ხსენების დღე 15 (28) ივლისი მოციქულთასწორი ვლადიმირი (წმიდა ნათლისღებით - ბასილი) ნეტარი ოლღას (ხს. 11 ივლისს) შვილიშვილი და კიევის მთავრის, სვიატოსლავის უმცროსი ძე იყო. მისი დედა, მალუშა - სიკვდილით დასჯილი დრევლიანთა მთავრის ტყვექმნილი ასული - გათხოვებამდე ოლღას მეკუჭნავედ მსახურობდა. ტახტის მემკვიდრე ძის მხევალთან შეუღლებით განრისხებულმა ოლღამ რძალი სასახლეს განარიდა - თავის სამშობლოში გაგზავნა, ვიბუტის მახლობლად. სწორედ აქ დაიბადა დაახლოებით 960 წელს ქვეყნის მომავალი განმანათლებელი. ვლადიმირი ნათლისღებამდე სისასტიკითა და დაუნდობლობით გამოირჩეოდა. 978 წელს მან ცბიერებით ჩაიგდო ხელთ კიევის სამთავრო, ძმა - იაროპოლკი კი სიცოცხლეს გამოასალმა. უსჯულო მთავარი სრულ თავისუფლებას აძლევდა ვნებებს და, ამასთან, თავგამოდებული კერპთმსახურიც იყო: თავისი სასახლის მახლობლად, მაღალ მთაზე მან პერუნის ახალი, ვერცხლისთავიანი ქანდაკი დაადგმევინა. სწორედ ვლადიმირის ბრძანებით შესწირეს პერუნს მსხვერპლად თეოდორე ვარიაგი და მისი ძე იოანე (მათ ხსენებას რუსეთის ეკლესია 12 ივლისს აღასრულებს). მაგრამ, მოციქულის სიტყვებით, „საცა განმრავლდეს ცოდვა, მუნ გარდაემატოს მადლი“ - უფალმა ბოროტს დამონებული მთავარი თავის რჩეულ ჭურად გამოარჩია: ვლადიმირი დაეჭვდა ხელით ქმნილი ღვთაებების ძლევამოსილებაში და ჭეშმარიტ ღმერთს დაუწყო ძიება. როცა ხმა გავარდა, რუსეთის მთავარი სარწმუნოების გამოცვლაზე ფიქრობსო, მისკენ გაემართნენ სხვადასხვა სჯულის მქადაგებლები. მთავარზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ბერძენმა ბერმა. მთავარმა ვლადიმირმა საბოლოოდ გადაწყვიტა, მართლმადიდებლური წესით მონათლულიყო, მაგრამ, როგორც წარმართს, დამამცირებლად მიაჩნდა, თხოვნით მიემართა ბიზანტიელთათვის; ამიტომ ერთი წლის შემდეგ მან საბერძნეთზე გაილაშქრა და ბერძენ იმპერატორებს, ბასილისა და კონსტანტინეს შეუთვალა, თუ თქვენს დას - ანას არ მომათხოვებთ, კონსტანტინოპოლს დავიპყრობო. სამეფო ოჯახისათვის ბარბაროსთან ნათესაური კავშირი არ იყო სჯულისმიერი და სასურველი, მაგრამ მეამბოხე მხედართმთავრების - ბარდა სკლიაროსისა და ბარდა ფოკას შფოთით შერყეულ ქვეყანას ვლადიმირთან ბრძოლა ისეთ დიდ საფრთხეს უქმნიდა, რომ ბასილი და კონსტანტინე იძულებულნი გახდნენ, დამორჩილებოდნენ ვლადიმირის წინადადებას, პირობად კი ქრისტიანობის მიღება შესთავაზეს. ვლადიმირმა მიუგო: მე ისედაც დიდი ხანია, მომწონს თქვენი სარწმუნოება და გამომიგზავნეთო მეფის ასული. მალე ხერსონში დიდებულებისა და ღვთისმსახურების თანხლებით ჩავიდა მეფის ასული ანა, რომელმაც დიდი სულიერი ბრძოლის შემდეგ, ღვთისა და ერის სიყვარულის გამო შეძლო გადაედგა ეს ნაბიჯი. აქ მან შეიტყო, რომ რამდენიმე დღის წინ ვლადიმირი დაბრმავებულიყო, ამას ღმერთების რისხვას აწერდა და, შიშით შეპყრობილს, ნათლობის სურვილი მინავლებოდა. წარმართ მთავარს კეთილმსახურმა სასძლომ შეუთვალა: „ნათელიღე და აგეხილება სულიერი და ხორციელი თვალები!“ ისიც დაჰყვა რჩევას და უხმო ხერსონის ეპისკოპოსს. რამდენიმე დღის შემდეგ ქალაქის მოედანზე მდგარ ტაძარში საზეიმო ნათლობაც აღესრულა. მიმრქმელი დაუსწრებლად იყო ბასილი კეისარი. ახალნათელღებულს სწორედ მისი სახელი უწოდეს. ემბაზიდან ამოსვლისთანავე ვლადიმირს თვალისჩინი დაუბრუნდა და, სიხარულით ატაცებულმა, შესძახა: „ახლა კი ვცან ჭეშმარიტი ღმერთი!“ გაქრისტიანებული მთავარი დაქორწინდა ანაზე და კიევში დაბრუნდა. მასთან ერთად კიევში ჩავიდნენ ბიზანტიიდან გაგზავნილი მიტროპოლიტი, ექვსი ეპისკოპოსი და მღვდელმსახურნი. ღვთის სიყვარულით ანთებული მთავარი გაეყარა თავის მრავალრიცხოვან ცოლებს, თორმეტი ვაჟიშვილი კი ნათლობაზე დაითანხმა. მათ მრავალმა ბოიარმაც მიჰბაძა. შემდეგ ვლადიმირმა მთელი ქალაქის მცხოვრებლებს უხმო ნათლისღებისთვის: „ვინც ხვალ მდინარესთან არ მოვა - მდიდარი თუ გლახაკი, მდაბიო თუ მონა - ჩემი მტერი იქნება!“ მეორე დღეს ურიცხვი ერი მოადგა ნაპირებს. მიტროპოლიტმა აკურთხა მდინარის წყალი და შეუდგა ნათლობას... ეს მოხდა 988 წელს. ამის შემდეგ მოციქულთასწორი მთავარი დაუცხრომლად იღვწოდა ქვეყანში მართლმადიდებლური სარწმუნოების გასავრცელებლად. სულიწმიდის მადლმა სრულიად გარდაქმნა მისი ბუნება - უხეში და სასტიკი წარმართი ღვთისმოშიშ და გულმოწყალე ქრისტიანად იქცა: მის სასახლეში მისული გლახაკები უხვად ღებულობდნენ მოწყალებას. დავრდომილთათვის საკვებით დატვირთული საზიდრები იგზავნებოდა სოფლებსა და ქალაქებში; მთავრის კარზე დიდ დღესასწაულებზე სამი სუფრა იშლებოდა: სასულიერო პირთათვის, გლახაკთათვის და მთავრისა და მისი რაზმისათვის. ერთხელ მეომრებს უკმაყოფილება გამოუთქვამთ იმის გამო, რომ ტრაპეზის დროს მათ ხის კოვზებს ურიგებდნენ და არა ვერცხლისას. ეს რომ გაიგო, ვლადიმირმა ყოველგვარი განაწყენების გარეშე ბრძანა, ვერცხლის კოვზები ჩამოერიგებინათ: „ოქრო-ვერცხლით ერთგულ მხედრობას ვერ მოიპოვებ, ერთგული მხედრობით კი ოქროსაც მოიპოვებ და ვერცხლსაც!“ ამგვარ წვეულებებზე ჩვეულებად იყო მიღებული წმიდა წერილის კითხვა - წმიდა მთავარი წარმართული ღრეობების მოყვარე ქვეშევრდომთა სულიერ ზრდასა და განახლებაზე ზრუნავდა; ვლადიმირის დროს თურმე იმატა დანაშაულობებმა, რადგან ცოდვის ჩადენის შიშით მან მეტად შეამსუბუქა სასჯელები. მღვდელმთავრებმა ნეტარს მიუთითეს: „ღმერთმა მთავრები ბოროტთა დასასჯელად და კეთილთა შესაწყნარებლად დაადგინა, შენც მოვალე ხარ, დასაჯო დამნაშავენი, მაგრამ სამართლიანად და წინდახედულად“. სევდიანი იყო ნეტარი მოციქულთასწორის ცხოვრების დასასრული: მან სიცოცხლეშივე დაუნაწილა სამთავრო ძეებს. მათ შორის შფოთი ატყდა, გარეშე მტერიც შემოეჯარა ქვეყანას... და სრულიად მარტო დარჩენილმა მთავარმა 1015 წლის 15 ივლისს დაასრულა პავლე მოციქულის ცხოვრებას მიმსგავსებული მიწიერი „სრბაჲ თვისი“. წმიდა ვლადიმირის ცხედარი თეოდორეს და იოანეს მოწამეობის ადგილას მის მიერვე აგებულ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაკრძალეს მეუღლის, ანას გვერდით. 1635 წელს აღესრულა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება. |