საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ლოვარდ ტუხაშვილი – I. საკითხის დასმისათვის (წიგნიდან ,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“)
ლოვარდ ტუხაშვილი

I. საკითხის დასმისათვის

ა. შესავალი


,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“

წიგნი I

ბაგრატ III-დან გიორგი  V ბრწყინვალემდე

წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად.

მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.

 

დიპლომატია სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ხელოვნებაა. სპეციალურ ლიტერატურაში მიღებულია განმარტება: ,,დიპლომატია არის მეცნიერება ურთიერთობათა შესახებ“. ამ იურიდიულ-პოლიტიკურ ცნებას ორი მნიშვნელობა აქვს; ფართო მნიშვნელობით - დიპლომატია წარმოადგენს სახელმწიფოს საგარეო ფუნქციის მშვიდობიანი გზით განხორციელების საშუალებების, მეთოდებისა და სამართლებრივი ფორმების კრებადობას; ე.ი. ვრცელ კომპლექსს, რომელშიც მოცემულია სახელმწიფოს საერთაშორისო ურთიერთობებში მთელი მოღვაწეობა, მიმართული მოცემული სახელმწიფოს გაბატონებული კლასების ინტერესებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულებისათვის. ვიწრო მნიშვნელობით - დიპლომატია აღნიშნავს არა ურთიერთობის ხელოვნებას, არამედ ურთიერთობაში წარმომადგენლობის ხელოვნებას. აქედან გამომდინარე, ამ ცნებით გამოვხატავთ სახელმწიფოთა წარმომადგენლობას, დიპლომატიური კორპუსისა და დიპლომატიური აგენტების რაობასაც.

როდესაც წინამდებარე ნაშრომში მიზნად დავისახეთ ქართული დიპლომატიის შესწავლა XI-XII საუკუნეებში, ჩვენ იმთავითვე დავაკონკრეტეთ შესწავლის საგანიც. რასაკვირველია, ჩვენი სურვილია წარმოვაჩინოთ ურთიერთობის შინაარსიც (დიპლომატია ფართო გაგებით) და წარმომადგენლობის ფორმებიც ამ ურთიერთობაში (დიპლომატია ვიწრო გაგებით), მაგრამ ძირითადად განზრახვა გვაქვს, გამოვავლინოთ ქართული სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობების მიზანსწრაფული ქმედება. არა ურთიერთობა ზოგადად, არა ყველა საგარეო-პოლიტიკური აქტი, არამედ წინასწარგანზრახული, გეგმაზომიერი, ე.წ. აქტიური დიპლომატიური ,,ნასაქმნი“. ამის ხაზგასმა იმიტომ გვჭირდება, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალზე ბევრი მომენტი გაპირობებული იყო გარესამყაროს (ჩრ. კავკასია, ნომადური აღმოსავლეთი), ყოველგვარ კანონზომიერებას მოკლებული მოვლენებით. ასეთი იძულებითი, გარედან თავსმოხვეული, უფრო ხშირად ტრაგიკული ვითარება, საქართველოს საგარეო პოლიტიკას ხდიდა პასიურს - მთელი სახელმწიფოებრივი ენერგია იხარჯებოდა ,,სტატუს-კვოს“ აღდგენაში, უცხო ელემენტის განდევნაში ისე, რომ ამ გარეგანი ფაქტორების რეგულირება (თვით ,,გარეგანი ფაქტორების“ არამყარი, არასტაბილური შინაარსის გამო) გეგმაზომიერად არ ხერხდებოდა. ამ საკითხს უფრო დაწვრილებით განვმარტავთ ქვევით, მაგრამ უფრო ნათელი რომ გახდეს ჩვენი თვალსაზრისი, მოკლედ შევეხებით დიპლომატიის განვითარების ადრინდელ ეტაპებს.

ცნება ,,დიპლომატია“ მოდის ბერძნული სიტყვიდან ,,დიპლომი“ - სახელმწიფო ხელშეკრულების აქტი, ქარტია“ (ამავე სიტყვიდან განვითარდა ,,დიპლომატიკა“ ,,სიგელთმცოდნეობა“, რომელიც მე-18 საუკუნიდან დამკვიდრდა). ძველ საბერძნეთში სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობებს (ხელშეკრულებებს, ელჩთა მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს, ელჩთა ვინაობას და ა.შ.) საჯარო განხილვისათვის აცნობდნენ მოსახლეობას. ამ მიზნით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დადგმული იყო სპეციალური დაფები, სადაც გამოკრული იყო ამ ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტები ან უბრალო ცნობები. ასეთ დაფებს ეწოდებოდა ,,დიპლომები“. სწორედ ეს ,,დიპლომები“ და მათი შესწავლა გახდა ცნება ,,დიპლომატიის“ საფუძველი მე-18 საუკუნიდან. მაგრამ, რასაკვირველია, თვით დიპლომატია (ე.ი. ამ ცნებით გამოხატული ქმედება შესაბამისი შინაარსით), არც მე-18 საუკუნეში წარმოშობილა და არც ანტიკური ეპოქის შენაქმნადია. დიპლომატია დაიბადა უძველეს ეპოქაში, ღრმა წარსულში, როდესაც ვითარდებოდა პრიმიტიული ურთიერთობანი პირველყოფილ ტომთა შორის, განვითარდა სახელმწიფოს წარმოქმნის პარალელურად და შედარებით სრულყოფას მიაღწია მსოფლიო იმპერიების გაჩენასთან დაკავშირებით. დიპლომატიის, როგორც საურთიერთობო მოქმედების ხელოვნების, სრული ჩამოყალიბება მოხდა მე-15 - მე-16 საუკუნეებში იტალიაში, კერძოდ ვენეციაში. ვენეციის დიპლომატიური სკოლა თავის მხრივ გახდა ევროპული და თანამედროვე დიპლომატიის ,,ალმა-მატერი“.

ვენეციის დიპლომატიურმა სკოლამ არა მარტო სათავე დაუდო ურთიერთობის ხელოვნებას, შექმნა ამ ურთიერთობის ორგანიზაციული აპარატიც (საგარეო საქმეთა სპეციალური ცენტრალური უწყება, სახელმწიფო დაზვერვა, დიპლომატიური კორპუსი, დიპლომატიური აგენტურა, წარმომადგენლობა), არამედ მეცნიერულად დაამუშავა ამ ურთიერთობის განხორციელების მეთოდიკა. არასწორი იქნებოდა დაშვება, რომ ვენეციის დიპლომატიური სკოლის მიღწევები წარმოადგენდა თვით ამ სავაჭრო ქალაქი - რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობის პრაქტიკული ანალიზიდან გამომდინარე განზოგადებას. სინამდვილეში ვენეციელმა დიპლომატებმა დაამუშავეს და განავითარეს ძვ. აღმოსავლეთის ე.წ. ანტიკური სახელმწიფოების (რომი და საბერძნეთი), ბიზანტიისა და მუსულმანური პოლიტიკური ერთეულების ურთიერთობათა მრავალსაუკუნოვანი მეთოდები და ფორმები. ვენეციის სენატი დიპლომატიის შემქმნელი კი არაა, არამედ რედაქტორი, უკვე არსებულის ერთ სისტემაში მომყვანი და განმაზოგადებელი. აღსანიშნავია, რომ ძველი დიპლომატიის ყველა დამახასიათებელი ნიშანი (მიზანსწრაფვა, შესრულება, შესრულების საშუალება, ეტიკეტიც კი!) ნაცნობია ქართული დიპლომატიისათვის. ასეთი დასკვნის საშუალებას გვაძლევს პარალელები მსოფლიოს და საქართველოს ისტორიიდან. რასაკვირველია ქართულ დიპლომატიას არ მიუღწევია ვენეციის დიპლომატიური სკოლის სიმაღლემდე, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ამ სიმაღლის პერიოდი (მე-15 - მე-16 საუკუნეები), ე.ი. ევროპული რენესანსის II ეტაპის ხანა, დაემთხვა ქართული სახელმწიფოს ,,დიდ ღამეს“, დაცემის ეპოქას და რაც მთავარია, ცივილიზებული სამყაროსაგან იძულებით იზოლაციას. რაც შეეხება ურთიერთობათა ,,სრულყოფის“ კარიბჭეს, ე.ი. წინა ეტაპს, მე-11 - მე-13 საუკუნეებს, როგორც ქვევით დავინახავთ, ქართული დიპლომატია საკმაოდ მტკიცედ იდგა ამ დონეზე...

ბ. საკითხის ისტორიოგრაფიისათვის

პროფ. ზ. ავალიშვილი ქართული დიპლომატიის შესახებ

ქართული დიპლომატიის ისტორია ჯერ-ჯერობით არასაკმაო სიღრმითაა შესწავლილი. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ a priori დასკვნას, რომ ე.წ. კლასიკური პერიოდის საქართველოს საგარეო პოლიტიკა, როგორც დამოუკიდებელი ისტორიოგრაფიული ცნება (ერთიანად გამართული, მთლიანი, გაბმული პოლიტიკური ასპექტითა და სათანადო მეთოდოლოგიური საფუძვლებით) არსებობს მხოლოდ ცალმხრივად. საქართველოს ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან შესწავლილია უმთავრესად სხვა პოლიტიკური მოვლენების საერთო ფონზე, თვით ამ ურთიერთობათა განმსაზღვრელი კარდინალური ხაზის ხასიათისა და შინაარსის გამოკვეთილად ჩვენების გარეშე. აღსანიშნავია, რომ ქართული ისტორიოგრაფიის ეს ნაკლი უფრო ნათლად ჩანს გვიანი შუა საუკუნეების მიმართ. მაგრამ ეს ხარვეზი აიხსნება ერთგვარად ობიექტური მიზეზით. საქმე ისაა, რომ საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური ერთეულების სახელმწიფოებრივი ცხოვრება (როგორც საგარეო, ასევე საშინაო განვითარების თვალსაზრისით), ძირითადად იკვებებოდა შესაბამისი საერთაშორისო სიტუაციების მიმართულებებით და ზოგჯერ სტიქიურ, ნაძალადევ, იძულებით-ინსტიქტურ და, რაც მთავარია, მეტად მერყევ ხასიათს ატარებდა. ამის მიუხედავად მე-16 - მე-18 საუკუნეებში მაინც შეიძლებოდა გამიჯნულიყო საგარეო პოლიტიკის ე.წ. პასიური და აქტიური მიმართულებანი (ამის შესახებ ჩვენ დაწვრილებით გვაქვს საუბარი ნარკვევში ,,ქართული დიპლომატია მე-16 - მე-18 საუკუნეებში“). რაც შეეხება მე-11 - მე-13 საუკუნეებს, ქართული ისტორიოგრაფიის ზემოაღნიშნული ნაკლი მიუტევებელია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართული ისტორიოგრაფიის ყველაზე დიდი ნაკლი, თვით ამ ნაკლის შეუნიშნაობაა. საქმე იმაშია, რომ ერთიანობის ხანის (ე.ი. XI-XII ს.ს.) საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ყველაზე შესწავლილ პერიოდად ითვლება. განსაკუთრებით ბევრი ნაშრომია მიძღვნილი სწორედ საგარეო პოლიტიკისადმი. ამ მხრივ აღსანიშნავია ივ. ჯავახიშვილის, მ. ჯანაშვილის, ს. კაკაბაძის, ნ. ბერძენიშვილის, ივ. სურგულაძის, შ. მესხიას, მ. დუმბაძის, მ. ლორთქიფანიძის, ვ. გაბაშვილის, დ. მუსხელიშვილის, რ. მეტრეველის, შ. ბადრიძის, ჯ. სტეფნაძის და ა.შ. შრომები). მაგრამ ამ მკვლევართა ნაშრომებში ერთიანად (საერთო ფონზე) არის განხილული ისეთი მოვლენები, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, საგარეო ორიენტაცია, საგარეო დაზვერვა და ა.შ. რაც მთავარია, არაა ერთმანეთისაგან გამიჯნული ე. წ. პასიური საგარეო პოლიტიკა და აქტიური დიპლომატია. ნათლად არაა გამოკვეთილი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური ხაზი და მისგან გასამიჯნი იძულებითი პოლიტიკური აქტები. ქართული ისტორიოგრაფიის ასეთი ნაკლი აიხსნება რამდენიმე მიზეზით: 1. წყაროების შედარებითი სიმცირით 2. ქართულ საისტორიო მეცნიერებაში დიპლომატიის კვლევის ტრადიციის არარსებობით (ზ. ავალიშვილი, ეს ბედნიერი გამონაკლისი, თითქმის დავიწყებულია!), 3. ,,ეპიგონური“ მეთოდოლოგიით და 4. ემპირიზმის ჭარბი დოზით. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენდნენ პროფ. ვ. გაბაშვილის, აკად. გ. მელიქიშვილის და აკად. დ. მუსხელიშვილის ნაშრომები. პირველმა შესანიშნავად მიუთითა მე-12 საუკუნის ქართული დიპლომატიის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებაზე - ბრძოლაზე მახლობელი აღმოსავლეთის სავაჭრო მაგისტრალებისათვის... გ. მელიქიშვილმა კი პირველად ქართულ ისტორიოგრაფიაში მახვილგონივრულად განაცალკევა ტაო-კლარჯეთის დიპლომატია, დაინახა რა მასში ბიზანტიის მიერ ინსპირირებული პოლიტიკური ორიენტაცია საწყის ეტაპზე და ,,აფხაზთა სამეფოს“ ეროვნულ-ქართული“ გამაერთიანებელი როლი. მესამემ შემოიტანა ისტორიული გეოგრაფიის როლი. აკად. მ. ლორთქიფანიძემ ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება (ე.ი. გაერთიანება) საერთაშორისო ურთიერთობათა ფონზე განიხილა. სხვა მკვლევართა ნაშრომები ძირითადად აკად. ივ. ჯავახიშვილის და აკად. ნ. ბერძენიშვილის დებულებათა ფაქტობრივ შემაგრება-განმტკიცებას ემსახურებიან. ამ ,,ემპირიკოს“ - ისტორიკოსთა ნაშრომებს, მათი მოცულობისა და მრავალრიცხოვნების მიუხედავად, ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური ბუნების შესწავლისათვის, ფაქტიურად დამოუკიდებელი მნიშვნელობა არა აქვთ! ეს ,,ეპიგონურ-სტერეოტიპული“ ტრადიცია, რაც წარმოადგენს ინსტიქტურ ,,სწორებას ავტორიტეტზე“, ავითარებს ჩვენს ცოდნას საძიებელი ეპოქის შესახებ ფაქტობრივ-ემპირიული ფორმით, მაგრამ ამუხრუჭებს მოვლენათა კრიტიკული შეფასების ზოგჯერ აუცილებელ საჭიროებას. ტრადიციული წყაროების საფუძველზე დამყარებული ავტორიტეტული დასკვნა (როდესაც ეს ტრადიციული წყაროები ტრადიციულად მცირე და ზოგჯერ არასანდოცაა) უმრავლეს შემთხვევაში ჰიპოთეზურია! ასეთ შემთხვევაში ისტორიოგრაფიული ,,სწორება ავტორიტეტზე“, რაც რომელიმე დიდი მეცნიერის მიერ მოსაზრებული დებულების ,,სტერეოტიპულ“ ჭეშმარიტებად მიღებაში გამოიხატება, ადვილად შეიძლება გახდეს არასწორი ინტერპრეტაციის მიზეზიც და საკითხის ახსნის მოჩვენებითი სრულყოფილების იმიტაციის წყაროც. ეს პროცესი თავის მხრივ უკიდურესად ,,აღარიბებს“ რომელიმე პოლიტიკური აქტის ან მოღვაწის ქმედების შეფასების კრიტერიუმებს. ამ უკანასკნელის სიღარიბე კი არასტაბულურს ხდის თავის მხრივ თვით მოვლენის (ან მოღვაწის) შეფასებასაც. ალბათ ამით აიხსნება, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში ძალზე ხშირია ე.წ. ,,რეაბილიტაციები“. მაგ. ნ. შენგელიამ ბაგრატ IV-ისა და გიორგი II-ის რეაბილიტაცია მოგვცა, ი. სიხარულიძემ რუსუდანის პანეგირიკა, ლაშა-გიორგის მოღვაწეობის ჟამთააღმწერელისეულ შეფასებას კი, რაც პიროვნებისა და მეფის მორალურ-პოლიტიკური დაპირისპირების საინტერესო ფილოსოფიურ ფორმულას წარმოადგენს, წინ აღუდგა მკვლევართა მთელი დასი (რ. კიკნაძე, დ. გვრიტიშვილი), ასევეა ეგარსლან ბაკურციხელის მიმართაც და ა.შ). ეს მაგალითები იმას კი არ გვიჩვენებენ, რომ ,,სწორება ავტორიტეტებზე“ არაა მართალი, არამედ ისტორიკოსის პასიურობას, როდესაც ცივი გონება და მშრალი ლოგიკა ადგილს უთმობს ემოციურ ინსტინქტს, თანამედროვე განწყობილების წარსულში გადატანილ პრინციპებს. (ამ მხრივ სანიმუშოა ლევან სანიკიძის და მისი მხარგრძელთა გვარისადმი დამოკიდებულების მაგალითი).

ქართული დიპლომატიის ისტორიას ჰყავდა ერთი ნამდვილი ჭეშმარიტად მაღალი რანგის მკვლევარი, პროფესორი ზ. ავალიშვილი. სამწუხაროდ მისი ბრწყინვალე ნაშრომი ,,Присоединение Грузии к Россией“,  с. Петерб. 1966) უმთავრესად მიძღვნილია გვიანი შუა საუკუნეების პოლიტიკური ამბებისადმი. მაგრამ ამ დიდი მეცნიერის შეხედულებანი პრინციპში საინტერესო და ანგარიშგასაწევია კლასიკური ეპოქის მიმართაც. პროფ. ზაზა ავალიშვილმა პირველმა შენიშნა ქართული სახელმწიფოს (და სახელმწიფოების) მერყევი საგარეო-პოლიტიკური სტატუსი. რაც მთავარია, არა მარტო შენიშნა, არამედ სცადა კიდევაც აეხსნა ეს საყურადღებო მოვლენა: ,,Мы видим, что всякий раз, когда является здесь (იგულისხმება მახლობელი აღმოსავლეთისა და წინა აზიის გეოგრაფიული რეგიონი - ლ. ტუხაშვილი) какой-нибудь крупный собиратель земел, когда слагается или усиливается какое-нибудь мощное – хотя бы недолговечное, – политическое тело, монархия из числа ,,мирових“ – Грузия – оказывается или стесненной или порабощенной. Напротив, когда передняя Азия представляет картину разложения и политического упадка, Грузия возрождается, расцветает, крепнет, пока стихийный поворот истории снова не пресечет нормального развития“ (გვ. 3).

პროფ. ზ. ავალიშვილმა საქართველოს ისტორიული ბედის განმსაზღვრელად ორი ძირითადი ფაქტორი მიიჩნია: 1) კონსტანტინეპოლის დაცემა (ევროპისგან, ე.ი. ცივილიზებული სამყაროსაგან იზოლაცია) და 2) თურქეთისა და ირანის გაძლიერება. როგორც აღვნიშნეთ, თავის ნაშრომში მკვლევარი უმთავრესად ეხებოდა გვიანი შუა საუკუნეების ეპოქას, როდესაც აღარ შეიძლებოდა ერთიანი-საგარეო პოლიტიკური კურსის გატარება იმიტომ, რომ 1) საქართველო აღარ არის ერთიანი და 2) აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო მოქცეულია სხვადასხვა პოლიტიკურ სფეროს შორის (გვ. 14-15). მაგრამ ყველაზე ნიშანდობლივი პროფ. ზ. ავალიშვილის აზრით ისაა, რომ საქართველოს აღარც ნეიტრალური პასიურობა შეეძლო. იგი იძულებული იყო ყოველთვის ჩარეულიყო ირან-თურქეთის კონფლიქტში, თუნდაც იმიტომ, რომ ომი წარმოებდა მის ტერიტორიაზე. იმავე დროს, ჩარევაც დაკავშირებული იყო დიდ რისკთან, ძნელი იყო რომელიმე დიდი სახელმწიფოს წინააღმდეგ აშკარად გამოსვლაც, პოლიტიკური სიტუაციების მერყეობის გამო. ზემოაღნიშნული ქართულ დიპლომატიას აიძულებდა დაუყოვნებლივ ე.წ. ,,აზიურ ეშმაკობას“ დაყრდნობოდა (,,Приходилось хитрить, пользоваться обстоятельством“). სისრულისათვის პროფ. ზ. ავალიშვილს გაუთვალისწინებელი არც ის გარემოება რჩება, რომ თავისი სისუსტის მიუხედავად, თვით საქართველოც ირან-თურქეთის მმართველი წრეებისათვის წარმოადგენდა საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალას: ,,В боевом отношении, грузини были и в плохие времени, силой, с которою считались. Ее надо было сломить, или купить“ (გვ.16). ამავე დროს: ,,бранная жизнь легко прививала грузинском владетелям инстикти кондотыров, с которыми не трудно было вступить в сделку“ (გვ. 16).

ამრიგად, პროფ. ზ. ავალიშვილმა პირველად ქართულ ისტორიოგრაფიაში, ჩამოაყალიბა მწყობრი თვალსაზრისი ქართული დიპლომატიის საერთო ხასიათის შესახებ. განმარტა მისი მკვებავი წყაროები (წინა აზიის პოლიტიკური სიტუაცია, რუსეთ-ირან-თურქეთის ურთიერთდაპირისპირება) და მეთოდი (,,აზიური ეშმაკობა“). რასაკვირველია, ჩვენ შორს ვდგავართ იმ აზრისაგან, თითქოს ზემოაღნიშნული ავტორის შეხედულებანი მთლიანად იყოს უშენიშვნოდ მისაღები, პირიქით, ჩვენ დავინახავთ, რომ ძირითად ხაზებში ზ. ავალიშვილის კონცეფციის გაზიარება არ შეიძლება (მით უმეტეს, XI-XIII საუკუნეების მიმართ). განსაკუთრებით მიუღებელია თეზისი დამოუკიდებელი ქართული დიპლომატიის არარსებობის და საერთოდ არსებობის შეუძლებლობის შესახებ, მაგრამ ეს ნაშრომი თითქმის ერთადერთია, სადაც არის მოცემული ცდა მთლიანად და კომპლექსურად იქნას გააზრებული საქართველოს სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკა. ამავე დროს ეს გააზრება საკმაოდ მაღალნიჭიერად და, რაც მთავარია, პროფესიულად მეტად მაღალ დონეზეა შესრულებული. მოგვიანებით ასპარეზზე გამოვიდნენ იურისტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია პროფ. ლ. ალექსიძის ნაშრომები.

მაგრამ დავუბრუნდეთ კონკრეტულ საგანს. რამდენად გამოდგება ზ. ავალიშვილის თვალსაზრისი ერთიანობის ხანის საქართველოს მიმართ? ზევით უკვე აღნიშნული გვქონდა, რომ მკვლევარი ძირითადად ეხებოდა გვიანი შუა საუკუნეების პოლიტიკურ სტატუსს და კერძოდ ორიენტაციის ფინალს - 1861 წლის აქტს. სანამ ამ საკითხს ვუპასუხებდეთ, საჭიროდ მიგვაჩნია გავარკვიოთ, გამოჰყოფს თუ არა ავალიშვილი ერთიანობის ხანას, როგორც გამონაკლისს საერთო ფონიდან? აი, რას წერს იგი ე.წ. კლ. პერიოდის შესახებ: ,,Том, сравнительно небольшой, промежуток, когда Грузия является державой (конечно средне векого склада), с силой и значением... лучшая пора эпохи грузино-абхазских монархов, по времени совнадает с периодом разложения сельджукского государства в Персий“ (გვ. 4).

ზ. ავალიშვილის კონცეფციით ქართული სახელმწიფოს აღზევება-დაცემა ექვემდებარებოდა გარე ფაქტორებს... ე.ი. იგი მთლიანად გამორიცხავდა შიდა ფაქტორებს, შიდაგანვითარებას... მკვლევარი პრინციპში სწორად ხსნიდა ერთ-ერთ ძირითად მიზეზს, მაგრამ ამ მიზეზის ერთადერთ და არა ერთ-ერთ საფუძვლად აღიარება, სტოვებდა გარეშე ძალის იდეალიზაციის შთაბეჭდილებას. ზ. ავალიშვილის ასეთი პოზიცია სრულიადაც არაა მოულოდნელი. იგი გამოხატავდა ინტელიგენციის იმ ნაწილის თვალსაზრისს, რომელთაც შეიძლება კოსმოპოლიტურ-სკეპტიკური ,,კორპორაცია“, კოსმპოლიტური სკეპტიკოსების წრე ვუწოდოთ. იქნებ ამითაც აიხსნება ესოდენ ნიჭიერი კაცის (ზ.ა.) ნეიტრალიტეტი, ,,სპორტული“ გულგრილობა 1917-1921 წლებში ეროვნული პრობლემის მიმართ. უნდა აღინიშნოს, რომ ზ. ავალიშვილის ასეთი კონცეფცია განაიარაღებდა ეროვნულ ძალებს... 1917-1921 წლებში ზ. ავალიშვილი აქტიურად საქმიანობდა, ოღონდ როგორც მიუკერძოებელი ექსპერტი. ეს ორი მიზეზით აიხსნება; ჯერ ერთი, ოფიციალური ხელისუფლება ბოლომდე არ ენდობოდა არისტოკრატიულ ინტელიგენციას. მეორე მხრივ, ეს უკანასკნელიც სკეპტიკურად იყო განწყობილი.

ძალზე საინტერესოა ზ. ავალიშვილის შეხედულებანი ერთიანობის ეპოქის საქართველოს პოლიტიკური სტრუქტურების შესახებ. მისი აზრით, როდესაც რაღაც ფორმით წარმოიქმნა ერთიანი მთელი, ცალკეული მიწებისაგან (ე.ი. როდესაც ჩამოყალიბდა გაერთიანებული სახელმწიფო), ეს არ ნიშნავდა, რომ ერთიანი სახელმწიფო ახორციელებდა ამ ტერიტორიაზე ერთიან ხელისუფლებას. ასეთ ხელისუფლებას ყოველთვის არ ძალუძდა რეალიზებულიყო პრაქტიკულად. თეორიულად განხორციელებული უფლება, პრაქტიკული ძალაუფლების გამოკლებით უდრის ნულს. თუ თეორიული დაემთხვევა პრაქტიკულს, ანუ, უფრო სწორად, თუ ეს უკანასკნელი ამაღლდება თეორიულად გამოხატულ უფლებამდე, ეს ის ნაბიჯი იქნება, როდესაც საერთო სახელწიფოებრიობა გახდება შემდგომი პოლიტიკური განვითარების საფუძველი. სამწუხაროდ, ტიპიურ ფეოდალურ მონარქიას არ შეუძლია ასეთი ნაბიჯის გადადგმა. თუ ეს ასეა, მაშინ არც შეიძლება დაისვას საერთოდ საკითხი ცენტრალიზებული ხელისუფლების მიზანსწრაფულ, გეგმაზომიერი ქმედების, ე.ი. აქტიური დიპლომატიის განხორციელების შესახებ. მაგრამ გამონაკლისები არსებობს.

ფეოდალური მონარქია, სანამ ის ფეოდალურია სოციალ-ეკონომიკური შინაარსით, რჩება ცალკეული მიწების კრებულად, თავისი გამაერთიანებელი მისწრაფებებით ადვილად უსწორდება სტიქიურ ცენტრგამზიდავ ძალებს. ამ ძალებიდან მთავარია საზოგადოების ცალკე უჯრედების შესაძლებლობა თავს მოუაროს საკუთარი ძალებით. ხელისუფლება, ჯარი, ფინანსები, ყველა ეს იზიდავს მიწისკენ, ცალკეულ დიდ თუ პატარა ცენტრებისკენ, სადაც თავმოყრილია კვების საშუალებანი სუსტი გაცვლა-გამოცვლის ბაზაზე (З. А. გვ. 10).

ასეთ შემთხვევაში თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მმართველს, პიროვნების სიძლიერეს... აქ დიქტატორს საზოგადოებრივ-ეკონომიკური ბაზისი კი არ წარმოშობს, არამედ მმართველის პირადი თვისებები პლუს საერთაშორისო სიტუაცია. ძლიერ პიროვნებას შეუძლია ცენტრალიზაციის დაჩქარება-განმტკიცება. ზ. ავალიშვილის მიხედვით ასეთი პიროვნება აღმოჩნდა დავით აღმაშენებელი, რომლის პოლიტიკასაც ფაქტიურად აღარ ეწერა გაგრძელება: ,,Но величайший монарх Грузии, настоящий строител государства, Давид II не нашел преемника, который пошел бы дальше него, знаменитая Тамара, была, может быть добрым гением, но отчасти и жертвой своих могущественных вассалов. Век ее был временем могущества и культурного расцвета, но власти короны понесла ущерб в ее руках“ (გვ. 11).

ესოდენ დიდი ყურადღება პროფ. ზ. ავალიშვილისათვის შემთხვევით არ დაგვითმია. უკვე მივუთითეთ, რომ იგი საერთოდ უარყოფდა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას საქართველოს ისტორიის ხანგრძლივი მონაკვეთის მანძილზე. ეს მტკიცება უარსაყოფია, მაგრამ ამ მიუღებელი კონცეფციის პარალელურად ნაშრომში განვითარებულია ბევრი საგულისხმო დაკვირვება, რომელთა გათვალისწინება დიპლომატიის შესწავლის ფაქტიურ გასაღებს წარმოადგენს...

დასასრულ, შეგვიძლია ვუპასუხოთ კითხვას: არსებობდა თუ არა დამოუკიდებელი ქართული დიპლომატია? შეიძლება თუ არა ე.წ. აქტიური დიპლომატიის (ე. ი. მიზანსწრაფული, გეგმაზომიერი ქმედების) გამიჯვნა ურთიერთობის საერთო სფეროდან? XI-XIII საუკუნეებში დამოუკიდებელი დიპლომატიური ხაზი უდავოდ შეინიშნება. X-XI საუკუნეებში ნათლად იკვეთება ეს ცალკეული სამეფოების (ტაო-კლარჯეთი, ,,აფხაზთა სამეფო“, კახეთი) პოლიტიკურ ურთიერთობებში. მოგვიანებით კი გაერთიანებული საქართველოს სამეფო კარის ოფიციალურ ხაზში.

გაერთიანებულმა საქართველომ მემკვიდრეობით მიიღო ყველა ქართული პოლიტიკური ერთეულის დიპლომატიური მიმართულება (ორიენტაცია, მეთოდები და ა.შ.), მაგრამ ძირითადად აგრძელებდა ,,აფხაზთა სამეფოს“ (დას. საქართველოს) მესვეურთა პოლიტიკურ გეზს... ასეთი ტრადიცია გაგრძელდა მე-12 საუკუნის II ნახევრამდე. ამ პერიოდიდან საბოლოოდ ჩამოყალიბდა ახალი პოლიტიკური კონცეფცია, რომელიც უმეტესად დაემყარა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის არისტოკრატიული წრეების მისწრაფებებს... (ამ საკითხების შესახებ უფრო დაწვრილებით საუბარი გვექნება ქვევით!).

 

დამოუკიდებელი უნივერსიტეტი

,,იბერია“

თბილისი 1994

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოციქულთ: იროდიონის, აგაბოს, ასინკრიტეს, რუთოს, ფლეგონტეს, ერმის და სხვათა (I) ხსენების დღეს.
მოწამე პავსიანე
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე პავსიანე (II) ხსენების დღეს.
gaq