საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

თავს დაგვტრიალებს ალექსანდრე ბატონიშვილის უკვდავი სული
გურამ შარაძე

დიდი ქართველი პატრიოტისა და სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის შეუდრეკელი მებრძოლის, ერეკლე მეორის ძის ალექსანდრე ბატონიშვილის (1772-1844) სახელს სრულიად ახალი შარავანდედი ეფინება თანამედროვე საქართველოში. მტრისაგან ათასგვარი წყალობის დაპირების მიუხედავად, რუსეთთან შეერთების წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლასა და საქართველოს უძველესი სამეფოს აღდგენაზე განუწყვეტლივ ფიქრს შეეწირა იგი: დაღესტანსა თუ ირანში ნახევარსაუკუნოვანი ლტოლვილობისა და თავისი ქვეყნის გასათავისუფლებლად იქიდან წარმოებულ ორმოცდაათწლიანი წმინდა ომის შემდეგ 70 წელს გადაცილებულმა მოხუცმა უფლისწულმა ტანჯული სიცოცხლე 1884 წელს თეირანს დაასრულა, სადაც დაკრძალეს კიდეც იქაური სომხური ეკლესიის ეზოში. მას შემდეგ ალექსანდრე ბატონიშვილის უკვდავი სული თავს დასტრიალებს საქართველოს და გუშაგობს მის მიერ დაწყებულ დიდ ბრძოლას. ალექსანდრე ბატონიშვილის დიდებულ აჩრდილს აგერ საუკუნენახევარია, მიჰყვება მებრძოლი საქართველო და ამ აჩრდილს ვერ დაამარცხებს ვერავითარი მტერი, ის საბოლოოდ მაინც გაიმარჯვებს და იხსნის სამშობლოს!

მაგრამ ეს სული, ალბათ, იმაზეც ოცნებობდა, რომ თავისუფალი და რუსეთის დამპყრობლურ ბრჭყალებს სამუდამოდ ჩამოშორებული საქართველო თავდადებული მამულიშვილის ნეშტს საკუთარ მიწას მიაბარებდა!

ეს იდეა დამოუკიდებელ საქართველოშიც ტრიალებდა, მაგრამ საქართელომ ნანატრი თავისუფლება 1921 წლის თებერვალ-მარტში კვლავ რუსული ჩექმის წყალობით დაკარგა, ხოლო ალექსანდრე ბატონიშვილის სამშობლოში გადმოსვენების იდეა ახლადლტოლვილმა ქართველმა პატრიოტებმა ემიგრაციაში თან წაიყოლეს: ჯერ იყო და, 1920-იან წლებში პარიზში შექმნილმა პატრიოტულმა ორგანიზაციამ "თეთრმა გიორგიმ" თავის საბრძოლო დროშაზე, ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად, ალექსანდრე ბატონიშვილის სახელიც წააწერა, ხოლო 1927 წლის 11 ივნისს პარიზში გამართულ ალექსანდრე ბატონიშვილის საღამოზე გენერალ ლეო კერესელიძის პირით ხმამაღლა განაცხადა:

"ალექსანდრე ბატონიშვილი უდიდესი და უმშვენიერესი გამომხატველია საქართველოს უკანასკნელი საუკუნის. ეს დიდებული გმირი არამცთუ სულიერად, არამედ ფიზიკურადაც გამომხატველია საქართველოს ხვედრის, ფსიქოლოგიისა და განცდებისა... დააკვირდით მის სურათს: შავ ბედისწერას, თავისი ფატალური ხელით, მისი შუბლი ჭმუნვისა და სევდის ნაოჭებით დაუფარავს, რითაც წინდაწინვე აღუნიშნავს მისი მომავალი ხვედრი. მის შეკუმშულ ტუჩებზე იხატება საქართველოს ასი წლის ბედის მწარე ირონია. წინამორბედ გრძნობას მის ღრმა და მისტერიულ თვალებში ჩაუსახავს მის მიერ განცდილი 40 წლის ტანჯვა და საქართველოს შავი ბედი, მაგრამ ამავე დროს ეს თვალები საქართველოს თვალებიც არის, ბატონიშვილო! შენ ვერ იხსენი შენს სიცოცხლეში შენი სამშობლო და ვერ გახდი მის მეფედ, მაგრამ დაიდგი უდიდესი გვირგვინი, შენ ხარ მეფე მთელი საუკუნის ბრძოლისა და სულისკვეთებისა!"

"თეთრი გიორგის" დამაარსებელი და ხელმძღვანელი განაგრძობს: "ყოველივე ეს დამარცხდა, რიცხვის და სიმხეცის წინაშე სიგმირე უძლური გამოდგა, მაგრამ დამარცხდა დროებით. 1812 წელს თელავის ციხეში გამაგრებული მეამბოხენი სწერდნენ რუსებს: "თქვენსა და ჩვენს შორის ყოველივე გათავდა, ჩვენი მორიგება აღარ შეიძლებაო!" ეს იყო მაშინ ხმა მთელი საქართველოსი, ასი წლის განმავლობაში. რუსეთი ცდილობდა ეს ხმა ჩაეჩუმებინა და ნაწილობრივ კიდეც მოახერხა... მაგრამ აი, მე-20 საუკუნეს ამ ხმამ მაინც მოაღწია ჩვენამდე, კიდევ გაისმის ის მთელი თავისი ეროვნული სიძლიერით, სიამაყით და დღეს ჩვენ წინაპართა სიტყვებს ვიმეორებთ...

დაამარცხეს ბატონიშვილი, იგი მოკვდა უცხოეთს, მაგრამ მისი ლანდი დაძრწის კავკასიონის მთებში, იორის ხეობაში, ალაზნის ნაპირებზე, შატილის და ჯარეგოს კოშკებზე... ყველა ჩვენ, ვინც ხმალი ამოვიღეთ სამშობლოსათვის მას გაყვება!"

მაგრამ ყველაზე ამაღელვებელი გენერალ ლეო კერესელიძის გამოსვლაში მისი ბოლო სიტყვებია:

"გინიშნავთ პაემანს ახლო მომავალში მცხეთის ტაძარში, როდესაც შორეული სპარსეთიდან გადმოვასვენებთ დიდებული წინაპრის ნეშთს და ბაგრატიონთა საფლავებს შორის თავისი მამის, დიდი მეფის - ერეკლეს გვერდით მივაბარებთ სამშობლო მიწას, მაშინ იქ, იმ დიდებულ საფლავებზე, რომელიც გარდაიქცევა სიმბოლოდ საქართველოდან რუსეთს საბოლოოდ განდევნისა, დავასრულებ ამ ჩემს სიტყვას და თუ იმ სანატრელ დღეს მე ცოცხალი აღარ ვიქნები, რომელიმე აქ მყოფი ახალგაზრდა ჩემს მაგიერ განაგრძობს მას!"

საღამოზე ემიგრანტ პოეტს სიმონიკო ბერეჟიანს (სწორედ მას ეკუთვნის განთმული სტრიქონები: "თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი, დე, მტვრად ქცეულიც დამენახოს მთელი სამყარო!") წაუკითავს საკუთარი ლექსი "ბატონიშვილს", რომელშიც გაცოცხლებულია სპარსეთში ისკანდერ-მირზად წოდებული ალექსანდრე ბატონიშვილის ტრაგიკული ხვედრი:

"ჩავაგეთ ხმლები... შეგვირიგდა ანჩხლი ირანი...

კრწანისის ველმაც დაივიწყა ბუკი, ნაღარა

და ძმობის ნიშნად გადაფურცლა მოლამ ყურანი,

ისკანდერ მირზას როცა მიწა გადაეყარა.

შუაღამისას ესტუმრება საფლავს ყორანი,

საქართველოში ვაჟკაცთ სისხლით რო გამაძღარა

და შეკაზმული დასჭიხვინებს თავზე მერანი...

- ბატონიშვილო, აღარ გარგებს ძილი, აღარა! -

პასუხს არ იღებს არც სამარე, არც თეჰერანი.

დღეს ქუდმოხდილი, გარიყული, მუნჯი, ვერანი.

- ბატონიშვილო! ჩრდილოეთით მოსულ ავდარში,

გაშავდა ჯვარი, დაიჟანგა და მოიხარა

და შენი ხმალი მოქნეული, გადატყდა ტარში...

- ბატონიშვილო, აღარ გარგებს ძილი, აღარა!"

და ბოლოს, სულ რამდენიმე სიტყვით მოკლე ქრონიკა ალექსანდრე ბატონიშვილის მიერ განვლილი ცხოვრების გზისა, რომელიც ზემოთ მოყვანილ მასალებთან ერთად გამოქვეყნებულია პარიზში გამომავალ გაზეთ "თეთრი გიორგის" 1927 წლის N 6-ში:

"ბატონიშვილი ალექსანდრე - მეხუთე შვილი ერეკლე მეფისა. დიდი მოწინააღმდეგე რუსეთთან შეერთებისა. 1800 წელს ჯერ კიდევ 30 წლის ახალგაზრდამ დასტოვა საქართველო და დაუკავშირდა ბაბა ხანს.

ვერაგ რუსეთის წინააღმდეგ პირველმა ამოიღო ხმალი სამშობლოს დასაცველად და სიკვდილამდის ქარქაშში არ ჩაუგია.

ბატონიშვილი ალექსანდრე იყო ხელმძღვანელი 1802-4-6-8-12 და 1813 წლის აჯანყებებისა.

კავკასიის ყველა ერი მის გარშემო იკრებდა თავს. 1812 წელს, რუსეთიდან გამოყოფილმა კახეთმა, გვირგვინი შესთავაზა. ბატონიშვილმა უარი სთქვა და ტახტზე გრიგოლ ბაგრატიონი გაამეფა.

1819-20 წლებში აჯანყებულმა და რუსეთს ჩამოშორებულმა იმერეთმაც მოიწვია იგი თავის მეფედ: მაშინაც უარი განაცხადა და ურჩია იმერეთს ვახტანგ ბატონიშვილის გამეფება.

ბატონიშვილი ალექსანდრე რამდენჯერმე ხელმძღვანელობდა დაღესტნის აჯანყებებს და მეტად სახელოვანი ბრძოლები ჰქონდა რუსების წინააღმდეგ.

...მოხუცი გარდაიცვალა ლტოლვილად სპარსეთში.

თავისუფალი საქართველო, სამუდამოდ ჩამოშორებული რუსეთს, მიაბარებს დიდებულ მამულიშვილს საკუთარ მიწას, სადაც განისვენებენ დიდი მეფენი: - ბაგრატი, დავითი, გიორგი, თამარ, ერეკლე!"

ვფიქრობთ, დადგა დრო ჩვენი წინაპრების ნანატრი ოცნების ახდენისა!


მამული, ენა, სარწმუნოება

gaq