რუსეთის ახალი საბჭოური იმპერიის ერთ–ერთი სულის ჩამდგმელი, სერგო ორჯონიკიძე, დაიბადა იმერეთში, აზნაურის ოჯახში. 1903 წლიდან რადიკალურ პოლიტიკაში ჩაება და 17 წლის ასაკში, გახდა რსდმპ–ს წევრი.
სერგო ორჯონიკიძე იყო ყველაზე სასტიკი და სისხლისმღვრელი „ექსპროპრიაციების“ერთი მთავარი ორგანიზატირი და შემსრულებელი. თბილისში, მიხაილოვის ჰოსპიტლის საფერშლო სკოლის დამთავრების შემდეგ მალევე დააპატიმრეს იარაღის კონტრაბანდისთვის. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ გერმანიაში მიდის, თუმცა 1907 წელს რუსეთში ბრუნდება და ბაქოში სტალინსა და მის თანამზრახველებს უერთდება. სერგოს მონაწილეობა აქვს მიღებული სპარსეთის საკონსტიტუციო რევოლუციაში, როგორც ბოლშევიკთა წარგზავნილს და ამგვარად გარკვეული პერიოდი თეირანში მოუხდა ყოფნა (დაახ. 1909). 1911 წელს სწავლობს ლენინის მიერ ორგანიზებულ პარტიულ სკოლაში პარიზთან ახლოს, ლონჟიუმოში. რუსეთში ჩამოსვლის შემდეგ, 1912 წელს აპატიმრებენ და სვამენ შლისელბურგის ციხეში. 1915 წელს გზავნიან კატორღაში ციმბირში, შემდეგ – იაკუტსკში მუდმივი გადასახლებით. თებერვლის რევოლუციის შემდეგ, 1917 წელს პეტროგრადშია და პარტიის VI ყრილობის დელეგატია. დიდი სახელი მოიხვეჭა აქტიური მონაწილეობით 1917 წლის ბოლშევიკურ გადატრიალებაში.
1917 წლის ზაფხულიდან იგი რსდმპ(ბ) პეტროგრადის კომიტეტის აღმასრულებელი კომისიის წევრია და უზრუნველყოფს პარტიის კავშირს ლენინთან, რომელიც ამ დროს ფრიად საეჭვო ვითარებაში იმალება ზინოვიევთან ერთად რაზლივში და იქიდან იძლევა თავის დირექტივებს. იმავე წლის დეკემბერში დანიშნულ იქნა უკრაინის, სამხრეთ რუსეთის და ჩრდილოეთ კავკასიის საგანგებო კომისრად. გამოდის ჩრდილო კავკასიის ხალხების ერთ რესპუბლიკად გაერთიანების წინადადებით; სომეხ ბოლშევიკებს ეხმარება სომხეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებაში. ორჯონიკიძე თავდადებითა და ერთგულებით ემსახურებოდა პარტიას – მისი სანქციით ნადგურდებოდა ათასობით უდანაშაულო ადამიანი, რომელთაც ბრალდებოდა ანტისაბჭოელობა, სულერთია, ვინ იყო ბრალდებული – ოფიცერი, კომერსანტი, მეწარმე თუ ინტელექტუალი.
სერგოს ცოლი, ზინაიდა გაბრიელის ასული ასე ახასიათებდა ქმარს: „იცით თუ არა, როგორი სიყვარული და სიძულვილი შეეძლო სერგოს? მას შეეძლო სიცოცხლე გაეღო მისთვის, ვინც უყვარდა და შეუბრალებლად დაეხვრიტა ის, ვინც სძაგდა“.
1918 წლის იანვარში მან მიიღო „დაუნდობელი რევოლუციური ზომები“ რკინიგზელთა მიმართ, რომლებიც დაადანაშაულა პურის გადაზიდვის საბოტაჟში. ყუბანში, ისედაც გაძარცვულ გლეხკაცობას უკანასკნელ ლუკმას აცლიდა პეტროგრადისთვის. ორჯონიკიძეს არ ჰყოფნიდა ყოფილი რუსეთის იმპერიის ფარგლები და რევოლუციის საერთაშორისო იმპორტსაც ეწეოდა – მონაწილეობდა გილანის (ირანი) სოციალისტური რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში 1920-21 წლებში.
1921 წელს მან უხელმძღვანელა ბოლშევიკთა შემოჭრას საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა ჩამოაყალიბა. იგი ასრულებდა სტალინის ცნობილ მითითებას („დირექტივა მივცეთ ორჯონიკიძეს, მოამზადოს აჯანყებულთა გამოსვლა საქართველოს ცნობილ რაიონებში“ ). 25 თებერვალს ორჯონიკიძე, სტალინის ინსტრუქტაჟის („ახლავე შეუტიე, დასტურია, აიღე ქალაქი“) პასუხად ჩრდილოეთში აგზავნის დეპეშას: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს!“ რა თქმა უნდა, სტალინიც და ორჯონიკიძეც, საქართველოს დამოუკიდებლობის ერთნაირი მოძულენი იყვნენ და ერთნაირად მტრობდნენ საკუთარ სამშობლოს, მაგრამ გადამწყვეტ როლს სტალინი ასრულებდა. ორჯონიკიძე, სტალინთან შედარებით, არარაობა გახლდათ, იგი სტალინის ნების უსიტყვო შემსრულებელი იყო.
1922 წელს ლენინმა მოსთხოვა ორჯონიკიძეს, რადაც უნდა დასჯდომოდა, დაუყოვნებლივ განევითარებინა და გაეძლიერებინა ქართული წითელი არმია, რათა მორჩილებაში ჰყოლოდა საქართველო. ორჯონიკიძე ყურმოჭრილი მონის ერთგულებით ასრულებდა კრემლის ბრძანებებს. იგი განსაკუთრებულად გაისარჯა 1924 წლის წინასწარ განწირული აჯანყების ჩახშობასა და მონაწილეთა რეპრესიებში. მისი დაუნდობლობის საილუსტრაციოდ ნიშანდობლივია ასეთი ძშემთხვევა: პატიმართა შორის აღმოჩნდა ვაჟა-ფშაველას უნიჭიერესი შვილი ლევან რაზიკაშვილიც. მისთვის სიცოცხლის შენარჩუნების თხოვნით მისულ დელეგაციას – ეგ, ვაჟა-ფშაველას შვილია და ნუ დახვრეტთო, ორჯონიკიძეს ასე უპასუხნია – „ვაჟა ფშაველას შვილი კი არა, თვით ვაჟასაც დავხვრეტდით, ცოცხალი რომ იყოსო“.
სერგო ორჯონიკიძე იყო სსრკ–ის ინდუსტრიალიზაციის და გრანდიოზული მშენებლობების მთავარი ორგანიზატორი 1930–იან წლებში, რომელთა უმრავლესობაზეც მუშაობდნენ პატიმრები.
ორჯონიკიძე მუშურ–გლეხური ინსპექციის სახალხო კომისარი და პოლიტბიუროს წევრია 1926 წლიდან, თუმცა 1936 წლიდან სტალინმა ეჭვქვეშ დააყენა მისი ლოიალობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ორჯონიკიძე მის გავლენას იყენებდა „შსსკ“-ის გამოძიების ქვეშ მყოფი ზოგიერთი ფიგურის დაცვისთვის. ამასობაში, ხმები ვრცელდებოდა, რომ 1937 წლის პლენუმზე ორჯონიკიძე სტალინის დაგმობას აპირებდა საკუთარ გამოსვლაში. ორჯონიკიძეს სიტყვით გამოსვლა არ დასცალდა, პლენუმამდე მცირე ხნით ადრე მან თავი მოიკლა. დაკრძალეს მოსკოვში, წითელ მოედანზე, კრემლის კედელთან. მგზნებარე ბოლშევიკის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქალაქს მისი სახელი დაერქვა, მათ შორის – ვლადიკავკაზს. |