საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

მეფე - მწიგნობარი
სიმონ ჯაფარიძე

(300 წელი სტამბის შექმნიდან)

ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მრავლად მოგვეპოვება მაგალითები ქართველი ხალხის თავდადებული ბრძოლისა, ეკლესიის სიბრძნისა და მეფეთა თავგანწირვის მაგალითები. ამასთან ერთად, მატიანის ფურცლები ღაღადებენ, რომ ქვეყანაში, თვით უკიდურესი გაჭირვებისა და მტერთა მძლავრობის ხანაშიც კი, ქართველი კაცის შეგნებაში არასოდეს ჩამქრალა მწიგნობრობისაკენ სწრაფვისა და ცოდნის შეძენის სურვილი. თვით დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის მაგალითიც მრავლის მთქმელია, ბრძოლებშიც რომ დაჰქონდა ბიბლიოთეკა, რომელიც მემატიანის სიტყვით _ „ეტვირთოს სიმრავლეს ჯორთა და აქლემთა“.

საქართველოს ძლიერების აღმავლობას, როგორც, მაგალითად მეთორმეტე საუკუნის საქართველოს ყველაზე აღმავალ პერიოდს ახასიათებდა, ივანე ჯავახიშვილის თქმით „ქართველმა მოღვაწეებმა და მწერლებმა გაუმაგრეს საფუძველი“, რამდენადაც მათ „ძლიერი ეროვნული თვითშეგნება შექმნეს!“

ბუნებამ ადამიანს მიანიჭა უნარი _ „გონებით განსაჯოს ყველაფერი, რაც მომხდარა ცისქვეშეთში“. ეს ბიბლიური შეგონება თუ რიგით ადამიანს მოუწოდებს „გონებით განსაჯოს“ მოვლენები, განსჯის ეს უნარი ათასჯერ მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდა მეფეს _ მეუფეს და განმგებელს ქვეყნისა და ხალხის ბედისა.

ბრძოლაში მახვილთან ერთად ჭკუასა და გონებასაც აჭრევინებდა მუდამ ომში ჩართული ჩვენი წინაპარი...

„მაშ იბრძოდეთ, ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო, დღეს ეს ომია _ თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი!“ _ აღნიშნავს თავის ერთ-ერთ საშობაო ეპისტოლეში დღევანდელი ჩვენი სულიერი წინამძღვარი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

ჩვენ უნდა მივყვეთ ამ შეგონებას, თუ გვსურს შევქმნათ უკეთესი მომავალი და დავიკავოთ ღირსეული ადგილი კულტურულ ერთა შორის.

ამ ღირსეული ადგილისაკენ მიმავალ გზაზე, მწერალ თამაზ ჭილაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, _ „ჩვენი დიდი წარსულის გამოცდილება გვასწავლის და გვაფრთხილებს კიდეც _ არ შეიძლება, თუნდაც მტრისგან დაუძლურებულმა, უკიდურესად გაჭირვებულმა ქვეყანამ მეცნიერებაზე, განათლებაზე ზრუნვა უკეთესი მომავლისათვის გადადოს, კულტურისადმი უყურადღებობა სახელმწიფო ხაზინის სიღატაკით გაამართლოს. მე-18 საუკუნის დასაწყისში, ჩვენზე უარესად გაჩანაგებულ საქართველოში სტამბა დაარსეს და „ვეფხისტყაოსანი“ გამოსცეს! დიახ, კულტურას თუ ცოტა ხნით მაინც თვალს მოუხუჭავ, შეიძლება ვეღარც კი გაახილო. ვერც ერთი, მით უმეტეს ჩვენნაირი ისტორიის, ბედისა და ხასიათის ქვეყანა ვერ მიაღწევს რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას საკუთარი კულტურის გვამზე გადავლით“.

ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ცოტად თუ ბევრად გათვითცნობიერებულმა ყოველმა ადამიანმა იცის თუ რა დაღმასვლას განიცდიდა ქართული სახელმწიფოებრიობა მე-15 საუკუნიდან მოყოლებული, ვიდრე მე-19 საუკუნემდე. 60-იანელთა თაობამ, ჩვენი მწერლობის უბრწყინვალესი წარმომადგენლების, ილიასა და აკაკის მეთაურობით გაუღვიძეს ერს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის სურვილი, მათ შეძლეს ერში გაეღვიძებინათ მინავლებული ეროვნული ღირსების გრძნობა და საფუძველი შეემზადებინათ ეროვნული თვითშეგნებისა და თვითგამორკვევის პროცესების გააქტიურებისათვის.

მაგრამ მანამდე, ვიდრე „თერგდალეულთა“ თაობა იდეოლოგიურ ბრძოლაში სწორ ორიენტირებს დაუსახავდა ერს, მათ დასაყრდენი შეუქმნა წინა საუკუნის გამორჩეული მოღვაწეების ძალისხმევამ თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის. ამიტომ შემთხვევითი არ იყო ჩვენი თანამედროვე მწერლის, თამაზ ჭილაძის ზემოთმოხმობილ სიტყვებში ნახსენები მე-18 საუკუნის საქართველოს უმწვავესი სოციალური და პოლიტიკური კატაკლიზმების დროსაც კი თბილისში სტამბის დაარსებისა და საქართველოს უპირველესი წიგნის, _ „ვეფხისტყაოსნის“ დასტამბვის ფაქტის აღნიშვნა.

„ვეფხისტყაოსანი“ ჩვენამდე მოვიდა როგორც ძეგლი დიდებისა და სათნოებისა, ძეგლი _ ერის სულიერი სიძლიერისა და უკვდავების დასტურად, რომელიც მრავალი განსაცდელის მიუხედავად „ხელიხელ საგოგმანებელი მარგალიტივით“ შემოინახა ხალხმა, საუკუნეების განმავლობაში ზეპირად რომ სწავლობდა ან ანდერძად გადასცემდა თაობებს სანთლის შუქზე სათუთად გადაწერილ პერგამენტებს.

„ვეფხისტყაოსნის“ მეცნიერულად განმხილველი, პირველი რედაქტორი და სტამბურად გამომცემელი იყო ვახტანგ მეექვსე _ დიდად განსწავლული, გულმოწყალე და გონებანათელი, მაგრამ დიდად შეჭირვებული მეფე ქართლისა.

ვახტანგ მეექვსე მოღვაწეობდა მე-17-18 საუკუნეების მიჯნაზე (1675-1737); ეს ის პერიოდია, როცა ქართველ მეფეებზე მეტი უფლებებით დამპყრობლები სარგებლობდნენ ძალაგამოცლილ ქვეყანაში. თვით მეფე ვახტანგმა, თავისი ცხოვრების თითქმის ნახევარი სამშობლოს გარეთ გაატარა; იგი სპარსეთის შაჰის ბრძანებით ტყვეობაში იმყოფებოდა ქირმანს, ხოლო შემდეგ იძულებული გახდა რუსეთს გადახვეწილიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1737 წელს.

როგორც შაჰის ტყვეობაში, ისე რუსეთში იძულებითი ლტოლვილობის დროს, მეფე წუთითაც არ ივიწყებდა საქართველოს; ეწეოდა შემოქმედებით-მთარგმნელობით მუშაობას, თარგმნა მთელი რიგი სპარსული ნაშრომები ასტრონომიასა და ფილოსოფიაში; სპარსულიდანვე თარგმნა და სულხან-საბა ორბელიანის მიერ ბრწყინვალედ „გაჩალხული“ და „გასრულებული“ დაგვიტოვა იგავ-არაკების შესანიშნავი კრებული „ქილილა და დამანა“. ვახტანგმა უშუალოდ მიიღო მონაწილეობა თავისი აღმზრდელისა და მასწავლებლის, სულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონის გასრულებაში და სწორედ მან შეარქვა ამ დიდებულ ნაშრომს „სიტყვის კონა“.

მეფე და პოეტი კულტურულ საქმიანობას მთელი მონდომებით ეკიდებოდა როგორც ქირმანში ყოფნისას, ისე სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. მეფის საქმიანობა კულტურის სფეროში მიმდინარეობდა მოთარეშე მტრებისა და შინაურ მოღალატეთა წინააღმდეგობისა თუ სხვა მრავალ რთულ დაბრკოლებებთან ბრძოლის ატმოსფეროში. საქართველოს მომავლისათვის მზრუნველმა მეფემ  ამ ვითარებაში „შრომითა ფრიადითა და წარგებითა მრავალთა საფასეთა“ 1707-1708 წლებში თბილისში ათოთახიანი სახლი ააგო, რომელსაც მაშინ ზოგი „წიგნის ქარხანას“, ზოგი „სტამბის სახლს“ უწოდებდა. ეროვნულ ქართულ სტამბაში წამოიწყო მან ფართო მასშტაბით ბეჭდვა როგორც სასულიერო, ისე საერო წიგნებისა.

1712 წელს აქ დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი და ამასთან ერთად _ „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ბეჭდური გამოცემა, რომელიც მანამდე მოღწეული ხელნაწერების მიხედვით შესწავლილი, გაანალიზებული და შეჯერებული იქნა ვახტანგისავე შედგენილ „სწავლულ კაცთა კომისიის“ მიერ; კომისიის ღვაწლი მხოლოდ „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემით არ განისაზღვრება: მის მრავალმხრივ საქმიანობას თვით სწავლული მეფე ედგა სათავეში.

ვახტანგ მეექვსემ, სტამბის სახლის დამთავრებისას მესტამბეთა უხუცესად, მოძღვრად ანუ გამგედ და ინსტრუქტორად დანიშნა ანთიმოზ ივერიელის მიერ რუმინეთიდან გამოგზავნილი ოსტატი მიხეილ სტეფანეს ძე იშტვანოვიჩი, რომელიც ცნობილია მიხეილ უნგროვალახელის სახელწოდებით.

მიხეილ უნგროვალახელმა, ვახტანგის მიერ აგებული ათოთახიანი „წიგნის ქარხანა“ საამქროებად დაჰყო, თითოეული საამქროს მოწყობილობა (შრიფტები, სასტამბო იარაღები, ინვენტარი) თვითონ გააკეთა და თვითონვე ხელმძღვანელობდა წიგნების ბეჭდვასაც. რედაქტორებად და ბერძნულ-სპარსული ენებიდან „ქართულ ენაზე შემწყობებად“ ანუ მთარგმნელებად მუშაობდნენ ცნობილი პირები, მათ შორის თვით ვახტანგ მეექვსე (რედაქტორი, ლექსიკოგრაფი და „ვეფხისტყაოსნის“ კომენტატორი; „ქართლის ცხოვრების“ მასალების შემკრები და სხვა მრავალი პოეტური და სამეცნიერო ნაშრომის შემქმნელი); რედაქტორებად იყვნენ, აგრეთვე, ფრიად განსწავლული მოღვაწენი, ნიკოლოზ და სულხან-საბა ორბელიანები.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სწავლულებისა, წიგნებს რედაქტორობდა ხელმწიფის კარის დეკანოზის შვილი მიქაელი, რომელიც მიხეილ უნგროვალახელის შემდეგ, როგორც მისი ყოფილი მოწაფე, სტამბას ჩაუდგა სათავეში. ამ პირველ რედაქტორთა ღვაწლი განსაკუთრებით დასაფასებელია იმ მხრივ, რომ უკუაგდეს ხალხისათვის ძნელად გასაგები ბუნდოვანი წიგნური ენა; წერდნენ, თარგმინდნენ და ასწორებდნენ „სოფლური ენით“, ე.ი. იმ ხალხური ენით, რომელზეც მეტყველებდა მაშინდელი ქართველობა.

ვახტანგ მეექვსემ დიდი შრომა გასწია სახელმწიფოებრივი წესრიგისა და საგარეო უშიშროების დასამყარებლად. ვახტანგის უმნიშვნელოვანეს ნაშრომთა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს სამართლის წიგნთა კრებულს, რომელიც 1705-1708 წლებშია შექმნილი და ქართული სამართლის მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც, დამსახურებულად ეწოდა მას „ვახტანგის სამართლის წიგნი“, ხოლო მეფეს _ სჯულმდებელი. მანვე მოაწესრიგა ადმინისტრაციული სისტემა და საგადასახადო მეურნეობა და შეიმუშავა „დასტურლამალი“.

ვიდრე საკუთარი სამართლის წიგნს შეადგენდა, ვახტანგ მეექვსემ შეაგროვა ძველი ქართული თუ უცხოური (ებრაული, ბერძნული, სომხური) სამართლის წიგნები და ერთ კრებულად გააერთიანა, რომელსაც შემდეგ საკუთარი „სჯულიც“ დაურთო. სამართლის წიგნი ვახტანგ მეექვსემ დარბაისელთა (საერო და სასულიერო ფეოდალების) უშუალო მონაწილეობით შეადგინა, რაც მალე მთელ საქართველოში მოქმედ კანონთა წიგნად იქცა. გამოცემა ეყრდნობა პირადად ვახტანგის მიერ შესწორებულ ტექსტს. სამართალი 270 მუხლისაგან შედგება, რომელსაც ერთვის შესავალი და ბოლოსიტყვაობა.

წიგნში, მოსამართლეთა მოვალეობანი მეფის, ღვთისა და ერის წინაშე, ასეა განსაზღვრული:

„მოგახსენებთ მეფეს, მსაჯულს და სასამართლოში მყოფ ყველა კაცს _ ეს იცოდეთ, რომ ღმერთი თქვენგან, სამართლის გარდა, არას ითხოვს და უსამართლობას რისხვით მოევლინება, უსამართლობა კაცს უძეოდ გადააშენებს, სამშობლოს აუოხრებს, ცა ცვარს დააკლებს და ქვეყანა ნაყოფს, ამ სოფელს შეარცხვენს და იმ სოფელს წასწმედს და საუკუნო სატანჯველს დაუმკვიდრებს. მოსამართლე უნდა იყოს დიდად მჩხრეკელი, მიმხვდარი, გონება - აუჩქარებელი, დაწყნარებული, საჩივრის ყურის მიმგდები.

მოწმის მაძებარი უნდა იყოს უქრთამო და ღმრთის მოშიში. თუ მოსამართლე ყურადღებით არ მოუსმენს, ან მომჩივანს გაუბრაზდება, სიმართლეს ვერ გაარკვევს და „უსამართლო მოუვა“. არც მარტო მომჩივანს უნდა მიენდოს და მეორე მხარეც უნდა ალაპარაკოს. დაკითხოს მოწმეები, სიმართლის დადგენას ეცადოს და განაჩენი აჩქარებით არ გამოიტანოს. „თუ გრძელი და დიდი რამ საჩივარი იყოს, ორისავე სიტყვა მდივანმან დაწეროს, რაიმე არ დაავიწყდეთ და მერმე ცალკე გასინჯონ. მაგრამ მოსამართლე თუ ან ქრთამით, ან მოყვრობით, გინა შიშით, ან თუ სიყვარულით და ანუ მტერობით ერთს მეორეზედ მიუდგა _ არ იქნების და არც სამართალი მოხდების!“

განაჩენთა ნუსხაში კარგად ჩანს, რამდენად აქტიურად იყენებდნენ ვახტანგის სამართალს მე-18 საუკუნის სასამართლო გადაწყვეტილებებში; თუ განსაკუთრებული მნიშვნელობისა არ იყო, განაჩენი გამოჰქონდათ მოსამართლეებს, მაგრამ ამ განაჩენს მეფე აუცილებლად ამტკიცებდა, ხოლო საეკლესიო საქმეებზე სამღვდელო პირებს გამოჰქონდათ გადაწყვეტილება, რასაც კათალიკოსი ამტკიცებდა. თუ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იყო, კათალიკოსის გამოტანილ განაჩენს მეფეც ამტკიცებდა. ეკლესიაც ვახტანგის სამართლით სარგებლობდა.

საჭიროა აღინიშნოს, რომ ცივილიზებული სახელმწიფოს ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია კანონისა და კანონიერების არსებობა, რასაც ვახტანგ მეექვსეს სამართლის წიგნი განაპირობებდა; მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ სამართალი და სამართლიანობა ქართველ მეფეთათვის ოდითგანვე დამახასიათებელი ნიშან-თვისება იყო.

ჯერ კიდევ დავით აღმაშნებლის ეპოქაში, როდესაც დავითს რადიკალური ღონისძიებების გატარება სჭირდებოდა ეკონომიკურად და პოლიტიკურად დამდაბლებულ ქვეყანაში, იგი იყო მოწყალე და შემწყნარებელი განმგებელი თავისი ქვეყნისა, ვისაც არა მარტო განაჩენი გამოჰქონდა დამნაშავეთა წინააღმდეგ, არამედ ზრუნავდა ქვრივ-ობლებზე, ავადმყოფებზე, რომელთაც უხსნიდა სამკურნალო სახლებს, იყო შემწყნარებელი და მცოდნე სხვა რელიგიების მიმდევართა აღმსარებლობისა.

საყოველთაოდ ცნობილია თამარ მეფის დროინდელი ჰუმანური დამოკიდებულება ქვეშევრდომთა მიმართ, რამაც განაპირობა იმ დროისათვის ისეთი უპრეცედენტო მოვლენის უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფოში სიკვდილით დასჯის აღკვეთა.

ნიშანდობლივია ასეთი ფაქტიც თამარის ეპოქისთვის: 1187 წელს შედგენილია თამარ მეფის მიერ სოფელ ჭორვილას შეწირულობის სიგელი გელათის ღვთისმშობლის მონასტრისათვის, თორმეტი უსახსრო მწირის გამოსაკვებად. მონარქთა ამგვარი მოქმედება იწვევდა ადექვატურ ქცევას ერში, ქვეყნისა და მეფის მიმართ, მაგრამ გარეშე თუ შინაური მტრების სივერაგე ხშირად არღვევდა ქვეყნის ერთიანობას და მონოლითურ მთლიანობას.

ფრანგი საეკლესიო მისიონერის, სენიორ აბე გოდეროს მოგზაურულ თხზულებაში _ „საფრანგეთში მეგობრისადმი მიწერილი მოთხრობები სპარსეთზე“, რომელიც ეპისტოლარული ჟანრის ნაწარმოებია და 1701 წლითაა დათარიღებული, კარგად ჩანს ავტორის დაკვირვებული თვალი და ისტორიული ცოდნა ვახტანგ მეექვსის წინარე და მისი მეფობის დროინდელი ეპოქისა, რომელსაც ეძღვნება წიგნის 29-32 ფურცლები:

„ქართველი აღმოსავლეთში ყველაზე გულადი ვაჟკაცია _ აღნიშნავს სენიორ გოდერო _ სეფის ძალიან შეეშინდებოდა ქართველების, რომ არა მისი ცბიერი პოლიტიკა _ მან შეიმუშავა ორი ხერხი, რათა თანდათანობით და შეუმჩნევლად გაენადგურებინა ისინი.

პირველი _ საქართველოს სამეფო კარის ორ შტოდ გაყოფა და მათი ურთიერთწაქეზება. მას კარგად მოეხსენებოდა, თუ როგორ ჩამოეგდო ურთიერთშორისი შუღლი და მტრობა: ჯერ ერთმანეთს წაჰკიდებდა, მერე ორივეს დააშოშმინებდა, შემდეგ ხან ერთს წყალობდა განსაკუთრებულად, ხან ორივეს ერთდროულად. მისი აზრით, ქართველები მუდმივად ამით უნდა ყოფილიყვნენ დაკავებულნი, რომ არაქათგამოცლილებს აზრადაც არ მოსვლოდათ გაერთიანებულიყვნენ საერთო მტრის წინააღმდეგ. მათ ერთმანეთისადმი შურისა და შუღლისადმი უნდა შეეწირათ თავისი ერის დარჩენილი სისხლი და ძალა.

მეორე _ ორივე სქესის მცირეწლოვანი ქართველი ბავშვების 2 წლის ასაკიდან გატაცება. ქართველებს მსოფლიოში საუკეთესო სისხლის მქონე ხალხის სახელი აქვთ, რაც ბევრს უბიძგებს ძალმომრეობისაკენ _ არა მხოლოდ თურქი და სპარსი, არამედ თათრები და ინდოელებიც კი ყიდულობდნენ საქართველოში მონებს. ვინ შეიძლება წარმოიდგინოს ამაზე საშინელი სურათი: დილიჟანით მიმავალთ, ხშირად უნახავთ საქართველოს ტყეებსა და მთებში მიმოფანტული ბავშვთა გვამები. აუწერელია ბარბაროსობა, რასაც მათ მიმართ სჩადიან _ დედას მკერდიდან გლეჯენ ბავშვებს. განუზომელია მათი მწუხარება და სასოწარკვეთილება. ყველაზე სასტიკი სინამდვილე გახლავთ ის, რომ თვით მშობლები ზოგჯერ იძულებულნი არიან თავისი ნებით ან იძულებით დაკარგონ ყველაზე ლამაზი შვილი, არის შემთხვევები, რომ თვითონ მიმართავენ უცხოელებს საკუთარი შვილის, სისხლისა და ხორცის გასაყიდად და ამისათვის მათ მცირე გასამრჯელოც კი აკმაყოფილებთ“...

ჩრდილოელმა იმპერიამაც არ დაინდო ქართლი და მეფე ქართლისა, როცა პეტრე პირველმა მტერთან ერთობლივი ბრძოლის ნაცვლად, უბრძანა თავის ჯარს შუა გზიდან უკან დაბრუნებულიყო, რითაც მძიმე ლახვარი ჩასცა მტრის ხელში საჯიჯგნად მიტოვებულ საქართველოს, ხოლო ვახტანგ მეექვსე, იძულებული გახდა სამეფო კარის 1200 წარმომადგენელთან და მათს უამრავ მოსამსახურე პერსონალან ერთად სამუდამოდ გადახვეწილიყო რუსეთში.

მიუხედავად ეკონომიკური და პოლიტიკური ძნელბედობისა, ვახტანგმა და მისმა შთამომავლებმა, სამეფო კარის წარმომადგენელმა „სწავლულმა კაცებმა“ მოსკოვშიც ფართოდ გაშალეს სამეცნიერო, ლიტერატურული თუ კულტურული საქმიანონა. ქართული სამეფო კარის განათლებული ფენის დაფუძნებას დაუკავშირდა მე-18 საუკუნის მეცნიერული და ლიტერატურული საქმიანობის თვალსაჩინო აღმავლობა რუსეთში.

მ.ი. ლომონოსოვთან ერთად ვახუშტი ბაგრატიონის მიერ მოსკოვის უნივერსიტეტის დაარსებაში გაღებული წვლილის გარდა, მოსკოვში შემოქმედებითად მოღვაწეობდნენ მაღალი წოდების მეცნიერები და მწერლები, თვით ვახტანგ მეექვსე, ბატონიშვილები ვახუშტი და ბაქარი, იოსებ სამებელი (ქობულაშვილი); ქართველ ინტელექტუალთა დიასპორის წარმომადგენლები _ ამილახვრები და ორბელაძეები, მაჩაბლები და ორბელიანები, ბარათაშვილები და თუმანიშვილები, ფავლენიშვილები და ციციშვილები...

ქობულაშვილთა გვარის წარმომადგენელმა, მწერალმა და საეკლესიო მოღვაწემ იოსებ სამებელმა მიზნად დაისახა ქართული სტამბის დაარსება, რათა გამოეცა ბიბლია და სხვა ქართული წიგნები მოსკოვსა თუ სანკტ-პეტერბურგში. თედო ჟორდანიას თქმით: მან ამ საქმეს მოახმარა მთელი თავისი ცოდნა, გამოცდილება, ენერგია და ქონებაც. ვახტანგ მეექვსეს სიკვდილის შემდეგ მან ბატონიშვილებთან ერთად განაგრძო სასტამბო საქმე და დაწყებული სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობა, რომელსაც სოცოცხლის ბოლომდე არ მიუტოვებია „ეს პატიოსანი საქვეყნო საქმე“.

დღეს ქართული სტამბის კვალი გამქრალია რუსულ მიწაზე, ისევე როგორც კვალი მათი შემქმნელებისა.

ეხლაც ინტენსიურად მიმდინარეობს ქართველთა სალოცავების, საფლავების, წარწერებისა და კულტურული მოღვაწეობის კვალის წაშლა როგორც რუსეთის, ასევე მათ მიერ ოკუპირებულ ქართულ მიწაზე.

არ გამართლდა ჩვენი განათლებული და გულანთებული წინაპრების წრფელი სულისკვეთება, რომ „დიდი რუსეთის გზით მსოფლიო გაიცნობდა და დაუახლოვდებოდა ქართულ კულტურასა და ცივილიზაციას“. ნაცვლად ამისა დაგვრჩა გაქურდული კულტურული მემკვიდრეობა, გაძარცვული ეკლესიები და მონასტრები, მსოფლიო რუკაზე წაშლილი საქართველოს საზღვრები...

ჩვენი ქვეყნის საზღვრების დასაკანონებლად დღემდე გვიხდება ბრძოლა და მომავალშიც დაგვჭირდება დიდი ძალისხმევა მის განსამტკიცებლად და დასაცავად; ასეთ შემთხვევაში საზოგადოების ვალია მზად დახვდეს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ყველა წარმოქმნილ გამოწვევას.

რა განწყობილებაა ჩვენს საზოგადოებაში ამ მხრივ?

მაშინ, როდესაც ქართველ მოღვაწეთა კვალი იშლება, ჩვენი მოქალაქენი უკვე დიდი ხანია, ვახტანგისეული „წიგნის სახლის“ ანუ პირველი ქართული სტამბის ადგილზე, ორ წმინდა და უძველეს ტაძარს _ სიონსა და ანჩისხატს შორის აგებულ რესტორნებში, სამორინეებში და სხვა სათამაშო და გასართობ დაწესებულებებში სულ სხვა ვნებათა ღელვასა და განცდებს არიან აყოლილნი დროის გასატარებლად შეკრებილი მოქალაქენი; ამდენად, აქ არ ისმის არც მსოფლიო გამომცემლობებში გამოცემული, ჩვენი ქვეყნის საზღვრებშეცვლილი რუკების შრიალი, საუკუნეებგამოვლილი ციხე-ტაძრებიდან ჩამოტეხილი ქართული წარწერების ნამსხვრევთა ხმაური და არც ქვათა ღაღადი _ გარეჯის სამანმოშლილი ქვაბებიდან... ამდენად, ერთობ ძნელია შეძლო წინ გახედვა და საკუთარი ქვეყნის ბედის განსაზღვრა, როცა თვითეული ჩვენთაგანი თავისი საკუთარი ბედითა და კეთილდღეობითაა დაინტერესებული.

დიახ, ასეთი განწყობაა თუ სხვაგან არა, ქალაქის იმ არემარეში მაინც, სადაც აშენდა პირველი სტამბა საქართველოში 300 წლის წინ, ხოლო ვახტანგ მეფის გარდაცვალებიდან 275 წლის შემდეგაც ვერ დავიცავით რუსეთში სამეფო საძვალეები ვანდალთა ხელყოფისაგან.

„ნამდვილი მუშა სწორედ იმ ხელსაწყოს ჰხმარობს, რომელიც საჭიროა და არას აურ-დაურევს, _ ამბობს აკაკი წერეთელი, _ ხვნა-თესვის დროს სახნისსა ჰკიდებს ხელს, თოხნის დროს თოხს აიღებს ხელში და მკის დროს _ კი ნამგალს ატრიალებს. ზარმაცი და თვალთმაქცი მუშა _ კი დროს შესაფერად არ ირჯება! თესვა-ხვნის დროს ის ნამგალს ჰლესავს და თანაც გაიძახის: მე უფრო შორს - გამჭვრეტელი ვარ და მომავალზედა ვფიქრობო; პური რომ შემოვა, ნამგალი მზად მექნებაო და სხვანი... მაგრამ სოფელში ამ-გვარს მუშას ცუღლუტს ეძახიან; ყოველი კაცი უნდა აწმყოს მისდევდეს და აწმყოს კეთებაში იქნება მომავლის სამსახურიც იმდენად, რამდენადაც ეს ორი დრო ერთმანეთზედ გადაკავშირებულია“.

ჩვენც, ჩვენს წინაპართაგან ტანჯვითა და წვალებით გამოკაფულმა წარსულმა ჩვენს დღევანდელობაზე უნდა დაგვაფიქროს, რადგან, _ უწმინდესისა და უნეტარესისა არ იყოს: „ბრძოლა დღესაც გრძელდება“...

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq