(დიმიტრი შველიძის წიგნიდან ,,პოლიტიკური შეუღლებანი ძველ საქართველოში’’) პოლიტიკურ შეუღლებათა სრულიად სხვა ხასიათთან გვაქვს საქმე მაშინ, როდესაც საქართველო ძლიერი, გაერთიანებული და ცენტრალიზებული სახელმწიფო იყო. ამ დროს, როგორც ზემოთ გვქონდა საუბარი, თანასწორუფლებიან შეუღლებათა გვერდით გვხვდება არათანასწორი, სიუზერენულ-ვასალური ტიპის შეუღლებანიც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სიუზერენს ამჯერად საქართველოს სამეფო წარმოადგენს. XI-XIV ს-ში და ნაწილობრივ წარსულის სხვა პერიოდებშიც, ქართულ სახელმწიფოს ურთიერთობა უხდებოდა მასზე დამოკიდებულ ქრისტიანულ თუ მაჰმადიანურ ყმადნაფიც სახელმწიფოებთან. ამ სახელმწიფოთა მესვეურები თავიანთი პოლიტიკური უშიშროებისა, კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებისა თუ მოკავშირეობის მიზნით, ცდილობდნენ ბაგრატიონთა ძირძველ საგვარეულოსთან დანათესავებას. XII ს-ის მეორე მეოთხედში ბაგრატიონთა სამეფო კარიდან ორი ქალი იყო გათხოვილი ყმადნაფიც ქვეყნებში: პირველი - დავით აღმაშენებლის ასული და დემეტრეს დაი, შირვან-შაჰ მანუჩეჰრ II-ზე, მეორე კი, დემეტრეს ასული - დარუბანდის მალიქ ამირ აბუ მუზაფარზე იყო გათხოვილი. სიუზერენულ-ყმადნაფიცური ხასიათისა იყო აგრეთვე დავით აღმაშენებლის მიერ ყივჩაღთა მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასულის მეუღლედ მოყვანა, რადგან ყივჩაღთა სამხედრო ძალა ქართველთა მეფის ხელდებული იყო და მისი ლაშქრის ნაწილს წარმოადგენდა. XII ს-ის დასასრულსა და XIII ს-ის პირველ ნახევარში საქართველოს სამეფო ტახტზე, თითქმის ზედიზედ ორი ქალი აღმოჩნდა: თამარი (1184-1213) და რუსუდანი (1222-1245). სპეციფიკური ვითარება შეიქმნა, რაც სამეფოს მესვეურებისაგან სიფრთხილეს საჭიროებდა. საქართველოს ძლიერი და მდიდარი მონარქიის ვაკანტური სამეფო ტახტი ბევრი სახელმწიფოს ხელისუფლებისათვის იყო სასურველი. შესაძლებელი იყო ქართველთა სამეფო ტახტზე ისეთი პიროვნება აღმოჩენილიყო, რომელიც უცხო ძალის ინტერესებისათვის გამოიყენებდა ხელისუფლებას. ამგვარი შეიძლება ყოფილიყო პოტენციურად საქართველოს თანაბარი შესაძლებლობის ან მასზე ძლიერი სახელმწიფოს წარმომადგენელი. ამიტომ სანამ შესაფერის სასიძოს შეარჩევდნენ, არაერთი ძლიერი და დიდი სახელმწიფოს წარმომადგენელმა იმედგაცრუებულმა დატოვა ქართველთა სატახტო. თამარის დაწუნებულ სასიძოთა შორის იყვნენ: ბიზანტიის ენერგიული იმპერატორის მანუელ I-ის (1123-1180) ძე - ,,ბერძენთა მეფისა მანოელისა შვილი’’; ,,ასურასტანისა და შუამდინარეთის ანტიოქელისა მეფისა შვილი’’; ,,სულტნისა ყიზილარსლანის შვილთაგანი ერთი’’, რომელიც მაჰმადიანობის დაგდებას აპირებდა, მაგრამ სულთანმა ,,დაიჭირა’’ და საქართველოში არ გამოუშვა. მაჰმადიანობის უარყოფამ არ უშველა არზრუმის სულთნის სალდუხის შვილიშვილს მუტაფრადინს. იგი სპითა და ამალით მოვიდა თბილისს, უამრავი ძღვენ-საჩუქრებით. სამეფო კარი ზარ-ზეიმით დახვდა სასიძოს, ზამთარი სომხითს გაატარებინა, ნადირობა-დროსტარება და სუფრა-ნადიმი არ დააკლო, მაგრამ მისი კანდიდატურა უარყო. ,,ხოლო შემდგომად ამისა რეცა დარბაზობისა სახედ მოვიდა შარვანშა აღსართან, რომელი მიხდილ იყო ცნობათა სიყუარულისაგან და, სჯულისიებრ ძველისა და თვით დღესა ისლიმთასა., გვარისაგან განვლენილი, თვისისა სჯულისა დაგდებად განმზადებული’’ (1). ამაოდ, არც მას გაუღიმა ბედმა. საინტერესოა რომ თამარის საგულვებელ სასიძოთა შორის იყო აგრეთვე, რომის გერმანული საღვთო იმპერიის იმპერატორის ფრიდრიხ ბარბაროსას მეორე ვაჟიშვილი ჰერცოგი ფრიდრიხ შვაბელი. ცხადია, პოლიტიკური თვალსაზრისით სჯობდა ბაგრატიონთა სიძე ყოფილიყო ისეთი სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომელიც არც ძალით, არც პოტენციური შესაძლებლობებით კონკურენციას ვერ გაუწევდა საქართველოს, ხოლო სასიძო კი, ქართველთა მეფე-ქალისა და სახელმწიფოს მესვეუერთა ნების უსიტყვო შემსრულებელი იქნებოდა. სწორედ ამიტომ თამარის კარმა გადაწყვიტა სასიძოთა კანდიდატურები ან შორეულ ქვეყნებში ან კიდევ ყმადნაფიც ქვეყნებში ეძებნათ. როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც შორეული ვლადიმირ-სუზდალის მთავრის ანდრია ბოგოლიუბსკის შვილთან გიორგი რუსთან შეუღლება უიღბლო აღმოჩნდა, თამარს ოსთა სამეფო კარის წარმომადგენელი დავით სოსლანი შერთეს. რუსუდანსაც არაერთი მთხოვნელი ჰყავდა, (,,რუსუდანი ითხოვეს ხლათს დასასმელად დიდმან სულტანმან მელიქმან, რომელსა ეგვიპტით ვიდრე ხლათამდე სპარსეთი ქონდა’’ და სხვა), მაგრამ აქაც იგივე გზას დაადგნენ სამეფოს თავკაცნი, ქართველთა სიძე გახდა ყმადნაფიცი ქვეყნის არზრუმის სულთნის ტოღრილის-ძე, რომელიც საქართველოს სამეფო კარზე მძევლად იმყოფებოდა. ისეთი პრეცედენტიც იყო, როცა აგრესორი შეეცადა, საქართველოს სამეფო ტახტზე ქალის ყოფნა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა და შეენიღბა თავისი დამპყრობლური ზრახვანი. საქართველოს საზღვრებთან მომდგარი ჯალალ ად-დინი, მასთან მოსალაპარაკებლად მიწვეულ ავაგ ათაბაგს არწმუნებდა, რომ ქართველებთან ომი კი არა, კავშირი სურდა. ქართველები და ხორეზმელები ერთად უნდა შებმოდნენ მონღოლებს: ,,აქ მნებავს, რათა შევერთნეთ მტკიცითა ფიცითა და ვბრძოლოთ მტერთა’’ - ეუბნება ჯალალი ავაგს. კავშირ-ურთიერთობის რა კონკრეტულ გზას სთავაზობს მრისხანე ხვარაზმელი ქართველებს? ,,მეფე თქვენი დედაკაცი არს და მყოთ ქმარ მისა და მეფე თქვენ ზედა და ვსძლიოთ ყოველთა მტერთა ჩვენთა...’’ როდესაც მეფეთ-მეფე რუსუდანს შეატყობინეს ჯალალის წინადადება ,,განკვირდა მეფე და უცხო უჩნდა საქმე ესე. და მიუმცნეს ავაგს არცა თუ სმენად საქმითა მაგისა, არამედ სრულიად განყენებად და ავაგ ფიცხლა მიუმცნო სულტანსა; ხოლო მან რა მოისმინა, აიყარა და წარმოემართა ტფილისს, რათა ბრძოლოს ქალაქსა’’. (2) სიუზერენულ-ვასალური შეუღლების მეორე სახეს პირდაპირ შეიძლება - ბატონყმური ვუწოდოთ. იგი უშუალოდ გამოხატავდა მეფე-ბატონსა და ქვეშევრდომ-ყმას შორის დამოყვრებას. ამგვარი სახე შეუღლებისა ნათლად მიანიშნებდა ერთ დროს ძლიერი ქართული მონარქიის სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ დაკნინება-დაქვეითებას. ამ პერიოდში, ქართველი ბაგრატიონები რომელნიც ერთ დროს თავიანთ ტოლ-სწორს მეზობელ ქვეყანათა სამეფო საგვარეულოების წარმომადგენელთა შორის ეძებდნენ, ახლა უკვე ურიგდებიან, რომ თავიანთი უშუალო ქვეშევრდომნი მოიყვანონ მეუღლეებად. ამგვარი შეუღლებანი შესაძლოა არც ავიყვანოთ პოლიტიკურ დამოყვრებათა რანგში, რადგან ასეთი მნიშვნელობა მათ აღარც ჰქონდათ და თუ ჰქონდათ ვიწრო, ლოკალურ-კუთხური ან ლამის გვაროვნულ-კლანური ხასიათიღა შერჩენოდათ. რა თქმა უნდა, ქვეშევრდომებშიც, ბაგრატიონები ასე თუ ისე ღირსეული გვარის წარმომადგენლებს ირჩევდნენ, მაგრამ ზოგჯერ მათ შორის სრულიად უგვარონიც გამოერეოდნენ ხოლმე. ბატონყმური ხასიათის შეუღლებანი უკვე მონღოლთა ბატონობის ხანიდან იკიდებს ფეხს. დავით VII ულუმ ბიჯნისში, ავაგ ათაბაგის დაკრძალვაზე მისულმა, იხილა თუ არა ავაგის ქვრივი გვანცა - რაჭის ერისთავების კახაბერის ძეთა ასული: ,,ეტრფიალა და შემდგომად მცირედისა მიიყვანა ცოლად და დედოფლად’’. (3) შემდეგ: დემეტრე II - ნათელა, ბექა ჯაყელის ასული; დავით ნარინი - თამარი, დიდებულ ამენელის ძეთა ასული, პირველი მეუღლე; ალექსანდრე I, საქართველოს მეფე - დულანდუხტი (პირველი მეუღლე), თამარი (მეორე მეუღლე); ვახტანგ IV, საქართველოს მეფე - სითიხათუნი, თაყა ფანასკეტრელის დაი; გიორგი VIII, საქართველოს მეფე - თამარი (პირველი მეუღლე), ნესტან-დარეჯანი (მეორე მეუღლე) და სხვ. ცხადია, ქვეშევრდომ-ყმისათვის მეფე-ბატონის თანამეცხედრეობა ფეოდალურ ქვეყანაში დიდი პატივი იყო. ამიტომაც, კვახჭირის გელათისადმი შემოწირულობის წიგნში, დავით ნარინის მეუღლე თამარი თავის თავზე ამბობს: ,,მას ჟამსა ოდეს ინება ღმერთმან და ღირს მყო ძლიერისა უძლეველისა მეფეთ-მეფისა რუსუდანის ძემან დავით მეფეთ-მეფემან ემენელას ძისა ასულმა თამარ მათსა სახლსა შიგან მათად ცოლად და დედოფლად მიმიყვანეს და ვითა სახორციელად მათ წინაშე ყოფამან სახელოვან მყო’’. (4) ისეც ხდებოდა, მეფენი თავიანთ შვილებს გვარ-წარმოშობით ღირსეულებს რომ ვერ მოუძებნიდნენ, საკუთარ ქვეშევრდომ-ყმებზე აქორწინებდნენ ხოლმე. მას შემდეგ, რაც გიორგი VIII-ის ასულისა და ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორის ქორწინება ჩაიშალა, მეფე თავის ასულს ცოლად აძლევს ვინმე ვამიყ შაბურიძის შვილს. ეს ვამიყი 1465 წლის სიგელში ამბობს: ,,ჩუენდა უღირსად დიდად და საპატიოდ შეგუიწყალეს პატრონმან მეფეთ-მეფემან გიორგი და მათი ასული ჩუენისა შვილისათვის გუიბოძეს და მოგუცეს’’ (5) ერთიანი საქართველოსათვის ბატონყმური ხასიათის შეუღლებანი მაინც ეპიზოდური, იშვიათი მოვლენა იყო, მაგრამ დაშლილობის ხანაში ბატონყმური სახის დამოყვრება ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. მან დაკარგა სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა და ამა თუ იმ ფეოდალური საგვარეულოს აღზევება-გაძლიერების ერთ-ერთ საშუალებად იქცა. რამდენიმე მაგალითი: დავით X ქართლის მეფე - ნესტან-დარეჯანი, დავით ბარათაშვილის ასული; როსტომ ქართლის მეფე - ქეთევანი, გორჯასპი აბაშიშვილის ასული; ვახტანგ V შაჰ-ნავაზი - როდამი, ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიანის ასული; დავით I კახთბატონი - ქეთევანი, აშოთან მუხრანბატონის ასული; თეიმურაზ I-ის ასული დარეჯანი - ზურაბ არაგვის ერისთავი და სხვა. ისევ ერთიან საქართველოს და სიუზერენულ-ვასალურ შეუღლებებს მოვუბრუნდეთ. პოლიტიკური შეუღლებების მნიშვნელობა რელიეფურად აისახა საქართველოსა და ბიზანტიის ურთიერთობაში ტრაპიზონის იმპერიასთან. როგორც ცნობილია, 1204 წელს საქართველოს ხელისუფლების ენერგიული ჩარევით, ბიზანტიის იმპერიის ყოფილი მცირეაზიური სამფლობელოების ჩრდილო-აღმოსავლეთის პერიფერიაზე ჩამოყალიბდა ტრაპიზონის იმპერია. ახალი სახელმწიფო თავდაპირველად საქართველოს სამეფოს ყმადნაფიც ქვეყანას წარმოადგენდა. XIII ს-ის შუა ხანებში საქართველოში მონღოლთა ბატონობის ეპოქა დაიწყო. ქვეყნის აღმოსავლეთი და სამხრეთი ბარბაროსთა ხელში აღმოჩნდა. მაგრამ დასავლეთ საქართველომ დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. ამ მძიმე ვითარებაშიც ქართველი პოლიტიკოსები ცდილობდნენ ტრაპიზონში ძველი გავლენა შეენარჩუნებინათ. არც ტრაპიზონის ძველი ,,პატრონი’’ ბიზანტია ცხრებოდა. ხელსაყრელ ვითარებაში, ბიზანტიელები ტრაპიზონის დაბრუნების იმედს არ კარგავდნენ. ასე იქცა ტრაპიზონის საკეისრო საქართველოსა და ბიზანტიას შორის - ,,განხეთქილების ვაშლად’’ XIII-XIV საუკუნეების მანძილზე. ჩვენთვის საინტერესო შემდეგი ფაქტია, არც ერთ კონკურენტს იმჟამად ტრაპიზონის საკეისროს უშუალო დაპყრობის ძალა არ შესწევდა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ისინი ცდილობდნენ ამ ქვეყანაში თავიანთი კანდიდატი დაესვათ კეისრად. ამავე დროს, ხელისუფლების შესანარჩუნებლად ამ კანდიდატ-კეისარს ერთ-ერთი ქვეყნის სამხედრო ძალით უნდა გაემაგრებინა ზურგი. ტრაპიზონის საკეისრო დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, ამიტომ აქ კონკურენტი ქვეყნის სამხედრო კონტიგენტის ყოფნას, რაიმე გამართლება უნდა ჰქონოდა. ასეთი გზა იყო, ერთ-ერთი კონკურენტი ქვეყნის სამეფო სახლის წევრი - ქალის გათხოვება კანდიდატ-კეისარზე, რომელსაც ცხადია მიჰყვებოდა გარკვეული სამხედრო ძალა, რომელიც დაიცავდა არა მარტო ,,პატარძალ-დედოფალს’’, არამედ გავლენის მაძიებელი ქვეყნის ინტერესებს. სწორედ ამიტომ აღნიშნულ პერიოდში ქართველებიც და ბიზანტიელებიც დიპლომატიისა თუ იარაღის მეშვეობით, ძალას არ იშურებდნენ, რათა თავისი კანდიდატი გაეკეისრებინათ და ,,გაედედოფლებინათ’’ ტრაპიზონის იმპერიაში. XIII ს-ის 60-იანი წლების დამდეგამდე ტრაპიზონში საქართველოს გავლენას ვერავინ ეცილება. 1261 წელს ნიკეის ენერგიულმა იმპერატორმა მიხეილ VIII პალეოლოგოსმა, ევროპელ ჯვაროსანთა მიერ მიტაცებული კონსტანტინეპოლი აიღო და ბიზანტიის იმპერია აღადგინა. მიხეილმა ჯერ დიპლომატიური ხრიკებით სცადა ტრაპიზონის ახალგაზრდა იმპერატორის იოანე II-ის (1280-1297) თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა. ივანე ჯავახიშვილის სიტყვებით: ,,ბიზანტიის კეისარმა გადაწყვიტა, რომ რასაც დესპანების მჭევრმეტყველური დარიგება-შთაგონებით ვერ ეღირსა, ის მისი (ე.ი. ოანე II-ის დ.შ.) დასიძებით მოეხერხებინა. მან ტრაპიზონის კეისარს თავისი ქალიშვილი შესთავაზა თანამეცხედრედ, ამისთვის მიხეილ პალეოლოგოსი იოანე II-ეს კონსტანტინეპოლში ჰპატიჟობდა’’ (6). იოანეს მრჩევლები არწმუნებდნენ არ ნდობოდა ბიზანტიელთა სიტყვას, მაგრამ ტრაპიზონის კეისარმა ბოლოს მაინც გადაწყვიტა კონსტანტინეპოლს გამგზავრება. როგორც კი იოანე ბიზანტიის საზღვარზე აღმოჩნდა მას უბრძნეს კეისრის სამოსელი გაეხადა. მოტყუებული ტრაპიზონელი მიხეილ VIII-ის ხელში აღმოჩნდა, უკანასკნელმა, საწადელი აისრულა - თავისი ქალიშვილი ტრაპიზონის კეისარს მიათხოვა. მიხეილ VIII-ის ასულის ტრაპიზონში გადედოფლება ამ ქვეყნის ბიზანტიელთა გავლენის ქვეშ მოქცევას გამოხატავდა. საქართველოში მტკივნეულად აღიქვეს მომხდარი მოვლენები. 1285 წელს იოანე II-ის დაი - თეოდორა, რომელიც ,,საქართველოში იყო გათხოვილი’’, ქართველთა ჯარით ტრაპიზონში შეიჭრა, აიღო ქალაქი და კეისრის წითელი წუღები ჩაიცვა. მიუხედავად ამისა, ამჯერად ქართველებმა ვერ შეძლეს გავლენის დიდი ხნით შენარჩუნება, რადგან იოანე მეორემ შეძლო ხელისუფლების დაბრუნება, ცხადია ბიზანტიელთა ძალებით. მაგრამ არც ბიზანტიელებს დასცალდათ დიდ ხანს ესარგებლათ გამარჯვებით. 1297 წელს გარდაიცვალა თუ არა იოანე II, საქართველო-ბიზანტიას შორის კვლავ ახალი ძალით ატყდა ბრძოლა ტრაპიზონში გავლენისათვის. ბიზანტიის სამეფო კარზე შექმნილი ვერსიით, ტრაპიზონის მცირეწლოვანი კეისრის ალექსი II-ის (1297-1330) მეურვეობა ეკუთვნოდა ბიზანტიის იმპერატორს ანდრონიკე II-ეს. ამ უკანასკნელმა, მაშინვე სცადა თავისი ქალიშვილი მიეთხოვენინა ალექსისათვის, მაგრამ უკანასკნელმა მესხეთის მთავრის ბექა მანდატურთუხუცესის ასული შეირთო თანამეცხედრედ. იმხანად მესხეთი საქართველოს მეფეთაგან ფაქტიურად დამოუკიდებელ და ძლიერ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა. ბექა წარმატებით იგერიებდა რუმის სასულთნოს თურქთა შემოტევებს და ცდილობდა ტრაპიზონთან ურთიერთობაში დავით ნარინის პოლიტიკა გაეგრძელებინა. ანდრონიკე II-ის ყველა მცვდელობა - ჩაეშალა უკვე მომხდარი ქორწინება და ამ გზით მოესპო ქართველთა გავლენა ტრაპიზონში, მარცხით დამთავრდა. მან ჯერ კონსტანტინეპოლის საპატრიარქო სინოდს მიმართა თხოვნით, უკანონოდ გამოეცხადებინა მომხდარი ქორწინება, ხოლო შემდეგ თავის დას - ტრაპიზონის კეისრის ალექსი II-ის დედას სთხოვა, ზეგავლენა მოეხდინა თავის შვილზე და ქართველი ცოლი გაეცილებინა. ამაოდ, ქართველთა გავლენა ტრაპიზონში, ალექსი II-ის კეისრობის მთელ მანძილზე გრძელდებოდა. ალექსი მეორეს ბექა ჯაყელ-მანდატურთუხუცესის ასულისაგან ხუთი შვილი ეყოლა: ანდრონიკე, ბასილი, მიხეილ-აზახუტლუ, გიორგი-აღბუღა და ანახუტლუ, რომელთა შორისაც, მამის გარდაცვალების შემდეგ დაუნდობელი ბრძოლა ატყდა ტახტისასათვის. ჯერ, გაკეისრებულმა ანდრონიკემ დაახოცინა თავისი ძმები: აზახუტლუ და გიორგი-აღბუღა, მაგრამ თავადაც მალე გარდაიცვალა. საბოლოოდ ტახტი ბიზანტიური ორიენტაციის მქონე ბასილმა (1331-1340) დაიკავა. ამ გავლენის დამადასტურებელი და თითქმის აუცილებლობადქცეული ატრიბუტიც სახეზე იყო: ბასილ კეისარს ცოლად ჰყავდა ბიზანტიის იმპერატორის ანდრონიკე III-ის ასული ირინე პალეოლოგოსი. ირინეს ,,გადედოფლებას’’ ქართული ორიენტაციის ტრაპიზონელებისა და ტრაპიზონში მყოფი ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების დასის განადგურება მოჰყვა. მათ შორის იყვნენ ,,დიდი დუქსი ლეკის ჭაჭინჭეოსი და მისი ძე დიდი დომესტიკოსი ჯაბა’’ (7). მართალია ქართული ორიენტაციის ძალებმა მარცხი განიცადეს, მაგრამ ბრძოლა არ დამცხრალა. ტრაპიზონში თავისი გავლენის აღსადგენად კვლავ გაერთიანებული საქართველო გამოვიდა, რომელსაც ამჯერად მესაჭეობდა ენერგიული და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი გიორგი V ბრწყინვალე. ქართველებმა შეძლეს, ალექსი მეორის და ბექა მანდატურთუხუცესის ასულის თითქმის განადგურებული სახლობიდან, თავიანთი კანდიდატი შეენარჩუნებინათ. ეს იყო კეისრის ასული ანახუტლუ, რომელიც თავის დროზე აიძულეს მონაზვნად აღკვეცილიყო. ანახუტლუს დედა და გიორგი V-ის დედა - ნათელა, როგორც ცნობილია, მესხეთის მთავრის ბექა ჯაყელის ასულები იყვნენ. ზემოთაც აღვნიშნეთ: ერთი ტრაპიზონის კეისრის ალექსი მეორის, ხოლო მეორე დემეტრე თავდადებულის მეუღლეები იყვნენ. მონაზვნის ძაძებში გახვეულ ანახუტლუს, ჩანს, თავისი დიდი დეიდაშვილის - გიორგი ბრწყინვალის იმედით კეისრის ტახტისაკენ ეჭირა თვალი. ასეთი მომენტიც დადგა. 1341 წელს ანახუტლუმ ისარგებლა ტრაპიზონში თურქთა შეჭრით, მიატოვა მონასტერი და სასქართველოს მიაშურა. რამდენიმე კვირაში, ,,ლაზთა’’ ჯარით ანახუტლუმ ტახტიდან ჩამოაგდო თავისი რძალი (ძმის ცოლი - ქვრივი დედოფალი ირინე პალეოლოგი) და კეისრის ძალაუფლება ხელთ იგდო. საქართველოს გავლენა ტრაპიზონში გიორგი V-ის ძის ბაგრატ V-ის მეფობის პერიოდშიც გრძელდებოდა. რაღა თქმა უნდა, ამ გავლენის უშუალო გამოხატულება, ქართული სამეფო სახლის წარმომადგენელი ქალის ტრაპიზონში რძლობა-დედოფლობა იყო კვლავ. 1377 წელს იოანე-ალექსი მესამის შვილმა - კირ-მანუელმა (1399-1412), ცოლად შეირთო ,,საქართველოს მეფის ასული გულქან-ხათუნი’’. ქართველი მეფეებიც ირთავდნენ ცოლად ტრაპიზონელ კეისართა ქალებს. რა თქმა უნდა, ამგვარი სახის დამოყვრებაც საქართველოს გავლენასა და ტრაპიზონის საკეისროს მესვეურთა ქართულ ორიენტაციაზე მიგვანიშნებს. საქართველოს ,,უსახელოვანეს’’ მეფეს ბაგრატ მეხუთეს თანამეცხედრედ ჰყავდა ტრაპიზონის კეისრის ასული ანა კომნენი. მიხეილ პანარეტოსის ,,ტრაპიზონის ქრონიკაში’’ ვკითხულობთ: ,,ლაზიკაში გავემგზავრეთ ხმელეთისა და საზღვაო ძალითურთ კეისართან ერთად, მის დედა დედოფალთან და მეფის ასულთან დიდ კომნენ კირ-ანასთან ერთად, რომელიც იბერთა და აფხაზთა მეფეს კურბაგრატს პანკრატოანს მისთხოვდა თანამეცხედრედ’’. (8) უფრო ადრეც მოჰყავდათ ბაგრატიონ მეფეებს ,,დიდ კომნენოსთა’’ სახლის წარმომადგენლები რძლად და საქართველოს დედოფლად. ,,დაღათუ ჯერეთ ყრმა იყო, - წერს ჟამთააღმწერელი, - არამედ ინებეს და წარავლინეს კაცი პონტოდ მეფისა ბერძენთასა კომნიანოსისა, რომელი იყო ნათესავი დიდსა კონსტანტინესა, და მოიყვანეს ასული კომნიანოსისა, მეფისა ტრაპიზონელისა, დიდებისა და საჭურჭლით დიდითა ქმნეს ქორწილი სამეფოსა წესისამებრ’’. (9) აქ ლაპარაკია დემეტრე II თავდადებულზე (1270-1289), რომელსაც ტრაპიზონის კეისრის ქალიშვილი ჰყავდა ცოლად. იმის შესახებ, თუ ვინ იყო დემეტრე თავდადებულის მეუღლე, ჟამთააღმწერელი არაფერს ამბობს და ამდენად ჩვენთვის უცნობია, რა ერქვა ბაგრატიონთა რძალს და ქართველთა დედოფალს, რომელი კეისრის ასული იყო იგი. ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია გამოვთქვათ ვარაუდი და რამდენადაც ამ ვარაუდის შემამაგრებელი პირდაპირი წყარო ჯერჯერობით არ გაგვაჩნია, ჰიპოთეზის სახით მივიჩნიოთ, რომ დემეტრე II თავდადებულის თანამეცხედრე უნდა ყოფილიყო ტრაპიზონის კეისრის მანოელ პირველის ასული - თეოდორა. ჩვენს ვარაუდს ოთხი გარემოება უქმნის საფუძველს: 1. ისევე როგორც დემეტრეს მეუღლეს სახელი არაა ცნობილი, არც ისაა ცნობილი, ვინ იყო თეოდორას ქმარი, თუმცა, ის კი ვიცით, რომ თეოდორა ,,საქართველოში იყო გათხოვილი’’ (10). ცხადია, კეისრის ასული ქართველთა მეფეზე, მეფისწულზე ან უკიდურეს შემთხვევაში, სამეფო გვარის წარმომადგენელზე იქნებოდა გათხოვილი. დემეტრესა და თეოდორას მეუღლეების, თუ შეიძლება ასე ითქვას - ,,ვაკანტური ადგილები’’, უნებურად მიგვანიშნებს - მათს შესაძლო მეუღლეობაზე. 2. ეს გარემოება რამდენიმე პოლიტიკური მოვლენისა თუ ფაქტის ქრონოლოგიურ დამთხვევაზეა დამყარებული. დემეტრე მეორეს, კეისრის ასულის გარდა, კიდევ ორი ცოლი ჰყავდა: მონღოლი ქალი - სოლღარი და ბექა ჯაყელის ასული ნათელა. გარკვეული ფაქტების შეჯერებით, ივანე ჯავახიშვილი შესაძლებლად თვლიდა, რომ მეორე ცოლი დემეტრეს 1284 წელს უნდა მოეყვანა, რადგან სწორედ ამ წელს დემეტრემ თავისი ორი ძე - დავითი და მანოელი ტარსაიჭ ორბელს ჩააბარა აღსაზრდელად, თანაც საუფლისწულო მამულებიც უბოძა. ,,შესაძლებელია, - წერდა ივანე ჯავახიშვილი, - რომ მეფის ეს ნაბიჯი ახალი ცოლის შემოყვანით იყო გამოწვეული’’ (11). მაგრამ ჩვენთვის სხვაა არსებითი. საქმე იმაშია, რომ დემეტრეს მიერ ახალი ცოლის შერთვა ხდება ,,საქართველოში გათხოვილი’’ თეოდორას ქართველთა ლაშქრით ტრაპიზონში შეჭრის ახლო ხანებში. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, 1285 წელს, ე.ი. დემეტრეს მიერ მეორე ცოლის მოყვანის მეორე წელს, თეოდორა, საქართველოს სამეფო ძალების დახმარებით, ტრაპიზონში შეიჭრა, ტახტიდან ჩამოაგდო თავისი ძმა იოანე II და თავად დაეუფლა კეისრის წითელ წუღებს. სამი ფაქტი: 1284 წელს დემეტრეს მეორე ქორწინება; 1285 წელს თეოდორას გაკეისრება და დემეტრეს მიერ შვილების - დავითის და მანოელის სამეფო კარისაგან მოცილება, რა თქმა უნდა, ჩვენი ვარაუდის დამამტკიცებელ საბუთებს არ წარმოადგენენ, მაგრამ მიმანიშნებელ გარემოებად კი გამოდგებიან, რადგან ყველაფერი ზემოაღნიშნული, თითქმის ერთდროულად მოხდა. 3. ახლა მესამე გარემოების შესახებ. დემეტრეს ,,კომნიანოსის ასულისაგან’’ ხუთი შვილი ჰყავდა: დავითი, ვახტანგი, ლაშა, მანოელი და ერთი ქალიშვილი რუსუდანი. ცნობილია, რომ საქართველოში (და არა მარტო საქართველოში), ახლაც და ძველადაც შვილებს უახლოესი წინაპრის სახელებს არქმევდნენ ხშირად. დემეტრე მეფეც ასე მოქცეულა. დავითს და ლაშას მან თავისი მამისა და პაპის - დავით ულუსა და გიორგი IV ლაშას სახელები დაარქვა. ვახტანგი საკუთარი სურვილით ჩანს შერქმეული, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის უცნობია, ვის უნდა რქმეოდა ეს სახელი დემეტრეს ახლო წინაპრებში. რჩება მანოელი და რუსუდანი. როგორც ვიცით, რუსუდანი დემეტრე მეფის მამის მამიდაშვილის - დავით ნარინის დედის, იგივე გიორგი ლაშას დის სახელია. მაგრამ ძალიან საეჭვოა, რომ დემეტრეს რუსუდან მეფის საპატივცემულოდ შეერქმია თავისი ქალიშვილისთვის ეს სახელი. ცნობილია როგორ დევნიდა რუსუდან მეფე, დემეტრეს მამას - დავით ულუს და იგი, ე.ი. თავისი ძმისშვილი - სასიკვდილოდაც კი გაიმეტა, რათა თავისი ძის - დავით ნარინისათვის, სამეფო ტახტი დაეტოვებინა. ყოველივე ამის გამო, იმხანად ბაგრატიონთა სახლი ორად იყო გათიშული და რუსუდან მეფის სახელი და ხსოვნა დემეტრეს სახლობაში სასიამოვნო მოსაგონარი არ იქნებოდა, მით უფრო, მის სახელს დემეტრე თავის ქალიშვილს არ დაარქმევდა. მაშ ვის საპატივცემულოდ დაარქვეს დემეტრეს ასულს რუსუდანი? საკითხს ნათელი მოეფინება თუ გავიხსენებთ ერთ გარემოებას. საქმე იმაშია, რომ დემეტრე მეფის სავარაუდო მეუღლის - თეოდორას დედა, ტრაპიზონის საკეისროს დედოფალი, ქართველი ქალი იყო და რუსუდანი ერქვა. ასევე ადვილი ასახსნელი ხდება ისიც, ვისი სახელი დაარქვეს დემეტრეს ერთ-ერთ ვაჟიშვილს მანუელს. ისევ და იმისა გამო, რომ დემეტრეს საგულვებელი მეუღლის - თეოდორას მამა იყო ტრაპიზონის კეისარი მანუელ პირველი (1238-1263). მაშ ბოლო ორი შვილისათვის დემეტრე მეფეს თავისი მეუღლის თეოდორას მშობლების, ე.ი. თავისი სიდედრისა და სიმამრის სახელები - რუსუდანი და მანუელი დაურქმევია, რაც ჩვეულებრივი იყო ქართული ტრადიციისთვის. 4. და ბოლოს, კიდევ ერთი მიმანიშნებელი მეოთხე გარემოებაც. როდესაც 1289 წელს დემეტრე თავდადებული მონღოლებმა იმსხვერპლეს, მეფის ცოლებმა თბილისი დასტოვეს და თავიანთ მამაპაპეულ სახლ-კარს მიაშურეს. დემეტრეს ხომ ერთდროულად სამი ცოლი ჰყავდა. მათგან, მონღოლი ,,სორღალი წარვიდა სახლსა მამისა მისისასა თათარში, ხოლო ასული ბექასი წარვიდა მამისა მისისა თანა სამცხეს...’’ მხოლოდ ერთი - კეისრის ასული, არ დაბრუნებულა ,,სახლსა მამისა მისისასა’’ და თუ დავუშვებთ, რომ იგი - თეოდორა იყო, ვერც დაბრუნდებოდა. ამ დროს, ე.ი. 1289 წელს ტრაპიზონის კეისრის ტახტზე თეოდორას მოსისხლე ძმა იოანე II (1280-1297) იჯდა, რომელსაც ერთ დროს თეოდორა ტახტს ეცილებოდა. სწორედ ამიტომ მისცეს ,,დედოფალსა სარჩოდ სკორეთის ხევი, და ეახლნეს ორნი მცირენი ძენი მანოელ და ლაშა’’ (12) ყოველივე ზემოაღნიშნული გვაფიქრევინებს, რომ დემეტრე თავდადებულის პირველი მეუღლე და საქართველოს დედოფალი იყო ტრაპიზონის კეისრის მანუელ პირველის ასული თეოდორა. ასეა თუ ისე პოლიტიკური შეუღლება, როგორც დავრწმუნდით, თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობის სიმბოლურ გამოხატულებას წარმოადგენდა, ტრაპიზონის საკეისროში, საქართველოსა და ბიზანტიას შორის მიმდინარე გავლენისათვის ბრძოლაში. დამოწმებული წყაროები და ლიტერატირა: 1. ქართლის ცხოვრება, ტ. II, გვ. 37 2. დასახ. ნაშრომი. გვ.173 3. დასახ. ნაშრომი. გვ. 237 4. ივანე ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. III გვ. 149 5. ციტირებულია ი. ჯავახიშვილის ნაშრ. ქართველი ერის ისტორიიდან. IV თბ. 1948 გვ. 47 6. დასახ. ნაშრ. III, გვ. 207 7. გეორგიკა, ტ. VII სიმონ ყაუხჩიშვილის გამოც. 1957 გვ. 174 8. გეორგიკა, ტ. VII გვ. 161 9. ქართლის ცხოვრება, II გვ. 271 10. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, III გვ. 208 11. დასახ. ნაშრ. გვ. 215 12. ქართლის ცხოვრება. II გვ. 292 |