ეროვნულ გმირთა გალერეას ერთი თავისებურება ახასიათებს. ათვლის წერტილი სრულიად განსხვავებულია. ქართველთათვის გმირი და წმინდანი ის არის, ვინც ზუსტად შეარჩევს ეპოქის შესაფერის ბრძოლის მეთოდს. ქეთევან დედოფალმა ქრისტიანობის დაცვით დაიდგა შარავანდედი, ვახტანგ მეექვსეს კი ქრისტეს რჯულზე ჯიუტად დგომა ჩაეთვალა შეცდომად. რთული პოლიტიკური სიტუაცია გამორიცხავდა ეროვნული მოძრაობის სწორხაზოვნებას. სამშობლო იყო მთავარი. მისი დაცვის მეთოდი ხშირად ,,უპოვარი“ იყო. ფეოდალური საქართველოს იდეოლოგია ქმნიდა ჭეშმარიტად გმირის მეტისმეტად მოქნილ მოდელს. ის არ უკმევდა გუნდრუკს ბრმა თავგანწირვას. მისთვის ამოსავალი იყო დადებითი შედეგი. ამ მხრივ გამოირჩევა XIV საუკუნის გენიალური მოაზროვნის, ანონიმი ჟამთააღმწერლის თზხულება. ჭეშმარიტმა პატრიოტმა ისტორიკოსმა დაამუშავა ეროვნული ხსნის მეტად საინტერესო კონცეფცია. მისი აზრით, ქართველი ერის აღზევება-დაცემას განსაზღვრავს მორალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორები. სათნო თამარის ეპოქამ მოგვცა იმპერიული ზეობა, ლაშა-გიორგის ,,უზნეობამ“ კი ასაზრდოვა ძნელბედი საუკუნეების სიდუხჭირე. ქრისტიანული მორალით შეიარაღებული მწერალი ამ პოზიციებიდან ქარგავდა ისტორიულ პერსონალიას. მორალური სიმაღლე, მისი აზრით, ეროვნული ხსნის საფუძველია. მასთან თვით მორალიც კონკრეტიზებულია. მორალურია: პირადი სათნოება, სისადავე, პიროვნულის დამორჩილება საზოგადოებისადმი. მაგრამ უმთავრესია სწრაფვა ერთობისაკენ. თავის საინტერესო თხზულებაში ჟამთააღმწერელმა მოგვცა ეროვნული იდეალის სახე. ეს არის ოდიშის მთავარი ცოტნე დადიანი. აგერ თითქმის 750 წელია, ცოტნე და ცოტნეობა ქართველობის ყველაზე მაღალი მორალური დეფინაციაა, მაგრამ, სამწუხაროდ, საკმაოდ გაიშვიათებული გვიან შუასაუკუნეებში. ცოტნე დადიანის ,,კაზუსი“ ერთობ მოულოდნელიცაა. თვით სიუჟეტი იმდენად მარტივია, ერთი შეხედვით გამოგონილს ჰგავს. გავიხსენოთ ეს სიუჟეტი: მონღოლთა ბატონობით შეწუხებული ქართველი მთავრები
| კოხტას ციხე | კოხტასთავს შეიკრიბნენ და საერთო აჯანყება დათქვეს. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ცოტნე დადიანი და დასავლეთ საქართველოს სხვა დიდებულები თავიანთ სამფლობელოებში დაბრუნდნენ ჯარის შესაკრებად. ამასობაში ვიღაც უღირსმა გასცა ქართველები. მონღოლებმა შეიპყრეს შეთქმულნი, წაიყვანეს ანისში, გააშიშვლეს, წაუსვეს თაფლი და შებოჭილები მთავარ მოედანზე მცხუნვარე მზეზე დასვეს. ცოტნე დადიანი დაპირებისამებრ თავისი შეიარაღებული ლაშქრით მოადგა რკინის ჯვარს. აქ შეიტყო მომხდარი ამბავი. ,,მწუხარე იქნა უზომოდ, თვისად სიკვდილად და სირცხვილად შერაცხა საქმე იგი“. გაუშვა ლაშქარი, ორი მხედარი იახლა და ანისს ჩავიდა. განიძარცვა ტანსაცმელი და ნებაყოფლობით გაიზიარა თანამემამულეთა მწარე ხვედრი. შეთქმულებს წინასწარ დათქმული ჰქონდათ, როგორ მოქცეულიყვნენ ჩავარდნის შემთხვევაში. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათი შეკრების მიზანი იყო სამონღოლო ხარკის აკრეფა. მონღოლებმა იხილეს ცოტნე დადიანის განსაცვიფრებელი საქციელი, ყველა გაათავისუფლეს, ,,ვინაითგან ნათესავნი ქართველთანი ესოდენ კეთილ არიან და არა განცრუვდებიან“, ე.ი. არა სტყუიანო. გმირობა ჭეშმარიტებაა, მაგრამ თვით მონათხრობი ბადებს ეჭვს თავისი უბრალოებით. აკ. წერეთელს მიაჩნდა, რომ ჟამთააღმწერლის მონაყოლს რაღაც აკლდა. ამიტომაც თავის მშვენიერ პოემაში ,,ნათელა“ ახალი გმირი - ცოტნეს მეუღლე, ნათელა ქველის ასული წერეთელი, შემოიყვანა. ულამაზესმა ქართველმა მანდილოსანმა, პოეტის სიტყვით, დაარწმუნა მონღოლთა ნოინი ქართველთა შინაგან სიწმინდეში. ცთუნებას ვერ გაექცა გრიგოლ აბაშიძეც. თავის რომანში ,,ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“, ძალზე რთულ ინტრიგაში ჩართო ცოტნეს მეუღლეც, დაატრიალა სომეხი სოვდაგრის დიდძალი ფულიც და ა.შ. საქართველოს ისტორიის დამუშავებისას სიმონ ჯანაშიას და ნიკოლოზ ბერძენიშვილს არ უნდოდათ ამ სიუჟეტის შეტანა, რადგან კოხტასთავის შეთქმულება და ცოტნე დადიანის ქმედება სხვა წყაროებით არ დასტურდება. მაგრამ ცოტნეს ,,კაზუსმა“ ,,მოქალაქეობრივი“ უფლება მ აინც მოიპოვა. გადაწყდა, მეცნიერებს გამოეყენებინათ ეს სიუჟეტი, როგორც სანდო ხალხური გადმოცემა, უკვე მე-14 საუკუნეში წერილობით დაფიქსირებული. ქართულ ისტორიოგრაფიაში მიჩნეულია, რომ ჟამთააღმწერლის გმირი იყო ცოტნე შერგილის ძე დადიანი. ჩვენი აზრით, დადიან-ბედიანი ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო მოღვაწეა მე-13 საუკუნის 30-50 წლებში. კაცი ფრიად პატიოსანი, წარჩინებული, სათნო, განსაცვიფრებელი, ,,სრული საღმრთოთა და საკაცობოთა“. ცხელსისხლიან ქართულ არისტოკრატიას ყოველთვის ახასიათებდა დაუდგრომლობა, მაგრამ მე-12-13 საუკუნეების ეპოქა მაინც გასაოცარია. ჯერ კიდევ ბოგინობდა სული რაინდული. ჯერ კიდევ გაუტეხელი იყო უფლის მცნება: ,,უფროსს (უფრო მეტად) ამისსა სიყვარული არ არს, რათა დადვას კაცმან სული თვისი მოყვასისა თვისისათვის“. ამიტომაც ჟამთააღმწერელი აშკარად სიამაყით უმატებს ,,რომელი ყო პატიოსანმან ამან კაცმან ცოტნე სათნოება მაღალი და განსათქმელი, საქმე საკვირველი და ყოვლისა ქების ღირსი“. თუ ღრმად ჩავიხედავთ ,,ვეფხისტყაოსნის“ დროის სულიერ საგანძურში, დავრწმუნდებით, რომ ოდიშის მთავრის მოქმედება სრულიადაც არ არის მოულოდნელი. რაც შეეხება მონღოლთა ესოდენ გულუბრყვილობას, ესეც ადვილად ასახსნელია. მსოფლიოს მბრძანებელნი ფაქტობრივად ბოლომდე გაურყვნელნი დარჩნენ. უაღრესად დაბალ საფეხურზე იდგნენ განვითარებით თათარ-მონღოლები: გაუთლელნი, უხეშნი, სასტიკნი, მაგრამ ახასიათებდათ თავისებური შინაგანი პატიოსნება, არაჩვეულებრივი ნდობა. იქნებ ეს ბრმად მინდობა მათი სიძლიერიდანაც ამოდიოდა? ყოველ შემთხვევაში, ქართულ-მონღოლური პოლიტიკური ურთიერთობა ძალზე ხშირად ემყარებოდა პატიოსან სიტყვას. სულ სხვა საქმეა, რომ თვით ,,თათრობა“ იყო სრულიად მიუღებელი და დამღუპველი ჩვენთვის. შეიძლება დავასკვნათ: ცოტნე დადიანი არის რეალური ქართველი გმირი, რომელიც მე-14 საუკუნიდან ქართული ინტელექტუალიზმის მიერ იქნა იდეალიზებული უკვე დარღვეული საქართველოს პოლიტიკურ მესვეურთა ჭკუის სასწავლებლად. |