საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

დიმიტრი შველიძე - თანასწორუფლებიანი პოლიტიკური შეუღლებანი
დიმიტრი შველიძე

ვაქვეყნებთ ნაწილებს დიმიტრი შველიძის წიგნიდან "პოლიტიკური შეუღლებანი ძველ საქართველოში". დღეს გთავაზობთ 2 თავს "თანასწორუფლებიანი პოლიტიკური შეუღლებანი".

დიმიტრი შველიძე

პოლიტიკური შეუღლებანი ძველ საქართველოში

თანასწორუფლებიანი პოლიტიკური შეუღლებანი

რიგ შემთხვევაში დამოყვრება ხდებოდა თანაბარი პოტენციური შესაძლებლობების მქონე ორი ქვეყნის სამეფო დინასტიებს შორის. იგი გამოხატავდა სახელმწიფოთა კეთილმეზობლურ, ურთიერთმეგობრულ მისწრაფებებს. ასეთი სახის პოლიტიკურ შეუღლებებს - თანასწორუფლებიანი შეიძლება ვუწოდოთ.

ერთიანი საქართველოს ხანაში, ბაგრატიონთა სახლი ძირითადად უმოყვრდებოდა სომხეთის, შირვანის, ბიზანტიის, რუსეთის, ტრაპიზონის საკეისროს, ოსეთის, თურქ-სელჩუკთა სასულთნოებისა და სხვათა სამეფო საგვარეულოებს.

ორი თანასწორუფლებიანი სახელმწიფოს კეთილმეზობლობისაკენ მისწრაფებას გამოხატავდა ბიზანტიის საიმპერატორო და საქართველოს სამეფო სახლების დამოყვრება XIII ს-ის 60-იან წლებში. 1267 წელს დასავლეთ საქართველოს მეფემ დავით VI ნარინმა (1245-1293), ცოლად მოიყვანა იმპერატორ მიხეილ VIII პალეოლოგოსის (1261-82) ქალიშვილი, ,,დედოფალი, ასული მაღლისა ხელმწიფისა, პალიოლოღოს კონსტანტინეპოლის მეფისა’’. (1) იმხანად დასავლეთ საქართველოს სამეფო მონღოლთაგან დამოუკიდებელ ქვეყანას წარმოადგენდა, ხოლო მისი ძლიერი ხელისუფალი დავით ნარინი მოხერხებულად იყენებდა ოქროს ურდოსა და ირანის მონღოლთა წინააღმდეგობას. მართალია ამ დროს ბიზანტია ძველი დიდების ნაშთსღა წარმოადგენდა, მაგრამ ,,მკვდრეთით აღმდგარი’’ იმპერიის საერთაშორისო პრესტიჟი მაინც მაღალი იყო, ამიტომ პალეოლოგოსებთან დინასტიური დაკავშირება თავისთავად გულისხმობდა საქართველოს დიდ საერთაშორისო ავტორიტეტს.

საქართველო-ბიზანტიას შორის კიდევ ჰქონდა თანასწორუფლებიანი დინასტიური დაკავშირების ცდას ადგილი. გიორგი VIII-ის (1446-1476) ასული - ნათელა, დანიშნული იყო ბიზანტიის უკანასკნელ იმპერატორზე კონსტანტინე XI-ზე (1449-1453). იმჟამად, ერთ დროს ორი ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფოს დიდება დაისისაკენ მიექანებოდა. თურქ-ოსმალთა შეტევებისაგან მისუსტებული ბიზანტია სულს ღაფავდა, ხოლო გიორგი VIII უკანასკნელი იყო გაერთიანებული საქართველოს მეფეთაგან. მის შემდეგ ქართლის ცხოვრების ,,დაჩიხულობისა და დაქუცმაცებულობის’’ ხანა იწყებოდა, თითქოს სიმბოლური იყო ამ სამეფოთა პოლიტიკური დამოყვრების უკანასკნელი ცდა. ქორწინება არ შედგა.

1453 წლის 29 მაისს თურქ-ოსმალებმა კონსტანტინეპოლი აიღეს. ბიზანტიის ათასწლოვანი იმპერია მეორედ და ახლა უკვე უკანასკნელად წაიქცა გაოცებული ევროპის წინაშე. ქართველთა მეფის ახალგაზრდა სასიძო კონსტანტინე კი კონსტანტინეპოლის ქუჩებში გამართულ ბრძოლებში დაიღუპა. ძველ საქართველოს სამუდამოდ ჩაეხერგა ევროპასთან დამაკავშირებელი ერთადერთი პირდაპირი და ბუნებრივი გზა.

მიუხედავად ამისა, ბიზანტიის მისწრაფება, დაკავშირებოდა გიორგი VIII, კიდევ ერთხელ მოწმობდა საქართველოს იმ დროს ჯერ კიდევ შერჩენილ მაღალ ავტორიტეტს. მოკავშირეებშემოცლილი ბიზანტიის ერთ-ერთ უპირველეს და ბუნებრივ მოკავშირეს, ცხადია, ჯერ კიდევ ფორმალურად ერთიანი საქართველოს სახელმწიფო წარმოადგენდა. ეს შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა, როცა საქართველო ანტიოსმალური კოალიციის მოწყობის ერთ-ერთი ინიციატორი შეიქმნა, თუმცა კი ამაოდ, რადგან ქართველთა და მოკავშირეთა 1461 წელს ევროპაში წარგზავნილ ელჩობას შედეგი არ მოჰყოლია. ,,ჩაიშალა ოსმალეთის წინააღმდეგ გაერთიანებული ბრძოლის საქმე, რომლის პირველი ინიციატორები თავდაპირველად დასავლეთ ევროპელები, შემდეგ კი - ქართველები იყვნენ’’. (2)

თანასწორუფლებიანი პოლიტიკური დამოყვრებების რიცხვს მიეკუთვნებოდა, საქართველოს მეფის გიორგი პირველის (1024-1027) და ოვსთა მეფის ასულის ალდეს შეუღლება. ალდესაგან ჰყავდა გიორგის შვილი დემეტრე, ბაგრატ IV-ის ნახევარძმა, რომელიც შემდგომში, ჯერ ანაკოფიას, მერე კი ტახტსაც ეცილებოდა მეფეს.

ოვსთა სამეფო კართან ბაგრატიონებს შემდგომშიც ახლო ნათესაური კავშირები ჰქონდათ. გიორგი მესამის მეუღლე იყო ბურდუხან დედოფალი, ,,რომელი იყო ასული ოვსთა მეფისა, რომელი ჰმატდა დედათა, სიბრძნითა და გონიერებითა, და სიტურფითა და შუენიერებითა რამეთუ მისებრი რძალი არა უხილავს ქვეყანასა ქართლისასა და ვითარ იგი ჰმატდა ყოვეთა სიკეთითა, ეგრეთვე დედობითა თამარისათა უმეტესი იყო ყოველთა’’. (3)

ურთიერთანასწორობის საფუძველზე კეთილმეზობლობისა და მეგობრული ურთიერთობისაკენ სწრაფვას გამოხატავდა საქართველოს მეფის დემეტრე I-ის (1125-1156) ასულის გათხოვება კიევის მთავარ იზიასლავ მსტისლავის ძეზე. ,,ქართველი მეფის ასულზე დაქორწინებით და ამდენად ძლიერი მართლმადიდებლური სახელმწიფოს, საქართველოს მხარდაჭერით, კიევის მთავარი ფიქრობდა ბიზანტიის იმპერიის გვერდის ავლით მოეგვარებინა სამთავროს ეკლესიაში შექმნილი რთული ვითარება და მოეხდინა კიევის რუსეთის ეკლესიის გაეროვნულება. ნიშანდობლივია, რომ კიევის რუსეთი ბიზანტიის საპირისპიროდ კავშირებს ეძიებდა და ამყარებდა სწორედ საქართველოსთან, რომელიც ამ დროს უკვე ბიზანტიის მეტოქედ და მემკვიდრედ გამოდიოდა წინა აზიაში’’ (4).

თანასწორუფლებიანი პოლიტიკური შეუღლება თავისთავად სახელმწიფოთა შორის სამოკავშირეო ურთიერთობასაც გულისხმობდა. ბაგრატ IV-ს ცოლად ჰყავდა ,,ოვსთა მეფის’’ დორღოლელის და - ბორენა დედოფალი. სიძეს და ცოლის ძმას ამ შემთხვევაში სამოკავშირეო ურთიერთობა ჰქონათ დამყარებული. 1070 წელს, როცა გიორგი ბაგრატ IV-ის ძე განძაში ფადლონ-ამირას დასასჯელად შეიჭრა, ქართველთა ლაშქართან ერთად მას თან ახლდა ოსთა მოკავშირე ჯარი.

სამოკავშირეო ურთიერთობას განამტკიცებდა საქართველოს მეფე გიორგი პირველთან ვასპურაკანის სომეხთა მეფის სენაქერიმის ასულის მარიამის შეუღლება. როგორც ცნობილია გიორგი I-ის ენერგიული მცდელობით შეიქმნა ქართველ-სომეხ მეფე-მთავართა კოალიცია, რომელიც ბიზანტიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

გიორგი I-ის ორი ასულიც სომხეთში იყვნენ გათხოვილნი: გურანდუხტი და კატაი. გურანდუხტი ვანანდის (ყარსის) სომხური სამეფოს დედოფალი იყო. იგი გახლდათ ვანანდის მეფის გაგიკ ბაგრატუნის მეუღლე. სომეხ მკვლევარს გ. მკრტუმიანს მოჰყავს ერთი სომხური ხელნაწერის ცნობა: ,,ამ წმინდა სახარების მომგებელი, გაგიკ შაჰან-შაჰი, ძე აბასისა, გურანდუხტ დედოფალი და მარიამი მოიხსენიე’’ (5). გაგიკს და გურანდუხტს თავიანთი ქალიშვილისათვის ბებიის, გიორგი I-ის მეუღლის - მარიამის სახელი დაურქმევიათ.

გიორგი I-ის მეორე ასული - კატაი, ტაშირ-ძორაკერტის მეფის კვირიკეს (1048-1089) ძმისა და თანამმართველის სუმბატის მეუღლე გახლდათ.

თანასწორუფლებრივ პოლიტიკურ შეუღლებათა ტიპს მიეკუთვნება ისეთი შემთხვევაც, როცა ორ მოქიშპე ქვეყანას შორის მომხდარი დაზავების და მშვიდობიანობის განმტკიცება მოწინააღმდეგეთა დამოყვრებით გამოიხატებოდა. 1210-1211 წლებში, ქართველთა მხედრობამ ალყა შემოარტყა ხლათს. ქალაქი თითქმის ასაღებად იყო განწირული, რომ მოულოდნელად ხლათელებს ტყვედ ჩაუვარდათ მსახურთუხუცესი ივანე მხარგრძელი. ივანეს ძმამ, ქართველთა ლაშქრის მთავარსარდალმა ზაქარია მხარგრძელმა ხლათელებს მუქარა შეუთვალა, თუ ჩემს ძმას რაიმეს დაუშავებთ, თქვენს ქალაქს ისე გავანადგურებ, რომ მიწასაც კი საქართველოში წავიღებო. ორივე მხარე იძულებული გახდა კომპრომისზე წასულიყო. ხლათელებმა სახელოვანი ტყვე გაანთავისუფლეს, სამაგიეროდ კი სამშობლოში დაბრუნებულმა ივანე მხარგრძელმა თავისი ასული - თამთა მიათხოვა ხლათის სულთანს მელიქ-ალ აუჰადს (1200-1210). საქართველოს და ხლათის სასულთნოს შორის 30 წლიანი ზავი და მშვიდობა ჩამოვარდა და უწინდელი მტრობა კეთილმეზობლობამ შეცვალა. ქართველებმა ხლათზე შეტევები შეაჩერეს.

აღნიშნული პოლიტიკური შეუღლება ორი ქვეყნის ურთიერთობაში მომხდარ კომპრომისულ მომენტსაც შეიცავდა, გარდა ამისა, პოლიტიკური დამოყვრება თითქოს ორ ქვეყანას შორის დამყარებული მშვიდობიანობის გარანტს წარმოადგენდა. ასეთივე თუ შეიძლება ითქვას, კომპრომისულ-თავდებობითი ხასიათის დამოყვრებას ჰქონდა ადგილი XII ს-ის შუა ხანებში. დემეტრე I ენერგიულ ბრძოლებს აწარმოებდა განძის წინააღმდეგ და რამდენჯერმე აიღო კიდეც ციხე-ქალაქი, რომელსაც ერაყის სელჩუკიანთა სულთანი თავის სამფლობელოდ სთვლიდა. მოწინააღმდეგენი პირისპირ შეჯახებას მოერიდნენ და კომპრომისზე წავიდნენ. სულთანმა დემეტრე I-ის ასული რუსუდანი ცოლად შეირთო, ხოლო განძა მეფემ თავის ქალს ,,მზითევში’’ გაატანა. ეს მოხდა 1147 წელს. იმხანად ერაყის სელჩუკთა სულთანი იყო მასუდი (1147-1152). მასუდი 1152 წელს გარდაიცვალა და დაქვრივებული რუსუდანი სამშობლოში დაბრუნდა. იგი დიდ როლს თამაშობდა საქართველოს სამეფო კარზე. თამარის მეორე ისტორიკოსი გვამცნობს: ,,ესე იყო რძალ-ყოფილი დიდთა სულტანთა შამირამეთი და დედოფალი ყოვლისა ხუარასნელთა უფლებისა. (6)

ყურადღება მივაქციოთ: 1210 წელს მოხდა ქართველთა ცნობილი ლაშქრობა ირანში. მათ ზედიზედ აიღეს ირანის ქალაქები და მის უკიდურეს აღმოსავლეთ პროვინციას, ხორასანს მიაღწიეს. ჩრდილოეთ ირანიც, ხორასანიც 1194 წლამდე ერაყის სელჩუკთა სულთანს ეკუთვნოდა. აქვე მდებარეობდა სელჩუკთა სატახტო ქალაქი მერვი. 1194 წლიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებს გაძლიერებული ხორეზმ-შაჰ მუჰამედი. შესაძლოა მეფე თამარი, რომელსაც სურდა ხორეზმის პრეტენზიები აღეკვეთა ირანში, იმ მომენტსაც იყენებდა, რომ საქართველოს სამეფო კარის წარმომადგენელს. თამარ მეფის პაპის - დემეტრეს ასულს რუსუდანს, როგორც სელჩუკთა სულთნის ცოლყოფილს, კანონიერად ეკუთვნოდა ხორასანი, როგორც ,,დედოფალს ყოვლისა ხუარასნელთა უფლებისა’’.

თანასწორუფლებიანი დინასტიური დანათესავების კიდევ ორიოდე მაგალითი, როცა მოწინააღმდეგენი, მათ შორის მშვიდობის ჩამოგდება-დაზავებას, დამოყვრებით განამტკიცებდნენ.

1031 წელს ბაგრატ მეოთხემ ცოლად მოიყვანა ბიზანტიის იმპერატორის რომანოზ არგვიროსის ძმის ვასილის ასული ელენე. ამ მოვლენას წინ უძღვოდა ბიზანტია-საქართველოს ომი, რომელშიც პირველმა ვერ მიაღწია თავის აგრესორულ მიზნებს. აქაც კონფლიქტი და ომი დაზავებამ და მშვიდობამ შეცვალა, რაც კვლავ ყოფილ მიწინააღმდეგეთა სამეფო-საიმპერატორო სახლების დინასტიური დანათესავებით განმტკიცდა.

შემდგომი ეპიზოდი კვლავ ბაგრატ IV-ის სახლობას ეხება.

1064 წელს ალფ-არსლანმა ილაშქრა საქართველოში. სელჩუკებმა ამჯერად საქართველოს სამხრეთ პროვინციები მოივერაგეს და ქართველთა დიდი წინააღმდეგობის გამო ქვეყნიდან გავიდნენ. ამჯერად მოწინააღმდეგეები დაზავდნენ. დაზავების ერთ-ერთ პირობად ალფ-არსლანმა საქართველოს მეფეს შემოუთვალა, მისთვის მეფის დისწული მიეთხოვებინათ.

ზემოთაც აღვნიშნეთ: გიორგი I-ის ასული და ბაგრატის და - კატაი, ტაშირ-ძორაკერტის სომხური ქვეყნის მეფის კვირიკეს ძმის სუმბატის ცოლი იყო, ალფ-არსლანი კვირიკეს ძმის შვილს და კატაის ასულს, იმავდროულად ბაგრატის დისწულს ითხოვდა. ბაგრატმა თავის სიძეს შეუთვალა სულთნის შემონათვალი და თავადაც სთხოვა სიძეს დაეკმაყოფილებინა სელჩუკთა მბრძანებლის სურვილი. ბაგრატი გონივრულად სჯიდა: სელჩუკები სულთნის ,,თხოვნის’’ შეუსრულებლობის შემთხვევაში კვლავ შემოიჭრებოდნენ საქართველოში და არც სომხებს დააყრიდნენ ხეირს. სულთანთან დამოყვრება და დაზავება - მშვიდობიანობის ერთადერთ საშუალებად მოსჩანდა.

მაგრამ კვირიკე სომეხთა მეფემ ბაგრატს ცივი უარი შემოუთვალა თავისი ძმისწულის სულთანისთვის მითხოვებაზე.

მაშინ ბაგრატის ბრძანებით ერისთავი ვარაზ-ბაკურ გამრეკელი ჯარით შევიდა ტაშირ-ძორაკერტში და სამშვილდეს ალყა შემოარტყა. გამრეკელმა სომეხი წარჩინებულნი ,,იბირნა’’ და მათის დახმარებით სამშვილდისაკენ მომავალი ,,სომეხთა მეფე კვირიკე და ძმა მისი სუმბატ შეიპყრეს ქუეშის ჭალასა და აცნობეს ბაგრატს’’. (7)

ბაგრატი კლდეკარს მივიდა და კვირიკეს სამშვილდის მოცემა მოსთხოვა, კვირიკე კვლავ უარზე იდგა, მაგრამ როცა ,,ამართეს ძელი და გასუეს სომეხთა მეფე კვირიკე სამ დღე’’, მაშინ თანხმობა გასცა. როგორც ჩანს, სამშვილდის დათმობასთან ერთად, ბაგრატმა კვირიკე ძმისწულის გათხოვებაზე მაშინ დაიყოლია: ,,ხოლო შემდგომად ამისა’’, ბაგრატმა ,,გაათხოვა დისწული თვისი და შერთო სპარსთა მეფესა სულტანსა’’.

ეს ამბავი 1066 წელს უნდა მომხდარიყო. ბარ ჰებრაის ცნობით ,,ქართველთა მბრძანებლის ბაგრატის დისწული სულთან ალფ-არსლანთან დასაქორწინებლად იქნა მოყვანილი. მანაც ქორწილი ქალაქ ჰამადანში გადაიხადა’’. (8)

სამწუხაროდ, ქართველ-სელჩუკთა დაზავებამ, დიდხანს არ გასტანა. 1068 წელს დამპყრობლები კვლავ შემოიჭრნენ საქართველოში. სელჩუკები ამიერკავკასიას დასაპყრობად უყურებდნენ და დაზავებას მხოლოდ დროებით საშუალებად მიიჩნევდნენ. ალბათ იმიტომაც, რომ საქართველოსთან კეთილმეზობლობას მისაღებად არ სთვლიდა, ალფ-არსლანი თავის დედით ქართველ მეუღლეს გასცილდა. სულთნის ბრძანებით, ბაგრატ მეფის დისწული სელჩუკთა იმპერიის სახელგანთქმულ დიდვაზირს ნიზამ ალ-მულქს მიათხოვეს. ამ შემთხვევაში, და ასეც ხდებოდა ხოლმე, დამოყვრების გზით დამყარებული მშვიდობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მოწინააღმდეგეთაგან, ერთ-ერთი მხარე მეორეს დასამორჩილებლად უყურებდა და ხანგრძლივი მშვიდობით დაინტერესებული არ იყო.

მაგრამ ისეც ხდებოდა, როცა დამოყვრებული ქვეყნების ხელისუფალთა შორის წარმოიქმნებოდა ხოლმე კონფლიქტი.

პირველი ქართველთა ბაგრატიონი მეფე ადარნასე კურაპალატის სიძე იყო ვანანდის სომხური მხარის მფლობელი აბასი. ამის შესახებ ცნობას გვაძლევს სომეხი მკვლევარის ს.ვ. ტერ-ავეტისიანის მიერ ყარსში მიკვლეული წარწერა: ,,გარდაიცვალა მთავარ ადარნასეს ქალიშვილი და სომეხი სპარაპეტის აბასის მეუღლე...’’ (9)

აბასი ადარნასეს მოკავშირის, სომეხთა პირველი ბაგრატუნი მეფის აშოტის ძმა იყო. 890 წელს როცა აშოტი გარდაიცვალა, ადარნასე მყისვე სომხეთში წავიდა, რათა განსვენებულის შვილის სუმბატისათვის მიესამძიმრებინა და ტახტზე ასვლაში მხარი დაეჭირა. გზად ადარნასემ ქ. ყარსში, თავის სიძესთან და განსვენებული სომეხთა მეფის ძმასთან აბასთან შეიარა: აბასს თავისი გეგმები ჰქონდა, თვალი მეფობისაკენ ეჭირა და სურდა ძმის შვილისათვის ტახტი წაერთმია. მან იეჭვიანა თავის სიმამრზე და ადარნასეს სუმბატთან არ უშვებდა, მაგრამ ამჯერად მისი დაკავება ვერ გადაწყვიტა.

როგორც კი სომეხთა სამეფო კარზე მისულმა ადარნასემ მისამძიმრება მოათავა, მაშინვე სუმბატს სამგლოვიარო ტანსაცმელი გახადა და სამეფო ტანსაცმლით და სამკაულით შემოსა. სუმბატის გამეფებამ და ადარნასეს მიერ მისმა მხარდაჭერამ ისე განარისხა აბასი, რომ მან სტუმართმოყვარეობის წესიც დაივიწყა და მოყვრობაც, უკან დაბრუნებული თავისი სიმამრი შეიპყრო და ციხეში გამოამწყვდია. სომეხთა ახალმა მეფემ სუმბატმა ქართველი მოკავშირე მხოლოდ დიდი სასყიდელის ფასად გამოიხსნა - მან თავის ბიძას საკუთარი შვილი და ძმისშვილი გაუგზავნა მძევლად და ადარნასე გაანთავისუფლა.

მეორე შემთხვევაშიც, როცა პოლიტიკურ ინტერესებს ნათესაური ახლობლობა მსხვერპლად შეეწირა, კვლავ ადარნასეს სახელთანაა დაკავშირებული. ადარნასე ქართველთა მეფის მეორე სიძე იყო აფხაზთა მეფე კონსტანტინე III (893-922). 904 წელს კონსტანტინე მესამემ ქართლი დაიკავა. იმხანად შიდა ქართლისათვის აფხაზთა და სომეხთა მეფეებს შორის მწვავე ბრძოლა მიმდინარეობდა. კონსტანტინეს ნაბიჯს სასწარფაოდ გამოეხმაურა სომეხთა ანისის მეფე სუმბატ ტიეზერაკალი, ,,მოილაშქრა სპითა დიდითა და მოადგა უფლის ციხესა... და წარიღეს ციხე ხერხითა’’ (10). აფხაზთა მეფის წინააღმდეგ მებრძოლ სუმბატ ტიეზერეკალს ეხმარებოდა - საკუთარი სიძის წინააღმდეგ, ქართველთა მეფე ადრანასე კურაპალატი. მეტიც, ადარნასემ მოსალაპარაკებლად მისული კონსტანტინე, ღალატით შეაპყრობინა სომეხ ნახარარებს.

დატყვევებული კონსტანტინე, სომეხთა მეფემ ანისის ციხეში გამოჰკეტა, მაგრამ მალე გუშინდელი მტრები მოკავშირეები და მოყვრები გახდნენ. სომეხთა მეფემ კონსტანტინე გაანთავისუფლა და ქართლი დაუბრუნა. დაზავება ყოფილმა მოწინააღმდეგეებმა პოლიტიკური დამოყვრებით განამტკიცეს: კონსტანტინე მესამემ სუმბატ სომეხთა მეფის ასული შეირთო ცოლად. თუ მართალია სომეხი მემატიანის იოანე კათალიკოსის ცნობა, რომელსაც ივ. ჯავახიშვილი ეყრდნობოდა: კონსტანტინე აფხაზთა მეფე ადარნასეს სიძე იყო და ისიც მართალია, რომ დაზავების შემდგომ, კობსტანტინე III-ემ სუმბატ ანისის მეფის ასული შეირთო ცოლად, მაშინ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს აფხაზთა მეფის მეორე ქორწინება იყო, ადარნასე კურაპალატის ქალს კონსტანტინე, სიმამრთან დაპირისპირების შემდეგ უნდა გაჰყროდა. (11)

მოკლედ ადარნასე ქართველთა მეფე პოლიტიკურ ნიადაგზე თავის ორივე სიძეს: კონსტანტინე III აფხაზთა მეფეს და აბას ვანანდის მფლობელს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდა. თავისი გაძლიერების გზაზე, როგორც ვნახეთ, პირველი ბაგრატიონი ,,ქარველთა მეფე’’ არც ვერაგობას დარიდებია.

ზემოთაღნიშნული ტიპის შეუღლებანი, მიუხედავად გარკვეული განსხვავებისა (სამოკავშირეო, კომპრომისული, სამშვიდობო-თავდებობითი და სხვ.), ძირითადად მაინც თანაბარი პოტენციური შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოების ურთიერთობას გამოხატავდა, ამიტომ ყველა აღნიშნული დინასტიური შეუღლება თანასწორუფლებიანობის ხასიათს ატარებდა.

XVI საუკუნიდან საქართველოს დაჩიხულობა-დაქუცმაცებულობოს პერიოდი დაიწყო და თავისი დაღი პოლიტიკურ შეუღლებებსაც დაამჩნია. საქმე იმაშია, რომ აქამდე, XI-XV სს-ის საქართველო დამოუკიდებელ და საერთო-სახელმწიფოებრივ პოლიტიკას აწარმოებდა. შესაბამისადვე, ბაგრატოვანთა სამეფო საგვარეულო უცხოეთის სამეფო საგვარეულოებს უმოყვრდებოდა. ეს თითქმის ხელშეუვალ ნორმად ითვლებოდა და იშვიათ შემთხვევაში ირღვეოდა.

XVI ს-დან მდგომარეობა კარდინალურად იცვლება. ამიერიდან პოლიტიკურმა შეუღლებებმა კუთხურ-პროვინციული ხასიათი მიიღო. თანასწორუფლებიანი პოლიტიკურ-დინასტიური კავშირები მხოლოდ ცალკეულ ,,საქართველოებად’’ დაქუცმაცებულ სამეფო-სამთავროებს შორის მყარდებოდა.

საინტერესოა ამ მხრივ ერთი ეპიზოდი VII ს-ის პერიოდიდან.

ქართლში მეფობის გაუქმებამ და ერისმთავრობის დაწესებამ, როგორც ცნობილია, ერისთავ-ფეოდალთა ბუნებრივი გაძლიერება გამოიწვია. ერისმთავრები მხოლოდ სხვა ერისთავთა შორის პირველებს წარმოადგენდნენ და მათს ნომინალურ ხელისუფლებად ითვლებოდნენ. ეს გარემოება აისახა შეუღლებათა ხასიათშიც. მაშინ როცა ადრე ქართლის მეფეები მეზობელ ქვეყნების სამეფო საგვარეულოებს უნათესავდებოდნენ. ახლა ერისმთავრები საქართველოს ერისთავ-ფეოდალებს უმოყვრდებიან.

ქართლის ერისმთავარი მირ სტეფანოზის ძე თავის ძმას არჩილს მოაგონებს, რომ ადრეო, ჩვენს ქალიშვილებს ,,არა მივსცით ერისთავთა ჩვენთა ცოლად ანუ მივსცით მეფეთა, ანუ მო-ვინმე-ვიდის სპარსთაგან ნათესავი მეფეთა, ვითარცა ფეროზ, რომელსა მისცა მირიან მეფემან ასული მისი ცოლად’’.

მაგრამ ეს ადრე იყო, მეფობის პერიოდში. ახლა, როცა ცენტრალური ხელისუფლება დასუსტებულია, იმისათვის, რომ ცალკეულ კუთხეთა გამგებელ-ერისთავებზე უზენაესობა შეინარჩუნონ, მირი სიკვდილის წინ უბარებს თავის ძმას არჩილს, რომ მისი შვიდივე ქალიშვილი ერისთავებს ან მათს შვილებს მიათხოვის: ,,მისცენ მათ ასულნი ჩემნი და განუყვნენ მათ ქვეყანანი ქართლისანი ნახევარი შენ და ნახევარი მათ’’.

ამის შემდეგ არჩილ ერისმთავარი ისე მოიქცა, როგორც გარდაცვლილმა ძმამ ანდერძად დაუტოვა. ,,მოუწოდა ერისთავთა ქართლისათა, და მისცნა ძმისწულნი მისნი: ,,და განუტევნა მთავარნი ესე ცოლებითურთ თავის-თავისად ადგილად’’ (12).

ქვემოთ მოგვყავს საქართველოს სამეფო-სამთავროთა ფარგლებში თანასწორუფლებიანი პოლიტიკური შეუღლებების რამდენიმე მაგალითი:

სვიმონ ქართლის მეფე - ნესტან-დარეჯანი, ლევან კახთა მეფის ასული;

გიორგი I კახეთის მეფე - ნესტან-დარეჯანი, იმერთა მეფის ასული;

თეიმურაზ I კახეთის მეფე - ანა, მამია გურიელის ასული;

ერეკლე II - დარეჯანი,. კაცია I დადიანის ბიძაშვილის გიორგის ასული;

ლევან დადიანი, სამეგრელოს მთავარი - თამუნია, აფხაზეთის მთავრის ასული;

მანუჩარ დადიანი, სამეგრელოს მთავარი - ნესტან-დარეჯანი, ალექსანდრე კახთ ბატონის ასული და სხვ.

ცხადია, აღნიშნული შეუღლებანი, გარდა სამთავრო-სამეფოთა კეთილმეზობლური ურთიერთობებისა, მეტნაკლებად პოლიტიკურ კავშირსაც, ან უარეს შემთხვევაში, პოლიტიკურ ურთიერთკეთილგანწყობილებას მაინც გულისხმობდნენ. ამისგან განსხვავებით, შეიძლება გამოვყოთ შეუღლებანი, რომელნიც პირდაპირი აზრით სამოკავშირეო ურთიერთობას გამოხატავდნენ. 1526 წელს ქართლის მეფე ლუარსაბ I (1527-1556) ცოლად შეირთო იმერთა მეფის ბაგრატ III (1510-1565) ასული თამარი. ბაგრატი ლუარსაბს ბიძის, გიორგი IX-ის (1525-1527) წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარა, სამაგიეროდ კი, ქართლის მეფისაგან მიიღო მდინარე ფრონეს დასავლეთით მდებარე ტერიტორია. 1550-იან წლებში თურქთა წინააღმდეგ სამხედრო კავშირი შეკრეს ქართლის მეფე სვიმონ I და სამცხის ათაბაგმა მანუჩარ II ქაიხოსროს ძემ. ერთობლივი ბრძოლისა და თანადგომის გარანტია იყო მანუჩარის ქორწინება სვიმონ მეფის ასულთან ელენესთან.

კახეთ-იმერეთის წინააღმდეგ იყო მიმართული ქართლის მეფის როსტომისა და სამეგრელოს მთავრის ლევან დადიანის სამხედრო-პოლიტიკური კავშირი, რაც დამოყვრებითაც განმტკიცდა. როსტომმა (1632-1658) დადიანის დაი - მარიამი მოიყვანა ქართლის დედოფლად. კიდევ ერთი მაგალითი: იმერთა მეფეს სოლომონ I-ს ტახტზე განსამტკიცებლად, სამეგრელოს მთავრის კაცია II დადიანის მხარდაჭერა ესაჭიროებოდა. ამისათვის იგი იძულებული გახდა აფხაზთა მთავრის შერვაშიძის ასულს, თავის პირველ ცოლს გაჰყროდა და კაციას და - მარიამ დადიანი დაესვა იმერეთის დედოფლად.

ამ არასრული მონაცემებითაც ნათელია, რომ მართლაც, თანასწორუფლებიანი პოლიტიკური შეუღლებანი გვიანფეოდალური ხანის საქართველოს სინამდვილეში, კუთხურ-პროვინციულ ხასიათს იღებს და ქართული სამეფო-სამთავროების ვიწრო ჩარჩოებით იფარგლება. ამ ისტორიულ მოვლენაში ნათლად აისახა ქართველი ხალხის პოლიტიკურ-კულტურული კონტაქტების ოდინდელი ფართო მასშტაბების დაცემა და მისი სავალალო იზოლაცია ცივილიზებული ქრისტიანული სამყაროსაგან.

მაჰმადიანური ოკეანით გარშემორტყმული საქართველოს მესვეურნი ცხადია თავიანთ ისტორიულ მტრებთან - ირანთან, ოსმალეთთან, ამ კიდევ მაჰმადიანურ სახანოებთან მყარ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირს ვერ დაამყარებდნენ, ხოლო სხვა ძალა, მოკავშირისა თუ რეალური დახმარების სახით არ ჩანდა. ამიტომ იყო, რომ ლევან კახთა მეფის მიერ ჩრდილო-კავკასიურ-დაღესტნური ყარამუსალის შამხალის ასულის ცოლად მოყვანა და ამ პოლიტიკურ ერთეულთან კავშირის დამყარება, თითქმის ერთადერთი შემთხვევა იყო, საქართველოს მესვეურთა უცხო სახელმწიფოსთან თანასწორუფლებიანი პოლიტიკური დამოყვრებისა, გვიანფეოდალურ ხანაში.

 

დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა

1. ქართლის ცხოვრება, ტ. II ს. ყაუხჩიშვილის გამოც. თბ. 1959 გვ. 261

2. ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, IV თბ. 1948 გვ. 75

3. ქართლის ცხოვრება, ტ. II გვ. 20

4. ი. ჟუჟუნაძე, საქართველოს და რუსეთის ურთიერთობის ისტორიიდან XII საუკუნეში. კრებულში: ,,საქართველო რუსთაველის ხანაში’’, გვ. 268-270.

5. გ. მკრტუმიანი, კახეთის ქართული ფეოდალური სამთავრო VIII-XII სს-ში და მისი ურთიერთობა სომხეთთან. ერევანი, 1983, (რუსულ ენაზე).

6. ქართლის ცხოვრება, ტ. I გვ. 15

7. ქართლის ცხოვრება, ტ. I გვ. 307

8. ბარ ჰებრაი. ციტირებულია ნ. შენგელიას ნაშრომში: სელჩუკები და საქართველო XI საუკუნეში. თბ. 1968, გვ. 226.

9. ციტირებულია მკრტუმიანის დასახ. ნაშრ. გვ. 89.

10. ქართლის ცხოვრება, ტ. I გვ. 262.

11. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წიგნი მეორე, თბ. 1962 გვ. 104.

12. ქართლის ცხოვრება, ტ. I გვ. 24.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
წმიდა იოსებ არიმათიელი
31 ივლისს (13 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა იოსებ არიმათიელის (I) ხსენების დღეს.
gaq