საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ლოვარდ ტუხაშვილი - 5. რამდენიმე სიტყვა მხარგრძელთა გვარის წარმომავლობის, მათი სამფლობელოებისა და მათი მმართველობის იურიდიული ბუნების შესახებ / საქართველოს სამეფო კარის პოლიტიკურ-დიპლომატიური მიდგომა სომხეთის შემოერთების პრობლემისადმი (,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან)
ლოვარდ ტუხაშვილი
ქტიტორების, ზაქარია და ივანა მხარგრძელების გამოსახულება სომხეთში, არიჩავანქის ტაძრის სამხრეთ კედელზე.

საქართველოს სამეფო კარის პოლიტიკურ-დიპლომატიური მიდგომა სომხეთის შემოერთების პრობლემისადმი

5. რამდენიმე სიტყვა მხარგრძელთა გვარის წარმომავლობის, მათი სამფლობელოებისა და მათი მმართველობის იურიდიული ბუნების შესახებ

ლოვარდ  ტუხაშვილი

,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“

წიგნი I

ბაგრატ III-დან გიორგი  V ბრწყინვალემდე

წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად.

მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.

 

XII-XIII საუკუნეებში ამიერკავკასიის მასშტაბით ერთ-ერთ უაღრესად ავტორიტეტულ და მსხვილ ფეოდალურ სახლს წარმოადგენდა მხარგრძელთა გვარი. ასპარეზზე გამოსვლის მომენტიდან უკანასკნელ ხანებამდე არ შეწყვეტილა პოლემიკა ამ სახელგანთქმული არისტოკრატიული საგვარეულოს შესახებ. განსაკუთრებული კამათის საგანია მათი ეთნიური კუთვნილება, ჩამომავლობა. ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (თამარის I და II ისტორიკოსი) მხარგრძელებს უცხოური წარმოშობის იმ ქართველ ფეოდალებად მიიჩნევს, რომელნიც ,,სჯულით სომეხნი“, ე.ი. მონოფიზიტები ყოფილან. მხარგრძელთა ჩამომავლობას ,,ისტორიანისა და აზმანის“ ანონიმი ავტორი ეხება ზაქარია ამირსპასალარის გარდაცვალებასთან დაკავშირებით: ,,მიიცვალა ზაქარია ამირ სპასალარი ძე სარგის ამირსპასალარისავე, კაცი დიდად გამდიდრებული და ყოვლითა სათნოებითა აღსავსე, გამარჯვებული, მხნე და ძლიერად მბრძოლი, მთავარი თემისა ლორისა, რომელი მეფემან იგლოვა და ყოველმან კაცმან საქართველოს მყოფმან. რამეთუ არავინ მხნედ გამოჩენილი იყო მთავარი ჟამთა ამათ, რამეთუ გუარისაგანცა მოვეაქუნდა, რომელი იყო ნათესავი არტაქსერქსე მხარგრძელისა, და იყო სარწმუნოებითა სომეხი“ (,,ქართლის ცხოვრება“, გვ. 109-110). ესაა და ეს, ქართულ წყაროებში მეტი არაფერია... ანალოგიური თვალსაზრისია ერთ გვიანდელ ქართულ საბუთში... საინტერესოა მხოლოდ ორი მომენტი: ა) ქართული ისტორიული ტრადიცია ხაზს უსვამს მხარგრძელთა დიდგვარიანობას; ბ) თავისთავად თვით გვარი ,,მხარგრძელი“ კი თითქოს უნდა გამორიცხავდეს ასეთ სიძველეს. ზევით ჩვენ უკვე გამოთქმული გვქონდა მოსაზრება, რომ ,,მხარგრძელი“ შესაძლებელია მოდიოდეს სამხედრო ტერმინიდან და ეს გვარი, სანამ თავის ონომანისტურ ფუნქციას შეიძენდა, რომელიმე საშუალო (ან საშუალოზე მაღალი) ოფიცრის ჩინის მანიშნებელი იყო. თუ ეს დაშვება სწორია, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ საგვარეულომ ,,მონასპაზე“ გავლით დაიმკვიდრა ადგილი არისტოკრატიაში. მაგრამ ,,მონასპაზე“ გავლით დაწინაურებულს რატომ ჰქონდა ასეთი დიდი ,,საგვარეულო პატივი“. აქ აშკარად დგას ორი აუხსნელი პარადოქსი:

ა) თუ მხარგრძელთა გვარი ძველია და მოდის ჯერ კიდევ კვირიკიანთა დროიდან, სად არის მაშინ მათი ნამდვილი გვარი? ყოვლად დაუშვებელია ლორე-ტაშირის სომეხ მეფეებს მიებოძათ მათი წინაპრებისათვის მამული (ხოჟორნა) აზნაურის სახელოთი და არ მიეცათ გვარი!

ბ) თუ ,,მხარგრძელი“ მათი ოდინდელი გვარია, მაშინ უნდა დავუშვათ, რომ ეს ოდინდელობა ვერ გაცდება დავით აღმაშენებლის ,,მონასპას“ (სწორედ აქედან წარმოშობილად მიაჩნია მკვლევარ ქვ. ჩხატარაიშვილს მხარგრძელთა საგვარეულო, ყუბასარი, აფრიდონი, ჭიაბერი და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ არასოდეს არ დადგა უგვარობის (უზნეობის) პრობლემა მხარგრძელთა წინაშე, სხვა ანალოგიურად წარმოშობილ საგვარეულოთა მსგავსად (გავიხსენოთ აფრიდონის დამხობა).

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მხარგრძელთა საგვარეულოს ქართული და სომხური წყაროები, მხოლოდ ,,მხარგძელების“ სახელით იცნობს. არცერთ წყაროში არაა ნახსენები ,,ზაქარიანები“. ეს ხელოვნურად შექმნილი გვარია, რომელიც მე-19 საუკუნიდან დამკვიდრდა ისტორიოგრაფიაში. მხოლოდ ერთგან ისტორიკოსი ვარდან დიდი, როდესაც ლაპარაკობს გიორგი III-ის მიერ ანისის აღებას, აღნიშნავს, რომ ქართველმა მეფემ განთავისუფლებული ქალაქის მმართველად დანიშნა ,,სარგისი, იშხანი ზაქარიას გვარიდან” – ,,Назначил Саргиса, Князья из рода Закаря“ (,,Всеобщая история Вардана Великого“, перевел Н. Эмин, м., 1861, გვ. 169). ეს ნიშნავს, რომ სარგისის წინაპარს ზაქარია ერქვა. რაც შეეხება ეროვნულ ჩამომავლობას, XIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსები მხარგძელებს ქურთებად მიიჩნევენ. ,,В это время жили славные князья Закаре и Иване, Сыновья Саргиса, Курдские переселенцы, переедшие к дуорагетским царям из рода Багратиди, принявшие христианскую вред и получившие почести» (იქვე).

მსგავსი შეხედულება აქვს კირაკოს განძაკელსაც: ,,ლეონ სომეხთა მეფის დროს აღმოსავლეთში იყო ორი ძმა, ძენი კეთილმსახურ მთავრის სარგისისა, ძისა ვაჰრამისა, ძისა ზაქარიასი, რომელიც გამოეყო ქურთებს. პირველის სახელი იყო ზაქარია, მეორესი - ივანე, კაცნი მხნენი, პატივცემულნი ქართველთა დედოფლის თამარისაგან...“ (კ. განძაკელი. ,,სომხეთის ისტორია“, ქ. ერევანი, გვ. 162, სომხურად.). ასეთივე ცნობა აქვს მხითარ გოშს. მაშასადამე, მხარგრძელთა თანამედროვე სომხური წყაროების მიხედვით მხარგრძელთა გვარი წარმოშობით ქართულია. ეს შეხედულება გაიზიარა ბევრმა თანამედროვე ისტორიკოსმაც. მაგ. ი. ორბელი წერდა: ,,Кому приходит в голову, что причинивщий так много огорчении крестоносцам Саладин-курд, что славные в истории Армении и Грузии, славные не только как полководецы, но и как стройтели культуры князья Долгорукие – курды по пройсхождению“ (Л. Орбели, ,,Памятники эпохи Руставели“, 1938, გვ. 5). ი. ორბელი ამ ფაქტს მიიჩნევს ჩვეულებრივ მოვლენად, რადგან იმ ეპოქის ამიერკავკასიის მაჰმადიან მფლობელთა უდიდესი ნაწილი ქურთული წარმოშობის იყო. ანალოგიური აზრი აქვს გამოთქმული ნ. მარს, ივ. ჯავახიშვილს, ნ. ბერძენიშვილს, ა. ნოვოსელცევს (იხ. ,,Пути развития феодализма“, გვ. 39). ეს უკანასკნელიც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ამიერკავკასიის რეგიონზე მრავლად იყო ქურთული წარმოშობის არისტოკრატია (ამის შესახებ იხ. პ. თოფურია. ,,აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები XI-XII საუკუნეებში” 1976 წ.).

პირველად მხარგრძელთა ქართული წარმოშობის ვერსია ეჭვის ქვეშ დააყენეს სომხურ ისტორიოგრაფიაში. საქართველოში ასეთი მტკიცების წინააღმდეგ კატეგორიულად გაილაშქრა ა. ბაქრაძემ (იხ. მისი სტატია ,,ასე ამბობს მატიანე“, ,,მნათობი“, 1970 წ.). ამ მკვლევარის არგუმენტაცია ასეთია:

1. ისტორიული ტრადიცია და განსაკუთრებით მხარგძელთა თვითშეგნება ქართულია (რუბრიკის ცნობა, სადაც შანშე მხარგრძელი დასახელებულია ქართველ ფეოდალად) ვარდანი ზაქარია - მცირეს სიკვდილის დროს აღნიშნავს, რომ ის იყო ,,იბერიელი მხედარმთავრის ძე“, იოანე მხარგრძელის ასულს თამთას, ხლათში გათხოვილს, მუსულმანი ისტორიკოსები ქართველ ქალს უძახიან, და ა.შ.).

2. ქურთები ამიერკავკასიაში შემოდიან მე-16 საუკუნიდან (იხ. ა. ბაქრაძე. გვ. 185-186). ა. ბაქრაძემ წამოაყენა თვალსაზრისი, რომ სომხური წყაროების ქურთნი (კირაკოს განძაკელი, მხითარ გოში, ვარდან დიდი) შეიძლება გავიგოთ არა ქურთებად, არამედ ორნაირად: ა) ქურდები - ადგილობრივი კავკასიელი ხალხი და ბ) ქურდებს - ქორდებს მუსლიმანები ხშირად უწოდებენ ქართველებს“.

ა. ბაქრაძის არგუმენტაცია დაზუსტებას მოითხოვს. მაგ. მტკიცება, თითქოს ქურთები ამიერკავკასიაში ჩანან მხოლოდ მე-16 საუკუნიდან, მცდარია, დღეს დამტკიცებულია, რომ მუსულმანური და ნაწილობრივ ქრისტიანული არისტოკრატია ხშირად ქურთულია. მაგრამ აქ არსებობს ერთი გარემოება, ქურთების დაწინაურებას ხელს უწყობდა მათი გვაროვნული წყობილება. თითოეული ბელადის უკან (ბელადის, რომელიც ამირად, სულთნად იქცეოდა ხოლმე) მთელი ტომი იდგა. ეს არ ჩანს მხარგრძელთა მიმართ, აქ მთელი ტომი კი არ მოსულა, არამედ ოჯახი. ამავე დროს, ქურთებს რელიგიური განსხვავებაც უდავოდ შეუშლიდა ხელს. ჩვენი აზრით, ა. ბაქრაძის ჰოპოთეზა (მისი კატეგორიულობის მიუხედავად, მაინც ჰიპოთეზად უნდა მივიჩნიოთ ჯერჯერობით) გარკვეულ ყურადღებას იმსახურებს... ვფიქრობთ, ადვილი შესაძლებელია, მხარგრძელები მართლაც ეკუთვნოდნენ არა ქურთებს, არამედ ქურდებს, რომლებიც, როგორც აქტიური ძალა, მოჩანან XI-XII საუკუნეებში დარუბანდ-შაბურანიდან, ვიდრე ისტორიულ გუგარქამდე. ქართული წყაროები ხშირად იხსენიებენ ამ ტომს, მათი კვალი შემორჩა ტოპონიმიკასაც... აშკარად ჩანს სამხრეთ პროვინციებში (ქვ. ქართლში) ძალზე დაჟინებით ესახლებიან. ისიც აშკარაა, მათთვის უცხო არ უნდა იყოს მომთაბარე ცხოვრების წესი სხვა ტომებთან: თარასებთან, ლეკებთან, ყივჩაღებთან, სევორდებთან ხშირი თანამშრომლობა. ლორე-ტაშირის მოსახლეობის სიჭრელე აიძულებდა კვირიკიანებს ეძებნათ დასაყრდენი აქ დასახლებულ ხალხებში. ასეთ შემთხვევაში ადვილი შესაძლებელი იყო ქართულ-სომხურ სიმბიოზში ყველაზე საიმედო აღმოჩენილიყო სწორედ გარე ელემენტი. ჩვენი აზრით, ქართული წყაროების ჩვენება, რომ ,,მხარგრძელები იყვნენ ნათესავნი არტაქსერქსესი“, ადვილი შესაძლებელია მიუთითებდეს თვით ქურდების საქართველოში დამკვიდრების მითიურ მინიშნებაზე. იგივე ქართული წყაროები თვით ქურდებსაც სპარსეთიდან მოყვანილად სთვლიან. მეფე ვახტანგმა და სპარსთა მეფემ ,,წარმოსტყუვნეს აბაშეთი ყოველი“, ,,გაჰყვა მეფემან სპარსთამან აბაშნი ორად: და ნახევარი დაუტევა ადგილსავე ზედა, და ნახევარნი წამოიყვანა ვითარ სახლი ათასი, და განყვნა იგინი ადგილითი - ადგილად. და ესენი არიან ქურდნი, ნათესავნი იგი, რომელ წარმოტყუენნა აბაშთაგან“ (,,ქართლის ცხოვრება“, გვ. 153). ანალოგიური დასკვნა აქვს ა. ბაქრაძეს.

როდის უნდა აღზევებულიყო მხარგრძელთა გვარი? სომხური წყაროების მიხედვით ეს მოხდა ზაქარიასა და ივანეს პაპის მამის დროს (,,მთავრის სარგისისა, ძისა ვაჰრამისა, ძისა ზაქარიასი“). ეს დაახლოებით უნდა იყოს მე-12 საუკუნის დასაწყისი ან მე-11 საუკუნის დასასრული, კვირიკიანთა ყველაზე კრიზისული პერიოდი. ცოტა უფრო ადრინდელი ეპოქიდან ვარაუდობს დ. მუსხელიშვილი მხარგრძელთა დამკვიდრებას ქვემო ქართლში.

1956 წელს დაიწყო ქვემო ქართლის ისტორიულ-გეოგრაფიული ექსპედიციის საველე სამუშაოები (1956-1958 წ.წ.), რომელმაც ბევრი საინტერესო მასალა გამოავლინა ამ რეგიონზე (იხ. დ. მუსხელიშვილი. ,,ქვემო ქართლის ისტორიულ-გეოგრაფიული ექსპედიციის საველე-სამუშაოები“ (1956-1958 წ.წ. კრებულში ,,საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული“, ტ. I, 1960 წ.).

ამ მხარის დაზვერვებმა დაადასტურა, რომ ბანუშ-ჩაის ხეობა, სადაც ისტორიული ხოჟორნი მდებარეობს, ძველად საკმაოდ მჭიდროდ ყოფილა დასახლებული, ამავე დროს აშკარად დასტურდება ქართულ-სომხური სიმბიოზი (იქვე, გვ. 35), ე.ი. შერეული მოსახლეობა. აქვე იქნა აღმოჩენილი ხანძორექის წარწერა (1213), რომელიც ადასტურებს მხარგრძელთა მფლობელობას ამ ხეობაზე (,,წელსა 1213, სახელითა ღვთისათა შვილნი ესე ქართველისანი გრიგოლ და სარგის“). სომხურ ტექსტში სომხურად სწერია ,,ქართველი“ (,,ვეზრახენით წმინდასა კრებულს წმინდისა სარგისისა (ჟამსა) სპარაპეტობისა, სომეხთა შაჰნშაჰისა ზაქარიას ძისა“... და ა.შ.). დ. მუსხელიშვილის აზრით, ამასვე მოწმობს ხოჟორნის წარწერაც (გვ. 35). ეს მონაცემები გვიანდელია, მაგრამ რადგან ამ წყაროებში მეფე არ ჩანს, ეს მიუთითებს მხარგრძელთა სამემკვიდრეო მფლობელობაზე, რაც თავის მხრივ ადასტურებს ვარდანის ცნობას, რომ მხარგრძელები წარმოშობით იყვნენ ხოჟორნიიდან (Вардан, გვ. 169).

ამ პატარა ხეობაში ორი ცენტრი მონაცვლეობდა: წოფი, ანუ წობა (ქართული ტოპონიმი) და ხოჟორნი. ორივე დასაწყისში მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი ყოფილა. ხოჟორნის აღმავლობა უდავოდ ბაგრატუნების ქართლში (ქვ. ქართლში) გაბატონების ეტაპს უკავშირდება. ამ მხარეს შირაკის მეფეები ფლობდნენ IX ს. ბოლოდან XI ს. შუა ხანებამდე. X საუკუნის ბოლოდან, როგორც ეს აღვნიშნეთ, შესავალ ნაწილში აქ კვირიკიანები (შირაკელი ბაგრატიონების ცალკე შტოა) დამკვიდრდნენ. პირველივე კვირიკიან მეფეს გურგენს წილად ხვდა ხოჟორნი (იქვე. გვ. 114). დ. მუსხელიშვილის აზრით, ამ შემთხვევაში, ხოჟორნი უნდა გავიგოთ არა როგორც ცალკე პუნქტი, არამედ მთელი ოლქი (დ. მუსხელიშვილი. ,,საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული“, ტ. I, 1960 წ. გვ. 36), რომელიც მოიცავდა მთელ ბანუშჩაის ხეობას (სევორდიქის დებედას ხეობა და შულავრის ხეობის მეზობლად). ამ პერიოდში მთელი ოლქის ეკონომიკური პოლიტიკური და საკულტო ცენტრი გახდა... აქ სცემდა ფეოდალური ცხოვრების ძლიერი მაჯისცემა (იქვე, გვ. 37).

საველე ექსპედიციის ყველა საინტერესო მონაპოვრად ჩვენ მიგვაჩნია ბანუშ-ჩაის ხეობის სამხედრო-საფორტიფიკაციო ნაგებობათა შესწავლა და მისი განხილვა...

დ. მუსხელიშვილის დაკვირვებით ბანუშ ჩაის ხეობა ჰქმნიდა ძლიერ საფორტიფიკაციო სისტემას, რომელიც აკონტროლებდა მეტად მნიშვნელოვან კომუნიკაციებს, სწორედ ამ პირობებმა დააწინაურა ხოჟორნი. სავარაუდოა, რომ შუა ფეოდალური ხანისათვის ამ ხეობამ დამოუკიდებელი მნიშვნელობა დაკარგა, იგი შევიდა ლორის ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში (ჩვენი აზრით) და ხოჟორნისაც სხვა ფუნქცია დაეკისრა (მთისა და ბარის მომთაბარე მეცხოველეობის რეგულაციის ფუნქცია). ჩანს, ცხვარი ზაფხულობით ლელვარზე ხოჟორნიდან მოდიოდა (დ. მუსხელიშვილი. დასახ. ნაშრ. გვ. 39). ,,ხოჟორნის, როგორც ჩანს, XI საუკუნეში (ეგებ, უფრო ადრეც) მხარგრძელები დაეუფლნენ“ (იქვე). დ. მუსხელიშვილი ვარაუდობს, რომ ხოჟორნის ციხეც შეიძლება სწორედ მხარგრძელების აშენებული იყოს… თუ ეს ვარაუდი სწორია, მაშინ ადვილი ასახსნელია მხარგრძელთა დიდგვარობაზე ხაზგასმა... ასეთ შემთხვევაში გაუგებარი რჩება მხოლოდ თვით გვარის წარმომავლობა. აქ ისევ უნდა გავიმეოროთ ზემოთმოყვანილი ჰიპოთეზა, რომ ხოჟორნელი აზნაური, ალბათ უკვე დავითის სამხედრო რეფორმის პერიოდიდან მთელი თავისი სამმართველო ოლქითურთ ქართველი მეფის მობილური არმიის სისტემაში ჩაირიცხა, სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ორბელთა ვასალი. (ხოჟორნი ლორეს თემში შევიდა და ამ გასამხედროებული კანტონის ერთ-ერთ კომპონენტად გადაიქცა).

მაშასადამე, შეგვიძლია შევაჯამოთ ზემოთქმული. მხარგრძელთა გვარი ადგილობრივი გაქართველებული და ნაწილობრივ გასომხებული კავკასიური ტომის ქურდების ჩამომავალია, მათი წინაპრები ლორე-ტაშირის მეფეთა ვასალად იქცა მეტად კრიზისულ ეტაპზე, როდესაც კვირიკიანებს ძალზე უჭირდათ, მხარგრძელებმა დაიკავეს მეტად სტრატეგიული ბანუშ-ჩაის ხეობა, შექმნეს ძლიერი საფორტიფიკაციო სისტემა და მომთაბარე მესაქონლეობის რეგულაციის პრობლემა მოაგვარეს. ამ მხარეში შერეული მოსახლეობა არსებობდა, რამაც გარკეული გავლენა მოახდინა მათზე, მათ მიიღეს სომხური ტიპიკონის ქრისტიანობა, მაგრამ ეს მათ გასომხებას როდი ნიშნავდა. სომხური ტიპიკონით ისინი დაუახლოვნდენ სომეხ ბაგრატიონებს. დავით აღმაშენებლის დროში მათი ოლქი სამხედრო ერთეულად მოეწყო და ამირსპასალარის სამმართველო ქვეყანაში ლორე თემში შევიდა. ორბელთა დაცემის შემდეგ მხარგრძელები თანდათან სომხეთის გასამხედროებული ოლქების მმართველებად გადაიქცნენ.

მე-12 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან დაიწყო მხარგრძელთა გვარის სწრაფი აღმავლობა.

მხარგრძელთა მთელი კარიერა შესანიშნავად ასახა სომხურმა ეპიგრაფიკამ. I წარწერა, სადაც მხარგრძელთა გვარს ვხედავთ, ესაა ჰალარწინის მონასტრის წარწერა. ნაწილი მკვლევარებისა ამ წარწერას ათარიღებს 1122 წლით (ბარხუდარიანი. 1895 წ., გვ. 97). ნაწილი 1185 წლით (ტერ-მოვსესიანი, 1914 წ.) (ლ. მელიქსეთბეგი. ,,ჩრ. გზა“, გვ. 210). ,,სომეხთა წელთააღრიცხვის 633 წელს (1184 წ.), მეფობასა შინა აფხაზთა გიორგისა, მამამთავრობასა სომეხთა უფლისა გრიგორისა, მე, ხჩატურ მოძღვარმან და სუქიასმა განვაახლეთ წმინდა გიორგის ეკლესია მეფისა და მის დიდებულ მთავართა სარგის ამის სპასალარისა, ანტონ ჭყონდიდელისა, ელბეკისა და სხვათა ბრძანებით“. ეს წარწერა 1965 წელს კიდევ გამოსცა ს. ერემიანმა (С. Т. Эремян. ,,Агаринская надпись 1184 г., Сборник, в честь акад. И. А. Орбели, 1965, გვ. 82-83). თუ ყველა კითხულობდა ,,ამირსპასალარს“, ს. ერემიანმა წაიკითხა ,,ამირ-ქურდი“, რადგან გიორგი III-ის დროს სარგისი ამირსპასალარი არ ყოფილა. შ. დარჩაშვილმა აღადგინა ,,ამირად“. მისი აზრით, ეს აღდგენა სწორია იმიტომ, რომ სარგისი და მისი ვაჟი ზაქარია ხშირად იხსენიება ,,ამირად“. სარგისი ანისის ამირა იყო 1161 წლიდან. ვარდანის ცნობით ანისის მმართველის სადუნის სიკვდილის შემდეგ ქალაქის მმართველია იშხანი სარგის ზაქარიას ძე. საერთოდ სარგისის და ზაქარიას ,,ამირად“ მოხსენიება შესაძლებელია ანისის გარეშეც. ,,ამირა“ უნდა ნიშნავდეს, რომ მათ ხელი მიუწვდებათ გასამხედროებული ოლქების დამჯდარი მოსახლეობის მმართველობაზე. ამის საპირისპირო უნდა იყოს ელბეკი, რაც ჯერ კიდევ შემორჩენილი მომთაბარე ელემენტის ,,ელის“ (მომთაბარე ხალხი) მმართველად (,,ბეკი“ - თავი) უნდა გავიგოთ. გამოთქმული მოსაზრება, რომ აგარწინის წარწერის ელბეკი ყუბასარი შეიძლება იყოს. შ. დარჩაშვილი ფიქრობს, რომ ანისის დაკარგვის გამო სარგისი ვერ იქნებოდა ,,ამირა“. ეს არაა არგუმენტი. ტიტულებს ხშირად ინარჩუნებდნენ რეალური მნიშვნელობის გარეშეც. შეიძლება დავუშვათ, რომ სარგის მხარგრძელი ორჯერ იყო ამირ-სპასალარი? ასეთი ჰიპოთეზა ჰქონდა ლ. მელიქსეთბეგს, რომელიც აგარწინის წარწერას 1181 წლით ათარიღებდა. ლ. ბაბაიანიც უშვებს ასეთ შესაძლებლობას იმ კორექტივით, რომ სარგისი იყო მხოლოდ სომხეთის ამირსპასალარი, რაც არაა გამორიცხული... ამ I მოხსენიების შემდეგ მხარგრძელთა გვარი არ შორდება ეპიგრაფიკას და ნარატიულ წყაროებს...

განსაკუთრებით იწვევს ინტერესს მხარგრძელთა სამოხელეო ტიტულები. ,,ამირსპასალარი“, ,,სომეხთა მეფის ადგილის მჯდომი“, ,,პატრონი ლორეს თემისა“, ,,მსახურთუხუცესი“, ,,ლორეს თემის მთავარი“, ,,წინამძღოლი“, ,,მონაპირე“, ,,ათაბაგი“ (იხ. ,,ქართლის ცხოვრება“. გვ. 55, 54-60, 60, 67, 70, 81, 109, 111, 123, 137 და ა.შ).

სომხურ წყაროებში: ,,იშხანი სარგის ზაქარიას ძე (ვარდანი, 1966). ,,იშხანები ზაქარია და ივანე“ (ვარდანი 18).

კირაკოს განძაკეცთან ,,იშხანები“.

სტეფანოს ორბელიანთან ,,ზაქარია ზის ორბელთა ადგილას სპასალარად“, ,,მამულად აქვს მიცემული ლორე“, ,,ივანე დაადგინა საქართველოს და სომხეთის ათაბაგად“ და ა.შ.

ეპიგრაფიკა:

აგარწინის (1155 ან 1184 წ.წ.) ,,ამირა“ ან ,,ამირსპასალარი სარგისი“.

სანაჰინის (1181 ან 1186 წ.წ.) ,,ამირსპასალარი და იშხანი“.

ჰორომაირის (?) ,,ამირსპასალარი სარგის“.

სანაპინის (1187 წ.) ,,ამირსპასალარი სარგისი და მისი შვილები“.

ჰადარწინის (1124 წ.) ,,ივანე იშხანი“.

,,აირ ვანქის“ (1201 წ.) ,,იშხანები ზაქარია და ივანე“.

დსეღის (1221 წ.) ,,იშხანი ივანე“.

ნორადუსი (1222 წ.) ,,პარინი ივანე“.

როგორ უწოდებენ საკუთარ თავს?

ჰორომაირის - ,,ამირსპასალარი“.

ჰარიჯის (1201 წ.) ,,მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი“.

ჰორომაირის (1206 წ.) ,,შაჰანშა, ქართველთა და სომეხთა ზორაპეტი“.

ანისის (უთარიღო) ,,დედოფალ თამარის ერთგული, დიდი იშხანთა იშხანი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი - ამირსპასალარი, შაჰანშაჰი!“

ჰაბატი (1210) ,,მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი“.

ავანის (1219) ,,ათაბაგი“ და ა.შ. (ამის შესახებ ვრცლად იხ. შ. დარჩაშვილი). არცერთ წარწერაში, რომელიც მოჭრილი საკუთრად მხარგრძელთა მიერ არცერთ მხარგრძელს არ ეწოდება მეფე.

ქართული და სომხური წყაროების მიხედვით შეიძლება დავადგინოთ, რა ტერიტორიებს ფლობდნენ ძმები ზაქარია და ივანე. მათი მამა სარგისი ფლობდა ლორეს, ტერუნაქანს და, რასაკვირველია, ხოჟორნის.

ზაქარია - ხოჟორნის, ლორეს, რუსთავს, ანისს, ხარიჭს, ატოცქს, ვასკაფოლს, მშაკოლმინს, ვსკინს, ფარპს, ორდკანს, ტაჭკამარგოს, ციცქის, ბატარანს, შალვაშენს.

ივანე - კაენს, კაიწონს, გელაქუნს, დვინს, ბიჯნისს, ნორადუნსს, ავანს, მარმაშენს, შირაკავანს, ჰალარწინს, შორო ძოროს, მიაფორის, ტანძუთს, ჰღნძაჰანქს, გიტიქს, ჩარექს, ოროტნს... ლორეს ნაწილს.

ეს ტერიტორიები არაა ერთიანი, მათში შეჭრილია სხვა ფეოდალების, საეკლესიო და სამეფო მამულები.

ტიტულები: ამირა, ამირსპასალარი, იშხანი, იშხანაც - იშხანი, მთავარი, მანდატურთუხუცესი, შაჰანშაჰი, პარონი, პატრონი, უფალი, ქვეყნისმპყრობელი, სახელმწიფოს მპყრობელი, ტახტის მპყრობელი, მსახურთუხუცესი, ათაბაგი, ,,ბაგრატიონთა გვარის“ ნიშნავს იმას, რომ სამმართველო ტერიტორიები სხვადასხვა ფორმით ექვემდებარება მათ მფლობელს. მაგ. ხოჟორნიში ზაქარია პარონია. ანისში შაჰანშაჰი, ლორეში მთავარი, უფალი და ამირა სპასალარი და ა.შ. ასევეა ივანეც. მკვლევარმა შ. დარჩაშვილმა თავის საკანდიდატო დისერტაციაში (,,სომხური ლაპიდარული წარწერები, როგორც საქართველოს საისტორიო წყარო“) სცადა გაერკვია მხარგრძელთა მმართველობის ფორმები. ამ მიზნით მან შეისწავლა მიწისმფლობელობის ფორმები. ძალზე საინტერესო დასკვნებიც მიიღო, მაგრამ მისი კვლევა უკვე პრინციპში ნაკლოვანი იყო. აუცილებელი იყო არა მხოლოდ მიწისმფლობელობის ფორმების შესწავლა, არამედ მმართველობის ფორმების ილუსტრირებაც. რასაკვირველია, თუ დავადგენთ, რა პრინციპით ფლობდა რომელიმე მხარგრძელი მიწას: ,,საკარგავის“ თუ ,,სამამულეს“ ფორმით, ბევრ რამეს მოგვცემს, მაგრამ ეს არაა საკმარისი. ასეთი წესი საშუალებას მოგვცემს გავარკვიოთ ცალკე აზნაურის უფლებრივი მდგომარეობა, რაც არაფერს შემატებს ტერიტორიების მართვის ფორმებს. მიღებული დასკვნები ასეთია: მხარგრძელები სხვადასხვა ფორმით ფლობენ სამმართველო ტერიტორიებს, მაგრამ მისწრაფება არის უნივერსალიზაციისაკენ. სომეხი ისტორიკოსების მიხედვით ხდება მხარგრძელთა ,,გამეფების ტენდენცია“. ეს არაა სწორი, სახეზე გვაქვს პირუკუ პროცესი: წარმოადგენენ რა ადგილზე ქართველთა მეფეს, განასახიერებენ რა ქართველთა მეფის (ქართველთა ხომ იგივე სომეხთა მეფეა!) უფლებებს, მხარგრძელები თანდათანობით სამმართველოდ გადაცემული ქვეყნების ფეოდალურ ათვისებას ახდენენ. ე.ი. მმართველებიდან მეპატრონეები ხდებიან, მოხელეებიდან - ფეოდალები.

ფეოდალიზმის ეპოქას მმართველობის პრიმიტიული ფორმები ახასიათებს. ზოგჯერ სახეზე გვაქვს ისეთი ფორმა, როდესაც სოციალური ინსტიტუტები ადმინისტრაციულ ფუნქციებს, ხოლო ადმინისტრაციული ინსტიტუტები სოციალურის ფუნქციებს იძენენ (ერისთავი ხდება მეპატრონე, თავადი იქცევა ადმინისტრატორად და სარდლადაც!).

დავით აღმაშენებელმა ვერ შეძლო შეექმნა ბიუროკრატიული აპარატი. მის მიერ მკვეთრად გაზრდილი ,,საკარგავი“, ,,შეწყალების“ ინსტიტუტი ემსახურებოდა ცენტრის (მეფის ხელისუფლების) აღმავლობას, მაგრამ ეს როდი იყო საკითხის გადაწყვეტა. ,,მოსაკარგავეთა“ უდიდესი ნაწილი ავტომატურად ,,მეპატრონეებად“ იქცეოდა, ,,აზნაურები“ მფლობელებად, ,,დიდებული აზნაურები“ - ,,მთავრებად“. ყველაზე მეტად ეს პროცესი გაგრძელდა სომხეთში. ეს გამოიწვია შემდეგმა ძირითადმა ფაქტორებმა: 1. სომხური თემების მართვის თავისებურებანი (გასამხედროებული ოლქები); 2. ორბელთა დამხობა; 3. მხარგრძელთა შედარებითი ნაგვიანევი გამოსვლა პოლიტიკურ ასპარეზზე.

მხარგრძელთა გვარის ისტორია ნათელ წარმოდგენას იძლევა იმის შესახებ, თუ როგორ გადადიოდა სამმართველო ტერიტორიები ,,სამამულო“ ტერიტორიებად. მთელი სირთულე იმაში მდგომარეობს, დინამიკაში იქნეს განხილული მთელი ეს პროცესი (სამოხელეო უფლების სამემკვიდრეო უფლებაში გადასვლის პროცესი). ეს რთულია, თუნდაც იმიტომ, რომ მიმდინარეობს მთელი სახელმწიფოს მასშტაბით. ძალზე ძნელია ხშირად გარკვევა ,,წყალობის“ შინაარსში. მაგ. ივანე მხარგრძელს უბოძეს ,,პირველად მსახურთუხუცესობა“, ხელი შინაური და საპატიო, და კაენი და კაიწონი, გელაქუნი და სხვათა მრავლითა სახარაჯოთა ქალაქითა და ციხით“. აქ თითქოს ყველაფერი გარკვეულია. ივანე მხარგრძელს მიუბოძეს მსახურთუხუცესის ვარდან დადიანის ხელი და ამ ხელთან დაკავშირებული მიწები, ამიტომ ჰქვია ,,სახარაჯო ქალაქები და ციხეები“. ნათელია, რომ მთელი ეს ტერიტორიები ჯერ კიდევ სამოხელეო სამმართველოდაა გამოყოფილი, მაგრამ აქ რთული ისაა, რა მომენტით და როგორ გადადის ეს ოლქები ივანე მხარგრძელის საკუთრებაში. ანალოგიური ამბავი გვაქვს ლორეს მიმართ. სარგის მხარგრძელს უბოძეს ,,ლორე სათავადო და სამთავრო“. უფრო თვალსაჩინოა ,,შეწყალების“ პრინციპი ზაქარია ვარამის ძის მიმართ. ,,შეიწყალა ზაქარია ვარამის ძე და უბოძა გაგი, ქურდვაჭრითა განძამდის, მრავლითა საკუთარითა და მრავლითა სანახევროთა ქალაქები, ციხეები და სოფლები“ (აზმანი. გვ. 54). აქ პირდაპირ მითითებულია, რომ ზოგიერთი ქალაქი სანახევროდაა ნაბოძები (სანახევროდ ნიშნავს შემოსავლის ნახევრის აღების უფლებას). აქაც არაა გარკვეული სამოხელეოდან საკუთრებაში გადასვლის ეტაპი. ამის დადგენა თითქოს მხოლოდ ლორეზე შეიძლება. როდესაც სარგისი გარდაიცვალა, ახალმა ამირსპასალარმა მიიღო არა ლორე, არამედ თმოგვი, გამრეკელ-თორელი თმოგვის ფლობდა, როგორც ამირსპასალარი, ეს უნდა მიუთითებდეს, რომ ლორე სარგისის ოჯახს უკვე სამემკვიდრეოდ დაუტოვეს.

საერთოდ ვერ გავიზიარებთ თვალსაზრისს, თითქოს ლორე იმიტომ იქნა არჩეული ამირსპასალარის რეზიდენციად, რომ იგი განაპირა მხარე იყო. უბრალოდ, ლორე-ტაშირის ყოფილი სამეფოს მთელი ტერიტორია გადაეცა სამხედრო უწყებას. მისი ცენტრიც ამ სამხედრო უწყების ხელმძღვანელის ,,საჯდომად იქცა“. არც ისაა სწორი, თითქოს გვიან ამირსპასალარის რეზიდენციამ გადაინაცვლა ანისში. საერთოდ, მოხდა მონაპირე ერისთავების გადანაცვლება ანისში და დვინში, რაც შეეხება ამირსპასალარობას, მოგვიანებით ანისში გადაინაცვლა არა ამირსპასალარობამ, არამედ თვით ამირსპასალარმა... ამის შემდეგ ამირსპასალარის რეზიდენცია ფორმალურად მაინც თბილისია. რამდენიმე სიტყვით გვინდა შევეხოთ მხარგრძელთა მმართველობის იურიდიულ სტატუსს, რას უნდა ნიშნავდეს მათი მაღალი ტიტულები? (მხედველობაშია ტუტულები: მეფე, შაჰანშაჰი და ა.შ.), ანდა ხაზგასმა მეფურ ჩამომავლობაზე (ამ ტიტულების შესახებ იხ. მ. ბროსსე. ,,ადისიონ...“ გვ. 266-279, ალიშანი, ლალაიანი, ნ. მარრი, ს. კაკაბაძე, ლ. მელიქსეთბეგი, ჯ. სტეფნაძე, შ. დარჩაშვილი, ქ. ჩხატარაიშვილი, ა. ბაქრაძე, ს. ერემიანი, ლ. ბაბაიანი და ა.შ.).

ეს უნდა აიხსნას იმით, რომ მხარგრძელებს აუცილებლად ესაჭიროებოდათ საკუთარი წარმომავლობის რომელიმე ცნობილი საგვარეულოდან გამოყვანა. ის ფაქტი, რომ მათ წინაპრებად დასახელებულნი არიან აქემენიანები, არტაქესერქსე, ბაგრატიონები, არწრუნიდები, ორბელიანები, მაუწყებელია მათი უგვარობისა მხოლოდ და არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მათ სეპარატისტულ ტენდენციებს. ეს რომ ასეა, იქიდან ჩანს, რომ მხარგრძელები ყველაზე დიდხანს შერჩნენ მოხელეობას. ჩვენი აზრით, სომხური მიწების სამოხელეო მმართველობის წესიდან ჩვეულებრივ გადასვლა მოხდა XIII საუკუნის დასაწყისში ათაბაგობის წარმოშობის პერიოდში... ამავე დროს მხარგრძელთა აყვავების პერიოდი ქართული სახელმწიფოს აყვავების პერიოდს ემთხვევა. საერთო-ეროვნული კატასტროფის დროს (მონღოლები, ხვარაზმელები) მონღოლების მხარგრძელთა სახელებმა ყველაზე ნაკლები გამძლეობა გამოიჩინეს...

 

დამოუკიდებელი უნივერსიტეტი

,,იბერია“

თბილისი 1994

 

 

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V) ხსენების დღე.
დიდმოწამე იაკობ სპარსი (+421)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება დიდმოწამე იაკობ სპარსის (+421)ხსენების დღე.
gaq