობა. მეფე-პრაქტიკოსი მეფე-პოეტთან სრულ შესაბამისობაშია.

,,ჟამი რაი წვილთა და ხმელთა აღმოფშვინვათაი წარმოადგენს, ზარი მეფობისა წარხდეს და დიდებაი დაშრტეს, შვებანი უქმ იქნენნ, ყვავილოვნება დაჭნეს, სხვამან მიიღოს სკიპტრაი, სხვასა შეუდგნენ სპანი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო''. ეს მეცხრე გალობაა, აშკარად ,,მიწიერ'' სურვილს გამოსახავს, ისიც ზოგადშია დაშიფრული. ზუსტი არაა ასეთი კომენტარი: ,,სხუად უნდა ვიგულისხმოდ არა სამეფო დინასტიის ჩვეულებრივი წარმომადგენელი, რომელმაც დავით აღმაშენებელი უნდა შეცვალოს, როგორც მეფე, არამედ ბნელეთის მეუფე ანტიქრისტე, რომელიც სამყაროს მოევლინება განკითხვის დღის დადგომამდე და თავის თავს უწოდებს ღმერთსა და მეუფეს. მისი მიზანია კაცთა წარწყმედა მოტყუებითა და ძალადობით'' (,,სახალხო განათლება'', 8 თებერვალი, 1989 წ.). უბრალოდ ვიტყვით: აქ მეფე დავითი უაღრესად კონკრეტულია. მას გაცნობიერებული აქვს, რა მისია აწევს მხრებზე, იბრძვის ერის გამოხსნისათვის. ამ გზაზე შეგნებულადაც და უნებლიედაც სჩადის ცოდვას, სხვა გზას ვერ ხედავს. იგი შესთხოვს ღვთისმშობელს, დაიცადოს ბოლომდე მიიყვანოს საქნელი, როდესაც ,,დაშრტება დიდება'', ,,სხვას შეუდგებიან სპანი'', ,,სხვას გადაეცემა სკიპტრა'', მაშინ ,,შეიწყალონ''; ამჟამად კი, სანამ სპანიც ემორჩილებიან, სკიპტრაც მისია, – უნდა აცალოს არსთა გამრიგემ დაასრულოს ქართული ,,მესაქმე''. მეტისმეტად გაუბრალოებულია, თუმცა აბსოლუტურად სწორია. ნუ დავტოვებთ დავითს უდაბნოს მღვიმეში დაყუდებულ მოაზროვნეთა სათვისტომოში. ის არც ,,გარე მსჯელი'' დავითია, არც იოანე პეტრიწი: მეფეა, მოვლენათა შუაგულში მდგარი პიროვნება, ყველა მისი სიტყვა უნდა ავხსნათ მთელი მოღვაწეობით. ზოგიერთნი სერიოზულად ამტკიცებენ, რომ მეფე დავითს არავინ დაუსჯია. თვით ლიპარიტ ბაღუაშიც კი შეიწყალაო. მიამიტობაა! დავით IV-მ ამოაგდო ბაღუაშები, მოსპო ,,სახლი გამამწარებელთა'', ამოძირკვა ,,იქვნეს ნაშობნი'', კიბორჩხალებივით უკუმავალ ბაღუაშებს წაართვა ბაღუაშობა. კლდეკარის საერისთავო სამეფო დომენად გამოაცხადა, კაცხის მამული – საეკლესიოდ. ამ დროს უნდა შექმნილიყო ცნება ,,ჯავახთუფალი'', რაც ტახტის მემკვიდრის საუფლისწულო მამულების მმართველობას უდრიდა. (შემდეგში ,,ჯავახთუფალიც'' და მეფე ,,ალასტნელიც'' იყო ლაშა-გიორგი).

თრიალეთიდან იწყებოდა ,,ჯავახთუფალის'' სამფლობელო. მეფე პირადად სისხლმაძიებელი კი არ იყო, ან თემურლენგივით სადისტი, რომ პირადი ანგარიშსწორება დაეწყო. არავინ დაუსჯიაო? გრიგალივით გადაუარა ჰერ-კახ აზნაურებს ერწუხში 1104 წელს. მაშინ იქნა ,,დიდი ძლევაი''. უწყალოდ ჩეხავდა თურქებსაც და მათთან მოკიდებულ ქართველებსაც. მხოლოდ თამარის დროს ეპატიათ მაშინდელი დანაშაული ერის მოღალატეებს. სანთელი იყო დავითი ერის წმინდა ბომონზე ანთებული. საკუთარი წვის ფასად უნათებდა გზას მომავალში. შუქის გამოცემაც შეეძლო და დაწვაც. მოწყალე იყო ერთგულთათვის, მრისხანე – ორგულთა მიმართ.

,,და ერწუხს ქმნნა წყობანი დიდნი და ხმაგასმენილი იყო დიდი ძლევა, რომელი მცირედითა ლაშქრითა და განწირულითა ერითა დახოცნა სულტნისა იგი ურიცხვნი სპანი, ათაბაგი განძისა და უმრავლესნი კახთა და ქვეყნის ერთა მტერთავე თანა შემოდგომილი ჩენდა''. გაშმაგებული მეფე, ქართველთა ღალატისაგან გაგიჟებული, პირადად იბრძოდა ,,სამნი ცხენი გამოუკლა... და მეოთხესაღა ზედა მჯდომმან სრულყო მის დღისა ომი''. არ აკლდა საქართველოს განზე გამხედვარნი! მეფეს მსაჯულის ნაჯახიც ეჭირა და ,,საჯილდაო ქვაც''. თავი წამოყვეს ვიეთთა დასავლეთში: ,,და მასვე ზამთარსა ჩავიდა აფხაზეთს ბიჭვინთამდე და განაგნა საქმე მანდაურნი''. გულჩვილი გიორგი II-ის მსგავსად კი არ მოქცულა, რომელიც მოჯანყეებს მხოლოდ საჩუქრებით მოამშვიდებდა ხოლმე: ,,ღირსნი წყალობისანი შეიწყალა, შემცოდენი დაიპყრნა და წვართნა''. ეს იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი. ასე შეიქმნა უნიტარული სახელმწიფო ,,ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, ოვსეთით სოერითგან არაგანამდე''. ეს ფორმულაც დავითს ეკუთვნის. პირველად გვხვდება შიომღვიმისადმი მეფის მიერ დატოვებულ ,,ანდერძში''.

მხატვრულად კონსტანტინე გამსახურდიამ ახსნა შედარებით უკეთ დავითისეული ,,ძალმომრეობა''. ,,რაც ხეთა შორის ძელქვაა, იგივეა კაცთა შორის მეფე დავითი'', – ახასიათებს რომანის პერსონაჟს, მეფეს მისი ერთგული შერგილ ლიპარიტიანი. იქვეა განმარტებული ძელქვის მნიშვნელობა. შუბის ტარიც მტკიცეა მისგან გაკეთებული, ერქვანიც უტეხია. ახლა მეფეს მოვუსმინოთ: ,,შენ სისხლი გაშინებს, მამიდა ბატონო, – ეუბნება ბიზანტიის დედოფალ მარიამ ბაგრატიონს, – მაგრამ ესაა სავალალო კაცთათვის. უსისხლოდ ჯერ არავის აუღია ციხე-ქალაქი, არც არავის შეურჩენია იგი. ზედმეტი სისხლი უნდა გამოვუშვათ, ავგუსტა, ამიტომ დაასხამენ ხოლმე სნეულს სახსარზე წურბელას''.

უფრო მკაცრია გამსახურდიასეული დავითი გვარამ ბეჭისციხის პატრონთან დიალოგში: ,,სულგრძელობაო? სულგრძელობა სხვა არაფერია, თუ არა ორლესული მახვილისათვის თავის შეშვერა, ეგ ეგრეა, გვარამ ბატონო, უცილოდ''.

დავით IV-ის შესახებ სიტყვაკაზმულ მწერლობაში მსგავსი ნაწარმოები ჯერ არ შექმნილა. მაინც გვრჩება უკმარისობის გრძნობა. რომანი არც მწერლის ნიჭის შესაფერია და არც პროტატონისტის სიდიადის სადარი. არა ჩანს სული აღმაშენებელი. სადაც მწერალია ძლიერი, იქ დავითი მეოცნებე რომანტიკოსს ჰგავს. უღიმღამოდ გამოიყურება დედისიმედისა და მელიტას უფრო სრულყოფილ სახეთა შორის. სადაც დავითის დავითობა იჩენს თავს, იქ ფერმკრთალდება მწერლური ტონები, სჭარბობს ქრონიკოსი. ეს მანკი საერთოდ გასდევს ქართულ ლიტერატურას. ვერ ვიხსენებ ლიტერატურულ პერსონაჟს, ზედმიწევნით ახლოს რომ მისულიყო ისტორიულ პერსონალიასთან. (რეალური ფარნავაზი, ვახტანგ გორგასალი, ლუარსაბ II, გიორგი I, სულხან საბა ორბელიანი, ერეკლე II და ა.შ. ყოველთვის აღემატებიან მათ ლიტერატურულ პორტრეტებს). საოცარია, ყველა პროტოტიპი უკეთესია დამუშავებულ მხატვრულ სახეზე!

ლიტერატურულ ,,დავითიანში'' ცნება ,,დავითიზმი'' შემოიტანა აკაკი ბაქრაძემ. (,,დავიწყებული იდეა''). დავითიზმი არის თეორიული აზრისა და პრაქტიკული საქმიანობის გაერთიანების საფუძველზე გასრულებული პოლიტიკური ფორმულა: ერთიანი კავკასია საქართველოს მეთაურობით. შესაძლოა დავითიზმის აკ. ბაქრაძისეული დეფინიცია ზუსტი არ იყოს, მაგრამ აქ უკვე მოცემულია ქართული მესიანიზმის სისტემა: ბიზანტიისაგან თავდაღწევა; ,,დასავლეთისა და აღმოსავლეთის თვითმპყრობელობის'' რეალიზაციის ცდა, ,,ჩრდილოეთისკენ ორიენტაცია (რაც გვიანი საუკუნეების ორიენტაციისაგან დიამეტრალური განსხვავებაა და ნიშნავს იმიერკავკასიაში გაჭრის პრეტენზიას); სამების მეოთხე ჰიპოსტაზად ქართველი მეფის შეყვანა და ა.შ. ინტერპრეტაცია გაბედულია და საყურადღებო. აქ მინიშნებულია ზღვარზე. ქართველთა არსებობის დროის ღერძზე ეპოქალური ნი-შანსვეტები დაახლოებით ასე შეიძლება დალაგდეს: ქართლოსი–ფარნავაზი–მირიან მეფე და ნინო კაბადოკიელი–დავით აღმაშენებელი–თამარი–600-წლიანი ,,დიდი ღამე'' ოდნავ მბჟუტავი შუქის მორცხვი ათინათებით. მათ შორის დავითის მთიები ყველაზე შთამბეჭდავია.

 

                                                                                                    

2. ნიშატი ,,ქართველთა''

დავითი ნახტომისებური ტეხილია – რევოლუციური. მისი გამათავისუფლებელ-გამაერთიანებელი მოღვაწეობა გადადიოდა საზოგადოების გარდამქმნელ პროცესებზე. ამ პროცესებს თვითონვე ქმნიდა. აჩერებდა დროს, მერე ატრიალებდა გაჩერებულ დროს, სხვა მიმართულებას აძლევდა, ანიჭებდა დინამიზმს, ამოძრავებდა დაუნჯებულ ენერგიას. ვითარცა სუბსტანცია, ბიძგს აძლევდა მაცოცხლებელ იმპულსს. არ ანებებდა მოსვენებას ქართველობას; ძალმომრეობდა; მძლავრობდა სიზარმაცეზე, სიდუნეზე, გაუტანლობაზე, მეშუღლეობაზე, შურზე, ღვარძლზე, ორგულობაზე; დავით IV ,,განასხამდა ეშმაკს'' ქართველთა სხეულიდან. ,,ვინაიდან ნათესავი ქართველთა ორგული ბუნება არს პირველითგანვე თვისთა უფალთა, რამეთუ, რაჟამს განდიდდნენ, განსუქნენ და დიდება პოონ და განსუენება, იწყებენ განზრახვად ბოროტისა, ვითარცა მოგვითხრობს ძველი მატიანე ქართლისა და საქმენი აწ ხილულნი''. არსენ ბერის თხზულების ეს ციტატა გაუგებრობას იწვევს; მკითხველს და კომენტატორებს არ მოსწონთ ,,ქართველთა ორგულობის'' ხაზგასმა. აქ არაფერი შეურაცხმყოფელი არ არის. ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ ქართველები (უმთავრესად არისტოკრატია), ყოველთვის არ ერთგულებენ (,,ორგულ ბუნება არს'') ძველთაგანვე (,,პირველთაგანვე'') ხელისუფლებას (,,თავისთა უფალთა''). ეს როდი ნიშნავს, რომ ისინი ორგულობენ ღმერთს, სამშობლოს, მოყვასს, აღთქმულ პირობას. არა, ორგულობენ მეფეებს, ერისმთავრებს. მათ ისეთივე თვისება ჰქონიათ, როგორც ძველ გალებს – ფრანგთა წინაპრებს. არ უყვარდათ დიქტატორი მმართველები. ბუნებით ,,რესპუბლიკელები'' იყვნენ. ეს დაახლოებით იგივეა, რაც მოგვიანებით მეფე-პოეტმა არჩილმა ასე გამოხატა: ,,ავი რამ ზნე სჭირთ ქართველთა დიდებულთ, გინა მცირეთა, აზვავდებიან, იტყვიან, უჩემოდ ვინ იმღერეთა''. ეს სენი ერთდროულად სიძლიერის მაჩვენებელიცაა და სისუსტისაც. სიძლიერისა იმიტომ, რომ ინდივიდი თავს სუვერენულ სუბიექტად თვლის, არა აქვს მონური სული, უბრალი გლეხს შეუძლია მეფეს უთხრას: ,,მეფეო, ათი რომ შენა ბრძანო, ერთი ჩემიც გაიგონეო''. სიძლიერეა იმიტომაც, რომ სწრაფვა სიმაღლისაკენ ქართული ეთნოსის ყველა სოციალურ ფენას ახასიათებს. ასეთი რამ იშვიათია! გვაქვს არისტოკრატული ამბიცია. მაგალითად, ესპანელი იდალგოების ყოყოჩობაში გადასული რაინდიზმი, – დაპირისპირებული პლებეებთანაც და დროშიც კონსერვირებული. ასევე რაინდულად, თუმცა გულისტკივილით, გამასხრებული სერვანტესისეული დონ-კიხოტიზმის სახით. ვიცით გაუცნობიერებელი აღმოსავლური ქადილიც. უბრალო ავღანელი მეჯოგე ასე იფიცავს ხოლმე: ,,ინდოეთში ფადიშაჰობა არ მეღირსოს, თუ ვტყუოდე''... საოცარი ფიცია, არა? ისტორიულად ავღანელებში ჩაჯდა იდეა, რომ რიგითი მომთაბარე შეიძლებოდა ფადიშაჰი გამხდარიყო, ასეც ხდებოდა ზოგჯერ. მაგრამ ავღანური ინდივიდუალური ამბიცია სასიკეთოდ არასოდეს წასდგომია ავღანეთს (ერთხელ კი მართლაც შეიკრნენ ერთად და ირანიც დაიპყრეს). ყოყოჩა და უსაქმურმა ესპანელმა იდალგოებმა ოდესღაც მსოფლიო იმპერია მესამეხარსისხოვან სახელმწიფოდ ჩამოაქვეითეს, თუმცა უნაკლოდ ფლობდნენ მახვილს. ქართველებს აქვთ ასეთი პრეტენზია. ყველა მპყრობელი ქვეყნის უმაღლეს წრეებში გააღწია ქართველმა: გაყიდული მონები სულთნებად, იმპერატორებად იქცნენ. ჩამოყალიბდა ,,ბელადთა ერის'' ფსიქოლოგია. თამარის შემდეგ ქართველთა სიამაყე გადაეწნა დეგრადაციის ხანას და მიიღო სასაცილო გაფორმება. ქართველს შეიძლება ემღერა ,,ქართველო ხელი ხმალს იკარო'' და თავი დაედრიკა მპყრობელის წინაშე. ეს შეუსაბამობა თვითონვე აბნევდა. ,,სამშობლოს ვერვინ წაგვართმევსო'', ამაყად იკვეხნიდნენ. სამშობლო უკვე წართმეული ჰქონდათ.

თითოეულ ფეოდალში პატარა ,,მეფე'' იჯდა. დავითის წინ იდგა რთული ამოცანა. საჭირო იყო ერის შენივთება, ჯერ საერთო ნიადაგის მოძებნა, მერე კი პოლიტიკური უნისონის პლატფორმის შემუშავება. ექსტრემალურ სიტუაციაში უნდა დაითრგუნოს ,,მე'' ,,ჩვენის'' წინაშე, უნდა წაიშალოს პირადული საზოგადოებრივის სასარგებლოდ. დავით IV-ის ,,აღმოცისკრებისას'' აუცილებელი იყო არა კონფრონტაცია, არამედ შეკავშირება მონოლითურ ერთიანობად. ,,ამისთვისცა-მეფემ – არასოდეს მოაცალა ამისად განზრახვად (ე.ი. ხელისუფალთა მიმართ ორგულობისათვის), ანუ განსუენებად, ანუ შეკრებად და ქმნად რასამე ესევითარსა არამედ საქმეთა, რომელთა იწყო ქმნად, გაასრულნაცა მაღლად და შუენიერად''... მეფე ერს შეკრების ნებასაც არ აძლევდა. დავითის სურვილი იყო, ცალკე ქართველი კი არ მოქცეოდა ბიზანტიას თუ ირანს სათავეში, ქართველობა ქცეულიყო სამყაროს მესიად. მას ქართველი არ აინტერესებდა, არამედ ქართველობა და ქართველები.

დავითიზმი არის თვითდამკვიდრებისაკენ სწრაფვა, თვითდამკვიდრების მეთოდის მოძებნა და, რაც მთავარია, თვითდამკვიდრების პრაქტიკული განხორციელება. დავით IV-მ შეაერთა ქართველობა ერთიან ძალად, წარმართა ეროვნული ინტერესებისათვის. შეერთებული ,,ნათესავი ქართველთა'' აქცია საერთო-კავკასიური იმპერიის ბირთვად. იგი არ ეძებდა დახმარებას უცხოეთში. არც სურდა მფარველობა. თვით ერი იწყებდა საკუთარი ბედის მართვას. ასეთი ქმედებით ქართველთა ლიდერი მართლაც გადაიქცა კაცად, ,,რომლისა აჩრდილსა შეკრებილ იყვნეს ერნი, ტომნი და ენანი, მეფენი და ხელმწიფენი ოვსეთის და ყივჩაღეთისა, სომხეთისა და ფრანგეთისანი, შარვანისა და სპარსეთისანი''. დავითიზმი არის წესრიგი. ცენტრს დაქვემდებარებული მწყობრი ორგანიზაცია. თანამიმდევრული რეფორმებით დავით IV-მ თანდათანობით შექმნა მსოფლიოში უნიკალური ბიუროკრატიული აპარატი. საინტერესოა, რომ სახელმწიფოს პოლიტიკურ სისტემაში არსად იძებნება დასჯის ორგანო. უკვე აღნიშნული გვქონდა; დავითიზმის ერთ-ერთი მეთოდი იყო ძალა, მაგრამ დამსჯელი ორგანოს მიგნება ძნელია. ეს აიხსნება ორი გარემოებით: დავით IV სახელმწიფო მართვის ასეთ რგოლს ჰქმნიდა დროებით, ერთდროულად კი ათავსებდა სასულიერო იერარქიაში. ეს კი ნიშნავს, რომ მსტოვართა ინსტიტუტი და ,,პოლიტიკური პოლიცია'' არ მიაჩნდა ბუნებრივ მოვლენად. მტკიცე მობილურობამ ქართველობა, ვითარცა შედუღაბებული თვისებრიობა, გადაიყვანა რაოდენობრიობაში. ამით აიხსნება, რომ დავით IV ადვილად სძლევდა 1500 ტაძრეულით 100 000 თურქს, 56 000-იანი ლაშქრით სრესდა სელჩუკთა უზარმაზარ ურდოებს. დავითის სახელმწიფო, ,,საყდარი დავითიანი'', აგებული იყო სამხედრო-სასულიერო ორდენის მაგვარი სტრუქტურის მსგავსად. მაგრამ გასამხედროების წესს არ დაუჩრდილავს დავითიზმის კულტურულ-იდეოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური საყრდენები.

დავით IV-მ შეძლო შეეცვალა ტრადიციული ბრუნვა ქართველთა ბედისწერისა, შემოატრიალა ,,მამულისა ჩვეულებისამებრ სვლა'', იოანე საბანისძისეული ჭირთა თმენის ,,ფილოსოფია''. ისტორია მძლავრობდა ჩვენზე, ქართულ რაინდულ ბუნებას ამუხრუჭებდა გარემოცვა. ჩვენ ხომ ,,ყურესა ამისა შინა'' მარტონი ვიყავით დარჩენილი, თითქმის არ გვახსოვდა ცენტრი. ეროვნული სული უმთავრესად განაპირა ხეობებში გახიზნული, ამოუცნობი მექანიზმით, რაღაც სიურეალისტური ხილვებით ბრუნდებოდა ერთიანობისაკენ. ეს ასაზრდოებდა ჩვენს ნიშატს. ისტორიული ბედი კვებავდა ეროვნულ ხასიათს. დათმობა, ტოლერანტიზმი, ალტრუიზმით ნაჯერი ,,სხვათა სიყვარულის'' ცნება ,,სა-უცხო-ოთი'' გამოხატული (ო, როგორ სძულდა სიტყვა ,,საუცხოო'' – საუკეთესოს აღმნიშვნელად შალვა დადიანს), აპირობებდა თავგანწირულ სიმამაცესაც და სულმოკლეობასაც. გმირებიც ბევრი გვყავდა, რენეგატებიც. ადვილად ხელის ჩაქნევაც ვიცოდით, მცირედით დაკმაყოფილებაც. ეს თვისება უდარდელობაშიც გადასულა, ეროვნულ უპასუხისმგებლობადაც განვითარებულა. უკიდურეს გამძლეობას ვიჩენდით უკიდურესი გაჭირვების ჟამს. ,,სიმშვიდისას'' ნაკლებად ვიტკივებდით თავს. გული გადაგეწურება, როდესაც ამოიკითხავ ძველ მატიანეებში საოცარ წინგაუხედაობას. არაერთ მტერს შევხვდით მოუმზადებელი. უზარმაზარი ურდოები მოდიოდნენ ხმაურით, ღრიალით, ზარ-ზეიმით, მემატიანე კი აღნიშნავს: მოულოდნელად გაჩნდაო მომხდური. ინგრეოდა ხშირად აღმოსავლეთი, მზადდებოდა შფოთის გრიგალები, გახარებული ქართველი კი სწერდა: მტერი არსაით გვიჩანდაო. ეს ნაკლოვანება გვიანაც შემოგვრჩა. გენერალ მაზნიაშვილის მოგონებებში გადმოცემული ამბავი, ერთდროულად სასაცილოცაა და სატირალიც. დაშნაკებთან კონფლიქტის დროს ქართველებმა დაიკავეს სტრატეგიული სიმაღლე, ღამე შესცივდათ, მიატოვეს, – დილით ისევ ავიღებთო. მეორე, მესამე დღეს იგივე განმეორდა. აიღებდნენ სიმაგრეს, ისევ დათმობდნენ და ა.შ. დავით IV-ის დროს გამორიცხული იყო ასეთი ,,კაზუსები''. მან ქართველობას მიანიჭა მსოფლიო მაჯისცემის შეგრძნების უნარი. ქართულ საქმეებს უფარდებდა საერთო პოლიტიკური მოვლენების მიმდინარეობას. ,,ჩვეულებისამებრ მამულისა სვლა'' იყო ხანგრძლივი მოთმინება.

პლ. იოსელიანი ამბობდა: ,,ქართველი ერი ძველი და მრავალთა ჭირთა შევიწროებათა მნახველი, ადვილად მიიღებდა მწუხარებასა და ადვილად განიკურნავდა თავსა, ვითარცა ჭირნახადა. გავლილი ცეცხლსა ვითარცა ბრძმედსა შინა, ოქრო იყო ნედლად წმინდათ საჩვენებელი...

...ქართველთ ესრეთ მრავალსაუკუნოებით, გამოცდილთა ცეცხლში ვითარცა პური გამომცხვარი, ვერ ერეოდა ვერცა შინაგანი, ვერც გარეგანი მწუხარება, გაღელებული თავისუფლებით და განლაღებული მთებით, ეცნობოდა ბედსაცა და უბედობასაცა. ქართველთ გამოსწოვეს ტვინი სპარსთა, შეჭამეს იმპერია რომისა... შეჭამეს ბიზანტია და თვით დაშთა შეუჭმელად მათთვის, რომელნიცა ჰგინებდნენ მათსა შეჭმასა... მახესა დაგებულსა მტერთაგან, თვით მტერნი გაებნენ. საფრთხე შეიმუსრა და ჩვენ განვერენით...

...ესრეთი არის თვისება და ხასიათი ქართველთა ნათესავისა, ძველსა კაცთა ნათესავთა შორის''.

 

დავით IV-მ უარყო ეს პასიური მეთოდი. თვითონ შეუტია გარე სამანებს. ასუნთქა ქართველობა ჭეშმარიტი თავისუფლებით. ლეგენდების სამყაროს თუ გამოვთიშავთ, დავით IV-მდე ნამდვილი თავისუფლება არ გვქონია. ფარნავაზიც სხვისი ვასალი იყო, ფარსმან ქველიც, მირიანიც, ვახტანგ გორგასალმაც ვერ მოიშორა ირანული უღელი. დავით IV-მ მოიპოვა აბსოლუტური სუვერენიტეტი. არსი დავითიზმისა ქართველთათვის აღმოჩნდა ერთობ მოულოდნელი. ვერ ავითვისეთ პრაგმატისტული ცხოვრების წესი. აღმაშენებლობა ჩვენთვის იქცა უმძიმეს გოლგოთად. ახალი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური კონცეფცია არ მოერგო ნაციონალურ ხასიათს – ,,საყდარი დავითიანი'' თამარობაში გაცხადდა 65 წლის შემდეგ. მეფე-ღმერთს ,,გაექცა'' ქართველი, მეფე-დედას სიხარულით შეეხიზნა. ძალა უარვყავით, სათნოებას დავემყარეთ. შევქმენით მსოფლიოში პირველი და ერთადერთი სახარებისეული ქრისტიანული სახელმწიფო. ,,დავითიზმის'' ,,თამარობაში'' ,,გადასვლა'' ლოგიკური განვითარება იყო სიმაღლისაკენ. ვაი, რომ ძალზე ნაადრევი აღმოჩნდა ეს თვისებრივი ნახტომი. ,,დავითიზმის'' მსუსხავ რეჟიმს გარიდებული გალაღებულ-განებივრებული ქართველობა ცურავდა ამქვეყნიურ სიამეთა მორევში. ჭაბუკი მეფე ლაშა, დარდიმანდი ,,რაინდი'', თავისუფალი სიყვარულის რაინდი, უდარდელად ეძლეოდა ზმანებებს ჰაშიშით გაბრუებული. ქართველნი ,,როკავდნენ, იმღერდნენ, სმურობდნენ, განიხარებდნენ!'' ყარაყორუმის მიწა კი უკვე კვნესოდა თათარ-მონგოლთა დაუჭედავ ცხენებზე ამხედრებულ ურდოთა სიმძიმისაგან შეძრწუნებული.

ნაციონალური ხასიათი – ნიშატი ერისა, გენეტიკურ ძირებს ემყარება. ძნელად დასაძებნია მისი საფუძველი. არავის ძალუძს ზუსტად მიგვანიშნოს, რა არის ქართველის ქართველობა, სად გადის ,,კათოლიკე ძარღვი'' ქართლოსიანთა. ცალკეული ნიშნების ჩამოთვლა იოლია, ერთიანობის ფოკუსის განსაზღვრა რთულდება; მიახლოებით თუ შეგვიძლია დადგენა საკითხისა, ისტორიული ბედი აპირობებს ნიშატს, თუ, პირიქით, ნიშატი ახდენს ისტორიული ბედის მეტამორფოზებს. სულხან-საბა ორბელიანის აზრით, ნიშატი ბუნებითი ძალაა, ე.ი. ის ენერგეტიკული წყაროა განვითარებისა. ეს ენერგეტიკული საწყისი ერთობ მოდუნებული ჩანს. ქართველების ერთგულება მშობლიური მიწა-წყლის მიმართ უფრო პასიურ სიჯიუტეს წააგავს, ვიდრე პატრიოტიზმს. ასევე კონსერვატიზმით თუ აიხსნება ე.წ. ისტორიული ზომიერება. ორივე დღეს საამაყოდ მიგვაჩნია, თავს ვიქებთ იმით, სტრაბონისეული საზღვრები აქამდის რომ უცვლელი გვაქვს, თვით დიდი იმპერიული ზეობის – თამარის მმართველობის დროსაც არ გაჭიმულა ძალზე შორს ეთნიკური ხაზი ქართველთა. ისტორიული პროცესის ანალიზი გვარწმუნებს, რომ ,,ვიკინგური სული'' წინსწრაფვისა (ესოდენ რომ გაცხადდა ანგლო-საქსურ და ნორდ-გერმანულ ხალხებში, ხოლო ვარიაგთა გავლენით რუსეთში), აგრეთვე თურქული მოდგმის ეთნიკური ექსპანსიის უნარი, სრულიადაც არ აღმოჩნდა დამღუპველი. ჩვენმა ალტრუიზმმა კი ბევრი ვერაფერი შეგვმატა. დავით IV-მ სცადა ჩვენი ხასიათის შეცვლა. მან ძალით ააგლიჯა ვიწრო ხეობებს ჩაბღაუჭებული ქართველი, ,,საერთო სახლის'' საშენ მასალად აქცია. არ მისცა მოცალეობა არავის. ზვიადი კოშკებიდან გულგრილად გადმომზირალი სვანი ,,ყოველი საქართველოს'' მოქალაქედ დასაქმა. აბა, შეუდარეთ დავითისეული ეპოქის სვანი ვარგები გვიანი შუა საუკუნეების ჩაკეტილ მახვშებს. XII-XIII საუკუნეების უშგულში განგაშის ზარებს რეკდნენ, შორეული შირვანის საზღვარზე ერთი ქათამიც რომ დაეკარგა ქართველობას. XIII საუკუნის მერე ერთი-ორჯერ თუ გამოიხედეს სვანებმა ბარისკენ, ქუთაისი გაძარცვეს და უკან წავიდნენ. დავით აღმაშენებელმა ომი გამოუცხდა პარტიკულარიზმს. მან ,,საქართველოებიდან'' ,,ყოველი საქართველო'' შექმნა. XV საუკუნეში უკუპროცესი დაიწყო. ,,ყოველი საქართველო'' ჯერ 8 ,,საქართველოდ'' დაიშალა. მერე ცალკეულმა ,,საქართველოებმა'' დაკარგეს ,,საქართველოობა'', – კახეთად, ქართლად, სამცხე-ჯავახეთად, იმერეთად, სვანეთად, გურიად, სამეგრელოდ, აფხაზეთად გადაიქცნენ. XVIII საუკუნის ბოლოს სოლომონ ლეონიძემ დაიტირა ,,სახლი სადავითო'', კვლავ იქადაგა ,,მავასხელობითი სიყვარული ქართველთა''. ,,მავასხელობითი'' ურთიერთსავალდებულო სიყვარულს ნიშნავს. ამ თეორიის მიხედვით კახელს – ქართლელი, ქართლელს – მეგრელი, მეგრელს – გურული და ა.შ. კი არ უნდა უყვარდეს უბრალოდ, არამედ ვალდებულია, რომ უყვარდეს. ეს ვალდებულება არის ხსნა. თუ ქართველი ქართველს არ მოეხვევა, მაშინ მას სხვა მოეხვევა ისე მაგრად, შესაძლოა მოახრჩოს კიდეც. სოლომონ ლეონიძემ ააღორძინა ,,სადავითო სახლის'' იდეა. სამწუხაროდ, აღარსად იყო დავით IV. 54 წელი კი იმეფა გმირმა პატარა კახმა – ერეკლე II-მ... მაგრამ... ძნელი ეგ არის, ,,ვერ იდავითა პატარა კახმა''. პოეტის ცრემლიან სიტყვებში არის მწარე სიმართლე.

დავით IV იბრძოდა ევროპიზაციისათვის. მას ჰქონდა გამოკვეთილი ევროპული ორიენტაცია. ეს რომ უკეთ გავიგოთ, უნდა ვიცოდეთ, რა არის ევროპიზმი. ევროპიზმი თვისებრივი სიმაღლეა, მუდმივი განვითარების აღმავალი დინამიკა. იგი გამორიცხავს სტაგნაციას. ის სრბოლაა მუდმივი, უწყვეტი. ამ თვალსაზრისით, აღმოსავლეთი არასოდეს არ უსწრებდა ევროპას, რომელიც უკვე ელინურ-ლათინური ეპოქიდან ცივილიზაციის კანონმდებელია. ხშირად ლაპარაკობენ ევროპელი რაინდების უვიცობაზე. ავიწყდებათ, რომ წერა-კითხვის უცოდინარი ფრანგი თუ ინგლისელი რაინდები უმაღლესი ხარისხის ფეოდალის თორში იჯდნენ, მტკიცე ხომალდებით სძლევდნენ ოკეანეთა და ზღვების ქარტეხილებს და ქრისტეს საფლავის განთავისუფლებისათვის მოისწრაფოდნენ პალესტინაში. უხეშ სალდაფონებს გვერდში ედგნენ ასტრონომიის, ნავიგაციის ღრმა ცოდნით შეიარაღებული სულიერი მამები. დავით IV-მ საქართველო შეაბრუნა ევროპიზმისაკენ, თამარი ჯერ თითქოს მის კვალს გაჰყვა, მაგრამ მერე დაუშვა აღმოსავლური სიდუნე და კვლავ გამოთიშა მოძრავი მაძიებელი ევროპისაგან. თამარის დროს იძალა დავითის მიერ უარყოფილმა ბიზანტიზმმა, რომელიც შეამსუბუქა არაბულ-სპარსულმა ,,სინაზემ''. შემთხვევითი როდია, დავითის ეპოქის ქართულ კულტურაში წამყვანი ფილოსოფიური აზროვნება. თამარის დროს ფილოსოფიაში გენიოსი აღარ გვყავს, სამაგიეროდ პოეტური პარნასია აღმატებული.

დავით IV-მ მახვილი შეაბა ქართველობას, მაგრამ მეორე ხელში წიგნი დააჭერინა. შექმნა გელათი ,,მეორე იერუსალიმად'', ,,სხვად ათინად''. ჩამოაყალიბა თავისებური ,,მეცნიერებათა აკადემია'', დააწესა მოძღვართ-მოძღვრის სახელო (ეს თანამდებობა, თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, აერთიანებს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტებს). ყოველდღე ეძებდა სასულიერო ლიტერატურაში სახელმწიფო ზნეობის საძირკველს. უკვე აღვნიშნეთ, მეფე ძალას ემყარებოდა. ისიც მივუთითეთ, ეს ძალა იძულებითი მეთოდი იყო, დროებითი გამოსავალი, ექსტრემალური სიტუაციისათვის შესაფერისი. იგი არ წარმოადგენდა საბოლოო მიზანს, ამიტომ მწიგნობარი მეფე დაუცხრომლად ცდილობდა ეპოვა ქართველთა მომავლის პოლიტიკური პანაცეა. ეცნობოდა ყურანსაც, სომხურ ღვთისმეტყველებასაც, ბერძნულ ორთოდოქსალიზმსაც, კათოლიციზმსაც. ვფიქრობთ, გენიოსმა მოაზროვნემ ვერ მოასწრო მოეხდინა ღრმა თეორიული ცოდნის განზოგადება იდეოლოგიურ დოქტრინად. ეგებ არც ,,ბუნებითი'', არც ,,წიგნის სჯული'' არ აკმაყოფილებდა, ყოველ შემთხვევაში, ეს არ ასახულა შემორჩენილ მემკვიდრეობაში. დავით IV-მ მომავალს დაუტოვა სახელმწიფოს ისეთი აპარატი, რომელიც აუცილებელი იყო კრიზისულ მდგომარეობაში. საომარ ვითარებაში სრულყოფა შთამომავლობას უნდა მოეხდინა.

შეცვალა თუ არა დავით აღმაშენებელმა ნიშატი ქართველთა? რა თქმა უნდა, ვერა! ნიშატი ხომ ენერგეტიკულია, საიდუმლო გენეტიკით ნასაზრდოები. მაგრამ ,,ქართველთა ღმერთმა'' შეძლო აღეზარდა ახალი ტიპის ქართველი. მან ქართველობა გაათავისუფლა შიშისაგან, მოუხსნა მორჩილების კომპლექსი, მიანიჭა იმპერიული ამბიცია, აამოძრავა, გამოაფხიზლა, საზოგადოებრივი ,,ჩვენით'' გარკვეულ დონემდე დათრგუნა პირადი ,,მე''. დავით IV-მ გიორგი და ექვთიმე მთაწმინდელების ,,ნაციონალისტური'' მსოფლმხედველობის უნივერსალიზაცია მოახდინა, მიაჩვია განათლებული ქართველი კრიტიკულ აზროვნებას. ეს იყო დავითიზმის ეთნოფსიქოლოგიური ასპექტი.        


                                                                            

3. ,,მაბრალობელნი'' დავით აღმაშენებლისა ,,დავითიზმის'' გადაზრდა ,,თამარობაში''

,,მაბრალობელნი'' ,,ქართლის ცხოვრებაში'' ოპოზიციონერებს ჰქვიათ. დავით IV აღმაშენებლის მმართველობას მძაფრი წინააღმდეგობა ხვდებოდა. ,,მაბრალობელნი'' ჰყავდა ყველა ენერგიულ მეფეს. XI-XII საუკუნეთა შესაყარზე ოპოზიცია განსაკუთრებით აქტიურობდა. სამწუხაროდ, არ შემონახულა უშუალოდ ,,მაბრალობელთა'' თხზულებანი. ამიტომ, უმრავლეს შემთხვევაში, დისიდენტთა თვალსაზრისის აღდგენა მათი დამთრგუნველი, გამარჯვებული იდეოლოგიის მებაირახტრეთა წყალობით ხერხდება. (მკითხველს ვთხოვთ, დისიდენტიზმი მოდერნისტულ ტერმინად არ ჩაგვითვალოს. ეს ლათინური ცნება – ,,უარისთქმა'' რომის იმპერიიდან დღემდე ცნობილი იყო ყველა ეპოქაში). დავითის ისტორიკოსის, არსენ ბერის ცნობით, მოწინააღმდეგეები მეფეს საყვედურობდნენ:

1. ,,ესოდენ მჭირსედ მოქალაქეობისა და მოლაშქრეობისათვის'', საყოველთაო-სამხედრო ბეგარის შემოღებისათვის.

2. ,,მხედრობათა მისთა განუსუენებელისა მიმოსვლისათვის'', პროფესიულ მეომართა განუსაზღვრელი დასაქმებისათვის. ,,არცა მშვილდი თავს იდებსო, მარადის გარდაცმულობისა, არცა ძალი ორღანოსა მარადის განსხირპულობასა''.

3. ,,სხვასა ბრალობასა შემოღებულ მეტყველნი შეიყვარნის ვინმე და განადიდნეს ვინმეო და კვალად მოიძულნეს ვინმე და დაამცირესო, ესე აღმმაღლის და ესე დაამდაბლისო''. მაშასადამე, ,,ბრალის'' არსი მდგომარეობდა მეფის თვითმპყრობელური ნების გამოვლენაში. სინამდვილეშიც ოპოზიციის ძირითადი ბრალდება ეხებოდა სამეფო ხელისუფლების აბსოლუტიზმისაკენ სწრაფვას.

4. მეფე დავითს გაუჭირდა არისტოკრატიის დარწმუნება ყივჩაღთა შემოსახლების სიკეთეში. აშკარაა, მას ასეთი განზრახვა ადრევე ჰქონდა (ყივჩაღთა მბრძანებელს ათრაქა შარაღანისძეს დაუმოყვრდა). დედოფალ გურანდუხტის საქართველოში ჩამოსვლა დროში უსწრებს გადმოსახლებას. ჩრ. კავკასიის მეტისმეტად მერყევი ეთნიკური სახე, აქ მოსახლე მოუსვენარი ტომები ყოველთვის იპყრობდა ქართველთა ყურადღებას. ალან-ოსთა სამხედრო სამსახური ჩვეულებრივი მოვლენა იყო. დავით IV-მ განსხვავებული მეთოდი აირჩია. მან გადაწყვიტა პოლიტიკურად დაექვემდებარებინა ჩრ. კავკასია, ოდითგანვე ,,სადგური და საბანაკე ძეთა მაგოგისათა'' (იოანე საბანისძე). ამიტომაც აქცენტი აიღო ყივჩაღებზე. ეს უდიდესი რისკი იყო. უცხო ეთნიკური ელემენტის ათვისება მოითხოვდა სახელმწიფოს სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ-იდეოლოგიური ძალების სრულ მობილიზაციას. ამ ამოცანას დავით IV-მ შეწირა პირადი ბედნიერება. გაშორდა პირველ ცოლს – სომეხ ბაგრატიონთა ასულს, გატეხა ქართველ დიდებულთა წინააღმდეგობა და გადმოიყვანა თითქმის ნახევარმილიონიანი ურდო, 40 000 ოჯახი, ,,50 000 შებმული მეომარი''. სუსტი ხელისუფლების პირობებში ყივჩაღებს შეეძლოთ ქვეყნის დაპყრობაც, მაგრამ დრო იდგა დავითიანი. მეფემ ,,აღთვალა'' ყივჩაღნი; გვარად-გვარად მოაწყო; უჩინა საზამთრო და საზაფხულო სადგური; დაუდგინა სპასალარნი (სამხედრო მეთაურები), მმართებელნი (სამოქალაქო გამრიგენი); დაუწესა უმკაცრესი კონტროლიც; განასრულა ცხენებით. მოკლე ხანში ქართველთა ხელში მოექცა უაღრესად მობილური, ბრძოლისუნარიანი, პირველხარისხოვანი რეგულარული არმია... დაყოფილი ,,გუნდებად'' (60-150-300-500-1000 და ა.შ.). ყივჩაღები დაასახლეს ჩრდილოეთ სომხეთში, ქვემო ქართლში, ჰერეთში. მათი ნაწილი გასომხდა ან გაქართველდა, ზოგი შარვანელთ შეერია. უმთავრესი მასა კი უკან წავიდა დავითის სიკვდილის შემდეგ. ქართული სამხედრო ხელოვნების მიხედვით ორგანიზებულმა ყივჩაღებმა მძიმე დარტყმები მიაყენეს რუსეთს. ყივჩაღთა საკითხი მაჩვენებელია, რა გრანდიოზულია საქმენი სადავითიანო. მოგვიანებით ჩვენ ვეღარ შევძელით ეთნიკური პროცესების მართვა: არა თუ უცხოთა სამსახური ვერ გამოვიყენეთ, საკუთარი, სისხლით ქართული, მტერთა კირთებისაგან გაუცხოებული მოძმე ეთნიკური ჯგუფები აგვიმხედრდა. დავით IV ზურგით კავკასიონს მიებჯინა, ჩრდილოეთ კავკასიის ,,ველური'' ენერგია წარმართა სამხრეთისაკენ. მას ჰქონდა ტიტულიც ,,მეფე რუსთა'', რაც შესაძლოა აღნიშნავდეს ყივჩაღთა მბრძანებლობასაც, ტამანის ნახევარკუნძულზე აღმოცენებული რუსული სამთავროს ტმუ-ტარაკანის ფლობასაც. XIV საუკუნიდან ჩრდილოეთ კავკასიამ აქეთ შემოგვიტია, – რამაც განსაზღვრა კიდევაც ჩვენი ძნელბედობა. ,,მიიდრიკა'' კავკასიის მთიანეთი, ,,მიიდრიკა'' მესხეთიც – ქართული კულტურის აკვანი. ჩვენ რაღა ვქენით? ,,მიდრეკილთ'' გავემიჯნეთ. შეგვეშინდა, ვაითუ ვერ ავითვისოთო ,,გაუცხოებული'', შეგვეშინდა და... გავწირეთ ,,ჩვენი'' სხვათათვის! ესეც ლოგიკური იყო. დიდი ხანია ჩამკვდარიყო დავითიზმი, დიდი ხანია დაწყებულიყო ქართველთა ,,კიდურების განგრენა''. უკვე დავიწყებული გვქონდა დავითისეული უნარი თვითლიკვიდირებით ეროვნულ ძალთა კონსოლიდაციისა და ,,პასიური'' ლოდინის რაინდებად ვქცეულიყავით.

უყვარდათ თუ არა დავით აღმაშენებელი ქართველებს? ამ კითხვასაც აღშფოთებით შეხვდება მკითხველი. როგორ, განა ,,ქართველთა ღმერთი'' არ ჰქვია დავითს? (თუმცა ზოგი ფიქრობს, რომ ,,ქართველთა ღმერთში'' იგულისხმება დავით–სოსლან ბაგრატიონ-ეფრემის ძე). მოდით, მშვიდად განვიხილოთ ეს პრობლემა. დავით IV არის ყველაზე დიდი მეფე ქართველთა. მაგრამ იგი არ არის ყველაზე პოპულარული. ხალხური პოეზია, ორიოდე გამონაკლისის გარდა, გვერდზე სტოვებს ამ ღმერთკაცს. (ხალხური პოეზიის საყვარელი მეფეებია თამარი, ერეკლე II, ვახტანგ გორგასალი). არც შუასაკუნოვანი ლიტერატორები იკლავდნენ თავს, გუნდრუკი ეკმიათ მეფე-ღმერთისათვის. ლეგენდებიც არა გვაქვს. (ერთადერთია გელათის კარიბჭეში დამარხვა). ფრესკაც ფერმკრთალია. დავით IV-ის შემდეგ ქართველი დავითით არ ცხოვრობს, ის თამარელია, თამარის მოტირალი, თამარზე შეყვარებული. ბაზალეთის ტბის ფსკერიდან ახალ დავითს კი არ ელოდნენ, არამედ – თამარს. თამარი გახდა გვიანფეოდალური ქართული რომანტიზმის ოცნების სიმბოლო. არა, არ უყვარდათ ქართველებს მეფე დავით IV აღმაშენებელი. ქართველი არ იქნებოდ ქართველი, მას რომ დავითიზმი ნებსით მიეღო. დავითობა იყო სიმძიმე მაშვრალთა, ტვირთი ძნელად საზიდი. ქართველი დავითიანი რომ დარჩენილიყო, მას ექნებოდა იმპერია უდიდესი.

აბსოლუტური სრული სრულყოფას ქართულ რასაშიც აღწევს, ამტკიცებდა ჰეგელი. თვითონვე ხსნიდა, თუ რატომ არ ხდებოდა აბსოლუტური გონის ქართველში რეალიზება. მისი აზრით, ქართველობას ამუხრუჭებს მერყევი სული, უნებისყოფობა. სისრულე ანუ ლოგოსის (სიტყვის, იდეის) განსხეულება მიიღწევა ნიჭიერებითა და შრომით. აზიას მზა ფორმები უყვარს, ევროპას შემოქმედება ახასიათებს, მუდმივი ძიება. ქართველებს? ნუ გვეწყინება, ნიჭს ვუწევთ ექსპლოატაციას, ოფლი გვეზარება ერთობ. რამდენიმე ხნის წინ ავსტრიიდან დაბრუნდა პასუხისმგებელი მუშაკი. აღფრთოვანებული იყო ამ ქვეყნის წარმატებებით. აღტაცებამ რომ გაუარა, სერიოზულად დაამატა: არა, ძმაო, არაფრით არ ვიცხოვრებდი იქ, ყველაფერი გათვლილია, დაგეგმილი. კაცი ნარდს ვერ ჩაუჯდება, დომინოს ვერ ითამაშებს, ვერ იქეიფებს! დავით IV რაციონალისტი იყო, მუხლჩაუხრელობის მქადაგებელი. შეუყვარდებოდათ ქართველებს ასეთი მომთხოვნი ლიდერი? დავითით ამაყობდნენ, დავითს პატივს სცემდნენ, აღიარებდნენ; დავითის ეშინოდათ, ღმერთად მიაჩნდათ, მაგრამ სიყვარული? არა გვგონია! დიდ პიროვნებათა პოპულარობა, თუ ის ხელოვნურად დანერგილი არ არის, ყოველთვის გვიან მჟღავნდება. საერთო-სახალხო სიყვარულს კი მუდამ სწორი მისამართი არ აქვს. პოპულარობა არ გამოხატავს პოპულარულის სიმართლეს. ხშირად სწორედ ის უყვართ, ვინც ნამდვილად თაყვანისცემის ღირსია. პოპულარულია ის, ვინც უდასტურებს ხალხს მის სურვილს, – ოდნავ უკეთ, ოდნავ გასაგებად. თუ სახალხო სურვილი ღრმად გამოხატე, შესაძლოა ვერც აღიქვას მასამ; თუ ზუსტად ისე უთხარი, როგორც იცის, ჩვეულებრივად მოეჩვენება. მაშასადამე, საჭიროა ოდნავ  უკეთ და ოდნავ გასაგებად. მაშინ ხარ გმირი! მაგრამ გმირობა ეს როდია. გმირია პროგრესის ნიშანსვეტის მაძიებელი. დავით IV გმირი იყო, – ის ქმნიდა პროგრესს. მისი მეთოდი საერთო-სახალხო არაა, – მისი გაგება შეუძლებელია. აღიარებაც მერე უნდა მოსულიყო. მაგრამ აღიარებამ დააგვიანა, რადგან დავითობას თამარობა ჩაენაცვლა. ასე მგონია, დავით IV-ის შემდეგ არისტოკრატიამ თავისუფლად ამოისუნთქა. თამარის ხაზი დავითის ხაზის გაგრძელებაა. თუმცა არის დიდი სხვაობაც. დავით აღმაშენებლის სახელმწიფო გარეგნულად ინარჩუნებდა ,,სამეფოების'' (,,შვიდი სამეფოს'') სტატუსს. იურიდიულად თითოეული ძველი ,,სამეფო'' – ,,აფხაზთა სამეფო'' (ე.ი. დას. საქართველო), ,,ქართველთა სამეფო'' (ქართლი, ტაო-კლარჯეთი, სამცხე-ჯავახეთი), ,,რანთა და კახთა სამეფო'', ,,სომეხთა სამეფო'' (ლორე, ტაშირი), შენარჩუნებული იყო. სინამდვილეში კი აშკარად დომინანტობდა ,,აფხაზთა სამეფო''. დავით IV-მ ,,ყოველი საქართველო'' შეკრა დასავლეთ საქართველოს ძალებით. ამიტომაც ამ ,,სამეფოს'' ტრადიციულად შემორჩა მისი უპირატესობა გაერთიანებულ სახელმწიფოში. ნაწილობრივ პრივილეგირებული იყო ტაო-კლარჯეთიც. აღმოსავლეთელი ფეოდალები ,,დაჩაგრულად'' გამოიყურებიან. სწორედ აღმოსავლეთში გავრცელდა ე.წ. ,,შეწყალება''. აქ წარმოიშვა პირობითი მიწათმფლობელობა, მსახურეული აზნაურობა. დავით IV-მ სამხედრო ოლქებად დაჰყო აღმოსავლეთისა და სამხრეთის პროვინციები. აქვე წარმოიქმნა ,,სამონაპიროები''. დავით IV ახდენდა სახელმწიფოს უნიტარიზაციას, შლიდა თემობრივ ზღუდეებს, შიდა სამანებს, ცენტრს ამაღლებდა. მაგრამ ეს პროცესი ვერ დაასრულა. პირველ ეტაპზე დასავლეთ საქართველო ,,დამპყრობლის'' როლში მოგვევლინა. ეს ვითარება გაგრძელდა დემეტრე I-ის, დავით V-ის, გიორგი II-ის მეფობის წლებში. ოღონდ სტიქიური ინერციით. 1125 წლიდან 1185 წლამდე არავითარი რეფორმა აღარ გატარებულა. დავით IV-ის უშუალო ჩამომავლები მეტნაკლები წარმატებით იცავდნენ აღებულ კურსს, – თუმცა არც დიდი წინაპრის ძალა შესწევდათ და არც სიახლის დანერგვის უნარი. XII საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო დავითიზმის კრიზისი, რაც გადაიზარდა ,,სამოქალაქო ომში''. ერთმანეთს ჩაეხლართა რამდენიმე ძირითადი წინააღმდეგობა. ერთმანეთს დაეჯახნენ: აღმოსავლეთისა და დასავლეთის დიდებულები, ძირძველი და ,,უგვანო'' აზნაურები, ქალაქური წრეები და ,,პროვინციალები'', ეკლესია და სამეფო კარი. ბორგნეულებაში 1184-1189 წლებში, იგი გამოიხატა ყუთლუ-არსლანის გამოსვლაში, კათალიკოსის მიქაელ მირიანის ძის პოზიციში, თამარის პირველ და მეორე ქორწინებაში, ,,იმიერის'' აჯანყებაში ,,ამიერის'' წინააღმდეგ და ა.შ. გამარჯვებული გამოვიდა სამეფო კარი, რომელიც ეყრდნობოდა აღმოსავლეთ-ქართულ პროვინციებს. მაგრამ სახელმწიფო უკვე აღარ იყო. ,,საყდარ დავითიანზე'' უკვე ფრიალებდა თამარის დროშა. აი, ამ პერიოდში ისევ იჩინა თავი დავით IV-ის ,,მაბრალობელთა'' დასმა. სწორედ მათ თვალსაზრისს ასახავენ თამარის ოფიციალური ისტორიკოსები.

თამარის ე.წ. მეორე ისტორიკოსი, რომელსაც ივ. ჯავახიშვილი პირობითად ბასილი ეზოსმოძღვარს უწოდებდა, აშკარად უპირისპირებს ერთმანეთს თამარის სათნოებასა და დავითის ძალას. მიუთითებს, რომ თამარმა ,,ყოველი მახლობელი სამეფო გარშემო ქართლისა განათავისუფლა'', ,,რაოდენთა მომძლავრებულთა უკუნ სცა სამეფო თვისი''. იგულისხმება, რომ ,,მიმძლავრებულთა'' შორის ივარაუდება ქართველთაგან ,,მიმძლავრება''. ესენი არიან: შარვანი, დარუბანდი, ღვანძეთი (დაღესატანი), ოვსეთი, ქაშაგეთი (ყაბარდო–ჩერქეზეთი), კარნუ ქალაქი (არზრუმის ამირა), ტრაპიზონის იმპერია. მაშასადამე, ოფიციალური ქართული ცნობით, თამარის ეპოქაში საქართველომ მეზობელ სამეფოებს აღუდგინა პოლიტიკური დამოუკიდებლობა, თუმცა ყველა ეს ქვეყანა (სულ შვიდი სამეფოა) დარჩა ქართულ კულტურულ გარემოში. ეს ერთადერთი, თითქმის გაუგონარი მოვლენაა შუა საუკუნეების მსოფლიოში. ეს პროცესი შესაძლოა შორეულ ანალოგიას ნახულობდეს XX საუკუნის დეკოლონიზიაციასთან, მაგრამ აქ არ თავდება თამარისეული ,,ინტერნაციონალიზმი''. იგი ,,ბჭედ იჯდა შორის თავისი თვისისა და მეზობელთა მეფეთა, არა მიშვებად ბრძოლისა, არცა გარდაგდებად უღელსა მძლავრობისასა ურთიერთს''. საქართველომ არა თუ განათავისუფლა მეზობლები, არამედ იკისრა მათი მფარველობის ფუნქცია, იგი არ აძლევდა მათ ნებას ერთმანეთის მიმართ გამოეჩინათ ,,მძლავრობა''. თამარის ისტორიკოსი მკაცრად აკრიტიკებს დავით აღმაშენებლის ,,ცოდვებს'', თვითგვემით რომ მოინანია ,,გალობანში''. აქებს დავით IV-ის ,,ცოდვათა'' საწინააღმდეგო თვისებებს თამარისას. ,,არა იღუწოდა უმეზობლობასა, არცა შერთვიდა სახლსა სახლსა ზედა, არცა აგარაკსა აგარაკსა ზედა უცხოსა, არამედ თავისით მამული ძველი კმა იყო... არა შინებით უთქმიდა მეზობელთა, არამედ უფროსღა სცვიოდა მაშინებელთაგან... შორს განიოტა (ე.ი. განაგდო) წურბლის მსგავსი ვერ მაძღრობა''.

კრიტიკის ფონზე ისტორიკოსი წარმოაჩენს ახალი მმართველობის სიკეთეს: თამარი ,,სახარელი იყო თხრობათა შინა'' კდემამოსილი, განსწავლული, განმწვრთვნელი, თვითმგვემელი, ,,სანთელი იყო გონიერთა და უგუნურთა, პირველთა განმანათლებელი და მეორეთა დამწველი'', ,,აღვირი იყო უწესოდ მკრთომელთა''. ,,დეზი უდებთა'', ,,კანონი სირცხვილისა'', ,,სიბრძნით მცველი კეთილმავალთათვის'', ,,მბორგვნელთა მგვემელი'', – ამ დროს ,,მღვდელთმოძღვართა შეიმოსეს შიში'', ,,მღვდელთ დაიცვეს წესი'', ,,ერნი განემტკიცენ'', ,,ბილწმიან უწესობან – ვერც კვალი პოვა დღეთა თამარისათა'', ,,სასახლეში აიკრძალა უხეში სიტყვა'' (ისევე როგორც ვერსალში მე-16-17 საუკუნეში). ერთი სიტყვით, სახარებისეული წესი დამკვიდრდა ,,ნათელი ამობრწყინდა მართალსა''. დამყარდა ,,ჰარმონია''. რასაკვირველია, მატიანეთა მითითება საყოველთაო სიკეთეზე გულისხმობს არისტოკრატიას და არა დაბალ ფენებს. მაგრამ უდავოა, XII-XIII საუკუნის საქართველო საოცრად ამაღლებულია. ,,აზნაურების ყმები დიდებულები ხდებოდნენ, უგვაროები წინაურდებოდნენ, პოეზიაში ხალხური ტონებია. ,,ვეფხისტყაოსანი'' გაითავისა ყველა სოციალურმა ფენამ. ნიკოლოზ გულაბერისძე ამაყობს ზოგადად ქართველით: ,,არიან ბუნებით სადაგნი და მარტივნი და გონებით წრფელნი, სიმართლესა ცხოვრებისასა და უღელსა უმანკოებისასა მზიდველნი და მხოლოდ ღმერთისა ოდენ და მკლავისათვისისა მოსავნი''. თამარისეული ხანის ქართველის სახე რუსთაველის ავთანდილია. სახელმწიფოში სუფევდა წესრიგი, ,,ქათამიც კი არ იკარგებოდა'', თვით დაკარგულ ნივთს სამეფო დროშის ქვეშ სდებდნენ ხოლმე. აკრძალული იყო სიკვდილით დასჯა ერთადერთი გამონაკლისის გარდა: არ ინდობდნენ მარტოოდენ მეკობრეებს. წყაროთა სიმცირე საშუალებას არ გვაძლევს მთლიანად გავხსნათ ,,ყოველი საქართველოს'' ,,ჰუმანისტური'' შინაარსი. რა თქმა უნდა, ქვეყანა ფეოდალური რჩებოდა, ჩვეულებრივი კლასობრივი ანტაგონიზმითა და სოციალური უსამართლობით, მაგრამ თამარის მმართველობის ხასიათი საოცრად წააგავს მაინც განათლებული აბსოლუტიზმის პრინციპებს.

მაშასადამე, თითქოს თამარობა დავითიზმის ამაღლებული საფეხურია. სინამდვილეში საქართველოში ერთმანეთს დაშორდა სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-იდეოლოგიური მხარე. ,,დემოკრატიზმი'' ქრისტიანიზმში გაცხადდა, ზედნაშენი აღმოცენდა სახარების სათნოების რეალიზაციით. ბაზისი დარჩა უკან. ,,აღმოსავლური'' ტიპის ქალაქმა, მრეწველობის სტაგნაციურობამ, აგრარულმა კონსერვატიზმმა ისევ ააღორძინა ბიზანტიზმი. ქართული ხასიათი ნაადრევად დარბილდა. საქართველომ მახვილის სიბასრე დაკარგა გარემომცველი სამყაროს აგრესიულობის ზრდის პარალელურად. თათარ-მონგოლთა გრიგალს ვეღარც ,,პოლიტიკური უნისონი'' დაუპირისპირდა, ვეღარც სამრეწველო ნაციისათვის დამახასიათებელი საერთო-სახალხო თავდაცვის ორგანიზაცია; ქართველობა ვერ გასრულდა სამრეწველო ნაციად. მსოფლიოს ერთ-ერთი პირველხარისხოვანი იმპერია მოულოდნელად იოლად გაისრისა ნახევრადველური ნომადების დარტყმებისაგან. უეცრად გამოირკვა, რომ თამარისეული ტოლერანტიზმი, მისი ,,ისტორიული ინტერნაციონალიზმი'' ქვიშაზე ყოფილა აშენებული. გამართლდა შუა საუკუნეების საეროვნებათშორისო ურთიერთობის რეაქციული ფორმულა: ,,შენდებოდეს – შეეწიე, ინგრეოდეს – შეესიე''; თბილისის კარები მომხდურს მაჰმადიანებმა გაუღეს, ,,განთავისუფლებულმა'' მეზობლებმა განაპირა მხარეების ჩამოთლა დაიწყეს. დაეცა სათნოების ქვეყანა. კოლექტიურ მეხსიერებაში დაილექა რომანტიკული ტკივილი თამარის ,,ოქროს ხანაზე'', რომელიც უკვე XIV საუკუნეში დაიტირა უცნობმა გენიოსმა – ჟამთააღმწერელმა.

XIX საუკუნეში გაგვახსენდა დიდი დავით აღმაშენებელი? არა, არც მაშინ (და არც დღეს) აღორძინებულ მეფე-ღმერთს არ შეუცვლია მზეთუნახავი ანგელოსი პირიმზე თამარი. მაინც აღსდგა მთელი სიგრძე-სიგანით იდეა – დაგვიბრუნდებოდა ,,მახვილი მესიისა''. ეს მოვლენა იყო სიმპტომატური. თამარი ,,იდეალურზე'' ოცნებაა, პერსპექტივის ხედვა, დავით IV კი გზაა ,,იდეალურისაკენ''. ეპოქას უკვე დავით IV შეეფერებოდა. მოვიდა ახალი დრო: დრო ურთულესი: ,,არა და, ისევ დღის წესრიგშია ბედი ქართლისა და ქართლის ჭირი''.        

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq