|
იყო თუ არა შეცდომა ტრაპიზონის იმპერიის დაარსება გაიოზ (გია) მამალაძე
1204 წელს ქართულმა სახელმწიფომ სცადა კონსტანტინოპოლში ტახტზე აეყვანა ბაგრატიონთა ნათესავი ალექსი კომნენი. თამარის ჯარი დაიძრა კონსტანტინოპოლისკენ, თუმცა ჯვაროსნებმა დაასწრეს ქართველებს და დაიკავეს ბიზანტიის დედაქალაქი. ცენტრით კონსტანტინოპოლში დაარსდა ლათინთა იმპერია.
ბერძნული არისტოკრატიისა და სამხედრო რესურსის დიდმა ნაწილმა კონსტანტინოპოლის სამხრეთ–აღმოსავლეთით გადაინაცვლა და დააარსა ნიკეას იმპერია.
რადგან კონსტანტინოპოლის დაკავება დაასწრეს ქართველებს, გეგმა შეიცვალა და 1204 წელს საქართველოს სახელმწიფომ შექმნა ტრაპიზონის იმპერია. ქართველებმა საკუთარი ბერძნული იმპერია შექმნეს.
ამ ახალი სახელწიფოს ტერიტორია ისტორიულად ქართული მიწები იყო და ამ ტეროტორიაზე მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობაც ქართველები იყვნენ, ლაზები. თუმცა, ქალაქებში დიდი რაოდენობით ცხოვრობდნენ ბერძნები, ან ელინიზებული ქართველები, სომხები, ებრაელები და სხვები.
ეს ამბავი რომ მომხდარიყო დავით აღმაშენებლის დროს, დავითი პირდაპირ შემოუერთებდა ტრაპიზონის ოლქს საქართველოს და ასე დასრულდებოდა ეს საქმე, მაგრამ, თამარ მეფის პოლიტიკა სხვაგვარი იყო, ის ადგილობრივ მმართველებს არ ართმევდა მთავრობას, მხოლოდ იმორჩილებდა, ავტონომიურ უფლებებს კი უტოვებდა. საქართველოს სამეფო ამ დროს ძალიან ძლიერი იყო და დამორჩილებული ჰყავდა თითქმის ყველა მეზობელი. თუმცა ამის სანაცვლოდ საქართველო მათ უცხოთა ექსპანსიისაგან იცავდა. დიდი საქართველო იყო მეზობელთა შორის პოლიტიკური წონასწორობისა და მშვიდობიანობის გარანტი. არც თავად ესხმოდა ტყუილუბრალოდ მეზობლებს. საქართველოს მეფე “ბჭედ იჯდა შორის თავისა თვისისა და მეზობელთა მეფეთა, არა მიშვებად ბრძოლისა, არცა გარდაგდებად უღელსა მძლავრობისასა ურთიერთს”. ქართველი მეფისათვის თავისი მამული საკმარისი იყო, მეტს არ ეპოტინებოდა, არ იერთებდა - „რათა არა უსამართლოდ ჰგონონ და მომხვეჭელად”. ანუ ჩვენი სახელმწიფო უფრთხილდებოდა თავის კეთილ სახელს.
თამარ მეფის პოლიტიკოსებმა, ალბათ, არ ისურვეს ბერძნული სამხედრო რესურსის დაკარგვა. იმათი, ვინც ტრაპიზონ-ლაზეთში იყო და იმათიც, ვინც კომნენებს მიემხრობოდა. ასეთები კი ბევრი იყო. თუ საქართველო შეიერთებდა ტრაპიზონს მთლიანად, ბერძნების სამხედროები, და ალბათ, ვაჭრები და ხელოსნებიც, ალბათ, არ ისურვებდნენ ქართველების ქვეშევრდომობას, შესაძლოა წასულიყვნენ ქალდეადან ანუ ლაზეთიდან ნიკეაში, სადაც კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ გადავიდა ბიზანტიის არისტოკრატია.
საქართველოს სამეფო კარმა, როგორც ჩანს, საჭიროდ ჩათვალა ტრაპიზონის გარშემო ჩამოეყალიბებინათ ბუფერული იმპერია, რომელიც ტფილისის მორჩილი იქნებოდა. ეს იყო პროტექტორატული სახელმწიფო. დაარსებისას, ის ემორჩილებოდა საქართველოს. საკეისროს კარზე დიდი გავლენა ჰქონდათ ქართველებსაც. ალექსი და დავით კომნენენი საქართველოში, ქართულად იყვნენ გაზრდილები. ბოლო ხანს გამოჩნდა ცნობა, თითქოს ალექსი და დავით კომნენები თამარის დის, რუსუდანის შვილები იყვნენ, მაგრამ, ეს არ დასტურდება ქართული წყაროებით. არადა ქართველ მემატიანეებს, ეს რომ მართალი იყოს, არ გამორჩებოდათ ასეთი მნიშვნელოვანი ცნობა.
ტრაპიზონის იმპერიას პირობითად შეიძლება ვუწოდოთ ლაზეთის იმპერია. ვინაიდან ეს ტერიტორია ისტორიულად ქართული (ხალდურ-ხალიბურ-ჭანურ-ლაზური) იყო მუდამ. ტრაპიზონის საკეისროში აბსოლუტური უმრავლესობა, ან დიდი უმრავლესობა მაინც, ჩვენი ვარაუდით 60-70 % ეთნიკურად ქართველი, ლაზი, ჭანი ცხოვრობდა.
თამარის პოლიტიკოსები, ალბათ, იმედოვნებდნენ, რომ საქართველო მუდამ ძლიერი იქნებოდა, გამოიყენებდნენ ტრაპიზონის ბერძნულ-ბიზანტიურ რესურსს და შესაძლოა, თანდათანობით, მეტი ინტეგრაცია მოეხდინათ ამ პატარა იმპერიისა საქართველოს სამეფოში.
ტრაპიზონ-ქალდეაში, - დიდი ხნის მანძილზე რომისა და ბიზანტიის ბატონობისა და დროთა ვითარების გამო, - ტრადიცია მართვისა იყო ბერძნული. ეკლესიაც ბერძნულენოვანი იყო და ემორჩილებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. თუმცა, სოფლების მოსახლეობა, ძირითადად, ჯერ კიდევ არ იყო ელინიზირებული, ანუ ლაზურ-მეგრული ენა, ქართული თვითშეგნება, შემორჩენილი ჰქონდათ.
ამ სახელმწიფოს განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვოდა ბერძნულ–ბიზანტიურ სამხედრო, სავაჭრო, საზღვაო რესურს, რა თქმა უნდა, ქართველ მოსახლეობასთან ერთად.
თამარმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი: ყველაზე დიდი წოდების მონარქი - იმპერატორი (კეისარი) გახდა საქართველოს მეფეთა-მეფის ფაქტობრივი ვასალი (თავიდან კომნენოსები ატარებდნენ ტიტულს - რომაელთა ავტოკრატორი); ტრაპიზონის იმპერია, ფაქტობრივად, იქცა საქართველოს ავტონომიურ სახელმწიფოდ; ტრაპიზონის იმპერიას ჰქონდა დიდი შემოსავალი საზღვაო ვაჭრობისაგან, რაც ქართულ ეკონომიკაზეც კარგად მოქმედებდა. ქალდიის ვერცხლის საბადოები, და სავარაუდოდ სხვა შემოსავლებიც, როგორც ჩანს, ტფილისის უშუალო მფლობელობაში იყო; თამარმა ტრაპიზონის იმპერიის დაარსებით, ერთგვარად, შექმნა, თანამედროვე ტერმინი რომ ვიხმაროთ, თავისუფალი ეკონომიკური ზონა; ქართულმა სახელმწიფომ გამოცდილი ვაჭრების, სახელგანთქმული მეზღვაურებისა და მეომრების ნაწილი, ბიზანტიის ბერძენი არისტოკრატები პროქართულ პოლიტიკაში ჩააბა; ტრაპიზონის პირველი იმპერატორი იყო ქართულად აღზრდილი (ქართული კულტურა მნიშვნელოვანი იყო მომდევნო იმპერატორების აღზრდისას, რადგან ტრაპიზონის იმპერატორები ხშირად უნათესავდებოდნენ ქართველებს. ამასთან ტრაპიზონში ქართული გავლენა იყო); ლაზები დედასამშობლოს დაუკავშირდნენ, თითქოს...
მაგრამ, ტრაპიზონის სახელმწიფოში სახელმწიფო ენა იყო ბერძნული. ამ სახელმწიფოს მცხოვრებნი, ლაზები, ამგვარად, კულტურულად და შეგნებით, კიდევ უფრო შორდებოდნენ დედა-სამშობლოს. მათი ელინიზება-გაბერძნება გრძელდებოდა. ტრაპიზონი პირდაპირ რომ შემოეერთებინათ, სახელმწიფო ენა იქნებოდა ქართული. მეტად გავრცელდებოდა ქართული სალიტერატურო ენა და კულტურა, რაც მთავარია - ქართული თვითშეგნება. მართალია, ტრაპიზონის, რიზესა და სხვა ქალაქების ეპისკოპოსები კონსტანტინოპოლის პატრიარქს ემორჩილებოდნენ, მაგრამ, ქართული ეკლესიებიც მეტად გაიხსნებოდა და გავრცელდებოდა ქართული ენა - „ქართლად ფრიადი ქვეყანაჲ აღრაცხების, რომელსაც შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების“...
გარდა ამისა, ტრაპიზინ-ლაზეთის შემოერთებით საქართველოს შესაძლოა ჩამოეყალიბებინა თავისი ფლოტი. ფლოტის უკან დგას სამგზავრო და სავაჭრო გემებიც, რაც სწრაფი მიმოსვლისთვისაა საჭირო და რაც, განსაკუთრებით, ხელს უწყობს ვაჭრობას. საქართველო გახდებოდა საზღვაო სახელმწიფო. ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. საერთოდ, ძალიან საკვირველია, რატომ არ შექმნეს ჩვენმა წინაპრებმა ფლოტი.
რომ არ დაცემულიყო დიდი საქართველო, ტრაპიზონის საკეისრო უფრო მეტად დაუახლოვდებოდა საქართველოს და შესაძლოა, მთლიანად ინკორპორირებულიყო მასში, დედა სამშობლოში... მაგრამ, თამარის მერე, ქართული სახელმწიფოს მოშლამ გამოიწვია ტრაპიზონის სამეფოსა და ქალდეა–ლაზეთ–ტრაპიზონის ქართული მოსახლეობის კიდევ უფრო ელინიზება და დაშორება საქართველოსგან.
დიდმა ხელმწიფეებმა, დავით ნარინმა და გიორგი ბრწყინვალემ აღადგინეს საქართველოს გავლენა ტრაპიზონზე, სხვა დროსაც, ქართველმა პოლიტიკოსებმა რამდენჯერმე მოახერხეს ტრაპიზონში თავისი ინტერესების გატარება და ტახტზე პროქართულად განწყობილი იმპერატორის დასმა. მაგრამ, ეს მხარე მაინც მოწყდა დედა საქართველოს.
ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრაპიზონის საკეისროს შექმნა, და ამ ტერიტორიების, პირდაპირ, საქართველოს სახელმწიფოში არ შემოყვანა, დღევანდელი გადასახედიდან, საბოლოოდ, შეცდომა აღმოჩნდა.
ქართველებმა ხელიდან გაუშვეს საქართველოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის ჩამოყალიბების უნიკალური შესაძლებლობა, ხელიდან გაუშვეს შავ ზღვაზე საზღვაო მიმოსვლის რესურსები, როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური.
ქართველმა პოლიტიკოსებმა მაინც „საბერძნეთად“ მიიჩნიეს ლაზეთი. მომდევნო საუკუნეებში ქართველი მოგზაურები და მწერლები ტრაპიზონს „ბერძენთა მეფის საჯდომად“ თვლიდნენ.
ქართველმა პოლიტიკოსებმა ვერ გათვალეს, რომ საქართველო მუდმივად ასე ძლიერი შეიძლება არ ყოფილიყო, და ის ბერძნული რესურსი, რომელიც უნდოდათ მათ გამოეყენებინათ, საქართველოს სამტროდ მოუტრიალდებოდა. ასეც მოხდა, მონღოლების შემოსევების დროიდან, ტრაპიზონში მუდმივად მიმდინარეობდა ბრძოლა ქართულ და ბერძნულ პარტიებს შორის, და ხშირად, ქართველი მეფეების მოუცლელობის გამო ბერძნული პარტია იმარჯვებდა და ყოფილა ქართველი დიდებულების დახოცვის ფაქტებიც.
დინასტიური ქორწინებებით დიდხანს პოლიტიკის გავრცელება ვერ ხერხდება.
ქართველმა პოლიტიკოსებმა, ფაქტობრივად, ბერძნულ-ბიზანტიური რესურსის გამოყენების მიზნით, დაკარგეს ლაზური რესურსი, რომელიც ძალიან სჭირდებოდა და სჭირდება ჩვენს სამშობლოს.
სჯობდა დაცლილიყო ლაზეთი ბერძნული რესურსისგან.
ლაზების ერთი ნაწილი საქართველოში ცხოვრობდა და ქართველია ჩვეულებრივად, მაგრამ, დღეისათვის თურქეთის სახელმწიფოში მცხოვრები ლაზების დიდი ნაწილი თავს არ მიიჩნევს ქართველად, განსხვავებით თურქეთის მესხებისგან, თუმცა, მონათესაობას აღიარებს. ლაზების აბსოლუტური უმრავლესობა ქართველად ჩათვლიდა თავს, თამარ მეფის პოლიტიკოსებს რომ ტრაპიზონ-ლაზეთი პირდაპირ საქართველოსთვის შემოეერთებინათ.
თუმცა, მაშინ, ალბათ, ეს იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ შესაძლოა, ამდენი ქართული სახელმწიფოებრივი რესურსი არ ჰქონდა ჩვენს ქვეყანას. ან იქნებ, ყველაფერი მაინც იდეოლოგიური შეცდომიდან მომდინარეობს.
|
|