საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

თეიმურაზ ბაგრატიონი და მარი ბროსე
გურამ შარაძე

თეიმურაზ ბაგრატიონი (23.IV.1782-25.X.1846) პირველი ქართველი აკადემიკოსი და აღორძინებული ქართული მეცნიერების ერთ-ერთი დიდი წინამორბედია.

აკად. მარი ბროსემ მოგვცა თეიმურაზ ბაგრატიონის იშვიათი სიზუსტით და გულწრფელობით დახატული პორტრეტი: ,,მე არ შემიძლია განუცვიფრებლად წარმოვსთქვა თეიმურაზ ბატონიშვილის სახელი, რომელშიაც მაღალი ზნეობა შეერთებულია განათლებულ გონებასა და ვრცელ მეცნიერებასთან... რომლის მიზანი არის თავისი შრომით უკვდავჰყოს ხსენება თავისი ერისა, და რომლის მდაბალ მოწაფედ, სვინდისის ქვეშ უნდა ვთქვა, აღვიარებ ჩემს თავს... თუ როგორმე მოეწონათ ქართველთა ბეჯითობისა ჩემისა მცირედი ნაყოფი, ვაღვიარები, მაღლის ხმით ვემოწმები: ამისი მოვალე ვარ ბატონიშვილის თეიმურაზისა სწავლისა''.

საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, სხვა ქართველ ბატონიშვილებთან ერთად, თეიმურაზმა მთელი თავისი სიცოცხლე პეტერბურგში გაატარა. აქ გაშალა სამეცნიერო და სამწერლო მოღვაწეობა, აქვე მოხდა მისი აღიარება – 1837 წელს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად არჩევა, ხოლო სხვადასხვა დროს პარიზისა და კოპენჰაგენის სამეცნიერო საზოგადოებათა წევრად ჩარიცხვა. თეიმურაზ ბაგრატიონის ცხოვრება და შემოქმედება რუსეთ-საქართველოს კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობათა მატიანის ახალი ღირსშესანიშნავი ფურცელია.

საგანგებოდაა აღსანიშნავი ის გარემოება, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძესა და სოლომონ რაზმაძესთან ერთად თეიმურაზ ბაგრატიონია ალექსანდრე პუშკინის პირველი ქართველი მთარგმნელი: თეიმურაზისეულ ალბომებში გვხვდება ჩანაწერები ალ. პუშკინის ცხოვრების ეპიზოდებზე, ფანქრით ჩახატული უცნობი მამაკაცის პორტრეტი, რომელიც ზოგადი იერით ძლიერ მოგვაგონებს ახალგაზრდა პუშკინს. აქვეა თეიმურაზის ხელით ნასწორები ალ. პუშკინის ნაწარმოებთა სოლ. რაზმაძისეული ქართული თარგმანები (,,განღვიძება'', ,,ღიშპანური სიმღერა''...), რაც რუსეთის უპირველეს პოეტთან ქართველი მეცნიერის ახლო ნაცნობობისა და ურთიერთობის მრავლისმეტყველი ფაქტებია.

თეიმურაზ ბაგრატიონმა დაგვიტოვა მდიდარი და მრავალფეროვანი სამეცნიერო-სამწერლო მემკვიდრეობა, რაც თვალსაჩინოდ მოწმობს მის კეთილშობილურ ღვაწლს მშობლიური მეცნიერებისა და კულტურის წინაშე: თეიმურაზ ბაგრატიონი საქართველოს ისტორიის თვალსაჩინო მკვლევარია (,,ისტორია დაწყებითგან ივერიისა...''). მან ბევრი რამ გააკეთა როგორც ძველი ქართული სასულიერო, ისე საერო მწერლობის საკვანძო საკითხების გადასაწყვეტად; განსაკუთრებულია მისი წვლილი რუსთველოლოგიაში (,,განმარტება პოემა ვეფხისტყაოსანისა''), ფოლკლორისტიკასა (უძველესი ფოლკლორული ჩანაწერები) და პოეტიკაში (,,გვარნი ანუ საზომნი ქართულისა ენისა სტიხთა''), ლექსიკოგრაფიაში. საყურადღებოა თეიმურაზ ბაგრატიონის ორიგინალური მხატვრული მემკვიდრეობა და მთარგმნელობითი მოღვაწეობა. მის კალამს ეკუთვნის ქართული ეროვნული დრამატურგიის ერთ-ერთი პირველი ძეგლი ,,სამსახეობა რაინდისა'', პოემა ,,ოქროს ვაშლი'' და ლექსები. ამას გარდა, თეიმურაზმა მშობლიური ლიტერატურის საუნჯე გაამდიდრა ევროპული და აღმოსავლური მწერლობის პირველხარისხოვანი ძეგლების ქართულ ენაზე გადმოღებით: სხვადასხვა დროს მას უთარგმნია არისტოტელე და ტაციტუსი, ციცერონი, ვოლტერი, ჯეიმს მორიერი...

განსაკუთრებული მოვლენაა ჩვენი მეცნიერების ისტორიაში მარი ბროსე. ქართველმა ხალხმა იგი დიდი ხანია თავის უკვდავ მოღვაწეთა შორის ჩარიცხა, ეროვნებით ფრანგი თავის დიდ თანამემამულედ შერაცხა, მისთვის თავდადებულ უანგარო მოამაგედ აღიარა!

ილია ჭავჭავაძის სიტყვებით, ,,მარი ბროსეს... დიდი სამეცნიერო შრომა მიუძღვის ჩვენი მხრის წინაშე. ევროპიელთაგან მან პირველმა აიღო ჩვენი ქვეყნის ისტორია და ლიტერატურა სამეცნიეროდ შესწავლის სპეციალურ საგნად და მიიპყრო მთელის განათლებული ქვეყნების მეცნიერთა ყურადღება''. მარი ბროსეს დაბადების ასი წლისთავის გამო საფრანგეთის განათლების მინისტრისადმი 1902 წელს გაგზავნილ დეპეშაში ილია ჭავჭავაძე მარი ბროსეს უწოდებდა ,,საქართველოს უწარჩინებულეს ისტორიკოსს და საქართველოს ისტორიის გამავრცელებელს მსოფლიო ფრანგულის ენითა...საფრანგეთის დიდებული ერი ჰქმნის დიდებულ კაცთა არა მხოლოდ საფრანგეთისათვის, არამედ ყველა ერისათვის. სალამი საფრანგეთს!'', ხოლო განსვენებული მეცნიერის ვაჟს, ცნობილ მეცნიერ-ბიბლიოგრაფს ლორან ბროსეს ილია სწერდა: ,,ჩვენი მამული სამუდამოდ შეინახავს მის სახსოვარს ქართველთათვის ყოვლად ძვირფას სახელთა შორის''.

მარი ბროსე საქართველოთი და ქართული ენით პირველად ცნობილმა ორიენტალისტმა, აკად. სენ-მარტენმა დააინტერესა. მ. ბროსე დამოუკიდებლად შეუდგა ქართული ენის შესწავლას, გაეცნო პარიზის სამეფო ბიბლიოთეკაში დაცულ ქართულ ხელნაწერებს (ვახტანგ VI  სამართლის კრებული, ვეფხისტყაოსანი, ქართული ქრონიკა, ბიბლიური წიგნები...); ჯერ კიდევ ბერძნულ სახარებაზე მუშაობისას შეისწავლა და გამოიყენა ბაქარის ქართული ბიბლიის (მოსკოვი, 1743 წ.) ტექსტი, ასე რომ, 1827 წლიდან იწყება მარი ბროსეს ნაყოფიერი ქართველოლოგიური მუშაობის ხანა, რომელიც ახალ საფეხურს წარმოადგენს ქართველოლოგიის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის განვითარების ისტორიაში.

1829 წელს მ. ბროსე თავისი თანამემამულის აკად. ფრანც შარმუას მეშვეობით პარიზიდან წერილობით დაუკავშირდა პეტერბურგში მცხოვრებ თეიმურაზ ბაგრატიონს და სთხოვა კონსულტაცია გაეწია მისთვის. ბროსეს ქართულით აღტაცებული თეიმურაზი 1830 წლის 18 ივლისს სწერდა ფრანგ ქართველოლოგს: ,,სრულიად ევროპიისა სწავლულთა შორის აწ შენ იწყე პირუელად და თვინიერ მოძღვრისა და მასწავლებლისა მხოლოდ თავით თვისით მშრომელი მიიწიე ესეოდენსა საზომსა ქართულისა ენისა და წერილისა სწავ

ლისასა... რომელმანცა განმაკვირვა მე დიდად... მე მოსწრაფე ვარ და უეჭველად დიდისა კმაყოფილებითა მზა ვარ ვითარცა მოყუარესა მამულისა ენისა ჩემისასა, მე თვით გექმნები შენ თანამოსაუბრე, ესე იგი კორრესპონდენტი...''

თეიმურაზი ბროსეს პარიზში ამარაგებდა ქართული წიგნებით, ხელნაწერებით, ისტორიულ-ფილოლოგიური ხასიათის ცნობებით და გამხნევებასთან ერთად, მუდამ მეცნიერული სიფრთხილისა და სიზუსტისაკენ მოუწოდებდა: ,,ეგრეთ დააბეჭდინე, რომ ან მე და ან თქვენ არავინ დაგვზრახოს, რომ ფრთხილნი არ არიან ლიტერატურაშიო'', ან კიდევ: ,,რომელსაც ვერ მიხვდე, მკითხე, რომ ტყუილები არ ჩაგვიწერო, თორემ სირცხვილი იქნება, მერმე ქართველები მე დამცინებენ, აი, ამისთანა შეგირდი გყავსო''.

პეტერბურგში მარი ბროსემ გაშალა ფართო ქართველოლოგიური მოღვაწეობა. გარდა თეიმურაზ ბაგრატიონისა, მ. ბროსემ უშუალო კონტაქტი დაამყარა პეტერბურგისა და მოსკოვის ქართული კოლონიის წევრებთან. სამაგალითოა მ. ბროსესა და პირველი ქართველი პროფესორის დავით ჩუბინაშვილის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი თანამშრომლობა. ამას გარდა, მან გაიჩინა მეცნიერი კორესპონდენტები საქართველოშიაც (თავდაპირველად პლატონ იოსელიანი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, პავლე ინგოროყვას ვარაუდით, თითქოს ნიკოლოზ ბარათაშვილიც და სხვები. მოგვიანებით კი – დიმიტრი ბაქრაძე, დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილი, რაფიელ ერისთავი, ზაქარია ჭიჭინაძე). პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის სტამბაში თეიმურაზ ბაგრატიონისა და მარი ბროსეს თანამშრომლობით ჩამოისხა ქართული შრიფტის ახალი სახეობა...

მარი ბროსეს მოღვაწეობამ აღფრთოვანება გამოიწვია ქართლის ბედით დაინტერესებულ მოწინავე ქართველ ახალგაზრდობაში: ზაქარია ფალავანდიშვილი 1838 წელს სწერდა მარი ბროსეს: ,,ჩვენ ყოველთა ივერთა გვძევსთ თქვენი ვალი, ვგრძნობთ ამას... ერწმუნეთ ქართველების წრფელ ერთგულებას''. ხოლო პლ. იოსელიანი ფრანგი ქართველოლოგის საქმიანობას ,,ახალი დიდი ეპოქის დასაბამს'' უწოდებდა და დასძენდა: ,,განიღვიძა საუკუნოობითი დუმილისაგან საქართველოს ძველმა და პირველჟამითმა დიდებამ... დასაბამად ამა დიდისა ეპოხისა გამოსჩნდით თქვენ!''

1847 წელს მ. ბროსეს აუხდა სანუკვარი ოცნება: იგი ჩამოვიდა ,,თავის აღთქმის ქვეყანაში'' და დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ფეხით მოიარა თითქმის მთელი საქართველო, იყო სომხეთშიც, ჩვენს ქვეყანაში მას მეგზურობას და მასპინძლობას უწევდნენ პლატონ იოსელიანი, გიორგი ერისთავი, დავით და ეკატერინე დადიანები, რაფიელ ერისთავი, თადეოზ გურამიშვილი (ილია ჭავჭავაძის სიმამრი) და სხვანი.

ქართველთა აღტაცებულ შეხვედრებს მ. ბროსე მოკრძალებით უპასუხებდა: ,,გულითად ვგრძნობ და დიდათ მადლობელი ვარ მოწყალებისა თქუენისა და პატივისცემისათვის, რომელი გიჩუენებიათ ჩემდა. მაგრამ მე ისეთი ამპარტავანი არა ვარ, რომ თავსა ჩემსა მივაჩემო ასეთი პატივით მიღება თქუენ მიერ... ღმერთმან ინება აღმირჩია მე უღირსი საქართუელოს ლიტერატურისა განმაღვიძებლად, რა შემეძლო თვინიერ [თქვენი] შეწევნისა... შევერთდები თქუენთანა გულითა და მუშაკობითა''.

არ დარჩენილა ქართველთმცოდნეობის თითქმის არც ერთი დარგი (ენა, ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება...), რომლის მეცნიერული საძირკვლის განმტკიცებასა და შემდგომ წინსვლაში მ. ბროსეს ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე საკუთარი წვლილი არ შეეტანოს. ამ მხრივ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ,,ვეფხისტყაოსნის'', ,,ქართლის ცხოვრების'', ვახუშტის ,,ღეოღრაფიული აღწერის'' და სხვათა ბროსესეული ფუნდამენტური გამოკვლევები და პუბლიკაციები, აგრეთვე, ფრანგული თარგმანები. მ. ბროსე თანდათან ქართველოლოგიის აღიარებული მეთაური გახდა. ამას მუდამ აღნიშნავდნენ დავით ჩუბინაშვილი, ალექსანდრე ცაგარელი, დიმიტრი ბაქრაძე, თედო ჟორდანია, ექვთიმე თაყაიშვილი... აკად. ნიკო მარი მ. ბროსეს უწოდებდა იმ დროისათვის ,,ერთადერთ ევროპელ ქართველოლოგს ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით... რომელიც მოგვევლინა ევროპულ მეცნიერებაში ქართველობის ისტორიული თვითშეგნების განმმარტებლის როლში'', ხოლო ივ. ჯავახიშვილის აღიარებით, ,,საქართველოს მეთოდური მეცნიერული შესწავლის მეთაურად უცილობლად უნდა ფრანგი მარი ბროსე იქმნეს ცნობილი''.

მარი ბროსემ ღირსეულად მოიმკო თავისი ხანგრძლივი ცხოვრებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის დიდი ჭირნახული: ფრანგი ქართველოლოგი მოესწრო იმ ქვეყნისა და ხალხის ძველი ისტორიისა და კულტურის აღიარებას, რომლის მეცნიერულ შესწავლასა და გამომზეურებას მოახმარა მან მთელი თავისი ძალ-ღონე. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მარი ბროსე სწერდა ზაქარია ჭიჭინაძეს: ,,ქართველები ჩემს ღირსებას მეტად აფასებენ ჩემგან ნაშრომებს მათის მწერლობისათვის, რომელთაგან სიამოვნების გარდა მიმიღია დიდი ბედნიერება. მახსოვს დრო ესე, როდის ჩემნი მემამულენი გიჟად მწოდებდნენ, ვითომ ქართული მწერლობა არა ღირს არაფრისა. მეღირსა, ღვთის წყალობით, წინააღმდეგის დამტკიცება''.

მარი ბროსე გარდაიცვალა 1880 წლის 3 სექტემბერს საფრანგეთში, ქ. შატელროში და იქვეა დასაფლავებული. გამოჩენილი ფრანგი ქართველოლოგის ხსოვნის უკვდავსაყოფად ქართველ მოწინავე საზოგადოებაში მაშინვე გაჩენილა აზრი ,,დანიშნონ ბროსეს პრემია საქართველოს ისტორიის საუკეთესო თხზულებათათვის'', აგრეთვე, ,,დავაწესოთ ბროსეს სტიპენდია და ძეგლიც დავუდგათ მას'', რაც გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძისა და სერგეი მესხის რედაქტორობით გამომავალ გაზეთ ,,დროებაში'' 1880 წლის სექტემბერში (N 190,198). მთელი საქართველო გამოეხმაურა ამ მოწოდებას, მაგრამ მაშინდელი ჩვენი ბედუკუღმართობის გამო მას განხორციელება არ ეწერა. იქნებ ახლა, ჩვენს დროში მაინც შევასხათ ხორცი ამ კეთილშობილურ ჩანაფიქრს!

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq