საზოგადოებაში გაბატონებულია აზრი, თითქოს ქართლის პირველი ქრისტიანი მეფე, მირიან III, იყო ირანის სასანიდი (სასანიანი) შაჰის შვილი. დავიწყოთ თავიდან. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ქართლის მეფე ასფაგური სომხებთან ერთად წარმატებით ებრძოდა სპარსებს და დაამარცხა კიდეც. ქართულ–სომხურ კოალიციას ეხმარებოდნენ ჩრდილო კავკასიიდან გადმოყვანლი მეომრები, ოსები, ლეკები, ხაზარები, – რომელთაც დარუბანდის კარი ქართლის მეფემ გაუღო, – ალბათ დაქირავებულები, ან ნადავლის მიღების მიზნით. ასფაგური და მისი მოკავშირეები სპარსეთშიც შეიჭრნენ და დიდი ზიანი მიაყენეს სასანიდთა იმპერიას. სპარსეთის მეფემ ხერხი იხმარა, მოღალატე ნათესავები მიუგზავნა სომეხთა ირანული წარმოშობის მეფეს, ხოსროს, რომელსაც „ქართლის ცხოვრება“ კოსაროსს უწოდებს და მისი მოკვლა დაავალა. 252 წელს შეთქმულმა ნათესავებმა ნადირობის დროს მოკლეს არმენთა მეფე. სპარსული ჯარი თავს დაესხა სომხეთს, დაამარცხა მეფისა და მოკავშირეების გარეშე დარჩენილი არმენია და თითქმის მთლიანად ამოწყვიტა სომხეთის სამეფო ოჯახი, მხოლოდ მცირეწლოვანი თრდატ უფლისწული გააპარეს რომის იმპერიაში. შემდეგ სპარსული არმია ქართლისკენ დაიძრა. ქართლის მეფე ასფაგური ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდა ოსების ჯარის გადმოსაყვანად, ალბათ დასაქირავებლად, რადგან მარტო ქართული სამხედრო რესურსით გაუძნელდებოდა მრავალრიცხოვანი მტრის დამარცხება. მაგრამ ქართველი მეფე მოულოდნელად გარდაიცვალა ოსეთში. შესაძლოა, მის გარდაცვალებაშიც ერიოს მტრების ხელი... თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდია. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ასფაგურს მემკვიდრე არ დარჩენია, მხოლოდ ასული ჰყავდა, სახელად აბუშერა. უდიდესი იმპერიის წინაშე მარტოდ, მოკავშირეებისა და თან მეთაურის გარეშე დარჩენილი ქართლი დიდი საშიშროების წინაშე დადგა. ამიტომ, ირანის შაჰს, – „ქართლის ცხოვრების“ პირველი წიგნის, „მეფეთა ცხოვრების“ მიხედვით – ქასრეს, ქართველმა ერისთავებმა, მაეჟან ქართლის სპასპეტის თაოსნობით, მორჩილება გამოუცხადეს და სთხოვეს თავისი უფროსი ვაჟი მირიანი (სპარსულად მიჰრანი) მოეცა ქართლის მეფედ. მაეჟან სპასპეტისა და ერისთავების წინადადებით, სპარსეთის მეფის ვაჟს დააქორწინებდნენ ქართლის გარდაცვლილი მეფის, ასფაგურის ასულზე, აბეშურაზე. ქართველი პოლიტიკოსები ითხოვდნენ, რომ ირანის შაჰს არ უნდა დაეკავებინა ქართლი, არ შემოეყვანა აქ ჯარი. ხოლო მისი ძე, მირიანი, რომელიც იმ დროს 7 წლის იყო, გაზრდილიყო ქართულად და ქართული სარქმუნოების მიმდევარი გამხდარიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში – თუ სპარსთა მეფე შეეცდებოდა ქართული სამეფოს გაუქმებას, ქართველების სპარსელებში აღრევას – შეგაწყდებითო, შეუთვალეს ქასრეს ქართველმა დიდებულებმა. ქასრე შაჰს მას აწყობდა ამგვარი ვითარება, განსაკუთრებით თუ კავკასიონის მხრიდან დაცული იქნებოდა მისი სამეფო. გარდა ამისა, ამ პერიოდში რომის იმპერია ცდილობდა წინა აზიაში და სამხრეთ კავკასიაში ბატონობას. სპარსეთის შაჰისთვის სასურველი იყო ქართლის სახელმწიფოს სამხედრო რესური მისი მოკავშირე გამხდარიყო, და არა რომის. ამგვარად, არ შაჰს აწყობდა ქართველების წინააღმდეგ ომი, ამიტომ დათანხმდა ქართველი დიდებულების წინადადებას. შაჰი თვითონ შემოვიდა ქართლში, თან ახლდა მცირეწლოვანი მირიანი და მისი დედა, მხევალი ქალი. და მისცა მეფედ ქართველებს თავისი ძე, თუმცა 7 000 ჯარისკაცი მაინც დაუტოვა მცველად, მცხეთაში, მისი გამზრდელის, მამა–მძუძეს, მირვანოზის ხელმძღვანელობით. 40 000 მხედარი კი განალაგა ქართლის საზღვრების გარშემო. ქართლში ციხეებში სპარსული გარნიზონები ჩააყენა. ქვეყანაში სხვა ჯარი არ შემოუყვანია, მოლაპარაკების თანახმად. არც სპარსელები ჩამოუსახლებია, რათა დემოგრაფიული მდგომარეობა არ შეეცვალა. ახალ მეფეს უნდა ეღიარებინა ქართული სარწმუნოებაც, კერპთა თაყვანისმცემლობა და სპარსულიც, მაზდეანიზმი და მისი გამეფება არ უნდა ყოფილიყო საფუძველი სპარსთა მიერ ქართლის დაკავებისა და ანექსიისა. ქასრე შაჰმა ქართლში არ დატოვა მირიანის დედა, თავისი მხევალი, რადგან სიგიჟემდე უყვარდა და ვერ შეძლო მასთან განშორება. მირიანი აღიზარდა ქართული სარწმუნოებითა და ცეცხლთაყვანისმცემლობით. შეიყვარა ქართველნი, დაივიწყა სპარსული ენა და ისწავლა ქართული, ძველ ქართველ მეფეებზე მეტად ამკობდა ქართველთა კერპებს, პატივს სცემდა ქართველ ქურუმებს, შეიტკბო ქართული ენა. შეამკო ფარნავაზის საფლავი. ეს ყველაფერი ქართველთა სათნოებისათვის გააკეთა. მოკლედ, ახალგაზრდა მეფე ზრუნავდა ქართველებზე და ქართველებმაც შეიყვარეს მირიანი სხვა მეფეებზე მეტად. მეფობდა მირიანი როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. მეფე დიდებული შესახედაობის ყოფილა. „მეფეთა ცხოვრების“ მიხედვით, როცა მირიანი თხუთმეტი წლის გახდა, მოუკვდა ცოლი, ასული ქართველი მეფისა, აბეშურა და ასე დამთავრდა ქართლში ფარნავაზიანთა მეფობა და დედოფლობა. შეწუხდნენ ქართველები დედოფლის სიკვდილის გამო, მაგრამ მირიანისადმი მიცემულ ფიცს არ უღალატეს და დარჩნენ მისი ერთგულნი, რადგან არავინ იყო დარჩენილი ფარნავაზიანთა ნათესავი, ქართველთა მეფობის ღირსი. ამის მერე მირიანმა მოიყვანა მეორე ცოლი, საბერძნეთიდან, პონტოდან, ასული ოლიღოტოსისი, სახელად ნანა - ჩვენი პირველი ქრისტიანი დედოფალი. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს თანახმად, ნანა დედოფალს დედა სპარსი ჰყოლია. ამ თხზულებაში ნახსენებია ნანას დედის ძმა, „მოგჳ მთავარი სპარსი ხუარა“, რომელიც წმინდა ნინომ განკურნა მცხეთაში. მირიანის მეორედ დაქორწინებასთან დაკავშირებით „ქართლის ცხოვრების“ ავტორს უწერია ძალიან საინტერესო ფრაზა: „ხოლო მირიან ჰმატა კეთილსა ქართველთასა, და მოიყვანა ცოლი საბერძნეთით, პონტოით, ასული ოლიღოტოსისი, სახელით ნანა“. ანუ ნანას ცოლად მოყვანა ქართველებისადმი გამოხატული სიკეთეა (!). რატომ? შესაძლოა, ნანა დედოფალი პონტოელი ქართველი ყოფილიყო, ქართული წარმოშობის. პონტო ქართველი ტომებით დასახლებული ტერიტორია იყო, რომელიც აღმოსავლეთ რომის გავლენის ქვეშ გახლდათ. მეფე მირიან მესამე ებრძოდა ლეკებს, დიდოელებს, დურძუკებს და იცავდა ქართლის სამეფოს საზღვრებს. ხაზარებს უნდოდათ შემოჭრა ამიერკავკასიაში და ქართლის მეფეს უწევდა დახმარება დარუბანდელებისა. ხან უომრად გაეცლებოდნენ ხოლმე მომხვდრუნი, ხან ომით იგერიებდა ხაზარებს. „მეფეთა ცხოვრების“ მიხედვით, როცა მირიანი 40 წლის გახდა, გარდაიცვალა მისი მამა, სპარსეთის მეფე ქასრე და ტახტზე ავიდა მირიანის უმცროსი ძმა ბარტამი. ვინაიდან მირიანი უფროსი იყო, მან მოინდომა დაუფლებოდა სრულიად სპარსეთის ტახტს, თავისი პრეტენზიები გამოაცხადა და ჯარით გაემგზავრა ბაღდადისაკენ, სადაც ერთ–ერთი დედაქალაქი იყო, რათა დამჯდარიყო მამის ტახტზე. მისმა ძმამ, ბარტამმა შეკრიბა ურიცხვი ჯარი და შეეგება მას ნასიბის ხეობაში. მირიანსა და ბარტამს შორის კამათში ჩაერივნენ უხუცესები და მარზპანები (ოლქების მმართველები). მირიანის აცხადებდა, უფროსი ძე ვარ და მე მეკუთვნის ტახტი, ქართლი კი მხოლოდ საუფლისწულოდ მქონდაო. მუდამ ვებრძოდი ხაზარებს და ვიცავდი სპარსეთსო. ბარტამის თქმით, მირიანი კი არის პირმშო, მაგრამ შობილია მხევლისგან და საკმარისია მისთვის, ის რაც მისცეს. მე კი მშობა ინდოეთის მეფის ასულმა, სპარსთა დედოფალმაო. და ანდერძით მამამ მე დამიტოვა სამეფო და თვითონ დამადგაო გვირგვინი. ბარტამის არგუმენებმა გაჭრა, სპარსეთის მეფობა მას დაუტოვეს უხუცესებმა. ხოლო მირიანს თავისი სამეფოს გარდა დაუმატეს არდაბადაგანი (დღევანდელი აზერბაიჯანის სამხრეთი და ირანის აზერბაიჯანი, ჯაზირეთი (რომლის ლოკალიზაციას მეცნიერები ვერ ახერხებენ) და შამის ნახევარი (სირიის ტერიტორიის ნაწილი). აქ, ჩვენი აზრით, შესაძლოა 298 წლის ამბები იგულისხმებოდეს, როცა ნისიბში, ნისიბინში (ნასიბინში, ნუსაიბინში, ვანის ტბის სამხრეთ–აღმოსავლეთით, ძველი ასურეთის ტერიტორიაზე, ეფრემ ასურის მშობლიურ ქალაქთან), რომის არმიამ დაამარცხა სპარსეთის ჯარი და დაიდო ნისიბინის ზავი (პირველი). ასევე, შეიძლება იგულისხმებოდეს სპარსების მიერ რომისათვის გადაცემული ტერიტორიები ნისიბინის ზავის დროს. რადგან ზავით სომხეთი და იბერია რომის გავლენის ტერიტორიებად გამოცხადდა. დაბრუნდა მირიან თავის სამეფოში, იბერიაში. მის არყოფნაში ოსებს გადმოულახავთ კავკასიის ქედი და აუოხრებიათ ქართლი. მირიან მეფე გადავიდა ჩრდილო კავკასიაში, მოაოხრა ოსეთი და ხაზარეთამდე მივიდა. შემდეგ საკუთარი სახელმწიფოში შემოვიდა ისევ და დვალეთის გამოვლით დაბრუნდა მცხეთაში. მერე ჩვეულებისამებრ იცავდა დარუბანდის კარს ხაზართა შემოსევებისგან. ამ პერიოდში რომის იმპერიას აწუხებდნენ გოთები. ერთი ამგვარი შემოსევის დროს არმენთა გოლიათური აღნაგობის მეფისწულმა, თრდატმა მოკლა გუთების ბელადი, რითიც დიდი სამსახური გაუწია რომაელებს. რაც დაუფასეს კიდეც და არმენიაში მეფედ დასვეს რომაელებმა. მირიანსა და თრდატს შორის მუდმივი ომები მიმდინარეობდა ტერიტორიების გამო. ეს ეპიზოდი ადრე მოთხრობილი გვაქვს ჟურნალის მკითხველებისთვის და აქ აღარ გავაგრძელებთ. ამ ხანებში, „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, სპარსეთში გამეფდა მირიანისა და ბარტამის მესამე ძმა. რომელმაც ქართლის მეფეს შესთავაზა დაეკავებინათ სომხეთი და შეეტიათ რომისათვის. მირიანმა არ გაუშვა ხელიდან არმენიის მეფის წინააღმდეგ მოკავშირის გაჩენა. ასეც მოიქცნენ – შეესივნენ არმენიას. გოლიათი თრდატ III ვერ აღუდგა მათ წინ და სომხეთის მორბევის შემდგომ სპარსეთისა და ქართლის მეფეები რომის სხვა სამფლობელოებში შეიჭრნენ. რომში შიდაბრძოლებიც მიმდინარეობდა. 305 წლის მერე, რომის იმპერატორი იყო კონსტანტინე I დიდი. შეწუხებულ იმპერატორს მრჩევლებმა უთხრეს: „ვიხილეთ ჩვენება, რომ ქრისტეს ვინც ირწმუნებს ჯვრის შემწეობით გაიმარჯვებს მტერზეო“. ესე სიუჟეტი აღებული უნდა იყოს კონსტანტინე იმპერატორის ცხოვრებიდან. საეკლესიო ისტორიის მამის, ევსევი კესარიელის გადმოცემით თავად იმპერატორს უთქვამს, რომ 312 წლის ოქტომბერში თავის ჯართან ერთად ცაზე უზარმაზარი ჯვარი იხილა, რომელსაც ჰქონდა წარწერა „ამით სძლევო“. კონსტანტინეს და მის მეომრებს თავზარი დაეცათ, თურმე. იმ ღამით იმპერატორს თავად უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და უბრძანა ჯვრის დამზადება და ამ ჯვრით გალაშქრება მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ. დილით კონსტანტინემ თავის სარდლებს და დიდებულებს უამბო ამ გამოცხადების შესახებ. ხელოსნებს უბრძანეს მის მიერ ნანახი ჯვრის დამზადება. ეს იყო ქრისტეს მონოგრამა, რომელსაც ლაბარუმი უწოდეს. კონსტანტინე მეფემ გასცა ბრძანება და მეომრებმა ლაბარუმი გამოსახეს თავის ფარებზე, დროშებზე, შტანდარტებზე, რომლებზეც ადრე იუპიტერის გამოსახულება ჰქონდათ. მართლაც, მეორე დღეს, 312 წლის 27 ოქტომბერს, მდინარე ტიბრთან მდებარე მილვიანის ხიდთან კონსტანტინეს ჯარმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა მაქსტენციუსის არმიაზე, რომელმაც გადაწყვიტა რომის იმპერიის მფლობელის ბედი და ასევე ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების საკითხიც. მანამდე ქრისტიანებს რომში დევნიდნენ. „ქართლის ცხოვრება“ გვიამბობს, რომ ჯვრის შემწეობით კონსტანტინე იმპერატორმა დაამარცხა სპარსელთა და ქართველთა კოალიცია. სპარსელი შაჰი გაიქცა სამშობლოში. მირიანი იძულებული იყო მშვიდობა ეთხოვა რომის იმპერატორისაგან, შეპირდა რომის ინტერესების გატარებას კავკასიაში. კონსტანტინეს არ აწყობდა ქართლზე გალაშქრება და ომის გაგრძელება. აღუთქვა მშვიდობა მეფე მირიანს და მისი ვაჟი, ბაქარი მძევლად წაიყვანა. ქართლის მეფის გადასაბირებლად რომაელებმა დიდძალი საჩუქრები გაიღეს. კონსტანტინე კეისარმა თრდატსა და მირიანს შორის მშვიდობა დაამყარა და დაამოყვრა ისინი. ქართველ უფლისწულს, მირიანის ძეს, რევს, ცოლად შერთეს თრდატის ქალიშვილი სალომე. მირიანსა და თრდატს საზღვრებიც დაუდგინდა. ის ტერიტორიები, რომელზედაც მდინარეები მიემართებიან სამხრეთით და შეერთვიან არაქსს, არმენიის საკუთრებად გამოცხადდა, ხოლო ის მიწა-წყალი, რომლის მდინარეებიც ჩრდილოეთით მიედინებიან და მტკვარს შეერთვიან, ქართლად იქნა აღიარებული. ეს გეოპოლიტიკურად გამართლებული მიდგომა იყო. მირიანის ძალაუფება ვრცელდებოდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოზე. რევს მამამ საუფლისწულოდ მისცა კახეთი და კუხეთი (ტერიტორია კახეთსა და ქართლს შორის, ჟინვალიდან გარეჯამდე) და ცოლთან, სალომესთან ერთად დაასახლა უჯარმაში. ეს ის სალომეა, უჯარმელი, რომელიც წმინდა ნინოს ეხმარებოდა ქრისტიანობის გავრცელებაში. ის ერთ–ერთია ვინც ჩაიწერა წმინდა ნინოს ცხოვრება. ამ დროს მცხეთაში უკვე სამი წლის მოსული იყო წმინდა ნინო. იწყებოდა ახალი ეპოქა ქართველთა ცხოვრებაში. „ქართლის ცხოვრებისეული“ ეს ვერსია ჩვენი პირველი ქრისტიანი მეფის ეროვნების ანუ სპარსელობის შესახებ დიდი ხანია სანდოდ არ მიაჩნიათ ქართველ ისტორიკოსებს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ იმ დროს სპარსთა მეფეს არ ერქვა ქასრე („ქასრე არდაშირი“). შეიძლება „მეფეთა ცხოვრებაში“ შეცვლილია სახელი. ისე, არდაშირ შაჰი ჰყავდათ სასანიდებს, მაგრამ ის უფრო ადრე მოკვდა, 241 წელს და ამგვარად ქრონოლოგიურად არ ემთხვევა არც მირიანის დაბადების სავარაუდო წლებს და არც მირიანისა და მისი ძმის ნისიბთან კამათის დროს. სახელი ქასრე (ხოსრო) სასანიდების დინასტიაში უფრო გვიან გაჩნდა. ამ ვერსიის გამო ზოგიერთ უცხოელ ისტორიკოს მირიანი არდაშირ შაჰის ვაჟის, შაპურ პირველის ძე ჰგონია, მაგრამ არც შაპურ პირველის ცხოვრებისა და გარდაცვალების წლები და სხვა ვითარებანი არ ემთხვევა ზემოთ მოყვანილ სიუჟეტს. რაც მთავარია, სპარსული წყაროებით არ დასტურდება სპარსი უფლისწულის ქართლში გამეფების ფაქტი. შესაძლოა ეს „გაუცხოების“ ვერსია „მეფეთა ცხოვრების“ ავტორის მიერ შექმნილი იყოს მირიან მეფის განსაკუთრებულობის, დიდი სამეფო ოჯახიდან წარმომავლობის დამამტკიცებელი იდეოლოგიის გასატარებლად. იმ მეფისა, რომელიც წარმოშობით თითქოს სპარსი იყო, გაქართველდა და ქართველებს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოუცხადა. საერთოდ, „ქართლის ცხოვრებაში“ არის ჩართული ძალიან სიმბოლური (საკრალური) სიუჟეტები თუ ნაწარმოებები, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილია ჯერ ახსნილი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვერსიას არ იზიარებენ ისტორიკოსები, ეს თვალსაზრისი მაინც გაბატონებულია ქართულ საზოგადოებაში. ხშირად გაიგონებთ, „მირიანი სპარსი იყო, მაგრამ ქართულ საქმეს აკეთებდაო“ და სხვა. სავსებით შესაძლებელია ვინმე იყოს სპარსელი და ემსახურებოდეს საქართველოს, ქართულ საქმეს. იქნებ, დოკუმენტურად, გადაჭრით ოდესმე დამტკიცდეს ჩვენი სათაყვანებელი წმინდა მეფის, მირიან მესამის სპარსული წარმომავლობა, ეს არავითარ ჩრდილს არ მიაყენებს მას ჩვენს თვალში, არავითარ შემთხვევაში. იქნებ პირიქითაც, სამაგალითო იყოს მისი სამსახური ქართული საქმისადმი, ისევე როგორც ევსტათი მცხეთელისა... თუმცა, ვიმეორებთ, ეს ვერსია არ არის გაზიარებული ქართული ისტორიოგრაფიის მიერ... მირიან მეფის ეროვნების, წარმომავლობის შესახებ არსებობს სხვა ცნობაც. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით მირიან მეფე არის ქართლის მეფის - ლევის (რევი II) ძე და არა სპარსეთის მეფის ვაჟი. მირიანმაც თავის ერთ ვაჟს რევი, თავისი მამის სახელი დაარქვა. შვილისთვის მამის სახელის დარქმევა ძველი ტრადიციაა, მით უმეტეს, სამეფო ოჯახებში. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ გაცილებით ძველია, ვიდრე „ქართლის ცხოვრება“. მისი ზოგიერთი ნაწილი, მით უმეტეს დასაწყისი, სადაც პირველ 28 მეფეთა სახელებია გადმოცემული, შესაძლოა V ბოლოს შექმნილიყო. შემდეგ VII შუა წლებში მოხდა მისი რედაქტირება. ხომ შესაძლებელია, იქ მოცემული ვერსია უფრო სწორი იყოს? ისე, ამ საკითხის გადაწყვეტა შეუძლია დნმ–ს ანალიზს. წმინდა მირიან მეფე და წმიდა ნანა დედოფალი დაკრძალულნი არიან მცხეთაში, სამთავროს მონასტერში. |