ალბერტ I სრული სახელი ალბერტ ლეოპოლდ კლემენტ მარია მეინრადი (Albert Léopold Clément Marie Meinrad) (8 აპრილი 1875 - 17 თებერვალი 1934) ბელგიის მეფე საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიიდან, 1909 - 1934 წლებში. 1900 იქორწინა ელისაბედზე, ბავარიის ჰერცოგის კარლ ფრიდრიხის ასულზე.
ალბერტი იყო ლეოპოლდ II-ს უმცროსი ძმის უმცროსი ვაჟი და არ იყო ტახტის მემკვიდრედ დაბადებული. ახალგაზრდობაში იგი გატაცებული იყო სპორტით, ჯირითით, ალპინიზმით და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით. ძალიან უყვარდა კითხვა. დღეში არანაკლებ ორი წიგნს კითხულობდა, ლიტერატურაზე, სამხედრო საქმეზე, მედიცინაზე, ავიაციაზე. იგი თვითონ ატარებდა მოტოციკლეტს და ისწავლა თვითმფრინავის პილოტობა. თავისი თვისებების გამო, ალბერტი პოპულარული გახდა ბელგიაში, სადაც არ უყვარდათ ლეოპოლდი. 1891 წელს, მისი უფროსი ძმის გარდაცვალების შემდგომ, გამოცხადდა ტახტის მემკვიდრედ. ტახტზე ავიდა 1909 წლის 17 დეკემბერს. გამეფების შემდეგაც მას არ შეუცვლია ცხოვრების სტილი. იგი გაურბოდა ფუფუნებას, უბრალოდ ღებულობდა სტუმრებს, უყვარდა მოგზაურობა და იყო კარგი ოჯახის მამა. გაატარა ბევრი რეფორმა, შემოიღო სავალდებული განათლების სისტემა, მოახდინა სახელმწიფოს ცხოვრების ჰუმანიზაცია. ყველანაირად ცდილობდა პირველ მსოფლიო ომში ბელგიას არ მიეღო მონაწილეობა და გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, მაგრამ გერმანიის იმპერატორ ვილჰემ II-ეს უნდოდა ბელგიის დაკავება. ალბერტ I-მა ხელში აიღო ბელგიის არმიის მთავარსარდლობა, კონსტიტუციის თანახმად. ბელგიელებმა მრავალრიცხოვანი და უძლიერესი გერმანის არმიის შემოტევას ვერ გაუძლეს და ბრიუსელი დატოვეს, თუმცა გერმანიის არმიამ ვეღარ შეძლო მთელი ბელგიის დაკავება. ბელგიის ჯარი წარმატებით იგერიებდა უძლიერესი არმიის შემოტევებს. ბელგიელებმა "მეფე-ჯარისკაცი", მეფე-რაინდი" უწოდეს ალბერტ I-ს. ომის დასრულების შემდგომ ფეხზე დააყენა ბელგია, რომელიც დაზარალებული იყო გერმანული ოკუპაციის გამო. მეფე გატაცებული იყო ალპინიზმით და დაიღუპა 1934 წელს მარშ-ლე-დამის მახლობლად მთაზე ასვლისას უბედური სემთხვევის გამო. |