|
მონარქიული მმართველობის პერსპექტივა აპოსტასირებულ მსოფლიოში ვასილ ბურკაძე
1. მართლმადიდებელი მონარქიის საფუძვლები
მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება ღმრთივკურთხეული სამეფო ხელისუფლების შესახებ ემყარება თვით უფალ იესო ქრისტეს საზოგადო მსახურებას: იგი იყო მეუფე ყოველთა, მღვდელი წესსა მას ზედა მელქისედეკისსა და წინასწარმეტყველი; მისი საღმრთო საქმე კაცთა ხსნისათვის მოიცავდა სამეფო მსახურებას, სამღვდელო მსახურებას და საწინასწარმეტყველო მსახურებას. უაღმატებულესი მათგან იყო და არის სამეფო მსახურება, რასაც თავად უფალი გვიმოწმებს სახარებაში: “მომეცა მე ყოველი ხელმწიფებაი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა” (მათე 28, 18). მის სამარადისო სამეფოს ჰქვია ცათა სასუფეველი, მის მეფობას - სუფევა. ამიტომაც ეუბნება მას კეთილგონიერი ავაზაკი ჯვარზე სიკვდილის წინ: “მომიხსენე მე ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა!” (ლუკა 23,42), და ჩვენც ყოველი ზიარების წინ ვუგალობთ მას: “მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა!”.ღვთაებრივ და ადამიანურ დასაბამთა შეურევნელი და განუყოფელი შეერთება იესო ქრისტეში განსაზღვრავს სამღვდელოებისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართების მართებულ ნორმას. სახელმწიფო არის ადამიანის შეგნებული და მიზანსწრაფული საქმიანობის ნაყოფი და არ არსებობს ცხოვრების ისეთი სფერო, რომელშიც ადამიანი თავისუფალი იქნებოდა ღმერთისაგან.წმიდა თეოდორე სტუდიელი ამბობს: “ღმერთმა ქრისტიანებს ორი უაღმატებულესი საბოძვარი მოგვმადლა: მღვდლობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც ქვეყნიური საქმეები ზეციურთა მსგავსად აღესრულება”. ამიტომაც მთელი სახელმწიფოებრივი ცხოვრება საღმრთო სჯულს უნდა ემორჩილებოდეს. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ მართლმადიდებელ მონარქიაში, სადაც კაცობრივი სამეფოს მეშვეობით უნდა მიღწეულ იქნას ღმერთის სამეფოს - სასუფეველის მიზნები; სახელმწიფოს ცხოვრებაში და სახელმწიფოს მეშვეობით უნდა განხორციელდეს ქრისტიანობის - სიყვარულის, მშვიდობისა და გამოსყიდვის რელიგიის - ამოცანები; ქრისტიანობის მეშვეობით უნდა დაინერგოს ქრისტიანული ზნეობრივი საწყისები; ღმერთის სამეფო - ცათა სასუფეველი - უნდა იქცეს მიზნად, ხოლო კაცობრივი მეფობა, სამეფო - საშუალებად: ისინი უნდა შეერთდნენ როგორც სული და სხეულია შეერთებული ადამიანში.მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური სწავლებით ღმერთი თავად განაგებს ქვეყნიურ სამეფოებს და თავად დაუდგენს მათ მეფეებს, საიდუმლოებითი ცხების გზით ანიჭებს მათ ძალასა და ხელმწიფებას, გვირგვინოსან-ჰყოფს მათ დიდება-პატივით ერების კეთილდღეობისათვის, ხოლო მეფეების მეშვეობით დაუდგენს ერებს სხვა, დაბლა მდგომ ხელისუფალთაც. ამიტომ ყოველი მორწმუნე ადამიანის მოვალეობაა მოწიწებით ემორჩილებოდეს სამეფო ხელისუფლებას და ლოცულობდეს მისთვის.მართლმადიდებელი ეკლესიის სამართალი ასე გამოხატავს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართებას: ადამიანთათვის ღმერთის სახიერებით ბოძებული სიკეთეებია მღვდლობა და მეფობა, რომელთაგან პირველი ზრუნავს საღმრთო საქმეებზე, მეორე კი კაცობრივ საქმეებს წარმართავს, ორივე კი, გამომდინარენი ერთი და იმავე წყაროდან, ადამიანის ცხოვრების დამამშვენებელნი არიან. ამ ორი მსახურების აღსასრულებლად დადგენილია საეკლესიო იერარქია და სამეფო იერარქია - ორივე მოწყობილი ზეციური იერარქიის მსგავსად.იერარქია არის ყველგან და ყველაფერში: ზეცაშიც - ანგელოზთა სამყაროშიც, ქვეყნადაც - ადამიანებში, ცხოველთა სამყაროშიც და მთელს ქმნილებაშიც. ოჯახში მეფე, თავი არის ოჯახის მამა, კაცი - ქმარი; მისი ეს წინამძღოლობა მოციქულ პავლეს მიერ შედარებულია ქრისტეს მეუფებასთან ეკლესიაში. სახელმწიფოში ასეთი წინამძღოლი უნდა იყოს ღმერთის მიერ კურთხეული - ცხებული მეფე, რომლის მეფობაც სახეა ქრისტეს მეუფებისა მთელს ქმნილ სამყაროში - ცათა შინა და ქვეყანასა ზედა.ამდენად, ღმერთისაგან კურთხეული მეფობის მოსპობა მსოფლიოში არის ჯანყი ღმერთის წინააღმდეგ და უტყუარი ნიშანი აპოსტასიისა - ღმერთისაგან კაცობრიობის დიდი განდგომილებისა, რაც ცხადად ადასტურებს ანტიქრისტეს ბატონობისა და ქვეყნის დასასრულის მოახლოებას.ყოველი მეფობის - მონარქის საფუძველი და თავი არის უფალი ღმერთი - მეუფე ყოველთა, უზენაესი მონარქი. 2. მეფობა და სამეფოები კაცობრიობის ისტორიაში;უსჯულოების საიდუმლოს მოქმედება ღმრთივკურთხეული მეფობის წინააღმდეგ როგორც ვიცით და გვწამს, მთელი კაცობრიობა ერთი კაცისაგან - ადამისაგან მომდინარეობს. ადამისა და მისი ცოლის ევას ედემის სამოთხიდან გამოძევების შემდეგ მათ გამრავლება დაიწყეს და ადამი იყო თავისი ოჯახის თავი და თავისი შთამომავლობის პირველი წინამძღვარი - მეფეც და მღვდელიც (პირველი ოჯახების სამღვდელო მსახურება ოჯახებში აღესრულებოდა და პირველი მღვდელმსახურები - ღმერთისათვის მსხვერპლის შემწირველები სწორედ ოჯახების თავები იყვნენ). ამდენად, ნოეს დროს და შემდეგ ბაბილონის გოდოლის მშენებლობამდე, როცა კაცობრიობა იყო “ერთ პირ”, ანუ ერთ ენაზე მოლაპარაკე ერთი ერი, ერთი სახელმწიფო, იგი შედგებოდა ოჯახებისაგან, რომელთაც, თითოეულს, თავისი მეთაური - ოჯახის უფროსი ჰყავდა, იმავდროულად მღვდელმსახურიც რომ იყო. შემდეგ კი, როცა ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შემდეგ ღმერთმა დასაჯა ადამიანები “ენების შერევნითა” და მთელს ქვეყნიერებაზე დაფანტვით, წარმოიშვნენ “ერნი, ტომნი და ენანი” (დანიელი 3,4; 3,7), რომელთათვისაც “განაჩინნა დაწესებულნი ჟამნი და საზღვრის დადებანი დამკვიდრებისა მათისანი მოძიებად ღმრთისა” (საქმე მოციქულთა 17, 26). ამრიგად, ერი, სამშობლო ღმერთის განჩინებით გვაქვს მომადლებული, საზღვრები ჩვენი მკვიდრობისა და დროც ერის არსებობისა - ღმერთისაგანაა (რამეთუ ზოგნი ერთაგან უფლის მეორედ მოსვლამდე იარსებებენ ამქვეყნად, ზოგნი კი მოისპნენ და გადაშენდნენ როგორც ცალკეული, თვითმყოფადი ერი!), და ღმერთის ამ განჩინების მთავარი მიზანი იყო და არის ღმერთის მოძიება. აი, რა აღმატებული მიზანი აქვს ეროვნული სახელმწიფოს არსებობას: თავისი მკვიდრობის საზღვრებში, თავის სამშობლოში ერმა უნდა მოიძიოს ღმერთი, ისწრაფოდეს ღმერთისაკენ, ჭეშმარიტი რწმენისაკენ; თითოეულ ერს მიეცა მკვიდრობის ის საზღვრები, ის ადგილები დედამიწაზე, სადაც ყველაზე მარჯვედ აღასრულებდა ღმერთის ამ განჩინებას - მის მოძიებას. და ამ ძიების გზაზე ყოველ ერს უნდა ჰყოლოდა თავისი წინამძღოლი - ღმერთისაგან დადგინებული მეფე.მართლაც, ღმერთის განჩინებით, დედამიწაზე მცხოვრები ყველა ერი, ტომი და ენა ყოველთვის, კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, მოწყობილი იყო ამ პრინციპით - მონარქიულად: სახელმწიფო იერარქიის სათავეში იდგა მეფე და მისი ქვეშევრდომებიც იერარქიულად ემორჩილებოდნენ ერთმანეთს - სულ ქვედა საფეხურზე იდგნენ მონები და ტყვეები (შემდგომში ყმები), შემდეგ იყვნენ თავისუფალი ქვეშევრდომები (აზნაურები) და არისტოკრატია - ხალხის ბუნებრივი წინამძღოლები და მასზე ზრუნვისთვის სასიცოცხლოდ დაინტერესებული მმართველი ფენა - დიდმოხელეები, მხედართმთავრები და სხვანი, სათავეში კი, როგორც ითქვა, მათ აგვირგვინებდა მეფე - ღმერთისაგან დადგინებული წინამძღოლი მთელი ერისა... სახელმწიფოს მონარქიული მოწყობის პრინციპი მარადიულია, იმიტომ, რომ რა სახელიც არ უნდა ეწოდოს ქვეყნის მეთაურს და რა შეზღუდვებიც არ უნდა დაუწესდეს მის მმართველობას ვადებისა თუ უფლებების მხრივ, იგი მაინც რჩება ერთპიროვნულ მმართველად და ყოველი ხელმწიფება, საღმრთო სიტყვისაებრ, მაინც ღმერთისაგანაა: ან მისი ნებითაა დადგინებული, ან დაშვებულია მისი განგებულებით (კვლავაც ადამიანთა შესაგონებლად და გამოსასწორებლად) და ამ ხელმწიფებას ყველა უნდა დაემორჩილოს. ჩვენთვის მახლობელი სინამდვილიდან შეგვიძლია მოვიყვანოთ თვალსაჩინო მაგალითი: ღმერთის ნებით დადგინებული კურთხეული მართლმადიდებელი მეფე იყო წმიდა დავით IV აღმაშენებელი (ბაგრატიონი), ხოლო ღმერთის დაშვებით დადგინებული მეფე იყო მუსლიმი როსტომ ხანი (ასევე ბაგრატიონი მეფის შვილი, ოღონდ - უკანონო, ჯვარდაუწერელი შეუღლებისაგან), რამეთუ ზეგარდმოა მომადლებული კეთილმსახურებაც, მისგან მომდინარე სულიერი და ნივთიერ წარმატებულობით, და ზეგარდმოა დაშვებული უკეთურებაც, მისგან მომდინარე ბოროტებებითა და განსაცდელებით ღმერთის მორწმუნე ერის გამოსასწორებლად და საცხოვნებელად...ამრიგად, კაცობრიობის ისტორიის უძველესი პერიოდიდანვე, როცა იგი ერებად, ტომებად და ენებად ჩამოყალიბდა და ყალიბდებოდა, სახელმწიფო მოწყობილი იყო მონარქიის პრინციპით - ყველა ერს ჰყავდა თავისი მეფე, და ეკლესიის სწავლებით - თავისი მფარველი ანგელოზიც. მეფის ყოლის მხრივ გამონაკლისს შეადგენდა მხოლოდ ღმერთის რჩეული ერი, რომელსაც ერად ჩამოყალიბების შემდეგ იაკობის თორმეტი ძის - ისრაელის 12 ტომის მამამთავრისაგან - წინამძღვრობდნენ მოსე და შემდეგ ისუ ნავე, მათ შემდგომ კი - მსაჯულები. ეს განპირობებული იყო იმით, რომ უფალმა სწორედ ებრაელი ერი აირჩია თავისი განგებულების აღსასრულებლად: ამ ერის წიაღში უნდა აღმოცენებულიყო უწმიდესი ჭურჭელი - ოვლადწმიდა ქალწული, რომლისაგანაც ხორციელად იშვებოდა კაცობრიობის ხსნისათვის უფალი ღმერთი. მსაჯულების წინამძღოლობისას ერის წინამძღოლი, ფაქტიურად, თავად ღმერთი იყო, რადგან მსაჯულები და მთელი ერიც მისი სჯულით ცხოვრობდნენ და ყველანი სხვა მხრივ არსებითად თანასწორნი, ერთნაირად თავისუფალნი და საღმრთო სჯულზეც ერთნაირად დამოკიდებულნი იყვნენ. Mმაგრამ, რაკი მსაჯულ სამოელის შვილები, მისი მოხუცებულობისას, ვეღარ იყვნენ ღირსეული მსაჯულები და მრავალ უსამართლობას სჩადიოდნენ, ხალხმა სამოელს მეფის დადგენა მოსთხოვა - აღარ გვინდა მსაჯულები, ჩვენც მეფე გვინდა გვყავდეს, როგორც ყველა სხვა ხალხს ჰყავსო. მიუხედავად იმისა, რომ უფალს არ ნებავდა ეს, მაინც უბრძანა სამოელს, აღესრულებინა ხალხის ნება: რაკი ასე უნდათ, დაე, ჰყავდეთ მეფე, როგორც სხვა ერებს ჰყავთ, მაგრამ უთხარი მათ, რომ ამით შენი მსაჯულობა კი არ უარყვეს, არამედ ჩემს მეფობაზე თქვეს უარი და თუკი ქვეყნიური მეფობა მოსურვებიათ, ეყოლებათ იგი და მისი მმართველობის – ბატონობის - ქვეშ აღარ იქნებიან ისე თავისუფალნი, რიგორც უშუალოდ ჩემი მეფობის ქვეშ იყვნენო. ღმერთის ნებისადმი ამგვარი ურჩობისათვის ღვთის რჩეული ისრაელი ერი დაისაჯა: მისი პირველივე ცხებული მეფე უღირსი გამოდგა და იგი წმიდა დავით მეფემ - წინასწარმეტყველმა და მეფსალმუნემ შეცვალა, რომლის შემდეგაც, ისრაელი ერის მთელი ისტორიის მანძილზე - ქრისტეს ამქვეყნად ხორციელად მოსვლამდე, ებრაელთა მეფეების უმრავლესობა იყო უკეთური: ისინი კერპთთაყვანისმცემლობისაკენ, უსჯულოებისაკენ მისდრეკდნენ ერს, ბოროტებას ამკვიდრებდნენ მასში და ამით მრავალი უბედურება დაატეხეს თავს ისრაელს: უცხოტომელთა შემოსევები და მიმძლავრება, სიწმიდეთა მოოხრება, თითქმის მთელი ერის ბაბილონის ტყვეობაში წაყვანა, ებრაელთა სახელმწიფოს ორად გაყოფა - ისრაელად და იუდად და სხვანი. ხოლო ეს ყოველივე დასრულდა ებრაელთა დაპყრობით რომაელების მიერ და არაიუდეველის - იდუმეველი ჰეროდეს გამეფებით ებრაელებზე, მის შემდეგ კი მისი შვილების მეფობით, ისრაელისა და იუდეის დაქუცმაცებით პატარა სამთავროებად და, ბოლოს, ჭეშმარიტი მესიის _ უფალ იესო ქრისტეს უარყოფით ებრაელი ერის მმართველებისა და უდიდესი ნაწილის მიერ, იერუსალიმის დაქცევა-მოოხრებით, მისი ტაძრის საბოლოო განადგურებით და მთელი ებრაელი ერის მსოფლიოში გაფანტვით...ეს ყოველივე მოხდა ღმერთის რჩეულ ერში იმის გამო, რომ მან არ ისურვა თავის მეფედ უშუალოდ ღმერთი და მისი მსაჯულები, და მსოფლიოს ყველა სხვა ერის მსგავსად ქვეყნიური მეფის დადგინება მოითხოვა თავისთვის. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ, როცა ისრაელ ერს ღირსეული მეფეები ჰყავდა, ერის ქვეყნიური კეთილდღეობა და ძლიერებაც იყო უზრუნველყოფილი და სულიერი წარმატებულობაც, ღმერთის სჯულის აღსრულებაში. მაგრამ ეს მხოლოდ მცირედი გამონაკლისებია. ისრაელი ერის ჭეშმარიტი მმართველები ამ უკეთური მეფეების ზეობის დროს მისი წინასწარმეტყველები იყვნენ და ერის წიაღშიც ყოველთვის საკმაოდ მოიძევებოდნენ მართალი მორწმუნეები - იუდეველები (თვით ეს სიტყვა მართალ მორწმუნეს, ანუ ღმერთის მართლიად მადიდებელს ნიშნავს). ღმერთის რჩეულმა ერმა მართლაც აღმოაცენა ყოვლადწმიდა ჭურჭელი ღმერთის ხორციელად შობისა და განკაცებისათვის ამქვეყნად - ქალწული მარიამი, და უფლის ამქვეყნად მოსვლით დასრულდა კიდეც ებრაელი ერის ღმრთივრჩეულობაც: მისგან გამოსულმა მოციქულებმა და მათმა მოწაფეებმა - პირველმა ქრისტიანებმა მთელს ქვეყნიერებაზე გაავრცელეს ქრისტეს რწმენა და წარმართები შემოიყვანეს ღმერთის სუფევაში. ამიერიდან ღმერთის რჩეული ერი და მართლმორწმუნე გახდა ყველა ის ერი და ადამიანი, ვინც კი ქრისტიანული სარწმუნოება აღიარა, ქრისტეს ნათელი მიიღო და მისი მართლიად მადიდებელი გახდა. დიდება და მადლობა უფალს, რომ ქართველი ერიც ერთ-ერთი პირველთაგანია ამ ჭეშმარიტად ღმერთის რჩეულ ერთა შორის...როგორც ითქვა, მეფობა, მონარქიული მმართველობა უფლის მიერ იყო დადგენილი ყველა ერში (თავდაპირველად, გარდა ებრაელი - ღმრთივ რჩეული ერისა), და ეს განპირობებული იყო იმით, რომ თავად უფალი ღმერთია უაღმატებულესი მონარქი - მეუფე. ამიტომაც, საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ სამეფო ხელისუფლება არის ბოროტების - უსჯულოების საიდუმლოს მოქმედების - შემკავებელი. პავლე მოციქული ამბობს, რომ მსოფლიოში მოქმედებს “საიდუმლოი იგი უშჯულოებისაი” და ანტიქრისტე, ქრისტეს მეორედ დიდებით მოსვლის ეს ბოროტი მაცნე და კაცობრიობისათვის უდიდესი განსაცდელებისა და უბედურებების მომტანი მბრძანებელი _ გამოჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა “შორს განვიდეს” ის ძალა, “რომელსა-ესე უპყრიეს აწ” (II თესალონიკ. 2,7-8). ბოროტების ეს მპყრობელი (“რომელსა-ესე უპყრიეს აწ”), შემკავებელი, საეკლესიო სწავლებით, არის ღმერთისაგან დადგინებული მონარქიული სახელმწიფო. სამეფო ხელისუფლება ძლიერი და ქმედითია მხოლოდ თავის ქვეშევრდომ ერზე ზრუნვის, მისი დაცვის წყალობით; იგი იმკვიდრებს თავს და იხანგრძლივებს არსებობას სამართლიანი მმართველობით, ქვეშევრდომთა სასიცოცხლო ინტერესების დაცვით. ამიტომ, თუკი იგი ბოროტებას დაუშვებს თავის ერში და საკუთარი ქვეშევრდომების ინტერესების წინააღმდეგ გამოვა, ამით საკუთარ თავს მოისპობს. ამის გამო მსოფლიო ბოროტების - უსჯულოების საიდუმლოს - მთელი მოქმედება საუკუნეთა განმავლობაში მიმართული იყო სწორედ ღმერთის მიერ დადგენილი წესრიგის - მონარქიული სახელმწიფო წყობის წინააღმდეგ, მის დასარღვევად და ახალი მსოფლიო წესრიგის - ეშმაკისმიერი ანტიქრისტეს ბატონობის დასამყარებლად გაერთიანებულ მსოფლიოში. მოციქული იოანე ამბობს, რომ “ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას” (I იოანე 5,19). ეს ბოროტება გამოიხატება ადამიანის მხრიდან ღმერთის ნების ურჩობაში, ღმერთისაგან ადამიანთა განდგომაში. ეს განდგომილება დაიწყო კაენის დროიდან, გაგრძელდა წარღვნამდელ კაცობრიობაში და თავის პირველ პერიოდში დასრულდა ებრაელი ერის უდიდესი ნაწილისა და მისი სულიერი წინამძღოლების - ფარისეველთა და სადუკეველთა მიერ ქვეყნად მოსული ჭეშმარიტი მესიის - ესო ქრისტეს უარყოფით, მისი ჯვარზე მოკვდინებით. ამ უარყოფის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ისინი მოელოდნენ ძლევამოსილ ქვეყნიურ მეფეს, რომელიც “ღმერთის რჩეულ ერს” ყველა სხვა ერზე გააბატონებდა და მთელ მსოფლიოს დაუმორჩილებდა სწორედ ქვეყნიური კეთილდღეობისათვის.უსჯულოების ბოროტი მსახურები საუკუნეთა განმავლობაში ებრძოდნენ ბოროტების შემკავებელს - ღმერთის მიერ კურთხეულ სამეფო ხელისუფლებას, ქრისტეს ეკლესიას, ჭეშმარიტ საეწმუნოებას, ეროვნულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. მათი მოქმედების ნაყოფი იყო ათასგვარი მწვალებლობებისა და ცრუ სწავლებების აღმოცენება ეკლესიაში და შფოთისა და არეულობების გავრცელება ქრისტიანულ სამყაროში; ათასგვარი ომები და ჯანყები მთელს მსოფლიოშიც და ცალკეულ ქვეყნებშიც; დასავლეთის ეკლესიის განვარდნა ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობისაგან და ამის კვალობაზე მრავალი პროტესტანტული და არაჭეშმარიტი აღმსარებლობის აღმოცენება; სხვადასხვა შფოთისა და რევოლუციების გაღვივება მსოფლიოს ბევრ მონარქიულ სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი მართლმადიდებელ ქვეყნებში და ამ მონარქიების მოსპობა სწორედ მართლმადიდებელ ერებში. მისი, უსჯულოების საიდუმლოს მოქმედების ნაყოფი იყო კაცობრიობის ნივთიერი განვითარებაც, ეგრეთ წოდებული მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი და ცხოვრების პირობების “გაუმჯობესება”, რაც არის კიდეც აპოსტასიის - ღმერთისაგან კაცობრიობის დიდი განდგომილების ცხადზე უცხადესი ნიშანი, რამეთუ ღმერთს არ ნებავდა კაცობრიობის ასეთი განვითარება - მან დაუშვა ეს, რათა დაანახოს თავის გულისხმისმყოფელ მორწმუნეებს ქვეყნიური ცხოვრების მთელი ამაოება. ქრისტეს ამქვეყნად მოსვლიდან პირველ ათ საუკუნეში, როცა ძლიერი იყო შემკავებელი - ქრისტეს ეკლესია და მის მიერ კურთხეული ღმრთივ დადგინებული მონარქია, კაცობრიობის ცხოვრება უცვლელი სახით მიედინებოდა საუკუნეების განმავლობაში - იგი არც ერთ ასპექტში არ “განვითარებულა”, არ პროგრესირებულა: საბრძოლო იარაღი ყოველთვის კვლავაც იყო ხმალი, მშვილდ-ისარი, შუბი და სხვ., ტრანსპორტი - ცხენი, ჯორი, სპილო..., განათების და გათბობის საშუალება - სანთელი, კვარი, ლამპარი, შეშისა და ნახშირის ცეცხლი და ა.შ., ხოლო მომდევნო ათ საუკუნეში, ჩვენს დღეებამდე, ყოველივე ეს სატანურად აღსრულდა: კაცობრიობა “ვითარდებოდა” იმ ზომით, რა ზომითაც ადამიანი განუდგებოდა ჭეშმარიტ ღმერთს და მხოლოდ ქვეყნიურ კეთილდღეობას სასოებდა; თანამედროვე ღვთისმეტყველის, წმიდა იუსტინე პოპოვიჩის (+1980 წ.) სიტყვით, 1054 წლის ე.წ. “ეკლესიათა განყოფის” შემდეგ (რაც სინამდვილეში დასავლეთის ეკლესიის განვარდნა იყონ ქრისტეს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიიდან), ყოველი საუკუნე შობდა მომდევნო უღმერთო საუკუნის პროგრესს და ღმერთისაგან განდგომილების კიდევ უფრო გამძაფრებას. ასე მოვიდა სატანური განვითარება ჩვენს დღეებამდე - თვითმფრინავების, რაკეტების, ტელევიზიის, კომპიუტერების, ბირთვული იარაღისა და დამღუპველი ატომური ელექტროსადგურების, ადამიანის კლონირების მცდელობისა და სქესის შეცვლის, საშინელი გარყვნილებისა და სოდომ-გომორაზე აღმატებული დაცემის საუკუნემდე, - იმ დრომდე, როცა მთელს მსოფლიოში არსად აღარ დარჩა ღმრთივკურთხეული ცხებული მართლმადიდებელი მეფე მართლმადიდებელი სახელმწიფოს სათავეში, ხოლო დარჩნენ მხოლოდ ბუტაფორიული მონარქები - სეირის მოყვარული ხალხის მასების ერთგვარი თავშესაქცევი - ევროპის ე.წ. დემოკრატიულ თუ აზია-აფრიკის ზოგიერთ დემოკრატიულ თუ დიქტატორულ ქვეყანაში...რისი იმედი უნდა გვქონდეს ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში? - მხოლოდ ღმერთის საკვირველი განგებულებისა, რომელსაც ძალუძს ბოროტების უმძაფრესი მოქმედების დროსაც კი კეთილად განაგოს ქვეყნიური საქმეები და უკეთურ ადამიანთა მეშვეობითაც აღასრულოს საღმრთო საქმე, რამეთუ “გულნი მეფეთანი - ხელთა შინა ღმრთისათა, სადა ნებავს მიხედვად, მიაქციოს მუნით” (იგავნი 21,1), და არამხოლოდ ღმერთისაგან დადგინებული კეთილმსახური თუ უკეთური მეფეებისა, არამედ - ყველა ხალხისა და ყველა სახელმწიფოს წინამძღოლებისა - კეთილთაც და ბოროტთაც.3. შესაძლებელია თუ არა მართლმადიდებელი მონარქიების აღდგენა თანამედროვე აპოსტასირებულ მსოფლიოში და, უფლის წყალობით, - ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში? როგორც ითქვა, თანამედროვე მსოფლიოს სულიერი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: კაცობრიობის აბსოლუტური უმრავლესობა განდგომილია ღმერთისაგან და მწვალებლობაში, წარმართობაში, განხეთქილებაში (სქიზმაში) მართლმადიდებელი ეკლესიისაგან, ანდა სრულ უღმერთობაშია ჩავარდნილი. თვით მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობაც დაკნინებულია - მღვდელმთავრობა ქრისტეს მოწინააღმდეგე მთავრობების ზეგავლენით ეკუმენისტურ მოძრაობაშია ჩართულ-ჩათრეული და ნებსით თუ უნებლიეთ აღიარებს განშტოებათა თეორიას, ანუ ანტიქრისტიანულ სწავლებას მასზედ, რომ, თითქოსდა, მსოფლიოში არსებული ყველა რელიგია, ყველა სარწმუნოებრივი სწავლება და აღმსარებლობა ერთი ჭეშმარიტების განშტოებებია და ყველა მათგანი ჭეშმარიტია, ყველა მათგანი თანაბრად მისაღებია; ეს ცრუ სწავლება ერთ დონეზე აყენებს ყველა რელიგიას - იუდაიზმს, ქრისტიანობას (მართლმადიდებლობას და ე.წ. კათოლიციზმს ანუ პაპიზმს), ისლამს, ბუდიზმს და მრავალ სხვას, და ამდენად არის ანტიქრისტეს რელიგია, რომლის მეშვეობითაც ეს ძე წარსაწყმედელისა შეეცდება მთელი მსოფლიოს გაერთიანებას თავისი პოლიტიკურ-რელიგიური ბატონობის ქვეშ, რადგან ეცდება ქრისტეს მიბაძოს და იყოს მეფეც, მღვდელმთავარიცა და წინასწარმეტყველიც, ანუ ასეთად მოაჩვენოს თავი კაცობრიობას.არანაკლებ სავალალოა საქართველოს სულიერი მდგომარეობაც. მაგრამ უფლის სიტყვისაებრ, რომელიც გვანუგეშებს - “ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა”-ო (ლუკა 12,32), ჩვენ მხნედ უნდა ვიყოთ და იმედით ვუყურებდეთ მომავალს. უფლის ეს მარადიული სიტყვები ცხადად გვიდასტურებენ, რომ ღმერთის ჭეშმარიტი მორწმუნეები ყოველთვის მცირენი იყვნენ ამქვეყნად _ კეთილმსახური დავით აღმაშენებლის დროსაც და ჩვენს დროშიც. მაგრამ სწორედ ამ “მცირე სამწყსოს” ლოცვა-ვედრებას შეისმენს უფალი და აღასრულებს იმას, რაც მის ერთგულ მორწმუნეებს სწადიათ. მათ ლოცვაში კი ერისა და სამშობლოსათვის დღეს ამოღებულია სიტყვები “მართლმადიდებელი” და “ღმრთივკურთხეული მეფე”. ამიტომ, პირველ ყოვლისა უნდა გამოსწორდეს ეს ნაკლულევანება, შემოღებული გასული საუკუნის დასაწყისში, როცა ღმრთისმშობლის წილხვედრ საქართველოს უღმერთო ბოლშევიკები დაეპატრონენ და ამ ლოცვას მისი თავდაპირველი სახე დავუბრუნოთ და ვილოცოთ ხოლმე ასე (აღდგენილი სიტყვები გამოყოფილია): “აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაი ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ დაცულსა მართლმადიდებელსა ერსა ჩვენსა და ღმრთივ კურთხეულსა მეფესა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა!”ეს მით უფრო აუცილებელია, რომ მთელს საქრისტიანოში ცნობილია ერთი საკვირველი ფაქტი: როცა 1917 წელს რუსეთში მართლმადიდებელი მონარქია დაამხეს, ერთ-ერთ სოფელში მოსკოვის მახლობლად მოპოვებულ იქნა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ე.წ. ხელმწიფებრივი ხატი, რომელზეც ღვთის დედა გამოსახულია ყრმა იესოსთან ერთად სამეფო გვირგვინით თავზე და სამეფო კვერთხით ხელში და შემოსილია სამეფო ძოწით. მაშინ ყველასთვის ცხადი გახდა, რომ მართლმადიდებელი ცხებული მეფის დამხობის შემდეგ სამეფო ძალაუფლება თვით ღვთისმშობელმა აიღო ხელში, და მეტადრე ამას იქმდა იგი თავისი წილხვედრი ივერიისათვის.მაგრამ, რამდენად შესაძლებელია თანამედროვე აპოსტასირებულ, წინარეანტიქრისტესეულ მსოფლიოში მართლმადიდებელი მონარქიების აღდგენა? რამდენად საფუძვლიანი იქნება ამის სასოება ჩვენთვის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის, და მით უფრო - ბედკრული საქართველოს შვილებისათვის, რომელიც დღემდე, მიუხედავად ეროვნული მთავრობის მიერ ორ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ დამოუკიდებლობის გამოცხადებისა, კვლავაც ფაქტიურად გმინავს ჩვენთვის თავსმოხვეული მრავალპარტიულობისა და ამბიციების ვნებათაღელვის უღელქვეშ? ხომ არ იქნება ასეთი იმედების გაღვივება მხოლოდ ეშმაკისმიერი ოცნება, განუხორციელებელი ფანტაზიების აყოლა და ადამიანთა ცთუნება?როგორც ცნობილია, საეკლესიო სწავლებით, ანტიქრისტე ეცდება ყოველივეში იესო ქრისტეს მიბაძოს და ასე აცთუნოს ადამიანები. იგი თავს მეფედ, მღვდელმთავრად და წინასწარმეტყველად გამოაცხადებს და, თავისი შეხედულებით, შეუდგება სამეფო, სამღვდელმთავრო და საწინასწარმეტყველო მსახურების აღსრულებას (რაც, როგორც ჩვენ, მართლმადიდებელ მორწმუნეებს გვწამს, სინამდვილეში ცრუ და მოჩვენებითი მსახურება იქნება). ამიტომ მის მიერ დამორჩილებად მსოფლიოში - სხვადასხვა ქვეყნებში - სამეფო ხელისუფლების არსებობა მოულოდნელი არ უნდა იყოს (იქნებ სწორედ ამ მიზნით არიან დღემდე დაკონსერვებულნი ევროპისა თუ აზიის მონარქიები და მსოფლიოში ცნობილი სამეფო დინასტიები?).არსებობს ბევრი წინასწარმეტყველება ბოლო ჟამის მსოფლიოში მონარქიების აღდგენის შესახებ. მაგალითად, რუსეთის შესახებ არსებული წინასწარმეტყველების მიხედვით, ეს ქვეყანა მოიცილებს უკანასკნელ უღელს, რომელიც უკვე ასი წელია გრძელდება, ისევე, როგორც მონღოლური და პოლონური უღელი მოიცილა საუკუნეების წინათ და ბოლო ჟამს ტერიტორიულად დაპატარავებული, ნივთიერად და სამხედრო ძლიერებით დაკნინებული, მაგრამ სულიერად გაძლიერებული შეხვდება და ეყოლება “რკინისებური ნებისყოფის მართლმადიდებელი ხელმწიფე”, რომელიც დაუბრუნებს მას კეთილმსახურებას და სულიერად ააყვავებს.სხვა წინასწარმეტყველებით, ბოლო ჟამს იქნება დიდი მსოფლიო ომი, ოღონდ არა ვინმეს გამარჯვების და ვინმეს დამარცხების მიზნით, არამედ ადამიანთა მოსპობისა და დაშინებისათვის, ისე, რომ კაცობრიობის უდიდესი ნაწილი გაწყდება. ამ დიდი განსაცდელის ჟამს უფალი შეწევნას მოუვლენს მართლმადიდებელ ერებსა და ეკლესიებს და მისცემს მათ გადარჩენის შესაძლებლობას მართლმადიდებელი წინამძღვრების - მეფეების ხელმძღვანელობით.უკანასკნელი წლების ათონელი მღვდელმონაზონი პაისი გასული საუკუნის მიწურულს წინასწარმეტყველებდა, რომ ბოლო ჟამს, ანტიქრისტეს მოსვლის წინამსწრობელი მოვლენების შედეგად, როცა მოხდება დიდი დაპირისპირება დასავლეთსა და ისლამურ სამყაროს შორის, ქრისტიანები დაიბრუნებენ კონსტანტინოპოლს, თურქეთის მოსახლეობის ერთი მესამედი თავის წინაპართა სარწმუნოებას მიიღებს (რადგან ისინი მართლმადიდებელ ბიზანტიელთა შთამომავლები არიან) და მართლმადიდებლები, ბერძნებიც და სხვებიც, მცირე ხნით მიაღწევენ საწადელს.ამ მოვლენების ფონზე და მათი ძალით, მართლაც, შეიძლება ისე განაგოს ღმერთმა, რომ აღდგეს მართლმადიდებელი მონარქიები, გაიბრწყინოს ივერიამ, ძველი წინასწარმეტყველება აღასრულოს რწმენითა და ანტიქრისტეს მხილებით ქართულმა ენამ - ქართველმა ერმა, ბოროტუღელჩამოგდებულ რუსეთშიც აღდგეს მართლმადიდებელი მონარქია, რომლის უკანასკნელ წარმომადგენელთა სისხლშიც ბაგრატიონთა ქართული სისხლი სჩქეფს, და რომლებიც აღარ გაიმეორებენ თავიანთი წინაპრების საბედისწერო შეცდომას (რუსული მონარქიისთვისაც და საქართველოსთვისაც) და ხელს შეუწყობენ საქართველოში მართლმადიდებელი სამეფო ხელისუფლების დამკვიდრებას.არის თუ არა მზად ქართველი ერი მართლმადიდებელი სამეფო ხელისუფლების აღდგენისათვის? იგი დაიღალა უკვე ამდენი იმედგაცრუებებით, სხვადასხვა პარტიების ურთიერთქიშპობით, რომლებიც ღუპავენ საქართველოს და ამისთვის საარსებო ლუკმას იღებენ, გადმოგდებულს მათთვის ჩვენი საზღვარგარეთელი მტრებისაგან. ეროვნული ხელისუფლების ზეობის მცირე ხანმა ცხადად დაადასტურა, რომ მართლმადიდებელი ქართველი ერი მოწყურებულია მასზე მზრუნველ პატრონს _ ღმრთივკურთხეულ ცხებულ მართლმადიდებელ მეფეს, სამეფო ხელისუფლებას, რომლის დადგინების მომხრეც იყო ერის საერთო ნებით არჩეული ქვეყნის პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია. მის პიროვნებაში ქართველი ერი ხედავდა და განიცდიდა ცხებულ მართლმადიდებელ ხელმწიფეს, დავითიან-იესიანი ბაგრატიონების ღმრთივკურთხეული ტახტის აღდგენის კეთილ მაცნესა და წინამორბედს.ეს ნათელი სახე და ის ბედნიერი დრო, როცა ერის წინამძღოლისა და ხალხის ურთიერთსიყვარული უეჭველი იყო, გვაძლევს იმედის უფლებას და დაჯერებულობას, რომ ჩვენი რწმენის, სასოებისა და სიყვარულისამებრ უფალი მოგვმადლის იმის ძალასა და შესაძლებლობას, რომ გავუძლოთ მსოფლიო ბოროტებას და პირნათელნი შევეგებოთ დიდებით მომავალ უფალ იესო ქრისტე - მეუფეს ყოველთა. ამინ.
|
|