საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

,,ყმად ჩვენდა მივიღე საქართველო'' (ბაგრატიონთა ოჯახების გადასახლება რუსეთში)
ლუბა მეფარიშვილი

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისი ქართველი ერის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დასასრული აღმოჩნდა.

დიდებულთა ოჯახების ხელოვნური დაქუცმაცებით და ბაგრატიონთა სამეფოს შტოს მთლიანი განადგურებით დაიწყეს რუსეთის იმპერატორებმა საქართველოს საუკუნოვანი ეროვნული ბალავარის ნგრევა. ასოთხმოცდაათი წელი რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გათავისებას, ქართველი ხალხის გადარუსებას, ქართული ენის შეგინებას, ამოძირკვას და ქართველი ერის დიდებული ტრადიციების გათელვა-განადგურებას ცდილობდა.

რუსმა დამპყრობლებმა დიდი ,,შრომა'' დაახარჯეს ამ დაუძლეველი ამოცანის გადაჭრას, დროისა და მოვლენების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მოდელი უსადაგეს: დაყვავების, პატივისცემის, ძმობის, მეგობრული ურთიერთობის, მუქარისა და ბრძოლის, ხოცვა-ჟლეტის... მაინც ვერ მოარგეს ურჩ საქართველოს... რუსეთმა ყოველგვარი რესურსები: წიაღისეულის, მიწის, ჰაერისა და წყლის, შეისრუტა, მაინც ვერ გაძღა. გაგვაღატაკა, დაგვამცირა, დაგვატუსაღა, გაგვაციმბირა, – მაინც ვერ დაგვძალა. ასოთხმოცდაათი წლის წინათ უვნებელ ჭიასავით შემოცოცდა და გველეშაპად გვექცა.

ზემოთქმულს გვინდა დოკუმენტი დავურთოთ საუკუნოვანი ვაების დასაწყისის ნათელსაყოფად. აი, ერთი ხელნაწერი წყარო (აკად. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ყოფ. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების S ფონდი) მოგვითხრობს ბაგრატიონთა კარის დაშლის ამბავს. სათაური არ აქვს, ტექსტი პირდაპირ მართალი ამბით იწყება. ამ ტექსტს ჩვენ ,,მოგზაურობა თბილისიდან პეტერბურგამდე'' ვუწოდეთ მისი შინაარსის მიხედვით. ხელნაწერში დაწვრილებით არის გადმოცემული საქართველოს სამეფო კარის დაშლის დასაწყისი.

ცნობილია, რომ გიორგი XIII სიკვდილის შემდეგ ბატონიშვილთა უთანხმოებამ დააჩქარა სამეფო ტახტის გაუქმება. რუსეთის იმპერატორმა პავლე I 1801 წელს 18 იანვარს გამოსცა ბრძანება: ,,ყმად ჩვენდა მივიღე საქართველო...'' ამ ბრძანებას თან ერთოდა იმპერატორის სურვილი, რომ ბატონიშვილები წვეოდნენ პეტერბურგში. ,,წამოვიდნენ წინაშე დიდებულებისა ჩემისა, რომელიც მოწყალებითა ჩვენითა და ბედნიერებითა განშვენებულნი მამულად თვისად იქცევიანა''-ო (მოეალერსა იმპერატორი ბატონიშვილებს).

ამ გაწვევის შედეგად ბატონიშვილთა პირველი ჯგუფი გაემგზავრა პეტერბურგს. ,,მოგზაურობის'' ტექსტი იწყება ბატონიშვილთა მზადების აღწერით პეტერბურგში გასამგზავრებლად: ,,...შემდგომ სრულჰყოფისა წარვიდენ წელსა ათას რვაას პირველსა, მარტის ცხრასა შაბათს... ავსხედით რა ცხენთა ჩვენც თანამყოფელი მეფის ძის იოანესნი:

1.ქობულოვი – არტილერიისა პოლკოვნიკი, ივანე.

2.სახლთუხუცესი, ენდრონიკოვი ზაზა.

3.ეშიკაღაბაში, რატიევი გაბრიელ და 4.მეცა, მდივანი მემკვიდრისა ნიკოლოზ ონიკოვი, ოთხნი ესე ოთხისა ჩვენისა მსახურთ და გარდა ჩვენისა სხვანიცა ხუთნი მსახურნი ახლდნენ მეფისძეს, ამათ ათოთხმეტთა ბატონყმათა დამტევებთა საყვარელთა ჩვენთათა (ოჯახების) დავუტევეთ ტფილისიცა და ვვლეთ ერთად და მას ღამესა განვისვენეთ მცხეთას...'' ანანურში ამათ შემოუერთდათ მეფისძენი ბაგრატ და მიხეილ მხლებლებით, ამრიგად პირველი ,,მიწვევით'' საქართველოდან წავიდნენ მეფის ძენი: იოვანე, ბაგრატ, მიხეილი და მათი თანმხლები დიდი ჯგუფი, ქართველთა გვარიშვილები, თავადნი და აზნაურნი. ,,მივიწიენით ანანურს, სადაცა დაგვხვდნენ ორი ძენი მეფისანი, ბაგრატ და მიხაილ და სარდალი ციციანოვი გიორგი და მათთანვე ორმოცის ყაზახითა''.

უფლისწულთა და მათ თანმხლებთა მგზავრობას აღწერს იოანე მეფისძის მდივანი ნიკოლოზ ონიკაშვილი დასახელებულ ხელნაწერში. ბაგრატიონთა კარის რღვევა 1801 წლის 9 მარტს დაიწყო, – ამაზე მიგვითითებს გამგზავრების თარიღის დამაზუსტებელი კიდევ ერთი ხელნაწერი (S-254), ეს ტექსტი იონა ხელაშვილის, პეტერბურგში გადასახლებული იმერეთის დედოფლის, მარიამის კარის მღვდელის ავტოგრაფია. ხელნაწერის სათაურია ,,სნეულთ ნუგეში''. ტექსტი იოანე ბატონიშვილის აღსარებით იწყება. ანა დედოფლის კარის მღვდელს, იონას, გაანდო მწარე სინამდვილე მომაკვდავმა ბატონიშვილმა (,,აღსარება'' დღემდე გამოუქვეყნებელია) ,,...აჰა კაცსა მწირსა, ზემო ოცდა ათისა წლისა მისრულსა უცხოობაში კაეშიანსა დღისით თვისისა აჩრდილისაცა ეშინის, ხოლო ღამესა შინა თაგვთა ბგერისაგან იქმნების მძრწოლარე, რომელ კაცი ეული უცხოებათა შინა დაყრუვდების, ვერღამსმენელი უცხოთა ენის ხმათა, ხელნიცა გაუქმდებიან, უცხოს ერისა საქმეთა უსწავლელსა, ხოლო ფერხნი მკვდოვანებითა იყოს, დაწუნებული მდიდართაგან და გლახაკთაგანცა და არცაღა უწოდეს ფერხთა წარსადგმელნი ადგილნი, რათამცა იამოვნოს, არამედ მოვლიდეს თვისაა ჩოდოლოსა ღირითა დაკავებულსა, შიშით და ძრწოლით სავანითა უფლისათა, რათა არა შეძრას ჭერი და არა წარბილწოს იატაკი და კედელნი და არ აღირცნას შინაგანი და გარეგანი, ერთბაშად აღწერით მობარებული, ვიდრე მიბარებამდე...'' ეს აღსარება, რომლის შესახებ ქვემოთაც მოგახსენებთ, იოანე ბატონიშვილის უკანასკნელი გულისტკივილის საიდუმლო განდობა იყო იოანე ხელაშვილისათვის, მოძღვარს გარდაცვალების წინ განუცხადა: ,,...ფილტვები დამეხვრიტა, სუნთქვა მიჭირს, სიკვდილი კარს მომდგომია...'' გარდაიცვალა ბატონიშვილი 1830 წელს 15 თებერვალს. 1801 წელს თავისი ნებით გამგზავრებულს იმპერატორის ,,მიწვევით'' საქართველოში დაბრუნება აღარ მოსწრებია. ეს ბედი ეწვია ბაგრატიონთა ოჯახების ყველა წევრს – დაიშალა საქართველოში საუკუნეებით ნაგები და ნამტკიცები სამეფო ბალავარი.

როგორც ზემოთ ითქვა, პავლე პირველის 1801 წლის 18 იანვრის ბრძანებით მიწვეულნი მეფისძენი გაემგზავრნენ, ხოლო სანამ პატერბურგში ჩავიდოდნენ, იმპერატორი პავლე პირველი გარდაიცვალა და გზაში გაიგეს ბატონიშვილებმა, რომ იმპერიის ახალი მეფე გახდა ალექსანდრე პირველი, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიჩინა საქართველოს მიმართ: მან დავალება მისცა გენერალ კნორინგს შეესწავლა საქართველოს მდგომარეობა, რასაც მოჰყვა ალექსანდრე პირველის 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტი რომელიც საქართველოს რუსეთთან შეერთების ბოლო აქტი იყო – გაუქმდა სამეფო ტახტი, და დაიწყო ტახტის მემკვიდრეთა დაპირისპირება. საქართველოში რუსეთის მმართველობის განმტკიცებისათვის, უშფოთველი ნიადაგის შექმნისათვის ალექსანდრე პირველმა საჭიროდ ჩათვალა ბატონიშვილთა ოჯახების გაწვევა სატახტო ქალაქში. გამოიცა ბრძანება გენერალი კნორინგისადმი 1801 წ. 24 ივლისს, სადაც წერია: მივიღე რა საქართველო და იქ მცხოვრები ხალხები ჩემი მფარველობის ქვეშ ჩემს ქვეშევრდომებად და მივანიჭე მათ ყველა ის უფლებები და უპირატესობანი, რითაც სარგებლობს დიდი რუსეთის იმპერიის სხვა დანარჩენი ქვეშევრდომები, ნებას ვრთავ ყველა ქართველ ბატონიშვილს ჰქონდეთ სრული თავისუფლება, როგორც თავისი სურვილით მათ აქ მოსვლის, ისე აქედან უკან საქართველოში დაბრუნების'' და უბრძანებს კნორინგს, აცნობოს ზემოთნათქვამი ყველა ბატონიშვილს. ამ ლმობიერ განკარგულებას ბატონიშვილები არ დაემორჩილნენ, რის გამოც

გაიცა მეორე განკარგულება 1802 წლის დეკემბერში, რის მიხედვითაც თავად ციციშვილს ევალებოდა მეფის კარის ყველა წევრი გაემგზავრებია რუსეთს თანდართული სიის მიხედვით. გასამგზავრებელ სიაში ჩამოთვლილი არიან პერსონალურად სამეფო კარის წევრები: 1.დარეჯან დედოფალი, 2.ქეთევანი, ირაკლის ასული (ქალბატონი მუხრანისა), 3.თეკლე ირაკლის ასული (ვახტანგ ორბელიანის მეუღლე), 4.დედოფალი მარიამი (გიორგი მეფის ქვრივი), 5.თეიმურაზ, გიორგი მეფის ძე, 6.გაიანე, გიორგი მეფის ასული, 7.თამარი, გიორგის ასული (15 წლის), 8.ანა გიორგი მეფის ასული (3 წლის), 9.ჯიბრაილ (11 წლის), 10.ილია (12 წლის), 11.ოქროპირი (8 წლის), 12.ირაკლი (4 წლის) გიორგი მეფის ძე.

შემდეგ ნათქვამია: ,,გასამგზავრებელნი აქედან 1803 წლის 19 თებერვალს:

1.ვახტანგ ბატონიშვილი, ირაკლის ძე.

2.დავით ბატონიშვილი, გიორგის ძე, ივნისამდე უნდა გაემგზავრონ: 1.ვახტანგ ბატონიშვილის მეუღლე – ელენე, 2.იოანე ბატონიშვილის მეუღლე, ქეთევან წერეთლის ასული, 3.იოანე ბატონიშვილის ვაჟი – გიორგი (13 წლის), 4.ბაგრატ გიორგის ძე ბატონიშვილი, 5.მეუღლე ბაგრატისა ეკატერინე ჩოლოყაშვილის ასული და 6.სპირიდონი ბაგრატის ძე. გაუქმდა ბაგრატიონთა სამეფო, რის გამოც ალექსანდრე ირაკლის ძე ბაგრატიონი, თეიმურაზ გიორგის ძე ბაგრატიონი, იულონ ბაგრატიონი გადაიხვეწნენ უცხოეთში, რათა ებრძოლათ სამეფო კარის აღდგენისათვის, მათი ცდა უშედეგოდ დამთავრდა. ბოლო ბრძანებით ალექსანდრე პირველი მოითხოვდა: დაბრუნებისთანავე გაემგზავრებინათ: 1.იულონ ირაკლის ძე, 2.სალომე, იულონის მეუღლე, 3.ლევან, იულონის ძე (17 წლის), 4.ლუარსაბ, იულონის ძე (15 წლის), 5.თამარ იულონის ასული (13 წლის), 6.ფარნაოზ ირაკლის ძე, 7.ანა, ფარნაოზ ბატონიშვილის მეუღლე, 8.სალომე ფარნაოზის ასული (7 წლის), 9.ელენე, ფარნაოზის ასული (7 წლის), 10.ალექსანდრე ირაკლის ძე ბაგრატიონი.

ამ ბოლო ბრძანებით დავით ციციშვილს მძიმე მოვალეობის შესრულება დაეკისრა. სამეფო სახლის გამგზავრებას ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა. რაც მთავარია, დარეჯან დედოფალი დაუპირისპირდა განკარგულებას.

1802 წელს 21 ნოემბერს იმპერატორი ალექსანდრე წერდა დარეჯან დედოფალს: ,,თქვენო ბრწყინვალებავ, თქვენი განცხადების თანახმად გიკმაყოფილებთ ყველა სურვილს, გენერალ-ლეიტენანტ ციციანოვს ებრძანა შეგიქმნათ ყოველგვარი პირობა გასამგზავრებლად ქალიშვილებთან ერთად''.

გენ. ციციშვილი აცნობებს დედოფალს, რომ ნაბრძანები აქვს იმპერატორისაგან ყოველგვარი სურვილი აუსრულოს პეტერბურგში გამგზავრებასთან დაკავშირებით, დარეჯანმა რუსეთში გამგზავრების ვადების გაგრძელება სთხოვა ციციანოვს. დედოფალს ფარული კავშირი ჰქონდა გადახვეწილ ბატონიშვილებთან და ელოდა გადამწყვეტ ბრძოლას სამეფო ტახტის დაბრუნებისათვის. განზრახვა-შეთქმა გამოაშკარავდა, ციციანოვს განმეორებით ებრძანა ძალით გაესახლებია სამეფო კარის წევრები. დარეჯან დედოფალს მოსთხოვეს სასწრაფოდ მომზადება გამგზავრებისათვის.

განრისხებული დედოფალი გატეხა ფიცხელმა განკარგულებამ და ციციშვილს მოკრძალებული ბარათი მიართვა (წერილი მოგვაქვს მცირე შემოკლებით). ,,პატივსაცემი წერილი ბრწყინვალებისა თქვენისა 10 რიცხვსა ამა თვისა მივიღე, რომლითაც გებრძანათ წარსულა ჩემი რუსეთადა, მრავალჯერ მირწმუნებია ბრწყინვალებისა თქვენისათვის და აწცა გარწმუნებთ ქრისტიანებრიესა სინდისისა ფიცითა, რომელ დიდად მსურველი ვიყავ და ვარ თაყვანისცემად უდიდებულესისა მისისა, მაგრამ ცოდვითა ჩემითა მეუფლა სნეულება ესე ვითარა, რომელ ამასვე გარწმუნებთ საშინელისა ღვთის სახელის ფიცითა არ ძალმიძს არცა ერთისა ღონისძიებისა შეძლებითა, რომ ზეზე ავდგე და რადგან ადგომა და ფეხის გადადგმა არ შემიძლია, გავლა ხომ უფრო შეუძლებელი იქნება, წელს ზევით, მართალია, ცოცხალი მაქვს და სული მიდგას, მაგრამ წელს ქვევით ჩემი სხეული ყოვლითურთ სიცოცხლე მოკლებული არის და არაფერი სიმრთელე მოეპოვება რა. ორჯერ ასე შევქმნილ ვარ ამ სნეულებისაგანა აქ ყოფნაში, რომ სიკვდილს ცოტას მოურჩი, აღარა იქნა ჩემი განკურნება და რა ვქნა. ჩემი მტრები, რომლებიც მოგახსენებდნენ ავად არ არისო, ვიცი ახლაც არ დაიშლიან ჩემს ბეზღებას... ესეც გიბრძანებიათ: მუხრანს წასვლა შეიძელით და რუსეთს წასვლასაც შეიძლებთო. მოგეხსენებათ, დიახ სხვადასხვა რიგი გზა არის ტფილისიდან. მუხრანი და მუხრანიდან პეტერბურღი. იმავე ფიცით ირწმუნეთ, რომ ამისმა შიშმა გამაბედვინა წამოსვლა აქ, ქალაქში რომ მომკვდარიყავი, მკუდარს აღარა ვინ მომიდგებოდა და არც არავინ მომივლიდა, ისევ გზაზე სიკვდილი ვირჩიე იმ სნეულობაში ყოფნას და იქ სიკვდილს... ახლა ამას ვითხოვ თქვენი ბრწყინვალებისაგან, ეს მოწყალება მოიღოთ: ბაშფორდი მიბოძოთ, რომ კაცი გავგზავნო მის დიდებულებასთან, უმდაბლესი არზი მივართო და შევევედრო მანამდის დამაცალოთ... უმწვერვალესის ვედრებით, ცრემლით გთხოვთ ამ თხოვილის ასრულებას, რათა კაცის გაგზავნის ნებაც მომცეთ და მოსულამდე მისსა კიდეც დამაცლით, რომლისაც მადლობის გამოთქმა აღარ შემეძლება''.

დარეჯან დედოფალი ურემზე დაკრული გადაატარეს დარიალის ხეობას, მისი კივილისა და მოთქმის ხმას უკან მიდევნებული სამხედრო სასულიერო ორკესტრის ხმა აღშობდა...

მარიამ დედოფალიც აღუდგა განკარგულებას და შედეგი ყველასთვის ცნობილია. იმპერატორის ბრძანება სისრულეში მოიყვანეს, ბაგრატიონთა შტოს მიაყოლეს თავადიშვილები, აზნაურები და სხვა დანარჩენები, რომლებმაც ისურვეს მათთან თანხლება. დაინავლა მათი ოჯახებიც. საქართველოზე ნატვრით განაწამები სული რუსეთის ყინულოვან ველებში გაქრა და ბაგრატიონთ ძენი, ძეთა ძენი რუსეთის მიწას მიებარნენ. ათწლეულების მანძილზე დიდი რუსეთის მადა თანდათან იზრდებოდა, საქართველოს სულისა და ხორცის საბოლოო შთანთქმის ვნებამ საზღვარს გადააჭარბა. უფალმა ჟამი დაარისხა და თითქმის ორსაუკუნოვანი მკაცრი უსამართლობის მხილება დაიწყო. დაიწყო აღდგომა სიცოცხლე... შერჩენილმა საქართველომ ცარიელი ხელებით, მხოლოდ ხვალის იმედით, მხოლოდ შეუდრეკელი გენის მქონე ახალგაზრდობით, მხოლოდ რუსეთისაგან შელანძღული ჩვენი ძველი კულტურის ძალითა და მადლით, შემჭიდროებისა და ურთიერთსიყვარულის, მიტევებისა და ერთგულების, უფლისა და გონის წყალობით, დაიწყო ავლა დიდი აღმართისა საქართველოს დამოუკიდებლობისაკენ. უფალი და ჩვენი შინაგანი გულისთქმა გვარწმუნებს, რომ ავივლით აღმართს. ალაპარაკდა დამალული სიმართლე, აკრძალული დოკუმენტები. ხალხს იმედი მოეცა, თავგანწირული წინამძღოლის გვერდით დადგნენ რჩეულნი ახალგაზრდობიდან. არაფერს არ შეუძლია ზეაღსვლის შეჩერება, ხალხის რჩეულმა წინამძღოლმა უნდა გაგვიყვანოს იმ წყვდიადიდან რომლისადმი სიძულვილი საფლავში ჩაიტანეს ქართველმა მამულიშვილებმა. თავდადებულთა ძვლებიც ეხმაურება იმ ახალ თაობას, რომელიც თავისუფალი საქართველოს მომავალს ჰქმნის. გონიერება, იმედი, შრომა, სიყვარული და სწორი ხელმძღვანელობა  დაიხსნის ერს ყველა მოსალოდნელი ხიფათისაგან. გვჯერა!  

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq