31 წლის წინ, 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები იყო რუსეთის საბჭოთა იმპერიის ტერიტორიაზე ჩატარებული პირველი დემოკრატიული, მრავალპარტიული, თავისუფალი არჩევნები, რომლის მონიტორინგს მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს ასობით მეთვალყურე ესწრებოდა. თითქოს და ამ 31 წლის განმავლობაში საქართველოში უნდა ამაღლებულიყო მოსახლეობის პოლიტიკური კულტურა და პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა როგორც ამომრჩევლის წინაშე, ასევე ქვეყნის წინაშე. მაგრამ სამწუხაროდ ასეთი რამ არ მოხდა. დამკვირვებელი ადვილად შეამჩნევდა, რომ ქართული პოლიტიკური პროცესის მონაწილე ძირითადი პოლიტიკური აქტორები, ერთმანეთს პრორუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ. თუ 30 წლის წინანდელ საქართველოს გავიხსენებთ, მეტად დავრწმუნდებით, რომ პოლიტიკური დისკურსისა და ბრალდებების თვალსაზრისით 30 წელზე მეტია ქართული პოლიტიკა ერთ წრეზე ტრიალებს. დღევანდელობასა და ოცდაათი წლის წინანდელ ამბებს შორის პარალელების გავლების აუცილებლობა მგონი უინტერესო არ უნდა იყოს. დავიწყებ თუ რა უპირატესობა ჰქონდათ პოლიტიკურ პარტიებს 30 წლის წინ. რაც შეეხება უპირატესობებს - 1. მაშინდელ არჩევნებში მონაწილე პარტიები, რომლებიც თითქოს და მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ, იდეებით და სტრატეგიით ებრძოდნენ ერთმანეთს. იდეურად განსხვავებულ პროგრამებს სთავაზობდნენ მაშინდელ ელექტორატს მრგვალი მაგიდა - თავისუდალი საქართველოს ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიები, ეროვნულ-დემოკრატები, საქართველოს სახალხო ფრონტი, რუსთაველის საზოგადოება და სხვანი; 2. ფულის ფაქტორი მინიმალური იყო; 3. ელექტორატის არჩევანი გადამწყვეტი იყო. 4. რუსეთის საბჭოთა იმპერიაზე ორიენტაციის მქონე პარტიების გავლენა კი - მინიმალური. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმჟამინდელი ე.წ. „საკავშირო ცენტრი“ სულს ღაფავდა, მისი დღეები დათვლილი იყო და ეს ყველასათვის ნათელი იყო. ახლა ყველაფერი პირიქითაა - პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, საზოგადოებაში სოციალური პოლარიზაცია და პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკურ პარტიების ელექტორატიც გაიზარდა. რა საფრთხეს უქმნის ყოველივე ეს ქართულ საზოგადოებასა და სახელმწიფოს? დღეს იდეოლოგია უკვე არის ცხოვრების გააზრების თეორიული დონე, ის არ არის იმდენად ზედაპირულად სიტუაციური, რამდენადაც სისტემური და მსოფლმხედველობრივი, და ამიტომ მოიცავს კითხვებს საზოგადოების ცხოვრების მიზნისა და მნიშვნელობის შესახებ. ტაქტიკა შესაძლებელია იდეოლოგიის გარეშე, როგორც სოციალური ცნობიერების ფორმა, მაგრამ სტრატეგია შეუძლებელია. რაოდენ სამწუხარო არ უნდა იყოს, ფულის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანია. თუმცა საქართველო ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. XIX საუკუნეში ამერიკელმა სენატორმა მარკ ჰანამ (1837-1904 წწ.) ბრძანა: „პოლიტიკაში მნიშვნელობა მხოლოდ ორ რამეს აქვს. პირველი - ეს ფულია, ხოლო მეორე რაა, არ მახსოვს“. რამოდენიმე დღის წინ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის სასამართლომ დამნაშავედ ცნო წინასაარცევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების მოძიებაში. თითქმის 2500 წლის წინ ბერძენმა ფილოსოფოსმა არისტოტელემ ბრძანა: „ისინი, ვინც ფულით ყიდულობენ ხელისუფლებას, დაჩვეულნი არიან მისგან მოგება მიიღონ“. ალბათ ამიტომაც არის, რომ დღეს საქართველოში, და არა მარტო საქართველოში, პოლიტიკა იქცა მომგებიან ბიზნესათ. მანამ, სანამ ქართველი პოლიტიკოსი ვერ შეიგნებს, რომ მან უნდა ემსახუროს არა საკუთარ ბიზნეს, არამედ საკუთარ ქვეყანასა და ხალხს, ჩვენი ქვეყნის საშველი არ დადგება. |