საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

იმერეთის მეფეები

ბაგრატ II   (ქართლში – ბაგრატ VI)

იმერეთის მეფე 1463-1466 წლებში, ქართლ-იმერეთის მეფე 1466-1478 წლებში (დათარიღება: ბერი ეგნატაშვილი – 1455-1478, ვახუშტი – 1462-1478, თ. ჟორდანია – 1455-1478, ს. კაკაბაძე – 1455-1478).

ოსმალთაგან 1453 წელს კონსტანტინოპოლის და 1461 წელს ტრაპეზუნდის საკეისროს აღებამ საქართველო მეტად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა – იგი მთლიანად მაჰმადიანურ გარემოცვაში აღმოჩნდა. ეტყობა, ოსმალთა გაძლიერების საშიშროება საქართველოს მეფე-მთავრებისათვის სრულიად ნათელი იყო. ეს თუნდაც იქიდან ჩანს, რომ ისინი 1459 წლისათვის დიდ ანტიოსმალურ კოალიციაში ერთიანდებიან და თავიანთ სამოქმედო გეგმასაც წარადგენენ. ქართველთა გაერთიანების წევრად სხვებთან ერთად ბაგრატიც არის მოხსენიებული. კოალიცია, რომელიც ოსმალთა სრულ განადგურებას ისახავდა მიზნად, დასავლეთ ევროპის პოლიტიკოსთა მერყევი პოზიციის გამო დაიშალა. ეს თითქოს ნიშანი იყო მეფე-მთავრებს შორის ბრძოლის განახლებისა.

ქართლისა და სამცხის გამწვავებული ურთიერთობა გამოიყენა სამოქალაქოს (ქუთაისის ოლქი) ერისთავმა ბაგრატმა და 1462 წელს ქართლის მეფე გიორგი VIII-ს (1446-1466) აუჯანყდა. მათ შორის ბრძოლები ადრეც მიმდინარეობდა და გამარჯვება ხან ერთ მხარეს რჩებოდა, ხან მეორეს, ამიტომ ზოგიერთი ცნობით ბაგრატი ამ ამბებამდეც ,,მეფედ'' იწოდებოდა. სამცხის ათაბაგმა ყვარყვარემ ბაგრატ II-ს ქართლის მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში დადიან-გურიელის დახმარება შესთავაზა, სანაცვლოდ კი მათთვის გარკვეულ პრივილეგიებს მოითხოვდა. ბრძოლა 1463 წელს ჩიხორთან მოხდა. ბაგრატმა გაიმარჯვა და ქუთაისში მეფედ აკურთხეს.

ჩიხორის მერე ქართლის მეფემ სამცხეზე ილაშქრა. ყვარყვარე ათაბაგმა მას შებრძოლება ვერ გაუბედა და იმერეთში ბაგრატს შეეკედლა. სპარსთა ხელახალი შემოსევის გამო გიორგი VIII ქართლში დაბრუნდა და 1463 წ. სპარსელებთან ბრძოლაში დამარცხდა; ამის შემდეგ ყვარყვარემ ბაგრატის დახმარებით სამცხე დაიბრუნა. გიორგი VIII არ თმობდა თავის უფლებებს სამცხესა და იმერეთზე და 1465 წ. კვლავ გაილაშქრა სამცხეზე, მაგრამ ფარავანთან ყვარყვარეს ჩაუვარდა ტყვედ. ამით ისარგებლა ბაგრატმა, რომელსაც მხარი დაუჭირა ქართლის რამდენიმე ფეოდალმა, მათ შორის – დავით ბატონიშვილმა, კონსტანტინე ბატონიშვილი კი უმწეობის გამო იძულებული გახდა დამორჩილებოდა. 1466 წლის თებერვალში ბაგრატი ქართლში გადავიდა და თავი ბაგრატ VI-ის სახელით საქართველოს მეფედ გამოაცხადა.

ბაგრატის მეფობის პერიოდში საქართველოში შესაწირის შესაკრებად ჩამოდის ანტიოქიის პატრიარქი მიქაელი (1470-74 –1484 წწ.), რომელიც ამავე დროს ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიების ურთიერთობით ინტერესდება და ეჭვქვეშ აყენებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას. ამ დროს სრულიად გაუგებარ გადაწყვეტილებას იღებს ბაგრატ მეფე: მისი ინიციატივით მიქაელი ცაიშელ-ბედიელ ეპისკოპოს იოვაკიმეს ,,ლიხთ-იმერისა და აფხაზეთის კათალიკოზად'' აკურთხებს (1470-1474), რითაც უგულებელყოფს აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უფლებებს. მიქაელსავე შეადგენინა ბაგრატმა ,,მცნება სასჯულო''; აქ გატარებული იყო აზრი, რომ რადგან აღმოსავლეთში წმ. ნინომ იქადაგა, დასავლეთში კი ანდრია მოციქულმა, ამიტომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიები სხვადასხვა ეკლესიებიაო. ივ. ჯავახიშვილის შეფასებით, ამ ქმედებით ,,ქართული ეკლესიის თავისუფლება მოსპეს და გაანადგურეს''.

ოსმალთაგან დამარცხებული აყ-ყონლუს თურქმანთა სახელმწიფოს გამგებელი უზუნ-ჰასანი (1453-1478) რამდენიმე ლაშქრობას აწყობს საქართველოზე, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს დაშლას. ბაგრატი იძულებული გახდა ეკისრა ყოველწლიური ხარკი უზუნ-ჰასანის სასარგებლოდ.

1477 წ. ქართლ-იმერეთის მეფეს ბრძოლა მოუხდა მისივე გამთავრებულ ვამეყ II დადიანთან (1474-1482), რომელიც დაამარცხა და ერთგულების ფიცის დადების შემდეგ დადიანად დატოვა; შემდეგ მასთან ერთად ქართლში დაბრუნდა და ციხეების ხელში ჩაგდებას შეეცადა.

1478 წელს ქართლ-იმერეთის მეფე რაჭაში გადადის. იქ იგი დასნეულდა და მალე გარდაიცვალა, დაკრძალულია გელათის მეფეთა საძვალეში.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ II, თბ., 1965.

ს. კაკაბაძე, გენეალოგია ბაგრატ VI აფხაზთა და ქართველთა მეფისა, ტფ., 1912.

ქსე, ტ. 2.

ბ. ლომინაძე, საქართველო XV ს-ის II ნახევარში, ერთიანი საქართველოს საბოლოო დაშლა სამეფოებად და სამთავროებად, სინ. ტ. III, თბ., 1979.

მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო 1462-1810 წწ., თბ., 1989.

მ. სურგულაძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლი, გენეალოგიური ტაბულის შემდგენლები მ. სურგულაძე, მ. ქავთარია, თბ., 1975.

პირთა ანოტირებული ლექსიკონი XI-XVII სს-ის ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, თბ., 1991.

 

ალექსანდრე II

იმერეთის მეფე 1484-1510 წლებში (დათარიღება: მ. რეხვიაშვილი – 1478, 1484-87; 1487-1510 წწ.). მამის – ბაგრატ II-ის გარდაცვალების შემდეგ (1478) გამეფება ვერ შეძლო მტრულად განწყობილი თავადების გამო. მათ შორის იყვნენ დადიანი, გურიელი, შარვაშიძე და სხვა. იმერეთში შექმნილი ვითარების გამოყენება სცადა ამ დროს ქართლში გამეფებულმა კონსტანტინე II-მ (1478-1505), რომელსაც საქართველოს ხელახლა გაერთიანება გადაეწყვიტა. 1479 წელს იმერეთში შემოსულ კონსტანტინეს დადიანთან ერთად იმერელ თავადთა უმრავლესობა ეახლა. ალექსანდრე წინ ვერ აღუდგა მათ და თავი ციხესიმაგრეებს შეაფარა. ქართლის მეფემ ქუთაისის ციხე აიღო და იმერეთში გაბატონდა.

ამავე დროს ქართლისა და ახალციხის დაძაბული ურთიერთობა ბრძოლით დამთავრდა. 1483 წელს არადეთთან, მდ. ფრონეს ნაპირას, ყვარყვარე ათაბაგმა დაამარცხა კონსტანტინე II. ამით ისარგებლა ალექსანდრემ, რაჭა-ლეჩხუმი შემოიმტკიცა და 1484 წელს ქუთაისი აიღო. ამავე წელს იგი იმერეთის მეფედ ეკურთხა. ქართლის მეფე წარუმატებლობას არ ურიგდება და, ლიპარიტ II დადიანის (1482-1512) აქტიური მხარდაჭერით, 1487 წელს კვლავ იპყრობს იმერეთს. თუმცა მალე ქართლს იაყუბ ყაენი შეესია და კონსტანტინე სასწრაფოდ ტოვებს იმერეთს, ალექსანდრე II იბრუნებს ქუთაისს (1487-88). ამის შემდეგ მეფე ენერგიულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა: დაიზავა დადიან-გურიელი, აფხაზები და სვანებიც დაიმორჩილა. ახლა უკვე ალექსანდრე ცდილობს ქართული მიწების გაერთიანებას და იწყებს ბრძოლას ქართლისათვის.

1490 წელს კონსტანტინე II-მ მოიწვია დარბაზი, რომელსაც კათალიკოსები, ეპისკოპოსები და წარჩინებულნი ესწრებოდბენ. ამ ეტაპზე დარბაზმა, იმერეთის მეფე-მთავრებთან ბრძოლის თავიდან ასაცილებლად, უარყო მეფის მიერ დასმული საქართველოს გაერთიანების საკითხი, რითაც გაფორმდა საქართველოს დაშლის ფაქტი. 1491-1492 წლებში იმერეთისა და ქართლის მეფეები და სამცხე-საათაბაგოს მთავარი ყვარყვარე II დაზავდნენ და საზღვრები დააკანონეს.

დავით X-ის (1505-1525) ქართლში გამეფების შემდეგ ალექსანდრე II უფრო თავისუფლად მოქმედებს თავისი გეგმის განსახორციელებლად და 1509 წელს აწყობს ლაშქრობას ქართლზე. 6 აგვისტოს ალექსანდრემ აიღო ქ. გორი თავისი მიდამოებით და ჩრდილო-დასავლეთ ქართლში გაბატონდა, მაგრამ მოპოვებული წარმატების განმტკიცება ვერ შეძლო იმერეთში ოსმალთა შემოსევის გამო (1509). ეს იყო თურქთა პირველი გამოჩენა იმერეთში. ალექსანდრე თავისი სამეფოსაკენ გაემართა, მაგრამ მტერი, რომელსაც ქუთაისი და გელათის მონასტერი გადაეწვა, იმერეთიდან უკვე გასულიყო. ამის შემდეგ მეფეს დიდხანს აღარ უცოცხლია: იგი ,,დასნეულდა სალმობითა ძლიერითა'' (ვახუშტი) და 1510 წელს გარდაიცვალა.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

პირთა ანოტირებული ლექსიკონი XI-XVII სს-ის ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, თბ., 1991.

ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. IV, თბ., 1967.

ვ. გუჩუა, საქართველოს პოლიტიკური ვითარება XV-XVI სს-ში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

ქსე, ტ. I.

მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო 1462-1810 წწ., თბ., 1989.

მ. სურგულაძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლი, გენეალოგიური ტაბულის შემდგენლები მ. სურგულაძე, მ. ქავთარია, თბ., 1975.

 

ბაგრატ III

იმერეთის მეფე 1510-1565 წლებში (ვახუშტის დათარიღება – 1510-1548), ალექსანდრე II-ის ძე. გამეფებისას იგი თხუთმეტი წლისა იყო. იმერთა მეფე ბაგრატ III რთული ამოცანის წინაშე იდგა: მას უნდა ეზრუნა ქვეყნის სახელმწიფოებრივ მოწესრიგებაზეც და თურქთა აგრესიის მოგერიებაზეც.

1520 წელს ბაგრატ III-ისა და მამია I გურიელის (1512-1534) უშუალო ჩარევით ქართლის მეფე დავითსა და ლევან კახთა მეფეს შორის ზავი დაიდო. ამ ზავით დასტურდებოდა საქართველოს დაყოფა სამ თანასწორუფლებიან სამეფოდ. 1526 წელს ბაგრატის ასული თამარი ქართლის მეფე ლუარსაბს მოჰყავს ცოლად. ამ პოლიტიკური კავშირის წყალობით იმერეთის მეფემ იმავე წელს მიიღო ქართლის დასავლეთი ნაწილი – მდ. ფრონეს გადაღმა მხარე, ახლანდელი ქარელისა და ბორჯომის რაიონების ნაწილი და ხაშურის რაიონი (ალი, სურამი, ახალდაბა).

გაძლიერებული მთავრები მცირე თავადების ურჩობასაც უწყობდნენ ხელს. მათთან ბრძოლაში ბაგრატ III წვრილ აზნაურებსა და საეკლესიო ფეოდალებს ეყრდნობოდა. საშინაო საქმეების მოწესრიგებისათვის ბრძოლაში იმერეთის მეფეს ზურგი გაუმაგრა საეკლესიო კრების განჩინებამ, რომელიც 23 მუხლისაგან შედგებოდა და ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ იყო მიმართული. კრებას ესწრებოდნენ აფხაზეთის კათალიკოსი ევდემონი, ქართლის კათალიკოსი და დასავლეთ საქართველოს ეპისკოპოსები. კრების გადაწყვეტილებით, ტყვეებით მოვაჭრეებს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ, მაგრამ ეს დანაშაული მთლიანად ვერ აღმოიფხვრა, რადგან ოსმალეთის მთავრობა ყოველნაირად უწყობდა ხელს ადამიანებით ვაჭრობის გაფართოებას. გარდა ამისა, კრებამ მოაწესრიგა ზოგიერთი საეკლესიო წესი, რომელიც დროთა განმავლობაში დავიწყებას მისცემოდა ანდა არასწორად აღიქმებოდა. მეფემ გელათსა და ხონში დააარსა საეპისკოპოსოები (1529-1532), აღადგინა ნინოწმინდის საეპისკოპოსო კათედრა და ეპისკოპოსად მანოელი დასვა, მის დროსვე საკათალიკოსო ტახტი ბიჭვინთიდან გელათში გადაიტანეს.

იმერეთის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ საზღვარზე ჯიქები და სხვა აფხაზურ-ჩერქეზული ტომები შედარებით ადრე მოექცნენ ოსმალეთის გავლენის ქვეშ. მათი საშუალებით კი თურქები აფხაზეთშიც ცდილობდნენ ფეხის მოკიდებას. ამ პერიოდში ოსმალეთმა საქართველოს ჭანეთი (ლაზისტანი) მოსწყვიტა და გურიას შეუტია. თურქებმა ბათუმი ვერ აიღეს, მაგრამ ჭოროხის შესართავთან დამკვიდრდნენ და გონიოს ციხე აჭარისა და გურიის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმად აქციეს.

ბაგრატ III  აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ცხოვრებაში. ქართლის მეფე დავით X-თან (1505-1525), კახეთის მეფე ლევანთან (1518-20 – 1574) და თურქთა ხონთქართან ერთად იგი მონაწილეობდა ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ ბრძოლასა და გოლგოთის მთის უსჯულოთაგან გამოხსნაში. ამ ლაშქრობის შემდეგ ქართველ მეფეებს იერუსალიმში, ქრისტეს საფლავის ტაძარში, წირვის უფლება მოუპოვებიათ.

სანამ თურქეთის სულთნები სელიმ I (1512-1520) და სულეიმან I (1520-1566) დიდ დაპყრობით ომებს ეწეოდნენ, ბაგრატ III შეეცადა ამ ამბით ესარგებლა და სამეფო საზღვრების განმტკიცებას შეუდგა. დადიან-გურიელის ერთიანი მხარდაჭერით ლაშქრობაც მალე განხორციელდა. მტერი ჯიქეთიდან ოდიშ-აფხაზეთსა და გურიის სანაპიროებს ესხმოდა თავს და ამ სამთავროების ტერიტორიებს აოხრებდა, ამიტომ ბაგრატ III-ის თაოსნობით 1533 წ. გურიის მთავარმა მამია I-მა გურიელმა და სამეგრელოს მთავარმა მამია III დადიანმა (1512-1533) ჯიქეთზე ილაშქრეს. მთავრებმა ომი წარმატებით დაიწყეს, მაგრამ დადიანთან უთანხმოების გამო მისმა რაზმმა მიატოვა ბრძოლის ველი და მეორე დღეს, სასტიკი ბრძოლის შემდეგ, მოკავშირეები დამარცხდნენ. დადიანი ბრძოლაში მოკლეს, გურიელი კი დაატყვევეს (შემდგომში იგი კათალიკოსმა გამოისყიდა). ამ მარცხის შემდეგ ბაგრატი გააქტიურდა, და რადგან თურქთა შემოტევის საფრთხე სამცხე-საათაბაგოდან მოდიოდა, მთელი ყურადღება მის დამორჩილებაზე გადაიტანა. 1535 წელს ბაგრატ III-მ ლევან I დადიანთან (1533-1572) და როსტომ I გურიელთან (1534-1564) ერთად სამცხე-საათაბაგოზე ილაშქრა. 12 აგვისტოს ბრძოლა ახალქალაქის ახლოს, მურჯახეთთან მოხდა და ბაგრატის გამარჯვებით დამთავრდა. 1541 წ. მან ქაიხოსრო ათაბაგისა და ოსმალთა შეერთებული ლაშქარი დაამარცხა. ბაგრატ მეფის ესოდენი გაძლიერება აშინებდა დადიანსა და გურიელს. მათი შესაძლო გაერთიანების თავიდან ასაცილებლად მეფემ აჭარა და ჭანეთი გურიელს გადასცა. ამის შემდეგ ბაგრატ III შაჰ-თამაზს ეახლა ყარაბაღში და მხარდაჭერა სთხოვა, სამაგიეროდ კი მთელი სააქართველოს დამორჩილებაში დახმარებას შეჰპირდა. შაჰი სპარსეთში ატეხილი არეულობის გამო მოუცლელი იყო, მაგრამ მეფეს შეწევნა მაინც აღუთქვა და პატივით გამოისტუმრა. ოსმალეთში გახიზნულ ქაიხოსრო ყვარყვარეს ძეს მუსტაფა ლალა ფაშამ დიდძალი ჯარი და ზარბაზნები დაახმარა. ბაგრატ მეფემ ჯარი შეკრიბა, მაგრამ გურიელის დაწინაურებით განაწყენებულმა დადიანმა ლაშქრად გამოსვლა აღარ ინება. 1545 წელს ქარაღთან ბრძოლაში ბაგრატისა და გურიელის ლაშქარმა იმძლავრა. ამით განრისხებულმა სულთანმა უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი გამოაგზავნა. დადიანმა არც ამჯერად ისურვა ბრძოლაში მონაწილეობა. ბაგრატმა დახმარებისათვის ქართლის მეფე ლუარსაბს (1527-56) მიმართა. ბრძოლა 1545 წელს გაიმართა ბასიანში, სოხოისტასთან. ბრძოლის წინ მესხებმა მეწინავეობა ითხოვეს და, უარით განაწყენებულებმა, შუა ომში ბრძოლის ველი მიატოვეს. ქართველები დამარცხდნენ. ოსმალები სამცხეში გაძლიერდნენ. ამ ბრძოლის შემდეგ ოსმალეთის მიმართულებით საქართველოს ციხე-გალავნის ბურჯი მორღვეული იყო.

1555 წლის 29 მაისს ქ. ამასიაში (მც. აზია) დაიდო ირან-ოსმალეთის ზავი, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოს პოლიტიკური დაშლის გაღრმავებას. ბაგრატი იძულებული გახდა სულთნის სასარგებლოდ ხარკი ეკისრა. ამ ზავით თურქებს ერგოთ იმერეთი გურია-სამეგრელოთი და სამცხის დასავლეთი ნაწილი: ტაო-შავშეთი და კლარჯეთი (ჭოხორის აუზი). ამის შემდეგ ოსმალეთი უკვე სისტემატურად არბევდა დასავლეთ საქართველოს. მიუხედავად ენერგიული ქმედებებისა, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მიზეზების გამო, ბაგრატ III-მ ვერ შეძლო ქვეყნის დაღმასვლის შეჩერება.

ბაგრატი 1565 წელს გარდაიცვალა, დაკრძალულია გელათში.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო 1462-1810 წწ., თბ., 1989.

ვ. გუჩუა, ბრძოლა ქვეყნის მთლიანობის აღდგენისათვის და აგრესორთა წინააღმდეგ XVI ს-ის I ნახევარში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

ქსე, ტ. II.

ბ. ლომინაძე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, წგნ I, თბ., 1966.

ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. IV, თბ., 1967.

მ. სურგულაძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლი, გენეალოგიური ტაბულის შემდგენლები მ. სურგულაძე, მ. ქავთარია, თბ., 1975.

პირთა ანოტირებული ლექსიკონი XI-XVII სს-ის ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, თბ., 1991.

ნ. ბერძენიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, საქართველოს ისტორია, ნაწ. I, უძველესი დროიდან XIX ს-ის დამდეგამდე, ს. ჯანაშიას რედაქტორობით, თბ., 1948.

 

გიორგი II

იმერეთის მეფე 1565-1583 წლებში (დათარიღება: ვახუშტი – 1548-1583; ბ. ლომინაძე – 1565-1584; მ. სურგულაძე, მ. ქავთარია – 1565-1584; მ. რეხვიაშვილი – 1565-1586). ბაგრატ III-ის ძე. მისი მეფობისას არ ცხრებოდა ბრძოლა მეფესა და მთავრებს შორის; ფეოდალები პირველობისათვის ბრძოლაში ერთმანეთსაც უმოწყალოდ ანადგურებდნენ. იმერეთის მეფე გურიელს – გიორგი II-ს (1564-1583) დაუმოყვრდა. ამის გამო ლევან I დადიანმა (1533-72) მისი ტახტიდან ჩამოგდება და ხოსრო ბატონიშვილის გამეფება გადაწყვიტა. ლევანის მხარეზე ვარაზა ჭილაძე და ლიპარტიანი იდგნენ. ისინი იმერეთისკენ დაიძრნენ და 1568 წელს იანეთთან მეფისა და გურიელის ლაშქარი ერთმანეთს შეებრძოლა (ო. სოსელია ამ ბრძოლას 1565 წლით ათარიღებს). იანეთთან გიორგი მეფემ გაიმარჯვა და ოდიშში გადავიდა. დადიანმა დახმარებისათვის ოსმალეთს მიაშურა, იქიდან ცხრა ხომალდი, ტრაპიზონისა და არზრუმის საფაშოების ჯარი ჩამოიყვანა და სატყეპელასთან დაბანაკდა. გურიელი შეშინდა და დადიანს შერიგება სთხოვა. დადიანი დათანხმდა და გაერთიანებული ძალებით ოდიში დაიბრუნა. გიორგი მეფემ საპასუხო მოქმედებით დადიანის მოკავშირე ჭილაძე მოკლა და საჯავახოს დაეუფლა. ამის შემდეგ მეფე დადიან-გურიელის წინააღმდეგ სალაშქროდ ემზადებოდა, მაგრამ მთავრებმა დაასწრეს და თავად ილაშქრეს საჯავახოზე. ლევან I 1572 წელს ნადირობისას დაიღუპა და მთავრის ტახტზე მისი ძე, გიორგი III დადიანი ავიდა (1572-82). ამის შემდეგ მეფემ მთავრებთან ბრძოლის ტაქტიკა შეცვალა და მშვიდობიანი გზა აირჩია: დადიანის ასული მან თავის ძეზე – ბაგრატზე დააქორწინა. მისივე მცდელობით დადიანმა გურიელს ხობი უბოძა და სამტროდ აღძრულნი კვლავ შეარიგა, თუმცა გურია-ოდიშ-იმერეთის ეს ზავი მაინც დროებითი აღმოჩნდა.

მალე ოსმალეთმა საქართველოში აქტიური მოქმედების დაწყება გადაწყვიტა. თუმცა გიორგი მეფემ 1578 წელს ლიხის სიმაგრეებთან ოსმალთა დიდი ლაშქარი დაამარცხა, მაგრამ იმერეთის მეფე თავიანთ პოლიტიკურ თამაშში მაინც ჩააბეს. ოსმალთა ჯარი სიმონ ქართლის მეფესთან საბრძოლველად (იხ. სიმონ I – ქართლის მეფე) სამცხიდან თბილისისაკენ გაეშურა: ოსმალთა სარდალმა, სინან ფაშამ გიორგის შესთავაზა მხარი დაეჭირა მისთვის. როგორც ჩანს, გამარჯვების შემთხვევაში თურქები თბილისს გიორგის ძეს სთავაზობდნენ. გარდა ამისა, მეფე ალბათ შიშობდა, თუ უარს იტყოდა, თურქეთს ურჩ მთავართა მხარე არ დაეჭირა. ასეა თუ ისე, დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებმა ქართლში ილაშქრეს (1581).

1583 წელს გიორგი მეფემ იმის შიშით, რომ მის მცირეწლოვან შვილს მეფობაში არ შესცილებოდნენ, თავისი ძმა, კონსტანტინე შვილთან ერთად შეიპყრო და ციხეში გამოკეტა. იმავე წელს გიორგი II გარდაიცვალა.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო 1462-1810 წწ., თბ., 1989.

ვ. გუჩუა, მ. სვანიძე, საქართველო XVI ს-ის უკანასკნელ მეოთხედში, სინ. ტ. IV, თბ., 1979.

ქსე, ტ. III.

პირთა ანოტირებული ლექსიკონი XI-XVII სს-ის ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, თბ., 1991.

მ. სურგულაძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლი, გენეალოგიური ტაბულის შემდგენლები მ. სურგულაძე, მ. ქავთარია, თბ., 1975.

 

ლევანი

იმერეთის მეფე 1583-1590 წლებში (დათარიღება: მ. სურგულაძე, მ. ქავთარია – 1585-1590; მ. რეხვიაშვილი – 1586-1590; პირთა ანოტ. ლექს. – 1581-1591), გიორგი II-ის ძე. მეფის მცირეწლოვანებით უნდოდა ესარგებლა ბიძამისს – კონსტანტინეს, რომელსაც იმერეთის ტახტის ხელში ჩაგდების დიდი სურვილი ჰქონდა. მან დაიპყრო არგვეთი, ციხეები სკანდა და კაცხი. ლევანმა ბიძამისის წინააღმდეგ კავშირი შეკრა მამია IV დადიანთან (1582-1590). სიმამრის დახმარებით მომდევნო წელს მან დაამარცხა კონსტანტინე, რომელიც საუფლისწულოს დასჯერდა.

ის თანხმობა, რომელიც იმერეთის სამეფოში გიორგი II-ის დროს ჩამოვარდა, სრულიად დაირღვა. დადიანისა და გურიელის მტრობა დღითიდღე მწვავდებოდა, გაძლიერებული თავადები სამეფო ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ. სიმონ ქართლის მეფე ცდილობდა შექმნილი ვითარების გამოყენებას და იმერეთის ქართლთან შეერთებას. იმერეთის თავადებმა არ მიიღეს მონაწილეობა გოფანთოსთან ბრძოლაში (1588), სადაც ლევანს გადამწყვეტი ბრძოლა უნდა გადაეხადა სიმონ მეფესთან და მათ მხარდაჭერას თხოულობდა. ამ ბრძოლაში სიმონმა, რომელსაც ზემო იმერეთის თავადები ეხმარებოდნენ, გაიმარჯვა, დაიკავა ქუთაისი და იქ თავისი მოხელეები განაწესა; თუმცა მალე უკან დაბრუნდა, რადგან ქართლში ოსმალთა თარეშისა ეშინოდა. ამით ისარგებლა ლეჩხუმში გახიზნულმა ლევანმა და თავისი მომხრე თავადების დახმარებით ტახტი დაიბრუნა.

სამეფოში სიტუაცია კრიზისული იყო, მეფისა და დადიანის საომარი დაპირისპირება გარდაუვალი ჩანდა. ლევანი ვერ ურიგდებოდა დადიანის სიძლიერეს და თან შურისძიება სწყუროდა გოფანთოსთან ბრძოლაში ღალატისათვის. დადიანმა დაასწრო, ილაშქრა ქუთაისში, ლევანი შეიპყრო და შხეფის (ახლ. სენაკის რ-ნი) ციხეში გამოკეტა, სადაც ის მალე გარდაიცვალა.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ს. კაკაბაძე, საქართველოს მოკლე ისტორია, ტფ., 1920.

ვ. გუჩუა, სიმონ მეფის ბრძოლა იმერეთის შემოერთებისათვის, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

ქსე, ტ. VI.

მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო 1462-1810 წწ., თბ. 1989.

პირთა ანოტირებული ლექსიკონი XI-XVII სს-ის ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, თბ., 1991.

მ. სურგულაძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლი, გენეალოგიური ტაბულის შემდგენლები მ. სურგულაძე, მ. ქავთარია, თბ., 1975.

 

როსტომი

იმერეთის მეფე 1590-1604 წლებში (დათარიღება: ო. სოსელია – 1590-1605; ენციკლოპედია ,,საქართველო'' – 1592-1604), კონსტანტინე ბატონიშვილის შვილი, დაიბადა 1561 წელს. იგი მამია IV დადიანისა (1582-1590) და იმერეთის თავადთა ერთი ნაწილის მხარდაჭერით გამეფდა. დადიანის გაძლიერება ხელს არ აძლევდა გიორგი II გურიელს (1587-1600), რომელმაც ოსმალთა დახმარებით ილაშქრა ქუთაისში და სამეფო სახლის წევრი, ბაგრატ თეიმურაზის ძე გაამეფა (1590). ამ ფაქტის გამო სიმონ ქართლის მეფე კვლავ შემოვიდა იმერეთში, დაატყვევა ბაგრატი, ქუთაისი აიღო, ,,შეაყენნა გუშაგნი თვისნი'' (ვახუშტი) და ქართლში დაბრუნდა. როსტომი სამეგრელოში გადაიხვეწა, სადაც გარდაცვლილი მამია დადიანის ძმა – მანუჩარი მთავრობდა (1590-1611). მანუჩარმა ილაშქრა იმერეთში და როსტომს ტახტი დაუბრუნა. განრისხებული სიმონი იმავე წელს დიდი ლაშქრით შევიდა იმერეთში, აიღო მრავალი ციხე-ქალაქი: სკანდა, კაცხი, სვერი, ქუთაისი და შიგ გარნიზონები ჩააყენა. ამის შემდეგ ქართლის მეფე კვლავ ოდიშში გაქცეულ როსტომს დაედევნა, რომელსაც მემკვიდრე არ ჰყავდა, ტახტის სხვა რეალური კანდიდატი კი არ ჩანდა, ამიტომ მისი შეპყრობით სიმონი იმერეთის შემოერთების საკითხსაც გადაწყვეტდა. მოწინააღმდეგე მხარეებმა სოფ. ოფშკვითთან დასცეს კარვები. ის თავადები, რომლებიც ადრე დადიანის გაძლიერების შიშით სიმონს ემხრობოდნენ, ახლა სიმონის გამარჯვებისა და მათი უფლებების დასუსტების შიშით ზოგი ბრძოლამდე, ზოგიც ბრძოლისას განუდგა ქართლის მეფეს. მათგან განწირული სიმონი დამარცხდა, იმერეთის სამეფო გვირგვინი კი ისევ როსტომმა დაიდგა (1590). ამიერიდან იგი სამეფო ხელისუფლების გაძლიერებაზე ზრუნავს: 1597 წ. დაუმოყვრდა ათაბაგს და მის ასულ თინათინზე იქორწინა. 1601 წელს როსტომმა დვალეთსა და ოსეთზეც ილაშქრა.

ამ ამბების შემდეგ სამეფოში ოდიშის პოლიტიკური უპირატესობა აშკარა გახდა, მიუხედავად იმისა, რომ შარვაშიძეები ოდიშისაგან გამოყოფას ცდილობდნენ. იმერეთის მეფე ფაქტობრივად აღიარებდა სამთავროების დამოუკიდებლობას, თუმცა იურიდიულად მათ თავის ვასალებად მიიჩნევდა.

XVI ს-ის დასაწყისში ოსმალეთმა შავი ზღვის სანაპიროები ბლოკადაში მოაქცია: მას გურია-სამეგრელოს დაპყრობა ჰქონდა განზრახული.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო 1462-1810 წწ., თბ. 1989.

ვ. გუჩუა, სიმონ მეფის ბრძოლა იმერეთის შემოერთებისათვის, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

ქსე, ტ. VIII.

ენციკლოპედია ,,საქართველო'', ტ. I, თბ., 1992.

პირთა ანოტირებული ლექსიკონი XI-XVII სს-ის ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, თბ., 1991.

მ. სურგულაძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლი, გენეალოგიური ტაბულის შემდგენლები მ. სურგულაძე, მ. ქავთარია, თბ., 1975.

 

გიორგი III

იმერეთის მეფე 1604-1639 წლებში, ბაგრატ III-ის ძის, კონსტანტინეს უკანონო შვილი. 1615 წელს გიორგი III შაჰ-აბასისაგან ლტოლვილ ლუარსაბ და თეიმურაზ მეფეებს მასპინძლობდა და, მიუხედავად შაჰ-აბასის მუქარისა, არ გასცა ისინი. გიორგი ლუარსაბს შაჰთან წასვლას არ ურჩევდა. 1615 წელს, კახეთის აჯანყებისას, იგი თეიმურაზს არაგვამდე აცილებს მიუხედავად იმისა, რომ ჰაერში ომი სუნი ტრიალებს. 1616 წ. თეიმურაზი კვლავ იმერეთშია. 1618 წელს გიორგი და თეიმურაზი რუსეთში ელჩობას აგზავნიან და ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას ითხოვენ. ამ ელჩობას შედეგი არ მოჰყოლია.

გარდა იმისა, რომ მეფეს ოსმალთა გაძლიერებული აგრესიის მოგერიებაზე უნდა ეზრუნა, მას მძიმე ომი ჰქონდა ლევან II დადიანთან (1611-1675). 1623 წლის 9 დეკემბერს კოჭარაულთან (ქუთაისის მახლობლად) მეფე გიორგი მთავრებს შეებრძოლა, მაგრამ დამარცხდა. ამის შემდეგ ლევან II დადიანი თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოში მბრძანებლობდა. 1626 წელს ბაზალეთთან ბრძოლაში გიორგი მეფემ გიორგი სააკაძეს ზემო იმერეთის ჯარი მიაშველა. მაგრამ ამის შემდეგ იგი თეიმურაზ ქართლის მეფეს დაუმოყვრდა და მისი ასული, ზურაბ ერისთავის ქვრივი – დარეჯანი თავის ძეზე, ალექსანდრეზე დააქორწინა (1629).

მალე ლევან დადიანმა იმერეთის დაპყრობა გადაწყვიტა, მანვე როსტომ ქართლის მეფეს თავისი და, გურიელის ცოლყოფილი მარიამი მიათხოვა, და თეიმურაზისა და გიორგის წინააღმდეგ კოალიცია შექმნა. ბრძოლა გარდაუვალი იყო. მოწინააღმდეგენი 1634 წ. კაკთან შეებნენ ერთმანეთს. დადიანმა იმძლავრა და მეფის ჯარი დაამარცხა, თვითონ გიორგი კი ოდიშში წაიყვანა ტყვედ. მამის გამოსასყიდად ალექსანდრემ ცხენისწყლის მარცხენა ნაპირას მდებარე ჭილაძეებისა და მიქელაძეების მამულები დადიანს დაუთმო. ამავე გარიგებით ჩიხორის ვაჭრები, ჩხარის სომხები და და ებრაელები რუხში ჩაასახლეს.

გიორგი III 1639 წელს გარდაიცვალა.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ს. კაკაბაძე, საქართველოს ისტორია (1500-1810) ტფ., 1922.

ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, თბ., 1981.

გ. ჯამბურია, დას. საქართველო XVII ს-ის პირველ მესამედში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

ქსე, ტ. III.

მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო 1462-1810 წწ., თბ., 1989.

ბ. ლომინაძე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, წგნ I, თბ., 1966

ბ. ლომინაძე, გელათი, თბ., 1955.

პირთა ანოტირებული ლექსიკონი XI-XVII სს-ის ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, თბ., 1991.

მ. სურგულაძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლი, გენეალოგიური ტაბულის შემდგენლები მ. სურგულაძე, მ. ქავთარია, თბ., 1975.

 

ალექსანდრე III

იმერეთის მეფე 1639-1660 წლებში (დათარიღება: თ. ჟორდანია, ქრონიკები – 1637-1660. მ. სურგულაძე, მ. ქავთარია – 1639-1659). გიორგი III-ს ძე. მეფედ აკურთხეს ქუთაისში. შესაძლებელია, პირველად ტახტზე 1634 წ. ასულიყო, როდესაც მამამისი ლევან II დადიანმა დაატყვევა. ცოლად ჯერ მამია II გურიელის და ჰყავდა, ხოლო შემდეგ ქართლის მეფეს, თეიმურაზ I-ს დაუმოყვრდა (რომელიც მხარს უჭერდა ირანთან ბრძოლაში) და მისი ასული, ნესტან-დარეჯანი ითხოვა.

ლევან II დადიანი (1611-1657) იმერეთის ტახტის ხელში ჩაგდების მიზნით ირანს დაუკავშირდა, რამაც ოსმალეთის გაღიზიანება გამოიწვია და თითქმის ყოველ წელს თავს ესხმოდა და აოხრებდა სამეფოს. ლევანი თავის ლაშქრობებს მეფის წინააღმდეგ უმეტესად ქრისტიანულ დღესასწაულებზე აწყობდა. ალექსანდრე იძულებული გახდა ქუთაისის ციხეში გამოკეტილიყო.

ლევან II-ის ჯარების წინააღმდეგ რამდენიმე წარმატებული ლაშქრობა ალექსანდრეს ახალგაზრდა ძმამ – მამუკამ მოაწყო, მაგრამ ერთ-ერთ ბრძოლაში ცხენმა უმტყუნა და ოდიშარს ტყვედ ჩაუვარდა (1647). სიტუაციიდან გამოსავლის ძებნაში და თეიმურაზ ქართლის მეფის გავლენით ალექსანდრე III 1649, 1651 და 1656 წლებში ელჩობებს აგზავნის რუსეთში, 1651 წლის 1 ოქტომბერს კი ხელს აწერს მოსკოვის ხელმწიფის ერთგულების წიგნს.

მამუკას ტყვეობიდან დახსნის მოლაპარაკებაში აქტიურად ჩაება თეიმურაზ I, მაგრამ დადიანის ბრძანებით მეფის ძმას თვალები დასთხარეს. ამის შემდეგ მამუკას დიდხანს აღარ უცოცხლია და 1653 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. თავად ოდიშის მთავარი, გადმოცემით, შვილის ცხედარს დააკვდა, და რადგან პირდაპირი მემკვიდრე არ დარჩენია, მთავრის ტახტი მისმა ძმისწულმა, ლიპარიტ იესეს ძემ დაიკავა (1657-1658). ალექსანდრე III გაბედულ ქმედებებზე გადავიდა: ილაშქრა ოდიშში და მამია IV-ის ძე, ვამეყ III დასვა მთავრის ტახტზე (1658-1660), საზღვრად კი, ნაცვლად მდ. ცხენისწყლის მარცხენა ნაპირისა, უნაგირას მთა დაუდგინა.

ახალციხეში გახიზნულმა ლიპარიტმა დახმარება მიიღო როსტომ ფაშასა და როსტომ ქართლის მეფისაგან, შემოიერთა ქაიხოსრო I გურიელი და იმერეთისაკენ დაიძრა. ბრძოლა 1658 წლის ივნისში მოხდა. ალექსანდრე მეფემ იმძლავრა – ვამეყს კვლავ ოდიშის მთავრობა უბოძა და გურიელის ტახტიც თავის მომხრე დემეტრე სიმონის ძეს გადასცა. ამ ღონისძიებებით მან რამდენადმე მაინც განამტკიცა ქვეყნის საშინაო მდგომარეობა, მაგრამ მისი გარდაცვალებისთანავე (1660 წლის 4 მარტი) სამეფო კვლავ შინაფეოდალურმა ომებმა მოიცვა.

ალექსანდრე III ტახტის მემკვიდრედ ცოლის ძმისწულს ზრდიდა, მაგრამ შვილობილი გარდაეცვალა და იძულებული გახდა გურიაში დატყვევებული თავისი ძე – ბაგრატი ეცნო მემკვიდრედ.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ს. კაკაბაძე, საქართველოს ისტორია (1500-1810) ტფ., 1922.

მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო 1462-1810 წწ., თბ., 1989.

გ. ჯამბურია, ფეოდალური შინაომები საქართველოში XVII ს-ის 30-40-იან წლებში, სინ. ტ. I, თბ., 1973.

ქსე, ტ. I.

პირთა ანოტირებული ლექსიკონი XI-XVII სს-ის ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, თბ., 1991.

მ. სურგულაძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლი, გენეალოგიური ტაბულის შემდგენლები მ. სურგულაძე, მ. ქავთარია, თბ., 1975.

 

ბაგრატ IV

იმერეთის მეფე 1660-1661, 1663-1668, 1669-1678, 1679-81 წლებში, ალექსანდრე III-ის ძე. მეფედ ქუთაისში აკურთხეს. ბაგრატ  IV-ის პოლიტიკამ ხელი შეუწყო ფეოდალური შინაომების გაღრმავებას, თავადთა თვითნებობას, ტყვეებით ვაჭრობის გაძლიერებას.

მეფის დედინაცვალმა – დარეჯანმა, რომელიც ქვეყნის ფაქტიური გამგებელი იყო, ბაგრატს ცოლად შერთო თავისი ძმის, თეიმურაზ I-ის ვაჟის, დავითის ასული ქეთევანი, მაგრამ სულ რამდენიმე თვეში მისივე ბრძანებით ბაგრატი დააბრმავეს და ტახტიდან გადააყენეს, თვითონ დარეჯანი კი ვახტანგ ბაგრატიონს მისთხოვდა, რომელიც იმერეთის ბაგრატიონთა შორეული ნათესავი იყო და ჭუჭუნიაშვილის ზედწოდებით იცნობდნენ. ვახტანგი მეფედ გამოაცხადეს.

ბაგრატის მომხრეებმა დახმარებისათვის ახალციხის ფაშას, ასლანს მიმართეს, რომელსაც დადიან-გურიელიც მიემხრნენ და იმერეთში ჯარით შემოვიდნენ; დარეჯანი, ვახტანგი და ქეთევანი შეიპყრეს, ვახტანგს თვალები დასთხარეს და ახალციხეში წაიყვანეს, იქიდან კი ოლთისში გააგზავნეს. ვამეყ III-მ თავისი თავი მეფედ გამოაცხადა (1660). იმერეთში ატეხილი არეულობის თავის სასარგებლოდ გამოყენებას შეეცადა ქართლის მეფე ვახტანგ V (1658-1675), რომელსაც ზემო იმერლებიც მხარს უჭერდნენ, და იმერეთისაკენ დაიძრა. ვამეყ დადიანი (მას ქვემო იმერეთის თანადგომის იმედი ჰქონდა) დაუზავდა ქართლის მეფეს, იმერეთი შუაზე გაიყვეს და საზღვარი მდ. ბუჯისხევზე გადეს. მაგრამ მალე ზავი დაირღვა: ვახტანგ V დემეტრე გურიელსა (1660-1664) და პაატა აბაშიძეს დაუკავშირდა. იმერეთში შემოსულ ქართლის მეფეს დადიანმა შებრძოლება ვერ გაუბედა და სვანეთში გადავიდა. ვახტანგმა ქუთაისი აიღო და ბაგრატთან ერთად ოდიშზე ილაშქრა; დადიანობა ლევან II-ის ძმისწულს, შამადავლე იოსების ძეს გადასცა, რომელმაც ბიძის პატივისცემით ლევანი დაირქვა (1661-1680). ვახტანგმა ლევან III დადიანს სილამაზით განთქმული თავისი ძმისწული, თამარი შერთო, რომელიც შემდეგ მეფე-მთავრების ტრფიალისა და დავის საგანი გახდა.

ქუთაისში დაბრუნებულმა ვახტანგ V-მ თავისი 14 წლის ვაჟი არჩილი დასვა მეფედ, თვითონ კი ქართლში გადავიდა და ბაგრატიც თან წაიყვანა (1661). არჩილის გამეფებით გამწვავდა ირან-ოსმალეთის ურთიერთობა ქართლის მეფესთან, ამიტომ ვახტანგი იძულებული გახდა იმერეთის ტახტზე ბაგრატ IV დაებრუნებინა, რომელიც ტახტს შვიდი წლის მანძილზე ინარჩუნებდა, თუმცა სისხლისმღვრელი შინაფეოდალური ომები არ წყდებოდა. 1663 წელს ლევან III ბაგრატთან ერთ-ერთ ბრძოლაში დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა.

არჩილ II-სა და გიორგი III გურიელის (1664-1684) გაერთიანება რომ ჩაეშალა, ბაგრატმა გურიელს თავისი ასული დარეჯანი მიათხოვა, მაგრამ ახალციხიდან სურამში მოსულ არჩილს, რომელსაც ლევან დადიანი და იმერნი მიემხრნენ, ვერ შეებრძოლა, კვლავ დათმო ტახტი (1678) და თვითონ გურიაში წავიდა. ბაგრატმა გურიელის შუამდგომლობით დახმარება სთხოვა ახალციხის ფაშას, რომელმაც სულთანს საქმის ვითარება მოახსენა. 1679 წელს სულთნის ბრძანებით ბაგრატს მეფობა დაუბრუნეს. იმერეთის მეფე ტახტის შემომტკიცებასა და ჯარის შეკრებას შეუდგა, ოდიში დალაშქრა, მაგრამ მალე, 1681 წელს, გარდაიცვალა. ბაგრატ IV გელათში დაკრძალეს.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო 1462-1810 წწ., თბ., 1989.

გ. ჯამბურია, ფეოდალური ანარქია დას. საქართველოში XVII ს-ის 60-90-იან წლებში, სინ. თბ., 1973.

ქსე, ტ. III.

პირთა ანოტირებული ლექსიკონი XI-XVII სს-ის ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, თბ., 1991.

მ. სურგულაძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლი, გენეალოგიური ტაბულის შემდგენლები მ. სურგულაძე, მ. ქავთარია, თბ., 1975.

 

არჩილ II

იმერეთის მეფე 1661-1663, 1678-1679, 1690-1691, 1695-1696, 1698 წლებში. ქართლის მეფე ვახტანგ V-ის ძე.

ვახტანგმა დასავლეთ საქართველოში წარმატებული ლაშქრობის შემდეგ 14 წლის არჩილი იმერეთის ტახტზე დასვა (1661). ვახტანგის ეს ქმედება არღვევდა ირან-ოსმალეთის 1639 წლის ზავს, რომლის ძალითაც გავლენის სფეროები მათ შორის იყო განაწილებული. ოსმალეთის პროტესტისა და ირანის დაჟინებული მოთხოვნის გამო ვახტანგ V-მ 1663 წელს არჩილი ჯერ ქართლში, შემდეგ კი სპარსეთში გააგზავნა. იქ მას მაჰმადიანობა მიაღებინეს, შაჰ ნაზარ-ხანის სახელით უკანვე დააბრუნეს და კახეთის ტახტი უბოძეს. წყაროები ზუსტ ცნობას არ გვაძლევენ, მაგრამ სავარაუდოა, რომ 70-იანი წლებიდან არჩილი კვლავ ქრისტიანია.

1678 წ. არჩილმა ისარგებლა იმერეთის მეფესა და მთავრებს შორის გამწვავებული ურთიერთობით და სურამს მივიდა, აქ მას დადიანი და იმერლები მიემხრნენ და 1678 წელს ტახტი დაიბრუნა, მაგრამ სულ ერთი წლით, ვიდრე არზრუმის ფაშა იმერეთის ტახტს კვლავ ბაგრატ IV-ს გადასცემდა. ამის შემდეგ არჩილი ჩხერის ციხეში გამაგრდა და 8 თვის მანძილზე ცდილობდა სამეფოს დაბრუნებას, თუმცა ამაოდ. 1681 წ. არჩილი ოჯახთან ერთად რუსეთს წავიდა და 3 წელი ასტრახანში გაატარა.

1683 წ. არჩილი თავისი ძმის – გიორგი XI-ის მიწვევით რუსეთიდან ბრუნდება და რაჭაში, ძმასთან მიდის. იმერლებს არჩილის გამეფება ჰქონდათ გადაწყვეტილი. იმერეთის ტახტისათვის ბრძოლაში წარმოშობილი დაპირისპირების გასარკვევად ოსმალებმა სტამბოლიდან თავიანთი მოხელე, ყაფუჩი გამოაგზავნეს. ალექსანდრე IV-მ მისი მოკვლა განიზრახა, მაგრამ ყაფუჩი მიუხვდა და ახალციხეში გაიქცა, სადაც გიორგი ქართლის მეფეც მისულიყო და ფაშას თავის ერთგულებაში არწმუნებდა. სულთანმა ყაფუჩის პირით არზრუმის ფაშას არჩილის გამეფება დაავალა. ალექსანდრე  IV ფერსათის მთასთან დაბანაკებულ მოკავშირეებს ვერ შეებრძოლა და ქართლში, ერეკლე I-თან (1688-1703) გადავიდა. 1690 წელს არჩილმა ქუთაისში სულთნის მიერ ნაბოძები ხალათი მოირგო. იმერლებმა, გიორგი აბაშიძის გარდა, მას მორჩილება აღუთქვეს. ზამთარში ალექსანდრემ აბაშიძისა და ლიპარტიანის წაქეზებით არჩილის წინააღმდეგ ილაშქრა, მაგრამ გოდოგანში დამარცხდა (1691).

არჩილმა ჯარის შემომტკიცება დაიწყო. ლიპარტიანმა ლეჩხუმი მოითხოვა და სანაცვლოდ მორჩილება აღუთქვა. ამის გამო მათ შორის უნდობლობა ჩამოვარდა. ქართლის მეფე გიორგი XI-მ რუისში ალექსანდრე მეფის ოჯახის ადგილსამყოფელი დაარბია, მეფის ძენი კი დავით ქსნის ერისთავთან გამოკეტა. ამ დროს ალექსანდრე IV ახალციხის ფაშასთან ერთად იმერეთში ჩადის. მისი ძლიერებით შეშინებული თავადები ტოვებენ არჩილს და ალექსანდრეს მხარეზე გადადიან. არჩილმა უთანასწორო ბრძოლა არ ისურვა, ქართლში გადავიდა და ტახტი ისევ დათმო, მაგრამ ყურადღებას არ ადუნებდა და რამდენიმე წარმატებული ლაშქრობა მოაწყო, თან იმერელ დიდებულთა კვლავ თავის მხარეზე გადაბირება მოახერხა. მას შემდეგ, რაც ალექსანდრე IV ტახტიდან ჩამოაგდეს, არჩილი ისევ გამეფდა. შემდგომში მოვლენები ასე განვითარდა: იმ დროისათვის უძლიერესი თავადის, გიორგი აბაშიძის ძალაუფლებისმოყვარე ქალიშვილმა, თამარმა საჩხერეში მყოფ არჩილის ძმას ცოლობა და იმერეთის გამგებლობა შესთავაზა, მაგრამ მისგან უარი მიიღო. მაშინ გიორგი აბაშიძემ იმავე წინადადებით თავად არჩილს მიმართა, მაგრამ მანაც იუარა, სამაგიეროდ, სიძედ თავისი ძის – ალექსანდრეს კანდიდატურა წამოაყენა. შეურაცხყოფილმა მამა-შვილმა სიძედ გიორგი IV გოჩია დაასახელა და 1696 წელს მეფედაც გამოაცხადა. არჩილი დვალეთში გადავიდა, თუმცა გოჩიამ მოკლე ხანში იმდენი მტერი გაიჩინა, რომ იმერლებმა კვლავ არჩილს უხმეს და იმანაც 1698 წელს კიდევ ერთხელ დაიპყრო იმერეთი. ეს ამბავი სულთანს აუწყეს, რომელმაც ახალციხის ფაშას მისთვის არასასურველი მეფის იმერეთიდან გაძევება დაავალა. ფაშამ ერეკლესთან მყოფი ალექსანდრე IV-ის ძე, სიმონი გამოიძახა და თავადებიც მას მიემხრნენ. არჩილმა კიდევ ერთხელ, ამჯერად უკანასკნელად დატოვა იმერეთი, ჯარის დიდ ნაწილთან და ოჯახთან ერთად დვალეთში გადავიდა და რუსეთისაკენ მიმავალ გზას დაადგა (1699).

არჩილი მოსკოვის მახლობლად, სოფ. ვსესვიატსკოეში დასახლდა. აქ გაატარა მეფემ ცხოვრების დარჩენილი წლები და აქვე გარდაიცვალა 1713 წლის 16 აპრილს. დაკრძალულია მოსკოვის დონის მონასტერში.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

დ. გვრიტიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XV-XVIII სს.), წგნ. II, თბ., 1965.

გ. ჯამბურია, საქართველოს გაერთიანების ცდები, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

პირთა ანოტირებული ლექსიკონი XI-XVII სს-ის ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, თბ., 1991

 

ალექსანდრე IV

იმერეთის მეფე 1683-1690, 1691-1695 წლებში, ბაგრატ IV-ის უკანონო ვაჟი. მამის გარდაცვალების შემდეგ იგი გიორგი XI-ის კარზე იმყოფებოდა და იმერეთის ტახტი III გურიელმა (1664-1684) დაიკავა, რომლის მოწინააღმდეგეთა რიცხვი თანდათან იზრდებოდა და თავადების ერთმა ჯგუფმა ახალციხის ფაშას სულთანთან შუამდგომლობა სთხოვა. სულთანმაც არ დააყოვნა და თავადთა სურვილისამებრ მეფედ ალექსანდრე გამოაცხადა. მისი მეფობისას გაძლიერდა ფეოდალური ანარქია და გახშირდა ტყვეებით ვაჭრობა, რასაც თვითონაც უწყობდა ხელს: ,,იყო ესე კაცი შეუგვარი და უღირსი ბატონობისა'' (ფარსადან გორგიჯანიძე). გიორგი გურიელი ტახტის დაბრუნებას ცდილობდა. მას ემხრობოდნენ გიორგი ლიპარტიანი, შოშიტა II რაჭის ერისთავი, ბეჟან ლორთქიფანიძე და ჩიჯავაძეები. მათთან ბრძოლა 1684 წელს, როკითთან შედგა. მეფემ ზემო იმერლების, აბაშიძეებისა და გიორგი მიქელაძის დახმარებით მოწინააღმდეგე დაამარცხა. რაჭის ერისთავი ამ ბრძოლაში მოკლეს, ლიპარტიანი კი ოდიშში გაიქცა. მეფის მომხრეებიდან ლევან აბაშიძე მოკლეს, პაატა კი დაჭრეს და ამ ჭრილობებისაგან მალე გარდაიცვალა.

ტახტისათვის ბრძოლა არ ცხრებოდა. ალექსანდრეს დაუპირისპირდნენ გავლენიანი თავადები და ქართლის მეფე გიორგი XI (1676-1688, 1702-1704). 1689 წელს, როდესაც გიორგი XI ირანს აუჯანყდა, ალექსანდრემ შაჰთან დაამყარა კავშირი, რაც ოსმალეთის ვასალობაზე უარის თქმას ნიშნავდა. ამის გამო 1690 წელს სულთნის ბრძანებით ალექსანდრეს მეფობა ჩამოერთვა და არჩილს გადაეცა. ალექსანდრე ქართლში, ერეკლე I-თან (1688-1703) გადავიდა და იქიდან დაიწყო მოქმედება: ირანის შაჰს ნაზარალიხანმა სულთანთან შუამდგომლობა სთხოვა. შაჰისა და სულთნის გარიგების შედეგად ტახტი კვლავ ალექსანდრეს ერგო. ალექსანდრე IV ახალციხის ფაშასთან ერთად იმერეთში ჩადის. მისი გაძლიერებით შეშინებული თავადები ღალატობენ არჩილს და ახლა ალექსანდრეს უცხადებენ ერთგულებას. არჩილი იძულებული გახდა ქართლში გადასულიყო და ტახტი ალექსანდრესათვის დაეთმო (1691).

როდესაც ქართლიდან გაძევებული გიორგი XI რაჭის ერისთავმა პაპუნა II-მ (1684-1694) შეიკედლა, გაგულისებულმა ალექსანდრემ რაჭა დალაშქრა (1687). მის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო, მეფე შეიპყრეს და გიორგი XI-ს მიჰგვარეს რუისში. იქ იგი მოკლეს და იქვე დაასაფლავეს.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

დ. გვრიტიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XV-XVIII სს.), წგნ. II, თბ., 1965.

მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო 1462-1810 წწ., თბ., 1989.

ქსე, ტ. I.

პირთა ანოტირებული ლექსიკონი XI-XVII სს-ის ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, თბ., 1991.

მ. სურგულაძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლი, გენეალოგიური ტაბულის შემდგენლები მ. სურგულაძე, მ. ქავთარია, თბ., 1975.

 

სიმონი

იმერეთის მეფე 1698-1701 წლებში, ალექსანდრე IV-ის უკანონო ძე. იზრდებოდა ერეკლე I ნაზარალიხანის კარზე. 1698 წელს იმერეთის ტახტზე თავადებმა არჩილი აიყვანეს. ეს ხელს არ აძლევდა ოსმალეთს, რომელიც დასავლეთ საქართველოს თავის ვასალად თვლიდა და იმ დროს ქართლის მეფე ერეკლე I-ის (1688-1703) კარზე მყოფი სიმონის გამეფება გადაწყვიტა. ახალციხის ფაშამ, რომელსაც იმერეთის თავადებიც მიემხრნენ, სიმონი ტახტზე აიყვანა. გარდა იმისა, რომ დასავლეთ საქართველოს მთავრები მეფისაგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდნენ, მას იმერეთის თავადებიც ნაკლებად ემორჩილებოდნენ. სიმონი შეშინდა და ქართლში წავიდა, იმერეთს კი გიორგი მალაქია-აბაშიძე და მისი ასული თამარი მართავდნენ. მალე თამარმა ლიპარტიანზე იქორწინა და თავი იმერეთისა და ოდიშის დედოფლად გამოაცხადა.

გაძლიერებულმა მამია III გურიელმა (1698-1711; 1711-1714) სიმონის მხარე დაიჭირა, რაშიც დიდი როლი სერასკირ ოსმან ფაშამ ითამაშა. ამ შერიგებისას მამიამ სიმონს პირობის წიგნი გამოართვა, რომლის თანახმადაც ალექსანდრე და გიორგი მეფეებისაგან ნაყიდი საჭილაძეო და სამიქელაძეო მასვე რჩებოდა. გურიელმა სიმონი ისევ გაამეფა და ცოლად თავისი და შერთო. შეშინებულმა აბაშიძემ და გიორგი ლიპარტიანმა მამია III გურიელს მეფობა აღუთქვეს, გადაიბირეს და სიმონი მოაკვლევინეს (1701).

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ს. კაკაბაძე, საქართველოს მოკლე ისტორია, ახალი საუკუნეების ეპოქა, ტფ., 1920.

ქსე, ტ. III.

პირთა ანოტირებული ლექსიკონი XI-XVII სს-ის ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, თბ., 1991.

მ. სურგულაძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლი, გენეალოგიური ტაბულის შემდგენლები მ. სურგულაძე, მ. ქავთარია, თბ., 1975.

 

გიორგი VI

იმერეთის მეფე 1703-1711. 1713, 1714-1716, 1719-1720 წლებში (დათარიღება: ვახუშტი – 1707, 1712-1713, 1719-1720; მ. რეხვიაშვილი – 1707-1711, 1712-1713, 1714-1716, 1719-1720; მ. სურგულაძე, მ. ქავთარია – 1703-1711, 1713; ქ. ჩხატარაიშვილი – 1703-1711, 1713, 1716-1720), ალექსანდრე IV-ის ძე. მიუხედავად ქართლის მეფის, ვახტანგ VI-ის მხარდაჭერისა, გიორგი VI-ის მდგომარეობა ერთობ მძიმე იყო. თურქეთი კვლავ ენერგიულად ცდილობდა თავისი გავლენის განმტკიცებას მთელ დასავლეთ საქართველოში, თან სამეფოს ტახტის ხან ერთ, ხან მეორე მაძიებელს ემხრობოდა. ბრძოლა კი ამ ტახტისათვის პრაქტიკულად არ ცხრებოდა.

გიორგის გამეფებისას ქვეყანას სინამდვილეში მალაქია-აბაშიძე განაგებდა, მეფე კი ქუთაისის ციხეში იყო გამოკეტილი. 1707 წ. აბაშიძის აღზევებით უკმაყოფილო თავადებმა გიორგი ციხიდან გადმოიყვანეს და სამეფო ტახტი ჩააბარეს. მეფემ აბაშიძეს სამეფოს დატოვება მოსთხოვა. პასუხად თავადი ლევან ლიპარტიანს დაუკავშირდა, რომელიც 1707 წ. რაჭის ერისთავთან ერთად ფარცხანაყანებში იდგა და აბაშიძეს ელოდა. მეფემ მათი გეგმა შეიტყო, მთელი ღამე იარა, მტერს მოულოდნელად დაესხა თავს და სასტიკად დაამარცხა. ამის შემდეგ კაცხის ციხეს მიადგა, რომელიც აბაშიძის ძემ, პაატამ უომრად ჩააბარა; სვერის ციხე კი ვეღარ აიღო და უკან გაბრუნდა. ამის შემდეგ მეფე რაჭაში გადავიდა, მრავალი ადგილი დაარბია, მაგრამ ვერ დაიმორჩილა, იმერეთში დაბრუნდა და აბაშიძეების ციხეს – ნავარძეთს მიადგა. მოალყე მეფეს კაციამ და ბეჟანმა მამის – ლიპარტიანის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვეს. გიორგიმ ნავარძეთს ქველი წერეთელი დატოვა, თვითონ კი ოდიშისაკენ გაეშურა. ლიპარტიანი აფხაზეთში გაიქცა, მისმა მდევრებმა კი შარვაშიძესთან ზავი დადეს.

ცოტა ხანში ლიპარტიანმა დადიანობა დაიბრუნა, მეფემ შემოირიგა და მასთან ერთად რაჭა დალაშქრა (1711 წლის აგვისტო), მაგრამ ლაშქრობა ბოლომდე ვერ მიიყვანა ლიპარტიანის ღალატის გამო, რომელიც მამია გურიელს, შოშიტა რაჭის ერისთავსა და ზურაბ აბაშიძეს დაუკავშირდა. შეთქმულებმა გიორგი VI გააძევეს და მამია III გურიელი გაამეფეს (1711 წლის ოქტომბერი). გიორგი VI ქართლში, ვახტანგ VI-თან გადავიდა, რომელმაც იგი აბაშიძესთან დააზავა. 1712 წლის ივნისში მეფემ მამია გურიელი ჩხართან დაამარცხა და კვლავ გამეფდა. მამია რაჭაში გადავიდა. ზურაბ აბაშიძის დაბეზღებით მეფემ გიორგი ნიჟარაძეს თვალები დასთხარა, ცოლი გაუშვა და მისი ცოლი შეირთო. მალე გურიელი, დადიანი, რაჭის ერისთავი და სხვა დიდებულები მეფის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და 1713 წ. ოკრიბასთან ბრძოლაში სძლიეს მას. გიორგი ისევ ქართლში გაიქცა. 1714 წ., მამია გურიელის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი კვლავ გამეფდა, მაგრამ 1717 წ. იმერეთში ჯარით შემოსულმა ახალციხის ფაშამ სიმონეთთან ბრძოლაში მეფე დაამარცხა და გიორგი IV გურიელი გაამეფა, გიორგი VI კი სტამბოლში წავიდა, საიდანაც 1719 წელს დაბრუნდა. ისაყ ფაშამ სულთნის ბრძანებით გიორგი მეფეს ჯარი მისცა, რომლის დახმარებითაც მან ოკრიბასთან მდგომი გიორგი IV გურიელისა და მის მომხრეთა რაზმი სასტიკად დაამარცხა. ამით ფაქტობრივად დასრულდა გურიელთა 50-წლიანი მძლავრობა იმერეთის ტახტზე. დადიანი და ზურაბ აბაშიძე ოდიშს გაიქცნენ, შოშიტამ კი რაჭას შეაფარა თავი. ოსმალებმა უამრავი მებრძოლი დახოცეს, მრავალი ციხე და კოშკი დაარბიეს, მერე კი ოდიშში გადავიდნენ და იქაურობა მოაოხრეს. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი სამეგრელოს მთავარი დაუზავდა მეფეს, რომელიც ქუთაისში გაბრუნდა, იმერეთი შემოიმტკიცა და ოსმალნი დაითხოვა.

გაზაფხულზე შოშიტა ერისთავმა და ზურაბ აბაშიძემ მეფეს კვლავ სიმონ აბაშიძე მიუჩინეს, რომელმაც გიორგი თხმელის ციხეში დაპატიჟა და ნადიმზე ვერაგულად მოაკვლევინა (1720).

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო 1462-1810 წწ., თბ., 1989.

ქ. ჩხატარაიშვილი, დასავლეთ საქართველო XVIII ს-ის პირველ ნახევარში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

ქსე, ტ. III.

მ. სურგულაძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლი, გენეალოგიური ტაბულის შემდგენლები მ. სურგულაძე, მ. ქავთარია, თბ., 1975.

 

ალექსანდრე V

იმერეთის მეფე 1720-1741; 1741-1746; 1749-1752 წლებში (დათარიღება: მ. სურგულაძე, მ. ქავთარია – 1721-1740; 1741-1752; ენციკლ. ,,საქართველო'' – 1720-1740; 1742-1752), გიორგი V-ის ძე. აღზრდილი იყო ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის კარზე და მის პოლიტიკურ ორიენტაციას იზიარებდა, თუმცა დასავლეთ საქართველოში თურქთა მძლავრობის გამო იძულებული იყო მათთვისაც გაეწია ანგარიში. ალექსანდრეს მეფობის პირველ წლებში ქვეყანას ფაქტობრივად ბეჟან აბაშიძე განაგებდა. მან თავისი ასული მარიამი მეფეს მიათხოვა და ამით პოზიციები გაიმაგრა. ალექსანდრე ურჩ ფეოდალებთან გამწვავებული ურთიერთობის მოგვარებას მეტწილად მათი მოსყიდვა-დასაჩუქრებით ცდილობდა.

ალექსანდრეს მეფობის დასაწყისშივე, თურქები დასავლეთ საქართველოში აქტიურ მოქმედებაზე გადავიდნენ. 1723 წ. მათ დაიკავეს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ციხეები (ციხისძირის, ქობულეთის, სეფის, გრიგოლეთის, ანაკლიის) და შიგ გარნიზონები ჩააყენეს; გაამაგრეს ბათუმის, ჩაქვის, ფოთის, ბიჭვინთისა და ანაკოფიის ციხეები. ამით საქართველო ზღვას მოწყვიტეს და დაიწყო ოსმალთა ბატონობის მძიმე პერიოდი.

1725 წელს თურქებმა ფოთში ორთუღიანი ფაშა დასვეს და აღმოსავლეთ სანაპიროს გამგებლობა ჩააბარეს. ოსმალთა წარმატებას ხელი ქართველთა ფეოდალურმა შინაომებმაც შეუწყო. მოსახლეობა არ ურიგდებოდა თურქთა ძალადობას, მათ წინააღმდეგ გამოდიოდნენ მთავრები და თავადებიც. საერთო ქართული სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის რუსეთში გადახვეწის შემდეგ (1724). ალექსანდრე, როგორც მისი ერთგული, მონაწილეობდა ვახტანგის ლაშქრობებში განჯაზე (1721 და 1722), 1722 წელს კი მანაც გააბა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები.

1728 წელს ისაყ-ფაშა დადიანის წინააღმდეგ გამოემართა. იმერეთში ჩასულს ალექსანდრე მეფე მიეგება. დადიანი მოსალაპარაკებლად მიიწვიეს და ფაშას კარავში ვერაგულად მოკლეს. მთავრობა ოტია დადიანმა მიიღო. ქვეყნის გამგებლობა მთლიანად ალექსანდრეს ხელში გადავიდა, რომელიც ოსმალთა მძლავრობის წინააღმდეგ ქვეყნის შემომტკიცებასა და მომხრეთა შემოკრებას შეუდგა, დაიმოყვრა მამია IV გურიელი (1726-1784), შექმნა ბარის საერისთავო, რომელიც გენათელს გადასცა და რაჭის საერისთავოს დაუპირისპირა. მანვე გააძლიერა თავისი ერთგული წერეთლებისა და აგიაშვილების საგვარეულოები.

1730 წელს ოსმალები ჯიქეთზე გალაშქრებას აპირებდნენ და ალექსანდრესაც უხმეს. ზღვის სანაპირო ზოლის ოსმალთაგან დაჭერა ქვეყნისათვის საზიანო იყო, მაგრამ მეფემ მაინც მიიღო მონაწილეობა ლაშქრობაში, რათა ოსმალთათვის თავისი ერთგულება ეჩვენებინა და თავადები დაეთრგუნა. ოსმალებმა სასტიკად დაარბიეს ოდიში, რომლის მოსახლეობა გახიზნული დაუხვდათ, შებილწეს და გაძარცვეს ილორის ეკლესია, საშინელი ზარალი მიაყენეს აფხაზეთსაც, შარვაშიძე და მისი გარემოცვა კი გაამაჰმადიანეს.

ალექსანდრე დარწმუნდა, რომ თურქთა ეს წარმატება დაამძიმებდა მათ უღელს და ჯიქეთზე ლაშქრობის წინ თავისი ჯარით გამოეპარა ოსმალებს. მდევრები ორი დღის შემდეგ დაეწივნენ და ოდიშამდე დარჩენილი გზა იმერლებმა ბრძოლით განვლეს. ოდიშში ალექსანდრემ მთავართან ზავი დადო. მალე ოსმალებს აფხაზები აუჯანყდნენ და სასტიკი ბრძოლა გაუმართეს. შარვაშიძემ ქრისტიანობა დაიბრუნა. ამ ლაშქრობაში მონაწილეობით ალექსანდრემ გაიმწვავა ურთიერთობა სამეგრელოსა და აფხაზეთის მთავრებთან. ოტია დადიანმა შურისძიება განიზრახა, აბაშიძესა და რაჭის ერისთავს დაუკავშირდა და მამუკა ბატონიშვილის გამეფება გადაწყვიტა. მეფეს მიემხრნენ ლევან აბაშიძე, მამია IV გურიელი, ბარის ერისთავი გედევანი, მერაბ წულუკიძე და სხვანი. მათ ჯარს მეფის ძე – დავითი სარდლობდა. 1734 წელს ჩიხორთან ბრძოლაში დადიანი დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა (ქ. ჩხატარაიშვილი ჩიხორის ბრძოლას 1732 წლით ათარიღებს). საქმეში ოსმალები ჩაერთვნენ, რომლებსაც არ მოსწონდათ მეფის ასეთი გაძლიერება და აიძულეს იგი, გარიგებოდა დადიანს. დადიანმა მამუკა ბატონიშვილის სასარგებლოდ საჭილაო და სამიქელაო დათმო. მამუკამ საკუთარი ძალებით ჩიჯავაძეების ციხე-მამულებიც მიიტაცა და გაძლიერდა.

ჩიხორის ბრძოლის შემდგომ პერიოდში მეფე ოსმალებს ხარკის მიცემაზე დათანხმდა. 1735 წელს ირანმა ოსმალეთი აღმოსავლეთ საქართველოდან გამოაძევა და იმერეთსაც მოსთხოვა დამორჩილება. 1738 წელს იგი რუსეთში ელჩად ქუთათელ მიტროპოლიტს – ტიმოთე გაბაშვილს გზავნის და დახმარებას თხოულობს, მაგრამ 1739 წლის რუსეთ-ოსმალეთის საზავო ხელშეკრულებით რუსეთს არ შეეძლო საქართველოს საქმეებში ჩარევა, ამიტომ 1740 წელს ქართველებს უარი შემოუთვალა დახმარებაზე. ამით გრძელდებოდა ის ჯაჭვი, რომლითაც რუსეთი საქართველოს უარს ეუბნებოდა დახმარებაზე: 1732 წელს ასევე უარით გამოისტუმრეს ალექსანდრეს ელჩი, არქიმანდრიტი ნიკოლოზი, რომელიც ცდილობდა რუსეთისათვის 1651-1652 წლების ხელშეკრულება შეეხსენებინა – ამ ხელშეკრულების ძალით იმერეთი რუსეთის ხელდებულად ცხადდებოდა.

ალექსანდრე ურჩი თავადების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდა. მან თავები მოკვეთა ზურაბ აბაშიძის ძეს – დავითს და პაპუნა წერეთელს, ქართლში მისმა მომხრეებმა ტეზერში მყოფი აბაშიძის ძმა – ვახუშტი შეიპყრეს და ნავარძეთის ციხეში გამოკეტეს. მის დასახსნელად თავადები ყოველ ღონეს ხმარობდნენ. 1741 წელს ახალციხის ფაშას დახმარებით ალექსანდრე განდევნეს და მისი ძმა, გიორგი გაამეფეს. ალექსანდრე ქართლში გადავიდა, ნადირ-შაჰს დაუკავშირდა და მისი შუამდგომლობით ახალციხის ფაშას მოურიგდა. ალექსანდრემ ტახტი იმავე წელს დაიბრუნა. ზურაბ აბაშიძე, გრიგოლ რაჭის ერისთავი და ოტია დადიანი მის წინააღმდეგ გალაშქრებას აპირებდნენ, მაგრამ მეფემ დაასწრო და ოდიშს თავს დაესხა. ალექსანდრემ დადიანთან ზავი დადო, იმავე წელს ქუთაისთან გრიგოლ რაჭის ერისთავი მოკლეს, ერისთავად მისი ძმა ვახტანგი დასვეს და სამეფოში ცოტა ხნით მშვიდობა ჩამოვარდა.

ამის შემდეგ ალექსანდრემ მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულება დედინაცვლის – თამარის ღალატს დააბრალა და იგი მახვილით განგმირა; თავი მოკვეთა გიორგის ერთგულ საჩინო ბარათაშვილსაც, მისი ოჯახის წევრები კი ტყვეებად გაყიდა (1742).

ტახტისათვის ბრძოლას არ წყვეტს მამუკა ბატონიშვილი, რომელიც 1746 წელს ახერხებს კიდეც გამეფებას. 1749 წელს ახალციხის ფაშას დახმარებით ალექსანდრემ სამეფო ტახტი დაიბრუნა, მაგრამ მალე, 1752 წლის მარტში, გარდაიცვალა.

ალექსანდრე V-ის მიერაა აგებული ჩხარის წმ. გიორგის მონასტერი (1737) და ვარციხის სამეფო სასახლე.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო 1462-1810 წწ., თბ., 1989.

შ. ბურჯანაძე, იმერეთის 1737 წლის რუკა, როგორც ფეოდალური საქართველოს ისტორიის პირველწყარო, ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე, ტ. I, თბ., 1959.

გ. მეტრეველი, ჟამი ბრძოლისა და თანადგომისა, თბ., 1983.

ქსე, ტ. III, ქსე, ტ. I.

მ. სურგულაძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლი, გენეალოგიური ტაბულის შემდგენლები მ. სურგულაძე, მ. ქავთარია, თბ., 1975.

 

გიორგი VII

იმერეთის მეფე 1741 წელს, გიორგი VI-ისა და მამია III გურიელის ასულის, თამარის ვაჟი. იგი ალექსანდრე V-ით უკმაყოფილო თავადებმა: ზურაბ აბაშიძემ, გრიგოლ რაჭის ერისთავმა, ოტია დადიანმა და აფხაზეთის მთავარმა შარვაშიძემ გაამეფეს. მათ მხარს უჭერდა ოსმალეთიც, რომელსაც ხელს აძლევდა სამეფო ტახტზე ხშირი ცვლილებები. ალექსანდრე V ქართლში გადავიდა, ნადირ-შაჰის შუამდგომლობით და ახალციხის ფაშას სამხედრო დახმარებით ტახტი იმავე წელს დაიბრუნა. გიორგი ოდიშში გაიქცა.

გიორგი ცოცხალი ჩანს სოლომონ I-ის დროს (1772), როდესაც იგი, გამეფების სურვილით შეპყრობილი, იმერეთში უნდა დაბრუნებულიყო.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო 1462-1810 წწ., თბ., 1989.

ქ. ჩხატარაიშვილი, დასავლეთ საქართველო XVIII ს-ის პირველ ნახევარში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

მ. სურგულაძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლი, გენეალოგიური ტაბულის შემდგენლები მ. სურგულაძე, მ. ქავთარია, თბ., 1975.

 

მამუკა

იმერეთის მეფე 1746-49 წლებში (დათარიღება: მ. სურგულაძე, მ. ქავთარია – 1746), გიორგი VI-ისა და ქართლის მეფე გიორგი XI-ის ასულის, როდამის ვაჟი. მისი გამეფება ჯერ კიდევ 1734 წელს, ჩიხორთან ბრძოლისას ჰქონდათ გადაწყვეტილი ოტია დადიანს, ზურაბ აბაშიძეს და გრიგოლ რაჭის ერისთავს. ბრძოლის შემდეგ, დაზავებისას, დადიანის სურვილით მას საჭილაო და სამიქელაო გადაეცა. ოდნავ მოგვიანებით მამუკამ ბეჟან ჩიჯავაძეს სებეკას ციხე წაართვა ჩიჯავაძეების სხვა მამულებთან ერთად. ამით იგი ძლიერდება და აგრძელებს ბრძოლას სამეფო ხელისუფლებისათვის, რომელსაც 1746 წელს კიდევაც იგდებს ხელთ. 1749 წელს ალექსანდრე V-მ ახალციხის ფაშას დახმარებით ტახტი დაიბრუნა.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო 1462-1810 წწ., თბ., 1989.

ქ. ჩხატარაიშვილი, დასავლეთ საქართველო XVIII ს-ის პირველ ნახევარში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

მ. სურგულაძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლი, გენეალოგიური ტაბულის შემდგენლები მ. სურგულაძე, მ. ქავთარია, თბ., 1975.

 

სოლომონ I

იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში (დათარიღება: მ. რეხვიაშვილი – 1752, 1753-1766; 1768-1784), ალექსანდრე I-ის ძე.

ტახტზე ასვლისას 14 წლისა იყო. 1752 წელს შეთქმულთა ძლიერმა ჯგუფმა, რომელთა შორისაც იყვნენ დედამისი თამარი, ბაბუა – ბესარიონი და მეფის ბიძები – მამუკა და გიორგი, შეძლო მისი დამარცხება. მაგრამ სოლომონმა ახალციხის ფაშას დახმარებით ტახტი დაიბრუნა, დედა სამეფოდან გააძევა, აბაშიძეთა მამული კი თავის საკუთრებად გამოაცხადა.

სოლომონმა მემკვიდრეობად დაუძლურებული, სათავადოებად დაყოფილი სამეფო მიიღო. მან მიზნად დაისახა მტკიცე სამეფო ხელისუფლების შექმნა და დასავლეთ საქართველოს გაერთიანება, ტყვეებით ვაჭრობის აღკვეთა და ოსმალთა ბატონობისაგან ქვეყნის გათავისუფლება. მეფემ ჯერ დადიანი შემოირიგა, რის შემდეგაც მამია გურიელი იძულებული გახდა მეფის ერთგული ყოფილიყო. სოლომონმა შემოიკრიბა დიდი თავადებისაგან შევიწროებული წერეთლები, წულუკიძეები, ჯაფარიძეები, იაშვილები და აგიაშვილები; ეკლესიას დაუბრუნა ფეოდალთაგან მიტაცებული ყმა-მამულები და საეკლესიო გლეხები გადასახადებისაგან გაათავისუფლა, რითაც ეკლესიის ნდობაც დაიმსახურა. მეფემ გადაწყვიტა ხელში ჩაეგდო სტრატეგიული მნიშვნელობის ციხეები, რომლებიც ფეოდალების ძლიერების საფუძველს წარმოადგენდნენ. მანვე შექმნა სრულიად ახალი, მეფის ხელისუფლების განმამტკიცებელი ინსტიტუტი, ე.წ. ფიცის კაცნი. ისინი ყოველი წლის 15 მაისს განსაზღვრულ ადგილას იკრიბებოდნენ და ფიცს დებდნენ მეფის ერთგულებაზე. შეფიცულები პოლიტიკური პრივილეგიებითაც სარგებლობდნენ. მათ შორის იყვნენ ლორთქიფანიძეები, მესხები, ავალიანები, იოსელიანები, ღოღობერიძეები, მიქაბერიძეები, ყიფიანები, ქორქაშვილები, უგრეხელიძეები, გრიგალაშვილები, ჭაბუკიანები და სხვა.

სოლომონ I-მა გამეფებისთანავე დაიწყო თურქების წინააღმდეგ ბრძოლა. იგი გრძნობდა, რომ ოსმალთა ჯარები გარკვეულწილად რეაქციული ფეოდალური ძალების დასაყრდენიც იყო, და მით უფრო ესწრაფვოდა თავისი სამეფოს მათგან გათავისუფლებას. სოლომონი საიდუმლო მზადებას შეუდგა: 1757 წლის დეკემბრის დასაწყისში მან ჩაკეტა ფოთიდან, გურიიდან და ახალციხიდან მომავალი გზები, საიდანაც ხრესილზე მდგარი თურქების დამხმარე ჯარის შემოსვლა იყო მოსალოდნელი. მეფეს დადიან-გურიელის ჯარებიც შეუერთდნენ, მათთან ერთად იყო აგრეთვე აფხაზეთის მთავარი ხუტუნია შარვაშიძე. 1757 წლის 14 დეკემბერს, გამთენიისას, მეფის ლაშქარი თავს დაესხა ახალციხისა და აჭარის სანჯაყთა მრავალრიცხოვან ჯარს. ამ ბრძოლაში მეფემ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. დავით ბატონიშვილის გადმოცემით, სოლომონი ,,ესრეთ მხნე იყო, ვითარცა ლომი''. ამავე ბრძოლაში მოკლეს სამშობლოს გამყიდველი ლევან აბაშიძე, რომელიც თურქთა მხარეზე იბრძოდა. სოლომონმა იცოდა, რომ ოსმალეთი მის ამ გამოსვლას უპასუხოდ არ დატოვებდა და საჭირო ზომები მიიღო: 1758 წელს სოლომონ I-მა, ერეკლე II-მ და თეიმურაზ II-მ გორში მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება დადეს. ამავე წელს სოლომონ I ქართლ-კახეთის მეფეებს ეხმარება ატოცთან გამართულ ბრძოლაში თურქთა წინააღმდეგ. ეს ხელშეკრულება 1770 წლამდე არ დარღვეულა (1773 წელს ერეკლემ და სოლომონმა აღადგინეს იგი). 1758 წელს ახალციხის ფაშამ ორჯერ ილაშქრა იმერეთის წინააღმდეგ. პირველად სოლომონმა ჯარების შეკრება ვერ მოასწრო და დამარცხდა, მეორედ კი სძლია მტერს.

1759 წლის დეკემბერში სოლომონმა საეკლესიო და საერო ფეოდალების საგანგებოი კრება მოიწვია. ერთი თვის განმავლობაში მსჯელობა დასავლეთ საქართველოს საერთო საკითხებზე მიმდინარეობდა. კრების გადაწყვეტილებით, რომელიც ფაქტობრივად სახელმწიფო დარბაზის სხდომა იყო, ტყვეებით მოვაჭრეთათვის სიკვდილით დასჯა დადგინდა. გარდა ამისა, კრებამ სხვა დადგენილებებიც მიიღო: უკანონოდ მიტაცებული ყმა-მამულების სახელმწიფოსათვის დაბრუნება, ზედმეტი გადასახადებისაგან საეკლესიო ყმების გათავისუფლება, ეკლესიის საქმეებში სახელმწიფოს ჩაურევლობა, უღირსთა გადაყენება და ღირსეულთა დანიშვნა, ეკლესია-მონასტრების აშენება და სხვა.

1760 წელს ახალციხის ფაშამ სოლომონს ოფიციალურად მოსთხოვა ტყვეებით ვაჭრობის დაშვება. სოლომონმა უარი შეუთვალა. პასუხად იმერეთში ოსმალთა 20 ათასკაციანი დამსჯელი რაზმი შემოიჭრა, რომელიც ქართველებმა დაამარცხეს. სულ მალე, 1763 წელს, სოლომონმა ოსმალთა 13-ათასიანი ჯარის შემოტევა მოიგერია და იმავე წელს სებეკასა და ასკანას ციხეებიც აიღო. 1766 წლის სექტემბერში, ოსმალთა ახალი შემოტევის შედეგად, ქვემო იმერეთი დაიკარგა, თურქებმა სვერის ციხეც აიღეს და ქუთაისში თეიმურაზ მამუკას ძე დასვეს მეფედ. სოლომონი წერეთლებმა მოდინახეს ციხეში შეიფარეს. იგი ჩრდილო კავკასიაში განლაგებულ რუსეთის ჯარების სარდლობას სთხოვდა დახმარებას, მაგრამ ამაოდ. როდესაც ოსმალთა ჯარმა ქვეყანა დატოვა, მეფემ თავისი მომხრეები შეკრიბა და სულ მალე მთელი იმერეთი დაიკავა. მოღალატე თეიმურაზმა თურქეთს შეაფარა თავი. იმერეთმა თურქებს პარტიზანული ომი გამოუცხადა. თეიმურაზი არ თმობდა პოზიციებს და ჩხართან გადამწყვეტ ბრძოლაში სოლომონმა იგი დაამარცხა (1768). თეიმურაზი მუხურის ციხეში გამოკეტეს და იქვე გარდაიცვალა.

1769 წელს მეფემ როსტომ რაჭის ერისთავი ვარციხეში ისტუმრა, იაშვილების მამულში სანადიროდ მიიტყუა და თვალები დასთხარა, ცალი თვალი მის ძეს – გიორგისაც ამოუღო. ამის შემდეგ მან რაჭის საერისთავო გააუქმა. მეფემ როსტომის ძმა, ბესარიონი კათალიკოსობიდან გადააყენა და თავისი ძმა, იოსებ გენათელი აკურთხა. ბესარიონი კაცია დადიანმა სამეგრელოს პატრიარქად აკურთხა და ეკლესიის დამოუკიდებლობა მოითხოვა, მაგრამ ახალციხის ფაშამ იოსების მხარე დაიჭირა და მალე სამეგრელოში კათალიკოსობა გაუქმდა. ტახტის დაბრუნების შემდეგ საჭირო იყო ძლიერი მოკავშირის მოძებნა. ამ მიზნით სოლომონმა 1768 წლის 23 ივნისს რუსეთში საგანგებო ელჩი – მაქსიმე ქუთათელი გააგზავნა. მეფე მფარველობას ითხოვდა, სამაგიეროდ რუსეთ-ოსმალეთის ომში თანადგომას აღუთქვამდა. ამავე პერიოდში მეფე სპარსეთშიც აგზავნის ელჩობას ბესარიონ გაბაშვილის მეთაურობით და დახმარებას ითხოვს.

რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომის დროს ერეკლეც და სოლომონიც მზად იყვნენ ოსმალეთის წინააღმდეგ ომი დაეწყოთ, მაგრამ ამისათვის რუსეთისგან ჯარითა და ფულით დახმარებას ითხოვდნენ. სოლომონი ამ ჯარით ოსმალთა მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნებას და ურჩ თავადთა დამორჩილებას აპირებდა. თავის მხრივ, რუსეთი ვარაუდობდა ამიერკავკასიის ქრისტიანთა ჩაბმას ე.წ. კავკასიის ფრონტზე, რაც რუსეთს შეუმსუბუქებდა სამხედრო ოპერაციებს ბალკანეთში. 1769 წლის ბოლოს ტოტლებენი იმერეთში შევიდა. ამ დროისათვის მეფეს ცუცხვათისა და შორაპნის ციხეები აღებული ჰქონდა, ქუთაისიც დაიკავა და მის ციხეს ალყა შემოარტყა. 2 ივლისს ტოტლებენმა ოსმალებს ბაღდათის ციხე წაართვა, 6 აგვისტოს კი რუს-იმერელთა ჯარმა ქუთაისის ციხეც აიღო. 1770 წლის 3 ოქტომბერს ტოტლებენმა, სოლომონის აზრის გაუთვალისწინებლად, ფოთის ციხის ალყა დაიწყო, რომელიც ვერ აიღო და 6 თებერვალს ალყა მოხსნა. 1771 წელს ტოტლებენი სუხოტინმა შეცვალა.

1774 წლის ნოემბერში სოლომონ I-მა რუსეთში ელჩად დავით კვინიხიძე მიავლინა, რომელსაც თან ოფიციალური თხოვნა მიჰქონდა იმერეთის მფარველობაში აყვანის შესახებ. მაგრამ ამ დროისათვის ქუჩუკ-კაინარჯის ზავი (1774 წლის 10-21 ივლისი) უკვე დადებული იყო, ამ ზავის 23-ე მუხლის თანახმად კი რუსეთი სცნობდა დასავლეთ საქართველოზე ოსმალეთის უფლებას იმ პირობით, რომ ოსმალეთი უარს იტყოდა იმერეთის ხარკზე.

1776 წლის 5 ოქტომბერს იმერეთის მეფეს თურქეთის ელჩობა ეახლა და სულთნის ფირმანი გადასცა ძვირფასი საჩუქრებითურთ. ამით დასტურდებოდა, რომ რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად თურქები დასუსტდნენ და ქართლ-კახეთთან და იმერეთთან ბრძოლის უნარი დაკარგეს. ოსმალთა ასეთივე ელჩობა ეწვია სოლომონს 1783 წლის 1 ნოემბერს. როგორც ჩანს, სულთანი იმერეთის მეფისაგან რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტას მოითხოვდა. მეფემ თურქეთის ელჩები უარით გაისტუმრა.

სოლომონ I-ს კარგად ესმოდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ იმერეთში ტახტისათვის ბრძოლა გაჩაღდებოდა, ამიტომ მემკვიდრედ თავისი ძმისწული, ქართლ-კახეთის მეფის კარზე აღზრდილი დავით არჩილის ძე გამოაცხადა, იმ პირობით, რომ ერეკლე II სოლომონის ურჩთა შეფარებაზე უარს იტყოდა. სიცოცხლის ბოლოს სოლომონმა ნაჭიშკრევთან ბრძოლაში თურქთაგან ძლიერი დარტყმა განიცადა. მეფემ მარცხი მძიმედ გადაიტანა და 1784 წლის 23 აპრილს, 49 წლის ასაკში, ,,მიიცვალა ქრისტიანთა ნათელი მეფე სოლომონი''. დაკრძალულია გელათის ღვთისმშობლის ტაძარში.

 

ლიტ.: ისტორიული დოკუმენტები იმერეთის სამეფოსა და გურია-ოდიშის სამთავროებისა (1466-1770), წგნ. I, ტექსტი გამოსცა, წინასიტყვაობა და საძიებლები დაურთო შ. ბურჯანაძემ, თბ., 1958.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. II, თბ., 1968.

შ. ბურჯანაძე, სოლომონ I-ის მეფობის პირველი პერიოდი (1752-1768), ,,თსუ შრომები'', ტ. 41, თბ., 1950.

შ. ბურჯანაძე, იმერეთის სამეფო 1768-1784 წწ. ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე, ტ. III, თბ., 1989.

მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო 1462-1810 წწ., თბ. 1989.

გ. პაიჭაძე, ქ. ჩხატარაიშვილი, 1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომი და საქართველო, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

გ. მეტრეველი, ჟამი ბრძოლისა და თანადგომისა, თბ., 1983.

ქსე, ტ. IX.

მ. სურგულაძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლი, გენეალოგიური ტაბულის შემდგენლები მ. სურგულაძე, მ. ქავთარია, თბ., 1975.

 

დავით II

იმერეთის მეფე 1784-1789 წლებში (დათარიღება: მ. სურგულაძე, მ. ქავთარია – 1784-1792; მ. რეხვიაშვილი – 1784-1789, 1790; ქსე – 1784-1787, 1792), გიორგი VII-ის ძე.

გამეფებისას 29 წლისა იყო. ტახტის მემკვიდრედ გამოცხადებულ დავით არჩილის ძეს ამ დროისათვის 12 წელი შესრულებოდა და ბაბუის – ერეკლე II-ის კარზე იზრდებოდა. ამით ისარგებლა დავით გიორგის ძემ და პაპუნა და ზურაბ წერეთლების, ბერი წულუკიძისა და დადიან-გურიელის ხელშეწყობით გამეფდა. 1784 წლის 26 აპრილს მან დადო ფიცი, რომლის ძალითაც სოლომონ I-ის პოლიტიკის გაგრძელებას კისრულობდა. მის მომხრედ გამოდიოდა რუსეთიც, რომელსაც მეფემ 1784 წელს ქვეშევრდომობა სთხოვა. რუსეთის მთავრობა მაშინვე ჩაერია იმერეთის საქმეებში და 1784 წლის მაისში დავით გიორგის ძე და ერეკლე II მოარიგა: იმერეთის მეფე იძულებული გახდა დავით არჩილის ძე თავის მემკვიდრედ გამოეცხადებინა, მისთვის საუფლისწულო მიეცა და სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ტახტიც დაეთმო. დავით გიორგის ძე ცდილობდა დიდ ფეოდალთა გავლენისაგან გათავისუფლებულიყო და თავისი ერთგულნი (ელიზბარ ერისთავი და სხვები) დააწინაურა, ამით პაპუნა წერეთელი, ბერი წულუკიძე და სხვა დიდი თავადები მტრად გადაიკიდა.

იმერეთის რუსეთთან დაახლოებამ ოსმალეთი დააფრთხო და მან იმერეთის მეფედ ქაიხოსრო ლევანის ძე აბაშიძე გამოაცხადა. იმავე დროს სტამბოლიდან ტახტის მეორე მაძიებელი, რაჭის ერისთავის ვაჟი, გიორგი (,,ქიორ-ბეიდ'' – ცალთვალად წოდებული) გამოემართა. ოსმალეთი აშკარად ამზადებდა დასავლეთ საქართველოში შემოჭრას. ამ რთულ ვითარებაში მეფემ გაბედულად იმოქმედა: შემოირიგა ზურაბ და პაპუნა წერეთლები და წულუკიძეს მორჩილება გამოაცხადებინა. 1785 წლის მიწურულს, რუსეთის აქტიური ჩარევის შედეგად, თურქეთი იძულებული გახდა უარი ეთქვა იმერეთში თავისი კანდიდატის გამეფებაზე, თუმცა თურქთა მარბიელი რაზმების თარეში არ წყდებოდა. 1785 წელს მეფემ რაჭის ერისთავის ძე – გიორგი შემოირიგა და ახლად აღდგენილი რაჭის საერისთავო ჩააბარა; 1786 წელს კი წულუკიძის, წერეთლისა და დავით არჩილის ძის იმერეთში შემოსული ჯარი დაამარცხა. ეს ჯარი მეფის მოწინააღმდეგეებს ახალციხის ფაშა სულეიმანმა დაახმარა.

1784-1786 წლებში ქუჩუკ-კაინარჯის ზავის გამო რუსეთმა დასავლეთ საქართველოში თურქთა პრეტენზიებს აშკარა ძალა ვერ დაუპირისპირა. 1787 წლის ივნისში დავით II-ის რწმუნებებით აღჭურვილი ახალი ელჩი – ბესარიონ გაბაშვილი რუსეთს გაემგზავრა, მაგრამ პეტერბურგში მხოლოდ 1789 წელს ჩააღწია.

1788 წელს სამეგრელოში კაცია დადიანის ვაჟი – გრიგოლი გამთავრდა. დავით II-ემ სამეგრელოზე ილაშქრა. ერეკლე II-მ გამოიყენა დადიანის თხოვნა მასთან დავით არჩილის ძის გაგზავნისა და დახმარების შესახებ და დასავლეთ საქართველოში ილაშქრა. 1789 წლის 11 ივლისს სოფ. მათხოჯთან ქართლისა და სამეგრელოს გაერთიანებულმა ჯარმა დაამარცხა დავით II, რომელიც ერთხანს იმერეთში ბრძოლას განაგრძობდა, მაგრამ ბოლოს ახალციხეში გაიქცა; ტახტზე კი დავით არჩილის ძე ავიდა. 1790 წელს დავით II ახალციხის ფაშას და ლევან აბაშიძის დახმარებით კვლავ გამეფდა, თუმცა დავით არჩილის ძემ იმავე წელს დაიბრუნა ტახტი. 1791 წელს დავით II-მ ერეკლე II-ის შუამდგომლობით საუფლისწულო მიიღო. 1792 და 1794 წლებში იგი ლეკთა ჯარის დახმარებით კვლავ შეეცადა გამეფებას, მაგრამ დამარცხდა და ახალციხეში გადაიხვეწა, სადაც 1795 წლის 11 იანვარს ყვავილით გარდაიცვალა. დაკრძალულია ჯრუჭის მონასტერში.

 

ლიტ.: შ. ბურჯანაძე, იმერეთის სამეფოს საშინაო პოლიტიკა 1789-1802 წლებში, თბ., 1962.

შ. ბურჯანაძე, იმერეთის სამეფოს პოლიტიკური ისტორიისათვის 1784-1789 წლებში, ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე, ტ. II, თბ., 1960.

მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო 1462-1810 წწ., თბ., 1989.

ქ. ჩხატარაიშვილი, დასავლეთ საქართველო XVIII ს-ის პირველ ნახევარში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

ალ. ხახანაშვილი, მეფე იმერეთისა სოლომონ II, ტფ., 1910.

ქსე, ტ. III.

მ. სურგულაძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლი, გენეალოგიური ტაბულის შემდგენლები მ. სურგულაძე, მ. ქავთარია, თბ., 1975.

 

სოლომონ II

იმერეთის მეფე 1789-1810 წლებში (დათარიღება: მ. რეხვიაშვილი 1789, 1790-1810). სოლომონ I-ის ძმის, არჩილის ძე, დედა – ერეკლე II-ისა და დარეჯანის ასული ელენე. დაიბადა 1772 წელს, იზრდებოდა ბაბუის – ერეკლე II-ის კარზე. სოლომონ I-მა, რომელსაც მემკვიდრე არ ჰყავდა, ტახტი ძმისწულს უანდერძა. დავით (სოლომონ) არჩილის ძის მცირეწლოვანების გამო გამეფებული დავით II ტახტის დათმობას არ აპირებდა, მაგრამ ერეკლე II-ისა და გრიგოლ დადიანის დახმარებით 1789 წლის 11 ივლისს მათხოჯთან ტახტის მაძიებელმა დაამარცხა დავით II და სოლომონ II-ის სახელით გამეფდა. ამ დროისათვის იგი 17 წლისა იყო.

დავით II-მ კიდევ რამდენჯერმე სცადა ტახტის დაბრუნება – 1790 წელს ოსმალთა და ლეკთა რაზმების დახმარებით მან იმერეთი დაიპყრო. ერეკლე II-მ სოლომონს, რომელიც პაპუნა და ზურაბ წერეთლებთან იყო შეკედლებული, თავისი შვილიშვილი – იოანე მიაშველა. ბრძოლა ლომსიანთ ხევში მოხდა, სადაც ერეკლეს ზარბაზნებით გაძლიერებულმა 500-კაციანმა რაზმმა 10 000-კაციანი მოწინააღმდეგე დაამარცხა და სოლომონმა იმერეთი დაიბრუნა.

სოლომონ II ერეკლე II-ისა და სოლომონ I-ის პოლიტიკური კურსის გაგრძელებას ცდილობდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისათვის ბრძოლის პერიოდში სრული ანარქია სუფევდა. სოლომონ II-ის გამეფება ხელს უწყობდა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლას: 1790 წლის ივნისში სოლომონ ლიონიძის თაოსნობით გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ძალითაც სოლომონ II, გრიგოლ დადიანი და სიმონ გურიელი ქართლ-კახეთის სამეფოსთან სამხედრო კავშირს ამყარებდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ, აღიარებდნენ ერეკლეს მფარველობას და მასვე ანდობდნენ რუსეთთან ურთიერთობას. ხელშეკრულების ერთ-ერთ მუხლში ნათქვამი იყო: ,,შევრაცხო ყოველი მტერი თქუჱნი მტერად ჩემდა და ყოვლისა სამეფოსა ჩემისა და ვიყო მტერი მტერისა თქუჱნისა და მოყვარე მოყვრისა''. ამ შეთანხმებას სხვებთან ერთად ხელს აწერდნენ ქართლ-კახეთის დედოფალი დარეჯანი და იმერეთის დედოფალი მარიამი. 1793 წელს ამ ხელშეკრულების მონაწილენი საერთო მფარველობას სთხოვდნენ რუსეთის იმპერატორს. მაგრამ 1792 წლის 9 იანვრის ზავით, რომელიც რუსეთ-ოსმალეთს შორის დაიდო, ძირითადად კვლავ დამტკიცდა ოსმალეთის უპირატესი უფლებები დასავლეთ საქართველოზე. რუსეთის დახმარების იმედი არც ამჯერად გამართლდა.

სამეფო ხელისუფლების გასაძლიერებლად მეფე ცდილობდა დაეთრგუნა ურჩ მთავართა და თავად-აზნაურთა თავგასულობა. კერძოდ, 1792 წელს მან მოახერხა გრიგოლ დადიანის გადაყენება (რომელიც მისი მთავარი მოწინააღმდეგე იყო) და მთავრად თავისი ერთგული მანუჩარი დასვა. მანუჩარმა ტყვეებით მოვაჭრეთა წინააღმდეგ ბრძოლის პირობა დადო (1795). 1798 წელს გრიგოლი კვლავ გადადიანდა, მანუჩარმა კი სალიპარტიანო მიიღო. 1802 წელს სოლომონი მანუჩართან ერთად ლეჩხუმში შეიჭრა, იმავე წელს ჭყვიშის ციხე აიღო, სალხინოსთან დადიანი დაამარცხა და მთავრად მცირე ხნით დადიანების უმცროსი ძმა ტარიელი (ოტია) გამოაცხადა. შეშფოთებულმა გრიგოლმა რუსეთს დახმარება სთხოვა. ამ უკანასკნელმა ისარგებლა იმერეთში შექმნილი მდგომარეობით და 1803 წლის დეკემბერში სამეგრელომ რუსეთის მფარველობა მიიღო. ამით განხორციელდა რუსეთის გეგმა, რომლის მიხედვითაც პატივმოყვარე დადიანი იმერეთის სამეფოს გაუქმებისათვის ბრძოლაში უნდა გამოეყენებინათ. 1804 წელს გრიგოლი გარდაიცვალა და მთავრის ტახტი მისმა ძემ, ლევან V-მ (1804-1810) დაიკავა.

1803 წელს სოლომონ II-მ ლიონიძის ელჩობით რუსეთს კვლავ სთხოვა მფარველობა (ასეთივე თხოვნით მიმართა მეფემ რუსეთს 1796-1801 წლებშიც), თუმცა ამის პარალელურად ოსმალეთშიც გაგზავნა ელჩობა, რომლის მეშვეობითაც რუსეთის მძლავრობისაგან დახმარებას ითხოვდა. მეფის ეს ორმაგი თამაში რუსეთმა შეიტყო, მისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ სოლომონი მზად იყო ბაბა-ხანთან ერთად გამოსულიყო რუსეთის წინააღმდეგ. მაშინ ციციანოვმა იმერეთის დაპყრობის დავალება მიიღო. 1804 წელს რუსები იმერეთში შეიჭრნენ და ხალხს ძალით აფიცებდნენ რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე. სოლომონი იძულებული გახდა რუსეთის მიერ შემოთავაზებული პირობები მიეღო. იმავე წლის 25 აპრილს ელაზნაურში (ახლანდელი ვახანის ახლოს, ხარაგაულის რაიონში) დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც იმერეთი რუსეთის ქვეშევრდომად ცხადდებოდა, თუმცა პოლიტიკურ არსებობას ინარჩუნებდა და მეფობა ხელშეუხებელი იყო, გურიის სამთავრო იმერეთის გამგებლობაში რჩებოდა. ამავე ხელშეკრულებით რუსეთი იმერეთში ჯარის ნაწილებს აყენებდა და იმერეთის დაცვას კისრულობდა. სიტყვიერი შეთანხმებით ციციანოვი მეფეს ლეჩხუმს შეჰპირდა, თუმცა ამ სადავო ტერიტორიაზე მოსალაპარაკებლად სოლომონი და გრიგოლ დადიანი საჭილაოში შეახვედრეს ერთმანეთს, სადაც ორივემ ერთად დაიფიცა რუსეთის ერთგულებაზე. ამ ხელშეკრულებით რუსეთის ახალი ტაქტიკა გამოიკვეთა: ადგილობრივ ხელისუფლებას თითქოს არ აუქმებდნენ, მაგრამ მეფეს ფაქტობრივად უუფლებოდ ტოვებდნენ. თავად სოლომონს ელაზნაური დროის მოგების საშუალებად მიაჩნდა.

იმერეთის მეფე დიდ იმედებს ამყარებდა 1806 წელს დაწყებულ რუსეთ-თურქეთის ომზე, რადგან ამ ქვეყნების დასუსტება მისი სამეფოს გაძლიერებას შეუწყობდა ხელს. ომის მსვლელობისას, 1809 წლის ოქტომბერში, ტრაპიზონის სერასკირ შერიფ-ფაშას სარდლობით ოსმალები გრიგოლეთსა და მალთაყვას შორის დაბანაკდნენ. 2 ნოემბერს მამია გურიელმა მათ ზურგიდან შემოუტია, რის შემდეგაც რუსეთს გზა გაუხსნა ფოთისაკენ; მამია კი ამ სამსახურისათვის რუსეთმა იმერეთის მეფისაგან დამოუკიდებლად სცნო.

იმავე, 1809 წელს მეფემ რუსეთის მოხელე ტორმასოვისაგან ბრძანება მიიღო პეტერბურგში ,,დეპუტატობის'' გაგზავნის შესახებ, რაც 1804 წლის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. სოლომონი არ დაემორჩილა ბრძანებას და სანაცვლოდ ქუთაისიდან ჯარის გაყვანას, ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული მხოლოდ 120 კაცის დატოვებას, ლეჩხუმს და ციციანოვის სხვა დაპირებების შესრულებას მოითხოვდა. ამის პასუხად რუსებმა ახალი გეგმა აამოქმედეს, რომლის მიხედვითაც სოლომონის წინააღმდეგ უნდა აემხედრებინათ გურია, რაჭა, აგრეთვე ზურაბ წერეთელი და წულუკიძეები.

1810 წლის 20 თებერვალს რუსთა ჯარი იმერეთისკენ დაიძრა. ვარციხეში გამაგრებული სოლომონის მომხრეები შედრკნენ და უკან დაიხიეს, ასე რომ 4-5 ათასი კაციდან სოლომონს ათასი მებრძოლიღა შემორჩა. მოსახლეობას რუსები კვლავ ძალით აფიცებდნენ რუსთ ხელმწიფის ერთგულებაზე.

1810 წლის 9 მარტს სიმონოვიჩისადმი გაგზავნილ წერილში სოლომონ მეფე თანხმობას აცხადებდა გადადგომაზე, თუ საცხოვრებლად იმერეთში დატოვებდნენ. 28 მარტს იგი ვარიანში ტორმასოვს შეხვდა მოსალაპარაკებლად, მაგრამ დაატყვევეს და თბილისში, ერთ-ერთ ბინაში გამოკეტეს, აქედან კი პეტერბურგში უპირებდნენ გადაგზავნას. 11 მაისს ერთგული მსახურის ტანსაცმელში გადაცმულმა მეფემ ტყვეობას თავი დააღწია, იქვე დატოვა ალექსანდრე ნეველის ორდენი, რომელიც რუსეთისაგან 1804 წელს მიიღო. გაპარვისას მას თან ახლდნენ ქაიხოსრო, როსტომ და სიმონ წერეთლები, გრიგოლ და დავით ერისთავები, ბერი ლორთქიფანიძე, აზნაური გაბაშვილი და სხვები – სულ 25 კაცამდე.

რუსთაგან ლტოლვილი მეფე ახალციხეში გადავიდა, სადაც მას სოლომონ ლიონიძე და მალხაზ ანდრონიკაშვილი ელოდნენ. აქედან დაიწყო აჯანყების მზადება 1804 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მოთხოვნით. 1810 წლის 17 მაისის წერილში ზემო იმერლებისადმი სოლომონი აჯანყებისაკენ მოუწოდებს მათ და წერს: ,,ამაზედაც გული დაიჯერეთ, იმერეთის გულისათვის ჩემი სიცოცხლე უნდა დავასრულო''. ამ აჯანყებაში სოლომონს მხარს უჭერდნენ მანუჩარ და ტარიელ დადიანები, ლეჩხუმის მთავარი ბერი გელოვანი და სხვა თავადები. მეფეს ხუთი ათასი კაცი აგიაშვილის სარდლობით ქუთაისის ალყაზე ჰყავდა, სამი ათასი ხარაგაულის ციხის მიდამოებში დააყენა რუსეთის ჯარისათვის გზის გადასაკეტად. ქართლის მიმართულებით, კორტოხის გზაზე, ათას ხუთასი კაცი დააბანაკა მალხაზ ანდრონიკაშვილისა და როსტომ წერეთლის მეთაურობით, ორი ათასი კაცი კი მაღლაკთან იდგა, რათა გურია-ოდიშის ჯარი არ გაეშვათ ქუთაისისაკენ. რუსეთის სამსახურში მყოფი მეფის სახლთუხუცესი, ზურაბ წერეთელი 1810 წლით დათარიღებულ წერილში შეშფოთებული წერს თავის შვილს, გრიგოლს – მთელი იმერეთი გაერთიანებულია ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველადო.

ამ გაერთიანებული ჯარის წინააღმდეგ რუსეთმა თბილისიდან 3 200 ჯარისკაცი გაგზავნა და ეს არმია ორ ნაწილად გაყო. 22 ივნისს სოფ. საქარასთან პირველი შეტაკება მოხდა აჯანყებულებსა და რუსებს შორის. სოფ. კორტოხთან ანდრონიკაშვილისა და როსტომ წერეთლის მოლაშქრეებმა შეაჩერეს რუსთა ჯარების ნაწილები, 29 ივლისს კი ალყა შემოარტყეს ქუთაისის ციხეში მდგომ სიმონოვიჩს. პასუხად რუსეთმა თბილისიდან ახალი ჯარი გაგზავნა გენერალ-ლეიტენანტ როზენის მეთაურობით (1810). ამ დროიდან დაიწყო აჯანყების დაღმასვლა. როზენმა ჩხერის ციხესთან იმერეთის 5 000-კაციანი ჯარი დაამარცხა. ამის შემდეგ ბრძოლები ცხრაწყაროსთან და ჭიშურასთან გაიმართა, სადაც სოლომონის ჯარი კვლავ დამარცხდა. სოფ. მაღლაკთან გიორგი წულუკიძისა და ზურაბ წერეთლის ჯარის ნაწილებმა, ლევან დადიანთან შეთანხმებით, რუსები უბრძოლველად გაატარეს და ქუთაისისაკენ გზა გაუხსნეს. როზენს ქუთაისში დადიანი, გურიელი და თავადთა ერთი ნაწილი ეახლა. დამარცხებისათვის განწირული მეფე ერთხანს ხანისწყლის ხეობაში გამაგრდა, მაგრამ სექტემბრის მიწურულს იძულებული გახდა ახალციხეში გადასულიყო. რუსებმა იმერეთის სამეფო გააუქმეს და რუსული მმართველობა შემოიღეს. ტორმასოვის ბრძანებით მარიამ დედოფალი და მეფის და – მარიამი ვორონეჟში გადაასახლეს. მარიამ დედოფალი 1841 წელს გარდაიცვალა პეტერბურგში.

სამშობლოდან გადახვეწილი სოლომონი არ წყვეტს ბრძოლას ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. 1811 წლის 6 იანვრით დათარიღებულ წერილში იგი დახმარებას სთხოვს ნაპოლეონს, მაგრამ ეს წერილი უპასუხოდ რჩება. ამის შემდეგ მეფე ოსმალეთში გადადის და ოსმალეთის, ირანისა და საფრანგეთის დახმარებას ეძიებს. სწორედ ამ დროს მისთვის არასასიკეთოდ ვითარდება პოლიტიკური მოვლენები: 1812 წლის რუსეთ-თურქეთის ზავის პირობებში არაფერია ნათქვამი იმერეთის მეფის უფლებების აღდგენაზე, 1813 წლის რუსეთ-ირანის ზავით კი მთელი საქართველო რუსეთის გავლენის სფეროდ გამოცხადდა. ამგვარად, სოლომონის ძალისხმევამ ნაყოფი ვერ გამოიღო და მალე, 1815 წლის 7 თებერვალს, იგი გარდაიცვალა, დაკრძალეს ტრაპიზონში, წმ. გიორგის სახელობის ბერძნული ეკლესიის გალავანში. მეფის საფლავის ქვაზე ასეთი წარწერა ყოფილა ამოკვეთილი: ,,განმეძარცვა მე პირველ ქმნილი სიკეთე და მშვენიერება და მდებარე ვარ შიშველ და კდემული საფლავსა ამას შინა, ტომისაგან დავითისა, შთამოსრული ბაგრატიონი, ძე არჩილისა, სრულიად იმერთა მეფე სოლომონ, რომლისათვისაც ვითხოვ შენდობას. თებერვლის 8, ქორონიკონსა ქრისტეს აქეთ ჩყიე''. 1990 წლის შემოდგომაზე მისი ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და გელათის მეფეთა საძვალეში დაკრძალეს.

 

ლიტ.: ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. II, თბ., 1968.

ალ. ხახანაშვილი, მეფე იმერეთისა სოლომონ II, ტფ., 1910.

ქსე, ტ. IX.

მ. გონიკაშვილი, შენიშვნები იმერეთის სამეფოს გაუქმების შესახებ, თბ., 1962.

მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო 1462-1810 წწ. თბ., 1989.

თ. ხუსკივაძე, უკანასკნელი მეფე იმერეთისა სოლომონ II, ტფ., 1902.

მ. დუმბაძე, დასავლეთ საქართველო XIX ს-ის I ნახევარში, თბ., 1983.

მ. დუმბაძე, იმერეთის სახელმწიფოს გაუქმება და ცარიზმის ბატონობის გაფართოება საქართველოში, სინ. ტ. IV, თბ., 1973.

მ. სურგულაძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლი, გენეალოგიური ტაბულის შემდგენლები მ. სურგულაძე, მ. ქავთარია, თბ., 1975.

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2014-09-18
წინასწარმეტყველისა ზაქარიასი და მართლისა ელისაბედისა - წმიდა იოანე ნათლისმცემლის მშობელთა (I); მოწამეთა: თიფაილისა და დისა მისისა თიბეასი (98-138); მოწამისა სარვილესი; მოწამისა რაისასი (დაახ. 308); მოწამეთა იუვენტინე და მაქსიმე მხედართა (361-363); მოწამეთა: ურბანისა, თეოდორესი, მედიმნესი და მათთანა 77-თა ნიკომიდიას წამებულ სასულიერო პირთა (370); მოწამისა აბდესა სპარსელისა (V).
ღირსმოწამე ათანასე ბრესტელი
ღირსმოწამე ათანასე ბრესტელი, რომლის ხსენებაც არის 18 სექტემბერს, დაიბადა 1597 წელს ფილიპოვიჩების კეთილშობილ ქრისტიანულ ოჯახში. ტომით იყო ბელორუსი. მიღებული ჰქონდა სერიოზული განათლება - შესანიშნავად იცოდა საღვთისმეტყველო და ისტორიული ლიტერატურა.
წმიდა მოწამე რაისა (ან ირიადა)
18 სექტემბერს არის ხსენება წმიდა მოწამე რაისასი. ქალწული რაისა ქალაქ ალექსანდრიიდან იყო და ერთ-ერთ სავანეში მოსაგრეობდა. ერთხელ, მონასტრიდან მორჩილების საქმეზე გასულმა ნეტარმა შენიშნა ხომალდი, რომელზეც ქრისტესთვის პყრობილები იმყოფებოდნენ.
gaq