როდესაც ბაგრატ მესამის მამისა და დედის მხრიდან წარმოშობის, ქართლის ერისთავად დანიშვნის, აფხაზეთის ტახტზე ასვლის, ქართველთა მეფედ წოდების ამბებს, ერთგული პოლიტიკოსის, იოანე მარუშისძის და ერთგული პოლიტიკური მამობილის, დავით მესამე დიდი კურაპალატის ქმედებებს, შვილისადმი სიყვარულით სავსე მამის, გურგენ მეფეთა მეფის ცხოვრებას ეცნობი და აფხაზთა და ქართველთა სამეფოსათვის კახეთისა და ჰერეთის შემოერთების შესახებ კითხულობ, შეუძლებელია არ დარწმუნდე, რომ იგი ღვთის მიერ გამორჩეული ადამიანი იყო, რჩეული გვარიდან და მისი დაბადება უფლის წყალობა იყო – გამოჩნდა, რომ საქართველოს დიდი მომავალი ჰქონდა. ბაგრატ მესამის მთელი ცხოვრება ქართული ეროვნული ფორმულებისა და იდეების განხორციელება იყო. დაახლოებით 999 წელს, „ამან-ვე დიდმან მეფემან აღაშენა საყდარი ბედიისა, და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, მოცვალა მუნ გუდაყვისა საეპისკოპოსო, შეწირნა სოფელნი მრავალნი ყოველთა ხევთა და ადგილთა, განასრულა ყოვლითა განგებითა, შეამკო ყოვლითა სამკაულითა ეკლესია, აკურთხა და დასუა ეპისკოპოსი. უკეთუ ვის-მე ენებოს განცდად და გულის-ხმის-ყოფად სიმაღლისათვის დიდებისა მისისა, პირველად განიცადოს სამკაული ბედიისა ეკლესიისა, და მისგან გულის-ხმა ყოს, რომელ არა-ვინ ყოფილ არს სხუა მეფე მსგავსი მისი ქუეყანასა ქართლისასა და აფხაზეთისასა“. მაშასადამე, მემატიანე წერს, რომ განსაკუთრებულია ბედია ქართლისა და აფხაზეთის ქვეყნებში და ჯერ ასეთი მეფე არ ჰყოლია ამ ქვეყნებს (შემდეგში ბედიის ტაძარი გადააკეთეს). იმ დროს ქვეყანა ნიშნავდა ცალკე სამეფოს და არა რომელიმე ერის საცხოვრისს. მაგალითად, დღეს აფხაზეთი ქვეყანა არ არის, ის ქვეყანა საქართველოს ერთ-ერთი კუთხეა, მაშინ კი, ბაგრატ მეფემდე, აფხაზეთი ქართული ქვეყანა იყო, ცალკე სამეფო, კახეთი ქართული ქვეყანა იყო, ცალკე სამთავრო და ასე შემდეგ. ბაგრატმა ქართული ქვეყნები გააერთიანა, შექმნა ერთიანი ქვეყანა და ამ გაერთიანების ერთ-ერთი სიმბოლოა ბედიის ტაძარი. გავიხსენოთ, რა ადგილია ბედია. „ქართლის ცხოვრება“ საქართველოს მამამთავრების შესახებ რომ გვიამბობს, გვიყვება რვა ძმის შესახებ, რომლებიც მოვიდნენ კავკასიაში და დასახლდნენ: „პირველად ვახსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა – ამათ თვისთა ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძის-წული იაფეთისი, ძისა ნოესი.“ ამ ლეგენდის მიხედვით, მთელი კავკასიის ავტოქტონი მოსახლეობა არის ერთი ძირის, მომდინარეობენ ძველი მამამთავრის, ნოესგან და აქვთ ერთი გენეტიკა. აღნიშნულ ტექსტს ჰქონდა დიდი პოლიტიკურ-იდეოლოგიური დატვირთვა, ქართველ იდეოლოგებს მიაჩნდათ, რომ მთელი კავკასია ერთი სახელმწიფო უნდა ყოფილიყო, ქართული სახელმწიფო. „ქართლის ცხოვრებაში“ შესული გადმოცემები ძალიან ძველია და ბაგრატ მესამემდე დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი სამშობლოში. „ქართლის ცხოვრების“ აღნიშნულ მონაკვეთში ნახსენებ სომხებში იგულისხმება არმენების (დღევანდელი სომხების) ამიერკავკასიაში მოსვლამდე, ისტორიული სომხეთის ტერიტორიაზე მცხოვრები კავკასიური, ჩვენი მონათესავე ტომები, რომლებიც, ქართველი იდეოლოგების აზრით, უნდა შემოსულიყვნენ ქართული პოლიტიკის არეალში. არმენები მოგვიანებით მოვიდნენ კავკასიაში, როცა აქ უკვე ცხოვრობდნენ კავკასიელი ხალხები და მოახდინეს სომხეთის ტერიტორიაზე მცხოვრები კავკასიელების ენობრივი და ეროვნული ასიმილაცია. აქვე გავიხსენოთ, დავით აღმაშენებლის დროიდან სომხეთის დიდი ნაწილი დიდი საქართველოს შემადგენლობაში იყო შემოსული. მანამდე, კი, ბაგრატის დროს, ქართულენოვანი ეკლესიის ტერიტორიებისა და ქართულენოვანი სამეფო სახლების გაერთიანება მიმდინარეობდა. ეს იყო პირველი, თუმცა, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს, რომ თარგამოსმა, კავკასიელი ტომების (ხალხების) წინაპარმა, თავის ძეებს, მამამთავრებს, ტერიტორიები გამოუყო საცხოვრებლად და სამმართველად: „ხოლო ქუეყანა იგი, რომელი წილით ხდომოდა, ესე არს საზღვარი ქუეყანისა მისისა: აღმოსავლით ზღუა გურგენისა, დასავლით ზღუა პონტოსა, და სამხრით ზღუა ორეთისა, და ჩრდილოთ მთა კავკასია“. გაურკვეველია, ორეთის ზღვა სად მდებარეობს და რას ნიშნავს, თუმცა, დანარჩენი ცნობილია და გამოდის, რომ მთელი კავკასია, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე თარგამოსის ძეების ტერიტორიაა. გავიხსენოთ, რომელი ტერიტორიებია ქართველთა ერთ-ერთი წინაპრის, ეგროსის წილი. მამამ, თარგამოსმა, „ეგროსს მისცა ქუეყანა ზღვის ყურისა, და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით მთა მცირე, რომელსა აწ ჰქვიან ლიხი; დასავლით ზღუა; ჩრდილოთ მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადა წარსწუთების წუერი კავკასისა. ხოლო ამან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თვისი ეგრისი. აწ მას ადგილსა ჰქვიან ბედია“. მაშასადამე, მთელი დასავლეთ საქართველო, ლიხის ქედის დასავლეთით, მდინარე ყუბანამდე, რომელიც „ხაზარეთის მცირე მდინარეა“, მიედინება ჩრდილოეთ კავკასიაში და უერთდება შავ ზღვას, არის ეგროსის წილი, ანუ, აფხაზეთი, ჯიქეთი, მდინარე ყუბანამდე, დასავლეთ საქართველოსთან ერთად, ეგროსის წილია. ანუ, ქართველთა ერთი ნაწილის, მეგრელების მიწაა, რომელთა ნაწილსაც მაშინ აფხაზებს უწოდებდნენ, მათი ლეგიტიმური ტერიტორიაა, სამეგრელოა. ასეა უძველესი გადმოცემების მიხედვით, ამას გვიამბობს „ქართლის ცხოვრება“, ასე მიაჩნდათ ქართველ იდეოლოგებს და პოლიტიკოსებს, ეს თავისი ქმედებით დაამტკიცა ბაგრატ მესამემ, რომელმაც ბედიაში, ანუ ეგროსის მიერ ოდესღაც დაარსებული ქალაქის ტერიტორიაზე, დააარსა საეპისკოპოსო კათედრა, ააშენა შესანიშნავი ტაძარი და სავარაუდოდ, იქვე ერთ-ერთი რეზიდენციაც ჰქონდა. ბედიაში დაკრძალა დედამისი – დედა-დედოფალი გურანდუხტი და თავის საძუალედ გამოაცხადა. ბედიის ტაძარი, აფხაზთა და ქართველთა მეფის ერთ-ერთი რეზიდენცია, ეგროსის წილ მიწაზე, ქალაქ ეგროსის ადგილას შემთხვევით არ დაუარსებია საქართველოს გამაერთიანებელ მეფე ბაგრატ მესამე ბაგრატიონს და შემთხვევით არ დაუკრძალავთ, მისივე ანდერძის მიხედვით, ის ბედიაში. ამით ჩვენმა დიდმა წინაპარმა საუკუნეების გადმოასწრო, როგორც დიდად მადლიანმა ხელმწიფემ, რაღაცნაირად, გაითვალისწინა ჩვენი პრობლემები და მთელ მსოფლიოს უთხრა და ჩვენც გვახსენებს – ბედია მეგრული მიწაა, ქართული მიწააო. ბაგრატ მესამე ბაგრატიონის გადაწყვეტილება არის გზავნილი ჩვენდამი, შთამომავლებისადმი და გვეუბნება – აფხაზეთი სამეგრელოს, საქართველოს ერთ-ერთი ნაწილია. |