საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ლოვარდ ტუხაშვილი - 17-წლიანი ომის უკანასკნელი აკორდები (ა) ხლათის დაზავება. საქართველო - შაჰ-არმენის 30-წლიანი შეთანხმება)
ლოვარდ ტუხაშვილი

17-წლიანი ომის უკანასკნელი აკორდები

ა) ხლათის დაზავება. საქარველო - შაჰ-არმენის 30-წლიანი შეთანხმება

ლოვარდ  ტუხაშვილი

,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“

წიგნი I

ბაგრატ III-დან გიორგი  V ბრწყინვალემდე

წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად.

მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.

 

 

შამქორისა და ბასიანის გრანდიოზული ბატალიების ბრწყინვალე მოგების შემდეგ, შეტევითი ომების ციკლი თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ არ დასრულებულა. აკ. ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავდა: ,,ყველასათვის ცხადი გახდა, რომ კავკასიის სამხრეთის საზღვარზე საქართველოს სახელმწიფოს არც აღმოსავლეთით, არც დასავლეთით საშიში მეტოქე აღარ ჰყავდათ“ (ივ. ჯავახიშვილი. ,,ქართველი ერის ისტორია“, ტ. II, გვ. 278). მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა გადაიჭრა, ულევი იყო თურქ-სელჩუკთა რეზერვები. თანაც აუცილებელი იყო დაკავებული ტერიტორიების ათვისება, როგორც ეთნიკური, ასევე ეკონომიკურ-კულტურულ-კონფესიონალური თვალსაზრისით. ამიტომაც, ფაქტობრივად, 17 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ნაწილობრივ თავდაცვითი, უმთავრესად შეტევითი ბრძოლები. ქართველთა შეტევები იმიტომ გახშირდა, რომ ჩამოყალიბდა პროფესიულ მოლაშქრეთა მნიშვნელოვანი რაზმები, რომელთაც მთავარ საქმიანობად გაიხადეს ნადავლი, ე.ი. სამხედრო საქმე აქციეს წარმოებად, მატერიალური კეთილდღეობის ,,ინდუსტრიად“. განსაკუთრებით ინტენსიური იყო მხარგრძელთა დარტყმები შაჰ-არმენთა სამფლობელოზე. უკვე აღნიშნული გვქონდა, რომ ხლათის სასულთნოს დამორჩილება ქართული სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენდა. ამ ქვეყნის აღებით მთავრდებოდა ,,ძველი სომხეთის“ შემოერთება, გზა იხსნებოდა კილიკიისაკენ, ე.ი. ,,ახალი სომხეთისაკენ“. საქართველო პირდაპირ დგებოდა იკონიასთან. ქართველებს უმტკიცდებოდათ ზურგი, როგორც პალესტინაზე, ასევე ბაღდადზე მოსალოდნელი დარტყმებისათვის. ხლათზე შეტევას უმთავრესად ახორციელებდა ივანე მხარგრძელი. ამ დროს ეს უკანასკნელი ფლობდა მსახურთუხუცესის სახელოს, ამ სახელოს რეზიდენცია იყო ქ. მანავი, მაგრამ ივანე ერთდროულად იყო ახლად შემოერთებული ,,სომხური პროვინციების“ ერთი ნაწილის მმართველიც. ხლათთან ბრძოლებში ივ. მხარგრძელის ლაშქარში იყვნენ ჰერ-კახნი, მესხნი, ,,სომხითარნი“ და ხლათელი ქრისტიანებიც. მალე ქართველებმაც თითქმის მთლიანად აიღეს შაჰ-არმენთა ქვეყანა (ისტორიული დასავლეთ სომხეთის სამხრეთი ნაწილი). მაჰმადიანები ჩაიკეტნენ ქ. არჭეშში და ქ. ხლათში. მალე არჭეში დაეცა. ქართველებს მდიდრული დავლა დარჩათ. მათ მიზანს შეადგენდა, მთელი ეს ქვეყანა გაეწმინდათ თურქ-სელჩუკთაგან. არჭეში მაჰმადიანთა ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი იყო, ამიტომაც ქართველებმა მიწასთან გაასწორეს ციხე-ქალაქი; გაძარცვეს, გადაწვეს და გააოხრეს. ტყვედ აიყვანეს არაქრისტიანული მოსახლეობა. შაჰ-არმენთა სულთანი ხლათის ციხე-ქალაქში ჩაიკეტა, თითიც არ გაუნძრევია არჭეშის საშველად. მას ეშინოდა, როგორც ქართველთა მხედრობისა, ასევე ხლათის ქრისტიანული მოსახლეობისაც; ძალზე სამართლიანად ვარაუდობდა, რომ ხლათიდან გასულს აჯანყებული მოსახლეობა უკან აღარ შემოუშვებდა (ივ. ჯავახიშვილი. დასახ. ნაშრომი, გვ. 281). ივ. ჯავახიშვილი უშვებდა, რომ ხლათის ქვეყანაში შეჭრა და ქ. არჭეშის განადგურება მოხდა 1208-1209 წ.წ.-ში. ჩვენი აზრით, ივ. ჯავახიშვილისეული დათარიღებანი ზოგჯერ 2-3, ხან კი 4-5 წლებით უკან უნდა გადაიწიოს (მაგ. შამქორის ომი იყო არა 1195, არამედ 1193 წ., ბასიანის ომი არა 1205, არამედ 1202 წელს და ა.შ.). ივ. ჯავახიშვილისეული დათარიღების შეცდომათა წყაროს მოგვიანებით შევეხებით. აქ დავსძენთ მხოლოდ, რომ 17-წლიანი ომის ყველა ბატალია უნდა მოთავსდეს 1190-1207 წლის არეალში. მაშასადამე, ხლათის დაპყრობაც ქართველებს უნდა დაეწყოთ არა 1208-1209 წლებში, არამედ 1204-1205 წლებში.

შამქორის ომში აბუბაქარის დამარცხება მისი სრული განადგურებით არ დამთავრებულა. აღმოსავლეთის თურქთა დიდმა სულთანმა ერთბაშად არ დაყარა იარაღი. იგი ერთროულად ებრძოდა თავისიან განდგომილ ამირებს, ირანში შემოჭრილ ხვარაზმელებს და ქართველებსაც. ეს ბრძოლები ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა მის აღსასრულამდე. ქართველებმა, არ ჰყავდათ რა დიდი ეთნიკური რეზერვები, დროებით მთავარი ყურადღება გადაიტანეს ხლათისაკენ. ქ. არჭეშის აღების შემდეგ ივანე მხარგრძელმა გადაწყვიტა საბოლოოდ გადაეჭრა დასავლეთ სომხეთის პრობლემა. მან მრავალრიცხოვანი მხედრობით ალყა შემოარტყა ქ. ხლათს. მომენტი ხელსაყრელი ჩანდა. აღმოსავლეთით თურქთა სასულთნო დაშლის პირას იყო, იკონია - დამარცხებული. ეს იყო პერიოდი, როდესაც შაჰ-არმენთა ხლათის სასულთნო აღიარებდა დამასკოს-იერუსალიმისა და კაიროს სულთნების უზენაესობას. მათგან რეალური დახმარების მიღება კი პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ქ. ხლათის ბედი უკვე გადაწყვეტილი ჩანდა. მიდიოდა მოლაპარაკება შაჰ-არმენთა ხლათის სულთნის და ნიხის გარნიზონის დანებების პირობების შესახებ. მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა. სრულიად მოულოდნელად ხლათელებს თვით ივანე მხარგრძელი ჩაუვარდა ხელთ. ამ შემთხვევას სომეხი და არაბი ისტორიკოსები დაახლოებით ასე გადმოგვცემენ. უკვე თითქმის გამარჯვებით გათამამებულმა უმაღლესმა ქართველთა ოფიცრობამ საგანგებო ღრეობა მოაწყო. შეზარხოშდა თვით სარდალი ივანე მხარგრძელიც. აიყოლია თანამოინახენი და დაახლოებით ოცამდე შეიარაღებული ცხენოსნით ხლათის ციხის დასათვალიერებლად გაეშურა. ეს ამბავი მეტყველებს არა მხოლოდ ქართველთა ჩვეულ დარდიმანდობაზე, არამედ ხლათელთა უიმედო მდგომარეობაზეც. ქართველები აღარ ელოდნენ სერიოზულ წინააღმდეგობას. ციხის გარშემო მოსეირნე ქართველი ცხენოსნებისთვის, შესაძლებელია, არავითარი საფრთხე არც დამუქრებოდათ, მაგრამ, უეცრად, ივანე მხარგრძელის ცხენს თხრილში ფეხი ჩაუვარდა და მხედარი ჩამოაგდო. სანამ თანმხლები მეომრები ივანე მხარგრძელს და მის ცხენს წამოაყენებდნენ, ხლათელები სასწრაფოდ ციხიდან გამოიჭრნენ და ქართველები დაატყვევეს. ამ ამბავს ერთნაირად გადმოგვცემენ სომეხი ისტორიკოსები კირაკოს განძაკელი და ვარდანი. აგრეთვე არაბი აბულ-ფედა. ზაქარია ყაზვინეცი ივანეს ცხენის ფათერაკს მიაწერს, სამხედრო ხრიკს. მისი გადმოცემით, ხლათის ციხესთან ჩამავალ მდინარეზე სულთან მელიქ-აუჰადის ბრძანებით მაჰმადიანებმა წინასწარ განგებ ჩატეხეს ხიდი, რომელიც დაფარეს თივით და მიწით. სწორედ აქ წაქცეულა ივანე მხარგრძელის ცხენი (ამ გადმოცემათა შესახებ დაწვრილებით იხ. ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 281-282). ქართველი სარდლის მარცხიანმა გასეირნებამ ერთბაშად შეცვალა ომის ბედი. სულთანმა მელიქ-აუჰადმა ეს სასიხარულო ამბავი სასწრაფოდ აცნობა დიდ სულთანს. კერძოდ, ეგვიპტის სულთანს. თავისთავად ის ფაქტი, რომ ცნობა ხლათიდან გაიგზავნა არა იკონიაში, არამედ დამასკოს, იერუსალიმისა და კაიროს მფლობელთან, მეტყველებს რუქნადინის სახელმწიფოს ნეიტრალურ პოზიციაზე. ფორმალურად ხლათის სასულთნო იკონიის ქვეშევრდომი იყო. ივ. ჯავახიშვილის გამოთვლით ხლათის ინციდენტი უნდა მომხდარიყო 1210-1211 წ.წ.-ში. ეს ყოვლად გამორიცხულია. 1208 წლის შემდეგ რუმის, ანუ იკონიის იმპერიამ კვლავ ძალა მოიცა, დაამარცხა ნიკეას საკეისროც და ტრაპიზონის საკეისროსაც ჩამოაჭრა ვრცელი ტერიტორიები ქალაქ სინოპითურთ. ივანე მსახურთუხუცესის ამბავი იკონიის ახალი სულთნის აზედდინის (რუქნადინის შემცველის) დროს რომ მომხდარიყო, მაშინ საქმე სხვაგვარად წარიმართებოდა; იკონია არ გაუშვებდა მარჯვე მომენტს საქართველოზე შეტევისათვის. ამიტომაც, ვფიქრობთ, რომ ხლათზე მეორე დარტყმა მოხდა ქალაქ არჭეშის აღებისთანავე (იმავე, ან მომდევნო წელს), ე.ი. დაახლოებით 1205-1206 წლებში.

ხლათის სულთანმა მელიქ-აუჰადმა გადაწყვიტა ტყვედ ჩავარდნილი ივანე მხარგრძელი გაეგზავნა კაიროში. ამ ფაქტმა საქართველოს სამეფო კარის დიდი აღშფოთება გამოიწვია. საქართველოს სამხედრო მინისტრმა - ზაქარია მხარგრძელმა - ამირსპასალარმა თავისი ძმის ივანე მსახურთუხუცესის გამოსახსნელად საგანგებო ელჩობა გაგზავნა ქ. ხლათში. მუქარა შეუთვალეს მელიქ-აუჰადის: ,,თუ ჩემი ძმა დიდ სულთანთან გაგიგზავნია, - წერდა მელიქს ზაქარია მხარგრძელი, - ქართული ლაშქრით ავიღებ ხლათს, ქალაქ არჭეშივით გავანადგურებ, თქვენი ქვეყნის მიწასაც კი მოვთხრი და საქართველოში წავიღებო“. მელიქ-აუჰადი მოლაპარაკებაზე დათანხმდა. რა თქმა უნდა, ხლათის სამხედრო პოტენციალი შედარებით სუსტი იყო, მაგრამ მათ ხელში ჰყავდათ ივანე მსახურთუხუცესი. საქმე ეხებოდა მის სიცოცხლეს. მოვლენის დელიკატური ხასიათი აიძულებდა საქართველოს სამეფო კარს, ფრთხილად მოქცეულიყო, ამიტომაც მოლაპარაკება ითავა პირადად ივანე მხარგრძელმა. მელიქ-აუჰადმა მოითხოვა თავის სახელმწიფოს უშიშროების გარანტიაც და დიდგვაროვანი ტყვის პირადი გამოსასყიდიც. დაიდო ხლათის შეთანხმება. ხლათელებმა გაათავისუფლეს ივანე მსახურთუხუცესი და აღიარეს საქართველოს მეფის უზენაესობა. ქართველებმა დატოვეს ხლათის ქვეყანა და აღუთქვეს ოცდაათწლიანი მშვიდობა. ამავე დროს ივანე ათაბაგმა მელიქ-აუჰადს დაუბრუნა რამდენიმე აღებული ციხე, გაათავისუფლა ხუთი (5) ათასი ტყვე, გადაუხადა ასი (100) ათასი დინარი, დაზავების დამაგვირგვინებელი გახდა დამოყვრება. ივანე მხარგრძელმა თავისი ასული თამთა ცოლად გაუგზავნა მელიქ-აუჰადს.

ხლათის დაზავება გვიჩვენებს, რომ ანალოგიური მოლაპარაკების უფლება ჰქონდათ ცალკეულ პროვინციათა (განსაკუთრებით მონაპირე საერისთავოთა) მმართველებს, უმაღლეს სამხედრო ოფიცრობას. ოღონდ კოორდინატორ-რეგულატორის საჭეს ხელიდან არ უშვებდა სამეფო კარი. სამწუხაროდ, თამარის გარდაცვალების შემდეგ ცენტრალური ხელისუფლება შესუსტდა. მონღოლთა შემოსევების დროს კი აშკარად გამოიხატა დიპლომატიური სეპარატიზმი. სენიორალურმა სახლებმა მეფის უნებართვოდ გააფორმეს ხელშეკრულებანი მონღოლ ნოინებთან. ხლათის დაზავება იყო ქართველთა სამხედრო მარცხი. მაგრამ იგი შესანიშნავად ჩაჯდა თამარისეულ წონასწორობის დიპლომატიაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამიერიდან ქართულ ძეგლებში შემორჩენილი პოლიტიკური ცნება ,,სომეხთა მეფე“ აღნიშნავს სწორედ ,,შაჰ-არმენს“. ,,შაჰ-არმენი“ შევიდა საქართველოს მეგობარი და მოკავშირე ქვეყნების რკალში. მისი სახელმწიფოებრივი სტატუსი განსაზღვრული იყო ,,მეფე სომეხთას“ სტატუსის მიხედვით. ე.ი. რა მდგომარეობაც უკავია ,,სომეხთა მეფეს“ ერთიან ქართულ მონარქიაში, 1205-1206 წლების შემდეგ უნდა გულისხმობდეს ,,შაჰ-არმენთა“ სტატუსს. მაშასადამე, ქართულმა დიპლომატიამ მარჯვე მანევრებით გადაფარა ხლათის კამპანიის სამხედრო მარცხი. პრობლემა მოაწესრიგა პოლიტიკური გზით.

 

ბ) შიშის დიპლომატია - ქ. არდაველის დასჯა

წარმატებული ომების საერთო ეიფორიის ფონზე ქართველთა იმპერიული ამბიციები მოულოდნელად შეურაცხყო ქ. არდაველის სულთნის მოქმედებამ. ეს იყო პოლიტიკური ანაქრონიზმი. დაახლოებით 1206 წელს საქართველოს სამეფო კარი დროებით გადავიდა ქ. ქუთაისში, კერძოდ, გეგუთის სასახლეში. საქართველოს სამეფო კარი პერიოდულად მონაცვლეობდა. მეფე თამარის დროს ასეთი მონაცვლე რეზიდენციები ორი პრინციპით იყო განლაგებული: ისტორიული ტრადიციით (ბიჭვინთა, ქუთაისი, ტაო) და სეზონურ-კლიმატური პირობებით (აგარანი; ტაბახმელა, დური, ცივი, ფარავანი და ა.შ.). ქ. ქუთაისში გადასვლა მოითხოვდა სამეფო დარბაზისა და სავაზიროს გადასვლასაც, სწორედ ამიტომ გეგუთის სასახლეში მეფესთან იყვნენ ჩასული ქართველი უმაღლესი მოხელეები და დიდებულები, მათ შორის ,,სომხური თემების“ მმართველებიც, ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი და მისი ძმა მსახურთუხუცესი ივანე მხარგრძელი. ამით ისარგებლა ქ. არდაველის სულთანმა და მოულოდნელად დაარტყა ქ. ანისს. არდებილის სულთანმა: ,,რამეთუ უწყოდა მხარგრძელთა შინა-უმყოფლობა და თავის სპითურთ ჩუმად საქართველოს სამეფოში შემოვიდა. ანისამდის ისე მიაღწია, რომ ,,გზა-გზა არავის ავნო“. არდაველის სულთანი განგებ მოიქცა ასე, და არც წააგო იმიტომ, რომ ,,უგრძნობლად მოვიდა ანისსა“, ყველანი დამშვიდებულები და არხეინად იყვნენ. სწორედ ,,დიდისა შაბათისა მწუხრი“ იყო. სულთანმა ქალაქგარეთ დაიბანაკა, როდესაც ცისკარი მოახლოვდა, ,,ჰკრეს ძელსა“ და ქალაქის თითქმის ყველა მცხოვრებნი ეკლესიაში ლოცულობდნენ, გააღეს თუ არა ქალაქის კარნი, სულთანი თავის სპითურთ სწრაფად შეესია ქალაქს და ხალხის ჟლეტა დაიწყო, 12000 კაცი მარტო ,,ეკლესიათა შინა ვითარ ცხვარი დაკლეს“, იმას გარდა, რაც ,,უბანთა და ფოლორცთა შინა მოიკლა“. ანელთაგან მხოლოდ ის გადარჩა, რომელიც ,,შეივლტოდა დარბაზოანთა და მუნ გამაგრდა“, ან ,,ქუაბოანსა“ და ციხეში შეეფარა. ასე ,,მძვინვარედ მოაოხრეს“ ანისი. ქალაქის აკლების შემდგომ არდაველის სულტანი უკან გაბრუნდა (ივ. ჯავახიშვილი. დასახ. ნაშრომი, გვ. 282).

ანისის ტრაგედიამ შეაძრწუნა მთელი საქართველო, აღაშფოთა სამეფო კარი. ახალ კვირიაკეს გეგუთში ანისიდან ჩავიდნენ მალემსრბოლები და ჩაიტანეს ეს საზარელი ამბავი. ერთი შეხედვით, არდაველის სულთნის მოქმედება სიგიჟეს ჰგავს. გამორიცხულია, მას არ სცოდნოდა, რომ სასტიკი თარეში დაუსჯელი არ დარჩებოდა, მაშ რამ გამოიწვია ესოდენ უგუნური გამოხდომა? გასათვალისწინებელია ერთი გარემოება; მიმდინარეობდა ხანგრძლივი ომი - შეუჩერებელი, დაუნდობელი და ქართველთა მიერ წამოწყებული. არავითარი მნიშვნელობა არა ჰქონდა იმას, სად იმყოფებოდა სამეფო კარი. ქართველ ფეოდალთა რაზმები განუწყვეტლივ უტევდნენ მაჰმადიანებს, ანალოგიურად იყო მოწყობილი თურქ-სელჩუკთა სამხედრო ორგანიზაციაც. არდაველის მიერ ანისის აღება იყო არა საგანგებო შემთხვევა, არამედ ერთ-ერთი ეპიზოდი, მაგრამ მას ჰქონდა კონკრეტული დანიშნულებაც. ვფიქრობთ, ეს იყო დასავლეთით განხორციელებული დიდი ქართული შეტევის გასანეიტრალებელი მაჰმადიანთა კერძო ოპერაცია, რომლის მიზანს შეადგენდა იკონია-ხლათზე დაწოლის შესუსტება.

მეფეთა-მეფე თამარმა გადაწყვიტა გამოეყენებინა სამხედრო დიპლომატია - საგანგებოდ დაესაჯა არდაველის სულთანი. ქართველებს უნდა მოეხდინათ სამხედრო ძალის ნამდვილი დემონსტრაცია. მართლაც, სულ მალე მოხდა არმიის მობილიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა ყველაფერი ეს დაცული იქნა საიდუმლო ვითარებაში. შედგა მოქმედების საერთო გეგმა, გადაწყდა, ძმები მხარგრძელები მცირე რაზმებით სასწრაფოდ დაბრუნებულიყვნენ ანისში, ხოლო დანარჩენ ლაშქარს თავი მოეყარა ლორეში, ქართულ წყაროებში ლაშქრის თავმოყრის ადგილი დასახელებული არ არის. არდაველის დასჯაში არ ჩაურთავთ ქართველები, რადგან დაიკარგებოდა დარტყმის მოულოდნელობის ეფექტი. ქართველები არდაველის სულთნის მსტოვართა ყურადღების ცენტრში იქნებოდნენ და მათი ამოძრავება დააფრთხობდა მოწინააღმდეგეს. ლოგიკურად ეს ასეც უნდა ყოფილიყო, თუმცა მაშინდელ ეპოქაში ლაშქრის სამობილიზაციოდ არც იყო საჭირო ხანგრძლივი პერიოდი. ძნელი იყო მხოლოდ ლაშქრობის ეკონომიკური მხარე, სურსათ-სანოვაგის და ფურაჟის მომარაგება, მაინც ლაშქრობის მიმართულება ისეთია, რომ იმერეთი (ლიხ-იქითნის) ლაშქრის სვლა-გეზი უდავოდ ვერ აცდებოდა ლორეს. გამზადებულმა ლიხს-იქითელებმა ,,ჩავლეს გელაქუნი“ (ე.ი. სევანის ტბის მიდამოებში), ისპიანი, გავიდეს ხოადაფირინის ხიდსა და მიმართეს არდაველს. ქართლელთა არჩართვა განპირობებული იყო იმით, ,,რათა არაგრძნან არდაველს მყოფთა“, მაგრამ ლაშრის ამოძრავების შემდეგ ეს აკრძალვა ალბათ მოეხსენებოდათ. ქართველებმა ისე გამოთვალეს არდაველზე დარტმის დრო, რომ შურისძიება ყოფილიყო ხაზგასმით ნათელი და სასტიკი, ამიტომაც: ,,ქართველები ისეთ დროს მივიდნენ, როდესაც მაჰმადიანთა უმთავრესი დღესასწაული ,,აიდი განთენდებოდა, რომელ არს აღვსება მათი“ და, როგორც არდაველის სულთანი არ მოიქცა ანისში, ისე ქართველები ,,მას ღამესა მოადგეს არდაველს და ვითარ ხმა იყო ქადაგმან... და გახშირდა მუყრთა ყივილი, ყოველგნით ცხენი შემოუტიეს მხარგრძელთა, შეუხდეს და უომრად ხელთ-იგდეს ქალაქი. თვით სულტანი, ცოლი და შვილი მისი და ყოველი სიმდიდრე სულტნისა“. თვით არდაველითგანაც, ,,ეგოდენ გამდიდრებულისა ქალაქისა“ - განაც; ქართველთა ლაშქარს დიდძალი თვალ-მარგალიტი, ოქრო-ვერცხლი და სხვაგვარი განძეულობა ერგო დავლად. ,,ხოლო სულტანი არდაველისა მოკლეს, ცოლნი და შვილნი მისნი ტყუედ ჰყუეს და წამოასხეს, ათორმეტი ათასი კაცი რჩეული მიზგითთა შინა მოკლეს, ვითარ მათ ყუეს ანისისა ეკლესიათა შინა, სხუა უმრავლესი ერი მოსწყვიტეს და სხვა ტყუა ჰყუეს“. ესე იძიეს შური ანისში ჩადენილი სიმხეცისათვის და საქართველოში დაბრუნდნენ“ (ივ. ჯავახიშვილი. დასახ. ნაშრომი, გვ. 283).

ანის-არდაველის ,,საქმე“ გარეგნული სიმარტივის მიუხედავად, ბევრ საიდუმლოს ფარავს. მაგ. ერთობ გაუგებარია, როგორ ვერ შენიშნეს ანისელებმა არდაველთა მიახლოება? რა თქმა უნდა, კლასიკური გაგებით, საგანგებო მესაზღვრე ჯარები მაშინ არ არსებობდა, თუმცა მეტად ეფექტურად ფუნქციონირებდა მონაპირეთა ინსტიტუტი. ანისიც თავისებურ სამონაპირეო ოლქს წარმოადგენდა. აშკარაა, რომ საკმაოდ ბევრი ბზარი ჰქონდა ანისის, როგორც ქალაქის დაცვას, მითუმეტეს, იგი წარმოადგენდა ამირსპასალარის უმთავრეს რეზიდენციას ქ. ლორეს პარალელურად. შესაძლებელია, დავუშვათ ერთი ვარაუდი; არდაველი ითვლებოდა საქართველოს მეფის ყმადნაფიცად და მისი ლაშქრის მოძრაობისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. სხვაგვარად, თუ გავითვალისწინებთ მანძილს არდაველსა და ანისს შორის, ძნელი დასაჯერებელია მოულოდნელობის ფაქტორი, ალბათ შენიშნეს ლაშქარი, მაგრამ არ მიიღეს სიფრთხილის ზომები. არდაველის ლაშქარი არ მიიჩნიეს მტრად, ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ცხადია, არდაველის დასჯით საქართველოს სამეფო კარმა სისხლიანი გაკვეთილი ჩაუტარა მერყევ მაჰმადიან ქვეშევრდომებს. ეს იყო შიშის დანერგვის სამხედრო დიპლომატია. ასეთი მეთოდი აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩვეულებრივი მოვლენა იყო და, სხვათაშორის, საკმაოდ დიდი ეფექტიც ჰქონდა. რამდენიმე საუკუნის მოგვიანებით შიშის დიპლომატიის მეთოდს იყენებდნენ მრისხანე გურძები: ერაყში, სირია-ეგვიპტეში, ირანში (ბატონიშვილი ლევან ვახტანგის ძე ბაგრატიონი), ავღანეთში (გიორგი XI, ქაიხოსრო I). შიშის დიპლომატიის დემარში იყო ლაშქრობა ირანის სიღრმეშიც.

გ) სამხედრო ძალის დემონსტრაცია - ლაშქრობა ირანში

17-წლიანი ომის ბოლო აკორდს წარმოადგენდა ქართველთა ლაშქრობა ირანში. ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებულია, რომ ირანში შეჭრა მოხდა გვიან. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით 1212-1213 წლებში, სხვების თვალსაზრისით, ცოტა ადრე 1209-1210 წლებში. თუ დავუშვებთ, რომ აღნიშნული შეჭრა განხორციელდა მეფეთა-მეფე თამარის ბრძანებით, მაშინ ეს უნდა მომხდარიყო 1206-1207 წლებში. ,,ქართლის ცხოვრება“ იცავს ისტორიულ მოვლენათა თანამიმდევრობას, მაგრამ არ უთითებს ციკლთა შორის ქრონოლოგიურ საზღვარს. ეს ხდებოდა იმიტომ, რომ პროცესი მიდის ინტენსიურად და დიდი შესვენების გარეშე. ვიმეორებთ, მიმდინარეობდა 17-წლიანი ომი. ყველა პოლიტიკური აქტი თუ სამხედრო ბატალია ამ მთლიანი გაბმული პროცესის შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილია. არ არსებობს ცალკე: შამქორის ომი, ბასიანის ომი, ტრაპიზონის დაარსება და ა.შ. ყველა საერთო ჯაჭვის ორგანული რგოლია. ლაშქრობა ირანში ახსნილია არდაველის დასჯის შედეგად მიღებული შთაბეჭდილებიდან გამომდინარე სურვილით. ამ ავაზაკური ქალაქის აღება მოხდა თითქმის უმტკივნეულოდ. ქართველებს სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. ამ მოვლენამ ნათელყო სპარსეთის სრული ანარქიულობა (,,სპარსეთი“ ეწოდებოდა ირან-აზერბაიჯანს და საერთოდ შიიტურ მაჰმადიანურ არეალს). ქართველებს გაუჩნდათ სურვილი ნადავლის მიზნით შეჭრილიყვნენ ამ ქვეყანაში. როდის უნდა ყოფილიყო სპარსეთში ასეთი ვითარება? აბუბაქარი მთლიანად ძალადაკარგულია, ან გარდაცვლილი, სულთან ოზბეგს არ დაუკავებია აზერბაიჯანი და ჩრდილო ირანი, ხვარაზმელებს დაწყებული აქვთ, მაგრამ ჯერ არ დაუმთავრებიათ ირანის დიდი ნაწილის დაპყრობა. ასეთი მდგომარეობა უნდა ყოფილიყო სწორედ არდაველის დასჯის პერიოდში. ამიტომაც არდაველის აღებიდან ირანში შეჭრამდე დიდი დრო არ უნდა გასულიყო. შესაძლოა, ქართველები შეჩერდნენ კიდევაც არდაველში.

ქართველმა დიდებულებმა სამეფო დარბაზობაზე დააყენეს ირანში დიდი ლაშქრობის მოწყობის გეგმა. ინიციატორებად გამოვიდნენ მხარგრძელთა მთელი საგვარეულო (ზაქარია მხარგრძელი, ივანე მხარგრძელი, ვარამ გაგელი და ა.შ.), აგრეთვე თმოგველები და ლიხს-იქითნი. მოვიდნენ მეფის წინაშე და მოახსენეს: ,,შენ ძლიერი სახელმწიფოს და ქველი მხედრობის მბრძანებელი ხარ, ,,მრავალნი ახოვანნი, მხნენი და რჩეულნი იპოებიან სპათა შენთა, რამეთუ არა არს წინააღმდგომი მათი. აწ ბრძანოს მეფემან თქუენმან, რათა არა ცუდად დავიწყებასა მიეცეს სიმხნე სპათა შენთა, არამედ აღვამხედროთ ერაყს და რომგურსა ზედა რომელ არს ხორასანი და ცნან ყოველთა სპათა აღმოსავლეთით ძალი და სიმხნე ჩუენი: აწ უბრძანე სპათა საქართველოსათა მზა იყუნენ ლაშქრობად ხვარასანს. დაღაცათუ არავის ქართუელთაგანი მიწევნულ არს ხუარასანს, არამედ ბრძანე რათა ნიკოფსიით დარუბანდამდე აღიჭურნეს და მწა იყუნეს“. თამარ მეფემ ვაზირების მოხსენება და მეტად გაბედული წინადადება უმაღლეს სახელმწიფო დაწესებულებას გადასცა განსახილველად. ამიტომ მან ,,მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა ამის სამეფოსათა იმერთა და ამიერთა და აუწყა თქმული მათი“. ბჭობის შემდგომ ,,სთნდა ყოველთა თქმული მათი და დაასკუნეს ლაშქრობა“. რაკი საქართველოს უმაღლესმა დაწესებულებამ მხარგრძელთა სამხედრო გეგმა მოიწონა, ყველანი მზადებას შეუდგნენ“ (ივ. ჯავახიშვილი. დასახ. ნაშრომი, გვ. 283). ,,ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ქართველებს ირანისკენ ლაშქრობის ორი ალტერნატივა ჰქონდათ. ერაყის ან ხორასნის მიმართულება. წყაროდან ისე ჩანს, რომ საბოლოო არჩევანი ლაშქარს უნდა მიეღო უკვე ირანში შეჭრის შემდეგ. როგორც ჩანს ხორასანი (რომ-გური) გადაწყდა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები იქ ვიღაცამ მიიწვია. ეს ,,ვიღაცა“ უნდა ყოფილიყო ხვარაზმის ფადიშაჰი მუჰამედი. ანარქიული ირანი, აქ დამკვიდრებული თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი მოუსვენარი ბანდები დიდ ზიანს აყენებდნენ ხვარაზმის საგარეო ვაჭრობასაც და საფრთხეს უქმნიდნენ ხვარაზმის პოლიტიკურ ინტერესებსაც ირან-ავღანეთშიც.

ჩვენი აზრით, ლაშქრობა დაიწყო 1206 წლის სექტემბერში (,,ჟამსა სვლისა“). ამ მოვლენის შესახებ არსებობს მხოლოდ ქართული წყარო. ისტორიოგრაფიაშიც აკად. ივ. ჯავახიშვილის გარდა არავის შეუსწავლია პრობლემა დეტალურად. ამ უკანასკნელმაც მოახდინა ,,ქართლის ცხოვრების“ პერიფრაზირება, ამიტომაც მოვიტან ვრცელ ამონაწერს უშუალოდ წყაროდან: ,,მოიწია აჩე სთულისა, მოვიდეს ტფილისს მეფეს წინაშე. განახნა სპანი მისნი და იხილნა აბჯარითა კეთილითა და პატიოსნითა და მოუწონა აბჯარი და ცხენ-კეთილობა მათი, სიდიდე და სიმხნე სპათა მისთა, შურითა სპარსთათა აღსავსეობა. და მოიღო დროშა სვანად ხმარებული, გორგასლიანი და დავითიანი და შეავედრა მასვე ვარძიისა ღმრთისმშობელისა. დროშა და ლაშქარი დალოცა და წარავლინა სპარსეთს. და მისცა დროშა ზაქარია ამირსპასალარსა და წარემართნეს სპარსეთად.

ჩავლეს პირი ნახჭევნისა და გავიდეს ჯუღას და რახსსა, და შევლეს ვიწრო იგი ხევი დარდუბისა და აღვიდეს მარანდსა, ხოლო მარანდელნი, ამისნი მცნობელნი, ლტოლვილ იქმნეს კლდეთა შინა, ხოლო ესენი მარანდს და მივიდეს, არა პოვეს კაცი, ეგონათ მთასა მარანდისასა ყოფად სპათა ადარდაბაგანისათა. ამისთუის დაარჩიეს ხუთასი მხედარი რჩეული დიდებული და აზნაური. უჩინეს მხედართ-მთავრად თაყაიადინ თმოგუელი. წარემართნეს, აღვლეს აღმართნი მარანდისანი, აღვიდეს ვაკესა თავსა მარანდისასა და დადგეს მთასა მას, რამეთუ ესრეთ ემცნო ზაქარიას: ,,არავის ბრძოლის მიღმართ, სადამდის არა მივიდეს იგი და სრულადა ლაშქარი მთასა მას ზედა. თუ დიდი ლაშქარი ნახონ, აცნობონ ზაქარიას; რაცა რქუას, ყონ“.

და დადგა ხუთასი კაცი წარჩინებული. იხილეს მთით მარანდელთა, რომელნი შელტოლვილ იყვნენ ღირღალთა და კლდეთა მაღალთა, რომელ არს ზედა - კერძო თავსა მთასა მარანდისასა, უმაღლესი სხუათა მთათა, სავსე ქვითა და კლდითა. იხილეს მცირე ლაშქარი და აღიჭურეს, მოუხდეს ზარითა და ამბოხებითა მარანდელნი, რამეთუ საწუნელ უჩნდეს სიმცროსათუის. ხოლო ესენი მიეტევნეს ესოდენ ძლიერ და აოტნეს, რომელ მცირედნი განერეს, და უმრავლესი მოკლეს და სხუათა დევნა უყვეს გრძლად.

მაშინ აღვიდეს ლაშქარნი და იხილეს ნაომარი ადგილი მკუდრითა კაცითა და ცხენითა სავსე, და ქართველთა კაცი არცა ერთი იპოებოდა. ესოდენი ძლევა მოეცა ღმერთსა, რომელ ხუთასი შუბი ხუთასსა კაცსა და ცხენსა ზედა ესუა. იხილეს და განკუირდეს; კაცისა ქართველისა ვერ პოვნა უკუირდათ. ამისათუის უღონო-ქმნილი და მწუხარე ზაქარია იგონებდა და არა უწყოდა, რამცა ყო. მცირე ხანი დაყვეს, გამოჩნდეს დევნისაგან შემოქცეულნი ლაშქარნი. და იხილა ზაქარია და გამხიარულდა. და დიდად მადლობდეს ღმერთსა, რომელ არცა ერთი კაცი მომკუდარიყო ქართველი და ასეთი ძლევა მისცემოდა, რომელ ხუთასი შუბი ხუთასსავე კაცსა ხუთასისა ცხენისა და კაცისათვის შეეცა და ხუთასსა ზედა დახოცილი იხილეს.

დაღათუ ესრეთ გამარჯუებოდა, გარნა ყოვლად აბრალობდეს თაყაიადინსა, და უმეტეს ზაქარია მქისედ ეტყოდა სიტყუასა ამბავის უცნობებლად შებმისათუის.

გამხიარულებულნი და მადიდებელნი ღმრთისანი გამარჯუებისათუის წარმოემართნეს და მიმართეს ქალაქსა თავრეჟს. გარდავლეს მთა დევსოფლად წოდებული, და ვითარ ესმა თავრეჟს მყოფთა მისვლა ქართველთა ლაშქრისა, განკრთეს და ძრწოლამან შეიპყრნა ყოველნი მკუიდრნი თავრეჟისანი. ხოჯანი და ყოველნი წარჩინებულნი და მიმდგომნი თავრეჟისანი განიზრახვიდეს, რათა ხარკის მიცემითა და ძღუნითა და შევრდომითა და ზენარისა თხოვნითა დაამშუიდნეს, ქართველნი თავადნი და სპანი. წარმოავლინეს მოციქული, ითხოვეს მშუიდობა, არა მოოხრება ქალაქისა მათისა. აღუთქუეს ძღუენი: ოქრო და ვერცხლი, უამრავი თუალი პატიოსანი და მარგალიტნი ძუირფასისანი. განკუირდეს ყოველნი წარჩინებულნი ქართველთანი, ზაქარიაცა და ივანე მხარგრძელნი; აღუთქუეს მშუიდობა და უვნებელ განვლა ქუეყანისა მათისა, მოიმტკიცეს ფიცისა მიერ. მოვიდეს ყადნი, ხოჯანი, დარვეშნი და ყოველნი თავადნი თავრეჟისანი, მოიღეს ოქრო და ვერცხლი, ლარი, ცხენები, ჯორი და აქლემი, თუალი, მარგალიტი, შესამოსელი, საზრდელი კმა-საყოფი ლაშქართათუის. აღივსნეს დიდი და მცირე.

მისცეს ქალაქსა მცველნი და წარვიდეს. განვლეს ადარბადაგანი, მიმართეს მიანას. და ცნა მელიქმან მიანისამან მისვლა ქართველთა და ქმნული თავრეჟელთა. ითხოვა მანცა მშუიდობა და აღუთქუა მოცემად ურიცხვი საქონელი. რომელი უსმინა ზაქარია, მოიყვანა მშუიდობის ყოფად და მოიღო მანცა ოქრო და ვერცხლი და ქვანი ძუირფასისანი. აღავსნა მანცა ყოვლითა სიმდიდრითა. დაუტევნეს მცველნი და წარმოვიდეს მშუიდობით დამტევებელნი მიანისანი.

მიიწივნეს მცირესა ქალაქსა ზანგანს, ალიზის ზღუდით განმაგრებულსა. ხოლო ქალაქი ძლიერად გაამაგრეს და იწყეს ფიცხლად ბრძოლა. ვითარ გაგრძელდა ომი, განყვეს თემთა და თემთა ზღუდე ქალაქისა, რათა შესთხარონ. და იწყეს თხრად ზღუდეთა: უწინარეს მარჯუენასა მხარსა მესხთა შეხურიტეს ზღუდე-ალიზით იყო, - და უწინ შევიდეს ქალაქსა შინა და იწყეს ხოცად და სრვად ვინცა მეომარი იყო. აღივსნეს მესხნი საქონელითა. შემოხურიტეს ყოველგნით და შემოვიდეს, მოატყუვეს და აღივსნეს საქონლითა დადგეს და მცირედ განისუენეს; და მიერ ამხედრნეს და წარემართნეს ხორასნად და მწუხრი მივიდეს მცირესა სოფელ-ქალაქსა მუსულმანსა, რომელი მოაოხრეს და განისუენეს სადამე.

მერმე წარემართნეს ქალაქსა ხორასნისასა, და ყაზმინს რა მიიწივნეს - მახლობლად ყაზმინისა და აპყრისა - ვერ წინააღუდგეს; მოარბიეს და აღივსნეს საქონლითა; აჰკიდეს საქონელი მათი მათთავე სახედართა; კაცთა არა ავნეს, ტყუედ წარმოიყვანდეს კაცთა და მცირედსა ვაჟსა. წარემართნეს, მათ ლტოლვილთა მიესწრნეს და მიეწივნეს. აღივსნეს მუნცა ოქროთა და ვერცხლითა, ცოლთა მათთა სამკაულითა და უშინაგანესისა რომ-გურისა მიმართ მიიწივნეს, რომელ არს ხორასანი.

და რაღა გრძელ სიტყუა სახმარ არს? მიიწივნეს ვიდრე გურგანისად ქალაქად და მოაოხრეს ქუეყანა იგი. ვერ ძალ-ედვა წიაღ მისლვად ალაფისაგან.“

მაშასადამე, ქართველებმა გაიარეს ნახჭევანი, ჯუღა, გადალახეს რახსი, დარადუზის ხევი, აიღეს მარანდი, დაიკავეს თავრეჟი (თავრიზი), შემდეგ მიანა, ზანგანი, ყაზვინი, აქედან გასწიეს რომ-გურისაკენ და მიაღწიეს ხორასნის შუაგულს, საიდანაც გავიდნენ კასპიის ზღვამდე. თბილისიდან ყაზვინამდე, თუ ჩავთვლით, რომ არდავილში საოკუპაციო ჯარი ისევ იდგა, ქართველებმა გამოიყენეს ისტორიული სავაჭრო-საქარავნო გზები. ყაზვინიდან მათი მარშრუტი ერთობ უცნაურია, გაუგებარია ასეთი უცნაური სვლა-გეზი. ყველაფერი ნათელი გახდება, თუ გამოვიკვლევთ ირანული ექსპედიციის ჭეშმარიტ მიზანს. რა თქმა უნდა, მხოლოდ ნადავლისათვის ესოდენ სარისკო წამოწყება სრულიად გამორიცხულია, ვფიქრობთ, ქართველთა წინაშე იდგა რამდენიმე ამოცანა:

აუცილებელი იყო:

1. განადგურებულიყო ირანის თურქ-სელჩუკთა ის კერები, საიდანაც ხდებოდა ინტენსიური შემოჭრა საქართველოში;

2. განმტკიცებულიყო ის მაჰმადიანური ერთეულები, რომლებიც აღიარებდნენ ქართველთა სიუზერენიტეტს;

3. დამყარებულიყო მშვიდობა კავკასია-ხვარაზმის დიდ სავაჭრო მაგისტრალზე, ,,აბრეშუმის დიდი გზის“ მთავარ მონაკვეთზე, რომელთა თარეშით ზარალდებოდა არა მარტო საქართველო;

4. საქართველო მოუსვენარი და აგრესიული თურქ-სელჩუკთა სასულთნოს ნაცვლად უმეზობლდებოდა ხვარაზმის უფრო დაწინაურებულ სახელმწიფოს, ამ ეტაპზე ხორეზმი არ განიხილებოდა საქართველოსათვის საშიშად, პირიქით, ირანელი თურქ-სელჩუქების წინააღმდეგ ბრძოლაში, შუა აზიელი თურქ-სელჩუკები ბუნებრივ მოკავშირედაც გამოდიოდნენ;

5. აღმოსავლეთში შემორჩენილი იყო ქრისტიანული თემები და სომხურ-ებრაული დიასპორები (საერთაშორისო - სატრანზიტო ვაჭრობა მაშინ ებრაელთა ხელში იყო). საქართველო მფარველობდა ქრისტიანულ თემებსაც და სომხურ-ებრაულ დიასპორებსაც. არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი ასეთი თემი შემორჩენილი იყო რომ-გურშიც;

6. საქართველომ მოახდინა თავისი სამხედრო ძლიერების ნამდვილი დემონსტრირება.

მაინც ისმება უმთავრესი კითხვა: რატომ შებრუნდა მოულოდნელად ქართული ლაშქარი კასპიის ზღვისაკენ რომ-გურიდან? დასაშვებია, რომ სამხედრო ექსპედიციის სვლა-გეზი შეთანხმებული იყო ხორეზმის ფადი-შაჰთან მუჰამედთან. ქართული დიპლომატია ცდილობდა ხვარაზმელთა მეშვეობით აღედგინა ბალანსირებული წონასწორობა ირანში. ვუშვებთ იმასაც, რომ ქართული დიპლომატიის შედეგია ოზბეგის მმართველობის გამყარება აზერბაიჯანში და ირანის ტერიტორიის დიდი ნაწილის ხორეზმისათვის გადაცემა. გავიდა ხანი და ხორეზმელებმა დაანგრიეს საქართველო, მაგრამ ეს სხვა ვითარების შედეგი იყო. ფადიშაჰ მუჰამედის ხორეზმის ინტერესები კმაყოფილდებოდა ავღანეთით და ირანის ნაწილით, ის დასაპყრობად უყურებდა ინდოეთს, წარმოუდგენელი იყო მას მიზნად დაესახა საქართველოსთან დაპირისპირება. ჯალალედინის შემოსევა კი ფაქტობრივად იყო საქართველოს მეზობელ მუსლიმანთა აჯანყება. გავიხსენოთ ერთი გვიანდელი შემთხვევაც. XVI საუკუნის დასაწყისში ქართულმა დიპლომატიამ ხელი შეუწყო სეფიანთა აღორძინებას, არდაველის მბრძანებელი ყიზილბაში შაჰ-ისმაილი ქართულმა კავალერიამ გააყაენა. ქართველებს სურდათ აზერბაიჯანში აღორძინებული ყიზილბაშები გამოეყენებინათ ირანელი თურქმენებისაგან თავდასაცავად და თურქ-ოსმალთა აგრესიის გასანეიტრალებლად. გაძლიერებული შაჰ-ისმაილი და მისი შთამომავლობა კი საქართველოს მონსტრად გადაიქცა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ XVI საუკუნის დასაწყისში ქართველები (ქართლის მეფე დავით X და კახეთის მეფე ავ-გიორგი) შეცდნენ, უბრალოდ, ქართულმა დიპლომატიამ ვეღარ შეძლო ახლებურად გარდაქმნილიყო, ასევე ქართველთა ლაშქრობა ირანში 1206-1207 წლებში იყო ბრწყინვალე სამხედრო ოპერაცია, სამხედრო დიპლომატიის კლასიკური ნიმუში, რომელსაც ეფექტური შედეგები მოჰყვა, სამწუხაროდ, ვერც ლაშა გიორგის და ვერც რუსუდანის საგარეო პოლიტიკა ვეღარ ამაღლდა. ქართველმა დიპლომატებმა ყურადღების გარეშე დატოვეს ირანელი და კავკასიელი მაჰმადიანების ფაქტორი და მთელი ყურადღება მიაპყრეს პალესტინაში ჯვაროსნული ლაშქრობის შემზადებას. ახალი ძალით აღზევდა ძველი ლოზუნგი: ,,შეიბი მახვილი! იერუსალიმისაკენ! იერუსალიმისაკენ!“

ეს იყო დაახლოებით 1206 წელს. სწორედ ამ დროს შორეულ ცენტრალურ აზიაში დამთავრდა თათარი ტომების ურთიერთბრძოლა პირველობისათვის; გაიმარჯვა მონღოლთა ტომმა, რომლის ხანი თემუჩინი აირჩიეს თათართა უზენაეს ყაენად და ჩინგიზ-ყაენი უწოდეს.

აღსანიშნავია, რომ თათარი ხანების საერთო შეკრება ყურელდა მდინარე ონინის ნაპირზე სწორედ 1206 წელს ჩატარდა. ქართველები ზეიმობდნენ ირანის დარბევას... მსოფლიოს თავზე კი მრისახანე ღრუბლები იგრაგნებოდნენ, შავი ღრუბლები.

 

 

დამოუკიდებელი უნივერსიტეტი

,,იბერია“

თბილისი 1994

 

 

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq