შოთა რუსთაველი - ქართველთა მეფის ო მ ი რ ა ჰიპოთეზა შოთა რუსთაველის დიპლომატიური მოღვაწეობის შესახებ ლოვარდ ტუხაშვილი ,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“ წიგნი I ბაგრატ III-დან გიორგი V ბრწყინვალემდე წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად. მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს. კლასიკური პერიოდის ქართულ მწერლობაში შოთა რუსთაველის ვინაობის მოულოდნელი იგნორაცია ამ გენიოსი შემოქმედის ბიოგრაფიის ათასგვარი ჰიპოთეზის წყარო გახდა. წყაროთა სრული დუმილი ნებისმიერი ვარიანტის დაშვების შესაძლებლობას იძლევა, ამიტომაც თანამედროვე რუსთველიანა ჭეშმარიტი მეცნიერული კვლევის პარალელურად მოუზომავი ფანტაზიის ზღვაშიცაა ჩაძირული. ვინც შეეხება ამ პრობლემას, წინასწარ განწირულია. ჩვენი აზრით, შედარებით რეალურად მოჩანს ტრადიციულ გადმოცემათა ის რკალი, რომლებიც შემუშავდა ,,აღორძინების ხანაში“. აქედან მნიშვნელოვანია შოთა რუსთაველის ბიოგრაფიის აღდგენის სამი ორიენტირი: 1. თეიმურაზ I-ს და არჩილს სწამდათ, რომ იგი იყო თამარის ერთ-ერთი მემატიანე; 2. დაშვებული იყო შოთა რუსთაველის ალამდარობაც; 3. გამოთქული იყო მოსაზრება, რომ დიდი პოეტი განაგებდა უცხო მხარეთა საქმეების სამდივნოს და ასრულებდა საგანგებო დიპლომატიურ დავალებებს. იოანე ბაგრატიონის ეს სამივე შეხედულება XVIII საუკუნეში ბოლოს დაგვირგვინდა მეოთხე დაშვებით - შოთა რუსთაველის მეჭურჭლეთუხუცესად აღიარებით. ოთხივე ზემოთხსენებული ჰოპოთეზა სანდოდ გამოიყურება, მით უფრო, რომ XVII-XVIII საუკუნეებში ემყარებოდნენ ტრადიციას და არა წრეგადასულ ინტერპრეტაციულ ვარჯიშს. წინასწარ შემზადებული ვართ რა მორიგი ,,ჩაძირვისათვის“, გვინდა რამდენიმე მოსაზრება გამოვთქვათ ზოგიერთი პრობლემის ირგვლივ. ოღონდ არ შევეხებით რუსთველიანას ამოუწურავ ლიტერატურას, მას საგანგებო მონოგრაფია დასჭირდებოდა. ამ მოსაზრებათა უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია გიორგი არაბულის ახალ ნაშრომთან. ეს არის ლაკონურად ტევადი თხზულება, სადაც ავტორი უმთავრეს შემთხვევაში თავს აღწევს ,,ვეფხსიტყაოსნის“ კვლევისათვის დამახასიათებელ გადაცდენებს. ცნება ,,რუსთაველი“ გაგებულია, როგორც ქ. რუსთავის მფლობელი, ან, როგორც ეპისკოპოსი ,,რუსთველი“, მაგრამ არსებობს საფუძველი, რომ ,,რუსთველი“ განვიხილოთ უშუალოდ მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვლად. ე.ი. დავუშვათ, რომ ზოგჯერ ,,მეჭურჭლეთუხუცესი“ და ,,რუსთველი“ იდენტური ცნებებია. ამას გვაფიქრებინებს შემდეგი გარემოება; ძველ საქართველოში თითოეული სახელო ან წოდება დაკავშირებული იყო რეზიდენციასთან. მაგ. ამირსპასალარი იყო აუცილებლად ლორეს ციხის მფლობელიც, ამიტომაც ზაქარია ამირსპასალარს ზოგჯერ ლორეს თემის მთავარიც ეწოდება. მსახურთუხუცესი მანავის ციხეს ფლობდა, შემონახულია ცნობა, სადაც ,,მანაველი“ გაიგივებულია მსახურთუხუცესთან. ტახტის მემკვიდრე იყო ,,ალასტანის“ ციხის პატრონი, ამიტომაც ლაშა-გიორგი მოიხსენიება ,,ალასტანელადაც“. ასევეა დადიანი. მეჭურჭლეთუხუცესი ფლობდა ქ. რუსთავს და ჟინვალს, არ არის გამორიცხული, რომ მას უწოდებდნენ ,,რუსთველს“. მაშინ გამოთქმა ,,მე რუსთველი ხელობითა“ სრულიად ახლებურ შინაარსს იძენს. აქ თითქოს გადაულახველი წინააღმდეგობაა: შოთა წერს: - ,,მე რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ალამდარი...“ თუ ამჯერად აღიარებულ სიტყვას ,,ამა დარი“ გავიგებთ, როგორც ესმოდა კ. კეკელიძეს ,,ალამდარი“, მაშინ რანაირად ერწყმის ერთმანეთს მეჭურჭლეთუხუცესობა და ალამდარობა? ეს წინააღმდეგობა მოიხსნება დაშვებით, რომ სანამ ახალ სახელოს (მეჭურჭლეთუხუცესობას) მიიღებდა, ავტორი ყოფილა ,,ალამდარი“ - ე.ი. ხაზს უსვამს, რომ ,,რუსთველის“ ხელობას იქმს ყოფილი ალამდარი. სხვაგვარად აქვს გაგებული ეს ტაეპი (კ. კეკელიძეს). გ. არაბულმა კვლავ წინ წამოსწია გვიანდელი ცნობა შოთა რუსთაველის მემკვიდრეების შესახებ, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის წინ დასვა აკად. კ. კეკელიძემ. ცნობილია, რომ მესხი (სადგერელი) შოთაძეების საგვარეულო დიდი პოეტის ჩამომავლად აცხადებდა თავს. ამ საგვარეულოს კი შთამომავლობით ეკავათ ჯვარისმტირთველობა. აკად. კ. კეკელიძემ სვიმონ დეკანოზის ,,შაირი“ მიიჩნია სახელი ,,შოთას“, როგორც ,,ვეფხისტყაოსნის“ ავტორად მოხსენიების ზედა ქრონოლოგიურ ზღვარად. გ. არაბული ფიქრობს და კატეგორიულადაც ამტკიცებს, რომ შოთასძე მომდინარეობს სახელიდან ,,შოთა“. ეს აზრი საყურადღებოა, მაგრამ თავისუფლად შეიძლება დაშვება იმისაც, რომ შოთა რუსთველიდან კი არ იწარმოება გვარი შოთაძე ან შოთაშვილი, არამედ პირიქით. რატომ არ შეიძლება, რომ დიდი პოეტი იყო შოთაძე-რუსთველი და მოგვიანებით ,,შოთაძე“ იქცა საკუთარ სახელად ,,შოთა“. თუ ეს დაშვება ოდნავ მაინც უახლოვდება სიმართლეს, მაშინ მას საკმაოდ საფუძვლიანი ახსნა ექნება. საქმე ისაა, რომ თამარის ე.წ. მეორე ისტორიკოსად ივ. ჯავახიშვილმა მიიჩნია ბასილი ეზოსმოძღვარი, რადგან ეს უკანასკნელი ისტორიაში საკმაოდ უადგილოდ არის ჩაკერებული. ივ. ჯავახიშვილი ვარაუდობდა, რომ ესოდენ უადგილოდ მოხსენიება აღნიშნავდა ავტორის სურვილს საკუთარ თხზულებაში, საკუთარი ვინაობა რაღაცნაირად წარმოეჩინა. ბასიანის ომში ქართულ ლაშქარს აცილებდნენ. თამარის ბრძანებით აღმართეს ,,ძელი ჭეშმარიტი“ ანუ წმინდა გიორგის საომარი ჯვარი. მეფე თამარმა თვითონ დაიკავა ცალი ხელით საომარი ჯვარი, რომლის მეორე მხარე ეჭირა ბასილი ეზოსმოძღვარს და ჯვარისმტვირთველს. დიდებულები მოდიოდნენ, უჩოქებდნენ ჯვარს, ემთხვეოდნენ; მერე ემთხვეოდნენ თამარის ხელს, სდებდნენ ფიცს და სტოვებდნენ ანდერძს. ივ. ჯავახიშვილი ფიქრობდა, რომ ამ კონტექსტში ბასილი ეზოსმოძღვარის მოხსენიება სრულიად გაუგებარია. ეს ბასილი უნდა იყოს შოთაძეების დიდი წინაპარი. შეიძლება დაისვას კითხვა, რატომ არ შემორჩათ შოთას ჩამომავლებს არც ეზოსმოძღვრება და არც მეჭურჭლეთუხუცესობა მაშინ, როცა დაიმკვიდრეს ჯვარისმტვირთველობა? საქმე ისაა, რომ მეჭურჭლეთუხუცესობა და არცერთი უხუცესობა მემკვიდრეობით არ გადადიოდა. იყო ასეთი შემთხვევები, ოღონდ ყოველთვის ეს ხდებოდა სამეფო ხელისუფლებაზე ზემოქმედების შედეგად. ,,ეზოსმოძღვრება“ კი საერთოდ გაურკვეველია. ჩანს, იგი შეერწყა ჯვარისმტვირთველობას. დავაკვირდეთ ციტატას: თამარს ,,(თვით მას) ეპყრა ძელი ჯვარისა, ხოლო ერთითა ეზოსმოძღვარსა ბასილის და ჯვარისმტვირთველსა“. რადგან ,,ჯვარისმტვირთველობა“ ამ კავშირით ,,და“ გამოყოფილია ეზოსმოძღვარ ბასილისგან, ლოგიკურად უნდა წავიკითხოთ ისე, როგორც ეს წაიკითხა აკ. ივ. ჯავახიშვილმა. მაგრამ ასეთი გადასვლები ,,ქართლის ცხოვრებაში“ სხვაგანაც არის, რაც გადამწერთა შეცდომაა. სამაგიეროდ ეზოსმოძღვარს მოსდევს საუთარი სახელი და ჯვარისმტვირთველი უსახელოა, რაც უცნაურად გამოიყურება, რადგან უცნაურია ისიც, რომ ცალ მხარეს ჯვარი ეჭირა თამარს, ხოლო მეორე მხარეს ორ მამაკაცს ვფიქრობთ, რომ უფრო ლოგიკურია ტექსტის ასე წაკითხვა, ,,ბასილის ეზოსმოძღვარს და ჯუარისმტვირთველს“ (იხ. ქ. ცხ. ტ. II, გვ. 136). თამარის ეპოქაში ძალზე ხშირი იყო ორი ან სამი სახელოს გაერთიანება. ასეთი წესით მეფეები ხელს უწყობდნენ ცენტრალიზაციას. ეზოსმოძღვარის სახელო ზუსტად გარკვეული არ არის. შესაძლებელია, იგი იყოს ,,ეზოსუხუცესი“, მისი შინაარსის გახსნაც ძნელია. არ ხერხდება ,,არმაზის ბილინგვაში“ მოხსენებული ეზოსმოძღვარის ინსტიტუტთან დაკავშირება. რადგან კომპოზიტის ფუძეში ზის ,,მოძღვარი“, ეგებ აღნიშნავდეს მეფის სასახლის სწავლების ორგანიზატორს, თუმცა ეს ვარაუდია. არ არის გამორიცხული ეს ტერმინი ტექსტში დამახინჯებული სახითაც იყოს წარმოდგენილი. ჯვარისმტვირთველობა უფრო გარკვეული სახელოა. ჯვარისმტვირთველობა ეხმიანება ტრადიციულ შეხედულებას, რომ ,,ვეფხისტყაოსნის“ ავტორი იყო თამარის მოყმე მხედარი - ალამდარი. დაახლოებით ანალოგიური რამ გამოსჭვივის მეფე-პოეტ თეიმურაზ I-თან და არჩილთან. გავიხსენოთ ისიც, რომ არსებობს მკვეთრად ჩამოყალიბებული ჰიპოთეზა შოთა რუსთაველის თამარის ისტორიული მატიანის ავტორობის შესახებ (არჩილი, ანტონ I, ივ. ბაგრატიონი, ს. კაკაბაძე, ი. ლოლაშვილი, კ. გრიგოლია და სხვები). თეიმუარაზ I და შოთა რუსთაველის გაბაასებაში თამარის ეპოქის (ე.ი. შოთა რუსთაველის ეპოქის) ამბების გადმოცემისათვის გამოიყენა ,,ქართლის ცხოვრების“ უცნობი ნუსხა, რომელიც გალექსა, ეს ნუსხა მეტ სიახლოვეს ამჟღავნებს თამარის მეორე ისტორიკოსთან (პირობითად ბასილი ეზოსმოძღვართან). საერთოდაც მეორე ისტორიკოსის ენა შედარებით (ვიმეორებთ, შედარებით) უფრო ახლოს დგას ,,ვეფხისტყოასნის“ ,,ხალხურ“ მეტყველებასთან. მსგავსია მეტაფორებიც. ყველაფერი ეს გვაძლევს საშუალებას დავუშვათ, რომ დიდი ივ. ჯავახიშვილის ვარაუდი სწორია და მართლაც თამარის მეორე ისტორიკოსი არის ბასილი ეზოსმოძღვარ-ჯვარისმტვირთველი. თუ იმასაც დავუშვებთ, რომ ჯვარისმტვირთველობა იყო შოთაძეთა საგვარეულო პრეროგატივა, გამოდის, რომ თამარის მეორე ისტორიკოსი არის ბასილი შოთაძე (ან ბასილი - შოთა) ეზოსმოძღვარი და ჯვარისმტვირთველი ან თუ შოთაძე არა, შოთაძეების წინაპარი. ასეთი დაშვება დიდ საცდურს იძლება სხვა დაშვებისათვის, ამ წესით თამამად შეიძლება ბასილი ეზოსმოძღვარი - ჯვარისმტვირთველი და შოთა რუსთაველი - ალამდარი ერთი და იგივე პიროვნებად გამოვაცხადოთ. ასეთ მტკიცებაში ყველაფერი მისაღები იქნებოდა, თუ არა ერთი გარემოება - ჩვენ ახალ დაშვებას ვიღებთ სხვა დაშვებიდან. ეს კი დიდი სიფრთხილისაკენ მოგვიწოდებს. მაგრამ ერთი რამ მიგვაჩნია უდავოდ, თუ შეუძლებელა შოთა რუსთაველის და ბასილი ეზოსმოძღვარ-ჯვარისმტვირთველობის იდენტურობის დამტკიცება, ის მაინც უეჭვოა, რომ ეს უკანასკნელი დიდი პოეტის უახლოესი მოგვარე უნდა იყოს. როგორც ვხედავთ, ჩვენც ვერ ავცდით ,,რუსთველოლოგიურ ქრონიკულ დაავადებას და ფანტასტიკის სფეროში გადავედით, თუმცა ეს ჰიპოთეზა საკმაოდ ლოგიკურია. როგორ შეიძლება ბასილი ეზისმოძღვარისა და ჯვარისმტვირთველის დაკავშირება მეჭურჭლეთუხუცესობასთან, თუნდაც ის ცნება ,,რუსთველის“ იდენტური იყოს? ჩვენი აზრით, ეს უკანასნელი უმაღლესი პატივი ეზოსმოძღვარმა და ჯვარისმტვირთველმა გაცილებით გვიან მიიღო. დასაშვებია ისიც, რომ ეს ორი სახელო ერთი საგვარეულოს ჯაყელთა განაყოფ შოთაძეების ხელში იყო. ბ-ნმა გიორგი არაბულმა, მისი მეცნიერული თავშეკავების მიუხედავად, მაინც წამოაყენა ერთი მიუღებელი ვარაუდი, მისი აზრით, შოთა რუსთაველი მეჭურჭლეთუხუცესი იყო 1187-1222 წლებში. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ იგი აუცილებლად აისახებოდა რომელიმე დოკუმენტურ ან ნარატიულ წყაროში. შოთა რუსთველი კი არსად არ ჩანს. დასახელებულია სარგის თმოგველი, ხაზგასმულია შავთელის პოეტობაც. ამ ფონზე თითქმის გამონაკლისია შოთა რუსთაველი (და ჩახრუხაძე). სხვათა შორის, მისი კვალი არ ჩანს, არც საისტორიო მწერლობაში. განსაკუთრებით ამ მხრივ აღსანიშნავია ჟამთააღმწერლის თხზულება. ეს უნდა აიხსნას სამგვარი მიზეზით: 1. შოთა რუსთაველის ხსენება ორი საუკუნის მიჯნაზე გააქრო ისტორიულმა ძნელბედობამ და ეკლესიის ოფიციალურმა პოზიციამ; 2. შოთა რუსთაველი არ იყო XII-XIII საუკუნის მოღვაწე; 3. რომელიღაც ისტორიული პირის სახელით გადაიფარა დიდი პოეტის ვინაობა. პირველი ვარაუდი ნაწილობრივ სავარაუდოა, მეორე - უკუგდებულია საფუძვლიანად, მესამე - დასაშვებია. მაშასადამე, უნდა გამოვარკვიოთ: 1. რატომ ებრძოდა ეკლესია ვეფხისტყაოსნის ავტორს? და 2. რომელი ისტორიული პირის ქვეშ გადაიფარა გენიალური შემოქმედი? პირველ საკითხს ამჯერად არ შევეხებით, დავიწყებთ მეორე საკითხის გარკვევით. ყველაზე ლოგიკური იქნება ის, რომ 1187-1207 წ.წ. შოთა რუსთაველი იყო ჯვარისმტვირთველი და ეზოსმოძღვარი. ეს უკანასკნელი კი არაერთგზის მოიხსენიება წყაროებში. ვერც უარვყოფთ და ვერც გავიზიარებთ ვერსიას, რომლის მიხედვითაც პოეტი ასრულებდა 1188-1192 წლებში დიპლომატიურ მისიას ეგვიპტეში, რადგანაც საისტორიო მწერლობაში ეს საკითხი ძალზე ბუნდოვნადაც არ არის ასახული, ჩვენ დავუშვით, რომ თამარის მეორე ისტორიკოსი არის, ან თვით პოეტი, ან მისი უახლოესი ნათესავი - მოგვარე. მაშასადამე, ის აუცილებლად, როგორც თვითმხილველი, რაიმე ფორმით ასახავდა თავის მოგზაურობას საკუთარ თხზულებაში. ე.ი. ჩვენი დაშვებით მეჭურჭლეთუხუცესი ამ პერიოდში სრულიად სხვა პიროვნებაა. ადვილი შესაძლებელია, დროებით ეს ყოფილიყო ჭიაბერი. ასეთი დაშვების სასარგებლოდ მეტყველებს რამდენიმე საფუძველი: 1. ჭიაბერი დასახელებულია მანდატურთუხუცესად, ეს თანამდებობა კი მალე სხვას უკავია, რაც შეუფერებელია სახელმწიფოში ჭიაბერის მაღალი ავტორიტეტისათვის, არ ჩანს, რატომ უნდა გადაეყენებინათ; 2. ჭიაბერი არის გარკვეულ დროს ჟინვალის მფლობელი. ჟინვალს კი ფლობდა რუსთავთან ერთად მეჭურჭლეთუხუცესი; 3. ბასიანის ომის დროს ისტორიკოსი ხაზს უსვამს ჭიაბერის ომში წასვლას. იგი გაკვირვებით წერს, რომ ჭიაბერიც კი, თუმცა (დაღათუ) მანდატურთუხუცესი იყო, მაინც წავიდა ომშიო. გაუგებარია, რატომ უნდა გაკვირვებოდა ისტორიკოსს მანდატურთუხუცესის ომში წასვლა? როგორც ჩანს, მას მხედველობაში ჰქონდა ის, რომ ჭიაბერი იყო მეჭურჭლეთუხუცესი. ამ უკანასკნელის ომში წასვლა კი მართლაც განსაკუთრებული შემთხვევა იქნებოდა. ბასიანის ომის დროს ამირსპასალარობაც და მანდატურთუხუცესობაც უკვე ზაქარია და ივანე მხარგრძელების ხელშია. აქ მხოლოდ ორი გამონაკლისია შესაძლებელი: 1. ან ორივე სახელო უკვე დაშლილია და გვყავს პარალელურად ორი ამირსპასალარი და ორი მანდატურთუხუცესი. მაშინ იგივე შეიძლება დაგვეშვა მეჭურჭლეთუხუცესობის შესახებაც. მით უმეტეს, რომ ჯერ ყუთლუ-არსლანის, მოგვიანებით კი ვარდან დადიანის ამბოხების გამო, მეფე თამარმა მეჭურჭლეთუხუცესის სახელო ერთგვარად დაამცირა, შესაძლოა, გაჰყო კიდევაც; 2. ან ჭიაბერი რაღაც მომენტში დაუპირისპირეს მხარგრძელებს. ჩვენ დავასაბუთეთ წინა ნარკვევში, რომ მიმდინარეობდა მძაფრი ბრძოლა მხარგრძელებსა და ახალციხელებს შორის და ამ ბრძოლაში დავით სოსლანს ეკავა მხარგრძელთა საწინააღმდეგო პოზიცია! მაშასადამე, შოთა რუსთაველს მეჭურჭლეთუხუცესის სახელო შეეძლო მიეღო ბასიანის ომის შემდეგ, იქნებ 1207-1210 წლებში. ე.ი. მაშინ, როდესაც სახელმწიფო იმართებოდა თამარის სახელით, სინამდვილეში კი ყველაფერს განაგებდა თავისებური ,,რეგენტთა საბჭო“ ზაქარია ამირსპასალარისა და ივანე ათაბაგის მეთაურობით. ჩვენ სხვაგან დასაბუთებული გვაქვს, რომ თამარი უფრო ადრე გარდაიცვალა და თამარის პირველ ისტორიკოსთან მოცემული ვერსია ათაბაგობის ჩამოყალიბების შესახებ არის მცდარი და მოგვიანებით ჩამატებული. აქ წარმოდგენილი მოსაზრება ჰიპოთეზურია, მაგრამ ერთგვარად ამყარებს კავშირს, ზემოთ უკვე ხსენებულ ,,აღორძინების ხანის“ ოთხ ტრადიციულ გადმოცემას შორის. თუ ჩვენ დავუშვით, რომ ბასილი ეზოსმოძღვარი და ჯვარისმტვირთველი ერთი და იგივე პოროვნებაა, მაშინ იგი გამოდის ერთროულად თამარის მემატიანეც და ალამდარიც. ჯვარისმტვირთველობა იგივე ალამდარობაა. ჯვარს ზუსტად ის დანიშნულება ჰქონდა, რაც სამეფო დროშას ან სამეფო შტანდარტს, თუმცა არსებობდა სამეფო დროშაც. ეს იყო საკმაოდ მაღალი რანგის მოხელე, ყოველთვის ესწრებოდა სამეფო დარბაზობას, მას ჰქონდა დამატებითი სხვა ფუნქციებიც, რომელთა ზუსტი აღნუსხვა არ ხერხდება, რადგან ეზოსმოძღვარი მხოლოდ ერთგან მოიხსენიება და ჯვარისმტვირთველობა კი მრავალგზის, - ეს გვაძლევს საშუალებას ისიც დავუშვათ, რომ ამ ორი სახელოს შეწყმა შემთხვევითი არ იყო. ყოველ შემთხვევაში, ერთი (ჯვარისმტვირთველობა) მეორეს ფარავდა (ეზოსმოძღვრებას). ასეთი მართალი თანამდებობა შეეძლო დაეკავებინა მხოლოდ უმაღლესი არისტოკრატიული გვარის წარმომადგენელს და მართლაც, შოთაძეები, რომელთაც გვიან საუკუნეებამდე შემორჩათ ჯვარისმტვირთველობის პრივილეგია, ფაქტობრივად წარმოადგენენ ჯაყელ-გამრეკელთა სახლის განაყარს. არ არის გამორიცხული ბასილ-შოთა ჯაყელმა დიდხანს ატარა რა ეზოსმოძღვარ-ჯვარისმტვირთველის სახელო, მოგვიანებით მიიღო მეჭურჭლეთუხუცესობა. ძნელი გადასალახავი არ არის წინააღმდეგობაც სახელებს შორის. ქართულ ონომასტიკონში იშვიათი არ არის ორ-სახელიანი პიროვნებაში. მაგ. ივანე-ყვარყვარე ჯაყელი. შესაძლებელია, შოთა იყოს ახალგაზრდობის საერო სახელი, ხოლო ბასილი შემდეგდროინდელი ეგებ ბერად აღკვეცის დროს მიღებული (ან ერთი სამოხელეო, მეორე სამწერლობო). ჩვენ ზევით უკვე დავასაბუთეთ, რომ მეჭურჭლეთუხუცესი განაგებდა საგარეო ვაჭრობას და პარალელურად საგარეო პოლიტიკურ სფეროშიც ჰქონდა გარკვეული ფუნქცია, ამიტომაც სრულიად ბუნებრივია, რომ იგი იგზავნებოდა დიპლომატიური მისიითაც. შოთა რუსთაველის პორტრეტი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, მისი მოხსენიება აღაპებში უცილობლად ხდის ორ გარემოებას: 1. იგი ნამდვილად იყო იერუსალიმში და 2. მას ნამდვილად ეკავა მეჭურჭლეთუხუცესის სახელო. კიდევ ერთ საინტერესო საკითხს გვინდა შევეხოთ. აკად. ნ. მარი და პროფ. ს. კაკაბაძე ერთხანს შოთა რუსთაველის სახელით ცნობილ პიროვნებას მაჰმადიანადაც მიიჩნევდნენ. ეს ჰიპოთეზა მალე იქნა უკუგდებული, მაგრამ საინტერესოა ის ,,რეალიები“, რასაც დაეფუძნა თავის დროზე ეს მცდარი თეორია. შევეხოთ ერთ საფუძველს. ზოგიერთ ხალხურ ლეგენდაში შოთა რუსთაველი მოხსენიებულია ,,ამირად“. თავისთავად ეს გასაოცარი არ უნდა იყოს. არაბული სამხედრო-ადმინისტრაციული ტერმინი ,,ამირა“ მტკიცედ იჯდა ქართულ სამოხელეო ტერმინოლოგიაში, მაგ. ამირა ჰყავდა რუსთავს, ამირთ-ამირა თბილისს (პროფ. დ. მუსხელიშვილმა დაასაბუთა, რომ თბილისის ამირთ-ამირა იყო მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვალი). რა თქმა უნდა, ყველა ეს ამირა და ამირთ-ამირა ქართველი ქრისტიანი იყო. ხალხურ ლეგენდებში შოთა რუსთაველის ამირობის შესახებ ეგებ იგულისხმებოდეს მისი შედარება ჰომეროსთან, რომელსაც ქართველები გამოთქვამდნენ ,,უმიროსად“, მაგრამ, ჩვენი აზრით, აქ სხვაგვარი დასკვნის გაკეთებაც შეიძლება. ვფიქრობთ, რომ ლეგენდაში არც ,,ამირა“ იგულისხმება და არც ,,უმიროს-ჰომეროსი“, არამედ აქ უნდა იყოს ,,ომირა“. ,,ომირა“ წმინდა დიპლომატიური ტერმინია და ნიშნავს დიდ დესპანს, ანუ მოციქულს, რომელიც მეფისგან გაიგზავნება მეფესთან ხანგრძლივი ვადით. ე.ი. თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს. საილუსტრაციოდ მოვიხმობთ ისეთ ენციკლოპედიურ ნაშრომს, როგორიც არის სულხან-საბა ორბელიანის ,,ლექსიკონი ქართული“. ვნახოთ როგორ განმარტავს საბა: ომირა - დიდი დესპანი (საბა ,,ლექსიკონი ქართული“, 1991წ., გვ. 603). დესპანი - მოციქულთან ნახე (საბა. იქვე, 217). მოციქული - დესპანი არს მეფისაგან მეფესთან მიგზავნილი მოციქულად საქმესა რასამე ზედა; ომირა არს დესპანი ხანგრძლივად მყოფი (საბა. იქვე, გვ. 512). მაშასადამე დასაშვებია, რომ შოთა რუსთაველი იყო სრულიად საქართველოს მეფის დიდი დესპანი - ომირა პალესტინაში და საერთოდ მახლობელ აღმოსავლეთში. ძირითადი დასკვნები: 1. შოთა რუსთაველის ბიოგრაფიის აღსადგენად შედარებით სანდოა ,,აღორძინების ხანის“ ტრადიციული ცნობები: ა) სახელი და წოდება (ან გვარი - შოთა რუსთაველი); ბ) ქ. რუსთავის მფლობელობა; გ) თამარის მატიანის ავტორობა; დ) მეფის ალამდარობა; ე) მეჭურჭლეთუხუცესობა; ვ) დიპლომატიურ ასპარეზზე მოღვაწეობა. 2. არის დიდი ცდუნება დავუშვათ, რომ დიდი პოეტის ვინაობა გადაიფარა ,,ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენებული ბასილი ეზოსმოძღვარის სახელით; ბასილი ეზოსმოძღვარი იყო ერთდროულად ჯვარისმტვირთველიც (ე.ი. ალამდარიც), თამარის მემატიანეც. სავარაუდოა, რომ ეკუთვნოდა ჯაყელთა საგვარეულოს განაყოფს. ეს განაყოფი შემდეგში ცნობილია შოთაძეების გვარით. ასევე დასაშვებია, რომ ატარებდა ორ სახელს (რაც მახასიათებელია იმ ეპოქისათვის). მოგვიანებით მიიღო მეჭურჭლეთუხუცესის სახელოც, ამის შედეგად ,,რუსთველის“ ზეწოდებაც. 3. რუსთველი ,,- პარალელურად აღნიშნავდა ეპისკოპოსის წოდებასაც და ,,მეჭურჭლეთუხუცესის“ სახელოს მფლობელობასაც. თანაც ისე, რომ ეპისკოპოს ,,რუსთველს“ და ქ. რუსთავის მფლობელ ,,რუსთველს“ ერთმანეთთან არავითარი კავშირი არა ჰქონდათ. ანალოგიურად გვაქვს ,,ხორნაბუჯელი“ - ერისთავი და ,,ხორნაბუჯელი“ - ეპისკოპოსი. 4. შოთა რუსთაველი მოღვაწეობდა დიპლომატიურ ასპარეზზე, ჰქონდა დიდი დესპანის ,,ომირას“ ტიტული, რაც ლეგენდებში დამახინჯდა ან ,,ამირად“ ან ,,უმირად“ (ე.ი. ჰომოროსად)... დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ,,იბერია“ თბილისი 1994 |