საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

ლევან ბაგრატიონი
ლოვარდ ტუხაშვილი

1756 წლის 1 თებერვალს თბილისელ მოქალაქეებს აუწყეს სასიხარულო ამბავი – ერეკლე მეორის ახალგაზრდა მეუღლეს, დარეჯან დადიანს, შეეძინა ვაჟიშვილი, რომელსაც ლევანი დაარქვეს.

ერეკლე მეორეს 24 შვილი ჰყავდა. მის უფროს ვაჟიშვილს გიორგი მეთორმეტეს – 22, ამ მრავალრიცხოვან ბატონიშვილთა შორის მკვეთრად გამოირჩეოდა ლევან ბაგრატიონი. საოცრად უყვარდა ეს შვილი დარეჯანს; მაგრამ იძულებული გახდა, აღსაზრდელად სხვისთვის გადაეცა...

მოუსვენარი ცხოვრება ჰქონდა ერეკლე მეორეს. თეიმურაზ მეორის რუსეთში გამგზავრებამდე უმთავრესად თელავში იჯდა. ბუნებრივია, თავისთან ჰყავდა ახალგაზრდა დედოფალიც. ამიტომაც ლევანი თეიმურაზ მეორის მეუღლემ ანა-ხანუმ იოთამისშვილმა დაიტოვა. უბედობა დაჰყვა ულამაზეს, სათნო ანა-ხანუმს: მისი აღზრდილები უცნაური განგების ნებით ნაადრევად კვდებოდნენ.

პატარა ლევანი სვეუბედური ანა-ხანუმის საბოლოო იმედად იქცა.

ნებიერი ბავშვობა ჰქონდა უფლისწულს. ლაღად იზრდებოდა მზრუნველი გადიებისა და სასულიერო პირების ხელში, მის სახელზე ირიცხებოდა ანა-ხანუმის ქონებაც და არაგვის საერისთავოც. 1763 წელს ერეკლე მეორემ რუსეთიდან დააბრუნა ანტონ I, რომელიც კვლავ კათალიკოს-პატრიარქად აირჩიეს. ანტონ I-მა დიდი ამაგი დასდო ერეკლეს შვილების განსწავლას. ლევან ბატონიშვილი ნიჭიერი მოწაფე აღმოჩნდა. მან ზედმიწევნით აითვისა ყველა ის მეცნიერება, რომლის სწავლება ითვლებოდა ქ. თბილისისა და ქ. თელავის ,,ფილოსოფიურ'' სემინარიებში.

ლევან ბატონიშვილი განსაკუთრებით დაინტერესდა სამხედრო ხელოვნებით. ეს იმდროინდელი ახალგაზრდობის საერთო გატაცება იყო, განპირობებული სიტუაციით. უწყვეტი საომარი ბატალიები საყოფაცხოვრებო მოვლენა გახდა. თითქმის წაიშალა ზღვარი სამოქალაქო და სამხედრო პროფესიათა შორის. ვაჭარ-ხელოსნებიც კი ეუფლებოდნენ იარაღს. ქართველი არისტოკრატები შვილებს ბავშვობიდანვე წვრთნიდნენ, ამზადებდნენ ბრძოლისათვის. ასეთ გარემოში ხდებოდა ლევან ბაგრატიონის დავაჟკაცება. მისი ნამდვილი სამხედრო მასწავლებელი იყო ერეკლე II, ბრწყინვალე პრაქტიკოსი, საბრძოლო ტაქტიკის შეუდარებელი მცოდნე... ერეკლე გრძნობდა არმიის რეორგანიზაციის საჭიროებას... იგი ხშირად იწვევდა უცხოელებს. რუსეთში სასწავლებლად აგზავნიდა ქართველ ახალგაზრდებს. მოუწოდებდა საკუთარ ვაჟიშვილებსაც, გასცნობოდნენ ევროპულ-რუსულ სამხედრო ხელოვნებას. ცნობილია, რომ ქართველი არისტოკრატები პრაქტიკულად უკვე 14 - 15 წლის ასაკიდან ებმებოდნენ ბრძოლაში.

14 წლისა იყო ლევან ბატონიშვილი, როდესაც 1770 წელს მამამისმა თან წაიყვანა ახალციხის საფაშოს წინააღმდეგ სალაშქროდ. ლევანი მონაწილეობდა აწყურის ციხის იერიშში. გენერალ ტოტლებენის მოულოდნელი უკუქცევის შემდეგ, თავი გამოიჩინა ასპინძის ბრძოლებშიც. ამ ბატალიების დროს მას ოფიციალურად ჯერ კიდევ არ ჰქონდა მინიჭებული სამხედრო წოდება, იგი თავისებურ სტაჟირებას გადიოდა დავით სარდალთან, რუსეთის არმიის ყოფილ ოფიცერთან.

სამხედრო საქმე არ იყო ლევან ერეკლეს ძე ბაგრატიონის მოღვაწეობის ერთადერთი ასპარეზი. ვიდრე რუსეთის კორპუსი საქართველოდან გავიდოდა, ეკატერინე მეორის რწმუნებულის, კაპიტან ლვოვის რჩევით, ქართლ-კახეთის სამეფოდან პოლიტიკური პროტექტორატის სათხოვნელად გაიგზავნა საგანგებო ელჩობა ანტონ პირველისა და ლევან ბატონიშვილის ხელმძღვანელობით. ელჩობაში მონაწილეობდნენ მდივანბეგი ქაიხოსრო ანდრონიკაშვილი, მდივანი სულხან ბექთაბეგაშვილი, დეკანოზი სოლომონ ალექსის ძე მესხი და სხვები. ელჩობა გაემგზავრა 1771 წლის დეკემბერში. ლევან ბატონიშვილის ელჩობაში ჩართვით ერეკლეს სურდა, ეჩვენებინა რუსეთის მთავრობისათვის, რომ იგი ამ წარმომადგენლობას მაღალ მისიას უსახავდა.

ერეკლეს სურდა, ლევანი შესულიყო რუსეთის სამხედრო სკოლაში.

ელჩობა დიდხანს გაგრძელდა. მხოლოდ 1773 წლის 27 აპრილს წარუდგნენ ელჩები იმპერატრიცას და შესთავაზეს მფარველობაში შესვლის პირობები, რომელიც რუსეთის მთავრობამ იმ პერიოდში არ მიიღო. ამ ელჩობის დროს ანტონ პირველმა და ლევან ბატონიშვილმა გააბათილეს ეჭვი ერეკლე მეორის ლოიალობის შესახებ (რაც ტოტლებენის უგვანო საქციელმა დაბადა), გაანეიტრალეს, აგრეთვე, ქართლელი თავადების მცირე ნაწილის შეთქმულებისადმი რუსეთის უმაღლესი მოხელეების მხარდაჭერა.

სამნახევარი წლის განმავლობაში რუსეთში მოგზაურობამ უაღრესად გააფართოვა ჭაბუკი ბატონიშვილის თვალსაწიერი. იგი გაეცნო ჩრდილოეთის სახელმწიფოს სტრუქტურას, სამხედრო საქმეს. ღრმად განსწავლული ანტონ პირველის გვერდით ყოფნამ დიდი გავლენა მოახდინა მისი მსოფლმხედველობის ფორმირებაზე. ფაქტობრივად ამ წლებში ჩამოყალიბდა იგი დასრულებულ პიროვნებად.

სანამ ლევან ბატონიშვილი რუსეთში იმყოფებოდა, საქართველოში სცადეს სამხედრო რეფორმის გატარება, რადგან სახელმწიფოს ხაზინას არ შეეძლო რეგულარული არმიის შენახვა. 1773 წ. 4 იანვარს დარბაზმა ერეკლეს ინიციატივით მიიღო ,,მორიგე ჯარის განჩინება''. იმავე წელს მარტიდან ,,მორიგეებმა'' დაიწყეს მოქმედება. ერთი წლის განმავლობაში ამ ახალი ტიპის ლაშქარს უშუალოდ ერეკლე II სარდლობდა.

1774 წლის შემოდგომიდან ,,მორიგეთა'' ნამდვილი მეთაური, სულისჩამდგმელი გახდა ლევან ბატონიშვილი. მან ოფიციალურად მიიღო სარდლის სახელო. სამეფოში ლევან ბატონიშვილის პოზიცია კიდევ უფრო განამტკიცა ქაიხოსრო ანდრონიკაშვილის ასულ ნინოზე დაქორწინებამ. მდივანბეგი ქაიხოსრო ანდრონიკაშვილი ფაქტობრივად განაგებდა საგარეო საქმეებს, კერძოდ, ირანთან ურთიერთობას და დიდი ავტორიტეტიც ჰქონდა. ლევან ბატონიშვილის ხელმძღვანელობით ,,მორიგე ჯარი'' მეტად ეფექტური ძალა აღმოჩნდა დაღესტნელთა მუდმივი თარეშის აღსაკვეთად. მცირე ნაწილებად დაყოფილმა ,,მორიგეთა მფრინავმა რაზმებმა'' არა ერთი დარტყმა მიაყენა მოთარეშეებს. ამ მრავალრიცხოვან შეტაკებებში მხედართმთავრის დიდი ნიჭიერება, ენერგია და ორგანიზაციის უნარი გამოამჟღავნა ლევან ბატონიშვილმა. მისი მაგალითით ,,მორიგეებში'' ბევრი თავადი და აზნაური ჩაეწერა. 1774-1781 წლებში შესამჩნევად იკლო ,,ლეკიანობამ''.

ლევან ბატონიშვილმა მნიშვნელობანი როლი შეასრულა XVIII საუკუნის 70-იანი წლების თავადური ოპოზიციის განადგურებაში. მისი მონაწილეობით მოხდა 1776 წელს ცარიზმის აგენტის – ბაკუნინის შეთქმულების, 1777 წელს ქსნის ერისთავების ღალატის ლიკვიდაცია. იგი ცალკე კორპუსს მეთაურობდა ერეკლეს 1776 წელს განჯაზე, 1779 და 1780 წლებში ერევანზე ლაშქრობის დროს.

XVIII საუკუნის 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისში ქართლ-კახეთში იბადებოდა ქვეყნის გარდაქმნის ახალი იდეები. თბილისში სწრაფად ვრცელდებოდა ევროპული კულტურა. ერეკლე ცდილობდა განევითარებინა მეტალურგია, მრეწველობა, ვაჭრობა, განათლება. ცოდნას დაეწაფა ახალგაზრდობა, – და არა მარტო თავადაზნაურთა წრიდან. ერეკლეს ბრძანებით ხდებოდა ქართველი ახალგაზრდების შეკრება სამრეწველო და კომერციული საქმეების შესასწავლად. მეფემ დააწესა ევროპული სამხედრო წოდებანი. ერთ-ერთი პირველი გენერალი გახდა ლევან ბატონიშვილი.

თავისი ეპოქის ,,ოქროს ახალგაზრდობის'' ნამდვილი კერპი (ბრძოლაში ზღაპრულად მამაცი, მშვიდობიანობისას – დარდიმანდი), საოცრად დემოკრატიული იყო სამხედრო წრეებში. ასეთმა თვისებებმა შეუქმნა არაჩვეულებრივი პოპულარობა მოსახლეობის თითქმის ყველა ფენაში, გადაიქცა ფოლკლორულ გმირად. განსაკუთრებით უყვარდათ მთიელებს – თუშ-ფშავ-ხევსურებს, დიდ პატივს სცემდნენ ქვემო ქართლის მაჰმადიანები. სახელი დაიგდო დაღესტანშიაც და აზერბაიჯანშიც.

1781 წლის 27 თებერვალს ლევან ბატონიშვილი დაიღუპა სრულიად მოულოდნელად, 25 წლის ასაკში, თავად ივანე აბაშიძის სახლში, სოფელ ვეჯინში. გამოძიებამ ვერ დაადგინა მკვლელი. არსებობს რამდენიმე დაუსაბუთებელი ვერსია. სხვადასხვა დროს ბრალი დასდეს: ასათ შარმაზანის ძე ვაჩნაძეს, რევაზ პაპუას ძე ანდრონიკაშვილს (გიორგი მეთორმეტეს ცოლისძმას). არ არის გამორიცხული, იგი შეეწირა სასახლის ინტრიგებს. შესაძლოა, გიორგი ბატონიშვილთან დაკავშირებულ თავადაზნაურობას შეეშინდა მისი არაჩვეულებრივი პოპულარობისა. უარყოფითი როლი შეასრულა იმ გარემოებამაც, რომ გავრცელდა ეჭვი, თითქოს ერეკლე მეორე ლევან ბატონიშვილს ამზადებდა გაერთიანებული საქართველოს მეფედ.

სახელოვანი უფლისწულის სიკვდილი აუნაზღაურებელი აღმოჩნდა. მალე დაიშალა ,,მორიგე ჯარი''. ლევან ბატონიშვილის ტრაგიკული აღსასრულის შემდეგ ერეკლე მეორეს არ ჰყავდა დიად საქმეთა ღირსეული გამგრძელებელი.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამე
15 (28) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამის (+303) ხსენების დღეს.
22 მარტი - ხსენება წმიდა მოწამე ურპასიანესი (+295)
მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ ურპასიანე და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა.
gaq