XX საუკუნის 70-ი წლებიდან საბჭოთა საქართველოში მოსახლეობა, მიუხედავად მოჩვენებითი ლოიალურობისა, არ იყო პრორუსულად განწყობილი, ხოლო ეროვნული მოძრაობის დაწყებისას ეს მოჩვენებითი ლოიალურობაც გაქრა. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისა და ტერიტორიული მთლიანობების ომების შემდეგ, ცხინვალის რეგიონში და მერე აფხაზეთში, ქართველი ხალხის დიდი ნაწილი რუსეთს უკვე მტრადაც კი აღიქვამდა. თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, XXI საუკუნის დასაწყისში, განსაკუთრებით კი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, პრორუსულმა განწყობამ საქართველოში ფეხი მოიკიდა. ამის საილუსტრაციოდ კარგი მაგალითია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, სადაც ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის „პატრიოტთა ალიანსმა“, რომელიც არც კი მალავს პრორუსულ ორიენტაციას, მიიღო ხმათა მხოლოდ 6% მეტი. ამის გარდა, რუსეთის მხარე თანხებს არ იშურებს სხვადასხვა სახის პროპაგანდისტული ფილმების გადასაღებად და მათი სოციალური ქსელებით გავრცელებას. ჩვენი ყურადღება მიიპყრო რუსეთის „ევრაზიის“ ფონდის მიერ დაფინანსებულმა ფილმმა „გურჯისტანის ვილაიეთი“. ეს ფილმი არის რუსეთის „რბილი ძალა“ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ამ საკითხთან დაკავშირებით სამეფო კლუბის საიტის georoyal.ge-ს წარმომადგენელი, ჟურნალისტი დავით ზუკაკიშვილი ესაუბრა ისტორიკოსსა და პოლიტოლოგს გიორგი კუჭავას. - დავით ზუკაკიშვილი: ბატონო გიორგი, თქვენის აზრით, რამ განაპირობა საქართველოში პრორუსული განწყობა? - გიორგი კუჭავა: ცნობილმა რუსმა მეცნიერმა სერგეი კაპიცამ ბრძანა, რომ „რევოლუციები ხდება არა ქუჩაში, არამედ ტვინებში“. და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და სოციალურ ქსელებს. რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ვალერი გერასიმოვი წერს: „XXI საუკუნეში იშლება ზღვარი ომსა და მშვიდობას შორის. ომებს აღარ უცხადებენ, ხოლო თუ დაიწყება, არ მიმდინარეობს ჩვენთვის ნაცნობი შაბლონებით. პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნის მისაღწევად გაიზარდა არასამხედრო მოქმედებების ტაქტიკა, რომელმაც, რიგ შემთხვევაში, თავისი ეფექტურობით მნიშვნელოვნად გადააჭარბა იარაღის ძალას. ორთაბრძოლაში აქცენტირება კეთდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ინფორმაციულ, ჰუმანიტარულ და სხვა არასამხედრო მეთოდებზე, აქტიურად გამოიყენება კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობის საპროტესტო პოტენციალი“. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის სპეცსამსახურები აქტიურად იყენებენ ე.წ. „რბილ ძალას“ არა მარტო საქართველოში თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ევროპაში და შეერთებულ შტატებშიც კი. სოციალურ ქსელებში უამრავი ფეიკ-პროფილები გახსნეს და ამ გზით ცდილობენ, გავლენა მოახდინონ ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის პოლიტიკურ განწყობებსა თუ სიმპათიებზე. საქართველოსთან მიმართებაში, ისევე როგორც სხვა ქვეყნების მიმართ, გამოიყენება ყველა ხერხი. რუსებმა გაიჩინეს, უფრო სწორედ კი, ჩემის აზრით, შექმნეს რამოდენიმე პოლიტიკოსი, რომლებიც ასრულებენ კრემლის დავალებებს. - დავით ზუკაკიშვილი: ბატონო გიორგი, თქვენის აზრით, რამდენად შეესაბამება ფილმში მოყვანილი ფაქტები რეალობას? - გიორგი კუჭავა. ფილმი იწყება იმ საშინელებებით, რასაც ჩადიოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები სირიაში მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. ამის შემდეგ, ხმა კადრიდან სინანულს გამოთქვამს, რომ საქართელოდან გაყვანილ იქნა რუსეთის სამხედრო ბაზები, რადგან მხოლოდ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შესწევს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს. მე არაერთხელ მითქვამს და დამიწერია, რომ ე. წ. ”ისლამური სახელმწიფო” არის რუსული სპეცსამსახურების პროექტი. დღეს რუსული პროპაგანდა ცდილობს ქართველი კაცის დაშინებას ამ ე.წ. ”ისლამური სახელმწიფოთი”. სირიის ომის პროგნოზირება შეიძლებოდა ჯერ კიდევ 2008 და 2009 წელს. იმჟამად ყატარის პრინცი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ასადთან და თურქეთთან გაზსადენის მშენებლობაზე ყატარიდან სირიისა და თურქეთის გავლით სამხრეთ ევროპში. იმავე დროს, რუსული გაზპრომის ანალიტიკოსებმა განგაში ატეხეს, რომ ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ბუნებრივი აირის საფასური ევროპულ ბაზარზე დავარდებოდა დაახლოებით 45%, ხოლო რუსული გაზპრომის წილი ევროპის ბაზარზე შემცირდებოდა 65%. რაც შეეხება რუსეთის სამხედრო ბაზებს საქართველოში. ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთის სამხედრო ბაზა ნებისმიერ ქვეყანას საფრთხეს უქმნის. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: თბილისის 1991-1992 წლების მოვლენებში ჩართული იყო რუსეთის სამხედრო დაზვერვა გენერალ ბეპაევის მეთაურობით. 1995 წელს, ედუარდ შევარდნაძეზე წარუმატებელი ტერაქტის შემდეგ, იგორ გიორგაძე სწორედ რუსეთის სამხედრო ბაზიდან გაიქცა მოსკოვში; მას შემდეგ რაც ჩერნოგორიამ განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე, ჩერნოგორიის სპეცსამსახურებმა აღკვეთეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, მუკო ჯუკანოვიჩზე მკვლელობის ოპერაცია, რომელიც მოსკოვში იქნა დაგეგმილი. აქვე უნდა ითქვას, რომ რუსული სპეცსამსახურების ბაზა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს სერბეთში რუსეთის საგანგებო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე. - დავით ზუკაკიშვილი: ჩაგეკითხებით, მაშინ რატომ დაუშვეს 2004 წლის მაისში ასლან აბაშიძეს გადადგომა? - გიორგი კუჭავა: გიპასუხებთ. აჭარას არ გააჩნია საერთო საზღვარი რუსეთთან. თან არ დაგავიწყდეთ, რომ 1999 წლის სტამბულის ეუთოს სამიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებით რუსეთს უნდა გაეყვანა საქართველოში დისლოცირებული სამხედრო ბაზები. ასლან აბაშიძეს დასაცავად კი ბათუმის სამხედრო ბაზის გამოყენება სერიოზულად შეარყევდა რუსეთის იმიჯს საერთაშორისო არენაზე. იმ დროს კი ეს ვლადიმერ პუტინის გეგმებში არ შედიოდა. თანაც, ნუ დაგავიწყდებათ, რომ მოსკოვს გააჩნდა სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. - დავით ზუკაკიშვილი: ფილმში მართლს ამბობენ, რომ აჭარაში მომძლავრდა თურქული კაპიტალი. თან აცხადებენ, რომ ამაში ხელი შეუწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ. - გიორგი კუჭავა: რუსულ მედიაში არაერთხელ დაიწერა, რომ „რუსეთი კარგავს აჭარას“ და რუსი პოლიტოლოგები სხვადასხვა რეცეპტებს სთავაზობენ თავიანთ ხელისუფლებას. მათ შორისაა ეთნოკონფესიური დაპირისპირება. მოდით გადავხედოთ აჭარას. აჭარაში ძირითადად კაპიტალს აბანდებენ ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქეები. ისინი ჩვენი სისხლი და ხორცია. გავიხსენოთ, რა დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა ილია ჭავჭავაძე აჭარაში ქართველ მუსლიმებს. იმ დროს ბევრი აჭარელი მუსლიმი მზად იყო, მიეყვანა თავისი შვილები წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლებში, ოღონდ სთხოვდნენ რჯულს არ შეეხოთო. დღეს აჭარა ძალზედ პოპულარული კურორტია შავ ზღვაზე. ამის გარდა ზემო აჭარაში მიმდინარეობს ზამთრის კურორტის მოწყობა, რაც არასდროს არ იყო. ეს კი დამატებითი სამუშაო ადგილებია. რუსებს აღელვებს არა რეგიონის კეთილდღეობა, არამედ ის, რომ აჭარაში აღარ არის რუსეთის სამხედრო ბაზა. ამიტომაც რუსეთის სპეცსამსახურებმა მიმართეს ნაცად ხერხს - გათიშე და იბატონე. დღეს მოსკოვის მიზანია რეგიონში მოახდინოს კონფესიური დაპირისპირება ქრისტიანებსა და მაჰმადიანებს შორის. მერე კი, რუსი სტრატეგების აზრით, ქართველებს „მხსნელად“ რუსი მოევლინება, ფილმის ავტორები გვაშინებენ, რომ დღეს თურქეთში ისლამისტები არიან ხელისუფლებაში. ფილმში თქვეს კიდეც, რომ თურქეთისა და რუსეთის დაახლოება მოხდა მაშინ, როცა ანკარაში ხელისუფლების სათავეში ისლამისტი ერდოღანი მოვიდა ჯერ პრემიერ-მინისტრად და მერე კი პრეზიდენტად. მაგრამ ”დაავიწყდათ” იმის აღნიშვნა, რომ რამდენიმე წლის წინ სამხედრო გადატრიალების მარცხში, ლომის წვლილი რუსეთს მიუძღვის. - დავით ზუკაკიშვილი: რუსული პროპაგანდა საქართველოში საუბრობს ძირძველი ქართული ტერიტორიების ოკუპაციაზე თურქეთის მიერ. თქვენის აზრით ეს რას ემსახურება? - გიორგი კუჭავა: როდესაც ფილმის ავტორები გვახსენებენ, რომ ტაო-კლარჯეთი თურქეთს აქვს დაპყრობილი, რატომღაც არაფერს ამბობენ, რომ ”ერთმორწმუნე” რუსეთმა დაიპყრო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. რუსული პროპაგანდა ყველაზე მნიშვნელოვანს არ ახსენებს - მოსკოვის 1920 წ. ივნისში რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებას. 1920 წ. 7 მაისს ბოლშევიკებმა აღიარეს საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-1921 წწ.). ამ ხელშეკრულებით ბოლშევიკებმა საქართველო-თურქეთის საზღვარი აღიარეს რუსეთ-თურქეთის 1914 წლის საზღვრის ფარგლებში და იქ ასევე წერია, რომ საქართველოს შემადგენლობაში აღიარებენ იმ ტერიტორიებს, რომელსაც საქართველო მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით შემოიერთებს. თუმცა მალევე, 1920 წლის ივნისში, მოსკოვში ხელი მოეწერა ბოლშევიკებისა და ქემალ ფაშას წარმომადგენლებს შორის შეთანხმებას, რომლის თანახმად მოსკოვმა თურქეთს გადასცა მთელი აჭარა. ხელშეკრულებაში შავით თეთრზე წერია, რომ მოსკოვი მოძებნის საშულებას, რათა მოახდინოს გავლენა საქართველოზე. 1921 წ. მარტში, როდესაც დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ჯერ კიდევ ბათუმში იყო, 1921 წ. მარტში (პირველი რესპუბლიკის მთავრობამ ბათუმი 17 მარტს დატოვა) ყარსში საქართველოს სსრ, სომხეთის სსრ და რსფსრ მთავრობის მიერ ხელმოწერილ იქნა ხელშეკრულება, რომლის თანახმად საქართველოს მიწა-წყალი გადაეცა თურქეთს, ხოლო აჭარას მიენიჭა ავტონომია. - დავით ზუკაკიშვილი: ფილმის ავტორები ამტკიცებენ, რომ თურქეთის რესპუბლიკას არ აწყობს ძლიერი საქართველო. ავტორები თავის პროპაგანდის გასამტკიცებლად იშველიებენ იმერეთის მეფის, სოლომონის წერილს რუსეთის იმპერატორისადმი, სადაც იგი აღწერს თუ რა მძიმე დღეშია იმერეთის სამეფო. როგორია თქვენი აზრი? - გიორგი კუჭავა: გამახსენდა, 1980-იანი წწ. მიწურულს, როდესაც საქართველოში აღზევება დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრობამ, ერთ-ერთი ქართველი ისტორიკოსი, ლოვარდ ტუხაშვილი, თუ არ მეშლება, მერე იგი ზვიად გამსახუდიას უზენაეს საბჭოს დეპუტატი იყო კომუნისტურ პარტიიდან, გვიმტკიცებდა, რომ ოსმალეთისა და სპარსეთის იმპერიების 1555 წ. დადებული ხელშეკრულება საქართველოს გაყოფის შესახებ, კიდევ ძალაშია და როგორც კი საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებს, ჩვენ თურქეთი და ირანი დაგვიპყრობსო. ეს იყო უბრალო ტყუილი, რომელიც გათვლილი იყო მოსახლეობის დაშინებაზე. დღევანდელი პოლიტიკური რუკა, ძირითადათ, ჩამოყალიბდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ხოლო მეორე მსოფლიო ომმა გარკვეული კორექტივები შეიტანა. 1975 წელს ჰელსინკში გაფორმდა დეკლარაცია, რომელიც 10 პუნქტს შეიცავდა: სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა, ჩაურევლობა საშინაო საქმეებში და ა.შ. ამის გარდა, 1992 წელს, თურქეთის რესპუბლიკის იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი,ს სულეიმან დემირელის ვიზიტისას, თბილისში ორ სახელმწიფოს შორის გაფორმდა მეგობრობის ხელშეკრულება. ამავე ხელშეკრულებით ორივე მხარემ აღიარა, რომ ცნობენ 1921 წელს ყარსში დადგენილ საზღვრებს. ფილმის ავტორები გვამადლიან, რომ რუსეთმა დაუბრუნა დედა-საქართველოს ჯავახეთი და აჭარა. მაგრამ რუსეთმა ეს არა საქართველოსთვის, არამედ რუსეთის იმპერიისთვის გააკეთა. რასაკვირველია, თურქეთსაც აქვს საკუთარი ინტერესები საქართველოში. ნოე რამიშვილი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, უკვე ემიგრაციაში წერდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემთხვევაში, ჩვენი ყველაზე სანდო პარტნიორი თურქეთის რესპუბლიკა იქნებოდა. დღეს ჩვენ ვხედავთ რომ ეს ასეც არის. თუ როგორ განვითარდება შემდგომი მოვლენები, დამოკიდებულია არა მარტო მოსკოვზე და ანკარაზე, არამედ უპირველეს ყოვლისა ჩვენზე, ქართველებზე. საქართველოს ისტორიის განმავლობაში ჩვენი ბედი ხშირად წყდებოდა ხან ისპაჰანში, ხან ისტამბულში, პეტერბურგსა თუ მოსკოვში. მანამ სანამ ჩვენ, ქართველები, არ გავიაზრებთ რომ ჩვენი ბედი უნდა წყდებოდეს საქართველოში, თბილისში, ჩვენი საშველი არ იქნება! მე არ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა ჩავიკეტოთ და ყველას ომი გამოვუცხადოთ. ჩვენ ჩვენი სიმართლე უნდა გავიტანოთ ჩვენი განათლებითა და ჭკუით. |