| ნანული ბედინეიშვილი და ომარ ჭარმაკაძე შვილებთან ერთად |
„ო, დასასრულის დასაწყისო, ჩვენი სიცოცხლე განშორებაა, ჩვენი ცრემლები განშორებაა, ჩვენი სიყვარული განშორებაა, ჩვენი რელიგია განშორებაა…“ (თამაზ ბაძაღუა).. წინა წერილში იმ ჩუმ ქვეყნიერებაზე ვწერდი, რომელსაც სასაფლაო ჰქვია. რას ვიზამთ?! ჩვენს ცხოვრებას განშორებისა და „წარმავალობის მძლე ქოქოლა“ სდევს თან. „წუთისოფლის ხმაური კი დასცინის მარადისობის გალობას“. უამრავი სახე-სიმბოლო არსებობს დაუდგრომელი წუთისოფლის არსის გამოსახატავად. მე კი რატომღაც მგონია, რომ სოფლის სახლის ტახტზე აქეთ-იქეთ მუთაქებშემოწყობილი ჭრელორნამენტებიანი გრძელი ხალიჩაა „ათასფრად დაცდილი საწუთროს“ მეტაფორა და სიკვდილ-სიცოცხლის ერთიანი მთლიანობის ნიშან-სიმბოლო... ამ ხალიჩას გამოამზეურებდნენ ხოლმე ჩემს ბავშვობაში ქორწილებში და ზედ ფერადი ბამბით დააწერდნენ: „გილოცავთ ბედნიერებას“... ხან კი იგივე ხალიჩას ჩასასვენებელს დაუფენდნენ ქვეშ... ერთნაირად ისრუტავდა ეს ხალიჩა, როგორც საქორწინო სუფრიდან, ასევე ბალდახინიდან გადმოსული მიმჭკნარი ყვავილების სურნელს...და წუთისოფლის მოქცევა-მიქცევის სიბრძნეს, რომ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის მიჯნა პირობითია. მათი განცალკევება დროებითია. ისევე როგორც, ძნელია გაავლო ზღვარი ღამესა და მისგან ნაშობ გარიჟრაჟს შორის... „დასასრულში დგას დასაწყისი“ ...მოსვლაშიც და წასვლაშიც ღვთის კანონი ურევია და ეს კანონი მშვენიერია. საყვარელ საფლავებს რომ მოვინახულებ და დროებით გამოვემშვიდობები, რატომღაც სულ ეს განცდა მოდის: „შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო,. თუ როდისმე არ მახსოვდე... თუ როდისმე დაგივიწყო!" (გალაკტიონი: „მესაფლავე“). ეს სიტყვები რატომღაც ფსალმუნის ამ ფრაზის შორეული გამოძახილი მგონია: „თუკი დაგივიწყო შენ, იერუსალიმ, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა. მიეკრას ჩემი ენა ჩემს სასას, თუ არ გაგიხსენო“. (ფს. 136, 5-6). ვის შეუძლია ასეთი არდავიწყების, ერთგული და გაუნელებელი სიყვარულის აღთქმის დადება, თუ არა შვილმკვდარ დედას. შვილმკვდარ დედებზე გიორგი კეკელიძეს, ერთი მეტად შთამბეჭდავი, დაკვირვება აქვს: „შვილმკვდარი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც - მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ. ვერასდროს მიიღებს ადამიანი, რომ სიკვდილი ერთი ბანალური აქტია და ადრე თუ გვიან ყველას დაგვასრულებს ან იმას, რომ "ღმერთს თავისთვის მხოლოდ კარგები უნდა". შეიძლება მერე, მერე, წლების მერე ეს მცირე საყრდენადაც იქცეს, მაგრამ არა ახლა და ამწამს. დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი. მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ მათ, იმ გამოუცნობ ძალას, რომელიც სიცოცხლეში აჯიუტებს ადამიანს, სხვა დარჩენილი სიცოცხლეების დასახმარებლად. იმ ძალას, ბებიაჩემის თვალებში რომ ვხედავდი, თუმცა არასდროს მინახავს მისი თვალები, რადგან სულ დახრილი ჰქონდა“. გაგურის მყუდრო გორაკზე მიყუჟულ ხმაგაკმენდილ სასფლაოზე ორი ახალგაზრდა ვაჟკაცი განისვენებს: შალვა და გელა ჭარმაკაძეები. ამ საფლავებს ზემოდან დასცქერიან მტირალა წნორები. ხან ჭრიჭინების ბაასი არღვევს აქაურ მყუდროებას, ხან ცივი ქარბუქების სიმღერა და ტირილი. წყვდიადი როცა დაუშვებს ფარდებს, მძლედ ახმაურდება ღამის უდაბურება, ნაზი სიბნელის შუქით იქსოვებიან საფლავები. ქარები აკვანივით არწევენ კამკამა მთვარეს („მოჩარდახებულს თეთრი ფრესკებით“). ამ სასაფლაოდან მკვეთრად იკვეთება „მთვარის შუქდაფენილი სამრეკლოს მხრები“. ბინდების გაღმით, ცის მყუდროება მოაქვთ ღამურებს, ბუებს. „და კიაფობდნენ შორს ვარსკვლავები, მარადისობის ჭუჭრუტანები“ - ნიკო სამადაშვილი). გათენებისას კი, როცა დილა ფეხაკრეფით შემოაბიჯებს, თითქოს, ჩიტებს აუკენკიათო, მიწყნარდება ვარსკვლავთა თვალების ჟუჟუნი. დილა გაიზმორება, გააღებს ხახას და ასწლოვან ცაცხვზე ჩიორების ჟრიამული გააღვიძებს ფოთლებით ტერფებდაამებულ საფლავებს. აქაურები გრძნობენ „გრილი ნიავის თოთო ფაჩუნს“. მზის შუქზე სკდებიან ნისლები. სამრეკლოზე იშლებიან მტრედები. აქ განსვენებული ზვიადი ვაჟკაცების (შალვა და გელა ჭარმაკაძეების) უდროო გარდაცვალებით ჩაქრა მათი დედის, ქალბატონი ნანული ბედინეიშვილის გულის კანდელი. ორჯერ დაღამდა ერთ სიცოცხლეში. დედის გაუხუნარი მონატრება შენივთებია საფლავებს და თვალებში სევდაა ჩაუქრობელი. ამ მიწაზე გაიზარდნენ შვილები; თავიანთი თვალით და გეშით განიცადეს სოფელი, სამშობლო, ერთი კუთხე ქვეყნიერებისა, ერთი კონკრეტული ლოკალი - გაგური, რაც დიდი სოფლის, წუთისოფლის ხატად წარმოესახათ. ამ მიწას, ამ სოფლის სანახებს შეენივთა მათი ცხოვრება, ისტორია. აქ განიცადეს პირველი სიყვარული, რომელსაც „გული ვეღარასდროს გაიმეორებს“. აქ იგემეს პირველი ჟრუანტელი და სიყმაწვილე, „შემოტევით გადარეული.“ მიცვალებულისადმი პატივის მიგების ტრადიცია დღემდე უცვლელად არის შემონახული გაგურში. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ მესაფლავეობა დიდი პატივი და ამავდროულად პასუხისმგებლობაა აქ, ამ მხარეში. მიცვალებულის დასაფლავების წინა დღეს, გარდაცვლილის ახლო მეზობლის საღამოს ვახშამზე დგება თათბირი. „თავი კაცის“ (ამ ფენომენზე ცალკე წერილში გვექნება საუბარი) ხელმძღვანელობით იგეგმება გასვენების დღის მომსახურების პროცესი. „თავი კაცი“ იკითხავს, ვის აქვს მესაფლავედ წასვლის სურვილი. სოფელში ასეთი წესია: მესაფლავეთა რიცხვი უნდა შეადგენდეს ხუთ კაცს. დაკრძალვის დღეს, დილით ადრე, მესაფლავეები ერთმანეთს ჩამოუვლიან, მიდიან სასაფლაოზე და იწყებენ საფლავის გათხრას. მესაფლავე ვალდებულია პროცესიის ბოლომდე დარჩეს. მოაყრიან მიწას საფლავს, ყვავილთა თაიგულებით ლამაზად მორთავენ და შემდეგ მიდიან ჭირის სუფრაზე (მესაფლავე დაპატიჟებულია ასევე ორმოცზე და წლისთავზე. აგრეთვე, მიცვალებულის ყველა სულის მოსახსენიებელ რიტუალზე). სოფელ გაგურში ჭირისუფალი არაფერზე არ უნდა შეწუხდეს. მეზობელთა ოჯახები ამხანაგდებიან და რიგ-რიგობით ხდება სადილების მოკითხვა ჭირისუფლის ოჯახისთვის. გარდაცვალების დღიდან დაკრძალვის წინა დღემდე მიცვალებულის ოჯახში საჭმელი არ უნდა გაკეთდეს. ამასთანავე სოფლის დაუწერელი წესია, რომ მიცვალებული ხელით უნდა გაასვენონ. ამ სოფლის ისტორიაში ჯერაც არ ახსოვს ვინმეს, რომ მიცვალებული მანქანით წაესვენებინათ სასაფლაოზე. გაგურში ამბობენ, რომ მანქანით წასვენებული მკვდარი სოფლის დასასრულს მოასწავებსო. გასვენების ცერემონიალს სულ მცირე ოცი მამაკაცი მაინც სჭირდება. სოფელში არსებობს საერთო ჩასასვენებელი თოკი, რომელიც სასაფლაოზე ინახება. ეს თოკი არ უნდა იყოს გადაბმული, არამედ გამოუნასკვავი უნდა იყოს (აუცილებლად კანაფის) და თავი უნდა ჰქონდეს მომწვარი, რომ არ გაიშალოს. გასვენების ცერემონიალის შემადგენელი ნაწილია მიცვალებულისთვის გამოსამშვიდობებელი სიტყვის თქმა, რომელსაც მჭევრმეტყველების ხელოვნების ფლობა სჭირდება. ადრე ამ საქმის ოსტატი გახლდათ ალფესი ჭეიშვილი. მისი გარდაცვალების შემდეგ ამ ტრადიციის ესტაფეტა გადაეცა სოფლის ღვაწლმოსილ პედაგოგს, ქალბატონ ლია ზათიაშვილს (მის ოჯახზე სხვა წერილში ვისაუბრებთ). ყველას ჯვარი სწერია, მაგრამ აქაური, ნაღვლიანი სიყვარულით აღსავსე, დაკრძალვის ცერემონიალისთვის ვისაც შეუხედავს, უმალ ირწმუნებს გალაკტიონის გენიალურ სიტყვებს: „სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა.“ მართლაც, გარდაცვლილის სახლიდან სასაფლაომდე თეთრმარმაშებიანი ბალდახინიდან გადმოგდებული ყვავილებით იფერება გზა. კაკლის რტოებში გაჭრილ შარაზე, პროცესიას წინ მიუძღვიან ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, ყვავილებით ხელში და ამ ყვავილებს აბნევენ გზაზე. შემდეგ მიდის ბავშვი, რომელსაც გარდაცვლილის სურათი უჭირავს. მას მოჰყვება ჩასასვენებლის სახურავი და შემდეგ კი - თავად მიცვალებული. მთის გორაკიდან რომ შეხედო, ასეთი შეგრძნება გეუფლება: „ხან მთის კონცხიდან ოდნავ ხედავდი სამყაროს იქეთ მიმავალ მგზავრებს (ნიკო სამადაშვილი). მიცვალებულის კუბოს ირგვლივ ოცი, ოცდახუთი კაცი დგას, ამ მგზავრობის დროს ერთმანეთის შესანაცვლებლად, რადგან კუბოს გაჩერება არ შეიძლება. „მარადისობის ჩუმ უდაბნომდე“ მიცვალებულს დანანებით აცილებენ მდინარეები, მინდვრები, ჭალები, ტყეები; მისტირიან კიპარისები და ქარში ახმაურებული ხეების ჩრდილოვანი ხეივნები („და ცხოვრებამაც წარმავალი გრძნობების ხეივნებით ჩაიარა, წავიდა.“ - ბესიკ ხარანაული) და ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილე და თანაზიარი მწუხარების - მდინარე თიკაურას ნაპირზე, ხიდის თავში, გზაჯვარედინზე მდგარი ასწლოვანი მუხა, რომელიც ტოტების ქნევით ემშვიდობება ამ მიწის მკვიდრს, იმ ტოტებით, რომლებსაც ღამღამობით ნაზად უჭირავთ ხოლმე მთვარე. ამ მუხის ქვეშ რამდენჯერ უტირიათ ქარებს, რამდენჯერ მიყრდნობიან ეს მიცვალებულები სევდის ჟამს ამ ფესვმაგარ, ჩრდილებ და ქარებწამოსხმულ ხეს და უპოვნიათ შვება... აქ აღიზარდნენ სიყრმიდანვე და მერე ამავე სოფელს, მის მკვიდრთ ემსახურნენ მთელი თავისი ცოდნით და დაუცხრომელი ენერგიით... დარჩენილები კი სოფელს ამაგრებენ და ერთმანეთს ამხნევებენ... ორ შვილ გარდაცვლილი დედა ნანული ბედინეიშვილი გურული ბებიების ტიპიური წარმომადგენელია. როგორც ყველა გურული ქალი, ცეცხლია, სტუმართმოყვარე, ავკარგიანი. ნანული ბებია ახლა თავისი შვილიშვილებით ხარობს და შრომით უმკლავდება დარდს. ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია, როცა ვხედავ, თუ რა განცხრომით შრომაშია ხანდაზმული ადამიანი. ბოლო წუთამდე შეიძლება იყო სხვისთვის მაგალითი. ქალბატონი ნანული ისეთი ბებიაა, სოფელში ასულ შვილიშვილებს ჭიშკართან რომ ხვდება და ელოდება სიყვარულით სავსე გულითა და თვალებით; შვილიშვილების სტუმრობით თვალებგაბრწყინებული, გულში სითბოჩაღვრილი, ინდაურებს რო დოუძახებს და კიღამ თბილისში რომ ესმით მისი ხმა, ეე იმფერი ბებიეა ნანული. ბებიებს ხომ მეშვიდე გრძნობაც აქვთ, რაც შვილიშვილის ჩამოსვლას განსაზღვრავს. ხოდა, ამ გრძნობაზე დაყდნობით გამომცხვარი ხაჭაპურის სუნიც დატრიალებდა ხოლმე ეზოში. ნამდვილად არ შეიძლება ღალატი ხაჭაპურის, თან სოფლის ბებოსი. დილაადრიან ციბრუტივით იწყებს ტრიალს. „ა, ბებია ხაჭაპური დუხოვკაშია, რძეი გაზზეა თუ გინდა პაწა ქი შეათბე, მე ელანძე გავალ გარეთ ქათმებს გამოვყრი საკარიიიდან და მუალ.“ აბა გამოიცანით, ვინ დგება დილით ყველაზე ადრე სოფელში? თანაც თუ ეს ხდება ზამთრის პერიოდში, მაშინ გმირობის მედალი თუ არა, კაი გემრიელი შექება ეკუთვნის მას, ვინც პირველი ანთებს „ფეჩს“. ვინ უკიდებს გაყინული ხელებით „სფიჩკა“-ს? ვინ ათბობს წყალს ხელ-პირის დასაბანად? როგორი სიტკბო ახლავს ამ გამოძახილს: „რას შობი ნენა? გადაი საცხოვრებლად ლოგინში ?! გაცივდა ხაჭაპურიი!“ ბებიების მადლი გამოგვიცდია შორეულ ბავშვობაში. არაფერია იმაზე უკეთესი, როცა დილაადრიან ძილით გაბრუებულს მშობლიური ფუსფუსის ხმა გესმის - გეგემრიელება. აქ ყველაფერი შენია; შენი ნივთები, წიგნები, მოგონებები და საოცრად შენი ადამიანები, თავიანთი ღვთიური იუმორით... მახსნედება უშუქობის დრო. გურიაში იტყოდნენ ხოლმე, იმფერი ლუკუმო სიბნელეა, მარტო კარალიოკი თუ ანათებს ხეზეო. მთელი რომანტიზმი ახლდა იმ ყველაფერს. როცა ბინდდებოდა, შუქიც რომ არ იყო, ძველი, ბებია-ბაბუას ახალგაზრდობის ისტორიები იღვიძებდნენ; თუ როგორ თხოვა ბაბუაჩემმა ჩემ დიდ ბაბუას ბებიაჩემის ხელი, რაფერი კაი გოგო იყო ბებიაჩემი, რამდენ კილო ჩაის კრეფდნენ ერთ დღეში, რაფერი კაი ცხოვრება იყო უწინ. ძველ ალბომებში ნანახი ფოტოებიდან ვკინძავდი და წარმოვიდგენდი ამ ყველაფერს და მეც ამ ისტორიების მონაწილე ვხდებოდი. ნანული ბებიამ 90-იანებში გაზარდა თავისი შვილიშვილები. „ლამპების“, „კერასინკების“ და ლოგინში „გრელკების“ (ცხელი წყლით სავსე ბოთლების) დროს! „ფეჩზე“ გაცხელებულ წითელ აგურს „პლედში“ ახვევდა და ისე ამოუდებდა ფეხებქვეშ თავის შვილიშვილებს, ფეხებს უთბილავდა. ძროხას რო მოდენიდა სოფლელი კაცი სახლში, საკარიას რო გადაკილტავდა, ბუხარ
| ნანული ბედინეიშვილი შვილთან ერთად | ში ცეცხლს რომ ჩააქრობდა და ოდაში ავიდოდა 9 საათზე დასაწოლად, აი ეგ იყო 90-იანების გურიის ცხოვრება... უშუქობა, უგაზობა და შიმშილი! „მაშინ არც ტელეფონი იყო, არც ინტერნეტი, მაგრამ მაინც რაღაცნაირად მენატრება ის დრო, იცით რატომ? ურთიერთობები იყო სხვანაირი, ერთმანეთთან მისვლა გვიხაროდა. დრო შეიცვალა და დროსთან ერთად ადამიანებიც. ყველა თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი, ყველას სადღაც ეჩქარება. ყველა დამძიმებული და დახუნძლულია პრობლემებით“, - მიმხელს ქალბატონი ნანული. ნანული ბედინეიშვილის მეუღლე, ომარ ჭარმაკაძე ხუმრობს: „გურულ ქალებს ხშირად აშარჟებენ, მაგრამ ჩემი მეუღლე შრომისმოყვარეა, მოსიყვარულე, მეოჯახე. არ იფიქროთ, მარტო ოჯახში მუშაობდეს. სამსახურიც აქვს. დილას ჩემზე ადრე ეწყება სამსახური, სკოლაშია წასასვლელი. უთენია წამოხტება ზეთ, ცეცხლს ანთებს (ჩემზე უკეთესად), საუზმეს ამზადებს, ყავას ადუღებს, მერე მიმიპატიჟებს მაგიდასთან. საღამოს ადრე უყვარს დაწოლა, მე გვიანობამდე საინფორმაციოს ვუყურებ. მერე რაიო იკითხავთ?! მერე ის, რომ დაწოლისას საწოლი გამთბარი მხდება, დილას ოთახი გამთბარი მხდება. ახლა გეკითხებით, რაფერია გურული ქალი? - უმაგრესია“. ნანული ბებია ბოსტანს შვილივით უვლის, პირუტყვიც საყოფი ჰყავს და თავისუფალ დროს სერიალების ყურებითაც ირთობს შიგადაშიგ თავს. ფიზიკურად ნაზი აღნაგობის, მაგრამ შინაგანად ძლიერი ქალია. ახალგაზრდობაში, როდესაც შეძლებაც მეტი ჰქონდა და ნერვებიც, ლხინის სუფრასაც უძღვებოდა და ჭირის სუფრასაც. ყველა ბებია შვილიშვილზეა შეყვარებული, მარა გურული ბებიები უფრო მეტად გამოხატავენ ამას. შვილიშვილებიც ცდილობენ ხშირად იარონ მშობლიურ სოფელში. ბებიაც გახარებული აღებს სიგნალის ხმაზე ჭიშკარს და მანქანიდან გადმოსვლისთანავე აფართქალდება და ჰკოცნის შვილიშვილებს. არაფერია მათთვის ამქვეყანაზე ნანული ბებიას გამომცხვარ ხაჭაპურზე გემრიელი, რომელშიც, რა თქმა უნდა, ცომი უფრო ნაკლებია, ვიდრე ყველი. ძმაკაცებთან ერთად ასულ შვილიშვილებს ნანული ბებია ნაუცფათევ ელანძე სუფრას ახვედრებს, კაკლის ძირას ჯორკოზე. ადესა ღვინო, საწებლიანი ქათამი და ივსება ახალგაზრდების გულის ძგერით, მათი ხმებითა და თვალების სხივით ჭარმაკაძეების მწვანე ხასხასა მდელოთი მოსილი, მოწიკწიკებული ეზო-გარემო. ეზოში შესული სტუმრებით უსაზღვრო ბედნიერება ეფინება მასპინძელს. თვალები უბრწყინდებათ ნანული ბებიას და ომარი ბაბუას. ჭარმაკაძეების მშვენიერი ორსართულიანი, სარკმლიან-ბუხრიანი ფიცრული ოდა-სახლი ფერდზეა წამოდგმული, ხეებით სავსე შემოღობილ ეზოში და კოხტად გასცქერის გზას. თედო სახოკია წერდა: „გურიაში ყველა სახლს „კუხნა“ აუცილებლად ცალკე აქვს. აქაური ხალხის უმეტესი ნაწილი მთელ დღეს ამ კუხნაში ანუ სამზარეულოში ატარებს. აქ ხდება სუფრის გაშლა, თათბირი ოჯახის განკარგვის შესახებ. მთავარ სახლში ანუ ოდაში მარტო დასაძინებლად და სტუმრის მისაღებად თუ მიდიან.“ ღამით, ამ სტუმართმოყვარე სახლიდან გამოსული სინათლე მხიარულად შემოსციცინებს გამვლელ მგზავრს და ამხნევებს. ამ ეზოს ხეები, რომლებიც ქალბატონი ნანულის ვაჟებს დაურგავთ, ახლა თითქოს მათ მაგივრობას სწევენ. თითქოს მუდამ აქ შემოსულთა შორის იყვნენ. მათი აჩრდილები ტრიალებენ აქ და ამიტომაც უყვართ ამ ხეთა ქვეშ ჯდომა აქაურებს. ყოველთვის თვალწინ წარმოუდგებათ საყვარელი სახეები და ცოცხლებივით გრძნობენ. მზიანი ბაღის ეზოში წამოუყვიათ თავი ვარდებს, შროშანებს და ყელყელაობენ. რა უნდა იყოს ამაზე უფრო კარგი, ამაზე უფრო მისტიური და ლამაზი?! თბილი ხელების მუხტით და საოცარი სიფაქიზით არის გამთბარი აქაურობა. ნანული ბებია სულ ფუსფუსებს და ისე არასდროს იღლება, როგორც დასვენების დროს. თავს არ ზოგავს და შრომობს, რათა მომავალმა თაობამ უკეთ იცხოვროს და „გზა ხსნისა გაუადვილდეს.“ შვილიშვილებიც ეხმარებიან ხოლმე შემოდგომით. იციან ბებიის დაკოჟრილი და ნაშრომი ხელების ფასი და ისიც, რომ ბებია მარტო გაშლილი სუფრა და ხაჭაპური არაა. ამიტომ უფრთხილდებიან და რაც შეუძლიათ, უმსუბუქებენ შრომას. ნანული ბედინეიშვილი კეთილი, გულუხვი, უკიდურესობამდე გულითადი, წრფელი გულის პატრონი ადამიანია და გულღია მასპინძელი. საუბრობს გულწრფელი აღტყინებით, ჟესტიკულაციებით და მსმენელს გადასდებს საკუთარ ემოციასა და ენთუზიაზმს. „სოფელ გაგურში 1967 წლიდან ვცხოვრობ, მას შემდეგ, რაც მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი შევქმენით. მაშინ 18 წლის ვიყავი. ორი შვილი შეგვეძინა: შალვა და გელა. მალევე აკეთის სკოლაში დავიწყე მუშაობა, პიონერ -ხელმძღვანელად. ძალიან მიყვარს ბავშვები და სკოლა. ბევრი კარგი რამ მაქვს მოსაგონარი. ჩემმა შვილებმა წარჩინებით დაამთავრეს სკოლა და შემდეგ საბჭოთა არმიის ნაწილში მოუწიათ მსახურება. დაბრუნდნენ და შექმნეს ოჯახები. ანგელოზებივით მეუღლეები შეხვდათ. შალვას ერთი ვაჟი შეეძინა, გელას კი - ორი. გავიდა წლები. ლამაზად მივიკვლევდით ცხოვრებას. ბედნიერები ვიყავით. უცებ დადგა საბედისწერო 2000 წელი და 9 იანვარს უფროსი შვილი - შალვა გარდამეცვალა. დარჩა ორი წლის და ოთხი თვის შვილი - დათუნა, რომელიც ახლა უკვე მესამე კურსის სტუდენტია. ჩემი უმცროსი შვილის, გელას ორივე შვილი მე გავზარდე. ერთი სამი წლის და მეორე სამი თვის იყო, როცა მშობლებმა (რომლებიც თავად თბილისში ცხოვრობდნენ) გასაზრდელად მომაბარეს. აქ შევიყვანე სკოლაში, რომელიც ლამაზად და კარგად დავამთავრებინე. მერე დადგა 2017 წლის 19 მაისი და ხელმეორედ დამეცა თავზარი. მეხის გავარდნასავით იყო ჩემთვის უკვე მეორე შვილის სიკვდილი. ამ ოჯახმა მეორედ იწვნია ამხელა ტრაგედია. ჩემმა შვილიშვილმა ნიკამ, რომელიც უკვე 25 წლისაა, სოფელში ჩამოასვენა მამამისი. ისე ლამაზად უპატრონა მამას, რომ მთელი სოფლის სალაპარაკო გახდა ეს ამბავი. ამ თავზარდამცემი ტრაგედიით მივუყვებით ცხოვრებას. ამჟამად სამივე შვილიშვილი აქ მყავს. ძალიან უყვართ სოფელი. აქ გაიზარდნენ. აქ აიდგეს ფეხი. აქ ისწავლეს ცხოვრება. ჩემი რძალი მეუბნება, შენ რომ ამ სოფელში არ გაგეზარდა ბავშვები, მე ასეთ შვილებს ქალაქში ვერ გავზრდიდიო. თავიანთი წესიერებით და ზრდილობით საამაყოები არიან სოფლად თუ ქალაქად. გაგური ამჯერად ძალიან ღარიბი სოფელი გახდა. წყალი რომ წყალია, ისიც გვიჭირს, მაგრამ ხალხი მაინც მუხლჩაუხრელად აგრძელებს შრომას. ქორწილები იშვიათად იმართება უკვე ამ სოფელში. ხშირად მენატრება ის ძველი დრო და ძველი სოფელი, როცა მე მოვედი აქ. მაშინ ლამაზი და ძლიერი იყო გაგური. ახლა კი, დუხჭირი ცხოვრების გამო, ხალხი ვეღარ აგრძელებს სოფლად შრომას. აგერ, მეზობლად ჩიქოვანების ბედნიერი ოჯახი ცხოვრობდა. ახლა იქ არავინ არის. ორი ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა. მათმა ცოლებმა კი გააგრძელეს ცხოვრება, მაგრამ უჭირთ აქ და ქალაქში მიდიან. თუ დატოვებ სოფელს, ვერაფერს ვერ შექმნი აქ. მაშინ უნდა დაიქირავო ვინმე, რომ დაგახვედროს სახლი და მეურნეობა. აღსანიშნავი და ხაზგასასმელია, რომ აქაურებმა ძალიან იციან თანადგომა, ჭირშიც და ლხინშიც. თუკი დღეს მე ცოცხალი ვარ, ეს ოთხი სოფლის მკვიდრი ადამიანების დამსახურებაა. საოცარი თანადგომა გამიწიეს, საკუთარივით დაიტირეს ჩემი შვილები და გაიზიარეს ჩემი ტკივილი. სკოლის კოლექტივმა უსაზღვრო პატივი დამდო, ერთი დღე არ ჩაუგდიათ, ყოველდღე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, მაკითხავდნენ და მამხნევებდნენ. ყველაფერი იღონეს, რომ კვლავ გამეგრძელებინა ცხოვრება, დავბრუნებულიყავი სკოლაში, ისევ ჩემს პატარა ბავშვებთან. მინდა აღვნიშნო, რომ საუკეთესო სკოლა გვაქვს, ძვირფასად და ლამაზად კეთილმოწყობილი. ასი მოსწავლე ირიცხება სკოლაში. კონტიგენტი მცირეა, მაგრამ რაც არის და როგორც არის, ნამდვილი ოქროს ფონდია. ძვირფასი დირექტორი გვყავს - მაია სიჭინავა. და ასევე ბავშვებისთვის თავგადადებული კოლექტივი. მუხლჩაუხრელად შრომობენ, რომ ბავშვები იყვნენ კარგად. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთაგან თითქმის ყველა ეწყობა უმაღლეს სასწავლებელში. ჯერ კიდევ თედო სახოკია წერდა, რომ გონების დაწინაურების მხრივ გურია პირველ ადგილზეაო. როგორც ჩანს, აქაური მკვიდრნი დიდ შნოსა და ლაზათს იჩენდნენ სწავლა-განათლების გაუმჯობესებაში. 1892 წელს სოფელ აკეთში დაარსდა „გურიის სახალხო სამკითხველო“. ეს წიგნსაცავი პირველი იყო არამც თუ გურიის, არამედ მთელი საქართველოსთვის. „წიგნსაცავს და ბიბლიოთეკას გავლენა ექნებოდა ყომარბაზობის, სამიკიტნოებში ფუჭად დროის ტარების და ათასგვარი უწესობის შემცირებაზეო“, - წერდა სახოკია. ამჟამად სკოლაში ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად ვმუშაობ. შესანიშნავი და მდიდარი ფონდი გვაქვს. დირექტორი დაინტერესებულია ბიბლიოთეკის შევსებით. მან შეგვიძინა მხატვრული, სამეცნიერო, კლასგარეშე დანიშნულების ღირებული წიგნები, რაც საჭიროა ბავშვების განვითარებისთვის. სკოლის სახელმძღვანელოებს ბავშვებს უფასოდ ვურიგებთ. განათლების სამინისტროს ამის რესურსები მოეპოვება. სამწუხაროდ, ახლანდელი ბავშვები ძალიან ცოტას კითხულობენ. ამიტომ უფროსებმა მეტად უნდა ვიზრუნოთ, რომ ბავშვებს წიგნი შევაყვაროთ. ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით უნდა შევურჩიოთ წიგნები. ბიბლიოთეკის კარებთან დაწყებითი კლასის ბავშვები მეგებებიან ხოლმე შეძახილით: ჩვენი ნანი ხელმძღვანელი მოვიდაო. ძველ წიგნებს მოარბენინებენ. აბა, ახალს რას შეგვირჩევთო. სხვათა შორის, ამ პატარებს უფრო უყვართ კითხვა, ვიდრე უფროსებს. მათთვის გვაქვს კარგად ილუსტრირებული წიგნები. ჩინელებმა მოგვიტანეს ძალიან კარგად გაფორმებული ქართული ზღაპრები. სამწუხაროდ, ჩვენს დროში წიგნს ბევრი დაფინანსებული კონკურენტი გამოუჩნდა, მაგრამ უფროსებმა უნდა ვიბრძოლოთ, რომ ბავშვებს შევაყვაროთ კითხვა. ამ მიზნით მხატვრულ ღონისძიებებს, გასაუბრებებსაც ვატარებთ ხოლმე. აგრეთვე ვაწყობთ ლიტერატურულ საღამოებს, რათა დავაინტერესოთ ბავშვები. ეს ტელეფონები, ინტერნეტი, გარკვეულწილად ღუპავს მომავალ თაობას. იქ მზა მასალას პოულობენ, მაგრამ უფრო მეტად ერთობიან კომპიუტერით, ვიდრე კარგი მიზნისთვის იყენებდნენ მას. ჩვენს თაობაში ცუდ ტონად ითვლებოდა და ნორმალურ საზოგადოებაში თავი არ გამოგეყოფოდა, თუ არ გექნებოდა წაკითხული მსოფლიო ლიტერატურის თითქმის ყველა ტომი. ახლა ასე არაა. ბიბლიოთეკაში ყველა ასაკის ბავშვებისთვის მისაწვდომი, მრავალფეროვანი ლიტერატურა გვაქვს. მაგრამ წიგნისადმი სიყვარული მხოლოდ სკოლიდან არა, ოჯახიდანაც მოდის. მშობელმაც უნდა გაუღვივოს ბავშვს წიგნისადმი ინტერესი და მასწავლებელმაც. ჩვენთან ბავშვებს ინგა სალუქვაძე ასწავლის კომპიუტერის გამოყენებას და ეხმარება მოსწავლეებს მასალის მოძიებაში. ჩემი სკოლა ყოველმხრივ გვერდით დამიდგა, გამამხნევა და ამიტომაც არ მაქვს უფლება, რომ სკოლა დავტოვო. თანაც გასაკეთებელი ბევრი მაქვს. უამრავი წიგნია აღსაწერი და მოსაწესრიგებელი. უკვე 70 წლის ვხდები. 50 წელია, რაც სკოლაში ვმუშაობ. ჩვენს კოლექტივში ახალგაზრდებიც არიან და ასაკოვანი ადამიანებიც. აქ სიცოცხლის ფეთქვა იგრძნობა. ჩემთვის ბევრს ნიშნავს ადამიანების მხარდაჭერა და თანადგომა. ადამიანი ხომ ადამიანისთვის ხიდია. მეც სწორედ, ადამიანები მანუგეშებენ, ნებით თუ უნებლიეთ გზას მიკვლევენ და სიცოცხლის ხალისს მიბრუნებენ. ხელის ჩაქნევის უფლებას არ მაძლევენ. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ამ სიტყვებით ვაცილებთ ხოლმე: „სიცოცხლეს რომ მადლი ჰქონდეს, ვალმოხდილად თავი იგრძნო, შენ ვაჟკაცო, სოფლის შვილო, შორს ნუ წახვალ დალოცვილო. თან მუდარით შემოგბედავ, თუ გინდა, რომ კარგი იყო, მშობლიური ფუძე-კერის ღადარი არ დაივიწყო.“ |