საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს სულიერი მისია

გიორგი ლეონიძის „ქართული მესსიანიზმი“
გაიოზ მამალაძე
მესიანისტური იდეოლოგია თითქმის ყველა ქრისტიანულ ერს აქვს. მესია ნიშნავს მხსნელს და არა დამპყრობელს. მესიანისტურ იდეოლოგიას არაფერი აქვს საერთო არც გერმანულ ნაციზმთან, რომელიც ნორდიული რასის განსაკუთრებულობას ქადაგებდა, არც რუსულ ბოლშევიზმთან, რომელი იდეოლოგიის მიხედვით რუსი მუშა უნდა გამხდარიყო მსოფლიო პროლეტარიატის ლიდერი (ლენინი). არც დღევანდელ რუსულ იდეოლოგიასთან, რომელიც „დასავლური ცივილიზაციის დამღუპველობის“ მომიზეზებით, სხვა ერებს თავის ლიდერობას სთავაზობს ნაძალადევად, როცა თვითონ ტაქტი და ადამიანური კულტურა, საერთოდ გონიერება, აკლია.

მესიანიზმს, როგორც მოვლენას დიდი ისტორია აქვს და ძველი აღთქმის დროიდან არსებობს. მესიანიზმი ერის გადარჩენის, ხსნის იდეოლოგიაა. ერები, განსაკუთრებით ქრისტიანი ერები, ამგვარი იდეოლოგიით ითქვამდნენ სულს დამპყრობლების სასტიკი თარეშის დროს, როდესაც ყველაფერი უიმედოდ ეჩევენებოდა კაცს. იდეოლოგები ერს ახსენებდნენ ეროვნული მესიანიზმის შესახებ და უშეღავათო ბრძოლებში გამარჯვებასაც აღწევდნენ.  

ზოგს ჰგონია, რომ ქართული მესიანიზმი 1970-იანი წლებიდან ჩამოყალიბდა. ეს შეცდომაა. ზოგს ჰგონია, ქართულ მესიანიზმს რაიმე საერთო ან მსგავსება აქვს რომელიმე რუსულ  მოვლენასთან. ესეც დიდი შეცდომაა. ქართული მესიანიზმი ადრეულ შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა, ჩემი აზრით, უფრო ადრეც (ამის ნიშნები შეიმჩნევა „ფარნავაზის ცხოვრებაში“). გავიხსენოთ იოვანე-ზოსიმე, გიორგი მერჩულე, სუმბატ დავითის ძე და სხვა. ქართული მესიანიზმი ეროვნული იდეოლოგიაა. ქართულ მესიანიზმის საფუძვლებს რამდენიმე პუბლიკაცია მივუძღვენით. ნაწილს მერე შემოგთავაზებთ...

ქართული მესიანიზმი იტევს როგორც ქრისტიანულ კულტურას, ისე იმ კულტურასაც, რომელიც დახვდა ქრისტიანობას. ქართული საზოგადოება მზად იყო მიეღო ქრისტიანობა. სხვა ხალხები მზად იყვნენ მიეღოთ მაჰმადიანობა და ა. შ.

როგორც ვთქვით, ქართული მესიანიზმის შესახებ არა ერთ ავტორ-იდეოლოგს დაუწერია. ქართული მესიანიზმის შემადგენელი ნაწილია ღვთისმშობლის წილხვედრობა ჩვენი ქვეყნისა, უფლის კვართის დაბრძანება მცხეთაში... ასევე სხვა მოვლენები...

სხვადასხვა ავტორები სხვადასხვა საფუძვლებს ხედავენ ქართული მესიანიზმისთვის. ყველა ძალიან საინტერესოა. დღეს გთავაზობთ გიორგი ლეონიძის შესანიშნავ ესეს „ქართული მესსიანიზმი“. მასში მკითხველი ბევრ საინტეროს იპოვის - ბრწყინველე მიგნებები, შესანიშნავი შედარებები...

მაგალითად:

„ბუდეს, რომელიც შეიქმნა საზარი ფანტომი, ათამაშებს ქალის მოღვედილი ჩვენება. ამ სუსტი თითებით მოდის რასის ხსნა და გადარჩენა – ღვთიშობელი: მტრედისფერი კალთებით დამდგარი საქართველოზე, მის ლურჯმა მზერამ რასის მაგარი სიმტკიცე მოღვედა. ეს ქალური გახედვა ბოლომდე მოსდევს საქართველოს ისტორიას. ვიდრე მარიამ დედოფლამდე, რომელმაც თავის ხანჯლით დაასრულა ძველი საქართველო“.

რა კარგადაა დანახული ქართული ქრისტიანობისათვის დამახასიათებელი თვისება:

„ჩვენ ყველაზე მეტად გვესმოდა ქრისტიანობა, როგორც ხსნა ახლობელის, მეზობლის. ამგვარი გაგება არ ჰქონია არც ბიზანტიას და არც იმპერიალისტურ რუსეთს. მესსიანისტურ პოლონეთმაც კი პრინციპად ჯერ თანამემამულეთა ხსნა მიიღო“.

ეს კი, უნდა წავაკითხოთ დღევანდელ აფსუა-აფხაზებს, რომლებიც დიდ რუსულ ოკეანში თავს იღრჩობენ, ასევე ოსებს:

„ჩვენ დავბუღრეთ ჩვენი ჯიშიანი ფესვებით და გავანოყიერეთ კავკასიის სხეული, ამიტომ კავკასიის წვრილ ერებს, ყოველთვის ერჩივნათ თავისუფალი შეზრდა საქართველოსთან, ვიდრე დაღრჩობა თურანის თუ ძველი რუსეთის უზარმაზარ ზღვაში“.

დიახ, გიორგი ლეონიძე არა მარტო დიდი პოეტი, არამედ დიდი იდეოლოგიც იყო. მისი იდეოლოგია წარმოდგენილია როგორც ლექსებში, ისე წერილებში. წინამდებარე ესე გამოქვეყნდა გაზეთ „ბახტრიონში“, № 2, 1922 წელს, როცა ბოლშევიკები ბატონობდნენ და თითქოს არავითარი იმედი აღარ იყო. თითქოს ამბობდა - ყველამ უნდა იცოდეს, ჩვენ მაინც მოვინელებთ ყველა იმპერიას, რომლებმაც ჩვენი შეჭმა გადაწყვიტესო... 

ახლაც ძალაშია გიორგი ლეონიძისა და სხვა ქართველი იდეოლოგების პროფეტული განცდა - ჩვენ შევჭამთ უკანასკნელ იმპერიებს...

გიორგი ლეონიძის ამგვარი იდეოლოგიის შესახებ გამოკვლევა გამოქვეყნებული აქვს გიორგი ქავთარაძეს (აქვე მადლობა თენგიზ ვერულავას ეროვნული განძის შეგროვებისათვის). 

გიორგი ლეონიძისა და საერთოდ, ქართული მესიანიზმის შესახებ სხვა დროსაც ვისაუბრებთ.

გიორგი ლეონიძე

ქართული მესსიანიზმი

წმ. ბასილი კესარიელი ამბობს: ეხიდნას საშო არა აქვს. იგი გამოსჭრის დედის გვერდებს და იბადება.

სად არის ჩვენი საშო? ჩვენ გამოვფატრეთ ყველა გვერდები და ჩვენი სხეულიც ავკეპეთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ დათესლილი საშო? საშო – ეხიდნა… ჩვენი პირველი დამტკიცებაა, რომ ჩვენ ვართ უძველესი ღმერთზე, რომ საშოც არ გვახსოვს. აქედან იწყობა მესიანიზმი მოსხლეტილი ბუდის.

იბერია… ამ ძველ მასკებში ჩვენ დავკარგეთ ხორცი და საშო და ჩვენი სული დაეკიდა აფრიალებულ პერანგს (აქედან წმ. კვართის მესიანიზმი).

ჭანგიანმა კავკასიამ აღარ გაგვიშვა და მიგვალურსმა ჩახეთქილ ქედებს, მაშინ ჩვენ დავირქვით ამირანი და რევანშისათვის შევქმენით ტიტანური რელიგია. კავკასიაში ჩვენ უკვე მოველით საფლავში ჩასაწოლად და სამარეში ნძრევის მაგიერ, არტახებში დავიწყეთ რწევა, რადგან ჩვენ კიდევ მოვიგონეთ ჩვენი დემონიური ორბის სიჭაბუკე; აქედან ჩვენი მეტაფიზიკური გენეალოგია…

მაგრამ ამ კუბოში სამუდამოდ დაშინდა რასის ხერხემალი და შეიქმნა ფსიხოლოგია გადარჩენის. შემდეგში საქართველოს ერთი პოლიტიკა ჰქონდა – პოლიტიკა გადარჩენის. ბუდეს, რომელიც შეიქმნა საზარი ფანტომი, ათამაშებს ქალის მოღვედილი ჩვენება. ამ სუსტი თითებით მოდის რასის ხსნა და გადარჩენა – ღვთიშობელი: მტრედისფერი კალთებით დამდგარი საქართველოზე, მის ლურჯმა მზერამ რასის მაგარი სიმტკიცე მოღვედა. ეს ქალური გახედვა ბოლომდე მოსდევს საქართველოს ისტორიას. ვიდრე მარიამ დედოფლამდე, რომელმაც თავის ხანჯლით დაასრულა ძველი საქართველო.

ნინო სუმბულის თმებით. ამ თმებმა დაადნო საქართველოს დუღაბი. მისი მოსვლა სამუდამო ირონიაა ქართულ სიმტკიცის. შემდეგში მისი ვაზის განედლებული ჯვარი საფუძვლად დაედო ქართულ სკიპტრას.

თამარში კვლავ იღვიძებს ბებერი თესლი: „უფალმან აღმიღო და მცხო ზეთითა ცხებულისა მისისათა“ – „მე თამარ, მიწა შენი და მიერივე ცხებულებასა ღირსმყავ და თვისობასა“. თამარის ფულზე: „თამარ, ასული გიორგისა, შემწე მესსიისა“. თამარში საქართველო ცხადდება, როგორც გაწმენდილი ტიტანი, რომელშიც ღმერთი ამჟღავნებს თავის სახეს. გიორგი ლაშას დაბადებაზე, მატიანე სწერს: „ტაბახმელისა, ბეთლემ მყოფელმან, მუნ შვა ძე სწორი ხვთისა“. ეს უმაღლესი დამტკიცებაა ქართული მესსიანიზმის.

თამარის მეორე სახეა, ის ზორტებდაჭიმული „გორგასლიან-დავითიანი“ დროშა, რომელიც ატარებდა საქართველოს გარუჯულ სახეს, სარაცინებისა და სელჩუკთა ატეხილ ურდოებში.

მარტო ეს დროშა ტრიალებდა თამამად ყველა ცეცხლებში და იერუსალიმის მკაცრი ალაყაფიც გადარღვეული იყო ქართული დროშის შრიალით („არა არს წესი ჩვენი ქართველთა, რათა ვიხილოთ მტერი ჩვენკენ მომავალი, შეუბმელად ზურგი შემოვაქციოთ, გინდ იყოს სიკვდილი“). ცნობილია, რომ პირველად იერიშზე მუდამ ქართველები გადიოდნენ. ამ დროშას არ ატარებდა ანგარება, ეროვნული ეგოიზმი, – ეს ძველი აღთქმის იუდეანობაა. აქ იყო სხვა დანიშნულება, მაშინ, როცა ჩვენი მეზობლების თვითშეგნება ხშირად პირად გაღმერთებაში გადადიოდა.

ეკლესია… რა იყო, რომ საქართველომ ქრისტიანობა დააბერა? ქრისტიანობას მან შეუტია მაგარი ეროვნული ენერგიით. ამ ძალით ქრისტიანობამ ჩვენში თავის სოციალურს და უნივერსალურს მნიშვნელობას მიაღწია. ამიტომ ქრისტიანობამ მოაშურა საქართველოს, როგორც

კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეს. შემდეგში ქრისტიანობა საქართველომ ეროვნული ფაკტებით გააღრმავა.

ჩვენ ყველაზე მეტად გვესმოდა ქრისტიანობა, როგორც ხსნა ახლობელის, მეზობლის. ამგვარი გაგება არ ჰქონია არც ბიზანტიას და არც იმპერიალისტურ რუსეთს. მესსიანისტურ პოლონეთმაც კი პრინციპად ჯერ თანამემამულეთა ხსნა მიიღო. თუ შელლინგის დოქტრინით ახლა დგება ეკლესია იოანესი, – სამყარო სიყვარულის და ენტუზიაზმის, – (І – სინტეტიურის – პეტრესი, ІІ – პავლესი – ეპოქა დოქტრინების) ჩვენმა ეკლესიამ არ იცის ერესები, არც ცხარე დოქტრინები. იგი თავიდანვე იყო ეკლესია „იოანესი“. რომ ისტორიულმა ერმა თავისი დანიშნულება შეასრულოს, მან უნდა იარსებოს. ყოფა საქართველოსი კი არა ყოფილა ეპიზოდიური, – უბრალო ეტნოგრაფიულ-ისტორიული ფაკტი, ცოცხალ ისტორიულ ძალას მოკლებული.

ჩვენ დავბუღრეთ ჩვენი ჯიშიანი ფესვებით და გავანოყიერეთ კავკასიის სხეული, ამიტომ კავკასიის წვრილ ერებს, ყოველთვის ერჩივნათ თავისუფალი შეზრდა საქართველოსთან, ვიდრე დაღრჩობა თურანის თუ ძველი რუსეთის უზარმაზარ ზღვაში. მოიგონეთ ქართველი მეფეების ტიტულატურა: “მეფე მეფეთა, იესიანი, დავითიანი, სოლომონიანი, ბაგრატიონი, ნებითა ღვთისათა, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შანშა და შარვანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა, ჩრდილოეთისა, ვიდრე დასავლეთამდის მქონებელი მპყრობელი და თვით ხელმწიფე მფლობელთა”. აქ, მართალია, მოცემულია აზიის თვითმპყრობელობის გიპერბოლა, მაგრამ მასში რეკავს მესსიანიზმის სპილენძი.

ცნობილია, რომ საქართველოს მეფეს სუფრაზე ეჯდა თორმეტი მეფე: ორი ოსთა, კახთა მეფე, წანართა მეფე, სამნი ტაოელნი მეფენი, სომეხთა მეფე, ტრაპიზონელი და ორი შარვანშა. შემდეგში ქართული ტიტულატურის მესსიანიზმი გადაიღეს რუსებმა, იმ სიგელებიდან, რომელსაც თბილისი უგზავნიდა მოსკოვს.

ევროპიელი შარდენი მეტად გააკვირვა ვახტანგ V-ის წერილმა, რომელიც პოლშის კოროლს მისწერა. ამ წერილში მოცემულია საქართველოს რჩეულობა, როგორც პოლიტიკური, ისე რელიგიური. მოგზაურ მარკო პოლოს ოქროს ურდოში ყოფნის დროს გადასცეს, რომ ქართველ ბაგრატიონებს ცალი ბეჭი დაბადებით აქვთ არწივ დარტყმული.

კაპრიზები ჩვენი კარის ეტიკეტების, თავბრუდამსხმელი ცერემონიალები და უფრო უჩვეულო პერსონაჟები ქართული ისტორიის, დამაბრმავებელი პორფირები – სისხლით, ღალატით და შეთქმულებით. დედოფალი ამორძალები, თვალდათხრილი მეფეები, სასახლის ქსელი როგორც ობობის, სისხლით დაწურული გულები, ინტრიგები მტარვალების და ბრძოლის გაგიჟებული პათოსი – ჰხდის საქართველოს, როგორც გაფრენილ კარნავალს.

მოიგონეთ ის ქართველი თავადი, რომელიც ფლორენციის კრებას აკვირებდა არა მარტო დარბაისლობით და მეფურობით, არამედ კოსტიუმითაც. ეს განსაკუთრებული ყურადღებით აღნიშნულია კათოლიკური ქრონიკებით.

ეს არ იყო გაგიჟება, როცა თეიმურაზ მეფემ შვიდას ცხენოსანს ოქროს ნალებად დააკრა მთელი ხაზინა და ისე შავიდა კონსტანტინოპოლში. ეს ის მეფეა, რომლის ნათესაობას ეძებდა ფილიპ ІІ, როგორც ამბობს პაპი კლიმენტი VIII. ამ ნათესაობის სადღეგრძელო შესვა შარდენთან შაჰნავაზ მეფემ.

ცნობილია, რომ აზიელები ეძახდნენ ქართველებს „ყველა ნათესავთა უმეტეს რჩეულს“. ხოლო ქართველ მეფეებს „მესსიის ნათესავებს“. აქ ნაგულისხმევია ბაგრატიონების თესლი – გენეალოგიით ქრისტეს ნათესავი. ბაგრატიონები შემოვიდნენ, როგორც მესსიანიზმის კონკვისტადორები, მათ სისხლში შემოჰყვათ გახურებული სახელი მესსიის და ისინი აცხადებდნენ საქართველოს მესსიის მემკვიდრეთ. ყოველ მანიფესტში გამოაქვთ თავისი მესსიანისტური საშო – იესეს ძირი.

არაბული ქრონიკები და მონგოლების სარდლები იგონებდნენ მათს უმაღლეს ნათესაობას და აღმოსავლეთის მპყრობელები ყველაზე უმაღლეს ტიტულატურას უწერდნენ ქართლის მეფეებს, ხოლო ვატიკანის და საფრანგეთის კოროლი ქართლის მეფეებს მიმართავდნენ: “Illustrissimo potentissimu Iberiae regi”*.

აქ მოდის ზვიადობა გორგასლანის ალესილ ხმალის, დავით აღმაშენებლის ათ ლიტრიანი რახტის ჭექა და სული ქართველ ბაირახტრებისი.

მაგრამ უკანასკნელი მესსიანისტური ხმალი იყო ირაკლი მეორის, რომლის მეფური სახელიც იმპერატორმა ფრიდრიხ თავის ფულზე მოაჭრევინა. ეს იყო უკანასკნელი ლომი, სადავითო სახლიდან მყვირალი, მისი აზატხანის დამმარცხებელი ბაირაღი, იყო დროშა ქართული მესსიანიზმის…

გრძელი იყო გზა გეთსიმანიის… მესსიას უცდის ჯვარი… თურანიდან დაშვებული მონგოლების ცხენის თქარუნი. აზიაში დაბურდული ჩინგის ოქროს ურდო. მონგოლის კნუტი. სისხლში დასოლებული თემურლანგ, რომელიც სთხრის საქართველოს სულს. ჯალალედდინი გუმბათზე, მარაბდა… თავდაჭრილი მეფეები, როგორც ნათლისმცემლები. პილიგრიმის დასიცხული გზები: მცირე აზია, ერანი, სინდეთი, ავღანისტანი, ყანდაარ… კრწანისის მწუხრი… მერე „ფლეიტა ძვლებისგან“, ციმბირის თეთრი ჯოჯოხეთები… პოლიარული ღამეების თენება. ინკვიზიციები. სარჩობელაზე ასული არმიები მუშების, რამაც საქართველოს მისცა ატაცებული ხალხის ცხოვრება; რაც სამუდამო სანქციას აძლევს ქართულ ისტორიას. მაგრამ საქართველო ვერ მოურიგდებოდა აზიის ჩალმას, რადგან ქართული საკითხი არის ფაზისი დიდი აღმოსავლეთის საკითხის.

აზიის მიჯნაზე სარაცინის წინაშე გამოსულ ქართველში, ევროპა ებრძოდა აღმოსავლეთს და ამიტომ ვერავითარმა პოლიტიკურმა ურაგანმა ვერ შეარყია მისი მაგარი დგომა. „მის დამეხებულ თავზე აილესა ხმალი მაკედონელის და სატევარი რომის. პომპეის დროს მას შეესმა ველური ჟღრიალი რომის ლეგიონერთა იარაღის. საუკუნეებში იგი აჩლუნგებდა ხოსროების, კობადების, კირუსის და ლუკულლის ბასრ მახვილს. ყოველი სოფლიო ჭექა თავს ასკდებოდა; მაგრამ ის თავი იღუნებოდა, იხრებოდა საშინელებათა წინაშე, მაგრამ არ ირღვეოდა“ (პლატ. იოსელიანი).

XVIII საუკ. უკვე სწამდათ, რომ საქართველოს თავი მიებჯინა ღვთაების ტახტს და მალეც ავიდოდა ტახტზე. სოლომონ ლეონიძე, კანცლერი და მესსიანისტი წინასწარმეტყველებდა: „ბედნიერის ტახტზედ ჯდომა გეღირსოს, ყოველს წინა საუკუნეზედ უფრო იდიდე, ამაღლდი, უფროს გაბედნიერდი, ცანი ქუხილით გრგვინავდენ ძალსა შენსა, სფერა ქვეყანის გეძრწოდა ფერხთა ქვეშე“.

ამ სპილენძის ცემაში ირეკება გამძლეობა ქალდეადან ვიდრე საქართველომდე… მაგრამ, დაე დარეკოს პლატონ იოსელიანის ლათინურ სულმა: „ქართველთა მრავალ საუკუნებითა, გამოცდილთა და ცეცხლში ვითარცა პური გამომცხვართა, ვერა ერეოდა ვერცა შინაგანი და ვერცა გარეგანი მწუხარება. გაღელებული თავისუფლებითა და გალაღებული მთებით; ეცინოდა ბედსაცა და უბედობას. ქართველთა შეჭამეს იმპერია რომისა, ვითარცა იტყვის პლინიოს, გამოსწოვეს ტვინი სპარსთა და თვით დარჩენ შეუჭმელად მათთვის, რომელნიც ჰგონებენ მათსა შეჭმასა“.

აქ დგება ის გაუსწორებელი ძაღლის კუდი, რომელმაც შვიდი დრაკონი დააღრჩო – „განახლდეს ვითარცა ორბისა სიჭაბუკე შენი“. საუკუნეებში დახარჯულ ცრემლებმა დააყენა ბაზალეთი, როგორც ზღვა მეწამული. შიგ წევს ქართლის მესსია – პატარა ბავში, ისე როგორც ებრაელების მეფეთა წიგნშია გამოცხადებული.

თამარის საშომ ვერ დაიტია მესსია. მიწის საშო უფრო მოძარღვულია და დაუტევნელი. ებრაელების შეგნება დასწვა იერუსალიმის ტაძრის აშენებამ. რუსეთიც მესამე რომის შენებაში იყო. ჩვენ უარვყავით უსულო ქვები და ჩვენი საკუთარი სისხლი და ხორცი ხორცთაგანი ვიწამეთ – ბავში მესსია, რომელშიც შედედებულია ორი სული: სული რუსთაველის და სააკაძის.

ამიტომ უყვარს ქართველ ერს ქართული მადონნა ქართულ ლექსში:

“ხომალდში ჩავჯექ, ზღვას გაველ,

ფრანგის ქვეყნები ვნახეო.

ანთებულ სანთელს გამსგავსე

ცისკრის ლოცვაზე გნახეო.

ხელში გეჭირა ყმაწვილი

ფარსაგ ვერ დაგინახეო“.

-----

* ბრწყინვალე, ძლევამოსილი იბერიის სამეფო.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2014-07-26
კრება გაბრიელ მთავარანგელოზისა. ღირსისა სტეფანე საბაიტელისა (794); წმ. იულიანესი, კენომანიელი ეპისკოპოსისა (I); მოწამისა სერაპიონისა (II-III); მოწამისა მარკიანესი (258).
gaq