საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ფილადელფოს კიკნაძე – 1832 წლის შეთქმულების იდეური ხელმძღვანელი
თამარ კუკავა
ძველი შუამთა

ფილადელფოს კიკნაძე 1832 წლის შეთქმულების ერთ–ერთი სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი იყო. მისი როლი შეთქმულებაში შეიძლება განისაზღვროს, როგორც იდეური ხელმძღვანელისა. და მართლაც, შეთქმულება მთლიანად მისგან შედგენილ წესდებას ანუ როგორც თვით უწოდებს ,,აკტს გონიერს'' ემყარებოდა. ,,აკტი გონიერი'' უკარნახებდა შეთქმულების მონაწილეებს, როგორც ძირითად სახელმძღვანელო დებულებებს, ისე ეთიკურ-პოლიტიკურ პრინციპებს, ურთიერთშორისა და სახელმწიფოსთან მიმართების წესებს.

ფილადელფოს კიკნაძე უაღრესად ტრაგიკული პიროვნება იყო, უფრო მეტად ტრაგიკული, ვიდრე სოლომონ დოდაშვილი, რადგან სოლომონ დოდაშვილს ეღირსა დღის სინათლის ხილვა, თუმცა განაწამებსა და სასიკვდილოდ დაავადებულს; ფილადელფოსმა კი თავი ვერ დააღწია პატიმრობას და საპატიმროს ჯურღმულებში დაასრულა სიცოცხლე, ნაგვემმა, ნაწამებმა, თუმცა სულიერად გაუტეხელმა და ქედმოუხრელმა.

ფილადელფოს კიკნაძემ ვერ მოახერხა თავისი მრავალრიცხოვანი შრომებიდან ვერც ერთის გამოქვეყნება და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სამუდამოდ დაკარგულია შთამომავლობისათვის. მათგან მხოლოდ ოთხმა, ხელნაწერის სახით მოაღწია ჩვენამდე, ისიც იმის წყალობით, რომ 1832 წლის საგამომძიებლო კომისიამ ეს შრომები ჩართო საქმეში, როგორც სამხილი, მათი ავტორის დასასჯელად და მართლაც, ფილადელფოსი დასაჯეს ისე, როგორც არ დაუსჯიათ შეთქმულების არც ერთი წევრი.

ამრიგად, 1832 წლის შეთქმულებამ ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სოლომონ დოდაშვილისა და ფილადელფოს კიკნაძისა. სამწუხაროდ, ამ დიდი მოღვაწის, მოაზროვნე ფილოსოფოსის, პოეტის, დიდი პატრიოტის შემოქმედება და მოღვაწეობა დღემდე არაა სათანადოდ შესწავლილი და დაფასებული. არაა გამოქვეყნებული და ფართო მკითხველი მასისთვის უცნობია ის მცირედი ნაწილიც მისი შრომებისა, რამაც ჩვენამდე მოაღწია. მათი დროული შესწავლა-გამოქვეყნება ჩვენი ვალია.

როგორც თვით ფილადელფოსი უჩვენებს საგამომძიებლო კომისიას, 1833 წელს ის ყოფილა 40 წლისა, უცოლშვილო. მაშასადამე, ფილადელფოსი 1793 წელს უნდა იყოს დაბადებული. შვიდი წლისა ის მამას იოანე ნათლისმცემლის მონასტერში მიუყვანია, მაგრამ მშობლები ადრე გარდაცვლია ჭირით და ის სრულიად დაობლებული ხირსის არქიმანდრიტს წაუყვანია და მასწავლებლებისათვის მიუბარებია. აქ მას საფუძვლიანად შეუსწავლია ფილოსოფია და ღვთისმეტყველება. ხირსაში ის ხუთი წელი დარჩენილა დიაკვნად, საიდანაც თბილისის ფერისცვალების მონასტერში გადასულა, ხოლო 1826 წელს კათალიკოს ანტონს წაყოლია ნიჟნი-ნოვგოროდს. ანტონის გარდაცვალების შემდეგ ის კვლავ თბილისის ფერისცვალების მონასტერს დაბრუნებია, მაგრამ ხოლერის გავრცელების გამო, რამაც მისი მეგობარი მღვდელი პორფირე შეიწირა, ის გადასულა შუამთის მონასტერში, სადაც ის მონასტრის წინამძღვრად იყო სიკვდილამდე, უფრო სწორად, დაპატიმრებამდე. ფილადელფოსი პირველად ნიჟნი-ნოვგოროდს ყოფილა პატიმრობაში, მაგრამ ამჯერად ის იოლად გადაურჩა პატიმრობას კათალიკოს ანტონის შუამდგომლობით. ამ პირველი პატიმრობის დროსაც, ეტყობა დაიკარგა მრავალი მისი ნაშრომი, ნაწილიც თვით მან გაანადგურა კონსპირაციის მიზნით.

მეორედ ის დაპატიმრებულ იქნა 1832 წლის შეთქმულების ჩავარდნის გამო რენეგატი და გამცემი იასე ფალავანდიშვილის დასმენის შედეგად. როგორც ჩანს, იასე მის მონაწილეობას შეთქმულებაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. იგი წერდა დასმენაში: ,,კახეთში ქაღალდებს კიკნაძე ბერი ავრცელებს. ქაღალდების საწყობი მის მონასტერშია მოთავსებული დამალვით. ეს ბერებმაც იციან. ის ყველგან დადის და სიტყვებს ამბობს. მისივე შედგენილია ამ საზოგადოების წესდება. ქართველი სამღვდელოების და ბერების აჯანყება მას აქვს მინდობილი. მას დიდი გავლენა აქვს სასულიერო წოდებაზე''. ეტყობა, იასეს დასმენამ განაპირობა ის მხეცური სისასტიკე, რაც გამოიჩინეს ფილადელფოსის მიმართ, როგორც დაპატიმრებამდე, ისე საპატიმროში.

ქვათახევის ბერი გენადი აღწერს მისი დაპატიმრების მძიმე სურათს: შუამთის გალავანში შემოსულა ეგზარხოსი, ხოლო გალავანს გარშემორტყმიან 60 ყაზახი და 120 სალდათი. ბერები ჩაუმწკრივებიათ და მათ წინ კი ფილადელფოსი დაუყენებიათ. ბერებს არ გაუციათ ფილადელფოსი. მაშინ ისინი ხეებზე მიუბიათ და დამუქრებიან, რომ თუ არ იტყოდნენ, სად ინახება ფილადელფოსის ნაწერები, მათ სახლებს ცეცხლს მისცემდნენ. მაშინ ერთ ბერს, რომელსაც ორსართულიანი სახლი ჰქონია, მიუთითებია ჭერზე, სადაც ინახებოდა საიდუმლო მიმოწერა. ჭერი აუხდიათ და მიუგნიათ ფილადელფოსის ნაწერებისთვის. ფილადელფოსი მაგრა შეუბოჭავთ თოკით და ბორკილები დაუდიათ. თოკის ბოლო კი ერთი ცხენოსანი ყაზახისთვის მიუციათ და ასე ფეხით გაუყენებიათ გზაზე, უკან კი ცხენოსანი ყაზახები მისდევდნენ ფეხდაფეხ. ჩამოუყვანიათ ავლაბრის ყაზარმაში და თუმცა ნაგვემი იყო, მაინც ყველა მოინახულა და დაარიგა, როგორ ელაპარაკათ. ასწავლა კაკუნით ლაპარაკი, რის გამოც ის გადაიყვანეს დარიის მონასტერში, – ჰყვება გენადი ბერი.

ფილადელფოსი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ჰყავდათ პატიმრობაში, რასაც მოწმობს მისი წერილი ბატონიშვილ მიხეილისადმი.

მეორე თხოვნას ის სწერს საგამომძიებლო კომისიას: ,,გევედრებით, რათა კაცთმოყვარებისამებრ თქუენისა და დიდ სულობისა აღმისუბუქოთ იწროება ესე. რაოდენიანი არს, არ მინახავს ეკლესია, არ მომისმენია წირვა, არ მაქვს წიგნები სალოცავი. ვარ დაკეტილსა, ფანჯარას გალესილს სახლში მარტოკა. ვითხოვ შეიწყალოთ კაცობრიობა და სიმართლისაებრ ჩემისა აღმისუბუქოთ მე მწუხარება ესე. იერომონახი ფილადელფ. 1833 წლის თებერვლის 24''.

როგორც ჩანს, მას მდგომარეობა არ შეუმსუბუქეს, რადგან რვა თვის პატიმრობის შემდეგ ის გარდაიცვალა საპატიმროში.

საპატიმროს მკურნალის ნიკოლსკისა და პოდპოლკოვნიკ შესტენკოს ცნობით, ის გარდაცვლილა 1833 წლის 5 სექტემბერს კუჭის ანთებით. სინამდვილეში იგი იმსხვერპლა იმ არაადამიანურმა პირობებმა, რომელშიც ამყოფებდნენ მას პატიმრობაში.

ფილადელფოსი შეთქმულების ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. იგი შეთქმულთა თეორიული ხელმძღვანელია, თუმცა ცდილობდა ყოველთვის ჩრდილში დარჩენილიყო და არ გამოჩენილიყო, როგორც ხელმძღვანელი. გარდა იმისა, რომ მან შეუთხზა შეთქმულთ წესდება ,,აკტი გონიერი'', მანვე შექმნა საიდუმლო ანბანი ქართული მხედრული და ხუცური, აგრეთვე რუსული და ლათინური ანბანის გამოყენებით. ამ ანბანით შეთქმულნი ფართოდ სარგებლობდნენ საიდუმლო მიმოწერაში. მანვე ასწავლა შეთქმულთ პატიმრობაში კაკუნით ლაპარაკი, აგრეთვე შეხვედრისას მარჯვენა ხელის ნეკით წარბის მოფხანა, რაც შეთქმულთა პაროლად იქცა. ამას გარდა, იგი ერთგვარი მოსამართლის როლსაც თამაშობდა შეთქმულთა შორის უთანხმოების წარმოქმნისას, ყოველი უთანხმოება მისთვის უნდა ეცნობებინათ საქმის მოწესრიგებისა და წინააღმდეგობის აღკვეთის მიზნით. როგორც თვითონ წერს, ,,მე უნდა ვყოფილიყავი იმათი ხელმძღვანელი თავი, მაგრამ იმათ არ უნდა ვცოდნოდი მე''.

ამას გარდა, ფილადელფოსი ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მოღვაწეობას სრულიად უანგაროდ. შუამთის მონასტერთან მას სკოლა ჰქონია გახსნილი, სადაც ის უსასყიდლოდ ასწავლიდა როგორც თავად-აზნაურების, ისე უბრალო გლეხის შვილებს. მისი მოსწავლეები ყოფილან თავადები გიორგი და რაფიელ ერისთავები, რომლებთანაც მას ურთიერთობა სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა შეთქმულების სხვა წევრებთანაც, კერძოდ, ალ. ჭავჭავაძესთან და განსაკუთრებით სოლომონ დოდაშვილთან. იგი, როგორც ჩანს, სოლომონ დოდაშვილს უგზავნიდა მასალებს ჟურნალში გამოსაქვეყნებლად. ამას გარდა, იგი სთხოვდა სოლომონს დახმარებოდა რომელიმე სასწავლებელში საღმრთო სჯულის მასწავლებლის თანამდებობის მიღებაში. ანალოგიური თხოვნით მიმართავდა ის თავად გიორგი ერისთავს. სამწუხაროდ, მის არც ერთ სურვილს განხორციელება არ ეწერა. ცარიზმმა მას ნაადრევად მოუსპო შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ყოველი შესაძლებლობა.

ფილადელფოს კიკნაძეს დაწერილი ჰქონია პოემა-ტრაღედია მურვან ყრუს შემოსევის შესახებ საქართველოში. თვით ფილადელფოსი ამ ნაშრომს ალეგორიას უწოდებს, რადგან, როგორც ჩანს, მურვან ყრუს შემოსევაში იგი საქართველოს თანამედროვე რუს დამპყრობლებს გულისხმობდა.

ფილადელფოსს დაწერილი ჰქონია პროკლამაციაც, სადაც ნათქვამი იყო: ,,ეხლა მინამ რუსებს საქართველოში ჯერ ფეხი არა აქვთ მომაგრებული, ეხლა უნდა დავესხათ და გავრეკოთ აქედამ, თორემ თუ ამათ აქ ფეხი გაიმაგრეს, მაშინ მათი გაძევება ჩვენი მომავალი თაობისათვის ძნელი იქნება. ამიტომ ჩვენც გასაკიცხნი ვიქნებით მათგან. ეხლა უნდა გათავდეს საქმე და ესენი გაძევებული უნდა იქნენ აუცილებლად საქართველოდამ''.

ასეთივე სულისკვეთებით იყო გამსჭვალული ,,აკტი''.

ფილადელფოსის ,,აკტი'' ემყარებოდა მტკიცე მორალურ საფუძვლებს. ორგანიზაციის წევრები უნდა ყოფილიყვნენ მაღალი და სპეტაკი მორალური თვისებების მქონენი, მათთვის უცხო უნდა ყოფილიყო ღალატი, ფიცის გატეხვა, გაუტანლობა, ანგარება და სხვა. ორგანიზაციის წევრებს ისე უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი, როგორც თავისი თავი, ხოლო წევრად არ უნდა მიღებულიყო კაცი ,,ვნებული, ზნემოშლილი და დადედლებული, არამედ ოდენ მქონებელ მგრძნობელი სულისა''. ,,აკტის'' მიხედვით, შეთქმულების წევრებს ევალებოდათ საიდუმლოდ დაეცვათ როგორც შეთქმულების, ისე ,,აკტის'' არსებობის ფაქტი. მათ უნდა ჰქონოდათ – ერთი სიტყვა და ერთი მოქმედება სრულის თავის დადებით ერთმანეთისათვის''. შეთქმულები უნდა ყოფილიყვნენ ,,მტკიცენი, რომელ არ გამოეცხადებინათ არცა შიშითა სიკვდილისათა უჟამოდ''.

ფილადელფოსი ,,აკტში'' შეთქმულების ორგანიზაციის სამ ძირითად პრინციპს აყალიბებდა: ,,ა. ,,სიყვარული ღუთისა'' ანუ ,,რწმუნება სარწმუნოებისა'', ბ. ,,მორჩილება და ერთგულება ხელმწიფისა'', გ. ,,სიყუარული და შეწევნა ურთიერთისა''.

,,აკტი'' გულისხმობდა შეთქმულების წევრთა ურთიერთსიყვარულს, რადგან ფილადელფოსმა კარგად იცოდა, რომ ,,სადაცა არს სიყუარული, მუნ აღსპობილ არს ყოველი ბოროტი. სიყუარულსა შორის მოიპოების ყოველი ნეტარება კაცისა სულიერიცა და ხორციელიცა''. შემდეგი პრინციპი იყო მორჩილება ქვეყნის ხელმძღვანელისადმი, რადგან შეთქმულების წევრებს უნდა სცოდნოდათ, რომ ,,ხელმწიფე ღვთისა მიერ განწესებულ არს''. ასეთი მორჩილება ხელმწიფისადმი კი მას აუცილებლად მიაჩნდა როგორც შეთქმულების წევრთა, ისე მთელი საქართველოს მებრძოლი, სიცოცხლისუნარიანი ძალების დასარაზმავად საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ამიტომ ნერგავდა ის ასეთის დაჟინებით ხელმწიფის ღვთაებრივი წარმოშობისა და მისი უფლებების შეუზღუდველობის იდეას.

საყურადღებოა ,,აკტის'' მიხედვით ახალი წევრების მიღების წესი. მისაღები წევრი კარგად უნდა ყოფილიყო შესწავლილი, არის თუ არა ის მიღების ღირსი, აქვს თუ არა საიდუმლოს დაცვის უნარი და მხოლოდ, როდესაც დარწმუნდებოდნენ, რომ მას ყველა ეს თვისება გააჩნდა, გააცნობდნენ ,,აკტს'', ხატის წინ დაადებინებდნენ ფიცს, ეამბორებოდნენ როგორც ხატს, ისე ურთიერთს, რის შემდეგ ახლად მიღებულს უნდა წარმოეთქვა ფიცი, რომელიც აგრეთვე ფილადელფოსის შემოქმედება იყო. ეს ფიციც:

''ვფიცავ, რომელ ვიქმნები ყოვლის გულითა, სულითა, ყოვლის შეძლებითა დამცველი საიდუმლოსა აკტისა, სჯულთასა, ვიდრე სიკვდილადმდე, აღვასრულებ და ვეგები მას შინა, ხოლო უკეთუ არა დავიცვა იგი სულისა ჩემის შეძლებითა და ვეცრუო რომელსამე წევრსა, მაშინ წყეულმცა ვარ სახელითა ყოვლად ძლიერისათა ღმრთისათა და შეჩვენებულცა. უკეთუ განვაცხადო სხვისა ვისთანმე, გარდა ეკლესიისგან და სისხლისგან იესო ქრისტესსა, რომელსაცა ვეზიარებით. მან ყოს შურის გება ჩემ ზედა და აღისპოს სახელი ჩემი ქვეყანით შვილითი შვილთამდე. ამინ!''

ფილადელფოსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი, მოღწეული ჩვენამდე, არის ,,სიყვარული მამულისა'', რომელსაც ჩვენ მივაკვლიეთ შეთქმულთა მასალებში და რომელიც არაა გამოქვეყნებული. ის დღესაც ელის დღის სინათლეს. ნაშრომი, მართალია, დაუმთავრებელია, მაგრამ ის სრულ წარმოდგენას გვიქმნის ფილადელფოსის განწყობასა და აზროვნების მიმართულებაზე. ნაშრომში ფილადელფოსი წარმოგვიდგება უდიდეს პატრიოტად, სამშობლოსათვის თავგანწირულ, მის უსაზღვროდ მოყვარულ ადამიანად და ანალოგიური განწყობის გაღვივებას ლამობს იგი მკითხველში.

ფილადელფოსი ნაშრომში გვთავაზობს სამშობლოს ანუ მისი გამოთქმით, ,,მამულის'' რამდენიმე გაგებას: მამული ესაა ,,საკუთრება მამა-პაპათა ჩუენთა'', ,,მამულად ჩუენდა იწოდების ვითა ადგილი, ეგრეთუე ერი, რომელთა შორისცა მშობელთა ჩუენთა მოგუანიჭეს წილ-ხდომილებაი'', ,,მამული... არა ნიშნავს მხოლოდ ადგილსა მას მამეულსა ჩუენსა, არამედ ერსაცა და მამეულსა საზოგადოებასა, ეგრეთუე მამულსა სჯულსა და წესსა, რომელსა შინაცა მშობელთა ჩუენთა დაგვადგინეს ჩუენ სჯულისაებრ მემკვიდრეობისა''. ერთგან კი იგი მამულს უწოდებს დედას, რომელიც „გვზრდის ძუძუთაგან თვისთა''. ამრიგად, მამული ფილადელფოსის გაგებით არის ჩვენი წინაპრების მიერ ჩვენთვის დატოვებული ბუდე და საკუთრება, აგრეთვე ერი, ანუ საზოგადოება, რომელშიაც ჩვენ ვტრიალებთ და კვლავ მამა-პაპათაგან ნაანდერძევი რჯული და სარწმუნოება.

განმარტებიდან რაა მამული ანუ სამშობლო, ფილადელფოსი გადადის მამულის ანუ სამშობლოს სიყვარულის განმარტებაზე. რადგან მან მამულში სამი ძირითადი მომენტი გამოყო, ამიტომ მამულის სიყვარულში ანუ პატრიოტიზმშიც ის ძირითადად სამ მომენტს არჩევს: მამა-პაპათაგან დატოვებული მემკვიდრეობის, ე.ი. მიწის სიყვარულს, იმ ერის სიყვარულს, რომელსაც ეკუთვნი და იმ რჯულისა და ტრადიციების სიყვარულს, რომელიც გვიანდერძეს მამა-პაპათ. ფილადელფოს კიკნაძემ კერძო, პირადი ინტერესები მჭიდროდ დაუკავშირა საზოგადოს, სამშობლოს ინტერესებს. მისი აზრით, მხოლოდ სამშობლოს და ერის კეთილდღეობა მიანიჭებს ადამიანს პირად კეთილდღეობას და პირიქით.

ფილადელფოსის აზრით, ჭეშმარიტი პატრიოტი სიცოცხლესაც კი არ უნდა იშურებდეს სამშობლოს კეთილდღეობისათვის. ადამიანი კი უნდა ზრუნავდეს პირად ბედნიერებაზე, მაგრამ ისე, რომ სხვის ინტერესებს არა თრგუნავდეს.

ფილადელფოსი ეხება იმპერიისა და მისდამი დაქვემდებარებული ერების მიმართების საკითხს და აღნიშნავს, რომ, მართალია, იმპერია პირველ რიგში საკუთარ ინტერესებზე უნდა ზრუნავდეს, მაგრამ არა სხვა ერების ინტერესების დათრგუნვის ხარჯზე. აქ ფილადელფოსი შენიღბულად მიუთითებს რუსეთის იმპერიას, რომ ის უმართებულოდ მოქმედებს დაქვემდებარებული სახელმწიფოების მიმართ.

შემდეგი მისი გამოუქვეყნებელი ნაშრომი, რომელსაც ჩვენ წავაწყდით აგრეთვე 1832 წლის საგამომძიებლო კომისიის საქმეებში, არის ,,გოდებანი იერემიასი, ძისა ენაისნი ხილვათათვის მდგომარეობასა ივერიისასა აწინდელსა ზედა''. ეს ნაშრომი ერთგვარი თეთრი ლექსია, რომელიც დანაწილებულია სტროფებად, აქვს შინაგანი რიტმი და დიდი ემოციური დატვირთვა. სტროფების რაოდენობა შეესაბამება ქართული ანბანის რაოდენობას. როგორც სახელწოდებიდანაც სჩანს, ნაშრომი ეძღვნება მისი თანამედროვე საქართველოს მდგომარეობის წარმოსახვას. ფილადელფოსი მუქი საღებავებით გვიხატავს ივერიის სავალალო მდგომარეობას. გამქრალა მისი ძველი დიდება, მისი ველ-მინდორი ეკლით დაფარულა, წაშლილა ივერიის საზღვრები, მისთვის შემოუძარცვავთ ღობენი, ივერიელთა სახლნი გადაუსწორებიათ როგორც მინდორნი, განსაკუთრებით მძიმე ხვედრი რგებია თბილისს, ის თითქოს ,,განქარდა ცათა ქვეშე'', აღარ არის ჭეშმარიტი ქართველი საზოგადოება. მივიწყებულან მცხეთის დიდებული ტაძარნი, მის საკურთხეველზე ხავსი ამოსულა, ხოლო ბილიკი შამბით დაფარულა, ტაძრებიდან აღარ მოისმის ტკბილხმოვანი გალობა, აღარც ,,მღვდელნი მღვთისანი მოჩანან'' სადმე, სარწმუნოება წარყვნა ,,ურწმუნოების მდინარემ''.

სამშობლოს დაცემა და განადგურება სტანჯავს ფილადელფოსს: ,,ცრემლმან სიბრალულისამ თქუენისამან შემჭამა მე''. მიუხედავად ამისა, ფილადელფოსი მკითხველს მაინც უტოვებს იმედს გადარჩენისა: ,,არიან იმედნი ცრემლთა ჩუენთანი, მჩვენებელნი, რამეთუ არს კვალად ჟამი ,,სუფევისა''. იგი შენიშნავს, რომ ,,მემამულენი ივერიასა შინა არა არიან სხუა, გარნა ხენი ოდენ მოხრილნი ქართაგან''. ე.ი. არის იმედი იმისა, რომ ისინი შესძლებენ კვლავ წელში გამართვას და მტერთან შებმას. ამიტომ მოუწოდებს ახალგაზრდა ივერიელებს: ,,აღსდეგით, ძენო ნათესავთა ჩვენთან... განფინეთ ვითარცა წყალი გულნი თქუენნი წინაშე მაღლისა, აღიპყრენით მისდამი ხელნი თქუენნი სულთათვის, ჩვილთათვის, ყრმათა თქვენთასა, რათამცა იხილოს უფალმან და ზედმოიხილოს თქუენ ზედა''.

ჩვენ ვალში ვართ სამშობლოსათვის, მისი თავისუფლებისათვის უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული ამ ადამიანის წინაშე. მისი საქმე და ნათელი, სპეტაკი სახე უნდა უკვდავყოს მადლიერმა შთამომავლობამ და ის დიდება, რომელიც მას არ ეღირსა სიცოცხლეში, სიკვდილის შემდეგ მაინც უნდა იყოს მისი ხვედრი. ეს მან, უდავოდ, დაიმსახურა.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq