 | კოტე აფხაზი |
1923 წლის 20 მაისს რუსი დამპყრობელი ბოლშევიკების მსახურმა ადგილობრივმა ბოლშევიკებმა დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს ქართველი პატრიოტები: საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ ქარცივაძე, გენერალი კოტე აფხაზი, გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გენერალი ვარდენ წულუკიძე, პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი, პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი, პოლკოვნილი ალექსანდრე მაჭავარიანი, პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი, როტმისტრი ლევან კლიმიაშვილი, როტმისტრი სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, კაპიტანი დიმიტრი ჩრდილელი, კაპიტანი ივანე ყარანგოზიშვილი, კაპიტანი ფარნაოზ ყარალაშვილი, იასონ კერესელიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი, ივანე ქუთათელაძე და ნიკოლოზ ზანდუკელი. ყოველი მათგანი საქართველოს დიდი პატრიოტი იყო და მონაწილეობას იღებდა ჩვენი ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. მათ ბევრი რამ გაუკეთებიათ სამშობლოსათვის. ყოველი მათგანის დამსახურებების ჩამოთვლა ძალიან ძნელია. აღსანიშნავია მათი დამსახურება ქართული უნივერსიტეტის დაარსებაში, ქართული სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში, წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში და რაც მთავარია, აჯანყების მზადებაში, რომელიც სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა მოლოდინის შესაბამის დონეზე, მარცხით დასრულდა და გმირების სიცოცხლე შეიწირა. &nb sp;ვაკის პარკის ტერიტორიაზე, დაახლოებით იქ, სადაც, დახვრიტეს ეს ქართველი მამულიშვილები, და სხვა პატრიოტები, ალბათ, ასობით და ათასობით, ჩვენს თანამედროვეებს ეკლესიის აშენება უნდოდათ, თუმცა ჯერ ვერ მოხერხდა. 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა ქართველი მოღალატეების შემოძღოლით და რუსულ-ინტერნაციონალური არმიის საშუალებით მოახდინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯერ ოკუპაცია და მერე ანექსია (ისე რუსები მეზობლების ოკუპაციაში დახელოვნებულნი არიან, როდესაც მათი ჯარის რაოდენობა მეზობლისას 20-30 ჯერ აჭარბებს). საქართველოს ღირსეულ შვილებს იმ დღიდან ცხოვრება გაუმწარდათ და სულ სამშობლოს გათავისუფლების ოცნებაში იყვნენ. 1922 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მასობრივი აქციები მოეწყო თბილისსა და სხვა ქალაქებში. თანდათან ოცნებას ორგანიზაციის სახე მისცეს. 1922 წლის აგვისტოში შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი, რომელიც ანტისაბჭოთა პარტიების ინტერპარტიული გაერთიანება გახლდათ (პარიტეტული კომიტეტი). ქართველებისათვის საოცარი რამ მოხდა, შეთანხმება და პარიტეტი ხომ საქართველოში იშვიათად გამოდის. მაგრამ, სამშობლოს გასაჭირის შეგნებამ ყველაფერი გადალახა. დაძაბული, მაგრამ ნაყოფიერი მოლაპარაკებების შედეგად, ერთმანეთისადმი არც თუ კარგი დამოკიდებულების მქონე პარტიებმა, მათ შორის მენშევიკებმა, ეროვნულ-დემოკრატებმა, სოციალ-ფედე რალისტებმა, ესერებმა და "სხიველების" ორგანიზაციამ, შეიმუშავეს საერთო გეგმა და ხელი მოაწერეს შეთანხმებას: 1. პარტიები ერთიანდებიან იმისთვის, რათა საერთო ძალით იბრძოლონ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის; 2. იმ შემთხვევაში, თუ აღდგენილი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობა, მოწვეული იქნება დაფუძნებული კრება, რომელსაც ჩააბარებენ ანგარიშებს თავიანთი მოღვაწეობის შესახებ, როგორც საზღვარგარეთ მყოფი მთავრობა, ისე ის მთავრობა, რომელიც შედგენილი იქნება გარდამავალ მომენტში; 3. დაფუძნებული კრების სხდომაზე ირჩევენ ახალ მთავრობას კოალიციური პრინციპების მიხედვით. ამასთანავე, არცერთ პარტიას უფლება არა აქვს დაიკავოს ერთ მესამედზე მეტი; 4. ირჩევენ პარიტეტულ კომისიას ძველი მთავრობის მოღვაწეობის განსახილველად; 5. ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დღიდან პარიტეტულ საფუძველზე არჩეულ იქნეს კომიტეტი, რომელსაც უნდა ეწოდოს "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი". წერილი გაუგზავნეს საქართველოს მთავრობას ემიგრაციაში. მთავრობასთან კავშირისათვის შეიქმნა "კონსტანტინოპოლის ბიურო", რომელმაც დაიწყო საიდუმლო მოლაპარაკებები თურქეთის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის მთავრობებთან საქართვლოსთვის დახმარების შესახებ. დამოუკიდებლობის კომიტეტთან (დამკომი) შეიქმნა „სამხედრო ცენტრი“, რომ ელსაც ხელმძღვანელობა უნდა გაეწია შეიარაღებული წინააღმდეგობისათვის (მისი პირველი ხელმძღვანელი იყო კოტე აფხაზი). საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იქმნებოდა შეიარაღებული რაზმები. მაგრამ, საქართველოს მტერმა მოახერხა გამოევლინა შეთქმულება და მისი ორგანიზატორნი. 1923 წლის გაზაფხულზე დამკომის ხელმძღვანელობა დააპატიმრეს და როგორც ზემოთ ვთქვით, 20 მაისს დახვრიტეს. ამან ქართველები ვერ შეაშინა, ამის მერე არჩეული იქნა დამკომის ახალი შემადგენლობა, რომელსაც უნდა მოემზადებინა აჯანყება, მაგრამ, როგორც ვიცით 1924 წლის აჯანყება, სამწუხაროდ, მარცხით დამთავრდა. რომ არა ოკუპანტების ძალთა განუზომელი უპირატესობა, ჩვენი გმირი ოფიცრები ანახებდნენ მტერს, როგორ უნდა სამშობლოსთვის ბრძოლა. ძალიან მოკლედ, უბრალოდ და მშრალად ასეთია საქართველოსთვის შეწირული გმირების ისტორია, თუმცა პატივისცემა, თაყვანისცემა და სიყვარული მათდამი დიდია. |