|
როლანდ თოფჩიშვილი - კონსტანტინე ჩოლოყაშვილი როლანდ თოფჩიშვილი
18 აგვისტოს ცნობილი ქართველის, მე ვიტყოდი დიდი ქართველის, ბატონ კოტე ჩილოყაშვილის დაბადების დღეა. სამწუხაროდ ბატონი კოტე უკვე ორი წელიწადია ჩვენს შორის აღარაა. როდესაც მასზე ვფიქრობ, მინდა, რომ ბევრი კარგი და მხოლოდ კარგი ვთქვა. იმდენი დადებითი ეპითეტი მინდა კოტე ჩოლოყაშვილის შესახებ ვთქვა, რომ ვეღარ ვარჩევ, რომელს მივანიჭო უპირატესობა. ის იყო მე-20 საუკუნის საქართველოს სინათლე, სული, გული, და რაც მთავარია, ზნეობრიობის ეტალონი. მისგან დიდად დავალებულია ქართული ეთნოლოგია, ის იყო ბატონ გიორგი ჩიტაიას ღირსეული მოსწავლე. მის სახელთანაა დაკავშირებული ბევრი კარგი რამ, რაც სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში გაკეთებულა. ყველას - ქართველს და არაქართველს მუზეუმის შესასვლელში ეს წარმოსადეგი, ლამაზი, ენამჭევრი მამაკაცი ხვდევბოდა და სანამ მუზემის დარბაზებს მოეფინებოდნენ, მისი საშუალებით იქმნიდნენ წარმოდგენას ქართველ ხალხსა და საქართველოზე. რამდენჯერ მიფიქრია, ნეტავ ყველა ქართველი თუ არა ყოველი მეორე მაინც ბატონი კოტესნაირი იყოს. აი, მაშინ კი ეშველებოდა საქართველოს, რადგან ქვეყანაზე მზრუნველი განუსაზღვრელად მეტი გვეყოლებოდა. ბატონი კოტე ჩოლოყაშვილი ყოველთვის ხელმოკლედ ცხოვრობდა, მთავარი მისთვის სულიერი სიმდიდრე იყო, რასაც თავის შვილებსაც - რუსუდანს და ბიძინას - უნერგავდა. მე მხვდა ბედნიერება ბატონ კოტესთან ნაცნობობა ჯერ კიდევ უნივერსიტეტის სტუდენტობამდე მქონოდა. არასდროს დამავიწყდება, როდესაც მან ბიძინასთან ერთად ს. ჯანაშიასი და ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის არა მხოლოდ საგამოფენო ექსპოზიცია, არამედ ფონდებიც დაგვათვალიერებინა. მუზეუმებში მიღებული ცოდნა ერთი სემესტრიანი კურსის მოსმენის ტოლფასი იყო. დადიოდა ბატონი კოტე თბილისის ქუჩებში და მე-20 საუკუნის თბილისელების დიდ მოწიწებას იწვევდა. ნაცნობს თუ უცნობს თანაბრად უნაწილებდა თავის სითბოს. ქართულ სუფრაზე ხომ შეუდარებელი თამადა იყო... ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ბატონ კოტე ჩოლოყაშვილის სადარი, ზნეკეთილი ადამიანები, ფიზიკურად ისეთივე ლამაზები როგორიც ის იყო. |
|